ჯინსების თაობა


დღეს 26 აპრილია, 12:10.ვზივარ ბიბლიოთეკის სულ ბოლო მაგიდასთან და ერთ საათში ინგლისურის ლექცია მეწყება.ისევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მე გადავცურავ ზღვას…მთელი საღამო გეგაზე, თინაზე, სოსოზე, გიაზე,კახაზე და პატაზე ვფიქრობდი.ვფიქრობდი იმ მახინჯ რეჟიმზე,იმპერიაზე რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა.არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გაყიდული გეგმა გაფრენის შესახებ.

საინტერესოა დღეს როგორ ცხოვრობენ ე.წ. კაგებეშნიკები.ისინი, რომლებმაც შვილის დახვრეტის გამო მშობლებს ტყვიის ფული გადაახდევინეს, ციხეში ჯერ არ დაბადებული ბავშვი მოკლეს და თვითმფრინავში უდანაშულო ხალხი მოკლეს.

სამწუხაროდ დღესაც არსებობენ ისეთები, რომლებიც საბჭოთა კავშირში ცხოვრებას ბედნიერად იგონებენ.მისტირიან მატერიალურს, სულიერს კი ივიწყებენ. ვერ ხვდებიან, რომ ეს ის სიმახინჯე, წუმპე იყო, რომელმაც ჩვენ ქვეყნას პროგრესი შეუწყვიტა, განვითარების  ყოველგვარი შანსი მოუსპო, თაობები შეიწირა და მათი ნიჭი ჩაკლა.

მადლობა ღმერთს,რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა თავისუფლად ჩავიცვათ ჯინსები,რომლებსაც აბსოლიტურად ყველა,განურჩევლად ასაკისა,რანგისა თუ პროფესიისა ყველა ატარებს.ეს კი  სწორედ იმ “ჯინსების თობის” დამსახურებაა, რომლებმაც ლეშის გაქრობაში ერთ–ერთი მთავარი მონაწილე გმირები იყვნენ.

გავდივარ ბიბლიოთეკიდან და ლექციისთვის ვემზადები.ვემზადები Mr.GARY–ისთან შესახვედრად.

“ჩვენ  დავშორდით  მხოლოდ  დროს  და  არა  იმ  ქვეყნის  ცნობიერებას, რომელსაც  ბოროტების  იმპერიას  უწოდებდნენ, სადაც  სიკეთე  ისეთი იშვიათობა  იყო, რომ  კოსმოსის  პირველამთვისებელ  ზესახელმწიფოში, ჯინსები ვერ შეკერეს.”

“საფლავის  მიწა  ერთადერთი  საკუთრება იყო,  რაც  ხალხისთვის არ ენანებოდა  საბჭოთა ხელისუფლებას.”

ჯინსების თაობა“გეგა ფეხზე იდგა და მაინც სჯეროდა,რომ ეს არ მოხდებოდა,მიუხედავად იმისა,რომ არ იცოდა,სად მიჯყავდათ,არ იცოდა,რომ დერეფნის ბოლოს იყო ოთახი,სადაც მას თავისი განაჩენი ელოდა.იმ დერეფნის გავლისას კი გეგას სიმღერის ხმა შემოესმა სადღაც შორიდან,სადღაც ზევიდან,მაგრამ იფიქრა,რომ მოეჩვენა და ოდნავ,სულ ოდნავ გაეღიმა კიდეც.ერთი სართულით ზევით კი პატიმარი ქალები მართლა მღეროდნენ,იდგნენ ძალიან ახლოს ჩაკეტილი საკნის სარკმელთან და ხმამაღლა,ტირილით მღეროდნენ.მათი ხმა,გეგასაგაც განსხვავებით,კარგად ესმოდა დიმა ლორთქიფანიძეს,რომელიც გამატებით ურტყამდა თავისი საკნის კარს დასისხლიანებულ მუშტს და მთელი ციხის გასაგონად ყვიროდა…”

ჯინსების თაობა

“გეგა დერეფნის ბოლოს მიუახლოვდა,მთელი ციხე უკვე ისე გუგუნებდა,რომ გეგას გამცილებელმა ზედამხედველებმა საკმაოდ შეშფოთებულებმა გადახედეს ერთმანეთს.შეიძლება აჩქარების ბრალი იყო ან საბჭოთა იმპერიაში,მართლაც რაღაც ლფებოდა,რადგან იმ ოთახში შეყვანისთანავე,ჯალათმა,რომელიც გეგას ელოდებოდა,ინსტრუქციის თანახმად,უკნიდან ესროლა სიკვდილმისჯილსმ,მაგრამ ტყვია არ გავარდა.პროფესიონალი მკვლელისთვის ეს ისეთი მოულოდნელი იყო,რომ იგი დაიბნა და აღელდა კიდეც.გეგა კი,საიანღაც მოგონილი სიმშვიდით,ჯალათისკენ შემოტრიალდა მაშინვე და ღიმილით უთხრა:
–ადრე ხალხის დახოცვა მიანც შეგეძლოთ,ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ.
–მკვლელმა მეორედ გაისროლა და უცებ ყველაფერი დამთავრდა…”

ჯინსების თაობა

ჯინსების თაობა

“თუ ადამიანი  თუნდაც სხვების დასანახად მივა ეკლესიაში, მაინც უკეთსია, რადგან იქ უფრო მეტი დრო ექნება იმისათვის, რომ სიყვარულზე, ღმერთსა და ჭეშმარიტებაზე იფიქროს.”

ჯინსების თაობა

“კეთილგონიერება.სხვა ენაზე ასეთი ზუსტი სიტყვა შეიძლება არც არსებობდეს, როცა ადამიანის გონი და სული ერთად წარმართავენმის ქმედებას.”

“მათ სხვისი სპექტაკლები ეზიზღებათ, მხოლოდ თვიანთი დადგმული სპექტაკლები უყავართ.”

“–მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?

 –იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია…”

“მოძღვარი ადამიანია, ვინც მეორე ადამიანს ეხმარება ჭეშმარიტების ძიებაში.”

“იქ სადაც ადამიანის სიკვდილი 14 მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა “

ჯინსების თაობა

ვოლტერის ფილოსოფიური და პოლიტიკური შეხედულებები “კანდიდის” მიხედვით


ფრანსუა მარი არუე,რომელმაც შემდეგ მთლს მსოფლიოში ვოლტერის ფსევდონიმით გაითქვა სახელი,უდაოდ დიდი მოაზროვნე და ფრანგი განმანათლებლობის პირველი თაობის წინამძღოლი იყო.კათოლიკუი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ვოლტერი თავის შრომებში ამხელდა ფეოდალურ რეაქციას,წოდებრივ ცრურწმენებს და მოითხოვდა ხალხის მტარვალთა დასჯას.მაგრამ თავის კრიტიკაში ვოლტერი არ მისულა აბსოლუტიზმის უარყოფის იდეამდე.იგი მომხრე იყო–”განათლებული აბსოლუტიზმისა”,რომელიც მისი აზრით,სათავეში უნდა ედგას იდეალურ ბურჟუაზიულ საზოგადოებას.რელიგიის საკითხთან მიმართბაში იგი ილაშქრებდა სქოლასტიზმის წინააღმდეგ,ქრისტიანულ მორალში იგი ტირანიის მსახურს ხედავდა და დეისტურ მოძღვრებას უჭერდა მხარს.”ღმერთი რომ არ ყოფილიყო,საჭირო იქნებოდა მისი გამოგონება”–ამბობდა იგი.

