შემოდგომა „უმანკო ჩასახვის“ მამათა სავანეში


ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.
დარჩება აუზთან სანდალი
და ძველი ფოთლები ყვითელი…
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში – შეშლილი სკვითელი.
ვეწვევი განდეგილ მამათა
„უმანკო ჩასახვის“ სავანეს.
იქ შავი თოვლივით დამათოვს
ჭვარტლი და ბურუსი თავანის.
სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!
დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები…
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები…
თებერვალს უხმობენ, თებერვალს,
სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!
და ვიცი ღელვაა საგანი,
როდესაც ღამეა უკუნი
და ჩემი მდუმარე საკანი
და ცეცხლის მფარველი გუგუნი.
ერთგავარ მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:
გზაელებს – მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს – სასახლის მდივანი.

ღელავდნენ…


არდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი,
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.

ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით,
ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები,
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები.

 

სატანა, დირიჟორი მსოფლიო ორკესტრისა


მიწიდან თითქოს ალი ავარდა
და კაელიოც ზეცას ეხება,
უცებ სატანამ გაინავარდა
და შორი მეხი მეხს ეტეხება.

მიაქვთ ორკესტრი ძლიერად ორკეცს
ორატორიებს… მთაზე ატანა…
გრიალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

უნდობელია მისი გენია,
არც შებრალება, არც შეცოდება,
ჯერ დედამიწას არ მოსმენია
მსოფლიოს ბაგეთ ასე გოდება.

ყოველ გულს ნამავს შხამიან ნესტრით,
სულს ხორციელის ეხება დანა,
გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

პირველი, მძაფრი და შხამიანი,
სუსტი, შეუცნობ დედას და მამას
გოდებს წამებით ადამიანი,
ორკესტრი მარად იგლოვებს ამას.

 

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში


დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
ღამენათები და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალები
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!

სულ მალე


არის მორგანი, როკფელერი, არის სტინესი,
არის სტერლინგი, უმძლავრესი და ურკინესი,
გემებს იზიდავს ინდოეთის ავლა-დიდება,
ლონდონის ბირჟა, ამერიკა, გაბედითება.
როგორ გამძაფრდა ეს ორგია უზარმაზარი.
იქ კი ღიმილის და ზრდილობის მთელი ბაზარი;
დიპლომატები და ელჩები, ცხარე დენდები,
სიტყვიერ ომში ინგრევიან პარლამენტები,
მაგრამ სულ მალე, აღიგვება ეს სისაძაგლე,
კამარილიას დანდობილი მეფეთ სასახლე.

თქვენ გენატრებათ


თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.

უკანასკნელი მატარებელი


ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატერებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.

ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, –
რა საჭიროა ახლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.

აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, –
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის,
ნუთუ არვინ არს, პოეტის მეტი?