კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში…

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო – მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? – არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება…

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე – საზრდოდ, ნანა – მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, – ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? – იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, – სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ…

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

მკვდართან შეხვედრა


საღამო ჟამს ქალაქიდან გავედი.
ამოვისუნთქო. შევისვენო. გადავჩრდილო ამ საშინელ სიცხეებში.
გარე უბნის პარკებს გავსცილდი. იწყება მუხნარი, მაღლობი. ვატყობ ფერდობზე მივდივარ, მაგრამ ფეხს ვუჩქარი. მივდივარ ნახევრად ბნელში სულ წინ. სულ ზევით. არც ანგარიშს ვაძლევ ჩემ თავს, საითკენ, სად?
საკვირველია სწორედ, როცა არავინ გვიჩქარის, როცა არავითარი საქმე არა გვაქვს, არც არავითარი განსაკუთრებული მიზანი, მაშინ მაინც სად მივიჩქარით? სად მოგვესწრაფის სული? როცა ჩვენ გვგონია ვისვენებთ. როცა ჩვენ გვგონია თავისუფლად ვსუნთქავთ და ბოლთას ვცემთ. მაშინაც ვიღაც კოფოზე გვაზის და სადღაც მიგვაჩქარებს.
დაბნელდა თითქმის: გაშავდნენ ხის სილუეტები, გაირუჯა ტოტების მწვანე.
მივდივარ გორაკის ფერდობზე, რომლის გადაღმა ცეცხლივით მოლაპლაპე ცისკიდური მოსჩანს. ქარხნის საყვირების ტყეების გადაღმა მეტი სინათლეა. იქ კუნძზე ჩამოვჯდები და დავისვენებ. ვფიქრობ… ტყეში სიჩუმეა. მხოლოდ ორიოდე ღობემძვრალა უძახის ერთიმეორეს.
ჩამი-ჩუმი არ ისმის. აქა-იქ თეთრად ელავს ქალის ტანისამოსი, მერე მოისმის ფეხის ხმა. გამხმარი შტოების მტვრევა და ტკრციალი. თეთრ სილუეტს ვიღაც თალხიანი მისდევს. ორივენი ისევ იკარგებიან ტყის სიღრმეში. ისევ მყუდროება და ორი ღობემძვრალა უძახის ბნელში ერთიმეორეს.
კიდევ გაიელვა რაღაცამ, კიდევ ერთი თეთრი და ერთიც თალხი სილუეტი, ეს ქალაქიდან ტყეში შემოხიზნული შეყვარებული წყვილებია. ზღაპრულ ადამსა და ევასავით ჩრდილში რომ იფარავენ თავს სირცხვილისაგან… შრიალი, შუშუნი, ტკრციალი, უჰუ, უჰუ, უჰუ, უძახიან, ეძებენ ერთიმეორეს… გუგულია თუ ადამიანი?.. (ადამიანი ადამიანს ეძებს ტყეში). მე კი არავის ვეძებ, არავინ მეძებს. წიპ-წიპ, წიპ-წიპ… იძახის ბნელში ღობემძვრალა. მე მარტო ვარ ჩემ ფიქრებში, მე მარტო ვარ ჩემს ბნელ გზაზე.
ვუახლოვდები კორტოხს. ხის ქვეშ რაღაც შავი მოსჩანს. პატარა ხის ძირას. ვუჩქარი ნაბიჯს, ვიღაც სდგას ხის ქვეშ, ვიღაც სდგას ხის ქვეშ და არ ინძრევა. პირი ჩემსკენ უნდა ჰქონდეს შექცეული, კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, ასე მგონია ეს კაცი გორაკის კორტოხზე მდგომარე, დგას იქ ბნელში და მე მიცდის.
რად მიცდის ეს კაცი, რა უნდა, ვინაა? გებ ნაცნობი ვგონივარ, უნდა მომიცადოს და თავისი გულის ჭირი გამანდოს ღამე. ბნელს ტყეში. ეგებ მავნე და მტერია, ტყეში რომ მიდარაჯებს. სულ რამოდენიმე ნაბიჯი დამრჩა, ახლა კი ვხედავ, რომ კაცია.კაცი სდგას თავჩაქინდრული.