საზოგადოებრივ მანკიერებებსა და ფეოდალთა უსამართლობას ვოლტერი ამხელდა თავის ფილოსოფიურ მოთხრობებში.,რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია “კანდიდი ანუ ოპტიმიზმი”.ნაწარმოებში წარმოჩენილია ორი ფილოსოფიური მოძღვრების დაპირისპირება პანგლოსისა და მარტენის მოსაზრებების სახით.ერთის მხრივ,პანგლოსის იდეები განმსჭვალულია ლეიბნიცის ფილოსოფიით, ანუ ლეიბნიცის ოპტიმიზმით,რომლის აზრით ყველაფერი უკეთესობისაკენ მიემართება და ყველაფერში ხედავს დადებითს,რომელიც შემდგომ მიზეზი ხდება უკეთსი შედეგისა და საერთო ბედნიერებისა. მეორეს მხრივ კი ნაჩვენებია მარტენის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს,რომ სამყარო სავსეა უბედურებით,მისი პესიმიზმი იმდენად უსაზღვროა, რომ ზოგჯერ ამ სიტყვებსაც კი ამბობს:”დედამიწას–ამ ბურთს,უფრო სწორად ამ ბურთულას ვუმზერ,ვფიქრობ,რომ ღმერთმა იგი რომელიღაც ბოროტ არსებას მიუტოვა.”თუმცა პანგლოსის ოპტიმიზმსაც და მარტენის პესიმიზმსაც გარკვეული საფუძვლები და არგუმენტები გააჩნია,კერძოდ,პანგლოსი მუდამ იმას ამტკიცებდა,რომ შდეგი მიზეზის გარეშე არ არსებობს და რომ ყველა საგანი შექმნილია საუკეთსო მიზნისათვის.იგი ბევრ უსიამოვნო მოვლენასაც უკეთსი მომავლის წინაპირობად თვლის,მაშინაც კი,როცა სნეული პანგლოსი სიკვდილის პირასაა, არ სჯერა, რომ მისი დამღუპველი დაავადება ეშმაკისგანაა მოვლენილი,იგი ამბობს,რომ ეს სნეულება კოლუმბს ამერიკის ერთ–ერთი კუნძულიდან რომ არ წამოეღო, კაცობრიობას შოკოლადი არ ექნებოდაო.მისი თვალსაზრისით ცალკეული უბედურებანი საერთო ბედნიერებას ქმნის რამდენადაც ბევრია ცალკეული უბედურება,იმდენად უკეთაა ყველაფერი.ლისაბონის მიწისძვრაც იმით იყო კარგი,რომ ის არ შეიძლება სხვაგანაც მომხდარიყო,ყოველივე ეს კი ერთგვარ ბალანსს ქმნიდა დედამიწაზე.მიუხედავად იმისა,რომ პანგლოსს ახრჩობდნენ,მის სხეულს კვეთდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ,ის მაინც ფიქრობდა,რომ ქვეყნად ყველაფერი უკეთსისაკენ მიემართება,რადგან წინასწარ დადგენილი ჰარმონია ამქვეყნად ისევ უმშვენიერესი რამ არის,როგორც სამყაროს სისრულე და არაწონადი მატერია.მართალია პანგლოსი ყოველთვის სასტიკად იტანჯებოდა,მაგრამ იცოდა,რომ ამ სამყაროში ყოველივე ურთიერთკავშირშია და მაგალითად კანდიდის ისტორია მოჰყავდა,რომელიც ბევრი განსაცდელის შემდეგ საკუთარ ბაღში განცხრომით მიირთმევდა ლიმონის ქერქს.

მარტენის თვალთახედვა კი სრულიად საპირისპიროს გამოხატავს.მას ჯერ არ ენახა ქალაქი რომელიც მეზობელი ქალაქის დანგრევას არ ნატრობდეს,არც ოჯახი,რომელსაც რომელიმე სხვა ოჯახის განადგურება არ სურდეს,”ყველგან სუსტებს ძლიერები ეზიზღებათ და მაინც მათ ფერხთა მტვერს ლოკავენ,ძლიერნი კი სუსტებს ისე ეპყრობიან,ვით ცხვრის ფარას, რომლის ხორცსა და მატყლს ყიდიან. ადამიანებს შური,ზრუნვა და მოუსვენრობა უფრო ტანჯავთ ვიდრე გაჭირვება.საიდუმლო ჭირი კიდევ უფრო ულმობელია,ვიდრე გამჟღავნებული”–აღნიშნავს ცხოვრების უკუღმართობით იმედგაცრუებული მარტენი.მას არ მოსწონს ყველა შესაძლო შეუსაბამობანი და წინააღმდეგობანი,რაც უცნაური ერის სახელმწიფო დაწესებულებაში, სასამართლოებსა და ეკლესიებში შეხვდებით.ქალბატონი მონიმას მაგალითით მარტენი კიცხავს იმას,რომ ადამიანებს სიცოცხლეში პატივს სცემენ იმის გამო, რომ ლამაზები არიან,სიკვდილის შემდეგ კი დასაფლავების პატივსაც არ აღირსებენ და სანაგვეში ყრიან.მარტენი თვლის, რომ ელდორადოს მცხოვრებთ გარდა მთლ დასახლებულ დედამიწაზე უბედურება სუფევს,რასაც პაკეტასა და ჟიროფლეს ისტორიითაც ადასტურებს.მარტენი ფიქრობს, რომ არც მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანდები განიცდიან ბედნიერებას, ამის მაგალითი კი ბატონ პოკუკურანტეს ცხოვრებაა, რომელსაც ყოველგვარი სიმდიდრე მობეზრებია და სიამოვნებას ვერაფერში ხედავს.

პანგლოსისა და მარტენის  დაპირისპირება, ალბათ ჭიქაში ნახევრად ჩასხმული სითხის ფილოსოფიას მოგვაგონებს, რომელზედაც ოპტიმისტები იტყვიან ნახევრად სავსეაო,პესიმისტები კი – ნახევრად ცარიელიაო.

ბომარშე – ფიგაროს ქორწინება


საფრანგეთის ეკონიმიკურ,პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა XVIII ს–ის აბსოლუტურმა მონარქიამ,მაგრამ ამ მოვლენამ მომდევნო საუკუნეში დაკარგა თავისი მნიშვნელობა და იქცა ქვეყნის ყოველმხრივი განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად. XVIII ს–ის პირველ მეოთხედშივე აშკარა გახდა აბსოლუტური მონარქიის ანტიხალხური ხასიათი.ლუდოვიკო XIV გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ფრანგული აბსოლუტიზმის დაცემა.საფრანგეთში აღარ არის წონასწორობა თავადაზნაურობასა და ბურჟუაზიას შორის.სულ მეტად ძლიერდებოდა რევოლუციური ბურჟუაზია,რომელიც ერთგვარად ასახავდა ხალხის ფარტო მასების სულისკვეთებასაც.მესამე წოდებას სურდა სოციალური უფლებების მოპოვება და ისინი ემზადებოდნენ ბურჟუაზიული რევოლუციისთვის.რევოლუციური ბურჟუაზიის მებრზოლი იდეოლოგიის გამომხატველებად გამოდიოდნენ XVIII ს–ის განმანათლებლები.ისინი მიზნად ისახავდნენ შეექმნათ ’’გონების სამეფო“,რომელსიც ბედნიერად იცხოვრებდა ბუნებასთან შერწყმული ადამიანი.მათ ლიტერატურას დაავალეს ხალხში ახალი იდეების დანერგვა და მეცნიერული ცოდნის გავრცელება. ამას ცდილობდნენ ბელეტრისტიკითა და „ენციკლოპედიით“.მოედნებზე ტარდებოდა მეტად პოპულარული საჯარო ლექციები. ფრანგ განმანათლებელთა მოძრაობაში გამოირჩეოდა ორი პერიოდი:1) XVIII ს–ის 20 –იანი წწ –დან  50–იან წწ–მდე.ეს იყო რევოლუციურ ძალთა  დარაზმვის პერიოდი.წამყვანი მწერლები მონტესკიე და ვოლტერი მოითხოვდნენ განათლებული მონარქიის პრინციპის დაცვას. მე–2 პერიოდი ეს არის XVIIIს–ის 50 –იანი წწ–დან 1789 წლის ბურჟუაზიულ რევოლუციამდე.ამ დროს ფილოსოფიურმა და პოლიტიკურმა მოძრაობამ მიიღო უფრო რადიკალური ხასიათი.განმანათლებლური მოძრაობის შტაბად იქცა „ენციკლოპედიის“ რედაქცია. ლიტერატურა განიმსჭვალა რევოლუციური იდეებით.ჟან–ჟაკ რუსომ გააიდეალა ცივილიზაციით დაუმახინჯებელი ადამიანი.დიდრო და რუსო მოითხოვდნენ საზოგადოების მთლიან გარდაქმნას.

