სონეტი 30


შენს მკერდში ძგერენ სიყვარულით დღეს ის გულები,
ქვეყნად ცოცხალი აღარცერთი რომ არ მეგონა…
და მეგობრებიც, საფლავებში ჩაკარგულები,
შენში გაცოცხლდნენ, რომ მათი ხმა კვლავ გამეგონა.

ჰოი რამდენი ცრემლი ცხადად ანდა ფარულად,
თვალს შეჰპარვია საიმათო ხსოვნის ნარჩენად,
დღეს კი ისინი სიკვდილიდან გამოპარულან
ყოფნა-არყოფნის საფიქრალის წარმოსაჩენად.

ახლა შენ ჰგავხარ სიყვარულით სავსე სამარეს _
მე ვინც მიყვარდა, შენი გახდა აწ და მარადის;
მათ მთელი ჩემი საგანძური შენ ჩაგაბარეს
და რაღა მეთქმისი! _ მეც შენი ვარ კუბოს კარამდის…

შენში რომ ვხედავ ჩემთვის ძვირფას ყველა არსებას,
მეც ვნატრობ შენთვის სიცოცხლეს და შენთან მსგავსებას.

29 სონეტი


როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,

როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,

როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა – კვალი,

ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,

იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,

გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,

ხელოვნებაში ვეხარბები სხვის ნაფეხურებს,

ზოგის აწმყო მაქვს სანატრელი, ზოგის წარსული,

მაშინ, ძვირფასო, შენი სახე მომაგონდება

და, გალაღებულს, უბადრუკი ფიქრის შემრცხვება,

საგალობელად გადიქცევა ჩემი გოდება.

და ოცნებების ფრთას გაშლიან ცაში მერცხლებად.

 

ასე ფიქრებში შენი სახე თუ შემეფეთა,

რა ბედენაა, მაშინ ჩემთვის განძი მეფეთა.

სონეტი XXVIII


ახლაღა ვხედავ, ბედნიერი დრო რომ დასრულდა,
სიმშვიდის ნაცვლად რომ შევესწარ მხოლოდ წამებას…
დღის სატანჯველი ღამითაც რომ ვერ გრძნობს სასრულს და
დღეს ღამე ტანჯავს და ცისკარი _ შემოღამებას.

ემტერებიან დღე და ღამე ერთმანეთს ასე,
მაგრამ ორივემ ახლა ჩემი მტრობა ინება:
დღე ფიქრით მღლის და იმ წუხილით ღამეა სავსე,
ჩემი ცხოვრება უშენოდ რომ მიედინება.

მე შენზე ფიქრში მტანჯველ დღეებს ვეპირფერები,
როცა ღრუბლებში შენი სახე მომეჩვენება,
ღამესაც ბევრჯერ დავულოცე შავი ფერები,
რომ ვარსკვლავებში დამანახოს შენი მშვენება…

მაგრამ დღე მაინც ყოველდღიურ სატანჯველს ბადებს
და ღამეც მიქსოვს ღამეული ფიქრების ბადეს..

სონეტი XXVII


დაღლილ-დაქანცულს საწოლთან რომ მიმიყვანს კვალი,
ამ ტიალ ქვეყნად უგზოოდ რომ აღარ ვტიალობ,
მოგზაურობას იწყებს მაშინ გონების თვალი
და ფეხის ნაცვლად გზაზე ფიქრით დავხეტიალობ.

და მაშინ ყველგან შენ დაგეძებ, ყველგან დავდივარ
როგორც დაღლილი მომლოცველი გზით და დროებით,
ფიქრით შენთან ვარ, სხეულით კი სადღაც ვაგდივარ
და ვებრძვი ღამეს გათანგული ქუთუთოებით.

და მაშინ სულიც აშტერდება სიბნელის წიაღს,
შენი აჩრდილით წამიერად ორად გაკვეთილს…
შენ სამკაულად ევლინები შემზარავ წყვდიადს,
განათებული შუაღამით სასოწარკვეთილს.

დღისით გზას დავდევ, ღამით ფიქრის დევნას ვუნდები
და შენს ძებნაში მოსვენებას ვერ ვუბრუნდები..

სონეტი XXVI


შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა,
შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო,
და ამ წერილშიც შენს გულისთქმას, სიბრძნით კი არა,
მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.

მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი,
მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს
შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი,
რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.

ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო და
ეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები,
ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა,
ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები…

სონეტი XXV


დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე,
ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!…
მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე
და სიყვარულის იმედადღა დავიარები.

ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას,
მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი,
მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას
და ამაღლებულს დაბლა დასცემს… მიწყივ ცბიერი!

თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული,
ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი,
განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული,
ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა `სარდალი~?!

ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება –
მიყვარს!… ვუყვარვარ!… და ეს არის ბედნიერება!.

სონეტი XXIV


რადგან ჩემს თვალებს შენს სახესთან უყვართ თამაში,
რადგან მისდევენ გულზე შენი ხატვის ხელობას,
მკერდის ჩარჩოში შენს მშვენებას ვსვამ და ამაში
ვაქსოვ მხატვრობის უნარსა და შორსმხედველობას.

რადგან ხელოვანს თავად მისი ქმნილება ამხელს,
მინდა შენც ნახო, მინდა მითხრა ნახატს ჰქვია რა…
და სახელოსნოს, სადაც ვხედავ მხოლოდ შენს სახეს,
შენი თვალებით გავანათებ, სარკმლით კი არა.

და მაშინ ნახავ, რომ სიკეთეს ვპოვებთ თვალებით:
რომ ჩემი მზერა შენ დაგხატავს, შენი მზერა კი
ჩემს სიცოცხლეში შემოსვლით და შემობრძანებით
დამაიმედებს, რომ ნათდება გულის სენაკი.

თვალი თვალს ხედავს და სიკეთით ხარობს ეგება,
შენს გულს კი ამის არაფერი არ გაეგება..