ბაკულას ღორები


ის იყო შარაგზით მომავალმა ზენათიმ გზის შესამოკლებლად ღობეზე გადარება დააპირა და ზედ შედგა ფეხი, რომ გამწარებით წამოიძახა:

– ღმერთო მომკალი!.. ღმერთო მომკალი! – ჩახტა ეზოში და ქაქანით გაენთო ეზოს ყურეში ყოფილ პატარა ბოსტნისაკენ.

– უიმე, უიმე!.. ღმერთო მომკალი!.. პიტია!.. სასიკვდილე პიტია… კიკილო! კიკილო!.. თქვენ მოუკვდით თქვენ დედას, თქვენ… პიტია, კიკილო! კი-კი-ლო-ო! – უცნაური ხმით გაჰკიოდა და თან მირბოდა ზენათი.

ამ ყვირილზე დაბალაივნიან სახლიდან გამოვარდა თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ქალიშვილი, რომელსაც უკან გამოსდია თმაგაბურძგვნილმა, ფეხშიშველა პერანგის ამარა პატარა ბიჭმა.

– რა ამბავია, დედა, რა? – იკითხა ქალიშვილმა.

– რა და თქვენი სიკვდილი!.. თქვენი არ გადარჩენა, თქვენ გოუწყდით თქვენს პატრონს, თქვენ!.. ვეღარ ხედავთ, თქვე გასაწყვეტლებო, რომ ამოგვაგდეს… რომ ერთიანათ ამოგვაგდეს?!. თქვენ გაგიწყდათ მიწა… მოისპო თქვენი სახელი!.. დაგიდგათ თვალები!.. მიწა დაგეყარათ გასაწყვეტლებს, მიწა! – და ამ წყევლის წარმოთქმაზე შეჩერებული ზენათი ისევ ბოსტნისაკენ გაიქცა; უკან დაედევნა პიტიაც.

– ჰა ტრუბია! ჰა ტრუბია! – აყვირდა პატარა ბიჭიც და ამ ძახილზე სახლის ყურიდან გამოვარდა შავი, ბანჯგვლიანი ნაგაზი და ესეც ყეფით გავარდა ბოსტნისაკენ.

– ჰა ტრუბია, ჰა, ჰა! – ყვიროდა ბავშვი და თან მისდევდა ძაღლს.

ბოსტანში მყოფმა ძალზე გამხდარმა ორმა ღორმა და ცხვარმა, ალბათ, კარგად იცოდნენ რა დღესაც დააყენებდა მათ ტრუბია. გაფაციცებით უცმაცურებდნენ პირს პრასას, ჭლაკვს, ნიახურს, ოხრახუშს – რაც კი პირს მოხვდებოდა, – შემდეგ ეცნენ ბოსტნის დაბალ რაგვს, ტრუბიას შიშით გაღონიერებულებმა შეამტვრიეს რაგვის ხმელი წკნელი და გასაქცევად გამზადებულები სამივე შეუდგა შეღმართს. ტრუბია ყეფით დაედევნა უკან, დაეწია ერთს, სწვდა გამხდარ კანჭში; ღორი აჭყვირდა, წაიქცა და კოტრიალ-კოტრიალით ჩამოგორდა ქვევით; ნაგაზი ახლა გაეკიდე მეორეს, დაეწია, ამასაც ჩაასო თავისი ბასრი კბილები კანჭში და ესეც აჭყვირებული წააქცია და კოტრიალით გადმოუშვა ქვევით; დამფთხალი ცხვარი კი საცოდავად ხან იქით მირბოდა, ხან აქეთ, შეშინებული, რომ ძაღლს არ ჩავარდნოდა საკბილავად. ტრუბია კი ღორების წვალებით კმაყოფილდებოდა. დაბოლოს ამასაც მოსწყინდა მათი წვალება, გაანება თავი, შესდგა და თავაწეული მისჩერებოდა კანჭებ დასისხლიანებულ პირუტყვებს, რომლებიც აღმართს შეუდგნენ.

ზენათი კი ბოსტანში ჩამდგარი დაუცხრომლად ქაქანობდა და გაჰკიოდა რაც ხმა ქონდა გულგახეთქილი, რომ ხედავდა ასე შეუბრალებლად მოსრესილს თავის ნამუშევარს.

– ასე კაცის ამოგდება გაგონილა ქვეყანაზე?! თქვენ ამოგივარდათ თქვენი პატრონი… თქვენ ამოგივარდათ თქვენი პატრონი ძირიან ფესვიანად, რავარც თქვენ ეს ჩემი ბოსტანი ამომიგდეთ!.. აოხრდა თქვენი პატრონი, რავარც თქვენ აქაურობა ააოხრეთ!… მოსპო თქვენი პატრონი ისე, რავარც ეს ჩემი ნაშრომი მოსპეთ და გააქრეთ!.. ისე გაქრა თქვენი პატრონი… გაქრა ქვეყნის პირიდან!.. თქვენი პატრონი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა… დასწყევლა და მოსპო მამა ზეციერმა! – ყვიროდა ზენათი რაც ძალა და ღონე ქონდა, რომ შეღმართის წვერზე წამოსკუპებულ ქოხში გაეგონათ მისი გულისწყრომა.

რასაკვირველია, იქ ესმოდათ მისი ქაქანი, მისი ლანძღვა, წყევლა, მაგრამ პასუხს არავინ აძლევდა და არც არავინ ჩნდებოდა. ეს კიდევ უფრო აბრაზებდა ბრაზმორეულ ადამიანს და მის ლანძღვა-გინებას დასასრული არ ეძლეოდა.

– ასე არ შეიძლება, გალაქტიონ, არ შეიძლება, მითქვამს შენთვის! – გაალმასებული დაუხვდა ზენათი სამუშევრიდან საღამოს შინ დაბრუნებულ ქმარს.

– არ შეიძლება გეუბნები! რაცხა უნდა იღონო, თვარა ამოგვაგდეს და ეს არის!.. ამოგვაგდეს ერთიანად!.. ხმა უნდა ამოიღო!.. თუ არა და მითხარი და აღარ შევაკლავ თავს არც ყანას და არც ბოსტანს… ყველაფერს მივატოვებ!.. იმისთვის ვეწვალო, რომ ოხერ ბაკულას ღორებს შევაჭამო ჩემი ნაცოდვილარი?!. ბაკულას ღორების გამოძღომისათვის ვიკლა თავი? მითხარი, ბატონო, თუ არაფერი გვეშველება, მითხარი და აღარ ვიცოდვილებ! ყველაფერს თავს დავანებებ, თუ ბაკულას ღორების საოხრებლად უნდა გახდეს ჩემი ნამუშევარი!.. მივატოვებ ყველაფერს და მოსვენებულად ვიქნები!.. გულის ხეთქას მაინც გადავრჩები! არა, რატომ, რატომ კუჭგამხმარ ბაკულას ღორებს უნდა შევაჭამო ჩემი ნაცოდვილარი?! გაუჩუმდი, გაუჩუმდი… ნუ გაცემ ხმას!..

– ახირებული ხარ ერთი შენც! – წყენით მიუგო გალაქტიონმა. – ვინ გოუჩუმდა, მარა იმ ოხერთან რომ არაფერი გამეწყო?! პირადად წავეკიდე, კაცებიც მივუგზავნე, დავემუქრე ასე გიზამ, ისე გიზამ-თქვა, მარა სინდის დაკარგულთან რა გაგივა! დასწყევლოს ღმერთმა ის დღე, როცა მაგ ოხერი იმ ჯაგებში დასახლდა!.. რა მოსვენებულად ვიყავით!..

– დასწყევლა ღმერთმა, დასწყევლა ღმერთმა ვიძახოთ!.. რაიმე საშვალება უნდა ვიხმაროთ, თვარა მარტო დასწყევლა ღმერთმას ძახილით ბევრი გაგიკეთდება… მე გეტყვი საშველი დაგადგება!.. ამით არაფერი გვეშველება, ადამიანო, არა, არა!

– მაცალე, ბატონო, ეგებ რამე ვიღონო… მაცალე!

– მაცალე, მაცალე… ამას კაი ხანია იძახი და საქმე თუ ხდება თვარა საშველი არაფერი გვეძლევა!.. როდემდი უნდა იყვეს ასე? ასე რავა უნდა გადაათელიო კაცმა თავი იმ წუნკლიანს!.. სულ შენი ბრალია, შენი ბრალი!.. თითქოს ერიდები იმ გასაწყვეტლებს!..

– ვინ ერიდება, ერთი შენ კიდევ! – გაჯავრებით წამოიძახა გალაქტიონმა. – ვინ ერიდება?.. რაში უნდა მოვერიდო, მითხარი ერთი?!.

– აბა რაა? სამართალი რავა ვერ ვიშოვო, თუკი კაცი მოვინდომებ!

– ჰო, სუდში ვიჩივლო?

– ვიჩივლებ, აბა!.. მივათრევ ოხერს და მუდრეგს… არაფრით არ დავზოგავ!..

– დიახ, სუდში მიათრევ და დაიმედებული იყავი, რომ შენი სიმართლე გაგამარჯვებინებს, დიახ!.. ვიცი მე სუდის საქმე!.. უნდა გადაჰყვე საჩივარს და ბოლოს, ვინ იცის, რავა შეგიტრიალებენ ნათელ საქმეს!.. არა, შენ გენაცვალე, თელათ რომ ყველაფერი ამიოხროს, სუდში ფეხს ვერავინ შემადგმევინებს, ვერა! – გადაწყვეტილებით წარმოთქვა გალაქტიონმა. – ვიცი მე სუდის ამბავი!.. არა. საქმეს სხვა გზით უნდა შემოუაროთ! – დაატანა მან.

– სადაა მერე ეს სხვა გზა? – ცხარობდა ზენათი.

– გეუბნები მაცალე-თქვა… მოვიფიქრებ!.. ჯერ ვერ გამოვნახე… მაცალე და გამოვნახავ…

– ა, ბატონო, გვიცლია და ვნახავთ! მარა ეს მითქვამს შენთვის, გალაქტიონ, თუ ასე გაგრძელდა, მე ხელს აღარაფერს მოვკიდებ, იცოდე… რაზე ვიწვალო… რისთვის ვაკლა ჩემი თავი?!. ბაკულას ღორების საძღომის მოსაყვანად ვიშრომო?..

– რაცხას ვიღონებ, შე ქალო! ვიღონებ, ოღონდ მაცალე!.. საიმედო გზას გამოვნახავ და გადავრჩები მაგ დაწყევლილ მეზობელსაც და შენს წყრომასაც! – ღიმილით დაათავა გალაქტიონმა. – კი, შენ ნუ მომიკვდები!

რამდენიმე დღის შემდეგ გალაქტიონი დაბა N-ს გაემგზავრა თავის ცოლის ნათესავთან, ალექსანდრე შარაქაძესთან, რომელიც თარჯიმნად მსახურობდა მაზრის სამართველოში.

დილა იყო, როცა იგი ჩავიდა დაბაში და რადგან ალექსანდრე შინ აღარ დაუხვდა, სამართველოში მივიდა მასთან.

– ოჰ, გალაქტიონს გაუმარჯოს! გაუმარჯოს გალაქტიონს! – მხიარულად შეეგება ყმაწვილი კაცი გალაქტიონს. – საიდან? რა ამბავია, რამ გაგსარჯა?.. ხომ მშვიდობით, კარგად…

– გმადლობთ, შენი ჭირიმე!.. ვართ ღმერთით ერთგვარად, თქვენგან დავიწყებული, დაკარგული!.. ვართ რავარც მოგეხსენება საწყალი კაცის ამბავი! – მიუგო თავის შებრალებით გალაქტიონმა

– ზენათი ხომ კარგადაა?..

– გმადლობთ… არის ისე.

– რა ხანია არ მინახავს!

– მერე ასე უნდა!.. ნამეტანი დაგვივიწყე, შაშა ჩემო!.. სულ აღარ გაგვიხსენე… მართალია, პატარა კაცები ვართ, მარა რაც რომ იყოს, რაც უღირსნი გყავდეთ, მაინც ნათესავები გყავართ… საწყლები ვართ, მარა ამიტომ კი არ უნდა მოგვიძულოთ თქვენისთანებმა… უფრო უნდა შეგვიბრალოთ და შეგვიწყალოთ ხოლმე!

– ღმერთმა ნუ დაგივიწყოსთ, რას ამბობ, შე კაცო!.. აბა კარგად ხართ?

– გახლავართ!.. ვებრძვით საწყლები ცხოვრებას რაც გაგვეწყობა, მარა რაი, მაინც საწყლად ვართ და ვიქნებით ჩვენს დღეში.

– რამ გაგასაწყლათ, შე კაი კაცო! – მხიარულად მიაძახა ალექსანდრემ და მხარზე ხელი დაადო.

– საწყლები ვართ, შენი ჭირი შემეყაროს, უსაშვალონი, აბა რა ვართ! ვისაც უნდა, ჩვენ გვაწუხებს და ჩვენ გვჯობნის!.. შემფარე არავინ გვყავს! – ნაღვლიანად წარმოთქვა გალაქტიონმა.

– ვიღაცას შეუწუხებიხარ, გალაქტიონ, გეტყობა!.. და ძალიანაც შეუწუხებიხარ, გეტყობა!

– სწორედ მასეა და იმიტომაც მოგაშურე, შენი ჭირიმე!.. აგერ მობრძანდი და მოგახსენებ ყველაფერს! – გაიწვია ოთახის თავისუფალ ყურეში ალექსანდრე.

– მართალია, უჩემოთაც ბევრი მაწუხებელი გყავს, შაშა, – დაიწყო გალაქტიონმა, როცა ორივენი დასხდნენ, ისე რომ მათ მუსაიფს ვერავინ შეუშლიდა, – მარა ჩვენთვისაც უნდა შეიწუხო თავი… ღმერთი მოიმადლიერე, ყურადღება მოგვაქციე… შეგვეწიე! არც ისე შორებლები ვართ, შენი ჭირი შემეყაროს, რომ ჩვენი გასაჭირი არაფრად მიიჩნიო!.. მე თუ არა, შენი ნათესავი ქალი, შენი სისხლ-ხორცი მაინც შეიბრალე!.. ერთობ შეწუხებულია, შაშა ჩემო. მეტისმეტად შეწუხებულია და ამიტომ მოგაშურე!

– თუკი რამე შემიძლია!..

– კი შეგიძლია!.. რავა არ შეგიძლია!.. შენ თუ არ შეგიძლია, აბა ვიღას შეუძლია!

– თუკი მასეა, კი ბატონო… ვინ ოხერი!.. რაშია საქმე?

– სულ უბრალო საქმე შენთვის…

– ჰო!

– ერთი კაცი უნდა შემიშინო…

– რავა?!. კაცი შეგიშინო?! – შეეკითხა გაოცებული ალექსანდრე.

– დიახ!.. ერთი ოხერი, ყოვლად გაფუჭებული მეზობელი გამიჩნდა, ის უნდა შემიშინო!

– რარიგად, გალაქტიონ?.. შეეშინდება ჩემი?.. – სიცილით ეკითხებოდა ალექსანდრე.

– კი შეეშინდება! და უნდა შემიშინო, შაშა!.. შენთვის ეს არაფერი იქნება, ჩვენთვის კი დიდი რამე! ერთი დღე დაკარგო ჩვენთვის – რა უნდა იყოს შენთვის… ესეც ისე, რომ იმ დღეს ტკბილად გაატარებ და ისიამოვნებ!.. მართალია, ჩვენისთანა საწყალი ნათესავი მაწუხებელია, ჩვენზე უკეთესებს სცნობ და მათთან ხარ გართული, მარა ღმერთი შეგეწევა, ჩვენისთანა საწყალს და გაჭირვებულს რომ გადმოხედავ ხანდისხან!.. ჰოდა იმას გთხოვ, მიკადრო შენი ღარიბი ნათესავი, მეწვიო ჩემს ღარიბ ოჯახში… ერთი დღე გაატარო ჩემს ქოხში!.. შენთვის ეს არაფერი იქნება, ჩემთვის კი დიდად ეღირება, დიდად დაფასდება. კუთხე-მეზობელი გეიგებს, რომ სულ უპატრონო არ ვყოფილვართ… რომ ჩვენც გვყოლია შემწე და მფარველი… რად ეღირება ეს ჩვენთვის, ჩემო შაშა?!. ერთხელ მაინც ხომ უნდა ნახო შენი ნათესავი… მოხვალ, ისიამოვნებ, დროს გაატარებ და წამობრძანდები… მე კი ამით ძალიან შემეწევი!

– კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით!.. თუ ამაზე მეტი არაფერია. ეს რა! – სიცილით თქვა ალექსანდრემ. – სულ ადვილი საქმე ყოფილა!

– შენ არ მომიკვდე სხვა არაფერი… მარა შენთან ერთად თქვენი სეკრეტარიც მაწვიე, შაშა!

– ჩვენი სეკრეტარი?!. – გაიკვირვა ალექსანდრემ.

– სეკრეტარი!.. უსათუოდ შენთან ერთად უნდა მაწვიო!

– რუსია, კაცო! ქართული ინჩი-ბინჩი არ იცის!

– უსათუოდ უნდა მაწვიო! – მუდარით მიმართა გალაქტიონმა. – შენთან ისიც დეინახოს ჩემმა კუთხე-მეზობელმა ჩემს ეზო-ნიადაგზე!.. გეფიცებით, სიამოვნების მეტი არა შეგხვდებათ რა… სადილს მიირთმევთ, ისიამოვნებთ და წამობრძანდებით და ეს იქნება!

– კი მარა აქ რაღაც ამბავია! – ვეღარ მოითმინა და ღიმილით უთხრა ალექსანდრემ, – შენ რაღაც სხვა განზრახვა გაქვს!

– არ მოგიკვდეს ჩემი თავი, თუ დამიჯერებ, არაფერი სხვა გარდა იმისა, რომ თქვენისთანა თვალსაჩინო პირებით თავი დევიფარო მაწუხებელ მეზობლისაგან!.. თქვენისთანა პირებს რომ ჩემს ქოხში დაგინახავენ, იტყვიან, რომ სულ უპატრონოდ არ ვყოფილვართ და მტერი შეშინდება, მოგვერიდება, ისე თამამად ვეღარ მოგვბედავს!..

– ეს ჩვენი შესაშინებელი კაცი ვინ არი, გამაგებინე ერთი? ეგებ ისეთი იყოს, რომ თავათ შეგვაშინოს იმის მაგივრად, რომ ჩვენ შევაშინოთ! – იცინოდა ალექსანდრე.

– კაცმა რომ შეხედოს მართლადაც შეეშინდება, ისეთი შეხედულობისაა!

– ვინაა, რა კაცია, გალაქტიონ?

– მეზობელია ჩემი… ჩემი მოგვარე… ვიყავი ამდენი ხანი, შენ გენაცვალე, ჩემს პაწია კარ-მიდამოზე მოსვენებით… ახლო არავინ მყავდა მეზობლად… არავის ვაწუხებდი, არავინ მაწუხებდა… ვცხოვრობდი ჩემთვის… მიხაროდა!.. მოგეხსენება რა სარიდალია ახლო მეზობელი, და თუ ნამუსსდაშორებული გაგიჩნდა, ხომ გაგიმწარდება ადამიანს სიცოცხლე და ეს არი!.. ასეთი უბედურება მეწია მეც… გამიჩნდა მეზობელი ყოვლად გაფუჭებული, სინდისდაკარგული ადამიანი… ამიკლო, შაშა ჩემო… ამიკლო, აღარა ვართ მისგან!

– ვინაა?

– ისევ ჩემი მოგვარე!.. ამას წინათ გამოეყო ძმას… წამოიღო რაღაც ქოხი რგებოდა, ჩადგა ჩემს ზევით ჯაგებში. ისეთ ადგილას რავა იფიქრებდი თუ იქ როდისმე ადამიანი დასახლდებოდა… ეგ, რასაკვირველია, მისი საქმეა, ღმერთმა მშვიდობა მისცეს, ჯანდაბაში წასულა, კისერი უტეხია, უარეს ადგილსაც გადაკარგულა – მე არ შევწუხდები ამისთვის, მარა მისმა მეზობლობამ ამომაგდო კაცი, ნამეტან ზარალს მაყენებს, შაშა!.. არა აქვს საჭმელი, არა აქვს სასმელი, ყრიან საცოდავად… ოჯახში, როგორც იცი, ყავს წვრილფეხი, მარა რომ არ ყოლებოდა ერჩია… თავისათვის საჭმელი რომ არა აქვს, პირუტყვს რარიგად შემოუაროს?!. უყრია მშიერი, შეწუხებული, შიმშილისაგან გამწარებული… ჰყავს დამწყვრეული და ეს მშიერი პირუტყვები, კუჭი რომ ეეწვისთ ხოლმე, ისე ჭყვირიან და წკნავიან, რომ იქ დაბლა ჩვენ ვიწვით მათი საცოდაობით, ისეთი ხმა მოდის!.. გული შეგიწუხდება ადამიანს!.. მარა ეს რაა, უბედურება ის არის, ამ შიმშილისაგან გამწარებულებს რომ გამოუშვებენ სამწყვრევიდან… მაშინ არი ჩვენი შეწუხება… თავის მახლობლად რას ნახავენ, ეკლისა და ბარძგების მეტი არაფერია… დაეშვებიან ჩვენკენ… ეზოს ყურეში პაწია გვარიანი ბოსტანი გვაქვს… ზენათის ნაკეთებია… მოაშურებენ პირდაპირ აქეთკენ უსათუოდ! მოვარდებიან და, ერთი თვალის დახამხამებაში, სულ ერთიან გადაჭამენ, გადასისნიან, აღარაფერს დატოვებენ! კეტი რომ უბრაგუნო, ვერ მოაშორებ ისეთი რაღაც დაწყევლილებია – ალბათ, შიმშილისაგან რომ გამწარებული არიან. ძაღლი მყავს ბედათ იმისთანა, რომ სისხლით შეღებავს ხოლმე მათ და იმისი შიში აქვთ კიდევ, თვარა ჩვენი საშველი არ იქნებოდა!.. ვეხვეწე, ვემუდარე ნუ ამომაგდებ-თქვა, ჩამომაშორე ეს შენი ღორები და ცხვრები-თქვა, კაცებიც მივუგზავნე, ეკლესიაზე ხალხში შევჩივლე, მარა არ იქნა, არაფერი არ გამოვიდა; სუდში ვერ წევედი საჩივლელად… მეშინია! ჯერ საქმეს დასასრული არ მიეცემა, მერე მოწმეების თრევა, მათი ჭმევა-სმევა, ხარჯი, გაცდენა და ბოლოს შეიძლება საქმე ისე შემოგიტრიალონ, რომ ბრალი მე დამდვან, რომ პატარა ბოსტანი მქონებია და საკმარისად ვერ ძღებიან შიგ იმ ჩემი მეზობლის ღორები!

ალექსანდრემ ამაზე გულიანად გადიხარხარა.

– კი, ადვილი შესაძლებელია!.. სუდში სწორედ ვერ შევალ… ცეცხლივით მეშინია. ამიტომ მოგაშურე ახლა შენ… მეტი გზა არ მაქვს! სხვანაირად უნდა შემოვუარო საქმეს… თქვენი ერთი ფეხის დაბაკუნება ათასწილად მირჩევნია სასამართლოში თრევას და წოწიალს… ერთს თვალებს გადმოუბრიალებთ, ხმამაღლა შესძახებთ ისე, რომ კანკალს დააწყებინებთ ქე რომ იცით, და საქმეც მოგვარდება… ჰოდა იმიტომ გთხოვთ, რომ თქვენებურად შემიშინოთ ის ჩემი მაწუხებელი!

– კი, მარა, რარიგად შევაშინოთ მაინც?.. უჩივლებ და დავიბაროთ, თუ როგორ? – იცინოდა ალექსანდრე.

– არა, შენი ჭირიმე, არა!.. მაგდენზე რავა გაგრჯით!.. თქვენ ოღონდ მობრძანდით ჩემსას, სადილი მიირთვით – დაგინახონ ჩემსას, დაგინახონ რომ თქვენისთანა კეთილები მყავს მფარველად და სხვა არაფერი!

– შეშინდება მერე ამით ის შენი მეზობელი?

– კი შეშინდება!.. რას ბრძანებთ – თქვენ დაგინახავსთ და სული კოჭებში არ ჩოუვა?!. რას ბრძანებ!

– აბა კარგი… რაკი მასეა! – სიცილით წამოიძახა ალექსანდრემ. – ეგ მართლაც სულ იოლი საქმე ყოფილა!

– მომავალი კვირისათვის უნდა დამავალოთ!.. გზის ნუ შეგეშინდებათ… შორი არ არის, გზა კარგია… კრეულაზე ხიდია ჩატეხილი, მარა ახლა ყველგან მშვენიერი ფონია… სულ არ შეწუხდებით, სულ!.. სეკრეტარი უსათუოდ უნდა მაწვიო, შენს სულს დავენაცვლე… უსათუოდ!

– აი, ბატონო, წამობრძანდი… ვუთხრათ!

გაიარეს ხალხით გაჭედილი სამართველოს რამდენიმე ოთახი და შევიდნენ ოთახში, სადაც განიერ მაგიდას უჯდა შუახნის გრძელწვერა, თვალებდაბერილი მოხელე, სამაზრო სამართველოს კანცელარიის უფროსი.

– რა ამბავია? – ქართულად ჰკითხა მან ალექსანდრეს და თვალი გალაქტიონს გადაავლო.

– ვასილ ივანიჩ, ეს გახლავთ ჩვენებური აზნაური გალაქტიონ ხოსოლიანი… გთხოვსთ პატივი სცეთ და კვირას ეწვიოთ სადილად ოჯახში! – რუსულად უთხრა მას ალექსანდრემ.

ვასილ ივანიჩი გაკვირვებით მიაშტერდა ალექსანდრეს.

– ჩტო ეტო ზნაჩიტ?!. – იკითხა მან.

– გთხოვთ ეწვიოთ სადილად. სხვა მეტი არაფერი! – მიუგო ალექსანდრემ.

– საიდან!.. მე მაგ თვალითაც არასოდეს არ მინახავს!.. აქ ხრიკი იქნება რაღაც… დაიკარგოს იქით! – წაილაპარაკა ვასილ ივანიჩმა და ისევ განაგრძო შეწყვეტილი წერა.

– არაფერი ხრიკი არაა, ვასილ ივანიჩ!.. მაგას უნდა, რომ ჩვენ შევუშინოთ ერთი მისი მაწუხებელი მეზობელი!

– შევუშინოთ?.. – გაოცდა სეკრეტარი.

– ჰო! – სიცილით უთხრა ალექსანდრემ.

– მერე მე რა საფრთხობელა მნახა?!. რას მიედ-მოედებით! – წამოიძახა მან.

გალაქტიონი შიშმა შეიპყრო: ეს კაცი ისე ლაპარაკობდა, რომ ეტყობოდა უარს ამბობდა. მაგრამ ალექსანდრემ ერთი გადახედა მას და მერე თავისი მოქნილი ენით დაწერილებით მოუყვა ვასილ ივანიჩს გალაქტიონის ამბავი იმგვარად, რომ ის კიდეც გააცინა გულიანად.

– ნუ ნაპუგაემ, ჩორტ ვოზმი, ესლი ტაკ! – სიცილით წამოიძახა მან.

გალაქტიონი შეიშუშნა.

– რაო, შაშა… შენი ჭირიმე? – გაუბედავად შეჰკითხა ალექსანდრეს.

– თანახმაა… მოდის! – მიუგო მან.

– ცაუდით!.. ცაუდით! – მხიარულად უთხრა ვასილ ივანიჩმაც.

გახარებულმა გალაქტიონმა დაბლა თავი დაუკრა მადლობის ნიშნად და გახალისებულმა ისევ ალექსანდრეს მიმართა:

– აბა, შაშას ჭირი შემეყაროს!.. კვირას მოგელით უსათუოდ, მიირთმევთ სადილს და წამობრძანდებით გინდ იმ საღამოსვე, გინდ ადრიანად… საქმე არ დაგიბრკოლდება! – ხვანხვალობდა გალაქტიონი.

– ნაპუგაიმ, ნაპუგაიმ! – იცინოდა მდივანი. – ოღონდ ღვინო კარგი იქნეს, თორემ ისე ვერ შევაშინებთ!.. ხომ აქვს კარგი ღვინო?

– რაო, შენი ჭირიმე, რას ბრძანებს? – იკითხა გალაქტიონმა.

– ღვინო თუ გაქვს კარგიო?

– იცოცხლეთ!.. საუკეთესო ღვინოს მოგართმევთ!.. რომ არ მქონდეს, ვიშოვი… თქვენისთანა პირებს ჩემს ოჯახში დავინახავ და ცუდ რამეს მოგართმევთ, რავა გეკადრებათ!.. აბა, შაშა, შენი ჭირიმე, კვირას უსათუოდ!..

– კარკი, კარკი!.. მოუდის, მოუდის! – მხარზე ხელის დარტყმით უთხრა ვასილ ივანიჩმა გალაქტიონს, რამაც ის კიდევ უფრო გაახარა.

გალაქტიონმა რამოდენიმეჯერ თავი დაბლა დაუკრა, სახეგანათებული ოთახიდან გამოყვა ალექსანდრეს და ისევ მიმართა მას მუდარით:

– შენ სულს ვენაცვალე, შაშა!.. თუ ჩემი ოჯახის სიკეთე გსურს, ა… ახლა დევინახავ!.. არ გადამითქვათ დანაპირები!.. გამხადე შენი საუკუნო მონა-მოსამსახურედ!

– კი ბატონო, კი!.. გადაწყვეტილია… კვირას უსათუოდ შენთან ვართ!.. შენსას ვქეიფობთ!

– თუ შეგხვდესთ იმისთანა ვინმე, რომ მხარი დაგიმშვენოსთ და თქვენი სასიამოვნო იყვეს, ნუ დამირიდებთ, წამოიყვანეთ ისიც!.. ერთი სიტყვით ისე მოდით, რომ თქვენდა გულისაჯერად დრო გაატაროთ, მასპინძლობა კი ჩემს კისერზე იყოს!.. ისეთი დრო უნდა გაგატარებინოთ, რომ სამახსოვნოთ გექნესთ!.. კი!..

– აბა ჰე, აბა ჰე!.. ჩვენც მაგისათვის მოვემზადებით! – მხიარულად უთხრა ალექსანდრემ.

– აბა ახლა მე გავსწევ და აქედანვე შევუდგები თადარიგს, რომ თქვენდა საკადრისად დაგიხვდეთ, როგორც თქვენისთანა პატიოსან პირებს შეეფერება!.. აბა ასე, შაშას ჭირიმე, ასე, შენ გენაცვალე! – დასასრული აღარ ეძლეოდა გალაქტიონის მუდარას და ხვეწნას. დაბოლოს როგორც იქნა გამოემშვიდობა ყმაწვილ-კაცს და სიხარულისაგან აფრენილმა, რომ საქმე სასურველად ეწყობოდა, გასწია შინისაკენ.

სახლში დაბრუნებული გალაქტიონი მეორე დღიდანვე შეუდგა სტუმრების მიღებისათვის თადარიგს. ოჯახში დილიდან საღამომდი მხოლოდ იმის შესახებ იყო ლაპარაკი თუ რა მოემზადებინათ და როგორ მოეწყოთ ყველაფერი ისე, რომ სტუმრებს სიამოვნებოდათ. არც გალაქტიონს, არც ზენათის არაფერი არ ეშურებოდათ ამათთვის, რაკი მათგან დიდ სიკეთეს გამოელოდნენ. მეზობლებშიაც გაიგეს, რომ ხოსოლიანებისას უცხო სტუმრებს მოელოდნენ კვირისათვის და ყველა დაინტერესდა მათი დანახვით. მხოლოდ ბაკულას ღორები და ცხვარი თავისას მაინც არ იშლიდნენ და იმ კვირაში ბარე ორჯერ მოინახულეს მათი საყვარელი ზენათის ბოსტანი.

– მაცალეთ, მალე ყველას გაგიჩენთ მუხლებში კანკალს, მალე, – იმუქრებოდა გალაქტიონი. – მალე სულ სხვა გუნებაზე მეყოლებით ყველა!.. დაგიდგებათ თვალები! – დაიმედებულად ამბობდა იგი.

სანატრელი კვირაც გათენდა. ზენათის ყველაფერი დამზადებული ჰქონდა სტუმრებისათვის: ცხვარი, ინდაური. ქათმები, აუარებელი ხაჭაპური, გომიჯები, ნაშოვნი იყო მშვენიერი წითელი ღვინო. დილიდანვე მომყოლი კაცი აახლეს დაბაში და კიკილო გზაზე დააყენეს მოდარაჯედ, რომ დროზე ეცნობებია ცხენოსან სტუმრების მოახლოება.