განმანათლებლურმა დრამამ თავისი განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია ბომარშეს შემოქმედებაში. მან დაიცვა მესამე წოდების უფლებები,ამხილა ძველი საფრანგეთის არსებული პოლიტიკური წყობა.ბომარშეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაში უნდა განვასხვავოთ ორი პერიოდი.პირველ–რევოლუციამდელ პერიოდში ბომარშე გამოდიოდა ხალხის ფართო ინტერესთა დამცველად, მასების სათაყვანო პიროვნებად, ხოლო ლიტერატურაში  ბურჟუაზიულ–დემოკრატიული მიმართულების წარმომადგენლად.ბომარშეს ლიტერატურულ მემკვიდრეობაში მთავარია ტრილოგია – „სევილიელი დალაქი“, „ფიგაროს ქორწინება“ და „ბოროტმოქმედი დედა“, რომელთა მოქმედების ცენტრში მოქცეულია ფიგარო. ტრილოგიის მე–2 ნაწილში „ფიგაროს ქორწინება“ ფიგარო გვევლინება დამოუკიდებელ ადამიანად, რომელსაც ესმის,რომ გრაფთან ერთად მის წინაშე დამნაშავეა ის სოციალური ფენა, რომელიც იცავს გრაფის ინტერესებს. ამ საზოგადოებისა და ფეოდალურ ურთიერთობათა წინააღმდეგ იმაღლებს ხმას ფიგარო,როცა იგი ცდილობს გააბათილოს გრაფის სოციალური უპირატესობა. ის არ ერიდება პირდაპირ უთხრას გრაფს, რომ ის სრულიად საშუალო ადამიანია და მეტი არაფერი, რომ ის არ გამოირჩევა გონების ბრწყინვალებით. ხოლო თავის თავს აქებს, რადგან მიუხედავად  ბნელი წარმოშობისა,მან დიდი საზრიანობის გამოჩენით შეძლო  თავი გამოეკვება. და ამ ყველაფერს ის ამბობს თითქოს  ხუმრობით,შეფარული ტონით.ამ კომედიაში ხდება მდაბიოსა და არისტოკრატიის დაპირისპირება და ავტორის სიმპატია აშკარად მდაბიოს მხარეზეა.ფიგარო ყველაზე ჭკვიანი,მოხერხებული და მამაცია ამ პიესაში.ის ძლიერ აქტიური  და ენერგიულია.მან იცის ადამიანები და ხვდება მათ ხასიათს. მშვენივრად შეძლო ბარტოლოსა და ბაზილიოს დახასიათება.ფიგარომ მისი გონებამახვილობით აჯობა გრაფს და ბოდიში მოახდევინა მისი მეუღლის წინაშე. ამით ის სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო და დაამცირა კიდეც.’’ფიგაროს ქორწინებაში“ დაუფარავად არის წარმოჩენილი სოციალური პრობლემატიკა.კომედიის მახვილი მიმართულია ფეოდალიზმისა და იმდროინდელი საფრანგეთის იდეოლოგიის წინააღმდეგ. მესამე ფენის ადამიანი–ფიგარო დაპირისპირებულია არისტოკრატიასთან. ბრძოლა ქალის გამოა,თუმცა ამ რთული ცხოვრების გზას ის გადის წვალებით, უდიდესი შრომით, მაგრამ მაინც ოპტიმისტია და სიცოცხლის მოტრფიალე.ფიგარო და სუზანა ძლიერი ნებისყოფისა და მიზანსწრაფული ადამიანები არიან.ავტორიც მოხიბლულია ამ ადამიანებით და მკითხველსაც კეთილგანაწყობს მის მიმართ.ფიგაროს ხმაში იკვეთება ძალა მესამე წოდებისა, მათი უშრეტი სულისკვეთება, რომ ბოლოსდაბოლოს დადგნენ ფეხზე და მიაღწიონ საწადელს.დანტონმა რევოლუციის წლებში განაცხადა, რომ „ფიგარომ მოკლა არისტოკრატია“.

ბომარშეს „ფიგაროს ქორწინებამ“ მიიპყრო მოცარტის ყურადღბა არა მარტო მთავარი გმირების ცოცხალი ხასიათით,მოქმედების სწრაფი განვითარებით, კომედიური სიმძაფრით, არამედ თავისი სოციალურ–მამხილებელი მიმართულებით.შეგვიძლია თამამად ვთქვად, რომ ის იზიარებს ბომარშეს იდეოლოგიურ შხედულებებს და ადეკვატურად ასახავს მას მუსიკაში,რომელსაც თვითონ უწოდა რეალისტური კომედია.

„ზედმეტი ადამიანის“ პრობლემა გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებაში“


მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უშესანიშნავესი მოვლენაა იოჰან ვოლფგანგ გოეთე. მის სახელს უკავშირდება ახალი პერიოდის გერმანული კულტურის, სალიტერატურო ენის აღმავლობა. გოეთენ ეპოქა შექმნა არა მარტო გერმანულ, არამედ მთელი დასავლეთის ლიტერატურაში. გოეთე ეყრდნობა განათლების საუკუნის მოწინავე აზრის მიღწევებს, ავითარებს მათ და თვითონაც ხდება განმანათლებელი.

გოეთეს მსოფლმხედველობისა და შემოქმედების განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლიური ქვეყნის ამბებს, იმ დროის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას. გოეთეს დროს გერმანია იყო ფეოდალურ-დესპოტური ქვეყანა, სადაც ადამიანთა ელემენტარული უფლებებიც კი ირღვეოდა, რადგან ისინი აღვირახსნილი ფეოდალების კაპრიზებზე იყვნენ დამოკიდებულნი.

გოეთეს შემოქმედების განვითარებაში ასევე დიდი როლი შეასრულა ე.წ „ქარიშხლისა და შეტევის“ ლიტარატურულმა დაჯგუფებამ, რომლის მეთაურიც მალე გახდა გოეთე. ლიტერატურაში „შტურმები“ მოითხოვდნენ  ბუნებრიობის პრინციპის დამკვიდრებას. მათ არ სურდათ მიებაძათ ფრანგული და ინგლისური პოეზიისადმი. ისინი მოითხოვდნენ ეროვნული, თვითმყოფადი ლიტერატურის და ხელოვნების შექმნას, ლიტერატურის სფეროდან სქემებისა და წესების განდევნას.

როგორც ვხედავთ, „ქარიშხლისა და შეტევის“ ლიტერატურული მოძრაობა ანალოგიურია ინგლისური განმანათლებლობის სენტიმენტალური ლიტერატურისა და ფრანგული განმანათლებლობის რუსოიზმად წოდებული მწერლობისა. ხანშიშესული გოეთე „შტურმერთა“ მოძრაობას ლიტერატურულ რევოლუციას უწოდებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ „შტურმერთა“  იდეალები  განუხორციელებელ ოცნებად დარჩა.

მხატვრული ლიტერატურის დარგში გოეთე შემოდის როგორც დიდი ნოვატორი, და არა როგორც მხოლოდ დრამატურგი, არამედ, ეპიკოსი ან და რომანისტი, არამედ როგორც ლირიკოსი. აღსანიშნავია, სწორედ მისი  ლირიკული რომანი „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“, რომელიც ეპისტოლარული ფორმითაა დაწერილი. „ვერთერმა“ მსოფლიოში  ისეთი ფურორი  გამოიწვია, რაც ძალიან იშვიათად ხვდომია წილად რომელიმე წიგნს.

„ვერტერის“ გამოქვეყნებისთანავე დაიწყო დავა: მტირალა ნერვისტია ვერტერი თუ პროტესტანტი და მემბოხე. ვერტერის მხატვრული სახის გააზრებისათვის უნდა ითქვას, რომ იგი ზოგადი სახეა გერმანიის საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც შეტრფოდა თავისუფლებასა და სამართლიანობას, მაგრამ იკეტებოდა მხოლოდ წარმოსახვისა და ილუზიების სფეროში და ამ იდეალების პრაქტიკულად განხორციელებისათვის კი თავს მოწოდებულად არ თვლიდა.

ვერტერი  არაა ნაზი არსება, თუმცა კი მის პიროვნებაში გადამწყვეტ როლს გრძნობა ასრულებს. აღსანიშნავია, ვერტერის დამოკიდებულება ლოტესადმი. იგი უდიდეს სიყვარულსა და ყურადღებას იჩენს სატრფოს მიმართ. მის სასიყვარულო სამკაულად სწორედ ეს დიდი გრძნობა შეიძლება ჩაითვალოს.

ვერტერი ვერ ეგუება იმ სამყაროს, რომელშიც უწევს ცხოვრება. თითქოს არც რეალობა ითვისებს მას. ვერთერი გრძნობს „ზედმეტ კაცობას“. ის ერთგან წერს: „დიახ, მე მგზავრი ვარ მხოლოდ, ამ ქვეყანაზე საყარიბოდ შემოხიზნული“. ეს „ზედმეტი კაცობა“ კარგად ჩანს ვერტერისა და ელჩის კონფლიქტშიც. დიახ, ვერთერი ხვდება, რომ „ზედმეტია“ ამ „საოცარი მარიონეტების თამაშში“, რადგან როდესაც მის მეზობელს ხელს სტაცებს და ადამიანი ჰგონია „ ხის ხელი შერჩება ხელში და გულარეული უკან იხევს“.სამწუხაროდ, ვერტერი „ზედმეტი“ აღმოჩნდა ლოტესთანაც. ეს იმიტომ, რომ იგი სიყვარულის საქმეებშიაც წააწყდება სოციალური ხასიათის წინააღმდეგობას, გაბატონებულ ტრადიციას და ცრურწმენებს.