ისეთი გრძნობა მაქვს: ის კაცი ფეხის ცერებზე სდგას და ძირს, თავის ფეხთან რაღაცას აკვირდება… ორივე ხელი ჩამოშვებულია.
კაცი სდგას ბნელში თავჩაქინდრული და თავის ფეხებს უყურებს. ან რაღაც დაჰკარგვია, რაღაც დაჰკარგვია…
კაცი სდგას ბნელაში და ბალახებში ეძებს რაღაცას.
მივედი სულ ახლოს. წინ შევეჩეხე… ის არ ინძრევა, ახლა ცხადად ვხედავ, რომ ეს კაცი თოკით ჰკიდია ხის ტოტზე, მისი ფეხები ძლივს ეკარება ძირს, დაფენილ მაღალ ბალახის ქოჩორს… თავი თავთან მივუტანე, ერთი ნაბიჯიც უკან… ხელი მოვავლე სახელოზე, რაღაც უცნაურმა შიშმა ამიტანა. ხელი ვუშვი მის უსახსროდ დაკიდებულ ხელს, ხელი გაჰქანდა და გამოჰქანდა, როგორც საათის პენდელი.
დავაცქერდი და ავხედე მის მზეგადასულ სახეს. თვალები ოდნავ ღია დარჩენია. სიკვდილი ტრიუმფით შესულა თვალების ჭიშკარში და სინათლე გაუნადგურებია. სიკვდილის უშველებელი ფრთა აწევს ამ კაცს სახეზე…
ბავშვობისას მინახავს ჩვენი სოფლის სასალახოს მოედანზე ცხოველის სისხლის ნაწვეთს რომ დაბღაოდა გზადგავლილი პირუტყვი. მეც ამ პირუტყვსავით მინდა ვიყვირო, ვიყვირო, და მთელს ქვეყანას შევატყობინო, რომ აქ ტყეში, ბნელში კაცი ჰკიდია ხეზე და არავინ იცის ეს.
ეგებ ამ კაცს მოხუცი დედა ჰყავს, სახლში. ზის მოხუცი, თავის ხელსაქნარს აკეთებს და არც კი იცის, რომ მისი შვილი აგერ ჩემს თვალწინ ჰკიდია ხეზე… ეგებ, ეგებ…
რათ ჰქენი, ეს, შე უბედურო, რათ ჰქენი, რათ ჰქენი, შე საცოდავო!?
ბნელდება. ხომ უნდა წავიდე აქედან. ხომ უნდა გამოვიდე ამ საშინელ სიზმარიდან!.. კაცი ტყეში ჰკიდია და მე ვდგავარ და ვუყურებ. ტყეში სულ დაბნელდა, ყველანი ქალაქში წასულან და ჩემში შიში მატულობს, როცა გავიფიქრებ: ყველანი წასულან აქედან და მე და ეს კაცი, მე და მკვდარი მარტო ვართ ტყეში…
ვაცქერდები მის სახეს, ბნელ ფონზე ვკითხულობ: ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!
ამ ქვეყანაზე არაფრის მეშინია, მეშინია მხოლოდ მკვდრისა, მიტომაც მუდამ მძაგდა სასაფლაო ღამით. და ეს ტყეც ჩემთვის სასაფლაოა, სასაფლაოა, სადაც ერთი უპატრონო მკვდარი ჰკიდია ხეზე.
გავიქეცი, გავიქეცი მე მშიშარა. ისე როგორც ბავშვობისას ეკლესიიდან გავქცეულვარ ხოლმე. უკვე ქალაქში ვარ, უკვე სინათლეში ვარ.
ჩემი ოთახის კედლებს შევაფარე თავი. ვიდრემდის თავს შემოვრგავდი კარებში, ასე მეგონა მომსდევდა ვიღაც და მეძახდა: “ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!”
საათმა 12-ჯერ დაჰკრა… ქუჩიდან ავტოს ღმუილი ისმის. ვტრიალებ, ვტრიალებ ლოგინში. თვალს ვხუჭავ. ხან გვერდს ვიცვლი, ხან ბალიშს, _ მახლობელ კათოლიკურ ეკლესიაში რეკავენ. ვიხრჩობი სირცხვილისაგან. თვალს ვახელ და სინათლისაგან დაცლილი ორი თვალი შემომცქერის საყვედურით… სასთუმალი, საბანი, საგები ყველაფერი ცხელია… ჩამოვდივარ ლოგინიდან და ცივ იატაკზე გართხმული ვისვენებ… როგორ მიამა იატაკის სიგრილე! ასე უნდოდა ამ კაცსაც. ძირს ჩამომეღო და მომესვენებინა.
ფუი, შენს კაცობას. შე მშიშარა, შე მშიშარა!..
ვწევარ პირაღმა იატაკზე და ვფიქრობ: ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღე და ღამ და გამვლელ-გამომვლელს, ვეღრიჯებით: “ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!..”

