რობიზონ კრუზო(გარჩევა)


ინგლისში XVIII საუკუნე ხასიათდება ბურჟუაზიის გაძლიერებითა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებით,რამაც საუკუნის მეორე ნახევარში გამოიწვია სამრეწველო გადატრიალება.საგარეო ვაჭრობის აყვავებამ და ახალი ქვეყნების დაპყრობამ საფუძველი ჩაუყარა ბრიტანეთის კოლონიურ ძლიერებას.ამასთან XVIII ს-ში თავს იჩენს პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარი შესუსტება. პარლამენტში  წამყვან  პარტიებს  წარმოადგენენ  ტორები-მსხვილი მიწათმფლობელობის წარმომადგენლები და ვიგები-მსხვილი ბურჟუაზიის ინტერსების გამომხატველნი;ხალხის ფართო მასების ინტერესებს არც ერთი მათგანი არ გამოსახავდა.

ამას კი წინ უსწრებდა შემდეგი მოვლენები, კერძოდ  ოლივერ კრომველმა 1649 წელს სიკვდილით დასაჯა მეფე ჩარლზ I და დაამხო მონარქია. ის იყო ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი,ოპოზიციის ლიდერი,რომელიც დიქტატორულად ახორციელებდა ძალაუფლებას.1688 წელს კი მოხდა ინგლისის უსისხლო რევოლუცია,როცა დაემხო სტიუარტების დინასტია. ამ გადატრიალებამ საფუძველი ჩაუყარა ინგლისში დემოკრატიის დამკვიდრებასა და მის შემდგომ გაფართოებას.

XVII ს-ში ინგლისში შეიქმნა რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება დეიზმის სახელწოდებით,რომელიც საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში სახელმწიფო რელიგიის სტატუსსაც იღებს(ე.წ. გონების რელიგია). დეისტები იყვნენ ვოლტერი ,დიდრო და სხვა განმანთლებლები.დეიზმის მიხედვით,არსებობს დეუს,სრულყოფილი არსება,რომელმაც შექმნა ეს სამყარო ადამიანითურთ,დგას მის გარეშე და სრულიად შეუცნობელია ადამიანისათვის. მის მიერ შექმნილი სამყარო ემსგავსება სრულყოფილ საათის მექანიზმს, რომელიც მინდობილია თავის თავს და მუშაობს მისი შემქმნელის მხრიდან ჩაურევლად. დეიზმი,მარქსის გამოთქმით არის „ მხოლოდ რელიგიიდან თავის დაღწევის მოხერხებული და იოლი საშუალება.“დეიზმი განმანათლებლობის მნიშვნელოვანი მოვლენაა,მაგრამ იგი მასებმა არ აღიარეს,რადგან ინგლისში ძლიერი იყო პურიტანულ-რელიგიური განწყობილებები.

განმანათლებლობის ეპოქის ლიტერატურა განიცდის თავისი დროის იდეოლოგიური  ბრძოლის გავლენას.მის განვითარებაში ძირითადად აღსანიშნავია ორი მიმართულება: ბურჭუაზიულ-პურიტანული და რადიკალურ-კრიტიკული. ამათგან პირველი მიმართულების წარმომადგენლები არიან დეფო, სტილი, რიჩარდსონი და სხვა.ისინი ყურადღებას  არ ამახვილებდნენ საზოგადოების პოლიტიკურ მანკიერებებზე და ამოცანად ისახავდნენ მხოლოდ ადამიანთა გარდაქმნას მორალურ-რელიგიური გზებით.

ამ მიმართულებას დაუპირისპირდა რადიკალური კრიტიკული მიმართულება, რომლის წარმომადგენლები იყვნენ სვიფტი, ფილდინგი, სმოლეტი  და სხვა. ისინი გამოდიოდნენ არსებული წყაროების ჩარჩოებიდან,მაგრამ მიზნად ისახავდა თანამედროვეობის სოციალურ-პოლიტიკურ ნაკლოვანებათა მხილებას და როგორც ძველი გადმონაშთების, ისე მზარდი ბურჟუაზიული წყობის წინააღმდეგობათა ახალი ფორმების კრიტიკას. ინგლისის განმანათლებელთათვის ზოგიერთი დამახასიათებელი შეზღუდულობის მიუხედავდა,ისინი გულწრფელად ილვტოდნენ შეეწირათ თავისი ცოდნა და ძალა კაცობრიობის ბედნიერებისათვის.  XVIII ს-ის უდიდესი მწერლები გამოირჩეოდნენ თავიანთი  ინტერესების სიფართოვით.ისინი იყვნენ არა მარტო ლიტერეტორები,არამედ პოლიტიკური მოღვაწეებიც და ლიტერატურას განიხილავდნენ, როგორც იარაღს საზოგადოების პრაქტიკული გარდაქმნისათვის. იგივეს ფიქრობდა ილია ჭავჭავაძეც.ის ამბობდა,რომ პოეტი უნდა იყოს ერის წინამძღოლი და მფარველი:

„ მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის

მიწიერი ზეციერსა,

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წარვუძღვე წინა ერსა.“

ილიას აზრით პოეტი და საერთოდ  მწერალი ღმერთისგან არის მოვლენილი რათა ერს წარუძღვეს წინ,გაჭირვებასა და სიხარულში საკუთარ ხალხს გვერდში ამოუდგეს და ამავე დროს დაანახოს ის მანკიერებანი,რაც მათ აუშნოებთ.

აღსანიშნავია,მთლიანად ცისფერყანწელთა მსგავსი დამოკიდებულებაც ლიტერატურასა და მწერლის დანიშნულებასთან დაკავშირებით. ისინიც თვლიდნენ,რომ მწერალი საზოგადოების სარკეა და ამით ისინი ადამიანებს ახედებდნენ თავიანთ სულში და ყურადღებას ამახვილებდნენ საკუთარ მანკიერებებზე.

ინგლისის XVIII ს-ის ლიტერატურის განვითარებაში შესამჩნევია რამდენიმე ეტაპი: ადრინდელი და მოწიფული განმანათლებლობა. ადრინდელი განმანათლებლლობა მოიცავს პერიოდს 1688 წლის „ სახელოვანი რევოლუციიდან “ – XVIII ს-ის 30-იან წლებამდე. ეს არის ახალი მიმართულება ფილოსოფიურ და ესთეტიკურ საფუძველთა ჩამოყალიბების დრო, როცა ჯერ კიდევ გაბატონებული იყო კლასიციზმის ტრადიციები. ამ პერიოდის პოეზია და დრამატურგია სავსებით გამომდინარეობენ კლასიციზმის პრინციპებიდან, მათი ავტორები საკუთარი შემოქმედების ნიმუშად მიიჩნევენ ანტიკურ ავტორებს, განსაკუთრებით ჰორაციუსს და იყენებნ ფრანგი კლასიცისტების ესთეტიკურ მიღწევებს.

დანიელ დეფო ემხრობოდა ზომიერ მიმართულებას,გამოდიოდა ბურჟუაზიული განვითარების ოპტიმისტური შეფასებიდან,ადიდებდა სავაჭრო ინიციატივისა და კომერციის გაფართოებას. ლონდონელი ვაჭრის შვილი დეფო თვით ეწეოდა კომერციულ საქმიანობას და მრავალჯერ განიცადა ბედის უკუღმართობა. მან თავისი ძალები მოსინჯა მოღვაწეობის მრავალ სფეროში – კომერციაში, ჟურნალისტიკაში დაბოლოს, ხანში შესულმა, ხელი მოჰკიდა მხატვრულ შემოქმედებას.

დეფოს მოღვაწეობის პირველი პერიოდი დაკავშირებულია პუბლიცისტიკასთან. იგი წერს მრავალ პოლიტიკურ პამფლესტს, თხზულებებს სოციალურ-ეკონომიკურ თემებზე, მაგალითად: „ ვაჭრობის საყოველთაო ისტორია “ , „ სრული ისტორიული ნეგოციანტი “ და ა.შ.

ლიტერატურის ისტორიაში დეფოს სახელი უკავშირდება რეალისტური რომანის ჟანრს, რომლის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც ითვლება იგი. მისი რომანების უმრავლესობა სათავგადასავლო ხასიათისაა; მათში გამოყვანილია საზოგადოების ნაძირალები, რომლებიც ყოველგვარი საშუალებებით  აწარმოებენ ბრძოლას გამდიდრების მიზნით. მაგრამ მწერლის შემოქმედების მიღწევად უნდა ჩაითვალოს მისი პირველი წიგნი „ ცხოვრება და საოცარი,საკვირველი  თავგადასავლები რობიზონ კრუზოსი “, რომელიც პირველად 1719 წელს გამოიცა.