დღე საგანგებო კარგი გათენდა.

ჯერ ადრიანი იყო კიდევ, სტუმრები რომ გალაქტიონის ეზოში ჩამოხტნენ, სადაც მათ დიდი მოწიწებით შეეგებნენ გალაქტიონი და ზენათი თავიანთი შვილებით.

რადგან ჯერ წირვა გამოსული არ იყო და ეკლესიაც ახლოს იყო, სტუმრებმა უარი არა თქვეს ეკლესიაში წასვლაზე, რამაც დიდად გაახარა მასპინძელი. გალაქტიონი ეახლა თავის სტუმრებს და მის სიხარულს საზღვარი არ ქონებია, როცა ხედავდა თუ რა მოწიწებით აძლევდა სალამს მის სტუმრებს ნაწირვებს ეკლესიის გალავანში გამოფენილი ხალხი.

– ნუ ჩტო, პუგაიტსა? – ღიმილით, ხმადაბლა წაულაპარაკა ვასილ ივანიჩმა ალექსანდრეს.

– ალბათ! – სიცილითვე მიუგო მან. – ჩვენი მასპინძელი ერთობ მხიარულადაა… ალბათ, ატყობს! – ეშმაკურად დაატანა მან.

ეკლესიიდან შემატებული კამპანია ჩამოვიდა გალაქტიონისას. უცხო სტუმრებს მიემატა ახალგაზრდა მღვდელი და გალაქტიონის რამდენიმე მეზობელი.

რადგან დღეც ხელს უწყობდა, ეზოშიც ფართოდ შტოგაშლილი ცაცხვი იყო, გადაწყვიტეს სუფრა ამ ცაცხვის სასიამოვნო ჩრდილში გაეშალათ.

ერთ წამში სუფრა აივსო ათასნაირი ნამზადებულობით, ღვინიანი ბოთლებით, პატარ-პატარა ნიტრებით და ჭიქებით. პატარა საზოგადოება მხიარულად შემოუსხდა სუფრას; ამ მხიარულობას ხელს უწყობდა გალაქტიონის გულუხვობა, ზენათის თავგადადებული მსახურება და განსაკუთრებით ის მშვენიერი, მართლაც და სანაქებო ღვინო, გალაქტიონმა რომ სტუმრებს მიუტანა. სადღეგრძელო სადღეგრძელოზე ისმებოდა ძალდაუტანებლად, სიამოვნებით; ყველანი უსურვებდნენ მასპინძლებს სიკეთეს, ბედნიერებას, მშვიდობიან ცხოვრებას, მტრის აშორებას და ყველა მათ შემწუხებელის დამხობას.

ზენათიც და გალაქტიონიც სიხარულისაგან, რომ ასეთი შნოიანი ნადიმი ჰქონდათ, ცაში დაფრინავდნენ. სიხარულმა უფრო იმატა, როცა მეტისმეტად გამხიარულებულმა ვასილ ივანიჩმა, რომელიც უპრაგონოდ სცლიდა სტაქანს სტაქანზე, ზენათისთან, თუმცა ბანცალით, მაგრამ მაინც იცეკვა ლეკური და შემდეგ ჩააცივდა მის გვერდით მჯდომ მოძღვარს და საშველი არ მისცა სანამ ზეზე არ წამოაგდო ლეკურის საცეკვაოდ.

– პლიაში, პოპინა, ჩორტ ტებია პობერი! ნუ! – იძახოდა იგი და ამასთანავე მუშტებს ურტყამდა კისერში მეორე გვერდით მჯდომარე ალექსანდრეს, ხან გულში იკრავდა და უშვერ სიტყვებს თავაზობდა. მღვდელმა შემოიკრა თავისი ანაფორის კალთები და ერთი ორი ჩამოუარა. საერთო სიცილს და მხიარულებას დასასრული არ ჰქონდა. მადლიერი გალაქტიონი მადლობის ნიშნად ხელზე ემთხვია მოძღვარს, მერე გადაეხვია ალექსანდრეს და გულმხურვალედ გადაკოცნა.

სწორედ ამ დროს მოისმა ტრუბიას გამწარებული ყეფა. ზენათი, რომელიც ალექსანდრეს ფეხთით იყო მორთხმული და ესიყვარულებოდა, ამის გაგონებაზე წამოვარდა ზეზე და ბოსტნისკენ გადიხედა; აქეთკენ გავარდა კიკილო და, რადგან ყეფა არ წყნარდებოდა, აქეთკენვე გაიქცა პიტია, რომელსაც შეშფოთებულმა ზენათიმ გადაულაპარაკა:

– პიტია! გადიხედე, შვილო, რა ამბავია!

მაგრამ გადახედვა საჭირო აღარ იყო ამბის გასაგებად. ცხადად ჩანდა რაც ამბავი იყო. ბოსტნიდან ცაცხვისაკენ გიჟურად მორბოდა ორი ღორი, მათ უკან ორი ცხვარი, მორბოდნენ შურდულივით, სადაც სუფრა იყო გაშლილი, უტიფრად ეცნენ და შევარდნენ სუფრის ქვეშ და თუმცა ყოველი მხრიდან რტყმევით და ცემით უმასპინძლდებოდნენ, მაინც არ იცვლიდნენ ფეხს და ფაცურობდნენ, რომ რაც შეიძლებოდა მეტი რამესათვის მოედვათ ტუჩი. ალბათ, საჭმელების სუნმა გააბრუა და თავდავიწყებამდის მიიყვანა დამშეული ოთხფეხი და აღარ ერიდებოდნენ აღარც ტრუბიას კბილებს, აღარც იმ ჯოხებს, რომელსაც გალაქტიონთან ერთად თავაზობდნენ სტუმრებიც.

ამგვარი ამათი საქციელი თან აკვირვებდა ყველას, თან უზომო სიცილს იწვევდა.

ალექსანდრე იცინოდა ისე გულიანად, რომ იქაურობას აყრუებდა.

– ა, ბატონო, ა!.. შეიძლება ამისთანა ამბავი?! – იძახოდა გამწარებული გალაქტიონი. – შეიძლება ამისთანა ამბავი?.. მიშველეთ რამე… ყველას გეხვეწებით, დამიხსენით იმ კაცისაგან!.. მეზობელი კი არა, ამაოხრებელი მტერია ჩემი!.. მიხსენით იმ არაწმინდისაგან – შესჩიოდა იგი ყველას და უმეტესად ვასილ ივანიჩს და ალექსანდრეს.

ამგვარადვე წიაქობდა ზენათიც. ალექსანდრე კი ისევ ხითხითებდა, ხითხითებდა გულიანად.

– ვასილ ივანიჩ, სვინი, ვასილ ივანიჩ! ხა, ხა, ხა! სვინი, სვინი! – ჩასძახოდა იგი ვასილ ივანიჩს.

მაგრამ ვასილ ივანიჩს ამქვეყნის აღარაფერი ესმოდა, ისე იყო მთვრალი და მხოლოდ ლუღლუღებდა.

– ნუ ტებია… სამ სვინია! კ ჩორტუ!

– მიშველეთ, ერთი ახლა შეუცუცხუნოს საკადრისად… მიშველეთ! – ეხვეწებოდა გალაქტიონი ალექსანდრეს.

– რაღას შეუცუცხუნებს, ვერ ხედავ, შე დალოცვილო, კაცი საიქიოს მიემგზავრება – იცინოდა ალექსანდრე.

– შენ აბა, შენ… მიქენი წყალობა!.. თუ ჩემი სიკეთე გსურს. დაუფთხე ანგელოზები იმ უსინდისოს, მაგ ნამუს დაკარგულს! შაშა, მიშველე! – ემუდარებოდა გალაქტიონი.

– გვიშველე, შენ სულს დავენაცვლე!.. აღარა ვართ მაგისაგან… გვიშველე, შენი ჭირი შემეყაროს! – ევლებოდა თავის ნათესავს ზენათი.

– გამოფხიზლდება აგერ და მაშინ, მაშინ!.. რა ყოფილა, რა ამბავია ეს… მართლა უცნაურობა რამე არაა?! რა ნახეს ჩემმა თვალებმა! – შეუჩერებლად ხითხითებდა ალექსანდრე.

ღორები ერთი ვაი-ვაგლახით გადადენეს ეზოს გადაღმა, უგრძნობლად მთვრალი ვასილ ივანიჩი იქვე ცაცხვებქვეშ გაშლილ ნოხზე დააწვინეს მოწიწებით, იმის იმედით, რომ ტკბილი ძილის შემდეგ გამოფხიზლებული დაიბარებდა ბაკულას და ცოლ-ქმარის გულის საჯეროთ შეტუქსავდა.

მაგრამ როცა საღამოს ვასილ ივანიჩმა გამოიღვიძა და ალექსანდრეც მოუყვა თუ რა ამბავი დააწიეს გალაქტიონის ეზოში ბაკულას ღორებმა, მან, ბურანში მყოფმა, ხელის გაქნევით წამოიძახა – ა ნუ იხ კ ჩორტუ! და წასვლა აიჩქარა. და რადგან დაჯინებით მოითხოვდა გამგზავრებას, ცხენებიც მოართვეს. და უცხო სტუმრები ისე გამოეთხოვნენ მასპინძელს, რომ მათი მაწუხებელი მეზობელი თვალითაც არ დაუნახავთ და სიტყვაც არ გაუციათ მისთვის.

თუმცა ამან ცოტა არ იყოს გული დასწყვიტა ცოლ-ქმარს, მაგრამ ორივე დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ სტუმრებს სანაქებოდ დაუხვდნენ, ასიამოვნეს და იმ იმედით რჩებოდნენ, რომ დღევანდელი დღე თავის გავლენას იქონიებდა წინათ დაურიდებელ მეზობლებზე.

ამის გამო, თუ სხვა მიზეზით, მართლაც ერთ ხანზე ზენათის ბოსტანს შეღავათი მიეცა, შიგ ბაკულას ღორებს ფეხი აღარ შეუდგამთ, შესწყდა წინანდელი ზენათის ქაქანი, ტრუბიას ყეფა, ლანძღვა, გინება, რაც ბოსტნიდან მაღლა სერზე მცხოვრებთ ეგზავნებოდათ. თითქოს სასურველი მშვიდობიანობა ჩამოვარდა, იმედი გამართლებულიყოს და ნახმარ საშუალებას გაეჭრას, ისე ჰგავდა.

ცოლ-ქმარი ხოსოლიანები დიდად მოხარულნი იყვნენ. მაგრამ სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ორიოდე კვირის შემდეგ ღორებმა ისევ განაახლეს თავისი ჩვეულება, ისევ იწყეს ზენათის ბოსტნის აწიოკება და რაც ხანი გადიოდა, თითქოს ჯინაზე, მეტსა და მეტს ზარალს აყენებდნენ, მეტად და მეტად ჯიჯგნიდნენ იქაურობას.

გამწარებულმა გალაქტიონმა თავის მფარველებს მიაშურა.

– რას შვება შენი მეზობლის ღორები? – სიცილით ჰკითხა ალექსანდრემ გალაქტიონი რომ დაინახა. – შეშინებულია თუ არა?.. კაცო, რა ღორები ჰყოლია… რა ჯიშისაა თუ ღმერთი გწამს?!. ხა, ხა, ხა!

– იცოცხლე იმას თავისი მოუვიდა… და აქამდისინ თქვენი წყალობით ერთობ მოსვენებული ვიყავით… მარა ახლა ისევ…

– ჰო!

– ისევ წინანდებურად დეიწყეს… ამომიგდეს ნაოფლარი! ვერასგზით ვერ მოვიშორე! ნამეტან ზარალს მაყენებენ, შაშა ჩემო.

– გადუარა შიშმა აბა! – გაიცინა ალექსანდრემ.

– უნდა მიშველოთ შაშა!.. მარა ისე უნდა შემეწიოთ, რომ სამიდღემჩიოდ ჩამომშორდეს… მაგისთანას სხვანაირად უნდა მოექცეთ… რომ გონება დეებნას!

– აბა კიდევ შევაშინოთ… მარა უფრო მაგრად!

ამ დროს ოთახში ვასილ ივანიჩიც შემოვიდა.

– ნუ ჩტო, – მიმართა მან გალაქტიონს, – ისპუგალის?

– გადუვლია შიშს! – რუსულად მიუგო ალექსანდრემ.

– აბა არ შენაგვძლებია შეშინება! – გაიცინა ვასილ ივანიჩმა.

– ახლა ის უნდა, რომ სხვანაირად, უფრო მაგრად შევაშინოთ!.. უფრო კარგი ღვინით!..

– აბა მაგის მეტი საქმე აღარ გვქონია…მაგის მეზობლები ვაშინოთ! – წაილაპარაკა ვასილ ივანიჩმა და გაშორდა.

მეტად გულდაწყვეტილი დაბრუნდა გალაქტიონი შინ, რომ არაფრად მიიჩნიეს მისი შეწუხება მისმა საიმედო პირებმა.

– აბა იმისთვის გავწიეთ ამდენი ხარჯი, რომ მარტო შეესვათ, შეეთხვლიპათ ყველაფერი და არაფერში გამოგვდგომოდნენ?.. – წამოიძახა ზენათიმ, როცა გალაქტიონი მოუყვა თუ როგორ შეხვდნენ მას დაბაში. – იმისათვის გაგვაწევიეს ამდენი ხარჯი, რომ ოხერ ბაკულასაგან ვერ დაგვიფარონ?! აბა რაღა შეუძლიათ მაგათთანა ოხრებს!?

გალაქტიონი კიდევ იმედით იყო მათზე და ორჯელ-სამჯერ კიდევ მოიარა დაბა და ინახულა ვასილ ივანიჩიც და ალექსანდრეც; მაგრამ მისთვის არავის სცალოდა, მისთვის თავს არავინ იწუხებდა და, როგორც ეტყობოდა, მისი პურ-მარილიც დავიწყებას ეძლეოდა.

ახლა ბაკულასთან ერთად მათზედაც გული ჯავრით ევსებოდა გალაქტიონსაც და ზენათისაც.

– მოგიკვდეს ჩემი თავი თუ მაგაზე, მაგ უნამუსოებზე ჯავრი არ ვიყარე! რამე არ დავმართე! – გულმოსულად წამოიძახა გალაქტიონმა ერთ დღეს ზენათისთან.

– რა უნდა დამართო, ერთი შენ! – შეუტია ზენათიმ.

– იმ ჩემ პურ-მარილს წავამწარებ! წავამწარებ ორივეს, თუ კაცი ვყოფილვარ!.. მეგონა კაცები იყვნენ!

– არაფერი ისულელო კიდო… არასფერში გეეხვიო, თუ ღმერთი გწამს!.. კმარა ისიც რაც ჩვენს თავზედაა! – უთხრა ზენათიმ.

– ჩემს პურ-მარილს წავამწარებ! – დაჯინებით განიმეორა გალაქტიონმა. – კი!

გულნატკენმა გალაქტიონმა უკანასკნელ ხანებში რამოდენიმეჯერ მოიარა დაბა და ერთ დღეს მაზრის სამართველოშიაც მივიდა ალექსანდრესთან.

– რავა მშვიდობით ბრძანდები, შაშა? – მიმართა გალაქტიონმა მას.

– ვართ, შენი ჭირიმე!

– ბატონი ვასილ ივანიჩი? ხომ კარგად არის?

კარგად არი… მარა გალაქტიონ, გირჩევნია ნუ დაენახვები! – ღიმილით მიუგო ალექსანდრემ.

– რატომ, შენი ჭირიმე?.. საწყენი ჩემგან რა შეხვდა?

– შენგან არა პირადად… მარა შენი გამოისობით კი!

– რავა, რავა შენი ჭირიმე?.. გამაგებინე, შენ გენაცვალე! ღმერთო მომკალი! – შეწუხდა გალაქტიონი. – გამაგებინე, შენ გენაცვალე… რა იყო, რის თაობაზე?..

– რის თაობაზე და, შენსას რომ ვიყავით, ვიღაცას დანოსი მოუწერია მაზრის უფროსისათვის… უწერია უცნაურად თუ როგორ დავთვერით, ნამეტურ ვასილ ივანიჩი, როგორ დაგვერია ღორები, ევირიეთ ღორებში… რომ მთელი სოფლის სასაცილო გავხდით ვითომ… რომ უგრძნობელი ჩამოათრიეს სახლში… რა ვიცი რამდენი რამე ამისთანები… ერთი სიტყვით, რაც იყო, რაც არა… ათასი სისაძაგლე. გადარეული იყო მაზრის უფროსი, დეიბარა ვასილ ივანიჩი და ისეთი დღე დააყენა, რომ შენი მოწონებული… სამსახურიდან დათხოვას დაემუქრა, თუ კიდევ ამგვარი რამე განმეორდებაო… აბა!

– ღმერთო მომკალი! ღმერთო მომკალი! – გულში მუშტის ცემით ამბობდა გალაქტიონი.

– ჰოდა ეს მოხდა შენი მეზობლის შეშინებისათვის! მარა ის კი არ შეგვიშინებია, ჩვენ შეგვაშინეს უფრო, შენ გენაცვალე! სიცილით თქვა ალექსანდრემ. – სამსახურიდან კაცი დაგითხოვონ, ეხუმრები შენ?..

– ღმერთო მომკალი! – წუხდა გალაქტიონი. – რა ხალხი ვართ, რა ხალხი ვართ!.. ყველგან შური!.. ახლა რაი და, ამისთანა კეთილები გოუჩნდაო, და აღარაფერს ერიდებიან, რომ თქვენი თავი დამიკარგონ!.. ჰმ! რა უნდა ქნა კაცმა, რაობით უნდა იცხოვრო!? ვიცი ვისიც ნამოქმედარია ეს საქმე!.. რაობით დაუმტკიცებ, თვარა რაღა ლაპარაკი უნდა, რომ იმ ვაჟბატონის, ჩემი მეზობლის, ბაკულის ეშმაკობაა.. რა ლაპარაკი უნდა! მეტი ვინ იზამდა… ვის რა ენაღვლებოდა თქვენ მყოლებოდით! ქვეყანაზე მეორე არ მოიძებნება იმდაგვარი ყოვლად წამხდარი, გაფუჭებული, ზნედაცემული ადამიანი! თავს დავდებ თუ ეს მისი შტუკა არ არის!.. რაი და ჩემს ჯინაზე ვითომ!.. ღმერთო მომკალი, თქვენ რატომ შეგხვდათ ჩემი გულისათვის ასეთი უსიამოვნება, თვარა ის რაც კაცია, კი ვიცი!.. შაშა, ვნახავ ერთი ვასილ ივანიჩს!

– რათ გინდა?

_ ბოდიშს მაინც მოვიხდი, რომ ჩემი გულისათვის ასეთი უსიამოვნობა შეუხვედრებიათ!

– აჰ, თავი დაანებე! ისეთი გაჯავრებულია, რომ ყველა ჩვენებურს უშვერი სიტყვებით იხსენიებს!.. შენც უცნაურს რაცხას გეტყვის! ტყვილა გაალანძღვიებ თავს… ამ ერთ ხანზე მაინც ეერიდე! – ურჩია ალექსანდრემ.

– ღმერთო მომკალი! – შეწუხებით იმეორებდა გალაქტიონი. – ღმერთო მომკალი!.. რა ვქნა!.. მომსპო იმ კაცმა ყოველნაირად და ეს არის!.. ნეტავი კაცი მაინც იყოს!

ამ დროს ოთახში ვასილ ივანიჩიც შემოვიდა ქაღალდებით ხელში და რაღაც საქმე მოსთხოვა ალექსანდრეს. გალაქტიონმა მოწიწებით თავი დაბლა დაუკრა, მაგრამ ვასილ ივანიჩს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია და როცა მიუხედავად ამისა გალაქტიონმა მაინც მშვიდობა და კარგად ყოფნა უსურვა, მან წარბებშეკვრით წაილაპარაკა:

– ნუ ვას ვსეხ კ ჩორტუ!.. – და რაკი მოთხოვნილი საქმეც მიიღო, ოთახიდან გავიდა.

გალაქტიონმა მას თვალი გააყოლა და ისევ ალექსანდრეს მიმართა:

– შაშა, ოხერი კაცის გულისათვის ნუ გამრისხავთ თქვენი ჭირიმე!.. ყოველგვარად ნუ დააჯაბნიებთ ჩემს თავს, ჩემს ოჯახს იმ არაწმინდას!.. ამომიგდო, ამომიგდო ნამუშევარი. მადლობა ღმერთს ქონდეს, გოუძლებთ კიდევ, მარა იმ წყეულის წყალობით თქვენისთანა კეთილები რავა უნდა მეკარგებოდეს!.. თქვენი იმედით ვიყავი გაღონიერებული და მედგა სული!.. ნუ გამიმეტებთ, შაშა, ნუ დამღუპავთ, ნუ გამაგდებთ განზე უპატრონოდ!.. გაფიცებთ ყველაფერს!

და ამას ისეთ კილოთი ეუბნებოდა გალაქტიონი, რომ ალექსანდრესაც კი შეეცოდა იგი და არწმუნებდა, თავის მხიარული სიტყვით ანუგეშებდა, რომ იგი კვლავაც მისი შემწე და დამხმარე იქნებოდა სადაც კი გაუვიდოდა.

საღამოს შინ დაბრუნებული გალაქტიონი კი სიამოვნებით ეუბნებოდა ზენათის:

– იცოცხლე ორთავეს სიმწრის დღე მიჰყენებიათ!.. კი!.. ის რუსი კიღამ სამსახურიდანაც დაუთხოვიათ… გამშრალია, ხმას არ იღებს… იმ შენს ნათესავსაც ეტყობა კარგად მოხვედრია… არ ამხელს თელათ, თუ არა, იცოცხლე!.. ამით მაინც ვიჯერე გული!.. არ შეარგოთ ჩემი პურ-მარილი ჩემმა გამჩენმა!.. ხომ წავამწარე!..

– არ გაგიგონ, შე უბედურო, თვარა წამწარებას მაშინ იტყვი შენ! – უთხრა ზენათიმ

– გამიგონ, აბა!.. იმათმა სიცოცხლემ! საიდან გამიგებენ? იმის დამწერი ამ ნიადაგზე აღარ არის – ისეთი კაცი ვიშოვე!.. ნეტავი მეტი რამე შეიძლებოდეს მე ისინი არ დავზოგო და ვერც გამიგებდნენ ვერაფერს!.. ოხრები, ქვეყნის მძარცველები, თავისი თავის მეტი არავინ ახსოვთ, არავის ჯავრი აქვთ! დასწყევლა ღმერთმა ყველა, არავისაგან საშველი არ არის! ყველა გამჟლეტია, ყველა მძარცველია! – გამწარებით ამბობდა გალაქტიონი. – ამათზე ხომ ვიყარე გულის ჯავრი… მოუხდებათ!.. ერთ დღესაც გაწყვეტილან ყველა, ვისაც არ ვებრალებით! ყველა ერთ დღესაც გაწყვეტილან!

1920 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დარისპანის გასაჭირი

სურათი ერთ მოქმედებად

მოქმედნი პირნი

 

მართა ქვიტირიძისა,

პელაგია საბელაშვილისა.

ნატალია, პელაგიას ქალიშვილი.

დარისპან ქარსიძე.

კაროჟნა, დარისპანის ქალიშვილი.

ონისიმე მათარაძე.

ოსიკო ხარებაძე.

 

გამოსვლა პირველი

უბრალოდ მორთული ოთახი მართას სახლში.

მართა და პელაგია

მართა

ახლავე აქ მომიყვანე ჩემი ნათლული, პელაგია ჩემო!.. ამ საღამოს მესტუმრება ონისიმე მათარაძის ბიძაშვილის – ედუკიას შვილი… ხარებაძეს რომ ჰყავს, ეგებ ღმერთი შეგვეწიოს და ჩემი ნატალიას ბედმა გასჭრას!..

პელაგია

მიშველე, ჩემო ბატონო, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული… მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე… რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან მიხსენი. ერთი ვინმე პირველი მაშოვნინე და მერე მე ვიცი… საშველს არ ვაღირსებ, სანამ თითო სიძე თითო ცოლის დას არ გამათხოვებინებს… შენ არ მომიკვდე!..

მართა

ეგ ძალიან მოგიფიქრებია, პელაგია!.. ხა, ხა, ხა!..

პელაგია

უიმე, რას არ მოვიფიქრებ, შენ გენაცვალე, როცა ჩემისთანა ოხერ-გაჭირვებულს სამი გასათხოვარი სახლში მიზის და მთხოვნელი კაცი არსადა ჩანს!

მართა

კაი ოჯახის პატრონია, იცი!..

პელაგია

არ დავეძებ, შენ გენაცვალე!.. ცოდვისაგან მიხსნას, ქალიშვილობაში შვილი არ დამაბერებინოს და მის სიმდიდრეს რას დავეძებ!..

მართა

მერე თუ ღმერთმა ქნა და ყმაწვილმა სხვანაირი თვალით დეინახა ჩემი ნატალია – ეგებ არც კი დაგვჭირდეს რამე. ვინ იცის, რა თვალით შეხედავს! თუ არა და ერთი ათი, თხუთმეტი თუმნით მოვიტყუოთ (პელაგია ამოიოხრებს). აბა, შე ქალო, რას იზამ!.. ყოველისფერს ბედი უნდა…

პელაგია

ბედი უნდა… ბედი უნდა, ჩემო მაცხონებელო… ბედი უნდა…

მართა

რასაკვირველია!.. მერე, ნათლიდედა, ნატალიას უთხარი… მე ვეტყვი, მარა შენც უთხარი: ქე რომ გადაპრანჭვა და ტუჩის აბზუკვა იცის, თავი დაანებოს, თვარა გლახა საქმეს უზამს თავის თავსაც და დებსაც… თვითონაც ჩარჩება, ჩაბერდება ქალიშვილობაში და იმათაც ჩააბერებს!.. ნუღა იგვიანებ, პელაგია ჩემო!.. გასწი და ამწამსვე მოდით ორივე!..

პელაგია

ორივე დედა-შვილი აქ გავჩნდებით… რავა დევიგვიანებთ, შენ დაგენაცვლე! ცხონებას მპირდები!.. (მიიჩქარის კარებისაკენ, გამობრუნდება) შენ დაგენაცვლე, კაბა რომელი ჩავაცვა? შენ სინათლიან თვალებში რომელი უფრო მოუხდება?.. შავი, შენი ჭირი შემეყაროს, თუ… ყველა შენი ნაჩუქარი აქვს…

მართა

ნატალია თვითონ ამოირჩევს!..

პელაგია (კარებთან მისული გამობრუნდება)

პიჩოჩკა გეიკეთოს თუ დეიმწნას? ბედად წუხელი თავიც დეიბანა…

მართა

პიჩესკა… პიჩესკა გეიკეთოს.

პელაგია

კი, ჩემო სინათლევ, ჩემო მაცოცხლებელო!.. მე უბედურს ნაცარში ამოგლიგნილ დედაბერს, ამისთანების რა გამეგება!.. (გაექანება კარებისაკენ, უცებ გამობრუნდება და მორიდებით დაიწყებს) ერთი რამ მინდა მოგახსენო, ჩემო ღმერთო, ჩემო ყველაფერო… მარა ნუ შემრისხავ ჩემი ჭკუამოკლეობისათვის… ჩემს გამოჩერჩეტებულობისაგან ნურას მიწყენ, შენი ჭირი შემეყაროს!..

მართა

რაა?

პელაგია

ნუ გეწყინება ჩემი უგუნურობა და სისულელე!..

მართა

კაია, თქვი რა არის? რა გინდა?

პელაგია

ყველაფრის მეშინია… მე უბედურს…

მართა

მომკალი, პელაგია, და ეს არის!.. თქვი, შე ქალო, რა გინდა?

პელაგია

რომ დამიწუნოს!.. სალაპარაკოდ შექმნიან… უარესად გაჭირდება, შენ გენაცვალე, კაცის შოვნა… დაწუნებული ქალიშვილის ამბავი თვითონაც იცი, ჩემო ცხონებავ…

მართა

აბა მიდღემჩი სხვასთან ვერაფერი გითქვამს შენი ქალიშვილებისათვის და ეგ არის! მე რაღაც მეგონა! დაწუნებაზე სიტყვა ნუ იქნება, თვარა ისეთ დასაწუნს გამოვუნახავ მთქმელს, რომ ვაი-ვუი იძახოს!.. შენ, ბატონო, ისე ქენი, რაც მე გითხარი… ჩემი ნათლული მომიყვანე აქ!..

პელაგია

შიში მალაპარაკებს მე უტვინოს. ყველასი მეშინია! შვილების შიშიც კი მაქვს… რომ რამე საწყენი შეხვდეთ, უნდათ მომკლან, ისე შეუბრალებლად მეკიდებიან!..

მართა

ეგ მე და ჩემმა ნათლულმა ვიცით… წადი, წადი, ნუღა იგვიანებ!..

პელაგია

მივდივარ, მივდივარ, ჩემო სიცოცხლევ!.. არაფერი გეწყინოს, ჯვარი დაგწერე!… ახლავე აქ გავჩნდებით!.. (აჩქარებით გავა).

გამოსვლა მეორე

მართა, შემდეგ დარისპან და კაროჟნა

მართა

(შემობრუნდება, მივა ფანჯარასთან).

ეს ვინაა!? ჩვენსა ჩამოუხვია… უიმე! დარისპანი თავისი ქალიშვილით!.. დასწყევლა ღმერთმა, საიდან გაჩნდა? საიდან მოეთრევა? (გავა). მობძანდით, მობძანდი, დარისპან ჩემო!..

დარისპან

აქა მშვიდობა!..

მართა

უი, შენ დაგენაცვლა მამიდაშენი!.. რამხელა გაზრდილა… რავა დამშვენებულა… პირველად რომ შემოგხედეთ, ვერც კი გიცანი… დაბრძანდი, დარისპან ჩემო!.. რავა მშვიდობით, შენ გენაცვალე?..

დარისპან

გახლავართ, მართა ჩემო…

მართა

ჩემი რძალი ხომ კარგადაა?

დარისპან

მადლობელი ვარ… ვართ ისე, მართა ჩემო… რავარც მოგეხსენება ჩვენისთანების ამბავი… შენ რაღა დაგიმალო, მართა ჩემო, ჩემი სისხლ-ხორცი ხარ – აგერაც წელში გავწყდებით… ნამეტან გაჭირვებაში ვიმყოფებოდით, მარა ამ ქალიშვილებისაგან უფრო გვემატება გასაჭირი, შენ გენაცვალე… შენ გაშორა ღმერთმა ეს დღე, ჩვენ რომ გვადგია… ერთი გყავდა და ქე მოახერხე მისი გათხოვება. ჩვენ კი ერთობ გაწვალებული შევიქენით, მართა ჩემო… ოჯახს ვერ ნახავ, რომ სამი და ოთხი ქალიშვილი არ ჰყავდეს გასათხოვარი და მთხოვნელი კი არსადაა, შენი ჭირი შემეყაროს… არსად არის! რაღაც უბედურობამ გული შეუცვალა ახლანდელ ყმაწვილებს… აღარ ეკიდებიან ოჯახობას… ე გოგოები კი გვიყრიან სახლში და გვიბერდებიან საცოდავად სახლში… ამას წინათ მაშვლით მაინც მოახერხებდა კაცი საქმეს, ახლა იმათაც მიანებეს თავი, მაშვლობას აღარ ჰკიდებენ ხელს – ვერასფერი გამოსარჩენი ხვდებათ და ტყვილა წანწალით როდიღა იწუხებენ თავს… სხვა გზა აღარ გრჩება გასათხოვარის პატრონს – ისევ შენ თვითონ გამოძებნო და მონახო სადმე სასიძო… არ დაგიმალავ, ჩემი სისხლ-ხორცი ხარ, შეხვალ ჩემს გასაჭირში, დავათრევ ამ ჩემს ქალბატონს ყველგან – ნათესავებში, კეთილებში, დღეობებში, – ეგებ ვისმეს ან მოეწონოს, ან ვინმემ სხვანაირ გუნებაზე თვალი გადაავლოს და გამანთავისუფლოს მაგისაგან… სად არ ვყოფილვარ, ცის კიდე მაქვს მორებული, მართა ჩემო – არაფერი იქნა!.. ახლა აგერ ერთმა, ჩემი ცოლის ნათესავმა, შემომითვალა, მომიყვანეო… ვიღაც ყმაწვილი ყოლია სახეში – ვაჩვენებო… მიმყავს იქ… აბა რა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს?.. უწინ თავად მოდიოდნენ სანახავად, ახლა შენ უნდა მიუყვანო… რას იზამ!.. წანწალმა მომკლა, მართა ჩემო… ეგებ ერთი კი გავათხოვო, მარა-რა, მადლი აღარ აქვს ამისთანა გათხოვებას!.. შენთან შემოვუხვიე, ეგებ ცოტა დევისვენო და შენც კარგა ხანია აღარ მინახავხარ…

მართა

ბედია, დარისპან ჩემო… ყველაფერში ბედი მუშაობს… სანამ თავის ბედს არ შეეყრება, არაფერი არ იქნება… მოვა…

დარისპან

შე დალოცვილო, სანამ თავისით მიაგნებდეს, ე შვილი კიდეც დამიბერდა, დამიუშნოვდა!.. დამახინჯებულსა და დაგლახავებულს რომ შეხვდა საბედო, კი აღარ მოჰკიდა ხელი, ქე დეიწუნა…

მართა

ამისთანა კარგ გოგუნის ვინ დეიწუნებს, რას ამბობ, შე კაცო?.. ყოველთვის მოიწონებენ…

დარისპან

მოიწონებენ კი არა!.. სისხლი გამიშრო მე მაგან, მართა ჩემო, სისხლი გამიშრო!.. ამ გზაში სულ იმას ჩავჩიჩინებ – აი, ბოშო, სხვას რომ დეინახავ, თამამად იყავი, ხმა ამოიღე, ენა მუცელში ნუ ჩაგივარდება, დაანახვე, რომ მუნჯი არა ხარ… შენც არ მომიკვდე, ვერასფერი შევასმინე! – რავარც ვინმე გარეშეს თვალს მოჰკრავს, ქეც დამუნჯდება, ქეც დაყრუვდება, ქეც დაკუტდება… დაჯდომა თუ ერთი მოასწრო, ააყენებ ზეზე? ისე დეეკოსება ერთ ადგილას, რომ ვერას გზით ვერ ააგლეჯ ზევით… მომკლა მე მაგან!.. ვინ უნდა მოიწონოს?.. სახლში კი, მართა ჩემო, ოთხივე რომ ლაქლაქს მოჰყვებიან, ზედ შენი რძალიც დეერთვის – ჰმ, ყურთასმენაა წაღებული, მართა ჩემო.