გული


მოკვდა.

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

– ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

– შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.

– ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებუ; ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

– მე დავაჭკნე!

– მე დავწვი! – გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

ამაყი


(მონღოლთა ბატონობის დროიდან)

I

– დედილო!

– ა, შვილო?

– არ ღირს, დედილო, ასე ცხოვრება: ან მოკვდეს კაცი და ან ცოცხალი იყოს!..

– რათა, შვილო, რა მოგივიდა?

– მომწყინდა, დედილო, მომწყინდა! მტერს არ ეშინია და მოყვარე არაფრად მაგდებს. ფუი, ასეთ ცხოვრებას!

– რატომ, შვილო? როგორც სხვა ცხოვრობს, ისე ჩვენც ვაჯახირებთ წუთისოფელს!..

– სხვა, სხვა! სხვა რა ჩემი მაგალითია! კაცს მზესავით უნდა გიყურებდეს ყველა: ხან სასურველი უნდა იყო, – აი, იქნებ გამათბოსო; ხან კი საწყევარი, – ვაი, როდის გადავრჩები ამ კაცსო! – თვარა ძლოკვივით დასრიალობ შენთვის. თუ ვინმე ფეხს წაგკრავს, თვარა ისე, შორს მყოფს არც კი შემოგხედავს.

– მერე რა გინდა?

– ციხეს ავიღებ!..

– გადირიე?

– გადვირიე კი არა, – ავიღებ!..

– მოგკლავენ, შვილო! შენს ელიზბარს ვისღა უტოვებ…

– ჯანი გავარდეს მასაც და მეც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

– რაღა ამ ციხეს ჩააჟინდი?

– მაგან გამოგვწოვა სისხლი. რაც მაგ წუწკები აქ ჩამოეთესლენ და ციხის კარები თავისთვის მიიხურეს, ტკბილი აღარ ყოფილა არც ძილი და არც მუშაობა!

– ასე ვიყავით მუდამ…

– რას ამბობ, დედილო? ჩვენი ბატონი მკაცრი იყო. რომ მოგვშივდებოდა, ერთ კოდს პურს მაინც ვისესხებდით. კათალიკოზი რომ მოვიდოდა, ეკლესიაში ყველა გავიგონებდით ტკბილ სიტყვას… ეჰ, მისი სიტყვები ახლაც გულს ჩამრჩენია; ბატონის მომღერლების ხმა რა სევდით ჩამგუგუნებდა გულში! ლექსები განა მეც არ მესმოდა? ხატავდნენ ბატონის დარბაზს, განა მეც არ ვხედავდი და თვალი არ ძღებოდა? ეჰ, რა ჩამოვთვალო! ახლა კი ბურდღულებენ რაღაც გაუგებარს… იქნებ კარგიცაა – ღმერთმა იცის! რაც სახიერო იყო, სადღაც წაიღეს – ელიზბარს რაღაი ვაჩვენო!..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

– ეჰ, მივდივარ, დედილო. მარტო არ მინდოდა წასვლა – არავინ წამყვა, ამ ჩემს ბოღმას მაინც ამოვიღებ გულიდან! მერე რაც იქნება, იქნება…

* * *
ციხის კარს ვიღაცამ ძალუმად დააკაკუნა.

– ვინ ხარ?

– გააღე!

– ხვალ მოდი!