      ასევე „ რობიზონ კრუზოში “ დეფომ გამოხატა უბრალო ადამიანის ბუნებრივი თვისებები,რომლებიც თავს იჩენენ ბუნებასთან ბრძოლაში, ყოველდღიურ შრომაში, ტანჯვასა და სიხარულში. შრომის ძალა და ბუნების დამორჩილების პათოსი, რომლებითაც გამსჭვალულია წიგნი, წარმოადგენს ნაწარმოების მნიშვნელოვან ელემენტებს და ადასტურებს მის ხალხურობას. ეს თვისებები დაკავშირებულია რომანის პირველ ნაწილთან, რომელიც ეხება ცივილიზებულ საზოგადოებიდან მოწყვეტილი გმირის დასახლებას უდაბურ კუნძულზე.რაც შეეხება ორ მომდევნო ნაწილს,ისინი გაცილებით ნაკლებ ინტერესს იწვევენ,წიგნის მეორე ნაწილში აღწერილია გმირის მოგზაურობა ინდოეთში,ჩინეთში,ციმბირში,ხოლო მესამე ნაწილში მოცემულია მისი ფიქრები ცხოვრებაზე.ამ ნაწარმოებმა გამოიწვია მრავალი მიბაძვა, რომელთაგან ვერც ერთი ვერ შეედრება ორიგინალს.ნაწარმოებს მაღალი შეფასება მისცა ჟან-ჟაკ რუსომ თავის პედაგოგიურ რომანში. მან „ რობიზონ კრუზო “ გამოაცხადა საუკეთესო წიგნად მოზარდი მკითხველთათვის.ალბათ ყველა დამეთანხმებით იმაში,რომ გაძლიერებულ სახელმწიფოს გონიერი და პრაქტიკულად მოაზროვნე ადამიანი სჭირდება.სწორედ რობიზონ კრუზოა მოდელი ასეთი ადამიანისა.

ავტორმა რომანის სიუჟეტად გამოიყენა ნამდვილი ამბავი-ისტორია  მეზღვაურ ალექსანდრე სელკირკისა, რომელმაც ოთხი წელი გაატარა უდაბურ კუნძულზე.როგორც დეფოს ყველა წიგნი,ეს რომანიც პირველ პირშია დაწერილი,ავტორი ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი,რომ ამ ნაწარმოებში მოცემულია ცხოვრებისეული სიმართლე და არა გამოგონილი ამბავი.ამას იგი  აღწევს დეტალებისა და ყოველდღიური ცხოვრების მოვლენათა ზუსტი აღწერით.თავისი რომანის გმირად დეფომ გამოიყენა ჩვეულებრივი საშუალო ადამიანი,ბურჟუაზიული კლასის ტიპიური წარმომადგენელი და მისი ცხოვრება გახდა სერიოზული შესწავლის საგნად.შინაარსის შესაბამისად რომანის ენა ნათელია და სადა,თხრობის სტილი ზუსტია და საქმიანი.დეფოს მიზანს შედაგენდა მისი წიგნი ყოფილიყო გასაგები და მისაწვდომი ფართო მკითხველთა საზოგადოებისათვის.ამიტომ ნამდვილ ენად და გადმოცემის საუკეთესო  ფორმად მას მიაჩნია ყველასთვის გასაგები ენა და სტილი.

აღსანიშნავია ისიც,რომ ამ ნაწარმოებზე არაერთი ფილმია გადაღებული.თითოეული რეჟისორი თავისებური თვალთახედვით გადმოცემს მისთვის ყველაზე ნიშანდობლივ თვისებას გრძნობას თუ მოქმედებას.ამით შეიძლება ავხსნათ ნაწარმოებზე გადაღებულ ფილმთა სიმრავლე.მიუხედავად იმისა,რომ ფილმებიც არანაკლებ საინტერესოა მნახველთათვის წიგნს ნამდვილად ვერ შეედრება.ავტორს ყოველი სიტყვა და წინადადება გამიზნულად აქვს გამოყენებული.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ რობიზონ კრუზო  XVIII ს-ის ინგლისელი ადამიანის მოდელად მივიჩნიეთ.ეს იდეალი ინგლისელი კი გამოირჩეოდა შემდეგი თვისებებით: ის იყო დამოუკიდებელი, შეუპოვარი, უდრეკელი, მტკიცე, ურყევი, გამძლე, გონიერი, რაციონალური და უნარიანი.ავტორი არ აიდიალებს თავის გმირს.რობიზონი პრაქტიკოსია,შრომისმოყვარე,ანგარიშიანი.მას შეუძლია სარგებლობა ნახოს ვაჭრობაში,გულმოდგინედ იშრომოს თავის პლანტაციაში.მისთვის მთლიანად მისაღებია არსებული სასიცოცხლო ურთიერთობანი;იგი მოხარულია ვაჭრობით გამდიდრდეს გვინეაში „ სადაც შეიძლებოდა უბრალო რამეების – დანების, სათამაშოების, ჟღარუნების, მაკრატლების და მსგავსი ხარახურის გადაცვლა, არა მარტო ოქროსა და სპილოს ძვალში, არამედ ზანგებშიაც, რომლებიც დიდი რაოდენობით იყვნენ საჭირო ბრაზილიაში სამუშაოდ.“