მართა

კი, მამიდა, თამამად უნდა იყვე ყველასთან… ხმაც უნდა ამოიღო… დეელაპარაკო კიდეც… თუ ყმაწვილი შეგხვდა – უნდა გაუსრიალ-გამოუსრიალო თვალწინ… ვინ იცის, რა თვალით შემოგხედავს!.. თავი უნდა მოაწონო… უფრო მალე გათხოვდები, მამიდა!

დარისპან

სხვებრ, იცოცხლე, მართა ჩემო, ერთობ მარჯვე არიან; ნამდვილ საოჯახო ქალები დარჩებიან… ხელსაქნარი, მე შენ გეტყვი, არ ემარჯვებათ და არ იციან!.. წვრილფეხის მოვლა, ფრინველის მოშენება. რამდენი ფრთა ქათამი გყავდა წრეულს, ბოშო?

კაროჟნა

ორასი გამოტეხა… მარა ჭირმა გაგვიწყვიტა…

დარისპან

აბა, აბა!.. ერთობ დაგვაზარალა, მართა ჩემო, ჭირმა!..

მართა

არაფერია… გაისად უფრო მეტს მოაშენებს…

დარისპან

არ მინდა, შენ გენაცვალე!.. ქათამსა და ბატს სამიდღემჩიოდ დავთმობ, ოღონდ კი მაგას პატრონს მოვუნახავდე!..

გამოსვლა მესამე

იგინივე, პელაგია და ნატალია

პელაგია (მართას ჩუმად)

ხომ არ დამგვიანებია, შენ გენაცვალე?

მართა

არა, არა! დარისპან ქარსიძე… მათი ქალიშვილი… ღმერთო მომკალი, ფუი ჩემს მახსოვრობას!..

დარისპან

კაროჟნა, მართა ჩემო, კაროჟნა!..

მართა

დავბერდი მე უბედური… გულმავიწყი შევიქენი!.. კაროჟნა, ჩემი ნათლიდედა პელაგია საბელაშვილისა… ჩემი ნათლული, მათი ქალიშვილი.

დარისპან

დიდად სასიამონოა!.. სასიამოვნოა!..(ისევ ჯდება).

მართა

ნატალია ჩემო… მოდი შენ გენაცვალე, შენთან ცოტა საქმე მაქვს! (გავლენ).

გამოსვლა მეოთხე

პელაგია, დარისპან და კაროჟნა

დარისპან (მოკლე სიჩუმის შემდეგ)

აქაური მცხოვრები ბძანდებით?

პელაგია

აქაური, ჩემო ბატონო!.. თითქმის მეზობელი ჩემი მართასი…

დარისპან

კაი დაგემართოსთ!.. (მოკლე სიჩუმის შემდეგ) ერთობ მარჯვე ქალია ეს ჩემი ნათესავი ქალი, ჩვენი მართა.

პელაგია

ნუღა ბძანებთ!.. მაგით გვიდგია მთელ ამ კუთხეს სული!.. მაგაა ჩვენი შემხედვარე, ჩვენი შემბრალებელი, დამრიგებელი, რჩევის მომცემი და მწყალობელი!.. უმაგისოთ რა გვეშველებოდა, ჩემო ბატონო?

დარისპან

ჰმ, საკვირველია… სადაც კი ფეხი ჩადგეს ჩვენი გვარის ქალებმა – ყველგან სასახელოდ უჭირავთ თავი… დიდი ღვთის წყალობაა, თქვენ ნუ მომიკვდებით, ასეთი ამბავი!.. ასეთი სიკეთე გვაროვნობით რომ დაჩემდება… სახელს უკეთებს გასათხოვრებსაც!..

პელაგია

კაი ოჯახი კაი შვილს გაზრდის, ჩემო ბატონო, რაღა ლაპარაკი უნდა…

დარისპან

ჭეშმარიტი ბძანებაა!.. სწორედ ასეა!.. უკაცრავად, ვერ გევიგონე კარგად თქვენი სახელი…

პელაგია

პელაგია, ბატონო ჩემო…

დარისპან

ჭეშმარიტი ბრძანებაა, ბატონო პელაგია… თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ კაი ოჯახები გვაქვს გვარში… თუ ყველას არა… ზოგიერთებს მაინც… ჩემს თავზე მოგახსენებთ – რომ მობრძანდეთ ჩემს ოჯახში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვერასფერს დამიწუნებთ, თქვენ არ მომიკვდეთ!.. ერთობ გაწყობილი ოჯახი მაქვს!..

პელაგია

ღმერთმა მოგცეთ, ჩემო ბატონო!

დარისპან

შვილებიც ისეთები დამეზარდნენ, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, ვის ოჯახშიც შევლენ – ოჯახს გაანათლებენ, ისეთი ქალიშვილები მყავს, ბატონო პელაგია!.. მამა ვარ და ვერ ვარჩევ, რომელი რომელს სჯობია!.. რა არ იციან? ერთი თვალი რომ რამეს მოჰკრან, მეტი არ უნდათ!.. ამას წინათ სადღაც ენახათ… კარხმალს რომ ახლა უშვებიან… რას ურევთ, ბოშო, ამასწინათ რომ მაყიდინეთ… შაურის იყო?

კაროჟნა

ბურია!…

დარისპან

დიახ, დიახ, ბურია… ისე აპრიალებენ, კარხმალიანი თუ რამე შეხვდათ, რომ რომელი ქალაქის მრეცხავი მოახერხებს!..

პელაგია

დიდი ღვთის წყალობაა, ჩემო ბატონო!..

დარისპან

ისე არიან გადამკვდარი საქნარზე, რომ გარეშე მოსამსახურე არც ბიჭი და არც გოგო ახლოს არ გეიკარეს… სახლში არ შემომაყვანიეს… თავის ხელით უნდათ აკეთონ ყველაფერი!.. ღვთის წყალობაა ქალიშვილი ოჯახში!.. თქვენ რამდენი გყავთ, ბატონო პელაგია, ქალიშვილი?

პელაგია

სამი, ბატონო! თქვენ?

დარისპან

მე… ამიანათ ოთხი!.. დიახ, ოთხი!.. მარა გათხოვება მეძნელება.

პელაგია

ჭირს, ბატონო… ერთობ ჭირს!..

დარისპან

არა… მენანება მოშორება!.. კაი ოჯახში ნამყოფი, კარგად შენახული, თუ ისევ ხეირიან ოჯახში არ ჩააგდე, ცოდვაა… ამიტომ უფრო არ ვეჩქარი მაგათ დათხოვებას… თვარა მთხოვნელები ბევრი დამიდიან!..

პელაგია

ვისაც შეუძლია ქალიშვილის შენახვა, რა შეაწუხებს…

დარისპან

ვწუხვარ კი არა… ჰმ, ჩემისთანა მოლხენილი კაცი არ მეგულება!.. არაფერი არ მაწუხებს!.. მივდი-მოვდივარ ამ ჩემს ნათესავებში, კეთილებში, ნაცნობებში… ყველგან კარი ღიად მხვდება, ყველგან უხარიათ ჩემი ნახვა…

პელაგია

ღმერთმა კეთილად გარონიოთ, ჩემო ბატონო!.. (ამოიხვნეშავს) ღმერთმა სიკეთე გმატოსთ!.. მოგახსენებენ, ბედნიერი ადამიანის დანახვით გაჭირვებულს გული გეეხსნებაო…

.

გამოსვლა მეხუთე

იგინივე, მართა და ნატალია

მართა

მოდი, მამიდა, რიგიანად ხმა გამეცი.

დარისპან

მიდი, ბოშო!.. (ხმადაბლა). მართა ჩემო, გზაში ცოტა გევილახე… წინ კიდევ გვარიანი გზა მაქვს გასარები… ერთი თუ თავი არ წავდევი, თვალი არ მოვხუჭე – მოვკვდები კაცი!.. ავდგები მერე და გავუდგები ჩემს გზას, მეშინია არ დამაგვიანდეს იქ მისვლა… ეგებ მეშველოს რამე…

მართა

კი, შენი ჭირიმე… წამობრძანდი! (მიუძღვება ოთახში).

დარისპან

ბოშო, წამო შენც, ლაფჩინს გამხდი! (გავლენ).

გამოსვლა მეექვსე

პელაგია, ნატალია და შემდეგ მართა

ნატალია

ვინ არიან ესენი? (ეცინება).

პელაგია

კაია, კაი… ყველას შენ უნდა გაცინო!.. გოულანძღე ნათლიაშენს ნათესავი – აამებ ძალიან… ფუი, თქვენს ჩვეულებას!..

ნატალია

დამამუნჯე ახლა!.. ხმას ნუ ამომაღებინებ, ჰო!

პელაგია

გაჩუმდი, გეუბნები!.. რჩება აქ, შენ გენაცვალე?

მართა

წეიძინებს… ადგება და წავა თავისთვის…

პელაგია

ვაი თუ ის ყმაწვილი მაგის წასვლამდის მოვიდეს!..

მართა

მერე რა? (ნატალია ვითომდა ყურს არ უგდებს, ფანაჯარაში იყურება).

პელაგია

ოთხი ქალიშვილი ჰყოლია… თუ ყმაწვილი მოეწონა, ეგებ ქე შეაძლიოს ქალიშვილი… გადიყოლიებს… შეძლებული ყოფილა…

მართა

ვინ? დარისპანი? საიდან გეიგე მაგ, პელაგია… ვინ გითხრა თუ გიყვარდე?

პელაგია

თვითონ, შენ გენაცვალე!.. თვითონ გადმომიშალა მთელად თავის ოჯახის ამბავი!

მართა

შეძლებული ვარო?.. უი მაგ უბედური, რომ არ შეუძლია გარეშესთან არ მორთოს თავის ტრაბახობა!.. შენთან მაინც რაღა ატრაბახებდა? რა ჩვეულება სჭირს მაგ უბედურს!..

პელაგია

მე კი გადამრია. ისეთები მომიყვა… (იცინის) გაქცევა ვიფიქრე, შენ ნუ მომიკვდები… თუ ყმაწვილი მოეწონა-თქვა, მაგასთან მე ვიღა დამიწყებს ლაპარაკს-თქვა…

მართა

თუ გინდა მართლა მდიდარი ყოფილიყო, მერე ამისთანა გვრიტუნიას გავაქცევდი მის ქალიშვილთან, ღმერთო მომკალი?! (ნატალიას) კარგი ხარ, შვილო… ყველაფრით კარგი ხარ, მარა ერთი რამ მაინც უნდა გითხრა… დრო მოვიდა, შვილო, ისეთი, რომ ყველა წუხს, ყველას ნამეტანი გასაჭირი ადგია… ყმაწვილები ისე შეშინდნენ, რომ ოჯახის მოკიდებას ერიდებიან, ქალიშვილებს ხელს აღარ კიდებენ… ამისთანაში, შვილო, ჩხრეკა-ძიება და რჩევა თუ აზარალებს ქალიშვილ ქალს, თვარა სიკეთეს არ დააყრის… თუკი ვინმე გამოჩნდეს ღვთისნიერი, ცოლად წაყვანა მოგინდომოს, ნუღარც კი კითხულობ რამეს… ორივე ხელებით ჩეებღაუჭე, – არსად წაგივიდეს!.. მადლობაც უთხარი, რომ სხვას შენი თავი არჩია… თვარა ეგ შენი სილამაზე გაგიქრება, ხანიც გადაგივა და მერე აღარც კი შემოგხედავს ვინმე – ჩაბერდები ქალიშვილობაში, შვილო… ისეთი დრო მოვიდა, რომ ქალიშვილის გათხოვება ყველასათვის ნამეტანი გაჭირდა, შვილო… თუკი კაცი გამოჩნდა, რომ შენი ჭმევა, სმევა, ჩაცმა-დახურვა იკისროს – ნურც კი კითხულობ ბევრს მისას…

პელაგია

ყური უგდე, ყური უგდე, შვილო!.. ოქროდ უნდა გიღირდეს თითო ამისთანა დარიგების სიტყვა!.. ამ შენი ნათლია-ბატონის მაინც შეისმინეთ რამე!.. ჩემი სიტყვა ახლოსაც ხომ არ გეიკარეთ!.. რა გიყოთ მე უბედურმა!.. სამი მყავხართ… სამივე გასათხოვრები… სხვისი მაინც გაიგეთ, თუ ჩემი არ გესმით…

ნატალია

მესმის, ბატონო, მესმის!.. ყრუ ხომ არა ვარ, დედა…

პელაგია

შებზიალდი, შებზიალდი შენებურად! ნათლიაშენსაც ნუ დაერიდები!

მართა

კაი, პელაგია, კაი! ესმის, აბა არ ესმის?..

პელაგია

სიცოცხლე მაქვს მაგათგან გამწარებული, ჩემო შემწყალებელო!..

მართა

დაწყნარდი… დამშვიდდი… ეგებ ამ საღამოს ღმერთმა გაგვახაროს…

პელაგია

ვინ მოესწრება მაგას, შენ სულს ვენაცვალე!.. გული მაქვს გატეხილი, კი აღარაფერი მჯერა…

მართა

მხნედ იყავ, პელაგია!.. აბა, შვილო, რავარც გითხარი… ყველაფერი თავთავის დროზე, შენებურად კოხტად შემოიტანე ყველაფერი…

ნატალია

კი, ბატონო!

მართა

შემოგხედოს, რა ჩიტუნია გვყავხარ… ეგებ ისეთი თვალი გადაგავლოს, რომ თავათ შემოიხვეწოს შენი თავის მიცემას! შენისთანა ლამაზი და კოხტა ქალიშვილი ხანდახან ერთი თვალის დახამხამებაში გააგიჟებს ზოგიერთ ყმაწვილს… თვალია ყოველისფერი!.. ამიტომ უნდა ეცადო, სხვანაირად დაანახვო შენი თავი, ქალიშვილმა ქალმა!

პელაგია (ხშირად ფანჯარაში იმზირებოდა).

მოდის, მართა ჩემო… მოდის… ნატალია… შვილო!.. (მივარდება კაბის გასასწორებლად) თმა, თმა გეისწორე!..

მართა (გადაიხედავს).

კი, ის არის… აბა, შევეგებოთ, ნატალია ჩემო! (მიდის).

პელაგია (აფუსფუსებული).

მართა ჩემო… შენი ჭირი შემეყაროს… ერთი თვალი გადაავლე… ურიგოდ არაფერი ჰქონდეს! (ნატალია წყრომით გადმოხედავს).

ნატალია

თავი დამანებე, ბატონო…

მართა

არაფერი არ უნდა, პელაგია… გვაცალე, ბატონო!.. (გავლენ).

პელაგია

ღმერთო, შემეწიე… ღმერთო, შემიბრალე… ღმერთო, მოხედე ჩემს გაჭირვებულ ქვრივ-ოხრობას!.. (იხედება გარეთ) ღმერთო, აღირსე ბედი ჩემს ნატალიას!.. ღმერთო, ბედნიერი და კეთილი თვალით შეახედვინე ჩემი შვილისათვის! (ისწორებს კაბას და თავსაფარს).

გამოსვლა მეშვიდე

მართა, პელაგია, ნატალია, ოსიკო და ონისიმე

მართა

მობრძანდით, თქვენი ჭირიმეთ… მობრძანდით!..

ონისიმე

აქა მშვიდობა!.. ოხ, ბატონ პელაგიას ვახლავართ!..

მართა (აცნობს ოსიკოს).

ჩემი ნათლიდედა გახლავსთ, პელაგია საბელაშვილისა… დაბრძანდით, ჩემო ბატონო!.. ღმერთო ჩემო, რავა შეუმჩნევლად ვბერდებით!.. გუშინდელი ბაღანა… ახლა რას ვხედავ: დაწვერულვაშიანებული ვაჟკაცი და რა ვაჟკაცი კაცი! შენ გენაცვალე… რა ბედნიერი ქალია ჩემი ივლიტა! ხომ კარგადაა, შენ გენაცვალე?

ოსიკო

გმადლობთ, კარგად გახლავსთ…

ონისიმე

დიდი მეოჯახე ქალია… დიდი მეოჯახე!..

მართა

არ ვიცი?!. აი, ბეჩა, რა მეგობრობა გვქონდა ერთ დროს… უერთმანეთოთ სულს არ დავბერავდით… ბედნიერი ქალია!

ონისიმე

კიდევ უფრო ბედნიერი იქნებოდა, რომ მისი უფროსი ვაჟის შვილი დეენახა… ერთობ წუხს, რომ რძალი სუსტი ქალი გამოადგა შვილოსნობაში…

მართა

მის ადგილზე სულაც არ ვიჯავრებ მაგაზე!.. ერთს არა ჰყავს – მეორეს ეყოლება!.. სხვის ხელში ხომ არ გადავა მამული!.. აგერ, ჩემს ოსიკოს არ შეეძინება?! მზითვიან ქალს მზითევით თავს აღარ მოატყუებინებს… მზითევი, თუ კაცი მართალს იტყვის, ქალის ნაკლებულობის შესავსებია, ღმერთმანი!.. ჩემი ოსიკო სხვებსავით ვაჭრობას არ იკადრებს… შეხვდება სადმე ერთ ლამაზ, კოხტა ქალიშვილს და თავათაც გულს გეიხარებს და დედასაც გაახარებს მისი შერთვით!.. ასე არაა, ოსიკო ჩემო? (ოსიკო იცინის).

პელაგია (თავისთვის)

შენ დაგენაცვლე მაგ მოქარგულ ენაში!..

მართა

რასაკვირველია… რასაკვირველია!..

ონისიმე

მზითევი მაინც არაა დასაკარგავი ყმაწვილებისაგან, ბატონო მართა!..

პელაგია (თავისთვის).

გაგიხმა ენა!..

ონისიმე

ჩემს რძალს რომ მზითევი არ მოჰყოლოდა, სწორედ არ შემოვუშვებდი შვილს სახლში… ყმაწვილმა თავი უნდა დეიფასოს…

მართა

ჩვენ ძველებურად ვირჯებით, ბატონო ონისიმე!.. ახლანდელი ყმაწვილები მოწონებას უყურებენ მარტო… მოწონებით იციან საქმის გათავება… არა, ოსიკო ჩემო? ი შენი კაი დედა ნუ მოგიკვდება?

ოსიკო (ღიმილით).

კი, ბატონო!

ონისიმე

მამა გიცხონდება!

მართა

რასაკვირველია!.. ჭკვიანი, დინჯი, გაგებული ახლანდელი ყმაწვილი კაცი მზითვის გულისათვის არ დაჰკარგავს კარგს, ლამაზს, კაი ხასიათის და საოჯახოდ გამოსადეგ ქალს!.. არა, ბატონო ონისიმე?.. ტყუილს ვამბობ, ოსიკო ჩემო, შენ გენაცვალე?

ონისიმე

კი, ბატონო მართა…

მართა

გვაცალეთ, ბატონო!.. (ოსიკო იცინის, შემოდის კაროჟნა). დარისპან ქარსიძის ქალიშვილი გახლავსთ! (კაროჟნა ხელს ჩამოართმევს და დაჯდება თავისთვის) მართალს ვამბობ, თუ ვტყუი, ოსიკო ჩემო?

ოსიკო

მართალია!

მართა

აბა, რა!..

ონისიმე

თქვენ ნუ მომიკვდებით, თქვენმა შვილმა რომ უმზითო მოგაყენოსთ კარზე…

მართა

შემობრძანდი-თქვა, ვეტყვი და პირველ ადგილზე დავსვამ, თუკი იმისთანა ქალი დამანახვა, რომ თვალსაც იამა და გულსაც… ისე მე ვიცოცხლო, ასე ვქნა!.. კი, ბატონო ონისიმე! მარა მარტო ეს მუსაიფი ხომ არ გვეყოფა, ეს ღმერთმაც იცის და კაცმაც… (სიცილით გავა, მას მიჰყვება ნატალია, მერე პელაგია. ამათ შემდეგ კაროჟნაც შებრუნდება ოთახში, სადაც მამა მისი წევს).

გამოსვლა მერვე

ოსიკო და ონისიმე

ონისიმე (ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ)

ეს ჩვენი მასპინძელი რაღაც კრიმანჭულებით გველაპარაკება… მგონი, იმ თავისი ნათლულის თავი უნდა რომ მოგაწონოს… უკან რომ გეიყოლია მიფრინია-მოფრინია!..

ოსიკო

აქვს რამე?

ონისიმე

ამ აბზეკილი ცხვირისა, წვრილი ტანისა, შეღებილი წარბებისა და მარდი ფეხების, რასაც ხედავ, მეტი არაფერი, ბიძიკო.

გამოსვლა მეცხრე

იგინივე, დარისპან, შემდეგ კაროჟნა

დარისპან

აზნაური დარისპან ქარსიძე!..

ონისიმე

ვეღარ მიცანით, ბატონო დარისპან?.. ჩემი ბიძაშვილის შვილი ოსიკო ხარებაძე!..

დარისპან

ოჰ, ღმერთო მომკალი!.. მაპატიეთ, ბატონო ონისიმე, ხშირად ამ ბოლო დროს გზაში ვარ ხოლმე გაკრული… ერთობ ვილახები და იმის გამო… ეს ბავშვიც კი გამელახა ნამეტანი!.. რას იზამ, ბატონო ონისიმე – ოჯახის პატრონი კაცი ვერ დაკარგავ ვერც ნათესავს, ვერც კეთილს, ვერც მოყვარეს… ამას კი დიდი მისვლა-მოსვლა სჭირდება.

ონისიმე

მართალი ბრძანებაა!.. დიდი ხანია აღარ გვინახავს ერთმანეთი…

დარისპან

კარგა ხანია, ბატონო ონისიმე… ოჯახს ვუნდები… დიდი სამძიმო საქმეა ოჯახი, ბატონო ონისიმე… თელათ კაცს მოგინდომებს… ნამეტურ, როცა შენდა გუნებისად გაქვს მოწყობილი…

ონისიმე

მართალია… მართალია!..

დარისპან

როცა ოჯახში გეგულება რამე!. უნდა მოგახსენოთ, წინათვე ურიგო ოჯახი არ გვქონია… მარა ჩემი მეცადინეობით, – თამამად შემიძლია მოგახსენო, – სწორედ რომ კარგად მოვაწყე ამ ბოლო დროს. გიამებათ, რომ შემობრძანდეთ, ბატონო ონისიმე, თქვენ ნუ მომიკვდებით!.. პურით, ღვინით, სასმელ-საჭმელით!.. ერთობ შევმატე, ონისიმე ჩემო!.. ნამყოფ კაცსაც იამება… გადავყევი კი!..

ონისიმე

დიდი ამბავია კაი ოჯახი, ბატონო დარისპან!.. დიდი შეღავათია!.. იმით მაქვს გული გახსნილი, ოჯახი რომ სავსე მეგულება!.. თქვენ ნუ მომიკვდებით, დარისპან, ჩემი თეთრი ღვინო რომ გამახსენდება, – ერთი ხუთი საპანე მისხია, – გულს იმწამსვე ყოველივე დარდი გადამეყრება…

დარისპან

კმაყოფილად რომ მიყურებენ, თქვენ ნუ მომიკვდებით, ისეთი პირები მსტუმრობენ, რომ ზოგიერთ თავადიშვილს არ იკადრებენ… ჩემ ოჯახში კი მოუხარიათ!.. (სიამოვნებით იცინის) დიდ პატივისცემაში ჰყავთ ამ უცხო და განათლებულ პირებს ჩემი ცოლ-შვილიც…

ონისიმე

დიდი განძია კაი ოჯახი!.. დიდი განძია, დარისპან ჩემო!.. მარა დიდი სადავიდარაბოც, – კარი მუდამ ღია უნდა გქონდეს… სტუმრიანობასა და მისვლა-მოსვლას დიდი ამბავი სჭირდება!.. ვისაც არაფერი აქვს, უფრო თავისუფლადაა, თქვენ ნუ მომიკვდებით… ჩვენ ნამეტანიც გვემართება ხშირად…

დარისპან

უნდა გავუძლოთ!.. (ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ) ქალიშვილები რამდენი გყავთ, ონისიმე ჩემო?

ონისიმე

სამი…

დარისპან

ისემც კაი დაგემართოსთ!..

ონისიმე

კაი არაა, მარა რა ვუყოთ… თავთავისი ყველას გადადებული აქვს… ვისაც ამოირჩევენ და მოიწონებენ, იმას გავატან, თუ არა და იყვნენ… ჩავაცმევ, დავახურავ, ფეხშიშველს არ გავარონიებ და…

დარისპან

დიდი ღვთის წყალობაა!.. სანამ კარგ ყმაწვილს არ შეხვდება, არც კარგი მშობელი და არც გონიერი გასათხოვარი, რასაკვირველია, საქმეს არ გადასწყვეტს… იცოცხლეთ, მთხოვნელები ბევრი დამიდიოდეს… მარა, სანამ კარგს არ შევხედავ, რაზე გავაგდო ჩემი მასიამოვნებელი ქალი ოჯახიდან?

ონისიმე

ნამდვილია… ნამდვილია!..

გამოსვლა მეათე

იგინივე, მართა, პელაგია და ნატალია

მართა

(ნატალია აწყობს სუფრას)

ნურას უკაცრავად, ბატონებო, ასე მიგატოვეთ! ჩემი მარტოხელობის ბრალია… (ოსიკოს) ასე აწვალებთ ახლანდელი ყმაწვილები მოხუცებულ დედებს დროზე შემფარავის მოუყვანლობით!.. კაია, რომ კიდევ ამისთანა მარჯვე ნათლული მყავს!..

ონისიმე

აგერ ძველი ნაცნობობა განვაახლეთ, ბატონო მართა, მე და ბატონმა დარისპანმა და საგულისხმიერო მუსაიფში გავებით…

მართა

კაი დაგემართოსთ!.. მაგას რაღა სჯობია! (ოსიკო ონისიმესთან გადადის).

დარისპან

კაროჟნა ბოშო, შენ რავა გაჩერებულხარ? დატრიალდი შენებურად!.. მამიდაშენს მოეხმარე!

მართა

რაზე მიწუხებ, დარისპან?

დარისპან

რა შეაწუხებს?! მე შენ გეტყვი, არ ემარჯვება მაგისთანები!

მართა

იყავი, მამიდა!.. მყავს ამისთვის აგერ ჩემი ნათლული!

დარისპან

მუხლებს მაინც გეიმართავს: ზეზე არ ამდგარა რა ხანია!.. ჰო, მიდი ბოშო!.. (კაროჟნა ხან რას შემოიტანს, ხან ისე დაჰყვება ნატალიას. დარისპანი ხმა დაბლა მართას) მართა ჩემო, ეს ყმაწვილი ცოლსათხოვი უნდა იყვეს ვატყობ, ისე გამოიყურება…

მართა

არ ვიცოდე, შენ არ მომიკვდე!..

დარისპან

კი, ასე უნდა იყვეს!.. უნდა მომეხმარო, შენ გენაცვალე!..

მართა

რაში?

დარისპან

კაროჟნა უნდა შევაძლიო… ბიძამისს შემიძლია მივმართო, – ერთობ პატივისმცემელია ჩემი,- სიხარულით კიღამ გადაირია, რომ დამინახა, მარა შენი სიტყვა მირჩევნია, მართა ჩემო!.. ახლავე უნდა გადამიწყვიტოს!..

მართა

დარისპან, ასე რავა დავეტაკო… ჯერ ფეხიც არ შემოუდგამს სახლში… სამერმისოდ გადავდვათ…

დარისპან

სწორედ არ შემიძლია!.. მერე სადღა ვსდიო მაგას – აგერ მყავს და ბარემაც ახლავე გავიგებ ყველაფერს!..

მართა

დარისპან, რომ დამკლა, არ შემიძლია ახლა მაგაზე ლაპარაკი!..

დარისპან

უკაცრავად შეწუხებისათვის!.. (განშორდება უკმაყოფილოდ) დასწყევლოს ღმერთმა, შენი სისხლ-ხორციც ორგული გიხდება დღეს!..

პელაგია

(მართასთან მივა. ხმადაბლა).

რას გეხვეწებოდა, შენი ჭირი შემეყაროს?

მართა

სისულელე მაგისი!..

პელაგია

შემეწიე… ღვთის გულისათვის შემეწიე… ღმერთი შეგეწევა!

მართა

ჰო, კაი, კაი!.. (მიიწვევს ჩაიზე) ბატონო ონისიმე, ოსიკო ჩემო…

დარისპან

უკაცრავად ვარ ასე მცირედისათვის, მარა რაც გაგვეწყობოდეს!..

ონისიმე

გმადლობთ… ახლავე გიახლებით! (ისევ დარისპანს ელაპარაკება).

მართა

შენ მაინც მობძანდი, ოსიკო ჩემო! იმათ ისაიდუმლონ! (მიაწვდის სტაქან ჩაის) ეს სტაქანი უსათუოდ საგულდაგულოდ შენთვის დაუსხამს ამ ქალიშვილს… იმწამსვე შევატყვე, რავარც შევხედე!.. უსათუოდ გემოსაც სხვანაირს ჩაატანდა!.. აბა ნახე, თუ ასე არაა!.. (მიაწვდის).

ოსიკო (იღიმება).

გმადლობთ!..

მართა

კაროჟნა, რავა ზიხარ მარტოდ, შენ გენაცვალე?

კაროჟნა

რა მიჭირს, ბატონო?.. (ადგება და გასდევს ნატალიას, რომელიც ხშირად მიდი-მოდის. შემდეგ პელაგია მოისვამს გვერდით და მუსაიფში შეყოლას ცდილობს).

მართა

იმათ იმუსაიფონ იქ, ჩვენ არაფერი დაგვაკლდება! ეს ჩემი ნათლული, როგორც ეტყობა, თავს გვყვება, – არაფერი არ ეზოგება, რაც კი სახლში მონახა, აგერ გვიწყობს წინ!.. (ნატალიამ მურაბა დადგა) ეს მურაბა ამ ყმაწვილს? ნამეტანს უშვები, შენ გენაცვალე!.. ასე უცბად მოგაწონათ თავი ამ ბედნიერმა კაცმა? (ნატალია გრეხით გაშორდება) ცუდი ნათლული მყავს, ოსიკო ჩემო? ა? ხომ კოხტა გოგონაა, ის შენი კაი დედა ნუ მოგიკვდება, ა? ხომ კარგია?

ოსიკო (ღიმილით)

კი, ბატონო!

მართა

ჰო, მცოდნია მე ყმაწვილი კაცების გემოვნების ამბავი, მცოდნია (იცინის) ყველგან კი ვერ შეხვდები ამისთანას!.. შენც არ მომიკვდე!..