ვერტერი გმობს ტიტულებისა და დაწინაურებისათვის ბრძოლას. იგი ამბობს: „ მე მეუცხოება ადამიანთა მოდგმა.“ ვერტერი აღშფოთებულია თანადროული არისტოკრატიის უსაფუძვლო ყოყლოჩინობითა და მანეკენური მანერებით.

შეიძლება ითქვას, ვერტერი რევოლუციონერია თავის სოციალურ წრეში, და უფრო მეტიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იგი ზედმეტი კაცია თანადროული სახელმწიფოსა და საზოგადოების წიაღში.

განხეთქილება თავის დროსთან, თავის წრესთან და გარემოსთან – ეს არის უპირველესი საბაბი და მიზეზი ვერტერის ტრაგიკული განწყობილებისა. სწორედ ამ თვალსაზრისით ხდება იგი პრერომანტიკული გმირი. ეს ვერტერის სულიერი სამყაროს სისუსტე კი არაა, არამედ ასახავს იმ მწარე რეალობას, რაც იმდროინდელ გერმანიაში არსებობდა. ასევე უნდა ითქვას, რომ მის სასოწარკვეთას, ილუზიების კრახს საფუძვლად უდევს არა ადამიანთა სიძულვილი, არამედ მათდამი ღრმა თანაგრძნობა, ჰუმანიზმი. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი უყვარს და ვერ ნახულობს რეალურ  გზას მისი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, მისცემია ვერტერი სასოწრკვეთას, პესიმიზმსა და მელანქოლიას.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ვერტერში ძალუმად იჩინა თავი გოეთეს დემოკრატიულმა, ანტიფეოდალურმა განწყობილებებმა.აქ მწერალი რეალურ ფერებში ხატავს ღრმა წინააღმდეგობას იდეალსა და სინამდვილეს შორის. „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ ეპოქის უტყუარ სახედ.

ლაფონტენი და XVII საუკუნის მემატიანე


ფრანგი პოეტი და მეიგავე ლა ფონტენის ლიტერატურული შემოქმედებიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იგავთა კრებული, რომელიც 1668 წ. 6 წიგნად გამოიცა. რა არის იგავი? რამ გამოიწვია ლა ფონტენის მიერ იგავის ჟანრის ამორჩევა? რა სურდა მას? ეს ის კითხვებია, რომელზედაც პასუხის გასაცემდა აჟღერებულა XVII ს საფრანგეთისა და ამავე პერიოდში მოღვაწე კლასიკოსთა განხილვა, რათა დავინახოთ თუ რა მიზნები დაისახა ლა ფონტენმა თავისი ლიტერატურული  შემოქმედებისათვის.

XVII ს-ში საფრანგეთი განვითარებს უმაღლეს წერტილს აღწევს. კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობისა და ლუი XIVს გამეფების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა აბსოლუტიზმს. ესაა ხანა, რომლის დროსაც სახელმწიფოს ყოველი სფერო ერთი პიროვნების ხელშია მოქცეული. აბსოლუტიზმი შეეხო ლიტერატურასაც, რდგანაც მან შექმნა ის ნორმატივები და დოგმები, რომელთა შესრულებამაც არსებითი იყო მწერლისა და პოეტისათვის. კერძოდ, ნიკოლა ბუალომ, არისტოტელეს „პოეტიკაზე“ დაყრდნობით შექმნა 3 ერთიანობის კანონი, რაც გულისხმობდა დროის, ადგილისა და მოქმედების ერთიანობას, რაც ძალიან ბევრ უხერხულობას უქმნიდა მათ. კლასიცისტების შემოქმედებაში წინა პლანზე იყო წამოწეული გრძნობისა და მოვალეობის დაპირისპირება. მოვალეობის უპირატესობის წარმოჩენა, რაც დეკარტეს რაციონალურ ფილოსოფიას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც გონება იმარჯვებდა ადამიანურ ვნებებსა და გრძნობებზე. სწორედ ასეთ ლიტერატურულ გარემოში მოღვაწეობდა ლა ფონტენი, რომლის შემოქმედებაც  ნამდვილად ახალი სიტყვა იყო ფრანგულ ლიტერატურაში. მისი მთავარი მიზანი იყო  იგავის ჟანრის  მეშვეობით წარმოეჩინა  XVIIს-ის ფრანგული საზოგადოების მანკიერებანი. იგავი არის ლიტერატურული ჟანრი, რომლის მოქმედი პირები არიან ცხოველები, მცენარეები და მითიური გმირები, რომლებსაც ადამიანური თვისებები აქვთ. იგი არის დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის ჟანრი,რომელიც ეფუძნება ალეგორიას, თუმცა სანამ იგავი დამოუკიდებელ ჟანრად ჩამოყალიბდებოდა, მან განვითარების დიდი გზა გაიარა.მისი წარმოჩენა ეზოპედან დაიწყო.

ეზოპე, ნახევრად ლეგენდარული პიროვნებაა. ძველბერძნული მეიგავე, ცხოვრობდა ძვ.წ. VI საუკუნეში. მისი შემოქმედებიდან შემორჩენილია მხოლოდ იგავთა კრებული (426 იგავია). მისი იგავები ათ წიგნად გადაწერა დემეტრე ფალერკიმ. Iს-ში იმპერატორ ავგუსტ ფედრის მოღვაწეობის დროს ეზოპეს იგავებს ლათინური იამბიკური  სალექსო ფორმა მიეცა. ეზოპეს იგავებისადმი ყურადღება გამახვილდა შუა საუკუნეებში. ამ დროს ბიზანტიის იმპერიაში შეიქმნა ეზოპეს კომედიური  სახის ბიოგრაფია, რომელშიც ეზოპე გამოყვანილი იყო ხელიდან ხელში გადამავალ ტყვედ. თუმცა მარტინ ლუთერის  მოღვაწეობის დროს  მან დაამტკიცა, რომ იგავები მხოლოდ ავტორს – ეზოპეს ეკუთვნოდა. ეზოპეს იგავები ითარგმნა და გადამუშავდა სხვადასხვა მწერლის მიერ მსოფლიოს რამდენიმე ენაზე. მისი თაეგმანები ეკუთვნის ლა ფონტენსა და კრილოვსაც.

ლა ფონტენი უარყოფდა კლასიციზმის  ესთეტიკასა და სამი ერთიანობის კანონს. ამგვარად მან საკუთარი  უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატავად იგავის ჟანრი გამოიყენა, რათა ემხილებინა საზოგადოების მანკიერებანი. იგავი ეხმარებოდა მას შეფარვით აეხადა ფარდა სინამდვილისათვის და ამით თავისი სათქმელი ისე ეთქვა, რომ მის ლიტერატურულ მოღვაწეობას საფრთხე არ შექმნოდა. მისი შემოქმედების უკეთესი გააზრებისათვის  განვიხილოთ მისი რამდენიმე იგავი.

ლა ფონტენის შემოქმედება იმდენად ღირებული იყო, რომ მან ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მისი თანამედროვეებისა (სულხან-საბა) და აგრეთვე მისი მომავალი ლიტერატორთა შემოქმედებაში. ლაფონტენის თანამედროვე იყო ქართველი მეიგავე სულხან-საბა ორბელიანი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მიზეზი იმისა, რის გამოც იგავ-არაკი, ეს ჟანრი აირჩიეს, იყო მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსა და საფრანგეთში. მაშინ როცა ევროპაში რევოლუციის შემდეგ ინგლისი წამყვანი ქვეყანა გახდა, იგი ეტალონად იქცა საქართველოსა და საფრანგეთისათვის, ამიტომ ზრუნვამ იმისა რომ, ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, მათ დაიწყეს იგავ-არაკის გამოყენება. ლაფონტენი თავის იგავებში საუბრობდა  XVII ს-ის ადამიანზე, ფრანგზე, თუ როგორი სულდაცემული იყო იგი. მაგალითად იგავში „მელა და ყვავი“ გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარი სიამოვნების მიხედვით მოქმედებს, არ ფიქრობს მომავალზე და იმ შედეგებზე, რაც მის გადადგმულ ნაბიჯებს მოჰყვება. ისევე როგორც ყვავმა დაკარგა ის რაც გააჩნდა, ასევე კარგავს ადამიანი, მაშინ როცა დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მოქმედებს. იგავში კი „სოკრატეს შეგონება“ ძალიან კარგად არის ნაჩვენები  XVIIს-ის საზოგადოების დიდი უარყოფითი მხარე, ამ დროს მეგობრობა ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ თამამად შეგვიძლია პარალელები გავავლოთ სულხა-საბასა და ლაფონტენის იგავებს შორის არსებულ თემატიკაზე. სულხან-საბაც ძალზე მტკივნეულად აღიქვამს იმას, რომ ადამიანთა შორის არ არსებობს სრულყოფილი და წმინდა ურთიერთობები. ადამიანები მხოლოდ საკუთარი სურვილებით მოქმედებენ და არ ფიქრობენ თუ რა შედეგის მომტანია მათი საქციელი . მაგალითად, იგავი „აქლემი და ვირის“ მიხედვით ვირი დაუფიქრებლად დაიწყებს ყროყინს და საბოლოოდ ამ დაუფიქრებელი ქმედებით თავს დაიღუპავს, რადგან აქლემისგანაც სამაგიეროს მიიღებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბას იგავი „მოძღვარი მელი“, სადაც იგივე ოდეაა წარმოჩენილი რაც ლაფონტენის „მელა და ყვავში“.ყვავი აყვა სიამოვნებას, საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა და დაკარგა ყველის ნაჭერი. ასევე ემართება მელსაც, რომელიც ვეღარ შეიკავებს თავს მსუქანი ბატით. ხოლო მეგობრობასა და ზოგადად ადამიანთა ურთიერთობებზე ლაფონტენის მსგავსად ყურადღება გამახვილებული აქვს შემდეგ იგავებში: „ენით დაკოდილი“, „თვალხილული და უსინათლო“ და სხვა. ფარდას ხდის იმ რეალურ ურთიერთობებს რაც იმ დროინდელ საქართველოში იყო.