– ახლა გააღე!

– ვისთან გაქვს საქმე?

– შენთან!

– ვერ გიცნობ!

– გაუღე! ერთია, რას გვიზამს?! – მოისმა მეორე დარაჯის ხმა.

კარის გაღებაზე ახლად შემოსულმა ხმალი შეაბრიალა. ერთი დარაჯთაგანი წაიქცა.

– ეს ერთი! – წაილაპარაკა შემოსულმა.

– ესეც მეორე! – დააყოლა შემოსულმა.

ციხეში ჩოჩქოლი შეიქნა.

– ვიღაც გახელებულა!

– შეკარით!

– ეს მესამე!

– ეს მეოთხე!

– მოკალით! უსათუოდ ბნედანაცემია!

– გახელებულა!

– ეს მეხუთე!

– ერთად მივარდით ოთხივ მხრით და ასწიეთ შუბებზე.

– ესეც მეექვსე… ვაი, მომკლეს!.. ჯანი გამვარდნია. არაფერი წამიგია. მტვრად, არარაობად ვითვლებოდი ქვეყნის თვალში… არაფერი, მტვერი ვიქნები მიწაში. ანაბრე ჩემს საქმეს!..

– ვინაა? – კითხულობდნენ მეციხოვნენი.

– აქაური სოფლელია!

– გადაირია, თუ რა დაემართა?!

– გახელდა – ეტყობა!..

– არც გახელებულა და არც გადარეულა, ჩვენგან განთავისუფლება უნდოდა.

– მერე, ერთი შეგვებრძოლა?..

– კარგია! ხვალ ჩახვალ სოფელში. ას ლიტრა ოქროს მოსთხოვ მამასახლისს: დახოცილთა ჭირისუფალთ უნდა დაურიგოთ. თუ საღამომდე არ მოგცეს, თვით არ შეკრიბოს, შეესიეთ სოფელს. როგორც გსურთ, ისე მოიქეცით! – უფროსს გაეღიმა.

ციხეში ბრძოლა არ გათავებულიყო. სოფელი კი შეიკრიბა. ტოკავდა. სწუხდა.

– საწყალს მოკლავენ!..

– ბედნიერია, გულს მაინც იჯერებს…

– ვაი ჩვენი ბრალი… ჩვენზე იყრიან ჯავრს?!

– მეტიჩარა იყო – და ის არის!

– ვითომ და ასე, – სხვამ კი არ იცის, რომ მონობას თავისუფლება სჯობია!

– წავიდეთ, მივეხმაროთ! – დაიძახა ერთმა ჯმუხმა, მუდამ გაჩუმებულმა ბიჭმა.

– წავიდეთ!

– კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო… გაჩუმდით, ფეხი არ დასძრათ!

– რაღა ეს გვეჭირვებოდა, მაინც დალესილი იყვნენ. ახლა ხომ მიზეზი იშოვეს.

– ჩვენ რა შუაში ვართ?

– რა შუაში ვართ, არ ვიცი, შუაში კი გამოგვჭყლეტენ კოზაკივით, ეს ვიცი.

– ცუდ დღეში ჩავარდით; თავის მოვლა უნდა საქმეს.

– მართალი ხარ, ბერო, შენ გამოცდილი ხარ, გვირჩიე.

II

ოცი წელიწადი გავიდა.

– მამა რომ მოგიკლეს, ხომ იცი?

– ვიცი.

– მისი სახელი რომ უკვდავია, ხომ იცი?

– ვიცი! ვერაფერი გააწყო განსვენებულმა, ტყუილა წააგო თავი.

– სცდები!.. მისი მაგალითია, რომ ახლა ჩვენში ცხოვრობს. იგი გვასულდგმულებს. სურათი ლანდია კაცის, ადამიანს კი გაგონებს.

– მერე რა? სულ მოგონება, მოგონება!

– ჩვენც უნდა მოვიგონოთ.

– ვინ გვყავს დამხმარე?

– ჩვენი ორი სოფლის ახალგაზრდობა. თითო-ოროლა ყოველ კუთხიდან.