დარისპან

კაროჟნა, ბოშო, აქ მოართვი ჩაი, ბატონ ონისიმეს!.. (ნატალია გადახედავს პელაგიას და ნელა იცინის. კაროჟნა წამოდგება, აიღებს სუფრიდან ჩაის და მიაქვს).

მართა

გაგვიდექით, გაგვიდექით განზე, განა?.. (კაროჟნას გაუვარდება ფინჯანი და გატყდება).

დარისპან (წამოვარდება).

რა ეშმაკებმა დაგირბინეს მაგ ხელებში, შე უხეირო? (კაროჟნა ბოჭავს ნატეხებს და ნატალიაც ეხმარება).

მართა

არაფერია, არაფერი… რა ვუყოთ!..

დარისპან

ძალიან არ დამიმოწმა თავის სიმარჯვე!.. არა, გამოუბრუნებლად რავა გაგლახა მგზავრობამ, შე შერცხვენილო!..

მართა

რაზე კლავ მაგ ბოვშს, დარისპან, ერთი ჭიქის გულისათვის?..

დარისპან

არა… თავის დღეში რომ არასფერი გატეხია ხელში… რაღა ახლა აქ მოუვიდა მარცხი!.. მთელი ოჯახი მაგის კისერზეა, მაგაა ჩემი ამშენებელი… თავის დღეში ოჯახისათვის არაფერი უზარალებია…

ონისიმე

აქ მობრძანდი, დარისპან… საჯავრებელი სხვაც ბევრი გვაქვს… ერთ ფინჯანს ამისთანა სუფრას რავა გადააყოლებს ადამიანი… (დარისპანი მივა სუფრასთან) დაბრძანდით… დაბრძანდით!..

მართა

მოითმინეთ, ახლავე ყველას გაგამხიარულებენ ეს ყმაწვილები… ესენი თუ ერთი არ ვათამაშე, რავა შემიძლია ისე!.. რას იტყვით ამაზე ბატონო ონისიმე?

ონისიმე

(ითლის და ილუკმება)

ძალიან მოუხდება ამ სუფრას, ღმერთმანი…

მართა

შენ უნდა იცოდე, კაროჟნა ჩემო, ბუზიკა?

კაროჟნა

კი, ბატონო…

დარისპან

რავა არ იცის!

მართა

აბა, ნატალია ჩემო, წამოდი ჩემთან… მომანახვინე, საცხა მაქვს შენახული… (გავლენ).

დარისპან

არა, ამ ჩემმა ქალბატონმა რომ თავი გამოიჩინა, ჰმ? თავის დღეში არაფერი გაუტეხია, უცნაური მარჯვეა…

პელაგია

რა ვუყოთ, ჩემო ბატონო… შეხდომაა…

დარისპან

ჰმ, რავა რა ვუყოთ? შე დალოცვილო, ვინც ამბავი არ იცის, სხვნაირად იფიქრებს…

ონისიმე (ოსიკოს).

ერთობ მოწადინებულია, ქალიშვილი მოგათხოვოს…

ოსიკო

აქვს რამე?

ონისიმე

გევიგებ… ძალიან კი იჩარჩება!..

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე, მართა და ნატალია გარმონიკით

მართა

აბა, მამიდა, დაუკარი, შენ გენაცვალე!..

პელაგია (მართას ხმადაბლა)

მოილაპარაკეს, მართა ჩემო…

მართა

ნატალია, აბა შენებურად ჩამოგვიქროლე!.. (ნატალია იგრიხება).

პელაგია

არ გესმის? (კაროჟნა უკრავს გარმონიკს, ნატალია ცეკვავს).

მართა

(გვერდით მიადგება ოსიკოს).

მარგალიტია, მარგალიტი!.. შენ არ მომიკვდე, მეორე ამისთანა ძვირად სადმე შეგხვდეს… სული ნუ წამიწყდება, რომელ ოჯახშიც შევა, სწორედ გაანათლებს იმ ოჯახს!.. სული ნუ წამიწყდება!.. (ნატალიამ გაათავა თამაში) ახლა ორივემ, ორივემ!..

ოსიკო

არ ვიცი თამაში, ბატონო მართა.

მართა

კაი, დედა ნუ მოგიკვდება!.. ორივემ, ორივემ!.. ერთი შემახედვინეთ, რავა დაშვენდებით ერთმანეთს! (იცინის).

ოსიკო

ღმერთმანი, კაი ხანია არ მითამაშნია!..

მართა

თავი დაუკარი, ყმაწვილო!.. არ შეიძლება, უსათუოდ უნდა ითამაშოთ ორივემ ერთად!…დაუკარი, შენ გენაცვალე!.. ნატალია, თხოვე, თხოვე! (ნატალია თავს უკრავს, ცეკვავენ).

პელაგია

ისინი კიდევ ჩურჩულობენ, მართა ჩემო!..

მართა

პელაგია, მაცალე თუ გიყვარდე!.. ბრავო!.. ბრავო!.. ონისიმე ჩემო, ამათ შეხედეთ… რავა შვენით! (ოსიკო გაათავებს ცეკვას, იქით წავა, იწმენდს ოფლს).

ონისიმე

კაი მოგცეთ ღმერთმა… ორივე კარგები არიან, სწორედ!..

დარისპან

(მივა კაროჟნასთან. ონისიმე მართასაკენ მიიწევს და ელაპარაკება).

აბა ახლა, ბოშო, შენ, კაროჟნა, გამოდი!..

პელაგია

ჩემმა ნატალიამ რომ არ იცის ბუზიკა, ჩემო ბატონო!..

დარისპან

არაფერია!.. ბოშო, ქე რომ იცი… ქეც დაუკარი, ქეც ითამაშე!..

მართა

ცარიელი ენაა მაგ საწყალი!.. ტრაბახობასაა გადაყოლილი!..

დარისპან

რას უყურებ, ბოშო? ჰე? (კაროჟნა ააჭიჭყინებს გარმონიკს).

მართა

ნუღარ სწუხდები, შენ გენაცვალე! ნუღარ სწუხდები!.. (ონისიმე და ოსიკო აივანზე გადიან).

დარისპან

ჩამოუაროს ამანაც… რა უჭირს, მართა ჩემო! ისიამოვნონ!..

მართა

ვიღამ? ისინი, ე, აივანზე გავიდნენ!.. (ჯერ ნატალია გავა, უკან კაროჟნაც გაჰყვება. პელაგია გულმოსული განზე დგას).

გამოსვლა მეთორმეტე

მართა, პელაგია და დარისპან

მართა

გადამეტებული არაფერი არ ვარგა, დარისპან!..

დარისპან

მაკვირვებ, მართა ჩემო! ჩემი სისხლ-ხორცი ხარ… უნდა მეწეოდე… შენ კი, პირში გეტყვი, უკან მიყენებ შვილს!

მართა

ახირებული თუ გინდათ, ეს არის!..

დარისპან

ბრმა კი არა ვარ, შენ გენაცვალე!.. კარგად ვხედავ ყველაფერს!..

მართა

გინდა მაწყენიო, სხვა არაფერი, დარისპან!..

დარისპან

რა ვქნა!.. რაღაზე მიმალავ – ცხადია, შენს სისხლ-ხორცს ივიწყებ და სხვისთვის ფიქრობ!.. პირში გეუბნები, რა…

პელაგია

(გაჯავრებით წინ წამოიჭრება).

ძალიან უკაცრავად ბძანდებით, ჩემო ბატონო! ჩემს შვილს გთხოვთ, თავი დაანებოთ!.. არავისაგან წარამარა სახსენებელი არ გახლავსთ… არა!..

დარისპან

არც უხსენებია ვისმეს!..

პელაგია

თქვენ თუ ხვდებით რამეს, ჩვენც სულ გამოტვინებული და სმენა მოკლებული ტყვილა გგონივართ! თქვენ საქმეს ვერ ახერხებდეთ – ჩემი შვილი რა ხელწამოსაკრავია!

მართა

კარგია, პელაგია! არავინ გაგიგონოსთ, ღმერთო მომკალი!.. სირცხვილია!..

პელაგია

არავინ ხელის შემშლელი არა გყავთ, ჩემო ბატონო… არავინ არ გეცილებათ მაგ ყმაწვილში!

დარისპან

სულაც არ ვწუხვარ მაგაზე… თუკი საქმე მოვინდომე, თქვენი შეცილებით დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ვერასფერს დამაკლებთ!.. თქვენ არ მომიკვდეთ, თუკი საქმე მოვინდომე!..

პელაგია

მონდომებული ხართ და ეს არის!.. ვერ ვხედავთ თუ?..

დარისპან

თუ გინდ ასეც იყოს – მერე რა?.. რა მერე?

მართა

სირცხვილში ნუ მაგდებთ, ღმერთო მომკალი! ეს რა ამბავია?! პელაგია, გაშორდი, თუ ღმერთი გწამს!..

პელაგია

გავშორდები, ბატონო, გავშორდები!.. თავიან-ფეხებიანად მიირთვან მათგან მოწონებული ყმაწვილი… ოღონდ ჩემს შვილს თავი დაანებონ!.. ტყუილუბრალოდ ნუ მიხსენებენ… ნუ, ნუ მიხსენებენ! (გავა გაჯავრებული).

დარისპან

გასაკვირველია, ღმერთმანი, ზოგიერთის საქმე!..

მართა

გასაკვირველი შენი საქციელია, დარისპან… ჩხუბითა და დავიდარაბით რა უნდა გეიტანო?

დარისპან

ბატონო, შემოგეხვეწე დახმარებას – უარი მითხარი… მე ჩემით ვარიგებ საქმეს… რა იქნა ამისთანა? შე დალოცვილო, ვცდი, ეგებ ჩემი შვილის ბედი იყვეს!.. რას ვშვრები ამისთანას, გზას რომ მიკრავთ ყოველ მხრიდან?..

მართა

ვინ გიკრავს გზას, ყმაწვილო?

დარისპან

თქვენ… შენ და ეს შენი ნათლიდედა…

მართა

ჰმ, ახირებული თუ გინდათ ეს არის…

დარისპან

შემოტანაზე ხელი არასფერს მოაკიდებინეთ ბოვშს… თამაში არააო საჭირო… იმისთანა დროს რაღაც წამოიძახეთ, რომ ჭურჭელი თავზე გადაამსხვრევინეთ იმ უცხოებისათვის… მეტი ხელის შეშლა იქნება? შენ გინდა მოაწონო შენი ნათლული… ბატონო, შეხედოს ჩემს შვილსაც, რომლის ბედიც გასჭრის, ის იქნება და ის… რა საწყენია ახლა ეს?

მართა

არავის არ წყინს… არავის… არა… ოღონდ ჩხუბს თავი დაანებე, თუ ღმერთი გწამს!..

დარისპან

მართალია, შენს სახლში ვარ, მარა, უფროც რომ გეწყინოსთ, უკან ვერავინ ვერ დამახევინებს, მართა!.. შენც არ მომიკვდე!.. უფრო მეტიც რომ დამესიოთ… გზა შემიკრათ, – ჩემი უნდა ვქნა! მე შენ გეტყვი, ყოველ ნაბიჯზე გხვდებოდეს ისეთი ყმაწვილი, ცოლის თხოვნას რომ ეპირებოდეს!..

მართა

ბატონო, რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ ჩხუბსა და დავიდარაბას ამაშორე!

დარისპან

ჰმ, იმ გამჭკნარ ნათლიდედას თუ აგრე სული უწუხს სამი ქალიშვილის სახლში ჯდომით… მე, შე დალოცვილო, ოთხი მყავს… ოთხი მყავს!.. ყოფილიყავი ჩემს ადგილას, გნახავდი, რა ამბავშიც იქნებოდი, კი… (გადის აივანზე გაჯავრებული).

მართა

ჰმ, წინდაწინ ვიცოდი, ამისთანა ამბავს დამაწევდა მაგ შეჩვენებული!.. ტყუილა კი არ დამცეცხლა, ეზოში რომ ფეხი შემოდგა… შენმა სიცოცხლემ, შენ მე გზა გადამიარო! (მიდის აივნის კარებთან). ოსიკო ჩემო, არ დაგგრილოს, შენ გენაცვალე, ნათამაშები ხარ… გაოფლიანებული ხარ!.. აქ შემობრძანდი, შენი ჭირიმე… არ გაცივდე!..

ოსიკო

არა, ბატონო! (შემოვა).

გამოსვლა მეცამეტე

მართა და ოსიკო

მართა

აგერ დაბრძანდი, შენ გენაცვალე!.. (ღიმილით და ეშმაკურად) შენთან ერთი საიდუმლო მაქვს… კი ნუ იუცხოვებ ჩემს სიტყვას… დედა-შვილობამ, ჩემი ივლიტეს სიყვარულობა მალაპარაკებს – თვითონ ის მოგიყვება, თუ რა სიყვარულობა გვქონებია ერთმანეთში… მწარე გულით მონდომებული ვარ, მისი ჭირი შემეყაროს, რომელიმე უხეირომ მის კაი ოჯახში ფეხი არ შედგას – ახლა ყველა აჩრის ყმაწვილებს ქალს, ადვილადაც შეაცდენენ კიდეც გამოუცდელ ყმაწვილს – ძვირფასი მისი სიცოცხლე და მისი კეთილი და საყვარელი გული არ დამეჩაგროს!.. დროა აწი შენთვის, დედაშვილობამ, ოჯახს მოეკიდო, ის შენი კაი დედის გულიც გაახარო შენი ბედის დანახვით. თქვენი ოჯახის სიკეთე რომ მსურს სულითა და გულით, იმიტომ გეთამამები და ასე პირდაპირ გეუბნები, თვარა სხვისათვის ენასაც არ გავანძრევ!.. არ მომიკვდეს შენი თავი!.. იმ ჩემს ნათლულს რომ უყურებ, შეხედულობით ხომ არი და არი – უკეთესობა რაღა მოეთხოვება ქალიშვილ ქალს… თვითონ ხედავ, შენ გენაცვალე, ამასთანავე რა ძვირფასი ხასიათი, საოჯახო საქმის მცოდნე, მოხერხებული სიტყვა-პასუხი… გამოგაჩენს კაცთან! ოჯახს გაანათლებს, დედაშვილობამ, ოჯახს გაანათლებს!.. გადამეტებული ერთგული ოჯახისა და ქმრისა – მეორე ძნელად თუ გამოვიდეს მაგისთანა!.. მზითევზე თუ იტყვის კაცი, შენისთანა ყმაწვილი არც კი უნდა გამოეკიდოს მზითევს!.. დედაშვილობამ, ძვირფასი ცოლი გეყოლება ყოველნაირად!.. ნუ დაჰკარგავ ამისთანა ძვირფას ქალს!.. ენდე ჩემს სინდისს, სასარგებლო და საბედნიერო საქმეს გირჩევ!..

ოსიკო

მადლობას მოგახსენებთ… მარა…

მართა

რა მარა, შე კაცო?.. მერწმუნე, შესადარს ვერსად ნახავ…

ოსიკო

დანიშნული მყავს, თვარა თქვენს რჩევას…

მართა

დანიშნული გყავს?! მომკალი და აქამდისინ არ გამახარე?! გაგაბედნიეროს, შვილო, ისე, რავარც შენ გუნებას ენატრებოდეს!.. ერთობ გამხარებია, შენ ნუ მომიკვდები!.. ერთობ გამხარებია!.. რატომ მიმალავდი მერე, შე კაი კაცო?..

ოსიკო

არა, ბატონო… შემთხვევა არ მქონებია მეთქვა…

გამოსვლა მეთოთხმეტე

იგინივე, ონისიმე და დარისპან

ონისიმე

ბიძიკო, აღარ წევიდეთ აწი? გაგიტკბა, მგონი, აქ ყოფნა!..

მართა

თქვენ მაინც რატომ არ გამაგებინეთ, ბატონო, ონისიმე, რომ ჩემს ოსიკოს დანიშნული ჰყოლია, ა?

დარისპან (გაოცებით).

დანიშნული ჰყოლია?!

ონისიმე

მეც ახლა გევიგე, თქვენ ნუ მომიკვდებით! აგერ, ამ თქვენს აივანზე რჩევას ვაძლევდი, ერთ-ერთი ამ ჩვენს ქალიშვილებში ამოერჩია, – უკეთესს სადღა ნახავს, – საქმე გეეთავებინა, და მაშინ გამომიცხადა თავისი ამბავი, და მართალი უნდა მოგახსენოთ, კილოზედ შევატყვე, რომ შენანებულია, ამ ქალიშვილების დანახვის შემდეგ, რომ ცოტა აჩქარებულა მაგ ჩემი ნათესავი კაცი და სხვაგან გაუთავებია საქმე…

მართა

სანანებლად ღმერთმა ნუ გაუხადოს, თვარა დროით სჯობია შეცდომის გასწორება… სანამ კიდევ მოეხერხება…

დარისპან

რასაკვირველია, რასაკვირველია!..

ოსიკო

მშვიდობით ბძანდებოდეთ!..

მართა

დიდად მესიამოვნებოდა, რომ არ აჩქარებულიყავით…

ოსიკო

გმადლობთ… ხვალ ადრე უნდა გიახლოთ…

ონისიმე

დილით აპირობს გაბრუნებას, სწორედ!.. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

(პელაგია, ნატალია და კაროჟნა შემოდიან. გამოეთხოვებიან. გაჰყვება მართა).

დარისპან

წამო, ბოშო, შენ აქ!.. (კაროჟნა მიჰყვება იმ ოთახში, სადაც დარისპანს ეძინა).

გამოსვლა მეთხუთმეტე

პელაგია და ნატალია

პელაგია

დანიშნული ჰყოლია მაგ ოხერს!

ნატალია

რა იყო ახლა… რას გამორჩით, რომ მაიმუნივით მაჩანჩალეთ ვიღაც ოხრის წინ? რას გამორჩით?

პელაგია

დეიწყე… დეიწყე შენებურად!.. მოგეცა მიზეზი…

ნატალია

სიკვდილი სჯობია თქვენს ხელში ყოფნას. სიკვდილი!.. არც კი გესმით, რას ჩადიხართ!.. დეინახავთ ვიღაც ოხერს თუ არა და…

პელაგია

აბა, რა ვქნა, შე დაწყევლილო, რა ვქნა, რა? მასწავლე ერთი… ღმერთმანი, აღარ ვიცი, რა შავ წყალში გადავვარდე!.. შე უკუღმართო, თუ კაცს შენი თავი არ დაანახვე, შენი ღირსება არ აჩვენე, ისე რომელი სულელი მოგკიდებს ხელს? რომელი გადარეული გეცემა, ცოლად წამომყევიო?

ნატალია

გადარეულებიც და სულელებიც თქვენვე ხართ!

პელაგია

გაგიხმა მაგ მწარე ენა, შვილო!.. მაგ მწარე ენა გაგიხმათ!.. რატომ გაუჩნდით თქვენ თქვენს დედას საწვალებლად, რატომ, რატომ?

ნატალია

არავინ არ გაწვალებთ… თქვენ იწვალებთ თავს… თქვენვე… თავი დაგვანებე… ათასჯერ მითქვამს!..

პელაგია

ათასნაირად ვეწვალები, თავს ვაკლავ – კაცმა ხელი არ მოგკიდათ… თავი რომ გაგანებოთ, ვიღა შემოგხედავთ, თქვე შავ დღეზე გაჩენილებო, ვიღა?.. უნდა ჩაბერდეთ თქვენს ნაცარში, თქვე უბედურებო?!

ნატალია

ჩავბერდებით – ჩავბერდებით!.. რა ვქნათ ახლა?

პელაგია

უმადურებო, უმადურებო!.. ჩემი შრომის მაგიერია!.. ვაი დედითქვენის ბრალი… ვაი დედითქვენის ბრალი თქვენს ხელში!.. (გულდაწყვეტილი გადის. ნატალიაც უკან გაჰყვება, შემოდის დარისპანი).

გამოსვლა მეთექვსმეტე

დარისპან და კაროჟნა

დარისპან

ხომ არაფერი დაგვიწყებია, ბოშო?

კაროჟნა

ყაბალახი რა უყავი?

დარისპან (დაიხედავს).

ჰმ, დაძებნე, იქ ეგდება სადმე… ყაბალახი კი არა, რატომ ჩემი თავი არ მავიწყდება, რაც შენი გულისათვის მე უსიამოვნობა მხვდება!.. რა ვქნა, რა გაჭირდა ერთი ქალიშვილის გათხოვება! ჩამრჩენია ხელში და ეს არის…

კაროჟნა

მიაგდებ ყოველთვის სადმე… (ყაბალახს გამოიტანს და ბეჭებზე მოახვევს).

დარისპან

შენ მიგაგდებდე სადმე, შვილო, რამენაირად და ამისთანა ყაბალახს, თუ გინდა, ათასს ჭირი მოუჭამია!

გამოსვლა მეჩვიდმეტე

იგინივე და მართა

მართა

მიემგზავრები, დარისპან?

დარისპან

გოვუდგები გზას, შენი ჭირიმე… რაღას შევაჩერდე აწი… ნეტავი ადრეც გამედგა ფეხი… ერთი წამით შემოვიარე და უსიამოვნების მეტი რა მოგაყენე?! ჭურჭელი დაგიმტვრიე, კიღამ ჩხუბი აგიტეხე…

მართა

კაი, თუ გიყვარდე!.. რა იყო ამ გლახაკმა წასვლისას რომ დაგვახალა, დანიშნული მყავსო?.. დიდი ამბავი არ გამოგვიცხადა?! ჰმ… ორ სიტყვას ძლივს უყრის თავს და რავა მოაქვს თავი!.. დავასხი ლაფი!.. დედამისის პატივისცემით, თვარა სულაც სახლში შემოსაშვები არ იყო!.. დედამისივით იპრანჭება და იგრიხება! მაგისთანა ყმაწვილისათვის რავა ავწრიალდები!.. აჩქარებული კაცი ხარ, დარისპანი ნუ მომიკვდება!..

დარისპან

ჰმ!.. ნუ აჩქარდები, შენ გენაცვალე… ამას გარდა სახლში სამი ამხელა მიზის კიდევ… სამი ეგერ შენს ნათლიდედას ჰყავს… სამი იმ დიდ ბატონ ონისიმეს… რომელ ოჯახს ნახავ, ასე არ იყოს?.. ნუ აჩქარდები, როცა ამდენ ქალიშვილებზე ძლივს ერთ-ორ ცოლის მთხოველ ყმწვილს ხვდები მხოლოდ! ნუ აჩქარდები – ყველა ჩაგაბერდება ხელში… მოვკვდი, მართა ჩემო, მოვკვდი, ისეთი ცეცხლი მადგა ამათთაგან!.. ნამეტანი გავწვალდი!.. აღარ ვარ კაცი… თუ ხვალაც ვერასფერი გავარიგე იმ ჩემი ცოლის ნათესავისას, უნდა გავანებო თავი ყოველივე მაცადინობას. აღარ შემიძლია მეტი! გაგიძღვეს, შვილო აწი დედაშენი… იარეთ ხან ფეხით, ხან ურმით, თუ კიდევ ვინმემ გათხოვათ – ცხენითაც… აწი თქვენ ეძიეთ სასიძო კაცი!.. მე აღარ შემიძლია მეტი… აწი დედაშენმაც გამოსცადოს, რაც მე ამ შენს პოწიალში გამოვცადე!..

კაროჟნა

ჩემი რა ბრალია, ბატონო… ყოველთვის რომ ასე მომსდგები?

მართა

უი, შენ გენაცვალე! შენი რა ბრალია, შვილო!

დარისპან

აბა ვისი გულისთვის ვწვალობ ასე, ბოშო?

კაროჟნა

მე არ გთხოვთ გათხოვებას… ვიქნები ჩემთვის!

დარისპან

იქნება მისთვის… ჰმ! შენახვა არ გინდა, ქალბატონო? ვერ შეგინახეთ ყველა, ბოშო, ვერა… მინდა პატრონს ჩაგაბაროთ… რომ ვერსად შევხვდი იმ სულწაწყმედილს! მარა ვაი თუ ღმერთს არც კი გეეჩინოს თქვენი ბედი და იღბალი, ვაი თუ კენტებად ჰყავხართ გაჩენილები?! შვიდობით, შვიდობით, შენი ჭირიმე! გამოეთხოვე ბოშო!

მართა (კოცნის კაროჟნას).

მშვიდობით, მამიდა!.. ნუ გეშინია, კი ეყოლება ღმერთს შენთვის შენი ბედი… კი ეყოლება!..

დარისპან

ღმერთმა იმედი ნუ მოგიშალოს! ჰმ, ბატონ პელაგიას გამოუმშვიდობებლად მივდივარ…

მართა (ეძახის კარებში).

პელაგია!.. დარისპანს უნდა გამოგემშვიდობოს!

გამოსვლა მეთვრამეტე

იგინივე, პელაგია და ნატალია

დარისპან

ბატონო პელაგია, მგონი, რაღაც გეწყინათ ჩემგან… გეფიცებით, ტყვილა იფიქრეთ, ვითომ იმ მუნჯ ბიჭზე რამე მეფიქრებინოს!.. იმედია, ახლა აღარ მიწყრებით!..

პელაგია

არა, ჩემო ბატონო… რატომ ნებულობთ!

მართა

საწყენი რა შეხვდომია?.. ერთმანეთის ვერ გეიგეთ, სხვა არაფერი!

დარისპან

რასაკვირველია… იმისთანა ბიჭის გულისათვის რავა წევეკიდებით ჩვენისთანა ქალიშვილების პატრონები… იმისთანების რა გვცოდნია! ა… არა, ბატონო პელაგია?

მართა

რასაკვირველია!.. დავასხი იმას თავსლაფი!..

დარისპან

ასე, ბატონო პელაგია, იმედია, დეივიწყებთ ყოველივე უსიამოვნებას და როცა ჩემი მართა აგერ ამ მოკლე ხანში ჩემი ქალიშვილის ქორწილში მესტუმრება, თქვენც მცემთ პატივს და ოჯახს გამინათლებთ თქვენი წვევით!.. პატივისცემა ჩემს კისერზე იყვეს!.. ჩვენც მოვილხინოთ ერთი, ოღონდ ბედი გამოუჩნდეს ამ ქალბატონს!

მართა

გამოჩნდება… გამოჩნდება, დარისპან!

დარისპან

აბა რა იქნება, შენი ჭირიმე!.. თუ მაგის იმედიც მოგვესპო, დევიღუპებით და ის იქნება… წმინდათ დევიღუპებით… უკაცრავად, უკაცრავად! შეგაწუხეთ მეტის ლაპარაკით, მგონი!.. შვიდობით ბრძანდებოდეთ! შვიდობით ბრძანდებოდეთ!.. (კარებთან) ღმერთო, კეთილად დააბოლავე ჩვენი მგზავრობა!

ფარდა

1903 წ.

1

 

 

 

ირინეს ბედნიერება

სურათი სოფლის ცხოვრებიდან ორ მოქმედებად

მოქმედნი პირნი

 

სამსონ სალამთაძე, შეძლებული მემამულე.

ეკა, ცოლი ამისი.

აბესალო, შვილი ამათი 28 წ.

ფილიპე ბარბაქაძე.

ირინე, მისი ქალიშვილი.

ვიქტორ, ყმაწვილი 28 – 30 წ.

პავლე როდამიშვილი, 25 – 28 წ.
სოლომონ, ნათესავი ირინესი.

სოგრატ,

ნესტორ ამხანაგები აბესალოსი.

ნიკოია, ბიჭი.

სტუმრები: ყმაწვილი კაცები და ქალები.

მოქმედება პირველი

სცენა წარმოადგენს ბარბაქაძის ეზოს. მარჯვნით მოჩანს დაბალი ოდის აივანი. მარცხნით ნიგვზის ხის ქვეშ გაშლილია სუფრა – სხედან აბესალო, ვიქტორ, სოგრატ, ნესტორ და სხვა ყმაწვილები. ცეკვა-თამაშია. იქით ღობეა და მოჩანს მეზობლის სახლები, დღეობაა ბარბაქაძისას. მოისმის დაირის ხმა. სცენაზე ლეკურის თამაშია, უკრავენ სალამურსაც. სტუმრები: ყმაწვილი კაცები და ქალიშვილები.

გამოსვლა პირველი

ფილიპე

(მოარბენინებს ცალ ხელში შამფურით მწვადს, მეორე ხელში თეფშს ცხელი ღომით).

მიირთვით… მიირთვით, თქვენი ჭირიმე!..

ყმაწვილები

ფილიპეს გაუმარჯოს!.. გაუმარჯოს ფილიპეს! (აწოდებენ ყანწით ღვინოს).

ფილიპე

თქვენი თავი მიცოცხლოს ღმერთმა ათას წელიწადს!.. ჩემი თავიც გამსახუროსთ!.. ჩემი საწყალი ოჯახი არ შეგძულებოდესთ… იცოცხლეთ მხიარულად, კეთილად და ბედნიერად! (დაიწყებს იმერულ მრავალჟამიერს, ყმაწვილებიც აჰყვებიან.)

აბესალო

(როცა ფილიპე ყანწს გამოცლის).

ბატონო ფილიპე, შენი სულის ჭირიმე, ერთი ლეკური, ლეკური, თუ გიყვარდე! ტაში, ტაში, ყმაწვილებო!

ფილიპე

კი, შენი ჭირიმე! კი, ჩემო ბატონო! (ფილიპე ცეკვავს, შემდეგ ირინეს გადასძახებს) ბოშო! (ორივე მამა-შვილი განაგრძობენ ცეკვას, მერე ირინე სახლისაკენ გაეშურება, თანვე გაჰყვება საერთო ყიჟინი. აბესალო ყვირის).

აბესალო

ბატონო ირინე!.. ბატონო ირინე!.. მიგვატოვა?! სოგრატ! ნესტორ! ახლავე აქ მოიყვანეთ! ახლავე მოიყვანეთ აქ! (ყმაწვილები წამოვარდებიან და გავლენ) უირინეობა შეუძლებელია!.. ბატონო ირინე!

ვიქტორ

კარგია, აბესალო, კმარა, ყმაწვილო!.. ნამეტანი არაფერი არ ვარგა!..

აბესალო

ვიქტორ, ახლავე აქ მოიყვანე ირინე, აქვე დამიჯინე ამ სუფრაზე, ჩემს გვერდით!.. ახლავე, ვიქტორ, გესმის!..

ვიქტორ

ყმაწვილო, ღმერთმანი, სხვანაირად მიიღებენ მაგ შენს საქციელს… მაგ შენს ხუმრობას რამე კუდს გამოაბამენ და, ვიცი, უსიამოვნებით გათავდება, სხვა არაფერი იქნება… ხომ იცი, სოფლის ამბავი!..

აბესალო

თუ ძმა ხარ, შენი დარიგება შენთვის შეინახე და ახლა ის ამისრულე, რასაც გთხოვ… ირინე მომიყვანე და გვერდით მომისვი!..

ვიქტორ

თუ ჩემი ძმობა გწამს, თავი დაანებე იმ ბავშვს, აბესალო!.. თუ ჩემი ძმობა გწამს!.. შეხუმრებასაც თავისი სამზღვარი აქვს!..

აბესალო

სიდოური შეხუმრებაა?! კაცს გონება მეშლება, თვალები ეს არის წამომცვინდება მისი მზერით და ეს შეხუმრებაზე მელაპარაკება!.. ნუ ამაყენებ, ვიქტორ, მომიყვანე ირინე…

ვიქტორ

ხა, ხა, ხა! გასაკვირველია შენი დღევანდელი ამბავი!.. კაცმა დაგიჯეროს, რომ მართლა ასე აგიტაცა ამ საწყალმა ირინემ?!

აბესალო

უნდა დამიჯერო, რომ გეუბნები!

ვიქტორ

კარგია, თუ კაცი ხარ!

აბესალო

არ მოიყვან?

ვიქტორ

თითქოს პირველად გენახოს დღეს მაგი ქალი!..

აბესალო

არ დავკვირვებივარ დღემდის და იმიტომ არაფრად მიმაჩნდა. დღეს ამეხილა თვალები და გეფიცები, ვიქტორ, უმაგისოდ ერთ წუთას გაძლება არ შემიძლია!.. მომაჯადოვა, მომაჯადოვა მაგ დაწყევლილმა!

ვიქტორ

მოგაჯადოვა კი არა! გინდა თავის გასართობად გაიხადო და იმას კი აღარ ატან თვალს, რა ბოლო შეიძლება მოჰყვეს მაგ შენს გართობას.

აბესალო

გარწმუნებ, მე სრულიადაც არ ვხუმრობ, და ისევ გთხოვ, ირინე აქ მოიყვანო!…

ვიქტორ

გარწმუნებ, რომ თუ კიდევ განაგრძე ირინესთან შენი საქციელი, დღევანდელი დღე უსიამოვნებით გათავდება და ის იქნება… გინდა, მოწადინებული ხარ, ჩვეულებისამებრ, უსათუოდ შფოთი ატეხო, სხვა არაფერი!