ცივილიზაციაში ყოფნის დროს რობიზონისათვის ფული ისევე როგორც სხვა ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესს წარმოადგენდა თუმცა სრულიად საპირისპირო მდგომარეობაში მყოფი კრუზო სულ სხვა რამეს ამბობს , რომ ფული ბლომად ჰქონდა თუმცა მისთვის გამოსადეგარი არ იყო.ეს ნაწარმოები ერთგვარი დაპირისპირებაცაა ცივილიზებული და არაცივილური ცხოვრებისა.კრუზო საუბრობს უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე თითოეული მათგანისა.

პრაქტიციზმი,საკუთრების გრძნობა,ანგარიშიანობა და ერთგულება პურიტანულ-რელიგიური მორალისადმი დამახასიათებელი ნიშნებია ამ ბურჟუაზიული სამყაროს ადამიანისათვის. მან იცის ფულის ფასი;ის აგებინებს მკითხველს,თუ რამდენად გამოსადეგი იყო მის მიერ შეძენილი ან გაყიდული საქონელი,როცა მას დაღუპული გემიდან გადმოაქვს მისთვის საჭირო და გამოსადეგი ნივთები. რობიზონს არ ავიწყდება თან წაიღოს ოქროთი სავსე ტომარა,თუმცა იცის,რომ უდაბურ კუნძულზე ოქრო მას სარგებლობას არ მოუტანს.როგორც ჭეშმარიტი მესაკუთრე – ისე უყურებს კრუზო კუნძულს,სადაც ბედმა მიიყვანა იგი:მიუხედავად მისი მდგომარეობის ტრაგიზმისა, მაინც გახარებულია იმ შეგნებით,რომ ყველაფერი,რაც მის გარშემოა მიაჩნია საკუთრებად. დამახასიათებელია ის,რომ ბუნება სხვა ასპექტში მასზე არავითარ შთაბეჭდილებას არ ახდენს.ანგარიშიანი და საქმიანი რობიზონი მიდის იქამდე,რომ თავის დღიურებს საბუღალტრო წიგნივით აწარმოებს-იწერს ცალკე გრაფებში თავისი ცხოვრების ბედნიერსა თუ უბდეურ შემთხვევებს.მიუხედავად ამ ყველაფრისა მას ახსენდება მამა რომელიც დარჩენას თხოვდა,თუმცა მას ზღვა ეძახდა და უძღებმა შვილმა მშობლების რჩევადარიგებას ყური არ ათხოვა. ამ დროს უპირველეს ყოვლისა მახსენდება დომენიკო,რომელსაც სურდა მაღალსოფელი დაეტოვებინა.კრუზო ამ მისწრაფებას შემდეგნაირად ხსნის.კერძოდ კი ის ამბობს, რომ „  რა უსუსური და მერყევია ადამიანის ბუნება,განსაკუთრებით ახალგაზრდობაში,როცა იგი უარყოფს და გმობს გონივრულ მოსაზრებას,რასაც,პირიქით,უნდა გაჰყვეს ხოლმე.ცოდვისა არა რცხვენიათ,მონანიებისას კი დაირცხვენენ,არ დაირცხვენენ ისეთი საქციელისათვის,რომლის გამო სულელებად უნდა ჩაითვალონ,ხოლო რცხვენიათ კვლავ სწორ გზაზე დადგომისა,რისთვისაც ისინი ბრძნად უნდა იქნენ მიჩნეულნი.“

როგორც ვთქვით კრუზოს ძალიან ხიბლავს ზღვაში მოგზაურობა,რაც ხშირად დაბრკოლების მომტანია მისთვის.ყოველ ახალ გასაჭირში ის ხვდება,რომ ადამიანი უფლის უმადური და უკმაყოფილო არ უნდა იყოს. კაცმა თავისი რეალური მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესს უნდა შეადაროს და მიხვდება, რომ ღმერთი მოწყალეა.

ასევე ერთ-ერთი დადებითი თვისება,რომელიც მთავარ მოქმედი გმირისთვისაა დამახასიათებელი არის შემწყნარებლობა და სხვისთვის თავისუფლების მინიჭება.აქვე უნდა აღინიშნოს მისი მეგობრული ურთიერთობა პარასკევასთან.მან კანიბალს პურიტანული წესები შეასწავლა და ცივილიზებულ ადამიანად აქცია.

დატოვე კომენტარი