– ცოტაა! გაგვწყვეტენ…

– გაგვწყვეტენ – ანდერძად იქნება; ქვეყანას არ დაავიწყდება სიძულვილი. აღარავის ახსოვს მამა-პაპათა გასრესა, დედათა გაუპატიურება, სიმდიდრის წაგლეჯა; ვაჟკაცობა დაიჯარგა. სულით მონანი შევიქენით. აღარავინ ამჩნევს, რომ ციხიდან გამოვიდნენ და ამ სოფლიდან ნელ-ნელა გვასახლებენ ებრაელებივით. სად? ვინ იცის!

– მე არ მჭირდება ბევრი მტკიცება; მაგრამ ყველა შენის აზრით მიდის? იცის, რომ გამარჯვებას ვერ იხილავს, მხოლოდ აზრის მსხვერპლად თავს სწირავს?

– უმრავლესობა კი; ზოგიერთი, – წამხედურობით.

– მოვდივარ.

– ამაში დარწმუნებული ვიყავი… მაგრამ შენს სახლს ცეცხლი უნდა წაუკიდო…

– რისთვის?

– შენი სახლი უფრო ახლოა ციხეზე, ვიდრე სხვისი. ჯარი აქაურობას მოატანს, ვითომ ცეცხლის საქრობად; ნამდვილად კი დასარბევად. მერე იტყვიან, ქვეყანას უბედურებაში ვეწეოდით, დიდი ამაგი მიგვიძღვის მათ წინაშეო. ამიტომ მოვლენ. ნახევარი ყმაწვილკაცობა აქ დაეცემა ჯარს, ნახევარი იქ ციხეში შევარდება, როცა კარს გააღებენ გამოსასვლელად.

– კარგი! მაშ როდის?

– ზეგ.

– მესმის.

– გამარჯობა!

– გაგვიმარჯოს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

სახლი იწვის. ირგვლივ ხალხი ხელჩართული იბრძვის. ერთმანეთს ცეცხლისაკენ ერეკებიან. ხეებიდან ქალები მტერს ადუღებულ წყალს თავს ასხამენ. ჯოჯოხეთის სურათია. უხმო ბრძოლაა კბილის ღრჭენით, თვალებგადმოვარდნილი. უმრავლესობას ეტყობა სიკვდილი შეუღლებია… და ბევრი სურს თან წაიყვანოს მაყრად. ციხის დაკეტა მოასწრეს. ირგვლივ შემოერტყა სოფლელთა ჯარი. გარედან სოფლელები ესვრიან თოფს, ტამბაჩას. ციხიდან გუგუნით მოდის ყუმბარების ხმა. წყდება სოფლელობა, მაგრამ უკან არ იხევს. სიკვდილის ცელი მარდად მუშაობს; სიცოცხლის ფრთებს არავინ ეტანება.

ცეცხლთან გაიმარჯვა ციხის ჯარმა. ისინი მოეხმარნენ ალყაშემორტყმულთ. მტერთა შუა მოემწყვდენ თავისუფლების მაძიებელნი. გაწყდენ სრულიად.

III

გავიდა წელიწადები.

– გვეყო ამდენი მსხვერპლი!..

– მკვდარ სიცოცხეს ცოცხალი სიკვდილი სჯობია!

– რათა ვართ მკვდარი? როგორც სხვები ცხოვრობენ, ისე ჩვენც ვცხოვრობთ.

– რა ცხოვრებაა, როცა ნიჭი სარბიელს ვერ პოულობს, ხელოვნება არ ვითარდება, მეცნიერება არ ჩნდება, ენა იკარგება და ხასიათი ჩვენი ქუცმაცდება. ერის თავისუფლება მშობელია ყოველივე განვითარების, კეთილდღეობის. გალიაში არცერთი ცხოველი არ ცხოვრობს ჩვეულებრივს ხანს, რაც უნდა აჭამო, და ჩვენ კი ნებივრობაზე ვერაფერს ვიტყვით, მგონია.

– კარგი, მაგრამ ვისი იმედი გაქვს?

– მთელი ხალხის…

– გიმტყუნებენ…

– არა! ნამეტანი საგრძნობელი ძარღვები შეუხუთეს ხალხს; ახლა ყველა მიხვდა, ყველა წინ იწევს…

– გაგებული მაქვს.