აბესალო

მე მინდა, ირინე აქ მომიყვანო, სხვა არაფერი!

ვიქტორ

უსათუოდ გინდა, როდამიშვილი გაახელო და შფოთში ჩაითრიო რამეფრად… უამისოდ მოწყენილი ხარ…

აბესალო

როდამიშვილი ვინ ოხერია?!

ვიქტორ

ვინაა და, როგორც წეღან გითხარი, ირინეს საქმროა… ჯერ ოღონდ გამოუცხადებლად აქვთ პირობა მიცემული ერთმანეთისათვის…

აბესალო

ჩემი რა საქმეა… მე რას დავეძებ მერე? ახირებულია!

ვიქტორ

შენი საქმე ისაა, რომ ამ ქალიშვილთან უფრო მეტი თავდაჭერილობა გმართებს.

აბესალო

როდამიშვილის გამო?

ვიქტორ

ჰო!

აბესალო

ხა, ხა, ხა, ხა, ხა, ხა! ძალიანია, შენ ნუ მომიკვდები, ძალიანია! ვიღაცა ჩანჩურა როდამიშვილის გულისათვის ყოველივე სიამოვნება უნდა მოვიკლოთ… აბა კაცი ის ყოფილა – ჩვენ არაფერი!

ვიქტორ

ვაჟკაცს არ შეშვენის, აბესალო, ამნაირი სიტყვა.

აბესალო

არც ის შეშვენის, თავი მოიხაროს ყოველივე მაჩანჩალას წინაშე… როდამიშვილის გულის ამბავი რაში მეკითხება, როცა აქ გენია ტრიალობს და ჩაქრობას ითხოვს… როდამიშვილი რა ჩემი ფეხებია!.. მაშ არ გინდა თხოვნა ამისრულო – ირინე აქ მომიყვანო?! შენ გგონია, უშენოდაც არ მოხერხდება ეგ საქმე? (წასვლას აპირებს).

ვიქტორ (დაიჭერს).

აბესალო, თუ რაიმე პატივისცემა გაქვს ჩემი, თავი დაანებე ირინეს!.. თუ ძმა ხარს!

აბესალო

თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, ვიქტორ!.. თუ ძმა ხარ!.. სად მიმემალა ჩემი მზე, ჩემი მთვარე? უნდა მოვნახო ახლავე… შენი სულისა! (მიდის სახლისაკენ).

გამოსვლა მეორე

ვიქტორ, მერე როდამიშვილი

ვიქტორ

ეს შეჩვენებული მანამდი არ მოისვენებს, სანამ ერთ აყალმაყალს და დავიდარაბას არ ასტეხავს, ისეა ატეხილი! ნეტავი მაგ არ მოთრეულიყო დღეს აქ და არაფერი მინდოდა!

როდამიშვილი (აღელვებული).

ვიქტორ!

ვიქტორ

რა იყო, პავლე?

როდამიშვილი

ვიქტორ, უთხარი, ყმაწვილო, იმ შენს ნათლიისშვილს, უთხარი ცოტაოდენი მორიდება მაინც იქონიოს… მართალია, ჩვენზე უკეთეს საზოგადოებაში ნამყოფია, მაგრამ არაფერი საკადრისია ყველასი ასეთი ჩაუგდებლობა.

ვიქტორ

რა იყო, რა ქნა ამისთანა, პავლე ჩემო?

როდამიშვილი

განა თვითონ არ შეგიმჩნევია?! ბატონო, რა არის, ამ ყმაწვილ ქალს რომ ჩასცივებია, მოსვენებას არ აძლევს, წამოავლებს ხელს და აჯირგალებს, თითქოს სათამაშო იყოს მისი… უთხარი…

ვიქტორ

რა ვუთხრა, ყმაწვილო, გალეშილია, არაფერი ესმის ამ ქვეყნის.

როდამიშვილი

შენც არ მომიკვდე, ის იმდენად მთვრალი არ იყოს!.. და ამას კი გეტყვი, ვიქტორ, თუ მაგან ირინეს თავი არ დაანება, ღმერთმანი, მეტს აღარავინ მოუთმენს და ყველასათვის უსიამოვნებით გათავდება დღევანდელი დღესასწაული… ძმობას გფიცავარ, ვიქტორ!

ვიქტორ

შენგან არ მიკვირს, პავლე, ამნაირი სიტყვა რომ მესმის!..

როდამიშვილი

მაგ ვაჟბატონი იმ იმედით ბრძანდება, რომ ვერავინ გამიბედავს რამესო და თავისუფლად გრძნობს თავის თავს… როგორც სინდისიერ ყმაწვილ კაცს, გთხოვ, ვიქტორ, უსიამოვნება აგვაშორო…

ვიქტორ

თუ ძმა ხარ, დაწყნარდი, ნუ მიიღებ საწყენად მის საქციელს. შე კაცო, რომ იცოდეს თქვენი ამბავი, ირინეს სულაც არ გაცემდა ხმას…

როდამიშვილი

დიახ!.. მაგისთანა ვაჟბატონია სწორე!.. მაშინ ჯინაზე უარესს ჩაიდენდა!.. ა, შეხედე, შეხედე, ვიქტორ! შეხედე, რავა მოაპოწიალებს… შეხედე ერთი! და შენ მეუბნები – მოითმინეო?

გამოსვლა მესამე

იგინივე, აბესალო, ირინე და სტუმრები

აბესალო (შემოჰყავს ირინე ხელი-ხელ გაყრილი).

არსად თქვენი წასვლა აწი აღარ შეიძლება, არსად!.. არასფრის გულისათვის!..

ირინე

ახლავე გიახლებით… საქმე მაქვს… ახლავე გიახლებით!..

აბესალო

ყოვლად შეუძლებელია… ვეღარსად ვერ გაგიშვებთ! ვეღარსად… აბა სალამური!.. ტაში!.. ბატონო ირინე, უმორჩილესად გთხოვთ!.. ვასიკო! (გამოვარდება და ლეკურის საცეკვაოდ თავს დაუკრავს ირინეს).

ირინე

კატო ითამაშებს ჩემს მოსვლამდის!.. კატო, შენი ჭირიმე!

აბესალო (გზას გადაუღობავს).

არ ვიცი მე არც კატო, არც ქატო… ტაში, ყმაწვილებო!..

როდამიშვილი

ყოჩაღ, ბიჭო!.. ზრდილობაც ამას ჰქვია!

ვიქტორ

ჩუ, ყმაწვილო!

აბესალო

ტაში, ტაში! (ირინე ცეკვავს). შენი გულისა, შენი… (ირინე ცეკვას გაათავებს, თავს დაუკრავს, შემოტრიალდება და წასვლას დააპირებს. აბესალო ხელს სტაცებს და შეაჩერებს). ასე მალე, ასე მალე, ბატონო ირინე?

ირინე

დავიღალე, ღმერთმანი.

აბესალო

ასე ცოტათი გინდათ დაგვაჯეროთ? თქვენ არ მომიკვდეთ… ამას გახელება ჰქვია, სხვა არაფერი… გახელება!

ირინე

დავიღალე, ბატონო აბესალო… მეტი აღარ შემიძლია.

აბესალო

აბა, თუ დაიღალეთ, აგერ დაბრძანდით და დაისვენეთ… აბა, ყმაწვილებო, ”სულიკო”, ისე ტკბილად, ნაზად, ისე რომ ყველას გვიამოს… დასხედით, დასხედით!.. ჩვენსკენაა ლხინი წამოსული… (ყმაწვილები ”სულიკოს” მღერიან).

ირინე

ბატონო აბესალო, გთხოვ, ნება მიბოძოთ…

აბესალო

არ შეიძლება… თქვენთან ერთად ლხინიც გაგვშორდება…

ირინე

რა ვქნა, ღმერთმანი!

აბესალო

ვიქტორ!

ვიქტორ

რა გინდა?

აბესალო

თხოვე იმ ყმაწვილს, ასე მწყრალად რომ გვიყურებს, შემოგვჩერებია, ეგერ დაბრძანდეს სუფრის ბოლოში… ეგებ გული გაუკეთდეს… (ირინე უკმაყოფილოდ გადახედავს აბესალოს).

ვიქტორ

ვერაფერი ოხუნჯობაა, შენ არ მომიკვდე!.. შფოთი გინდა ატეხო, ყმაწვილო?!

აბესალო

თხოვე!.. ნუ იბღვირება-კი!

ვიქტორ

სუ, ყმაწვილო!

როდამიშვილი

გიჯობთ თავი შეიკავოთ და წინდახედულად ილაპარაკოთ!

აბესალო

ბიჭოს!.. ხა, ხა, ხა!.. ძალიან გულზე არ ყოფილა! ერთი ახლოს დამანახვეთ, ვინ ბრძანდება ეს გულ უშიშარი რაინდი! (დგება და როდამიშვილისაკენ მიდის, ვიქტორი არ უშვებს).

ვიქტორ

აბესალო, რა არის ახლა ეს?.. რა არის?..

როდამიშვილი

ტყუილა იქაჩებით… თქვენი არავის არ ეშინია, ამაზე დარწმუნებული ბრძანდებოდეთ!

ვიქტორ

პავლე, არ გრცხვენია! (ყველანი აირევიან) სირცხვილია, ყმაწვილებო, სირცხვილია, სხვა არაფერი!

აბესალო (იწევს)

ბატონო, შემახედვიეთ მხოლოდ… ახლოს შემახედვიეთ ამ უცნაური კაცისათვის… მეტს არაფერს გთხოვთ… ვიცნო ერთი მაინც!

როდამიშვილი

შევარცხვინე შენთან დამარიდებელი!..

ვიქტორ

(იქით მიექაჩება როდამიშვილს, აბესალომი სხვა ყმაწვილებშია. ყველანი შეწუხებულნი არიან).

პავლე, ჭკუაზე მოდი! ყმაწვილო, ამას მოველით შენგან?

როდამიშვილი

შემაშინა მაგისმა შეხედვამ, თუ რა ჰგონია?! (ვიქტორს გაჰყავს).

აბესალო

ძალიან არ იქაჩებოდა!.. მიყვარს გულადი კაცი! სიცოცხლეა!

ირინე

არ გეკადრებათ, ბატონო აბესალო!.. თქვენგან ამას არ მოველოდი!..

აბესალო (მოტრიალდება).

უკაცრავად… თქვენთან უკაცრავად, ბატონო ირინე!.. ღმერთო მომკალი!.. გაწყენინეთ განა!.. ნიავს მივცეთ, ქარს გავაყოლოთ ყოველივე უსიამოვნობა!.. ყმაწვილებო, აბა, ტაში, ტაში!.. (თვითონ იწყებს ცეკვას და იწვევს ირინეს. პირველი უარის შემდეგ ირინე გაჰყვება).

ყმაწვილები

ბრავო, ბრავო, აბესალო! ბრავო, ბრავო!..

ერთი ყმაწვილთაგანი მე-2-ს

როდამიშვილის ჯინაზე თამაშობს.

მე-2 ყმაწვილი

კი, ახელებს მას… შეატყო, რომ პავლეს სწყინსო ირინესთან შეხუმრება და განგებ ახელებს…

1-ლი ყმაწვილი

უნდა უსათუოდ ჩხუბში ჩაითრიოს…

აბესალო

(ცეკვის გათავების შემდეგ ხელზე აკოცებს ირინეს).

გმადლობთ, გმადლობთ, ბატონო ირინე! (სახლიდან მოისმის სიმღერა და დაირის ხმა, ყველანი იქით გაეშურებიან).

გამოსვლა მეოთხე

ირინე და აბესალო

აბესალო (უკან მისდევს ირინეს).

გინდოდათ გამქცეოდით?! ხომ დაგიჭირეთ!.. ხომ ვერ დამემალეთ!.. სად უნდა დამემალოთ?! სად უნდა წამიხვიდეთ?.. გარწმუნებთ, რომ ვერსად… ვერსად!

ირინე

რა გნებავთ, ყმაწვილო?

აბესალო

ეგრე მწყრალად?!. ეგრე კუშტად?!. ნუ, ნუ, თუ ღმერთი გწამთ… თუ კაცის სიბრალული გაქვთ! მაგ კილოთი ყოველ გაბედულობას მიკარგავთ… მხდალად მხდით…

ირინე (ვიქტორს დაინახავს).

ვიქტორ… ვიქტორ!

ვიქტორ

ბატონო!

აბესალო

ნეტავ შენ ყველგან მიმსწრები არ იყვე, ათასწილად აჯობებდა, ძმობას ვფიცავარ!

ვიქტორ

უკაცრავად შენთან, მაგრამ ხომ გაიგონე, რომ მიხმეს…

აბესალო

ა, ხომ ხედავ, ყველანი მშვიდობით ვართ და შენც შეგიძლია თავისუფლად განაგრძო შენი გზა…

ვიქტორ

თუ ირინე მიბრძანებს…

ირინე

არა, არა, მე გთხოვთ, აქ იყვეთ…

აბესალო

ღმერთო მომკალი! თუ არა და ამდენად გეშინიანთ ჩემთან მარტოდ დარჩენა?..

ვიქტორ

რაებს ლაპარაკობ, ყმაწვილო?

აბესალო

შენ რომ აქ არ იყვე, სწორედ უფრო წესიერად ვილაპარაკებდი და იმას ვიტყოდი, რისი თქმაც მსურს!..

ირინე

ვიქტორთან მე საიდუმლო არაფერი მაქვს… შეგიძლიათ თქვენი სათქმელი მაგასთანაც თქვათ…

აბესალო

უშენოთ რომ არაფერი გაკეთდება, რომ არაფერი ითქმება… ყველას მესაიდუმლე რომ ხარ!.. გასაკვირველია!.. ვიქტორ, თუ ძმა ხარ, ერთხელ მაინც დათმე… გთხოვ ძმურად!

ვიქტორ

არ გესმის, ყმაწვილო, თუ დაყრუვდი დღეს?.. არ გესმის ამ ქალის ნათქვამი?..

აბესალო

შენ რომ გხედავ აქ, ყურთასმენაც მაკლდება…

ვიქტორ

როგორც გეტყობა, ჩემო კეთილო, ძალზე მოგრევია ღვინო და მოსვენება გჭირია, რომ გამოფხიზლდე…

აბესალო

ოჰ, ეგ კი მართალია… ეგ კი მართალია! და, თუ ძმა ხარ, მომასვენე!..

ირინე

უკაცრავად ვარ, ბატონო აბესალო, ამდენ სტუმარს სამსახური ეჭირვება…

აბესალო

კისერი უტეხია ყველას!.. ვის რას დავეძებ! მათზე ისიც ბევრია, რაც ემსახურეთ… ყველამ თავის თავს მოუაროს!.. თქვენი წასვლა აქედან ყოვლად შეუძლებელია!.. ვერსად ვერ გაგიშვებთ!..

ირინე

რა უნდა გავაკეთოთ აქ?..

ვიქტორ

აბესალო, ჭკუაზე მოდი… რავა გადარეულივით ლაპარაკობ!..

აბესალო

გადარეული ვარ, აბა, ვერ მატყობ?! ვერ მატყობ, რომ გადარეული ვარ?! და გევედრები, შენ ნუ მრევ კიდევ, შენ ნუ შემშლი უარესად… რა გინდა ჩემგან, კაცო?! ბატონო ირინე, უმორჩილესად გთხოვთ, ორი წამი მითავაზოთ, მაგრამ ეგ თაფლი კაცი, ეგ ქვეყნის მესაიდუმლე თავიდან მომაშორეთ…

ირინე

რა უნდა მითხრათ იმისთანა, რომ ვიქტორს არ გაეგონებოდეს? რა უნდა იყოს იმისთანა?

აბესალო

გთხოვთ!

ირინე

გთხოვთ, ამასთან მითხრათ…

აბესალო

თქვენ რომ იცოდეთ ჩემი გულის ამბავი, ასე მკაცრად, ასე უნდობლად არ მომეპყრობოდით… არც მაძლევთ საშუალებას გამოვთქვა ჩემი გულის ნადები და ამით მხოლოდ სულს მიხუთავთ, სიცოცხლეს მიმწარებთ…

ირინე

არ გეკადრებათ, ბატონო აბესალო, მაგნაირი ლაპარაკი…

აბესალო

ვიყვე შეჩვენებული, თუ ჭეშმარიტებას არ მოგახსენებდეთ… თუ სრულს ჭეშმარიტებას არ მოგახსენებდეთ… და გთხოვთ, რომ თქვენის მხრითაც გავიგონო… (ირინე წასვლას აპირებს) სად მიხვალთ? ვერსად ვერ წამიხვალთ, სანამ არ მომცემთ პასუხს, სანამ სიტყვას არ მომცემთ…

ირინე

გთხოვთ გამათავისუფლოთ, ბატონო აბესალო!

ვიქტორ

აბესალო, ყმაწვილო!

აბესალო

პასუხი მინდა გავიგონო თქვენგან, თუ…

ირინე

მერე ვილაპარაკოთ, ბატონო, მერე… ახლა არ მცალია…

აბესალო

მერე როდისღა? როდისღა მერე? მე ახლავე მინდა პასუხი!.. გადადება რაღა საჭიროა!.. ახლავე უნდა მითხრათ…

ირინე

არა, არა! ახლა მე თქვენთან ლაპარაკი არ შემიძლია! (გაუსხლტება და გაიქცევა).

გამოსვლა მეხუთე

აბესალო და ვიქტორ

აბესალო

სად წამიხვალ, სად?.. სად წამიხვალ?!

ვიქტორ

რას ჩადიხარ, ყმაწვილო?! რა ამბავში ხარ?!

აბესალო

გევედრები, თავი დამანებო!.. ხომ ხედავ…

ვიქტორ

რომ შენს ჭკუაზე არა ხარ…

აბესალო

ჰო, ჰო! სწორედ ჩემს ჭკუაზე არა ვარ!.. და თავი დამანებე, თორემ გაწყენიებ და დამემდურები!..

ვიქტორ

ყმაწვილო, თავი როგორ დაგანებო, როცა ვხედავ, რომ ირინესთან შენს საქციელს შეუძლია აქ ერთი აყალ-მაყალი ატეხოს… გეუბნები, იმ ქალს ამორჩეული ჰყავს საქმრო, ის კაცი თავს გამოიდებს და…

აბესალო

ჯანდაბას მისი თავი და ტანი!.. გთხოვ, ჩემთან მას ნუ ახსენებ… ირინესთან იმას ხელი აღარა აქვს დღეიდან, არა, ასე მოახსენე…

ვიქტორ

როგორ თუ ხელი აღარ აქვს? რა გინდა ამით თქვა?

აბესალო

ის, რომ ირინეს საუკუნოდ გამოეთხოვოს…

ვიქტორ

აბესალო!

აბესალო

ჰო, აბესალო, აბა ვინა ვარ?

ვიქტორ

შენ რაღაცას უცნაურობას აპირობ, აბესალო…

აბესალო

რასაც ვაპირობ, კიდევაც ავასრულებ…

ვიქტორ

აბესალო, თუ შენ ფიქრობ როდამიშვილის და ირინეს დაშორებას, ჯერედ ეგ ვერაფერი ვაჟკაცური საქციელია, და მერე ამასაც გეტყვი, რომ შენი მაცადინობა ტყვილა ჩაივლის… არაფერი საკადრისია ამნაირი საქმე!

აბესალო

მე შენ გთხოვ, ვიქტორ, იმ როდამიშვილს მოახსენო, ირინესი სახელიც კი დაივიწყოს სამიდღემჩიოდ…

ვიქტორ

შენ ხუმრობ?..

აბესალო

სულაც არ მეხუმრება…

ვიქტორ

აბა?

აბესალო

აბა ის არის, რომ ირინე მე მინდა… მე მინდა!

ვიქტორ

ა?

აბესალო

მე მინდა-მეთქი და არავინ როდამიშვილი არ ვიცი…

ვიქტორ

შენ გინდა?!

აბესალო

მე!

ვიქტორ

თუ მართლა გულში მაგისთანა რამ განიზრახე, გარწმუნებ, აბესალო, როგორც გითხარი, შენი ჟინი ასე იოლად არ აგისრულდება…

აბესალო

რატომ!.. როდამიშვილი მჯობია? როდამიშვილს არჩევენ?

ვიქტორ

არა, მაგრამ გეიგონე კაცის, იმათ სიტყვა აქვთ ერთმანეთისათვის მიცემული…

აბესალო

თუ გინდ ჯვარსაწერადაც წამდგარნი იყვნენ… მე რომ ვთქვა, უარს მეტყვიან?

ვიქტორ

ყმაწვილო, ახლა რაღა დროსაა.

აბესალო

დრო ყოველთვისაა.

ვიქტორ

გარწმუნებ, ქალი არასფრის გულისთვის არ გადათქვამს თავის სიტყვას… არასფრის გულისთვის…

აბესალო

არ გადათქვამს?

ვიქტორ

გარწმუნებ, რომ არა… აბა რისთვის გაგექცა – მიგიხვდა რაზედაც გინდოდა ჩამოგეგდო ლაპარაკი და გაგშორდა…

აბესალო

ეგ ტყვილია… ტყვილია, ჩემო ვიქტორ ბატონო! და აგერ ახლავე დაგანახვებ ამას… და ესეც გახსოვდეს, მითქვამს: შემირცხვეს ვაჟკაცობა, თუ მაგ ქალი მე ვისმეს დავუთმო!.. ამისთვის კი მოვნახავ მე გზას.

ვიქტორ

აბესალო, ძმობას გაფიცებ, წუთის გულისთქმას ნუ აჰყვები, შენი ვაჟკაცობა ამაში უფრო გამოჩნდება… უკადრისი საქციელით ვაჟკაცობას ვერ დაამტკიცებ, ჩემო ძმაო.

აბესალო

უკადრისობაზე ლაპარაკი თქვენთვის მომინდვია. მე ჩემი სურვილი უნდა ავისრულო… თქვენს ტარტალს რას დავეძებ! (მიდის).

გამოსვლა მეექვსე

ვიქტორ და როდამიშვილი

ვიქტორ (უკან მისდევს).

აბესალო, გაფიცებ დედ-მამას, უცნაურ საქმეს თავი დაანებო! აბესალო! (შეჩერდება) აღარასფერი ესმის… რა თვალით შეხედა იმ წყეულმა ამ ქალიშვილს, რომ ასე უცნაურად გადირია?!. ფეხი მომტეხოდა და მასთან ერთად არ მოვსულიყავი დღეს აქ!.. რავა დევიჯერო, მართლა უნდოდეს გულით ირინეს ცოლად შერთვა?.. ჟინმა წამოუარა, მეტი არაფერია.. უსათუოდ რაღაც უცნაურობას კი მოახდენს… სად წავიდა ახლა?.. საით წაეთრია ოხერი?..

როდამიშვილი (შეხვდება მიმავალ ვიქტორს)

ვიქტორ!.. შენთან ერთი სათხოვარი საქმე მაქვს… ვიცი შენი კეთილი გული, უარს არ მეტყვი…

ვიქტორ

თუკი შემიძლია რამე, ბატონი ბძანდები… რა იყო?

როდამიშვილი

ამ ოხერმა შენმა ნათლიისშვილმა მომკლა, უნდა გამოგიტყდე, ჩემო ძმაო, გამათავა კაცი!.. ისე ვარ, თითქოს ირინეს ვინმე მართლა მართმევდეს და მე კი ძალაც არ მაქვს, ნებაც არა მაქვს დავიცვა…

ვიქტორ

კარგი ერთი შენც!.. არ გრცხვენია?..

როდამიშვილი

რა ვქნა, ჩემო კეთილო, ასე კია და! აი ამიტომ გადავსწყვიტე გთხოვო, მიმეგზავნო ფილიპესთან და შენებურად მოუყვე ჩემს გარემოებას… მართალია, ჯერ ისე მოწყობილი არა ვარ ჯვარი დევიწერო, მაგრამ მოსვენებულად მაინც ვიქნები, ჩემად რომ ვიგულებ ირინეს… შენი ჭირიმე, გეისარჯე და დამავალე, ჩემო ვიქტორ!..

ვიქტორ

ბატონი ბრძანდები. დიდის სიამოვნებით. ამწამსვე!

როდამიშვილი

შენი ჭირიმე!.. უთხარი, რომ, მართალია, ღარიბი კაცის შვილია, მარა შენს ქალიშვილს გვრიტივით შეინახავს-თქვა…

ვიქტორ

კარგი, კარგი! (მიდის).

როდამიშვილი

შენს სულს დავენაცვლე! საუკუნო მოსამსახურედ გამიხადე!.. დროს ნუღარ დაჰკარგავ, შენ დაგენაცვლე!..

ვიქტორ

ა, მივდივარ ეს არის!.. ახლავე მოვნახავ და ახლავე ვეტყვი (მარჯვნით გავლენ).

გამოსვლა მეშვიდე

ფილიპე და ირინე

ფილიპე

დღევანდელი დღე, შვილო, თურმე ორნაირად სასიხარულო ყოფილა ჩვენთვის…

ირინე

რავა, მამა?

ფილიპე

ამ კაი დღესთან იმისთანა კაი ამბავი უნდა გამოგიცხადო, რომ უკეთესი არ შეიძლება…

ირინე

რა ამბავია, მამა?

ფილიპე

შენი გაბედნიერების ამბავი, შვილო!.. დიახ, იმისთანა ჩინებული ყმაწვილი მთხოვს შენს თავს, რომ შენ ვერც-კი წარმოიდგენ! აბა, აბა!

ირინე (აღელვებული).

ვინ, მამა?.. ვინ?..

ფილიპე

აბა თუ მიხვდები?.. აბა თუ მიხვდები?.. აბესალო სალამთაძე!..

ირინე

აბესალო?!

ფილიპე

აბა, აბა! შენ ვინ გეგონა?.. აბა, ტყვილა მყავხარ კარგი გოგონა, რომ უბრალო ვინმემ გამიბედოს შენი თავის თხოვნა?! კი, შვილო! ეს არის თვითონ მოვიდა ჩემთან, გამიხმო და ასე-ასეო, იმედი მაქვს, სიძედ არ დამიწუნებო და შენი ქალიშვილის მთხოვნელი ვარ… მწარე გულით ვარ მოწადინებულიო, შვილად მიმიღე ან და ჩემი თავი უნდა მოვიკლაო… ასე თქვა, შენ ნუ მომიკვდები: ჩემი თავი უნდა მოვიკლაო. პასუხი მინდა ახლავეო… აბა!

ირინე

(გაფითრებული ყურს უგდებდა, მერე აღელვებით).

მერე რა უთხარი შენ?..

ფილიპე

რას ვეტყოდი, შვილო… რა უნდა მეთქვა! ჩემის მხრით – კი, ბატონო-თქვა, ოღონდ, თუ უკაცრავად არ ვიქნები-თქვა, პასუხს ახლავე მოგახსენებთ-თქვა… ჩემს შვილს გავაგებიებ და, რასაკვირველია, წინააღმდეგი არც ის იქნება-თქვა…

ირინე

არა, მამა, არა!

ფილიპე

რასაკვირველია, რასაკვირველია!.. ეგ მეც ვიცოდი, რომ აბესალოს შენ ვერ დეიწუნებდი… მე შენ გეტყვი, ვინმე აჯობებს!..

ირინე

არა, მამა, აბესალოს მე ვერ წავყვები…

ფილიპე

ა?!

ირინე

აბესალოს ვერ წავყვები, მამა.

ფილიპე

აბესალოს ვერ წავყვებიო?.. გადირიე, შვილო!?

ირინე

ვერა… ჩემო მამა, ჩემო!

ფილიპე

ღმერთო, ნუ შემშლი! რა მესმის ეს და ვისგან? გესმის შენ შენი სიტყვები, გესმის თუ არა?!

ირინე

შენ გენაცვალე, ჩემო მამა, ჩემო კარგო მამა, შენს სულს ვენაცვალე, მაგაზე ნუღარაფერს მეტევი!

ფილიპე

რა ამბავია ეს?! აბესალოს უნდობლობა?!. ჰმ! რა ამბავია ეს, რა ამბავია?! აბა ვიღას უნდა წაყვე?! აბა ვიღა გინდა, ამისთანა ვაჟკაცს რომ არ ნდომულობ, რა ოჯახის შვილს, რა გვარის შვილს?.. წუნობ თუ? აბა ვის უნდა წაყვე?!. ვის?

ირინე

შენი ჭირიმე, შენი, ჩემო მამა, ჩემო!

ფილიპე

უარი ვუთხრა აბა?

ირინე

უარი, მამა!

ფილიპე

რა მიზეზიაო?

ირინე

უთხარი… უთხარი, რომ…

ფილიპე

ჰო, ჰო… რა უთხარიო? რა უთხარიო, რომ სათქმელი არაფერია… რას გაჩუმებულხარ?… მასწავლე, რა ვუთხრა მიზეზად?

ირინე

მამა, მე აბესალოს არ წავყვები… ვერ წავყვები!

ფილიპე

რა ამბავია შენს თავზე, ირინე, დღეს?.. სხვიმის როდის გილაპარაკნია ასე სულელურად? რა წამოგიარა დღეს? ასეთი უცნაური გაჯიუტება!.. ასეთი საქციელი შენი!.. მითხარი ერთი, რითი ავხსნა, რას მივაწერო?! ბედნიერება კარზე მოგდგომოდეს კაცს და უარს ამბობდე?! ჰმ! ღმერთო, შენ დასწყევლე ყოველი მავნე და ბოროტი სული!.. რამ გადამირია ეს აქამდისინ უწყინარი და მორჩილი შვილი!.. შვილო, ჭკუაზე მოდი, ირინე! ის კაცი მოუთმენლად ელის პასუხს… სული უწუხს, სანამ გეიგონებდეს შენგან თანხმობის სიტყვას…

ირინე

ჩემო მამა, ჩემო ძვირფასო მამა, გევედრები, ნუღარ ჩამაცივდები…

ფილიპე

რატომ, შე შეჩვენებულო, რატომ?.. ერთი მიზეზი მაინც გამაგებინე! მთელ ამ მხარეზე ბადალი არავინ ჰყავს… შემდარე არავინ ჰყავს… ყმაწვილკაცობის თვალად ითვლება… შნოა მთელად ყმაწვილკაცობის და შენ სდებ წუნს, შენ? მითხარი ერთი… მითხარი, ბატონო, მითხარი, ერთი გამაგებინე!.. მიზეზი გამაგებინე ერთი.. ჰო…

ირინე

არ მიყვარს…

ფილიპე (მოკლე პაუზის შემდეგ).

არ გიყვარს?.. სხვა არაფერი?.. სხვა არაფერია?

ირინე

არ მიყვარს…

ფილიპე

ჩუ, აბა, ჩუ!.. ხმა არ ამოიღო!.. დიახ, მანამდი ნუ გათხოვდები, სანამ ვინმე არ შეიყვარო და კისერზე არ მოეხვიო ისე მაგრად, რომ ვერსად გაგექცეს… დიახ, შენმა სიცოცხლემ! არ მიყვარსო?! არ გიყვარს, მერე შეგიყვარდება – მანამდე რომელი თავმოყვარე ქალიშვილი დეიწყებს შენსავით ასე მოურიდებლად სიყვარულზე ტარტალს?!. ამას მოველოდი შენგან?.. ამის იმედი მქონდა მე შენი?.. მარა სულელი და უჭკუო მე ვარ, ამდენი ლაპარაკის ნებას რომ გაძლევ… შენი უჭკუობისათვის ამნაირ ბედნიერებას რავა დაგაკარგვინებ?!. მერე მადლობასაც კი მეტყვი!

ირინე

მამა, მამა!.. (ამ დროს სცენაზე გამოიფინებიან ყმაწვილი ქალები და კაცები სალამურით, დაირით და ხმაურობით: ”აგერ ყოფილა!” მისცვივდებიან ირინეს).

გამოსვლა მერვე

იგინივე, ქალიშვილები და ყმაწვილები

ქალიშვილი 1

ჩამორებული ლეკურია, ირინე… შენ დაგვრჩი მარტო…

ქალიშვილი 2

შენ უნდა ჩამოიარო ერთი… ვინც იცის და არ იცის, ყველამ ითამაშა.

ირინე

მეტისმეტად დაღალული ვარ, გენაცვალე, მერე ვიცეკვებ…

ქალიშვილები

ახლა, ახლა უნდა იცეკვო!..

ირინე

სხვამ იცეკვოს ჯერ…

ქალიშვილები

ყველამ იცეკვა, შენ დაგვრჩი, მხოლოდ… შენს გარდა ყველამ ვიცეკვეთ…

ყმაწვილები

თქვენ დაგვრჩით მხოლოდ… კავალერი თქვენ ამოირჩიეთ…

აბესალო (გამოხტება საცეკვაოდ).