ეს არის მსგავსება ორი გენიალურ მეიგავეს შორის, რომელთა მოღვაწეობაც ემსახურებოდა ერთ მიზანს, სამშობლოს თანამემაულეთა გამოსწორებასა და დაცვას.

გულივერის მოგზაურობა(განხილვა)


   ჩემი ეს განხილვა შეეხება ჯონათან სვიფტს, რომელიც მე-18 საუკუნის ინგლისური ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის ნაწარმოებს შორის კი უთუოდ აღნიშნის ღირსია გულივერის მოგზაურობა, რომელიც 1726 წელს გამოვიდა და ერთგვარად გამოაფხიზლა ინგლისური საზოგადოება. დამეთანხმებით, რომ წიგნის წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს არის ზღაპარი, ფანტასტიკური ჟანრი, რომელიც ჩვენში სასიამოვნო ემოციას იწვევს და ბევრს გვაცინებს, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით ნაწარმოებს და და გავითვალისწინებთ იმ გარემოპირობებს სადაც სვიფტს უხდებოდა მოღვაწეობა ბევრს საყურადღებო პარალელს გავავლებთ ინგლისის ისტორიასთან. იმისათვის რომ ნაწარმოებში ინგლისის საზოგადოება დაეხატა ავტორს მან გამოიყენა სატირა. სანამ უშუალოდ ნაწარმოებზე გადავიდოდეთ მოდი თვალი გადავავლოთ მე-18 საუკუნის ინგლისს და გავიგოთ რამ შთააგონა ავტორი შეექმნა ასეთი ნაწარმოები.

უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ ინგლისის რევოლუცია, რომელიც 1640 წელს ხანგრძლივი პარლამენტის მოწვევით დაიწყო და გაჩაღდა დაპირისპირება მეფის მომხრეებს ანუ კავალერებსა და პარლამენტის მომხრეებს ანუ მრგვალთავიანებს შორის. პარლამენტის არმიას სათავეში ჩაუდგა ოლივერ კრომველი. მათ დაამარცხეს მეფის მომხრეები და 1644 წელს ჩარლზ I სტიუარტი სიკვდილით დასაჯეს. ინგლისში კი სამხედრო დიქტატურა დამყარდა, რომელსაც სათავეში ოლივერ კრომველი ედგა. კრომველის გარდაცვალების შემდეგ 1660 წელს მოხდა სტიუარტების რესტავრაცია. სამეფო ტახტზე ჩარლზ II. მე-18 ს-ის 70-იან წლებში ინგლისში ორი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა: ვიგების და ტორების.ვიგები ანუ ლიბერალები პარლამენტის გაძლიერებას ცდილობდნენ, ტორები ანუ კონსერვატორები კი მეფის ხელისუფლების განმტკიცებას ესწრაფოდნენ. ორივე პარტია რევოლუციამდელი წყობილების აღდგენის მოწინააღმდეგე იყო. 1688 წელს მშვიდობიანი გადატრიალება მოხდა, რომელიც უსისხლო სახელითაა ცნობილი. პოლიტიკურ პროცესებში სვიფტიც აქტიურად იყო ჩაბმული.

კარიერა სვფიტმა ლორდ ტემპლის კარზე დაიწყო, სადაც იგი გაეცნო მაშინდელი ინგლისის მაღალ წრეებს. ტემპლის გარდაცვალების შემდეგ ლუკმაპურის მოსაპოვებლად იძულებული გახდა მღვდლის ანაფორა ჩაეცვა და ირლანდიაში გამგზავრებულიყო. მღვდლის ანაფორას ხელი არ შეუშლია სვიფტისათვის აქტიურად ჩაბმულიყო იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელშიც იმდროინდელ ინგლისში ხელისუფლებისათვის ტორები და ვიგები აწარმოებდა.

სვიფტის სიმპატიები თავდაპირველად ვიგებისაკენ გადაიხარა რაც ორი მიზეზით იყო განპირობებული. პირველი ის, რომ იგი ცემპლთან სამსახურის დროს მათთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მეორე, ვიგები ცდილობდნენ მეფის ხელისუფლების შეზღუდვას, ხოლო სვიფტი როგორც ამჯერად მონარქიის მოწინააღმდეგე მათ მოღვაწეობაში პროგრსულ იდეალებს ხედავდა.

ვიგების ინტერესების დასაცავად 1701 წელს სვიფტმა დაწერა „ მსჯელობა ათენისა და რომის დიდებულთა და მდაბიოთა შორის უთანხმოებაზე.“ ინგლისის უმაღლესი სასულიერო წოდების მხარდაჭერით ვიგების პარტიამ შეძლო პარლამენტში ხმის აბსოლუტური უმრავლესობის მიღება. მაგრამ მათ ხელისუფლების სათავეში მოსვლამ მშრომელთა ცხოვრებაში არავითარი ცვლილება არ გამოუწვევია, მშრომელი მოსახლეობა კვლავ მოტყუებული დარჩა.

ვიგების მოქმედებით უკმაყოფილო სვიფტი  ახლა მათ წინააღმდეგ წერს „რელიგიის განვითარების პროექტი“, რომელშიც ნიღაბს ხდის სასულიერო წოდების ქურუმთა ფარისევლობას. 1710 წელს პარლამენტში ხმების უმრავლესობა ტორების პარტიამ მოიპოვა. სვიფტი მათ მიემხრო.პარტიების მოღვაწეობით განაწყენებული მწერალი ირლანდიის წმინდა პატრიკის ტაძრის დეკანოზი გახდა. მან როგროც თავისი ხალხის ჭეშმარიტმა შვილმა გადაქყვიტა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძოლა ირლანდიელი  ხალხის ეროვნული ინტერესების დასაცავად. სწორედ ამ ბრძოლაში გაიფურჩქნა მისი რპგპრც სატირიკოსის მაღალი ნიჭი და გამოჩნდა მისი ტალანტი. სვიფტის ირონიამ თავისი მისია ყველაზე კარგად „გულივერის მოგზაურობაში“ შეასრულა.

წიგნის სხვადასხვა ნაწილი გამოირჩევა სატირული ტენდეციების სიღრმითა და მათი მხატვრული გამოსახულების საშუალებით.

პირველ ნაწილში, რომელშიაც აღწერილია მოგზაურობა ლილიპუტების ქვეყანაში, მოცემულია მრავალი ისეთი ამბავი, რომელიც ინგლისის სინამდვილეში არსებული მოვლენების ანალოგიურია.აქ ნაჩვენებია სასახლის კარი და კარისკაცები, სახელმწიფო უმაღლესი მოხელეები, რომელთა არჩევა ხდება მათ მიერ შესრულებული აკრობატული ვარჯიშების მიხედვით.

აღწერილია ერთმანეთისგან ქუსლების სიდიდით განსხვავებული ორი პარტია. აქვე აღწერილია ომები, რომელთა მიზეზიც არის დავა იმის შესახებ, თუ რომელი ბოლოდან უნდა გაიტეხოს კვერცხი. ამ მოთხრობებში ლილიპუტების ცხოვრების შესახებ სვიფტი ამხელს თანამედროვე პოლიტიკურ ინტრიგებს, პოლიტიკური პარტიების ბრძოლის უპრინციპობას და პროტესტანტული ინგლისისა (ლილიპუტების) და კათოლიკური საფრანგეთის (ბლეფუსკუ) ომების უმიზნობას.