– მზადება არ შეწყვეტილა უკანასკნელი შეთქმულების დღიდან. პირიქით, იმ დღიდან უფრო მოედო ქვეყანას აზრი განთავისუფლებისა, უფრო გავრცელდა მუშაობა…

– ღმერთმა ქნას, მე კი…

– შენისთანებიც არიან, მაგრამ ცოტანი… შენ არ იქნები ღირსი მომავალი ბედნიერებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გათავდა ომი. დაღალული, დაქანცული, დაჭრილი, გავერანებული ქვეყნის ჭირისუფალნი მაინც მხიარულნი არიან. ცრემლების და ოფლის ქვეშ ბედის მადლიერი, ჯანსაღი, მომღიმარი სახეები მოჩანს. თავისუფლების ცოცხალ ფერს დაუფარავს დანაკლისის ფერმკრთალი ბუნება.

– ძმებო, ნუ დაივიწყებთ, ვინც პირველმა ვერ მოითმინა და მარტოდ შეებრძოლა მტერს!

– განუსვენოს უფალმა! – გრიალებს ხალხი.

ჯურღმულში, სადაც ხიშტებით დაფლეთილი ცხედარი ოდესღაც უპატიურად ჩააგდეს, ისმის:

– განისვენებს სული ჩემი ნეტართა შორის წალკოტსა ყვავილოვანსა!

წინათ ამოწყვეტილსა და გადამწვარ ორ სოფელს შორის აღმართულია ამაყი ქანდაკება, ნიშანი ერის ძლიერებისა და მტერთაგან განთავისუფლებისა.

რეკა


დაუგდეთ როდესმე ყური ლიტანიის რეკას!

ქრისტე! – დაიგრიალებს ერთი ზარი.

აღსდგა! – მიაძახებს მეორე.

ქრისტე აღსდგა! – გუგუნებს მესამე.

ჭეშმარიტად აღსდგა! – უპასუხებს მეოთხე.

კი-კი-კი-კი.

კი-კი-კი-კი, – წრიპინებენ პატარა ზარები.

მე აღვსდგები! – მოისმის შეუწყვეტელ რეკაში წელში გატეხილის, მაგრამ მოიმედე ადამიანის ხმა.

შენ აღსდგები! – უძახის ვიღაცა დაკარგულს იმედს, ნუგეშს, სიყვარულს.

მე აღვსდგები!

შენ აღსდგები!

კი-კი-კი-კი.

რის და ვის სახელს არ გაიგონებთ ამ რეკაში?!

ოცი წელიწადია ყურს ვუგდებ ამ რეკას. ველი, ვუცდი ერთს სახელს, რომ დავიძახო: ჭეშმარიტად! ხმა კი არ ამოვა მაშინ ყელიდან, არამედ ნიშნად სიხარულისა ფეხ-წითელა თეთრი მტრედი მოფრინდება გაპობილ მკერდიდან.

მოთმინებიდან გამოსული მე თვით ვიძახი: „საქართველო აღსდგება!“ ვცდილობ იერიქონის საყვირს გადავაჭარბო.

დიდი და პატარა ზარები გუგუნებენ, გრიალებენ და წიწინებენ:

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად!

კი-კი-კი-კი.

კი-კი-კი-კი!

ქრისტე!


ლმობიერო, სათნოვ, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველო, ცოდვებისა მიმტევებელო, მასწავლებელო მოთმინებისა, მზიდველო მძიმე ტვირთისა, მტერთა მოყვარულო, დასაბამო ჭეშმარიტებისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, – სულის იდუმალი ძალები შენსკენ ისწრაფვის! მტრის კლანჭებში დაეცა სული, დაჩლუნგდა გონება. გალიაში მოყვასის სიყვარული დაგავიწყდდა. უღიმ-ღამო ცხოვრებაში ფერი დაეკარგა მშვენიერებას. გვედრით უფალო, გაგვწმინდე ბასრი ხმლით. გესლიანმა დამცინავმა ენამ დასწვას ღონემიხდილი ჩვენი სხეული. იობის მოთმინების წილ მოგვეც თავგანწირული მტრის სიძულვილი სამსონისა. მრისხანე იყავ ლაჩარ მონისადმი. სიცოცხლით დაგვათრგუნვინე სიკვდილი. ნუ შეგვაწევ ცოდვას. მოგვმადლე ძალა ზე აღდგომისა… საფლავების შინათა სიცოცხლე მოგვანიჭე!