აგერ გახლავართ! ტაში, ყმაწვილებო! (ირინე გაკვირვებით ერთს გადახედავს და გაჰყვება ცეკვაში, ერთს შემოუვლის და გაჩერდება. საერთო ”ბრავო”).

როდამიშვილი (ვიქტორს)

ვიქტორ, აგერ არის ფილიპე, ნუღარ გადადებ.

ვიქტორ

ახლავე, ა! (ხმაურობით ისევ გავლენ სტუმრები და ირინეს თან გაიყოლებენ).

გამოსვლა მეცხრე

ფილიპე და ვიქტორ

ვიქტორ (შეაჩერებს მიმავალ ფილიპეს).

თქვენთან, ბატონო ფილიპე, ცოტა საქმე მაქვს.

ფილიპე

ოჰ, კაი დაგემართოს! მეც შენი ნახვა მინდოდა სწორედ… ყმაწვილო, შენ რაღა დაგიმალო, შვილივით გიყურებ, შენთან რა მაქვს დასამალავი… შვილი გადამერია, სასიკეთო შვილი!.. ჩემი ირინე!

ვიქტორ

ჰო!

ფილიპე

მომკლა კაცი, გამათავა!.. ვიღაცამ შემიცდინა… ვიღაცამ გამისულელა! წარმოიდგინე, შენმა ნათლიისშვილმა, აბესალომ, იმისთანა პატივი დამსდვა, რომ ჩემი ღარიბი ოჯახიდან ჩემი შვილის ცოლად შერთვა ისურვა, და ეს შეჩვენებული უარზე მიდგება!.. მერე თვითონ მოვიდა და ისე მთხოვა ჩემი ირინე! ვინ გამიბრიყვა, ვინ გამისულელა?.. არ მიყვარსო, დოუჯინია!.. ჰმ, არ მიყვარსო! მოდი და ელაპარაკე ამ ქალბატონს!.. აბა, უნდა ვუყურო, სანამ ვისმეს არ შეიყვარებს და სირცხვილს არ მაჭმევს?..

ვიქტორ

აბესალო თვითონ მოვიდა შენთან და გთხოვა ირინე?

ფილიპე

აბა, აბა! ახლა პასუხს უცდის.

ვიქტორ

ჰმ!.. რა პასუხი უნდა მისცეთ?

ფილიპე

უარის თქმა რავა შემიძლია!.. უარი რავა მეთქმება, მარა ამ ბოვშის საქმეც მაწუხებს და ამას გეხვეწები, ვიქტორ ჩემო… შენ ძმასავით გიყურებ და მიქენი სიკეთე, ჩააგონე, რომ იმ ყმაწვილს არ შეამჩნევიოს თავისი უჭკუობა და სისულელე… არ აწყენიოს. ხუმრობაა?! თვითონ იცი, რა ოჯახის შვილია, რა გვარის შვილი!.. ამნაირ ბედს ვინ არ ნატრულობს და მე უარი ვთქვა?! იმე! შენ დაგენაცვლე, შენი ჭირი შემეყაროს, რას ემგვანება ეს? ჰმ!.. რას მივაწერო, რითი ავხსნა ამ ბოვშის ამნაირი ახირება?!

ვიქტორ

აბა, მართალი მოგახსენოთ, ბატონო ფილიპე, თქვენი ქალიშვილი მშვენივრად სჯის, როცა უარს ამბობს აბესალოს წაყოლაზე…

ფილიპე

ა?.. შენგან მესმის ეგ?! შენ მეუბნები ამას?

ვიქტორ

სწორედ! და დარწმუნებული ვარ, იმათ არ მიიღებ ამას, ვითომ და ირინეს უღირსად ვუყურებდე აბესალოს საცოლოდ… დამწყევლოს მაშინ ღმერთმა!.. არა, ბატონო ფილიპე, აბესალო არ არის ირინეს ღირსი და თუ თქვენ თქვენი ქალიშვილის ბედნიერება გსურთ, თუ არ გინდათ სიცოცხლე გაუმწაროთ, იმ ჩემს ნათლიისშვილს უსათუოდ უარი უნდა უთხრათ.

ფილიპე

რატომ, ვიქტორ, რატომ?.. რომ არ მესმის მე ეგ ლაპარაკი? რითია დასაწუნარი იმისთანა შესანიშნავი ახალგაზრდა? შეხედულებას დაუწუნებ კაცი, გვარიშვილობას, ოჯახს, ვაჟკაცობას, თუ რას, მითხარით ერთი?

ვიქტორ

არც ერთს ამას, მაგრამ თვითონ პირადად არ არის საოჯახო კაცი… მაგას სრულიად არა აქვს იმისი თავი, რომ ოჯახს მოეკიდოს, არა თუ მოეკიდოს, მეტს გეტყვით, იგუოს ოჯახი. დღეს თუ ირინეს გთხოვს და იმისთვის ირევა, ეგ იმიტომ კი არა, რომ მართლა მისი სიყვარული ჰქონდეს გულში, მართლა ცოლად ირჩევდეს მას… არა, მერწმუნეთ ამაში, ბატონო ფილიპე, არასოდეს! მაგ კაცი გატაცებულია ასე უცაბედად, აღძრული სურვილით და არაფერს ერიდება რამე გზით კოხტა ქალი დაისაკუთროს. მერმისზე ის სრულიად არა ფიქრობს… მერე რა იქნება, ამისი დარდი არაფრად აწუხებს, იმიტომ რომ ცოლსა და ოჯახს არასოდეს თავის თავს არ შეაწუხებინებს. აბესალოსთანა ხასიათის ყმაწვილები საოჯახოდ არ გაუჩენია ღმერთს და როცა შემცდარან და შემთხვევით მოჰკიდებიან ოჯახს, იქ სიკეთე ჯერ არავის უნახავს… საუბედუროდ, ამის მაგალითები საკმაოა ჩვენში… თუ ვინმე გაძლებს მაგათთან, ისევ იმგვარივე ხასიათის ქალი, თორემ მეოჯახე, მშვიდობიანი, ღვთისნიერი ქმნილება მაგათ სიახლოვეს უკიდურესად გაწვალებულია და წამებული. დამიჯერე, ფილიპე, რომ შენს ირინესაც ამგვარ მომავალს გაუმზადებ, თუ უარი არ მიუგე აბესალოს.

ფილიპე

აბა ვის უნდა მივცე, შვილო?

ვიქტორ

ცოტა არიან იმისთანა ყმაწვილები, რომლებსაც მართლა გულით წადიანთ ოჯახს მოეკიდონ და საიმედონი არიან, რომ მუყაითად გოუძღვებიან ოჯახს?

ფილიპე

და აბესალოს ვუთხრა, ქალს ვერ მოგცემ-თქვა?

ვიქტორ

უთხარი, სასიძო ამორჩეული მყავს-თქვა და, რომ ასე არ ყოფილიყო, ბედნიერი ვიქნებოდი თქვენთან დამოყვრებით-თქვა…

ფილიპე

არ ჩამკითხავს მერე? მომასვენებს, სანამ არ გეიგებს, ვინ არისო!?.

ვიქტორ

უთხარით, უთხარით პირდაპირ…

ფილიპე

ასე ტყვილა ვინ შევასახელო… გამოძიებაში არ შევა, შენ გგონია?

ვიქტორ

ტყვილა შესახელება რათ გინდათ… სწორედ იმისათვის გეძებდით ახლა, რომ შეგატყობინოთ თქვენი ქალიშვილის გულის ნადები და ერთი ჩინებული ყმაწვილი კაცის თხოვნა… და, იმედია, რომ, როგორც შვილის მოსიყვარულე მამა, არც ერთს არ დაურღვევთ ბედნიერებას თქვენი წინააღმდეგობით… სწორედ მაშვლად ვარ მოსული, ბატონო ფილიპე.

ფილიპე

ვისგან?

ვიქტორ

კი, მართალია, მდიდარი ოჯახის შვილი არაა, მარა ღმერთმაც იცის და კაცმაც, რომ პავლე როდამიშვილი ჩინებული ახალგაზრდაა, მუყაითი, პატიოსანი…

ფილიპე

და იმას მივცე ირინე?!

ვიქტორ

სწორედ! მით უფრო, რომ ქალსაც და კაცსაც ერთმანეთი უყვართ და მართლა ბედნიერი იქნებიან…

ფილიპე

ერთმანეთი უყვართ?.. ამისთვის დაეთრეოდა ის წუნწკლიანი ჩემს ოჯახში?! ამისთვის დაძვრებოდა, რომ სიყვარულზე ემართა მუსაიფი იმ უტიფართან?! ღმერთო მომკალი!.. რა მესმის ეს, რას მოვესწარი – ქალიშვილი ასე ურცხვად, ასე მოურიდებლად მელაპარაკება, ეს მიყვარს, ეს არ მიყვარს, ეს ასეთია, ეს ისეთიაო!.. და შენც, ვიქტორ, კვერს უკრავ ამაზე და მირჩევ ავყვე ბღარტს, რომ მერე სასაცილოდ გავიხადო ჩემი თავი?!. შენგან არ მიკვირს, ამისთანა რჩევას რომ მაძლევ!.. მე სულ სხვა კაცად გიყურებდი… სულ სხვა იმედით ვიყავი შენზე.

ვიქტორ

ისე მე ვიცოცხლო, თქვენ არ დაგიფიცავთ, რავარც მე წრფელის გულით გირჩევდეთ, რაც ახლა მოგახსენეთ…

ფილიპე

აბესალო უარით გევისტუმრო და როდამიშვილს ქალი მივცე?

ვიქტორ

დიახ… თუ თქვენი შვილის გაბედნიერება გსურთ, ასე უნდა ქნათ.

ფილიპე

უკაცრავად ვარ… სწორედ უკაცრავად, და თქვენს რჩევას მე ვერასფრის გზით ვერ მივიღებ… ჰმ, სალამთაძეს უარი ვტკიცო ვიღაცა როდამიშვილის გულისათვის!.. კაი ამბავი თუ გინდათ, ეგ იქნება… არა, ჩემო ბიძია… ღმერთს მაგდენად ჩემთვის კიდევ ჭკუა არ წოურთმევია, რომ საქმეს და მდგომარეობას ვერ მივხვდე… ვიღაცა ბარბაქაძეს სალამთაძე ხელს გიწვდიდეს, შენთან დამოყვრებას ნატრულობდეს და უარს ეუბნებოდე! კაია, შენი ჭირიმე! ქვეყანა არ მოკვდება სიცილით?! სულელად არ მიგიღებენ კაცს?!

ვიქტორ

ბატონო ფილიპე!..

ფილიპე

კაი, კაი, შენი ჭირიმე! კაი, შენი ჭირიმე! უმორჩილესად გთხოვ, ამაზე სიტყვას ნუღარ ვხარჯავთ!..

ვიქტორ

ნუ ჩქარობთ, ბატონო ფილიპე… გამიგონეთ… ერთი სიტყვა მაინც მათქმევინეთ და…

ფილიპე

არც ნახევარი… არც ნახევარი! აბესალოს მხრით პატივია ჩემს ოჯახზე მისი სურვილი, სწორედ პატივი! და ბანჯგვლიანი როდამიშვილისათვის ჩემს შვილს მისი უჭკუობით ბედს ვერ დავაკარგვინებ. ვერა, ვერა!.. თუ მარტო ამაში იყო საქმე, იმ პატიოსან ყმაწვილს, ღმერთო მომკალი, ამდენ ხანს რავა მოვკლავდი ლოდინით!.. (მიდის).

ვიქტორ

მოითმინეთ, ბატონო ფილიპე! მოითმინეთ ერთ წუთს!

ფილიპე

მერე, მერე!.. (იქით მიმავალი). გაეშმაკებულია ყოველი კაცი! უნდა აბესალო დააშოროს ირინეს! კი მიგიხვდი!

გამოსვლა მეათე

იგივე, როდამიშვილი და ირინე

როდამიშვილი

ვიქტორ… რაო?..

ვიქტორ

მხეცია!… მხეცი, ჩემო ძმაო! ახლოსაც არ გეიკარა ჩემი სიტყვა! პატივისცემად მიაჩნია აბესალოსაგან… ირინეს რომ სთხოვს… უარს ვერ გოვუბედავო…

ირინე

ვიქტორ… მიშველე!.. მიშველე, ძმობას გაფიცებ!

ვიქტორ

რაღა გიშველო, საყვარელო დაო! რაღათი გიშველო!.. ალბათ არ ყოფილხართ ერთმანეთის ბედი!

ირინე

თავს მოვიკლავ და აბესალოს კი არ წავყვები! თავს მოვიკლავ და არ წავყვები!

ვიქტორ

ჩუ, ნუ ტირი! აგერ მამაშენიც მოდის!.. პავლე, მოშორდი, თუ ძმა ხარ!.. აქ აღარაფერი გაგეწყობა, ტყვილი იქნება ყოველივე მეცადინეობა. (როდამიშვილი გადის).

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე და ფილიპე

ფილიპე

სად ხარ, ყმაწვილო, მე შენ დაგეძებ?! ეს რაა?.. ცრემლები?.. რა გატირებს, რა ღმერთი გიწყრება! რა ეშმაკი გრევს?! ახლავე თვალები ამოიწმიდე! ჩუ, ჩუ!

ირინე

მამა, ჩემო მამა… ჩემო კარგო მამა!..

ფილიპე

ნუ სულელობ, გეუბნები!.. ნუ მჭრი თავს ქვეყანაში!.. ამას მოველოდი შენგან?! შე სულელო, შენ არც კი გესმის, რა ბედნიერებას ეყრები!.. ჩუ, ხმა არ ამოიღო!

ირინე

მამა, შენს სულს დავენაცვლე! ჩემო მამა!..

ფილიპე

რა დროს ლაპარაკია… ის ყმაწვილი გვიცდის… ახლავე უნდა გამოაცხადოს… წამოდი, შვილო, წამოდი-თქვა! (მიჰყავს) ვიქტორ, შენც!.. და იმ საძაგელს უთხარი, ხმა არ ამოიღოს, კრინტი არ დასძრას… თორემ!

გამოსვლა მეთორმეტე

იგინივე, აბესალო და მერე როდამიშვილი

აბესალო

რომ ვეღარ მოვესწარი… რა იქნა, ფილიპე ჩემო!..

ფილიპე

აჰ, ბატონო ჩემო, ეს-ეს არის გიახლებოდით.

ირინე

ბატონო აბესალო!

აბესალო

თვითონ ბატონო და ხელმწიფევ!..

ირინე

წეხან მე ვერ მოვასწარი პასუხი მომეხსენებია თქვენთვის…

აბესალო

მოუთმენლად მოველი თქვენგანაც გავიგონო იგი… თქვენგანაც…

ფილიპე

კი, ბატონო, კი ბატონო!

ირინე

დიდად მადლობელი ვარ თქვენი ჩემდამი გრძნობისათვის… მეც სიტყვას გაძლევთ, მოგიგოთ ნამდვილი დაძმური სიყვარულით…

აბესალო

დაძმური?.. არა, არა… მე თქვენს თავს ვერავინ წამართმევს… ვერა, ვერა!

ფილიპე

ვინაა წამრთმევი, შენი ჭირიმე, ვინ?.. რას ბრძანებთ!..

აბესალო

და ჩემი ბედნიერება ახლავე მთელ ქვეყანას უნდა გავაგებიო, ახლავე!

ფილიპე

კი ბატონო, კი შენი ჭირიმე!.. წამობრძანდით… სახლში წამობრძანდით! (მიჰყავს თავჩაკიდებული ირინე).

აბესალო

ვიქტორ, ვიქტორ… მოდი, კაცო! (სახლისკენ მიდიან).

ფილიპე

ვიქტორ, მობრძანდი!

ვიქტორ

გიახლებით!.. (როცა ყველანი გავლენ, მარცხნით გაიხედავს და როდამიშვილს იხმობს) პავლე! (შემოდის როდამიშვილი შეწუხებული) პავლე, გაფიცებ ყმაწვილკაცობას შეიმაგრო თავი, არავის შეამჩნევიო შენი მწუხარება… ირინეს გულისათვის მოიქეცი აგრე… რას იზამ, ძმაო, ჯერ კიდევ მხეცობაში გვიდგია ფეხი!.. ისე შეახედვიე ყველას, თითქოს თქვენს შორის ნამდვილ არაფერი ყოფილიყოს, თუ ძმა ხარ!.. შენ მაინც შეიბრალე საწყალი ირინე! წამოდი! (რომ დააპირებენ სახლისკენ წასვლას, ამ დროს მოისმის „ვაშას“ ძახილი და მრავალჟამიერ).

როდამიშვილი

გადაგიწყდა ყოველივე სიხარული, აბესალო სალამთაძევ! გადაგიწყდა!

(ფარდა)

მოქმედება მეორე

სალამთაძის სახლი

გამოსვლა პირველი

ეკა (აბესალოს დედა) და ვიქტორი

ეკა

ისე შენს დამაწყევარს მოაკლდა, შვილო, ყოველივე სიხარული, როგორადაც ნათლიიშენის გული მოკლებული შეიქმნა ყოველივე სიამოვნებას, ჩემს შვილებს რომ ამნაირად ვუმზერ… ისე ეიგორა გული, ისე უცნაურად გამოიცვალა მასთან ხასიათი ჩემმა აბესალომ, რომ აღარავისათვის დამალული აღარაა მათი ამბავი… რა მოუხდათ, რაზე ჩამოუვარდათ ამნაირი ამბავი, ვერაფერი გევიგე, შენ დაგენაცვლე!.. ემდურის რამეს, აწყენია იმ საცოდავმა რამე?.. ვერაფერი გევიგე!.. აბესალოს, რა ვქნა, კითხვა ვერ გოვუბედე, შვილო, და ის ქალია და ქე მეცოდება, გამოკითხვით ვაი თუ შეწუხდეს, როცა გაიგებს, ჩვენთვის დაფარული რომ აღარ არი მათი ამბავი!.. ვარ ასე და ვასკდები ჩემს გულს… უნდა ვიმწუხარო… უნდა ვიჟივლო და ვიტირო ჩუმად მაგათ შემხედვარემ…

ვიქტორ

აბესალო სად არის ახლა, ნათლია?

ეკა

რა ვიცი, შვილო! წავა, გადაიკარგება სადღაც… მოვა, ერთ-ორ დღეს გაათევს სახლში… ისიც სულ იღრინება, გაბუტულია, მერე ადგება და ისევ წავა თავისათვის… კითხვას ვინ გაუბედავს, შენ გენაცვალე!.. მამამისია და ისიც ვეღარ უსწორებს მის ნებას… დაბრუნდება თუ არა და იმწამსვე იმის კითხვაშია, თუ ვინ იყო მომსვლელი ან წამსვლელი… სულ გამოიცვალა, ვიქტორ ჩემო, სულ! ვეღარ იცნობ ჩემს აბესალოს. სხვაგან არ ვიცი რავაა და სახლში რომ ვუყურებ – გული მიკვდება და უფრო ის მკლავს, რომ არ ვიცი, რა ვქნა, რა გზას დავადგე!

ვიქტორ

ირინე როგორაა, ნათლია?

ეკა

როგორ იქნება, შვილო!.. გულში რა ცეცხლი უტრიალებს, რას გოუგებ – თვითონ არას ამბობს… რომ უყურო, ვითომ და არაფერიაო. ქმართან ისე მორჩილებითაა, თვალებში შეჰყურებს, რა უნდაო, რა იამებაო… მეტ სიტყვას არ ამოიღებს მასთან… დაფუსფუსობს ოჯახში… მუდამ საქნარშია… ძვირფასი მეოჯახე ქალია, შვილო, ძვირფასი მეოჯახე ქალი! ეს უფრო მიკლავს გულს… ამისთანა რამეს რავა არ უნდა აფასებდეს ადამიანი!.. მარა რა ვქნა!.. რა ვქნა! რატომ ეიგორა გული მასზე ჩემმა შვილმა, აღარ ვიცი, შენ დაგენაცვლე… ვერ გამიგია… ეგებ ჩვენთან არ აჩენდეს თავის ხასიათს… რასაკვირველია, ქმარს უფრო ეცოდინება ცოლის ამბავი… შეიძლება რამე მიზეზიც ქე მიეცეს მაგ უბედურს ჩემი აბესალოსათვის… აბა ისე ტყუილუბრალოდ!..

ვიქტორ

არა, ნათლია ჩემო!.. მართალი გითხრათ, ეგ რომ მაგრე იქნებოდა, მე თავიდანვე ვიცოდი და ამიტომაც მინდოდა ხელი შემეშალა აბესალოსათვის იმ დღეს… ირინესათვის რომ გადირია, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე…

ეკა

ნეტავი შენი კარგა ყოფნით, აგეცილებია მაგისათვის მაშინ.

ვიქტორ

რამდენადაც მე გავიგე… აბესალო იმ ყმაწვილთან ეჭვობს ირინეს, ქე რომ წაართვა… წართმევა იყო, აბა რა იყო!.. იმასთან ეჭვობსო… ასე მითხრეს…

ეკა

უი, უი! ცოდვაა, შვილო, ცოდვა!.. ცოდვაა, რომ კაცმა მაგისთანა რამ დააბრალოს მაგ უბედურს, მაგ საწყალს!

ვიქტორ

ასე კი გევიგონე…

ეკა

ტყვილია, ტყვილია, შვილო!.. ამ დასამიწებელ თვალებს დღე და ღამ არ ვაშორებ… თვითონაც რა ხანია, რომ ეზოს გადაღმა არსად ფეხი არ გადუდგამს… ცოდვაა მაგნაირი რამეს დაბრალება!.. ალბათ, მისიანებსაც ასე აქვთ გაგონილი და აღარავინ გეიჭაჭანა მის სანახავად…

ვიქტორ

უნდა მიახვედროთ, ნათლია, რომ აბესალო შემცდარია…

ეკა

რანაირად, შვილო, რანაირად?

ვიქტორ

რომ უსაფუძლოა მისი ეჭვები… ტყვილა თავის სახელსაც ირცხვენს და ცოლსაც თავს სჭრის ქვეყანაში…

ე კ ა

ისევ შენ… ისევ შენ… შენ დაგენაცვლება ნათლიაშენი!.. ჩამოუგდე სიტყვა შენებურად… მოელაპარაკე… შეაჯერე… შენი ჭირი შემეყრება!.. შენ შეგვეწიე… შენებურად მოელაპარაკე აბესალოს… ეგებ შენი გეიგონოს, ეგებ ჩაუკვირდეს თავის საქმეს და გონზე მოვიდეს… რა ვქნათ, შვილო, ჩვენ, მოხუცებულებმა, რანაირად ვუთხრათ, რანაირად გოვუბედოთ!.. და შენ ძმასავით ურჩიე, ოუხსენი ყველაფერი…

ვიქტორ

მეც სწორედ მაგისათვის მოვედი დღეს, გამოტეხილი უნდა გითხრათ. მინდოდა მენახა და მეთქვა ერთი-ორი სიტყვა, თორემ ნამეტანი მითქმა-მოთქმაა და უარესი ის არის, რომ აბესალოსაგან ეძლევათ სალაპარაკო… უნდა მოისპოს ეს უცნაური და უხეირო ლაპარაკი! აბესალო კია დანაშაული ყველაფერში.

ეკა

აბა, ჩემო ვიქტორ, შენ თუ რამეთი გამიხარებ ამ დათუთქულ და დამწუხრებულ გულს… ღმერთი, შვილო, მაგიერს მოგიძღვნის…

გამოსვლა მეორე

იგინივე და ირინე

ირინე (თავსაფარწაკრული).

დედა, კიდევ ორი ჭუკი არ დაკარგულა?! (ვიქტორს შენიშნავს) უი, ვიქტორი მოსულა! კი ვერ შევხედე…

ვიქტორ

გეტყობა, ძალიან გწყენია ჭუკების დაკარგვა…

ეკა

რაცხა უბედურებაა, არ იქნება ისეთი დღე, თითო-ოროლა არ დაიკარგოს… რა ამბავია, ვერაფერი გევიგეთ… გაგვიწყალა სულ, რაც ინდოური გვყავდა…

ირინე

სად დაგვეკარგე, ვიქტორ?.. რაცა ხანია, თვალით არ გვეჩვენე… დედა ძალიან გემდურის, იცოდე… წინედ ყოველ კვირა იცოდა მოსვლაო.

ვიქტორ

რა ვქნა, შემხვდა ასე.

ირინე

თუ მე ცუდი ფეხით მოვედი აქ და მას აქეთ აღარავინ ეკარებით აქაურობას?

ეკა

რატომ, შვილო, რატომ ამბობ მაგას?..

ვიქტორ (სიცილით).

შეიძლება მაგრეთაც იყოს.

ირინე

არა თუ? (ფანჯრიდან დაინახავს). ოჰ, აბესალო მოვიდა.

ეკა (წამოვარდება და ფანჯარასთან მივა)

აბესალო მოვიდა?..

ვიქტორ

კი, აბესალოა.

ეკა

ესენი ვინ არიან? ვეღარ ვიცანი…

ვიქტორ

ერთი სოგრატა პურაშვილია და მეორე ნესტორა ტაბიძე.

ეკა

მართლა… მართლა. კი ვეღარ ვიცანი! სად შეხვდნენ ერთმანეთს?

ვიქტორ

მაგენი კი მოსძებნიან ყოველთვის ერთმანეთს… ნაქეიფარი მოდიან საცხაიდან უსათუოდ.

ეკა (ირინეს).

გადი, შვილო, შეეგებე ქმარსა და სტუმრებსაც… აივანზე შეეგებე… მეც ახლავე გამოვალ.

ირინე

კი, ბატონო! (გავა).

ეკა

ე, თვალი მიაყოლე, ვიქტორ ჩემო, რარიგად სახე მოეღუშება ჩემს აბესალოს… არ შეიძლება წარბი გახსნას ირინეს შემხედვარემ… რა ვქნა, რა ვუყო, მაგათ ამნაირ ამბავს რომ ვუყურებ… ნეტავი დროს მაინც გაევლო, რაც მაგათ ჯვარი დაიწერეს!..

გამოსვლა მესამე

იგინივე, ირინე, აბესალო, ნესტორ და სოგრატ

აბესალო

ოჰ, ვიქტორ!.. სად გადიკარგე, ყმაწვილო?..

ვიქტორ

სხვაგან ვიყავი – საქმე მქონდა.

ეკა

დაბძანდით, ბატონო!

ყმაწვილები

გახლავართ!

აბესალო

ლეკურები აიძვრეთ… მამა შინ არის, დედა?

ეკა

სახლშია, შვილო… ცოტა უქეიფოთაა და წამოწოლილია თავის ოთახში…

აბესალო

არაფერია… გვაცალე, ახლავე ფეხზე წამოვახტუნებთ… ისევ ჯანზე დავაყენებთ! შენ ოღონდ ხელათ ისეთი სადილი შეგვიმზადე, აი ჩვენისთანა ყმაწვილებს რომ ეკადრება… დროზე, თორემ ცდაც აღარ შეგვიძლია!

ეკა

ახლავე, შვილო! ირინე ჩემო! (ირინე გავა).

სოგრატ

ბატონო ეკა, თუ გებრალებით, ღვინოს ნუ დაგვანახვებთ!

ნესტორ

აბესალო, თუ ღმერთი გწამს, ნურაფერს გამოიგონებ!.. არაფერი არაა საჭირო… ჯერ რომ ბატონი სამსონი უქეიფოდ ბრძანებულა და მერე კიდევ, თქვენ ნუ მომიკვდებით, ბატონო ეკა, ეს მეოთხე დღეა სწორედ, რომ ღვინოში დავცურავთ… რა იყო, რა იყო! ჩემო ბატონო! ცოცხლები რაობით გადვურჩით!

ვიქტორ

თქვენ კი არაფერი გეტყობათ და!

სოგრატ

არ გვეტყობა კი არა…

აბესალო

კარგი, კარგი!.. მაგაზე რაღა ლაპარაკია საჭირო! მოდით, სამსონი ვნახოთ… ქეიფზე მოვიყვანოთ მოხუცებული… მოდი, ნესტორ! დედა, აბა შენ იცი!..

ეკა

კი, შვილო, კი! ყველაფერი ახლავე იქნება; მიბრძანდით, თქვენი ჭირიმე… მიბრძანდით! (თვითონ გავა. უკან ჩამორჩებიან ვიქტორ და სოგრატ, რომელნიც წინათ ერთად ისხდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ჩუმად).

გამოსვლა მეოთხე

ვიქტორ და სოგრატ

სოგრატ

ერთ ბეწვზე გადავრჩით საშინელ უბედურებას… ჩააცივდა კოლა ბეჟანეიშვილს, აღარ მისცა საშველი… არ მისცა საშველი… ამოიჩემა ასე ტყუილუბრალოდ! ბევრი უთმინა და რომ გამოვიდა მოთმინებიდან, ასე ამ ხალხში მიაძახა: ჩემზე რომ ასე თვალი გიჭირავს, უკეთესი იქნებოდა, ცოლისათვის გედევნა აგრე მარჯვედ თვალიო!..

ვიქტორ

თუ ძმა ხარ?!

სოგრატ

ძმობას გეფიცები, მთელ ხალხში მიაძახა ასე! იმე, რა ნახეს, კაცო, ჩემმა თვალებმა, რა ნახეს?! ლომი რომ გინახავს გაძვინვარებული, ერთი ისკუპა იმხელაზე და დაახტა კოლას, გვეგონა, გაათავა ეს არის-თქვა… მაგრამ იქით-აქეთ ვეცით… ვიღამ შეაკავა… ძლივს დავაშორეთ ერთმანეთი… კბილებს აკრაჭუნებდა, კაცო, ისე, რომ აქ გეიგონებდი!

ვიქტორ

შეურცხვა მაგას ყმაწვილკაცობა! გამოაჭიანა ქალი ასე ტყუილუბრალოდ! ყველამ გაიგო, ყველა მიახვედრა, რომ ცოლს ეწამება… ნეტავი, საწყალი რამეში მაინც იყვეს დამნაშავე!..

სოგრატ

ალბათ არის, კაცო, აბა რატომ შეიძულა ასე უცნაურად და ისეთ გუნებაზეა, რომ მზადაა, მგონი, სიცოცხლეს გამოასალმოს!

ვიქტორ

იცის ღმერთმა, რომ ირინე არაფერ მაგისთანაში დანაშაული არ არის!.. იცის ღმერთმა!

სოგრატ

ყველას კი სჯერა…

ვიქტორ

თვითონ რომ არწმუნებს ყველას თავისი საქციელით, აბა სხვა რა იქნება!

სოგრატ

პალიკო ცისკარიშვილის პირით შეუთვალა როდამიშვილს, რომ აქედან სადაც გინდა გადაიკარგეო, ამ მხარიდან ეიყარეო, ანდა ამ მოკლე ხანში, სადაც მიგისწრებ, იქ აგკუწავ ნაჭერ-ნაჭერო. ასე შეუთვალა გუშინწინ. გუშინ ისე დათვრა სიპიტაძისას, ისე დათვრა, რომ ხომ ბევრ სმაში მინახავს მაგი, მარა გუშინდელსავით გაგიჟებული კი ჩემს დღეში არა ჯერეთ… ახლა ჩაგვაცივდა, აღარ გაგვიშვა და, მე ვიცი, ჩაგვკლავს დღეს მაგ დალოცვილი.

ეჰ, კაი თუ გიყვარდე!.. მაგ ისეა, ეტყობა, ატროვებული, რომ კაცი უნდა ერიდოს, თვარა ერთ უბედურებაში გაგხვევს.

გამოსვლა მეხუთე

იგინივე და აბესალო, მერე ირინე

აბესალო

სამსონი გკითხულობსთ, ყმაწვილებო, რა მუსაიფში გაბმულხართ!

ორივე

ახლავე მოვდივართ.

სოგრატ

სიტყვა მინდა დიდი ხნიდან ვიქტორთან… ძლივს ხელში ვიგდე.

აბესალო

მიდით-მეთქი, მიდით! (ორივე სამსონის ოთახში შევლენ).

ირინე

დედამ რომელი ღვინო ამოვაღებინოო?..

აბესალო

ნაქაჩი! ან და წყალ-მაჭარა!.. ეგეც საკითხავია?.. (კარებში) ბიჭო ნიკოია, მაგ ცხენებს უნაგირები მოხადე და თივა ბლომად დაუყარე!..

ირინე

რა პასუხია ეგ, ყმაწვილო?.. (აბესალო ეზოში იყურება) ადამიანმა ერთხელ მაინც წესიერად ნათქვამი სიტყვა ვეღარ გაიგონოს!.. (უცბად მოტრიალდება და აჩქარებული ნაბიჯით გავა ოთახიდან) გაჭირდა, ღმერთმანი, სიცოცხლე!..