ევროპული ცივილიზაციის საერთიო ხასიათის  ანალიზი მოცემულია ნაწარმოების მეორე ნაწილში – მოგზაურობა ბრობდინგნაგში, გოლიათების ქვეყანაში. სატირის ფორმები აქ იცვლება და თვით გულივერი  ვარდება უმნიშვნელო ლილიპუტის მდგომარეობაში. ავტორის სატირული მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ აჩვენოს არარაობა და სიცრუე ევროპული ცივილიზაციისა, შედარებით იმ ბრძნულ სახელმწიფოებრივ წყობილებასთან, რომელიც აქვთ განათლებულ გოლიათებს. ამ შედარების სატირული ხასიათი ძლიერდება  იმით, რომ გულივერი მსჯელობს ევროპული ცხოვრების შესახებ მთელი სერიოზულობით და ხაზს უსვამს თავის ღრმა პატრიოტიზმს. ავტორი გამოდის განათლებული აბსოლუტიზმის სისტემის მომხრედ და გვისურათებს ბრობდინგნაგის  ჰუმანურ მეფეს, რომელიც მმართველობის ხელოვნებაში ეყრდნობა საღ აზრს, გონიერებასა და სამართლიანობას.ის აღშფოთებით უარყოფს გულივერის წინადადებას სახელმწიფოში ცეცხლმსროლელი  იარაღის დამზადების შესახებ. ისმენს რა მის ანგარიშს საზოგადოებრივი წყობისა და ადამიანთა ცხოვრების წესების შესახებ, მეფე შეძრწუნებულია მათი სისულელეებით. ის დაასკვნის, რომ გულივერის თანამემამულენი წარმოადგენენ „ პატარა შხამიანი გველების მოდგმას, რომლებზედაც უფრო საზიზღარი  არასოდეს არ გაღოღებულა დედამიწის ზედაპირზე.“

წიგნის მესამე და მეოთხე ნაწილებში სვიფტის სატირა ხდება უფრო მკვეთრი და გესლიანი.

მესამე ნაწილი კონსტრუქციის  მიხედვით შედარებით რთულია. ამ ნაწილში აღწერილია გულივერის ყოფნა მფრინავ კუნძულ ლაპუტაზე, შემდეგ კი მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნაში. ავტორი მკვეთრად აკრიტიკებს ყველა არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობას, ამხელს წარჩინებულებსა და არისტოკრატებს. იწვევს რა აჩრდილთა  სამეფოდან წარსული დროის მაღალი თანამდებობის ტიტულიან პირთ, იგი საუბრობს მათთან და აღშფოთებულია მათი უსინდისობით. ვერაგობა, ჩაგვრა, მოსყიდვა, მოტყუება, შუამავლობა და მსგავსი მათნი წარმოადგენენ ყველაზე  უფრო მისატევებელ ცოდვებს, რომლებიც მათ დაასახელეს.

სვიფტი ამჟღავნებს სახელმწიფო მანქანის მამოძრავებელ ზამბარებს დაწყებული სასახლის პრემიერ მინისტრიდან და მიუთითებს, მმართველობის მთელი სისტემა აგებულია პირფერობაზე, გაიძვერობასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაზე. ის დასცინის მისთვის საძულველი კანონების დამცველთ, რომლებიც „ არც ერთი სარჩელის განხილვის დროს არ უკვირდებიან საკითხს ღრმად. სამაგიეროდ, ყვირიან, ცხარობენ და ლაქლაქებენ ისეთ რამეებზე, რომლებსაც საქმის არსებით მხარესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.“

ავტორი აკრიტიკებს ბურჟუაზიულ სამყაროს მეცნიერებას, ვინაიდან, იგი  მოწყვეტილია მოსახლეობის სასიცოცხლო მოთხოვნებს იმ კუნძულის მსგავსად, რომელიც დაფრინავს მაგარი მიწის თავზე. მეცნიერების მიღწევებით სარგებლობენ მმართველი კლასები, რომლებიც მფრინავ კუნძილსაც იყენებენ ხალხის აჯანყების ჩასაქრობად.

თავისი თანამედროვეების უმრავლესობის საპირისპიროდ სვიფტს არ სჯერა ბურჟუაზიული პროგრესისა. თავის წიგნში იგი ააშკარავებს სიმდიდრის წარმოშობის ნამდვილ წყაროებს. გულივერი გამოთქვამს ავტორის აზრებს, როცა საზოგადოების ერთი ნაწილის სიმდიდრეს უკავშირებს მეორე ნაწილის სიღარიბეს. „ მდიდარი კაცი ითვისებს ღარიბის ნაჭირნახულევს, – ამბობს იგი. – ჩვენი მოსახლეობის აშკარა უმრავლესობა იძულებულია გამუდმებით იშრომოს და გასამრჯელოდ მათხოვრული თანხა მიიღოს, რათა მათი შრომის ნაყოფით თითო-ოროლა არამზადამ იცხოვროს.“

სვიფტი გამოდის ომების წინააღმდეგ,  რომლებიც წარმოებს მმართველთა პატივმოყვარეობის გამო და მძიმე ტვირთად აწევს ხალხს.ბრიტანეთის მიერ კოლონიური  ღონისძიებებისა და ახალი მიწების სწრაფად დაპყრობის პერიოდში სვიფტმა ხმა აღიმაღლა კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ვინაიდან ის მასში ხედავდა ოქროს გამოგლეჯისა და ადგილობრივი მოსახლეობის მკაცრ განადგურებას. „ სრული თავისუფლება ეძლევა ყოველგვარ არაადამიანურ  მოქმედებასა და გარყვნილებას; ქვეყანა თავის მკვიდრთა სისხლით იღებება და ყასბების ეს საზიზღარი ხროვა, რომელიც ასეთ კეთილშობილურ  ექსპედიციას ხელმძღვანელობს, აარსებს თანამედროვე კოლონიას, რათა მიაქციოს და გაანათლოს კერპთაყვანისმცემელი და ველური ხალხი, “ – ირონიულად დასძენს ავტორი.

წიგნის მეოთხე, უკანასკნელ ნაწილში აღწერილია მოგზაურობა ჰუიჰნჰმების ქვეყანაში, სადაც ცხოველები და ადამიანები ერთმანეთს შეენაცვლენ: აქ სახელმწიფოს მართავენ ბრძენი ცხენები, ხოლო ადამიანის მოდგმა წარმოდგენილია როგორც ადამიანის მსგავსი იაჰუს საშინელი შთამომავლობა.

ადამიანის ბუნების ყველა ცუდი ცხოველური თვისება გაერთიანებულია ამ არსებებში. ავტორი მიდის იქამდე, რომ ამ საშინელი შთამომავლობის წარმოშობას მიაწერს ორ ინგლისელს, რომლებიც ოდესღაც მოსულან  იმ მხარეში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადგილი ყველა ინგლისურ გამოცემაში გამოტოვებულია.

მიუხედავად იმისა, რომ სვიფტი ასე გამოხატავს ადამიანის მოდგმას, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს კაცთმოძულედ, რადგანაც მისი აღშფოთება და წყრომა გამოწვეულია მისი სურვილით – შეცვალოს არსებული საზოგადოებრივი  ურთიერთობის უაზრობა. ავტორის შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ბურჟუაზიული  ეპოქისათვის დამახასიათებელი მანკიერება მას გადააქვს მთელ კაცობრიობაზე.

სვიფტის დადებითი იდეალები  საკმაოდ ბუნდოვანია. პირველად მას გამოჰყავს განათლებული მონარქიის დადებითი სახე; შემდეგში ის აქებს რესპუბლიკურ წყობილებას, აღფრთოვანებულია რომის სენატით და წარსულის გმირთა შორის ბრუტუსი მიაჩნია სიკეთის განსახიერებად. სვიფტს არა აქვს გარკვეული პოლიტიკური პროგრამა. ის აღწერს ცხენების ცხოვრების უტოპიას, მაგარმ, ამავე დროს, თვითონვე აქვს შეგნებული მისი განუხორციელებლობა; იგი მიისწრაფვის საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებისკენ.

რობიზონ კრუზო(გარჩევა)


ინგლისში XVIII საუკუნე ხასიათდება ბურჟუაზიის გაძლიერებითა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებით,რამაც საუკუნის მეორე ნახევარში გამოიწვია სამრეწველო გადატრიალება.საგარეო ვაჭრობის აყვავებამ და ახალი ქვეყნების დაპყრობამ საფუძველი ჩაუყარა ბრიტანეთის კოლონიურ ძლიერებას.ამასთან XVIII ს-ში თავს იჩენს პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარი შესუსტება. პარლამენტში  წამყვან  პარტიებს  წარმოადგენენ  ტორები-მსხვილი მიწათმფლობელობის წარმომადგენლები და ვიგები-მსხვილი ბურჟუაზიის ინტერსების გამომხატველნი;ხალხის ფართო მასების ინტერესებს არც ერთი მათგანი არ გამოსახავდა.