საახალწლოდ


ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ-წლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარასათვის. ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მსხნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშინისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. „ვით მამა ზეცის, იყავ შენცა სრულიო“, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არს აღსვლად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვსს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში… იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლიან ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მანამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდეგ ყოველ-წლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს.

ხოლო არ გვესმის, რა მიზეზით ამასთანავე, თუ არ მეტის, სიხარულით ვეგებებით ხოლმე პირველ დღეს ახალი წლისას. აი ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით რა მოგილოცოთ: წასვლა ძველისა, თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგციცვნია. წასვლა ძველისა თავის-თავად ბევრი არაფერი სასიხარულოა. პირიქით, სანაღვლელი უფროა. ჯერ იმიტომ, რომ კარგი იყო თუ ავი, მაინც შეჩვეული ჭირი იყო და შეჩვეული ჭირი ხომ ზოგჯერ ქართველისათვის შეუჩვეველ ლხინსა სჯობია. მეორე იმიტომ, რომ ძველი წელიწადი წავიდა და სასიცოცხლოდ მოთვლილ დღეთაგან თვითოეულს ჩვენგანს მოაკლდა მთელი სამას სამოცდახუთი დღე და სამას სამოცდა ხუთი დღით ახლო მიუვედით იმ აუცილებელს სადგურს, საცა შესვლაა და გამოსვლა აღარა. ნუთუ ეს მისალოცველია და სასიხარულო… ხუმრობაა, მთელი სამასსამოცდახუთი თორმეტ-საათიანი დღე და მთელი სამასსამოცდახუთი თორმეტი საათიანივე ღამე… წავიდა და დაიღუპა ეს ამოდენა დღე და ღამე, ეს ამოდენა დრო და ჟამი იქ, საცა სიცოცხლე უამისოდაც წუთია. დროთა ბრუნვამ რომ ეს ამოდენა ღალა წაართვა ჩვენს სიცოცხლესა, სამაგიეროდ რა ნუგეში მოგვცა, რა გვათესინა, რა მოგვამკევინა, რა დაგვამუნათა? რომ გვეთქმოდეს – ბევრი არაფერიო, ცოტა მაინც საგულვებელი გვექნებოდა. საქმე ის არის, რომ სულ არაფერი მოუცია, და ეს რა ნუგეშია. მიდიან დღენი, მიდიან წელნი და ჩვენ ისევ ისე პირდაღებულნი ვართ, ისევ ისე ხელცარიელნი, როგორც ვყოფილვართ, და ვიძახით: სად წავიდეთ, ვის შევჩივლოთ, ვის ვუთხრათ, ვინ განგვიღებს დახშულ კარებს ბედისას?

ბედის კარის გაღებას ვინ სჩივის. ეს ის ძეხვია ჩვენთვის, რომელსაც მშიერი კატა ვერ შესწვდა და თავი იმით ინუგეშა, რომ პარასკევიაო. ჩვენთვის ისიც დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ უბედურების კარის დახურვას და შიგნიდან ჩაკეტას მაინც ვღირსებოდით. ეს რომ მაინც ეწყალობებინა ძველს წელიწადს, კიდევ ღმერთს მადლობას ვეტყოდით და არ დავინანებდით ამისთვის იმ ძვირფას საფასურის  გაცემას, რომელსაც დღენი სიცოცხლისანი ჰქვიან, და რომელიც მით უფრო ძნელი გასამეტებელია, რომ ჩვენდა დაუკითხავად მიდის და აღარ ბრუნდება უკან. სხვა ყველა გაცემული ისევ ხელახლად მოიხვეჭება და სიცოცხლის წარსული დღენი-კი აღარა. ვაი ფუჭად განვლილს სამას სამოცდა ხუთს დღეს და ღამეს. ჩვენს სიცოცხლეს ეს ამოდენა ხანი მოაკლდა და ერთის ბეწვის ოდენაც-კი არა შეგვამტნია რა. უნდა ვტიროდეთ და არ გვიხაროდეს კი, რომ ესე უგემურად, ურგებად დღენი ჩვენნი დავლიეთ. აქ სინანულს უფრო მეტი ადგილი აქვს, ვიდრე სიხარულს, გლოვას და სამძიმარს, ვიდრე მხიარულებასა და მილოცვ-მოლოცვას.