აბესალო (კარებიდან გამობრუნდება)

ჯერ სად ბრძანდები! გაჭირვებული სიცოცხლე რანაირი უნდა, აწი განახვებ, ქალბატონო! (ფანჯარაში იყურებოდა და უცბად მოშორდება. გაჯავრებით კარებში) ნიკოია, ნიკოია, ბიჭო!.. არ გესმის?

ნიკოია (შემოვარდება)

რა გნებავთ, ბატონო?

აბესალო

რომ დაგიძახებენ, მეორე დღეს უნდა გაიგონო, შენ ოხრიშვილო? გასწი ახლავე, ეგერ ცხენოსანი რომ ეზოში ჩამოვიდა, მიდი და უთხარი, არავის არ ღებულობენ-თქვა… გასწი, რას დაგიღია პირი!

ნიკოია

დიდი ქალბატონი ეგებება, ბატონო…

აბესალო

დიდი ქალბატონი!.. პირი დაგიფჩენია ვირიშვილს! გეეთრიე, მუდრეგო, დამეკარგე იქით!.. ამოვარდა თქვენი სახსენებელი!.. (მეორე კარებისაკენ მიმავალი) ახლავე გავაბუზურებ მაგ ვაჟბატონს!.. ა, თქვენი რჯული, თქვენი, თქვენი!

გამოსვლა მეექვსე

იგინივე და ეკა (რომელიც სამსონის ოთახიდან გამოვა).

მერე ვიქტორ

აბესალო

რა უყავი ის ვაჟბატონი?

ეკა

ვინა, შვილო?

აბესალო

ახლა რომ მოეთრია?

ეკა

ჩემი ირინეს ბიძაშვილი, სოლომონი იყო, შვილო. სამსონთან შევიყვანე.

აბესალო

ახლავე აქედან წაეთრიოს!.. ახლავე მოჰკურცხლოს თავისით, ჩემს თვალებს არ დაენახოს!.. გესმის?

ეკა

შვილო, შვილო აბესალო!.. შენი ჭირი შეეყაროს დედაშენს, მაგას რას ამბობ, შვილო?.. რას ამბობ, შვილო?!

აბესალო

ეგ მე ვიცი, რასაც ვამბობ, მე ვიცი!.. ბერიკაშვილი კი ახლავე მომაშორეთ, თუ არ გინდათ, რომ ბიჭებს გავაბუნძურებინო!.. (გავა).

ეკა (გაშტერებული)

ღმერთო, რატომ არ მომკლავ!.. რას მოვესწარი ამას! რას მოვესწარი!.. (შემოსულ ვიქტორს) ვიქტორ, შვილო ვიქტორ, მიშველე, რაცხა უცნაურ ამბავს აპირობს ჩემი აბესალო!..

ვიქტორ

რა იყო?..

ეკა

ირევა ირინეს ბიძაშვილის მოსვლისათვის… სახლიდან დეითხოვეთო, თვარა ბიჭებს გავაგდებიებო!.. მიშველე, შენ გენაცვალოს შენი ნათლია, ამაშორე სირცხვილსა და გამოჭიანებას!.. შენს სულს ვენაცვალე!.. აგერ მოდის და, შენი ჭირიმე… შენი! (საჩქაროდ გავა).

გამოსვლა მეშვიდე

ვიქტორ და აბესალო

აბესალო

დედაჩემი იყო აქ, ვიქტორ, სად წავიდა, თუ იცი?

ვიქტორ

ეს არის ახლა გავიდა, მკვდარია ქალი!.. აბესალო, კარგია, თუ ძმა ხარ, ამ შენს სახლში მაინც ნუ იზამ იმისთანა საქმეს, რომ შემდეგ ქვეყნის სალაპარაკო გახდეს. თუ კაცი ხარ, ქვეყანას ნუ ააყაყანებ!

აბესალო

ქვეყანაში მე კარგა ხანია სახელიც გამიფუჭეს და ვაჟკაცობაც შემირცხვინეს, რომ მორიდება მჭირდებოდეს კიდევ! კმარა რაც თავსლაფი დამასხეს და აწი მე მიყურონ… მე მიყურონ!..

ვიქტორ

მერე რაც გინდა ის ქენი, დღეს, თუ ძმა ხარ, ამ ბერიკაშვილს თავი დაანებე, ნურაფერს ნუ შეამთხვევ… ეკა ჯავრით აღარ არის, მართლა ჰგონია… გავაგდებო, გითქვამს… იკლავს თავს საწყალი…

აბესალო

გავაგდებ, მაშ არა?.. ვხუმრობ, თქვენ გგონიათ?.. თუ თავათ ახლავე აქედან არ წათრეულა, შერცხვენილი დამიძახეთ, თუ არ გავაბუნძურო!..

ვიქტორ

ყმაწვილო, რას ერჩი ამ კაცს, რა დაგიშავა, რა გიყო საიმისო?..

აბესალო

ეგ მე ვიცი!

ვიქტორ

კაი დაგემართოს, შენ რომ იცი, მაგრამ ამ ოჯახში, შე კაცო, შენს გარდა დედაა, მამაა შენი!.. ჯერ ამ ოჯახს მათი სახელი ჰქვია… შენ არ მომიკვდე, არავინ არ მოგიწონოს ასეთი ახირება…

აბესალო

ჰმ, ახირება!.. ახირება!.. დასანახავად შემძულდნენ მაგ ლაწირაკები… მაგ უწმინდურები!.. ყველაფერი მაგათ გადამკიდეს, რაც დღეს დამემართა! ვიცი, რაზე დაწანწალობს მაგ წრიფი, მაგ მათხოვარა!.. მაგათი წყალობით მომეჭრა თავი და მაგათ უნდათ ტალახში ამოსვარონ ჩემი თავმოყვარეობა!.. არ მოასწრებს მაგათ ღმერთი ამას!

ვიქტორ

აბესალო, რას ამბობ, ყმაწვილო, დაუგდე შენს ლაპარაკს ყური, თუ ძმა ხარ!

აბესალო

ყველაფერი კარგად მესმის!

ვიქტორ

შენს თავმოყვარეობას რარიგად უნდა შეეხოს?.. რისთვის, რანაირად?.. რას ამბობ, კაცო?!

აბესალო

ვიქტორ, ძმობით გევედრებით ყველას, ნუ მიხვევთ თვალებს! თვალებს ნუ მიხვევთ!.. ვიცი ყველაფერი, ვიცი, ყველაფერს ვხედავ და ყველანი ნუ ცდილობთ ბრიყვად გამომიყვანოთ! კმარა, კმარა რა ცეცხლშიც ვტრიალებ, თქვენ მაინც ნუღარ მიხეთქავთ უფრო გულს!

ვიქტორ

რითი, ყმაწვილო? რითი, თუ ძმა ხარ?

აბესალო

მაგ წუნკლიანის შვილი, ნეხვიდან ამოვათრიე და დღეს ყოველნაირად გამაცადინებულია სირცხვილი მაჭამოს, თავსლაფი დამასხას, სასაცილოდ გახადოს ჩემი სახელი?!

ვიქტორ

აბესალო, აბესალო, ირინეზე ლაპარაკობ შენ მაგეებს? მტყუანი ხარ, შენ ნუ მომიკვდები!

აბესალო

ჰმ, მტყუანი ვარ, დიახ, დიახ!

ვიქტორ

შენს ძმობას ვფიცავარ, ირინე ანგელოზია…

აბესალო

შენ არ იცი მაგ ანგელოზის ამბავი, არა, არა! არ იცი!

ვიქტორ

ვიცი და ამიტომ გეუბნები ამას!

აბესალო

მე ვაჩვენებ მაგ ანგელოზს, რისი ღირსიც ბრძანდება!..

ვიქტორ

რა დაგიშავა, ყმაწვილო, საამისო? ამას წინათ თავს იკლავდი, სანამ ჯვარს დაიწერდი, და ახლა კი…

აბესალო

უწმინდურია, უწმინდურია ოხრისშვილი! წუპაკია!

ვიქტორ

მე მგონია, აბესალო, ამნაირი შენი სიტყვა და საქციელი შენვე გამტყუნებს.

აბესალო

(მიაჩერდება და მერე უცბად)

ეგრე იყოს! ეგრე იყოს, ოღონდ ბერიკაშვილი მომაშორეთ თავიდან, ახლავე მომაშორეთ!

ვიქტორ

აბესალო, ამით იმის მეტი არაფერი იქნება, რომ შეურაცხყოფას მიაყენებ შენს ოჯახსაც და შენს ცოლსაც განსაკუთრებით… სხვა არაფერი!

აბესალო

რას დავეძებ, მეც ეგ მინდა!

ვიქტორ

კარგია, თუ ღმერთი გწამს!

აბესალო

მე ნაკლებ ვარ მაგისაგან შეურაცხყოფილი? რაში მოვერიდები!

ვიქტორ

რითი, ყმაწვილო, რითი?

აბესალო

ოხ, ღმერთო ჩემო, ოხ, ღმერთო ჩემო! რას მალაპარაკებთ კიდევ, როცა ყველამ იცით!.. ყველამ რომ იცით, რას მალაპარაკებთ კიდევ!… როცა ქვეყანამ იცის ეს… ო, ღმერთო! აბა რაა, რომ ტალახში მისვრის ვაჟკაცობას, სიყმაწვილეს, სახელს!.. ვისი გულისათვის მერე? ვისი გულისათვის?..

ვიქტორ

აბესალო, ვიყვე ღვთისაგან შეჩვენებული, თუ შენ ამაში არ ცდებოდე!.. თუ შენ შემცდარი არ იყვე ამაში! რას ამბობ ამას, ყმაწვილო?!

აბესალო

ნუ მიხვევთ თვალებს, ნუ მიხვევთ თვალებს-მეთქი! გესმით!

ვიქტორ

ახირებულია, შენ ნუ მომიკვდე, ასე ტყუილუბრალოდ ადამიანის გამტყუნება!.. ბრალი მოდე ასე უსაბუთოდ!

აბესალო

უსაბუთოდ?!

ვიქტორ

უსაბუთოდ, სწორედ!.. ყოველს ჩემს კეთილს შეახვედროს ღმერთმა მაგისთანა ოჯახის მოყვარული…

აბესალო

საბუთი არაა, აბა რაღა ჯანდაბა გინდათ კიდევ!.. რა გინდათ კიდევ, მეტი, რა?! გულში, გულში ჩახედეთ მაგ თქვენს ოჯახის მოყვარულს… მის პილწ გულში ჩახედეთ და მერე ილაპარაკეთ!.. ვძულდე, ვეძაგებოდე, ყოველგვარი სისაძაგლით აივსოს ჩემზე გული, ოღონდ სხვას, სხვას ნუ შეამჩნევინებს, სხვას ნუ ახვედრებს ამაში, თორემ მაგისი სიყვარული სრულიად არ მეჭირვება მე!.. სრულიადაც არ მეჭირვება!.. რა ჯანდაბად მინდა – ოღონდ ქვეყანაში ვაჟკაცობის სახელს ნუ მისვრის ტალახში და სასაცილოდ ნუ მიხდის!.. ეს მიკლავს გულს, ეს მიხუთავს სულს!.. ამის მოთმენა არ შემიძლია!.. ამას ვერ შევაწევ, ვერა! ვერა!.. ნუ მსვრის ტალახში ვიღაც ლაწირაკისათვის!..

ვიქტორ

ეგ ტყვილი შეწამებაა, აბესალო!.. ვითომ ირინეს როდამიშვილთან…

აბესალო

ქვეყანამ იცის!.. ქვეყანამ იცის!..

ვიქტორ

ეგ შენი ბრალია, თუ გინდა მართალი გაიგო…

აბესალო

ჰმ, ჩემი ბრალია, ჩემი!

ვიქტორ

შენი ბრალია!.. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ შენ მალე აგიგორდებოდა გული მაგ უბედურზე და როდამიშვილის მოგონება უკმაყოფილებას გამოიწვევდა შენის მხრით… და კიდეც ამაშია მთელი ამბავი! და ამ ცრუ წარმოდგენას აყოლიხარ და შენც იმწარებ სიცოცხლეს და ყველა მახლობელსაც!.. შენ არ მომიკვდე, სხვა არაფერი იყვეს და ამაშია შენი გამტყუვნება!.. შენი ცოლის უსაფუძვლო სიძულვილი!

აბესალო

კარგი, კარგი! ეგრე იყვეს… ეგრე იყვეს, მაგრამ ბერიკაშვილი კი მაინც ახლავე თავიდან მომაშორეთ!.. ამ საათში, თორემ, თუ იმ შეჩვენებულთან დალაპარაკებული დავინახე, იქვე გავათავებ!

ვიქტორ

მოითმინე, ყმაწვილო!

აბესალო

რა მოვითმინო?!

გამოსვლა მერვე

იგინივე და ირინე

(აბესალოს)

მამას ოთახში გავშალოთ სუფრა თუ ზალაში? აბესალო! (აბესალო ხმას არ სცემს).

აბესალო

ჯერ ეგ შენი მოამბე რომ მოგიბრძანდა, უკან გააბრუნე… მერე იკითხე სადილის ამბავი!

ვიქტორ

აბესალო, აბესალო!

ირინე (გაშტერებული)

რამ გიკბინა დღეს, ყმაწვილო? რას ირევი დღევანდელი დღე?!

აბესალო

გადარეული როგორიც უნდა, მე განახვებ შენ, თუ ახლავე ეგ ვაჟბატონი, შენი ბერიკაშვილია თუ ვირიშვილი, სახლიდან არ გაგიგდია!.. ახლავე თუ არ წათრეულა, საიდანაც მოეთრია!.. მოგიტანა ამბავი? გაგიხარა ვითომ გული? ახლავე წაეთრიოს, თორემ მოტანალი ამბებიანათ სულ ერთიანად შიგნეულობას გარეთ გადმოვაყრევინებ! გესმის თუ არა?!

ირინე

მესმის, მესმის!

ვიქტორ

აბესალო! რას სჩადიხარ, ყმაწვილო?!

ირინე

ეს გაკლდა! (ცრემლებმორეული უცბად გაბრუნდება და გავა).

აბესალო

ახლავე, გესმის თუ არა!

ვიქტორ

შერცხვენილი ვიყვე, თუ ეს ამბავი რამეს ჰგავდეს!.. შე დალოცვილო, სხვა არა იყოს-რა, შენი ცოლის სახელი მაინც ჰქვია მაგ ქალს!

აბესალო

ცოლის სახელი!.. ცოლის სახელი!

ვიქტორ

ნეტავი ჩემთან არ გექნა ეგ ამბავი და არაფერი მინდოდა!..

აბესალო

ჯერ სად ბრძანდება! ამით გადამირჩება მაგი ქალბატონი?!

გამოსვლა მეცხრე

აბესალო, ვიქტორი და ეკა

ეკა (გაფაციცებული)

შვილო, აბესალო!.. აბესალო, შენი ჭირი შეეყარა შენს დედას!.. აბესალო, შვილო, ამ უცხო პირებთან ნუ!.. ამათთან ნურაფერს იზამ, შენ დაგენაცვლე!.. შენი სულის ჭირიმე!.. შენი!..

აბესალო

დედა, თავი დამანებე! დამანებე თავი!

ვიქტორ

აბესალო, თუ ძმა ხარ, დაწყნარდი!.. თუ ძმა ხარ!

აბესალო

მაშინ დავწყნარდები, როცა ეგ შიკრიკი წაეთრევა, გესმის თუ არა!.. თუ არ გესმით, აბა მე მიყურეთ!.. (აღელვებული მიდის მამის ოთახისკენ) მიყურეთ, თუ აქ გამიჩერდება!

ეკა

(ვიქტორი წინ გადაეღობება).

შვილო, რას აპირობ?.. აბესალო!

აბესალო

მაცალეთ! მაცალეთ!.. გამიშვით!

ვიქტორ

აბესალო, ეს მოხუცებული დედაშენი მაინც შეიბრალე!.. ეგ მაინც შეიბრალე!

აბესალო

გამიშვით!

ეკა

ღმერთო, რა დღეს შევესწარი!.. ღმერთო, რა დღეს შევესწარი!.. აბესალო, შვილო!

გამოსვლა მეათე

იგინივე, სამსონ, სოგრატ, ნესტორ და სოლომონ

სამსონ

(სამსონის დანახვაზე აბესალო შედგება, მაგრამ მხეცურად უყურებს სოლომონს. სამსონს ჯოხი აქვს ხელში, ჩოხა გახსნილი და დაბალი ბოხოხი თავზე)

სადილი ცოტა დავიცადოთ, აბესალო… შენს სიმამრს მოსვლა უთქვამს – ეგებ ამ ცოტა ხანში კიდეც მოვიდეს… კარგა ხანია მე და ფილიპეს ერთმანეთის სადღეგრძელო არ დაგვილევია! მზახლებს ასე არ შეშვენისთ!.. არა, სოლომონ ჩემო?

სოლომონ

მართალი ბრძანებაა, ბატონო!

სამსონ

ჰო და დღეს მაინც გამოვასწოროთ ეგ ჩვენი დანაკლისი.

სოგრატ

გიახლათ კიდეც!..

ნესტორ და სოლომონ

(ფანჯარასთან)

კი, ფილიპე!.. (ვიქტორი არ შორდება აბესალოს).

სამსონ

მართლა?.. ბრავო, ბრავო მზახალო!.. (მიდის ფანჯარასთან) ბრავო მზახალო!.. (სოლომონი და ყმაწვილები გადიან შესაგებებლად). ეგ ყმაწვილი ვინ არის, ვერ ვიცანი? ა, ვიქტორ ჩემო?

ვიქტორ

როდამიშვილი გახლავს.

სამსონ

როდამიშვილი?

ვიქტორ

დიახ!

აბესალო (აცახცახებული)

მამა, გთხოვ ნება მომცე, ეგ ყმაწვილი სახლში არ შემოუშვა!

სამსონ

რატომ, შვილო?..

აბესალო

გთხოვ, მამა!.. არ შემიძლია მაგას ფეხი აქ შემოვადგმევინო!..

სამსონ

შვილო, თუ რამ ანგარიში გაქვთ, სხვა დროისთვის გადადევი!.. შენს სიმამრს დასდევი პატივი – განა ფილიპეს გალანძღვა არ იქნება მაგის დათხოვა? ანგარიშის გასწორება, შვილო, ვაჟკაცურად ვიცოდით ჩვენს დროში!

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე, ფილიპე და დანარჩენი ყმაწვილები

სამსონ

ბატონ ფილიპეს დღეგრძელობა და სიცოცხლე! ბატონ ფილიპეს! მზახალო, შეიძლება ასეთი დავიწყება?

ფილიპე

ღმერთმა მიცოცხლოს თქვენი თავიც, ბატონო სამსონ!.. რა ვქნათ… შეგვხვდა აგრე!..

სამსონ

დაბრძანდით, დაბრძანდით, ყმაწვილებო! თქვენი მომყოლი ყმაწვილი რა მიყავით, ბატონო ფილიპე?

ფილიპე

უკაცრავად ვარ თქვენთანაც, ბატონო სამსონ, და ჩემს სიძესთანაც მაგის მოყვანაზე… მაგრამ იმედი მაქვს, ერთი წუთით მისცემთ ნებას ორიოდე სიტყვა მოგახსენოსთ… და მეც გევედრებით ორივე მამაშვილს, იმდენი თავაზი გამიწიოთ…

სამსონ

თხოვეთ, თხოვეთ, მობრძანდეს! რა საჭიროა მაგდენი ლაპარაკი. ვიქტორ ჩემო, თხოვე!

ვიქტორ

კი, ბატონო! (გადის).

სამსონ

სხვებრ ხომ მშვიდობით, ჩემო მზახალო!

ფილიპე

რაღა საკითხავია ჩემი მშვიდობა, ჩემო ბატონო! რაღა საკითხავია! ღმერთმა ამ დღეს რატომ შემასწრო, თორემ ჩემს მშვიდობით ყოფნას თქვენი ჭირი წაუღია!

სამსონ

რაღაც უცნაური ამბავია, მზახალო ჩემო!

ფილიპე

არის… და არა, სამსონ ჩემო?! ამან არ მომარბენია ასე გამწარებული?! (აბესალო წასვლას დააპირებს) აბესალო ჩემო, მოითმინე… ერთ წამს მოითმინე და იმდენი სულგრძელობა გამოიჩინე, ორიოდე სიტყვა გეიგონე ჩვენი! (შემოვა როდამიშვილი).

გამოსვლა მეთორმეტე

იგინივე, როდამიშვილი და ვიქტორ

სამსონ (შეეგებება).

სამსონ სალამთაძე გახლავართ!

როდამიშვილი

როდამიშვილი! (საერთო თავის დაკვრა).

სამსონ

დაბრძანდით!..

ფილიპე

ბატონო სამსონ! თითონ იცით, მშობლის გულის ამბავი რანაირია, და თუ ამწამად ასე ვლაპარაკობ, გამწარება მალაპარაკებს, ჩემო ბატონო სამსონ! ვისღა დავემალოთ? ვისღა დავერიდოთ, როცა, ვაი ჩემს მოსწრებას, ვაი ჩემს სირცხვილს და ქვეყანაში გამოჭიანებას, ყველას სალაპარაკოდ გამხდარა, ყველას სატიტინოდ!.. ეს ერთი ხანია მესმოდა ეგ უცნაური ამბავი, მაგრამ დღეს კი აღარ შემიძლია მეტის მოთმენა! ღმერთმა რავა შემიძულა ისე, რომ თქვენი ოჯახიც ილანძღება და ჩემიც ჩემი შვილისაგან!.. რა ვქნა, ვეღარ გავჩუმებულვარ მეტი!.. სწორედ უნდა გამოვთქვა ჩემი უკიდურესი მწუხარება თქვენთანაც, ამ ჩემს სიძესთანაც და ყველასთან, ყველასთან! ამ ჩემი სიძის გულითად მეგობრებთანაც!

სამსონ

რა ამბავია, ფილიპე ჩემო?! რა ამბავია, ღვთის გულისათვის?! მე რატომ არაფერი ვიცი?

ფილიპე

აბესალო, გაფიცებ ამ შენს ძვირფას, პატიოსან მამას… გაფიცებ შენს საყვარელს დედ-მამას, მითხარი, თუ მართლა ასე გაუწყრა ღმერთი იმ ჩემს შვილს, რომ სრულიად დაივიწყა პატიოსნებაც, თავმოყვარეობაც, ნამუსი, აღარ მოერიდა უწმინდურობას, დაჰკარგა ოჯახის პატივისცემა – ქმრის სიყვარული და შიში, რომ იძულებულსა გხდის ათასი საწყენი და გულსაკლავი სიტყვა გაგაგონოს ყოველმა თავხედმა და ლაწირაკმა!.. მითხარი, შვილო, თუ მართლა თავის უნამუსობით გიჩაგრავს შენს სასიქადულო ვაჟკაცობას!.. მითხარი, ნუ მიმალავ!.. მოკვდა გული გაგონილითა და უცნაური ამბებით!

სამსონ

ჩემს რძალს ედება მაგგვარი რამ ბრალი? ირინეს?!

ფილიპე

მოვკვდი კაცი, სამსონ ჩემო! მოვკვდი! მომეჭრა თავი და გაგილანძღე ოჯახი, თუ ეს მართალია!.. აბესალო, შვილო?!

აბესალო

დამანებეთ თავი!.. თავი დამანებეთ!.. რა თქვენი საქმეა?.. რა გინდათ? რას სულელობთ! ახლავე შესწყვიტეთ ეგ ლაპარაკი!

სამსონ

აბესალო!

ფილიპე

რა გამაჩუმებს, ჩემო კეთილო?! რარიგათ გავჩუმდე, სანამ შენგან არ გავიგებ ჭეშმარიტს!..

როდამიშვილი

უკაცრავად ვარ, ბატონო სამსონ, ვწუხვარ, რომ ამნაირ შემთხვევამ შემომადგმევია ფეხი თქვენს ოჯახში… მაგრამ ისეა მოწყობილი საქმე, ჩემი აქ მოსვლა სრულიად შიშის ნიშანი არ არის თქვენი შვილის დამუქრების წინაშე, რომ ცოცხალს არ მარონიებს დედამიწაზე… ამისი შიში არ მამოქმედებს მე ამ წამში, სინდისი მეუბნება, და ამაში არ უნდა ვიყვე შემცდარი, რომ ჩემი გაჩუმება, სხვანაირად მოქცევა, გარემოების წაყრუება – შეფერებად მიიღება და ამით მე მართლა და საბუთს მივცემ დააჭეშმარიტოს ის, რაშიაც ბრალს მდებს თქვენი შვილი. ბატონო სამსონ! მითქვამს თქვენს წინაშე და ყველა აქ მყოფთან, ვიყვე ღვთისაგან შეჩვენებული, ვიყვე წყეული, მთელ ჩემს სიცოცხლეს გაუხარებელი, დაწყევლილი ყოველი ჩემი კეთილისაგან, მამა ზეციერმა ნუ შემასწროს ნურაფერ სიკეთეს, თუ მე რამე დანაშაულობა მიმიძღოდეს თქვენი შვილის, თქვენი ოჯახის წინაშე, რაშიაც ბრალს მდებს თქვენი შვილი…

სამსონ

რაები მესმის ეს!.. რატომ მე არაფერი გამიგია დღემდის?!

ფილიპე

ა, შვილო, ა, შვილო, ხომ გეიგონე!.. შემოგფიცათ და ტყვილა ბრალს რატომ… რატომ დებ!..

აბესალო

(რომელსაც არა ერთხელ უნდოდა წასვლა, მაგრამ მამის ნიშნებით რჩებოდა იქვე)

შემოგფიცათ!..

ფილიპე

მეტი რაღა გინდა, შვილო?!

აბესალო

თქვენ სისულელეს მეტი რა უნდა?! .

ფილიპე

აბა, ტყუილუბრალოდ…

აბესალო (გაანჩხლებული).

ტყუილუბრალოდ! ტყუილუბრალოდ! გულში ჩახედე იმ შენ წუპაკა ქალბატონს, გულში ჩახედე და მაშინ… მაშინ… თქვი… მაშინ!

გამოსვლა მეცამეტე

იგინივე, ეკა და ირინე, (რომელიც ღია კარებიდან ყურს უგდებდა).

ირინე

თვითონ ჩაიხედე, ვაჟბატონო, შენს გულში, თვითონ ჩაიხედე, შე მართლა წუპაკო! მართლა წუპაკო! თუ არა და, ეგ გაღრინებდა, ვაჟბატონო?

ფილიპე

ირინე, შვილო!

ეკა

ირინე, დედაშვილობას, ჩუ! დედაშვილობას!

ირინე

თუ არა და, მთელ ქვეყანაში მოდევი ჩემი უნამუსობის ამბავი! მე გამოველ გარყვნილი და შენ კი პატიოსანი! შენ კი პატიოსანი! შენი უწმინდურობა ჩემზე გადმოიტანე, შე გლახა, გლახა?

აბესალო

ხმა ჩაიწყვიტე ახლავე!

ირინე

მე მწამებ უპატიოსნებას!! თვითონ რა კაცი ბრძანდები?

ვიქტორ და ეკა

ირინე, დაწყნარდი, ღვთის გულისათვის!

ფილიპე

ირინე, თავი შეიკავე, თავი შეიკავე!

ირინე

რაში დაგეტყო პატიოსნება, ვაჟკაცო? ფუი შენს კაცობას! ფუი!

აბესალო

გაჩუმდი, თვარა გაგათავებ ამ წამში! ხმა არ ამოიღო!

სამსონ

აბესალო, შეჩერდი, მითქვამს შენთვის!

ირინე

უწმინდურო, ჩემს გულში რა უნდა ნახო შენ? შენსავით ბილწი გგონია ყველა?! პატიოსნობა თვითონ რომ არ გაქვს, სხვაში რაფერ დაგანახებს შენი გაფუჭებულობა, შენი სიგლახე?..

აბესალო

ხმა, თორემ მოგკალი ეს არის! (მიიწევს ირინესკენ, ყველანი შეაჩერებენ).

ფილიპე

ირინე, კარგი შვილო!

ირინე

გლახაკი მეტს რას იზამს! მეტი რა შეუძლია?! გლახაკო, გაფუჭებულო!

აბესალო

ოოჰ!.. შენი სული! შენი! სული! შენი! (ნახევრად იძრობს ხანჯალს და ეძგერება ირინეს. საერთო კივილი. ყმაწვილები მივარდებიან აბესალოს და გააშორებენ).

სამსონ

რა ქენი, შე უბედურო, რა ქენი ეს?! ქალი მოჰკალი განა?!

ეკა

უიმე, უიმე! ირინე! შვილო! ირინე!

ფილიპე

მიშველეთ, მიშველეთ! მომიკლეს შვილი! ირინე, შვილო, შვილო!..

ირინე

ნეტავი მართლა და მოვეკალი… მაინც ამით არ გათავდება?.. აი, ჩემი ბედნიერება, მამა!.. ხომ ხედავ?.. ხომ ბედნიერი ვარ!.. ხომ ბედნიერი ვარ, ჩემო მამა, ა?!

ფილიპე

შვილო, ნუ გეშინია! ნუ გეშინია, შენი ჭირიმე!

ირინე

შემახედეთ ამ ვაჟკაცისათვის, შემახედეთ ერთი!.. ყოჩაღ! ყოჩაღ! ვიშ, რა ვაჟკაცობა გამოიჩინა, ვიშ!.. მამა!.. მამა!.. (მტირალი ჩაეკვრება გულში მამას).

(ფარდა)

1897 წ.

 

 

ქამუშაძის გაჭირვება

I

სწორედ დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა, რომ აზნაურ ოტია ქამუშაძეს ცოლი ეთხოვა: დედამისი ეკვირინე, აზნაურ სანიკიძის გვარის ქალი, მოხუცებულობაში შედიოდა, უჭირდა ოჯახის თავის გართმევა და შემწე ეჭირვებოდა, თუ სულ განმათავისუფლებელი არა. სურდა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მაინც გაეტარებინა ისე, როგორც ეკადრებოდა მისი გვარისა და ჩამომავლობის ქალს, ღირსეულად და ბატონურად, იმ გაჭირვებულ ცხოვრების შემდეგ, რომელიც მან ოჯახში მოთმინებით გაატარა.

არა ერთხელ წამოსცდენია გულმოსულობაში ეკვირინეს:

– ვაი დედასა!.. რა ოჯახის შვილი ვის ნაცარში ვიქექები და კიდევ ასეთ გაჭირვებაში?!

მაგრამ სულგრძელობით ითმენდა ყველაფერს, რადგან სწამდა, რომ ბედის დანიშნულებას ასრულებდა: ამ ოჯახს დაჩემებულივით ჰქონდა, დედაკაცები კარგი ოჯახებიდან ჰყოლოდა და, ალბათ, ეკვირინეც იმიტომ შეახვედრა ბედმა ბესარიონ ქამუშაძეს, თუმცა, სიმართლე რომ ეთქვა კაცს, მაინცდამაინც სანიკიძეებიც ვერაფრით უსწრებდნენ ქამუშაძეებს. მაგრამ ეკვირინეს ღრმად სწამდა თავისი ჩამომავლობის უპირატესობა და რადგანაც არ უნდოდა მოეშალა ოჯახის ჩვეულება, როცა რძლის მოყვანა განიზრახა, არჩევანი მიიტანა თავის მეზობელ აზნაურ სარდიონ ქველიძის ქალიშვილზე.

ქველიძე კარგი გვარის აზნაური იყო, წინათ მდიდარიც ჩვენს პირობაზე და დღეს კი შევიწროებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ გარემოებამ უფრო გააბედვინა ქამუშაძეებს, მასთან დამოყვრების სურვილი გამოეცხადებინათ, თორემ სხვა დროს ესენი ვერ გაუბედავდნენ სარდიონს ქალიშვილის თხოვნას.

მიუხედავად ამისა, ქამუშაძეების წინადადება არ იქნა ღირსეულად მიღებული. პირდაპირ უარი რომ არ ეთქვა, სარდიონმა ამის შესახებ ურჩია, პირადად ქალიშვილს მოლაპარაკებოდნენ და თუ იგი ისურვებდა, აღარც სარდიონი იქნებოდა უარს, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ მზითევზე ხელი აეღოთ.

ამგვარმა პასუხმა მეტად გააპილპილა ეკვირინე.

– ქალიშვილს დავეკითხო, რა! ბრძენი გაწყდა ოჯახში, თუ როგორ არი მათი საქმე, ბავშვებთან არ მალაპარაკონ?! მერე მისი ცარიელი ქალი ვის რათ უნდა!… რა დაბრმავებულები გვნახეს, თვალი მაგათ დაუდგათ და ყური!.. მაინც თვალი მაგათ ემსებათ – ვერ ხედავენ, რა მდგომარეობაში არიან? რავა იყინჩებიან კიდევ, შენ გენაცვალე?! რა გონიათ თავისი თავი… შევარცხვინე, ვინც მაგათზე ნაკლები იყვეს! ღმერთო კი მომკალი!..