ამას კი წინ უსწრებდა შემდეგი მოვლენები, კერძოდ  ოლივერ კრომველმა 1649 წელს სიკვდილით დასაჯა მეფე ჩარლზ I და დაამხო მონარქია. ის იყო ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი,ოპოზიციის ლიდერი,რომელიც დიქტატორულად ახორციელებდა ძალაუფლებას.1688 წელს კი მოხდა ინგლისის უსისხლო რევოლუცია,როცა დაემხო სტიუარტების დინასტია. ამ გადატრიალებამ საფუძველი ჩაუყარა ინგლისში დემოკრატიის დამკვიდრებასა და მის შემდგომ გაფართოებას.

XVII ს-ში ინგლისში შეიქმნა რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება დეიზმის სახელწოდებით,რომელიც საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში სახელმწიფო რელიგიის სტატუსსაც იღებს(ე.წ. გონების რელიგია). დეისტები იყვნენ ვოლტერი ,დიდრო და სხვა განმანთლებლები.დეიზმის მიხედვით,არსებობს დეუს,სრულყოფილი არსება,რომელმაც შექმნა ეს სამყარო ადამიანითურთ,დგას მის გარეშე და სრულიად შეუცნობელია ადამიანისათვის. მის მიერ შექმნილი სამყარო ემსგავსება სრულყოფილ საათის მექანიზმს, რომელიც მინდობილია თავის თავს და მუშაობს მისი შემქმნელის მხრიდან ჩაურევლად. დეიზმი,მარქსის გამოთქმით არის „ მხოლოდ რელიგიიდან თავის დაღწევის მოხერხებული და იოლი საშუალება.“დეიზმი განმანათლებლობის მნიშვნელოვანი მოვლენაა,მაგრამ იგი მასებმა არ აღიარეს,რადგან ინგლისში ძლიერი იყო პურიტანულ-რელიგიური განწყობილებები.

განმანათლებლობის ეპოქის ლიტერატურა განიცდის თავისი დროის იდეოლოგიური  ბრძოლის გავლენას.მის განვითარებაში ძირითადად აღსანიშნავია ორი მიმართულება: ბურჭუაზიულ-პურიტანული და რადიკალურ-კრიტიკული. ამათგან პირველი მიმართულების წარმომადგენლები არიან დეფო, სტილი, რიჩარდსონი და სხვა.ისინი ყურადღებას  არ ამახვილებდნენ საზოგადოების პოლიტიკურ მანკიერებებზე და ამოცანად ისახავდნენ მხოლოდ ადამიანთა გარდაქმნას მორალურ-რელიგიური გზებით.

ამ მიმართულებას დაუპირისპირდა რადიკალური კრიტიკული მიმართულება, რომლის წარმომადგენლები იყვნენ სვიფტი, ფილდინგი, სმოლეტი  და სხვა. ისინი გამოდიოდნენ არსებული წყაროების ჩარჩოებიდან,მაგრამ მიზნად ისახავდა თანამედროვეობის სოციალურ-პოლიტიკურ ნაკლოვანებათა მხილებას და როგორც ძველი გადმონაშთების, ისე მზარდი ბურჟუაზიული წყობის წინააღმდეგობათა ახალი ფორმების კრიტიკას. ინგლისის განმანათლებელთათვის ზოგიერთი დამახასიათებელი შეზღუდულობის მიუხედავდა,ისინი გულწრფელად ილვტოდნენ შეეწირათ თავისი ცოდნა და ძალა კაცობრიობის ბედნიერებისათვის.  XVIII ს-ის უდიდესი მწერლები გამოირჩეოდნენ თავიანთი  ინტერესების სიფართოვით.ისინი იყვნენ არა მარტო ლიტერეტორები,არამედ პოლიტიკური მოღვაწეებიც და ლიტერატურას განიხილავდნენ, როგორც იარაღს საზოგადოების პრაქტიკული გარდაქმნისათვის. იგივეს ფიქრობდა ილია ჭავჭავაძეც.ის ამბობდა,რომ პოეტი უნდა იყოს ერის წინამძღოლი და მფარველი:

„ მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის

მიწიერი ზეციერსა,

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წარვუძღვე წინა ერსა.“

ილიას აზრით პოეტი და საერთოდ  მწერალი ღმერთისგან არის მოვლენილი რათა ერს წარუძღვეს წინ,გაჭირვებასა და სიხარულში საკუთარ ხალხს გვერდში ამოუდგეს და ამავე დროს დაანახოს ის მანკიერებანი,რაც მათ აუშნოებთ.

აღსანიშნავია,მთლიანად ცისფერყანწელთა მსგავსი დამოკიდებულებაც ლიტერატურასა და მწერლის დანიშნულებასთან დაკავშირებით. ისინიც თვლიდნენ,რომ მწერალი საზოგადოების სარკეა და ამით ისინი ადამიანებს ახედებდნენ თავიანთ სულში და ყურადღებას ამახვილებდნენ საკუთარ მანკიერებებზე.

ინგლისის XVIII ს-ის ლიტერატურის განვითარებაში შესამჩნევია რამდენიმე ეტაპი: ადრინდელი და მოწიფული განმანათლებლობა. ადრინდელი განმანათლებლლობა მოიცავს პერიოდს 1688 წლის „ სახელოვანი რევოლუციიდან “ – XVIII ს-ის 30-იან წლებამდე. ეს არის ახალი მიმართულება ფილოსოფიურ და ესთეტიკურ საფუძველთა ჩამოყალიბების დრო, როცა ჯერ კიდევ გაბატონებული იყო კლასიციზმის ტრადიციები. ამ პერიოდის პოეზია და დრამატურგია სავსებით გამომდინარეობენ კლასიციზმის პრინციპებიდან, მათი ავტორები საკუთარი შემოქმედების ნიმუშად მიიჩნევენ ანტიკურ ავტორებს, განსაკუთრებით ჰორაციუსს და იყენებნ ფრანგი კლასიცისტების ესთეტიკურ მიღწევებს.

დანიელ დეფო ემხრობოდა ზომიერ მიმართულებას,გამოდიოდა ბურჟუაზიული განვითარების ოპტიმისტური შეფასებიდან,ადიდებდა სავაჭრო ინიციატივისა და კომერციის გაფართოებას. ლონდონელი ვაჭრის შვილი დეფო თვით ეწეოდა კომერციულ საქმიანობას და მრავალჯერ განიცადა ბედის უკუღმართობა. მან თავისი ძალები მოსინჯა მოღვაწეობის მრავალ სფეროში – კომერციაში, ჟურნალისტიკაში დაბოლოს, ხანში შესულმა, ხელი მოჰკიდა მხატვრულ შემოქმედებას.

დეფოს მოღვაწეობის პირველი პერიოდი დაკავშირებულია პუბლიცისტიკასთან. იგი წერს მრავალ პოლიტიკურ პამფლესტს, თხზულებებს სოციალურ-ეკონომიკურ თემებზე, მაგალითად: „ ვაჭრობის საყოველთაო ისტორია “ , „ სრული ისტორიული ნეგოციანტი “ და ა.შ.

ლიტერატურის ისტორიაში დეფოს სახელი უკავშირდება რეალისტური რომანის ჟანრს, რომლის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც ითვლება იგი. მისი რომანების უმრავლესობა სათავგადასავლო ხასიათისაა; მათში გამოყვანილია საზოგადოების ნაძირალები, რომლებიც ყოველგვარი საშუალებებით  აწარმოებენ ბრძოლას გამდიდრების მიზნით. მაგრამ მწერლის შემოქმედების მიღწევად უნდა ჩაითვალოს მისი პირველი წიგნი „ ცხოვრება და საოცარი,საკვირველი  თავგადასავლები რობიზონ კრუზოსი “, რომელიც პირველად 1719 წელს გამოიცა.