სინანულიც კაი საქმეა, კაი საქონელია, თუ მართლა  საგონებელში რაშიმე ჩავგაგდო და ნამუსი და სინდისი თავისის უტყუარის სასწორით ხელში კარზე მოგვაყენა ჩვენდა განსაკითხავად. განკითხვა თავისის თავისა ბევრს მიზეზს დაგვანახვებდა ჩვენის უბედურებისას და ქარისაგან მოტანილს სიხარულს ძველის წასვლისას და ახალის მოსვლისას ქარსავე გაატანდა, მაგრამ სად არის. სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად „დრონი მეფობენო“, მაშინ, დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს.

რაღა საკვირველია, რომ ჩვენ, ძველის წელიწადისაგან გულგატეხილნი და ასე უნუგეშოდ დარჩენილნი, ახალ წელიწადს რაღაც იმედით ვებღაუჭებით, რაღაც სიხარულით შევნატრით. მეტი რა გზაა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ჩვენც ასე მოგვდის. ხოლო საკითხი ეს არის: ეს კარზე მოსული ახალი წელიწადი ჯერ ხომ გაუჭრელი ნესვია და რა საბუთია, რომ შევხარით. ქრისტეს აქეთ სრული ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი წელიწადი გასთენებია ადამიანს საერთოდ და ჩვენ, ქართველებს ცალკე და ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტჯერ სიხარულით და მილოცვით მივგეგებივართ და ამდენჯერვე მოვტყუებულვართ, იმედი და სიხარული გაგვცრუებია და ათას რვაას ოთხმოცდამეცხრამეტე წელიწადისაგან რაღას უნდა მოველოდეთ, ჩვენ, ქართველები მაინც.

მართალია, დღევანდელის დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალე შვილია დღევანდელის დღისა და დღევანდელი დღე შვილია გუშინდელისა. რაკი ასეა, მაშ დედა ვუნახოთ, მამა ვუნახოთ და შვილი ისე გამოვნახოთ, ქართულის ანდაზისამებრ, და მაშინ დავინახავთ, – რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი, რომლის მზე და მთვარე, ნათელი და ბნელი პირველ შეხედვით თვალით არა სჩანს, აბა ერთი გვიბრძანეთ, – რა მოვუხანით, რა მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს.

„ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო“, ნათქვამია, და უხეირო, უსაქმურ წელიწადისაგან ნაშობი რა ხეირს მოგვიტანს. განა ამისთანა წელიწადი ერთი და ორია!.. ეს რამდენი დრო და ჟამია, რაც ჩვენ ვიძახით: „წახდნენ ყოველნი ჩვენთვისა, რაიც გვქონდა ქონებანიო“. ვინ არის ამის მიზეზი? არავინ, ჩვენს მეტი, და ამის მაგიერ, რომ ყოველმა ახალმა წელიწადმა ჩვენს თავზე მიგვახედოს, დაგვიჟინია „შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო“ და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. ის-კი აღარ გვახსოვს, რომ ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია და უხეიროს, უქმს, უსაქმურს პირს არიდებს. დღენი დღესა სცვლიან, წელიწადნი წელიწადს და ჩვენი თავი კი ისევ ისე წყალს მიაქვს, ანდაზისა არ იყოს, – ურია წყალს მიჰქონდა და გზაც ის იყოვო. გაურჯელს კაცს წყალი წაიღებს. მაშ რა მოუვა. ამას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა.

„ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო“, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმაღაა სიკვდილამდე. და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ ესეა, აბა ეხლა თარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა. ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რა გზაა?

სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი“ – აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.