      ასევე „ რობიზონ კრუზოში “ დეფომ გამოხატა უბრალო ადამიანის ბუნებრივი თვისებები,რომლებიც თავს იჩენენ ბუნებასთან ბრძოლაში, ყოველდღიურ შრომაში, ტანჯვასა და სიხარულში. შრომის ძალა და ბუნების დამორჩილების პათოსი, რომლებითაც გამსჭვალულია წიგნი, წარმოადგენს ნაწარმოების მნიშვნელოვან ელემენტებს და ადასტურებს მის ხალხურობას. ეს თვისებები დაკავშირებულია რომანის პირველ ნაწილთან, რომელიც ეხება ცივილიზებულ საზოგადოებიდან მოწყვეტილი გმირის დასახლებას უდაბურ კუნძულზე.რაც შეეხება ორ მომდევნო ნაწილს,ისინი გაცილებით ნაკლებ ინტერესს იწვევენ,წიგნის მეორე ნაწილში აღწერილია გმირის მოგზაურობა ინდოეთში,ჩინეთში,ციმბირში,ხოლო მესამე ნაწილში მოცემულია მისი ფიქრები ცხოვრებაზე.ამ ნაწარმოებმა გამოიწვია მრავალი მიბაძვა, რომელთაგან ვერც ერთი ვერ შეედრება ორიგინალს.ნაწარმოებს მაღალი შეფასება მისცა ჟან-ჟაკ რუსომ თავის პედაგოგიურ რომანში. მან „ რობიზონ კრუზო “ გამოაცხადა საუკეთესო წიგნად მოზარდი მკითხველთათვის.ალბათ ყველა დამეთანხმებით იმაში,რომ გაძლიერებულ სახელმწიფოს გონიერი და პრაქტიკულად მოაზროვნე ადამიანი სჭირდება.სწორედ რობიზონ კრუზოა მოდელი ასეთი ადამიანისა.

ავტორმა რომანის სიუჟეტად გამოიყენა ნამდვილი ამბავი-ისტორია  მეზღვაურ ალექსანდრე სელკირკისა, რომელმაც ოთხი წელი გაატარა უდაბურ კუნძულზე.როგორც დეფოს ყველა წიგნი,ეს რომანიც პირველ პირშია დაწერილი,ავტორი ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი,რომ ამ ნაწარმოებში მოცემულია ცხოვრებისეული სიმართლე და არა გამოგონილი ამბავი.ამას იგი  აღწევს დეტალებისა და ყოველდღიური ცხოვრების მოვლენათა ზუსტი აღწერით.თავისი რომანის გმირად დეფომ გამოიყენა ჩვეულებრივი საშუალო ადამიანი,ბურჟუაზიული კლასის ტიპიური წარმომადგენელი და მისი ცხოვრება გახდა სერიოზული შესწავლის საგნად.შინაარსის შესაბამისად რომანის ენა ნათელია და სადა,თხრობის სტილი ზუსტია და საქმიანი.დეფოს მიზანს შედაგენდა მისი წიგნი ყოფილიყო გასაგები და მისაწვდომი ფართო მკითხველთა საზოგადოებისათვის.ამიტომ ნამდვილ ენად და გადმოცემის საუკეთესო  ფორმად მას მიაჩნია ყველასთვის გასაგები ენა და სტილი.

აღსანიშნავია ისიც,რომ ამ ნაწარმოებზე არაერთი ფილმია გადაღებული.თითოეული რეჟისორი თავისებური თვალთახედვით გადმოცემს მისთვის ყველაზე ნიშანდობლივ თვისებას გრძნობას თუ მოქმედებას.ამით შეიძლება ავხსნათ ნაწარმოებზე გადაღებულ ფილმთა სიმრავლე.მიუხედავად იმისა,რომ ფილმებიც არანაკლებ საინტერესოა მნახველთათვის წიგნს ნამდვილად ვერ შეედრება.ავტორს ყოველი სიტყვა და წინადადება გამიზნულად აქვს გამოყენებული.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ რობიზონ კრუზო  XVIII ს-ის ინგლისელი ადამიანის მოდელად მივიჩნიეთ.ეს იდეალი ინგლისელი კი გამოირჩეოდა შემდეგი თვისებებით: ის იყო დამოუკიდებელი, შეუპოვარი, უდრეკელი, მტკიცე, ურყევი, გამძლე, გონიერი, რაციონალური და უნარიანი.ავტორი არ აიდიალებს თავის გმირს.რობიზონი პრაქტიკოსია,შრომისმოყვარე,ანგარიშიანი.მას შეუძლია სარგებლობა ნახოს ვაჭრობაში,გულმოდგინედ იშრომოს თავის პლანტაციაში.მისთვის მთლიანად მისაღებია არსებული სასიცოცხლო ურთიერთობანი;იგი მოხარულია ვაჭრობით გამდიდრდეს გვინეაში „ სადაც შეიძლებოდა უბრალო რამეების – დანების, სათამაშოების, ჟღარუნების, მაკრატლების და მსგავსი ხარახურის გადაცვლა, არა მარტო ოქროსა და სპილოს ძვალში, არამედ ზანგებშიაც, რომლებიც დიდი რაოდენობით იყვნენ საჭირო ბრაზილიაში სამუშაოდ.“

ცივილიზაციაში ყოფნის დროს რობიზონისათვის ფული ისევე როგორც სხვა ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესს წარმოადგენდა თუმცა სრულიად საპირისპირო მდგომარეობაში მყოფი კრუზო სულ სხვა რამეს ამბობს , რომ ფული ბლომად ჰქონდა თუმცა მისთვის გამოსადეგარი არ იყო.ეს ნაწარმოები ერთგვარი დაპირისპირებაცაა ცივილიზებული და არაცივილური ცხოვრებისა.კრუზო საუბრობს უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე თითოეული მათგანისა.

პრაქტიციზმი,საკუთრების გრძნობა,ანგარიშიანობა და ერთგულება პურიტანულ-რელიგიური მორალისადმი დამახასიათებელი ნიშნებია ამ ბურჟუაზიული სამყაროს ადამიანისათვის. მან იცის ფულის ფასი;ის აგებინებს მკითხველს,თუ რამდენად გამოსადეგი იყო მის მიერ შეძენილი ან გაყიდული საქონელი,როცა მას დაღუპული გემიდან გადმოაქვს მისთვის საჭირო და გამოსადეგი ნივთები. რობიზონს არ ავიწყდება თან წაიღოს ოქროთი სავსე ტომარა,თუმცა იცის,რომ უდაბურ კუნძულზე ოქრო მას სარგებლობას არ მოუტანს.როგორც ჭეშმარიტი მესაკუთრე – ისე უყურებს კრუზო კუნძულს,სადაც ბედმა მიიყვანა იგი:მიუხედავად მისი მდგომარეობის ტრაგიზმისა, მაინც გახარებულია იმ შეგნებით,რომ ყველაფერი,რაც მის გარშემოა მიაჩნია საკუთრებად. დამახასიათებელია ის,რომ ბუნება სხვა ასპექტში მასზე არავითარ შთაბეჭდილებას არ ახდენს.ანგარიშიანი და საქმიანი რობიზონი მიდის იქამდე,რომ თავის დღიურებს საბუღალტრო წიგნივით აწარმოებს-იწერს ცალკე გრაფებში თავისი ცხოვრების ბედნიერსა თუ უბდეურ შემთხვევებს.მიუხედავად ამ ყველაფრისა მას ახსენდება მამა რომელიც დარჩენას თხოვდა,თუმცა მას ზღვა ეძახდა და უძღებმა შვილმა მშობლების რჩევადარიგებას ყური არ ათხოვა. ამ დროს უპირველეს ყოვლისა მახსენდება დომენიკო,რომელსაც სურდა მაღალსოფელი დაეტოვებინა.კრუზო ამ მისწრაფებას შემდეგნაირად ხსნის.კერძოდ კი ის ამბობს, რომ „  რა უსუსური და მერყევია ადამიანის ბუნება,განსაკუთრებით ახალგაზრდობაში,როცა იგი უარყოფს და გმობს გონივრულ მოსაზრებას,რასაც,პირიქით,უნდა გაჰყვეს ხოლმე.ცოდვისა არა რცხვენიათ,მონანიებისას კი დაირცხვენენ,არ დაირცხვენენ ისეთი საქციელისათვის,რომლის გამო სულელებად უნდა ჩაითვალონ,ხოლო რცხვენიათ კვლავ სწორ გზაზე დადგომისა,რისთვისაც ისინი ბრძნად უნდა იქნენ მიჩნეულნი.“

როგორც ვთქვით კრუზოს ძალიან ხიბლავს ზღვაში მოგზაურობა,რაც ხშირად დაბრკოლების მომტანია მისთვის.ყოველ ახალ გასაჭირში ის ხვდება,რომ ადამიანი უფლის უმადური და უკმაყოფილო არ უნდა იყოს. კაცმა თავისი რეალური მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესს უნდა შეადაროს და მიხვდება, რომ ღმერთი მოწყალეა.

ასევე ერთ-ერთი დადებითი თვისება,რომელიც მთავარ მოქმედი გმირისთვისაა დამახასიათებელი არის შემწყნარებლობა და სხვისთვის თავისუფლების მინიჭება.აქვე უნდა აღინიშნოს მისი მეგობრული ურთიერთობა პარასკევასთან.მან კანიბალს პურიტანული წესები შეასწავლა და ცივილიზებულ ადამიანად აქცია.