ქალი სხვაც ბევრი იშოვებოდა, რასაკვირველია, მაგრამ ქველიძის უკადრისობამ ეკვირინე გააწიწმატა და მისი პასუხი საკუთრად თავისი თავმოყვარეობის შელახვად მიიღო.

– მაგათ დააკლდათ ყველაფერი, მაგათზე ნაკლებები ვყოფილვართ, რომ შემოვსულვართ ამ ოჯახში?!

– არ დამიჯერე, დედა, გეუბნებოდი, სირცხვილს გვაჭმევენ-თქვა… ხომ ახდა ჩემი სიტყვა! – ესაყვედურებოდა ოტია დედას.

– მაცალე, შვილო, მაცალე!.. სირცხვილში ვინც იქნება, ამას ყველა დაინახავს!.. იმ უბედურს, ცოლ-შვილი რომ შიმშილით უწყდება, ის ერჩია, დიდგულობაზე ხელი აეღო… ერთი შვილი მაინც მაძღარი ეყოლებოდა!..

ეკვირინე გულს იჯერებდა ქველიძის ცუდად ხსენებით. ოტია კი ხმას არ იღებდა, თუმცა გუნებაში ძლიერ სწყინდა ქველიძისაგან მისი უკადრისობა, ძლიერ ნაღვლობდა თავის შერცხვენას და მუდამ იმის ფიქრში იყო, რამენაირად, ღვთის შეწევნით, მათ ჯიბრზე ისეთი ქალი მოეყვანა, რომ სარდიონის ქალიშვილს სჯობნებოდა. ამას ფიქრობდა ოტია დღედაღამ და ამის ფიქრებში იყო გართული დღესაც, როცა თავის ეზოში, რცხილის ჩრდილში პერანგის ამარა, თავზე ხელსახოც წაკრული, ფეხშიშველა, ნაჯახს ურტყამდა ურმის საბორბლედ გასათლელ ნამორს და იმდენად იყო გართული თავის ფიქრებში, რომ არც კი ეყურებოდა, სახელს რომ ეძახდა ღობეზე მომდგარი ევროპულად ჩაცმული ცხენოსანი. სანამ ამ უკანასკნელმა ამაღლებული ხმით არ გადმოსძახა:

– ოტიას გაუმარჯოს, ოტიას!

ოტიამ ასწია თავი, გაიხედა იქით, საიდანაც ეძახოდნენ, და რა დაინახა ცხენოსანი, უცბად გააგდო ხელიდან ნაჯახი, მოიგლიჯა თავიდან ჩითის ნაფლეთი, ფეხები გაუყარა იქვე დაგდებულ ქუსლებჩათელილ წუღებში, წამოავლო ხელი ახალუხს და მისი ცმით გაექანა ამ უცხო პირისაკენ.

– გამარჯობა, ოტია ჩემო! კვლავ გაიმეორა ცხენოსანმა.

– ღმერთმა გაგიმარჯოს, ჩემო ბატონო! – მიუგო ოტიამ.

– ერთობ გულმოდგინედ მუშაობდი, ოტია… ძლივს გაგაგონე! – ღიმილით უთხრა ცხენოსანმა. – ხომ მშვიდობით ხართ? – და ხელი გადმოუწვდინა ოტიას.

– გმადლობთ, ჩემო ბატონო, გახლავართ ღვთისა და თქვენის წყალობით! შემოგვიხვიეთ, ბატონო პორფირი! – მოწიწებით შეთხოვა ოტიამ.

– მეჩქარება, ოტია ჩემო… საქმე მაქვს…

– ერთი მინუტით… ცოტა დაისვენეთ და წაბძანდით ისევ!.. ამ სიცხეში შეწუხდებით ნამეტნავად, თქვენ ნუ მომიკვდებით, შემოგვიხვიეთ, შემოგვიხვიეთ, შენი ჭირიმე!

სახლის ყურიდან გამოჩნდა მოხუცებულ ეკვირინეს თმაგაძეძილი თავი. ცხენოსანმა თვალი მოჰკრა მას და ხმამაღლა მიაძახა:

– მამიდა ეკვირინეს ვახლავარ! მამიდას, მამიდას!

ეკვირინე ერთი წუთით მიიმალა და ისევ გამოჩნდა; თავსაფარდახურული იგი მოხუცებული ადამიანის კუნკულით გამოექანა ამათკენ და, შეღმართში ამორბენით აქლოშინებული, მიესალმა სტუმარს.

– მამიდა ეკვირინეს ვახლავარ! რავა მშვიდობით გიკითხო. მამიდა, ხომ ისევ ჯანზე ხარ, ა?! გეტყობა, რომ ისევ მარჯვედა ხარ! – მხიარულად გადმოსძახა ცხენოსანმა ეკვირინეს, რომელსაც მამიდას ეძახოდა, თუმცა ასეთ ნათესაობის გაკვლევა მისი გამჭრიახი გონებისთვისაც მეტად ძნელი რამ იქნებოდა.

– რავა გზაში გაგიჩერებია ბატონი პორფირი, შე კაცო! – მიმართა ეკვირინემ შვილს. – შემობძანდით, ბატონო!..

– მეჩქარება, მამიდა… სხვაგან საქმე მაქვს.

– საქმე ღმერთმა ნუ გამოგილიოს, სასარგებლო საქმე!.. მარა ჩვენთან შემობრძანებით არაფერი დაგიშავდებათ… ნუ აგვივლი გვერდს… საქმე თქვენ ვერსად გეგექცევათ, ნუ დაგვწყვეტთ გულს!

– სად მიიჩქარით მაინც? – შეეკითხა ოტია.

– ამ თქვენს კანცელარიაში მყავს დაბარებული ერთი კაცი…

– ოჰ, მე მეგონა შორს მიბრძანდებოდით სადმე!.. უთქვენოდ სად წავა, თუკი უბრძანეთ მოსვლა!.. ფეხს როგორ მოიცვლის!

– შემობრძანდით, შემობრძანდით! – ერთხმად მიაძახეს პორფირის ორივე დედა-შვილმა.

სტუმარმა მეტი აღარ ათხოვია თავისი თავი და ჭიშკრისაკენ აქნევინა პირი ცხენს. ოტია იქითკენვე გავარდა შესაგებებლად.

– ასე როგორ უნდა აგვიარ-ჩაგვიარო გვერდი შენისთანა კაცმა!.. თქვენისთანა კაცს ერთხელ თუ მოვესწრებით ოჯახში დევინახოთ და როდი უნდა დაგვაკლოთ! თქვე დალოცვილებო, ჩვენც ვიცით თქვენსავით მტერ-მოყვარე. თქვენისთანა კაცი ამ ჩემს ოჯახში ფეხს რომ შემოადგამს, მტერს შიში მიეცემა, მოკეთეს გული შეუმაგრდება… ასეთია, შენი ჭირიმე, ე ჩვენი სოფლის ამბავი, კი, ჩემო ბატონო! – კაკანებდა აივანზე გადმომდგარ სტუმრის წინ ეკვირინე, სანამ ოტია ოთახიდან სკამს გამოუტანდა, ხელის გადასმით მტვერს გადასწმენდდა და შესთავაზებდა პორფირის.

– დაბრძანდით, ჩემო განმანათლებელო… დაბრძანდით, ჩემო ბატონო… დაბრძანდით!

სტუმარი ჩამოჯდა, მოიხადა კოზიროკიანი ქუდი, გადაისვა მარჯვენა ხელი თავის ხუჭუჭთმიან თავზე, შეიწია პიჯაკის სახელოები ზევით და სიამოვნებით ამოიფშვინა სიგრილეში.

ეკვირინემაც იქვე მოიკეცა ბოძთან იატაკზე.

– ერთობ სიცხეები დეიჭირა ამ დალოცვილმა! – თქვა პორფირიმ.

– დევიწვით, ბატონო, დევიწვით!.. ყანები გაოხრდა, შენ გენაცვალე, გაოხრდა შენი მტერი! რაღა გვეშველება ჩვენ უბედურებს! – ამოიოხრა ეკვირინემ.

– ღმერთი მოწყალეა, მამიდა, ნუ შეშინდებით!

– თქვენ არ შეგეშინდებათ ამისთანების, ჩვენისთანა საწყალმა იკითხოს, თვარა!… რამდენი ოხერი ყრია, შენ გენაცვალე, რამ უნდა არჩინოს! ეგერ, ე იმისი არ იყოს, შენი ჭირიმე! – და ქვევითკენ რომ მოსახლეები მოჩანდნენ, ეკვირინემ იქით გაიშვირა ხელი: – მოსავლიან წელიწადს რომ სარჩო არ ღირსებია, ამისთანა გვალვიან წელიწადში შიმშილის მეტს რაღას უნდა მოელოდეს!

– ვინაა მაგისთანა, მამიდა?

– ბევრია, შენ გენაცვალე, ბევრი!.. აი თუ გინდა, ე, ის ვაჟბატონი რომ გახლავთ, სარდიონი, ქველიძე… ეგერ, ე, ის სახლი რომ მოჩანს, იმაშია.

– ვიცი, ვიცი, გამიგონია! აქაური ადვოკატია, გამიგონია! – გაიცინა პორფირიმ. – რავა, ასე ღარიბად არის?

– რა სახსენებელია, შენი ჭირიმე… ნეტავი იმდენი სიმინდი ჰქონდეს უბედურს, რაც გული აქვს!.. ცარიელი გულია! – ეკვირინე გამზადებული იყო თავისებურად შეემკო ქველიძე, მაგრამ ამ დროს ოტიამ ოთახის კარიდან თავი გამოჰყო და დედას დაუძახა:

– დედა, შემობრძანდი!

ეკვირინემ ბოდიში მოითხოვა სტუმართან და ოთახში შევიდა.

ოტიას კერაზე ცეცხლი გაეღვიებინა.

– უჩქარე, დედა… დიდხანს აღარც კი მოიცდის!

– ახლავე, ახლავე, შვილო! – მიუგო ეკვირინემ.

მან უცბად წამოავლო ხელი პატარა თუჯიას, ჩაასხა შიგ წყალი და ჭვარტლის ნაფლეთებით შემოსილ საკიდელზე ჩამოჰკიდა; მერე მივარდა კუთხეში გადაბრუნებულ საბუდარს, იქიდან გამოათრია შიგ დამწყვდეული მუჭის ოდენა წიწილა და ოტიას მიაწოდა.

– აბა, გაუსვი დანა!.. რა ბედად შევამწყვრიე მაგი დღეს!..

აწრიპინებულ წიწილას ნისკარტში წაუჭირა ოტიამ ხელი, სანამ დანას მონახავდა; მერე უცბად გადაუსვა კისერზე პატარა დანა და გვერდზე ისროლა. ოდნავ ყელწაჭრილმა წიწილამ რბენა დაიწყო ოთახში და სისხლით მოსვარა მიწის იატაკი, სანამ სისხლისაგან დაწრეტილი ზედ კერასთან არ დაეცა.

– გადავარდი, შენ გენაცვალე, ი გოგო ფუსუტია მომიყვანე, ხელს მომიწყობს, შენი ჭირიმე! – უთხრა ეკვირინემ ოტიას, და ოტია იმწამსვე უკანა კარით გავარდა.

ეკვირინემ კი ერთი ცეცხლს შეუჩუჩხურა, დაავლო ხელი წაწილას, თავით ჩარგო გაცხელებულ წყალში, მიატრიალ-მოატრიალა შიგ და თან დასძახა:

– სუქი-სუქი, სუქი-სუქი! – ვითომდა ამით გამხდარი წიწილა მსუქნად გადაიქცეოდა.

გაფაცურებით აცლიდა ეკვირინე ბუმბულს და თან შეუბრალებლად კანსაც აგლეჯდა ლურჯ წიწილას, როცა ოტიასთან ერთად ოთახში შემოვარდა ცამეტ-თოთხმეტი წლის გოგო.

– არიქა, ჩემო ფუსუტია, შენებურად დამიტრიალდი, შენ გენაცვალე!.. ცხელი ჭადები… კაი, კაი, შენ რომ იცი, იმისთანები!.. უცხო კაცია. ქალაქელია!..

გოგო ამგვარ გადმოძახებას ნაჩვევი იყო და ცქვიტად დატრიალდა: უცბად შეაგდო ცეცხლზე კეცები, კოდის თავიდან გადმოიღო გობი, გადმოყარა საცერზე ფქვილი, წაიბანა წაკაპიწებული ხელები და თავმოძულებით დაუწყო საცრის გვერდებს პარტყაპურტყი.

– ნელა, ფუსუტია, ნელა, შვილო!.. ნუ უპარტყუნებ მაგრე ძალუმათ, ნუ გააგონებ!.. აბა, ოტია, შვილო, შენ ღვინო ამოიღე! ხომ გითხრა მეჩქარებაო!.. ჩვენი ხათრით დარჩა, თვარა რამდენი კაცი ახლა მაგის მოსვლას უდარაჯებს! ვინ იცის, რამდენს რა საქმე აქვს მაგასთან!

– ორშიმო რომ გამიტყდა, რითი ამევიღო? – აწრიალდა ოტია.

– ხაპით ამეიღე, შვილო, ხაპით… არაფერი არ უჭირს! ოღონდ ეცადე კი, წმინდად ამეიღო, ბრკე ბევრი არ შეჰყვეს. წადი, წადი, ნუღა იგვიანებ!..

– თუ ჩავუწვდინე ხაპი… – გააქნია თავი ოტიამ და წყლიანი დოქით ხელში გასწია ღვინის ამოსაღებად, რაც ძლიერ ნაკლებად ეგულებოდა ამ კვირიკობისთვის მიწურულში.

ამასობაში სტუმარი აივანზე იჯდა და ამ ბრეკიდან, რომელზედაც წამოსკუპებული იყო ოტიას პაწაწინა ორთვალიანი სახლი, გადაჩერებოდა მის თვალწინ გადაშლილ სურათს.

თავდაშვებული შეღმართი, რომელზედაც ოტიას სახლის გარდა კიდევ ბევრი მოსახლეები მოჩანდნენ, ქვევით ვაკდებოდა და ეს ვაკე დიდზე შორს მიჰყვებოდა, სანამ მაღლად ამართულ მთა-გორებს არ შეეფეთებოდნენ. ამ სივრცეზე მოსახლე მოსახლეს მისდევდა, თეთრი ეკლესიები აქა-იქ მკაფიოდ მოჩანდნენ და მაყურებელს ეგონებოდა, თითქოს ერთი უზარმაზარი სოფელი მოფენილი ყოფილიყო ამოდენა მანძილზე.

უწინაც ყოფილა ამ ადგილებში პორფირი, გადაუხედავს აქედან, მაგრამ ასეთი ხშირი მოსახლეობა და გადაბმით მიყოლილი სოფლები არ ყოფილა მაშინ. თვით ეს პატარა სოფელი თამარნაშენი, რომელიც მის თვალწინ გადაშლილიყო, თვალსაჩინოდ გაზრდილიყო და შემატებულიყო. სადაც წინათ მინდვრები ახსოვდა, ახლა იქ ყანები მოჩანდა და ბევრ ადგილას სიმინდებიდან გამოიყურებოდა ისლით დახურული დაბალი სახლებიც; ეტყობოდა, მიწის ნაკლებობის გამო, საეზოოდ ვეღარ იმეტებდა მცხოვრები ადგილს. პატარა, უფრო ქოხების მაგვარი სახლები საცოდავად გამოიყურებოდნენ და ერთიმეორეს მისდევდნენ, არ შორდებოდნენ, თავშეყრილად იყვნენ, თითქოს ეწადათ უფრო თვალსაჩინოდ დაენახვებინათ მათი პატრონების მდგომარეობა, თუ ვინმე მოიწადინებდა ამის გაგებას.

– მეც ამათსავით ვიქნებოდი უსათუოდ, დროზე რომ არ გავქცეულიყავი სოფლიდან! – გაურბინა თავში პორფირის. – რასაკვირველია, რასაკვირველია…

პორფირი ბიაშვილი სოფლიდან გაქცეულთაგანი იყო. მამამისი, აზნაური მაქსიმე ბიაშვილი, სოფელ ვაშლიანში მცხოვრები, ღარიბი აზნაური იყო. ბატონყმობის გაყრამ მას ჩამოაცალა მისი ორი კომლი გლეხი, მოაშორა მისი სულისჩამდგმელი პეტრია სებისკვერაძე და გლახუა ჩაჩიკაშვილი, რომელთაც იგი ყოველ საქმეზე დაუსვენებლივ აჩანჩალებდა. ამათი გაცლის შემდეგ მეტად გაჭირვებული ცხოვრება შეხვდა და ერთ დღეს იმ აზრამდის მივიდა, რომ სოფელში წვალებით ცხოვრებას ამჯობინა ქალაქ №-ში გადასახლება, ეპისკოპოზის მგალობლად შესვლა, რადგან ხმა კარგი ჰქონდა, გალობაც იცოდა და ერთხელ თვით ეპისკოპოზის ყურადღებაც კი მიიქცია თავის გალობით, როცა იგი მათ სოფელში მიბრძანდა. მაქსიმემ აასრულა თავისი აზრი, ადგილიც იშოვა და თავისი ორი შვილი სასულიერო სასწავლებელში გამოზარდა. უფროსი შვილი ერთ-ერთი ეკლესიის დიაკვნად ეკურთხა, მეორემ კი სხვა გზა არჩია: პორფირის ცოცხალი ხასიათი, მკვირცხლი გონება, სასულიერო წოდების პირის მშვიდ ცხოვრებას ვერ შეურიგდებოდა და ამიტომ სასწავლებლის გათავების შემდეგ ის შეეცადა მომრიგებელ-მოსამართლის კანცელარიაში გადამწერის ადგილი ეშოვნა. გადამწერლობა, რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს შესძენდა, რომ სხვა აზრი და იმედი არ ჰქონებოდა. ცოტა ხნის შემდეგ პორფირიმ კანცელარიის გარეთ დაიწყო მთხოვნელების მიღება, მათი ხელმძღვანელობა, რჩევის მიცემა და დარიგება, თუ როგორ მოქცეულიყო მასთან მიმსვლელი. აქედან პორფირის გაცილებით მეტი ხვდებოდა, ვიდრე პირდაპირ სამსახურიდან. რასაკვირველია, ყოველივე ეს ნამალევად ხდებოდა. ბევრი ხრიკები, დიდი ოსტატობა და ჭკუის გამჭრიახობა გამოიჩინა პორფირიმ ამასობაში. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ამავე ხრიკებისა და ოსტატობის მსხვერპლი შეიქნა. იგი გაება რაღაც უსიამოვნო საქმეში, მასზე უფრო ხრიკიან პირთან გადაკიდების გამო, რომელსაც ვერ ასიამოვნა შეპირებისამებრ და ამისაგან ყოველივე მისი მოქმედება-საქნარი გამოეცხადა უფროსს, რომელმაც ურჩია თავი დაენებებინა სამსახურისათვის, თუკი აპირებდა კიდევ თავის მოქმედების გამეორებას. პორფირი იძულებული შეიქმნა სამსახურისათვის თავი გაენებებინა.

მას არ დასჭირებია დიდი ხნის ფიქრი, თუ რა გზას უნდა დადგომოდა, ცხოვრებისათვის საღსარი რომ მოეპოვებინა. მან გადასწყვიტა კანტორა გაეხსნა არზების საწერად, დაეწყო სოფლებში ვექილობა და ქალაქის ადვოკატებისა და სოფლელთა შუამდგომლობა. პორფირი არ შემცდარა თავის გადაწყვეტილებაში: საქმე კარგად წავიდა, ფული რიგიანად შემოუდიოდა. მუდამ ჰყავდა თითო სოფელი ”საჭმელად”. როცა ადგილი მოიჭმებოდა, ანდა ხრიკიან ადვოკატს, რომელიც ორსავე მხარეზე ჰკერავდა, აბრუ გაუტყდებოდა და არავინ მიეკარებოდა, იგი ადგილს მოინაცვლებდა. სოფლის მოსიარულე ადვოკატი, დაუღალავი, ენერგიით სავსე, მუდამ ხალისიანი, მოცინარი, გონებაგამჭრიახი, მოხერხებული, უცნაური ხრიკების მომგონი, მეტად ადვილად უახლოვდებოდა ხალხს პირველ გაცნობიდანვე და ისეთნაირი მოხერხებით შეჰყვებოდა ერთხელ მის ხელში ჩავარდნილ პირს, რომ ის ძნელად თუ დაუძვრებოდა სანამ მისგან იმდენს არ გამორჩებოდა, რამდენის გამორჩენაც შეიძლებოდა. მართალია, ”მოჭმულ ადგილებში” ბევრი მაგინებელი და შემაჩვენებელი ჰყავდა, მაგრამ ბევრი მადლიერიც. ბევრ ადგილას ისმოდა მისი ორპირობისა და გაუტანლობის ამბები, კაცის შეუბრალებლობაც, ვიღაც-ვიღაცეებისაგან ვითომც მის გალახვასაც იტყოდნენ, მაგრამ იგი ისევ თავის ხელობას ადგა და ახალ-ახალ მუშტარსაც შოულობდა.

თამარნაშენშიაც სწორედ ამ განზრახვით შემოადგა მან ფეხი; სადღაციდან გამონახა ქამუშაძესთან ყვავი-ჩხიკვის მამიდობის მაგვარი ნათესაობა, რათა ბინა ჰქონებოდა მათთან, საიდანაც სურდა დაეწყო ნავარდობა ახალ საძოვარში.

და ამ მაღალ სერიდან რომ დასჩერებოდა აქაურ მოსახლეებს, იგი მხოლოდ იმას ფიქრობდა და თავის გუნებაში გარედან ზომავდა იმას, თუ რამდენ გამოსარჩენს იშოვიდა ამათგან და რამდენს საშოვარს შესძენდა ამათი გაჭირვებული, შევიწროებული და ვაგლახი ცხოვრება.

– რაც რომ იყოს, ცოტა ხნისათვის მაინც იქნება, იშოვის კაცი რამეს! – წაილაპარაკა პორფირიმ იმედიანად. – ქველიძე ხომ შოულობს, და ის ჩემი იქნება! ამ ცოტა ხანში ყველაფერს გავიგებთ!..

– უკაცრავად, ბატონო… მარტოდ მიგატოვეთ! – შეუწყვიტა ფიქრი ოტიამ და პატარა დაბალი სუფრა დადგა აივანზე და რადგანაც სწორად ვერ გააჩერა, ფეხის დასამაგრებლად ნაფოტი შეუყენა კოჭლ ფეხს.

– მშვენიერი გადასახედავი გქონია, ოტია!.. აქ კაცს თავის დღეში არ მოსწყინდება ყოფნა… და, უნდა გამოგიტყდე, აწი ხშირ-ხშირად უნდა ვიარო შენთან, რომ ამ სურათის მზერით დავტკბე.

– კი, ბატონო, ოღონდ კი ინებებდეთ და სახლიც თქვენია და ყველაფერი აქოური! – მიუგო ღიმილით ოტიამ და თან სუფრას მიტკალი გადააფარა.

აივანზე გამოვიდა ეკვირინე ჭადებით ხელში.

– მარტოდ მიგატოვეთ, ბატონო, მარა, თავად მოგეხსენებათ სოფლური ანგარიში, ნუ დაგვძრახავთ, ჩემო ბატონო!.. მოიტა, მოიტა, გოგო, მოიტა, რაც გვაქვს! – შესძახა მან სახლში.

ცეცხლთან ტრიალისაგან ლოყებაბრიალებულმა ფუსუტიამ თეფშით გამოიტანა აქნილი წიწილა და მეორე თეფშით დათლილი ყველი და მწვანილი.

– უკაცრავად ვართ ამისთანა მცირე მასპინძლობაზე, მარა, რადგან ნაუცებებია, ვითომ ამისათვის გვეპატიება… თორემ ამისთანა პატივისცემა რა თქვენი საკადრისია! – მოიბოდიშა ეკვირინემ.

– ბოდიშები რა საჭიროა, მამიდა! – წამოიძახა მხიარულად ბიაშვილმა. – გამოტეხილი ვარ, სულზე მოსწრებაა ჩემთვის ეს ზაკუსკა, მე და ჩემმა ღმერთმა!.. ძალიან მშიოდა… ეს უფრო მიმაჩქარებდა კანცელარიისაკენ – დუქანში წევიჭამდი ცოტაოდენს, თვარა იმ ყაზახს რას დავეძებდი იმდენად… უჩემოდ სად შეუძლია ფეხი გადადგას: – და პორფირი თან მადიანად ილუკმებოდა და თან არც ლაპარაკს აკლებდა.

ბევრი რამე ითქვა, მაგრამ ეკვირინემ ისევ ქველიძეზე მიაგდო სიტყვა ჩვეულებისამებრ.

– თუ დამიმადლებ, მამიდა, ასე მოგიღუნავ მაგ შენს სარდიონ ქველიძეს! – გადიხარხარა პორფირიმ და მარჯვენა ხელის მაჩვენებელი თითი მოკაკვა. – ასე მოვკაკვავ, ასე, ა!

– ღმერთი ყოველ კარგს შეგასწრებს და რომ მოინდომებდე, შენ ეგ არ გაგიჭირდება, მისგან უფრო არ გაუჭირდა ნურაფერი შენს მომავალსა და ნათესავს! – მიაძახა ეკვირინემ.

– როგორც გეტყობა, ძალიან შეგძულებია, ჩემო მამიდა, ეგ ქველიძე! რატომ, რატომ, მამიდა, ა?

– ტყვილა ამოიჩემა ისე მაგ დალოცვილმა! – დაასწრო სიტყვა ოტიამ, რომელსაც ეშინოდა, დედას არ გაემხილა ამ კაცთანაც მისი სირცხვილეული სიძეობა.

მაგრამ ეს ცდა უქმი გამოდგა.

– ტყვილა, ჰმ!.. არა, შვილო, თავს ნურავის დააჩაგვრინებ, თვარა თუ ერთხელ მიგეჩვიენ დაწიხვლას, მერე სუყველა მოგინდომებს დაბრიყვებასა და დამცირებას…

– მე ჩემს კეთილშობილებას ვერავინ წამართმევს და ვერც ვერავინ რამეს დამაკლებს, დედაჩემო!..

– ეგეც მართალია, – წამოიძახა პორფირიმ. – ეგეც მართალია.

– კაი, შენი ჭირიმე! შენ რაღა დაგიმალო, და კეთილშობილებას ვერავინ ამართმევსო, აგი ჩემი ვაჟიშვილი რომ იძახის, აბა რაღაა, კაცი რომ მეტობას დაგიწყებს და ისეთნაირად მოგექცევა, ვითომდა არ გკადრულობდეს, – ღირსების ახდა არ არის, აბა რაღა იქნება?! ასე გიქნა, შვილო, იმ კაცმა… ქალიშვილი ვთხოვეთ და უარი მოგვახსენა, თითქოს ვინმე ისეთი ყოფილიყო, რომ ღირსი არ იყვე მისი სიძეობის! ღირსების დამცირებაა, აბა სხვა რაღაა?! ნეტავი მართლა რითიმე წინ იყვეს: ან სწავლით, ან გვარით და ან ქონებით!.. შენისთანა კაცთან ენასაც ვერ გაარყევს… ჩვენთან კი ისე მედიდურობს, თითქოს თავადი იყვეს ჩვენ შორის!.. თვალი მაგას დოუდგა, რომ ვერ ისარგებლა შემთხვევით, თვარა მოხარულიცა ვარ, ასე რომ მოხდა საქმე და მისმა ნაშიერმა ჩემს ოჯახში ფეხი არ შემოადგა… შვილიც მამასავით დიდგულობას დამიწყებდა და მერე თლად ის ოჯახი ჩემი შესანახავი გამიჩნდებოდა ყოველთვის…

– ასე მოვკაკვავთ, აი ასე, მამიდა, თუკი შენ გესიამოვნება, იმ შენს ქველიძეს. მენდვე ამაში!.. გულს გაგიმხიარულებ, მამიდა! ა!..

– აბა, რისთვის მყავხარ საიმედო?.. შენისთანა წარჩინებულ კაცთან იმისთვის გვიხარია დაახლოება, რომ მტერს, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით ჩვენით, შენით უნდა მოვერიოთ და შევაშინოთ, შევაწუხოთ…

– კი, ბატონო… ჩემს თავზე იყვეს ეგ და რაც შეეხება ქალს, ქალი ისეთი მეგულება ერთი, რომ ქველიძის შვილი იმასთან რად უნდა გამოჩნდეს… ისე ამან იცოცხლა! და როგორც პატიოსანი კაცი, ხელად ჩავაბარებ ჩემს ოტიას. ოღონდ მითხარით, თუ გსურთ… ქალაქ ადილას გაზრდილ ქალს ჩაგაბარებთ!.. მიმიღებთ მაშვლად, ა?! ხა, ხა, ხა!.. – გადიხარხარა პორფირიმ.

– ქალაქში გაზრდილს რას დევეძებ, შენი ჭირიმე, ოღონდ ხეირიანი კი იყვეს… მოვხუცდი, შენ გენაცვალე, წინანდელი ჯანი აღარ არის… კმარა ჩემთვის, რაც მე ამ ოჯახში მიშრომია. ახლა მაგენი მოეკიდონ… ღვთის მადლით, სხვაზე მეტი თუ არა, ნაკლები არაფერი გვაქვს… მშვენიერად შეინახავენ თავს!

ეს უკანასკნელი სიტყვები განგებ დაატანა ეკვირინემ. გუნებაში მასაც და ოტიასაც ძლიერ გაუხიცინა პორფირისაგან ნათქვამმა ქალაქ ადგილას გაზრდილი ქალის მოყვანაზე. ეკვირინეს თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ ამისთანა ქალი ოღონდ შეხვდეს ოტიას და ოჯახი კი შეინახავს მასო.

– აბა თუკი ეგრეა, ეკვირინე ჩემო, ეგ ჩემი ძმა კაცი ხვალის თხუთმეტს №-ში გამომიგზავნე, ქალსაც ვაჩვენებ და თუ მოეწონება, დანიშნულს გამოგიგზავნი უკან… ის არ იფიქროთ, ეშმაკობა რამე იქნეს იმაში, მაშინ ღმერთმა დამწყევლოს!.. მე მხოლოდ იმიტომ ვერევი ამ საქმეში, რომ თქვენთვის ყოველგვარი სიკეთე მსურს!.. და მერწმუნე, ისეთნაირად მოგიწყობს, მოგირთავს ოჯახს, რომ ქველიძის სახლ-კარი სათხებოდაც არ გამოჩნდება თქვენთან!..

– საჩვენო არ ყოფილა იგი! – გაიცინა ოტიამ.

– ეგ ჩემზე იყვეს, ჩემო ოტია!.. კი არ გეხუმრები, შე კაცო!.. მე მართლა გეუბნები!.. შენ ოღონდ ჩამოდი, სხვა რა გინდა!..

ოტია ისევ იცინოდა.

– კი გიახლებათ, ჩემო ბატონო, კი გიახლებათ! – იძახოდა ეკვირინე. – რავა არ გიახლებათ!

– მოიტა ხელი! – გაუშვირა პორფირიმ ხელი ოტიას.

ოტიას ისევ სიცილი ერეოდა, სიცილი სიხარულისა; მას არ სჯეროდა ამნაირი უცნაური ბედნიერება. ნეტავი მართლა ეგრე მოხდებოდეს და მაშინ უყუროს მას ქველიძემ!

– ხელი, კაცო! – არ ეშვებოდა პორფირი.

– მიე, შვილო, არ გესმის? – მიაძახა ეკვირინემ ოტიას.

– კარგი მაშვალი არ იშოვა ამ დედაჩემმა! – სიცილით თქვა მან.

– ხელი-მეთქი, ოტია! – იძახოდა ბიაშვილი.

– რაღასი სიცილია, არ მესმის! – შეუტია ეკვირინემ შვილს. – ე ღვთისნიერი ადამიანი საქმეს გელაპარაკება და შენ კი იცინი!

– ბატონო, სოფლის გოგომ დამიწუნა და ქალაქელი თვალებს დამათხრევინებს!..

ხა, ხა, ხა! ძალიან არ გამფთხალებულა ეგ ჩემი ოტია! ხა, ხა, ხა! ჩემთან ნუ გეშინია, ნუ, ოტია! – სიცილით უთხრა პორფირიმ. – პატიოსან სიტყვას გაძლევ, არაფერი სირცხვილი არ შეგხვდეს… მომე ხელი!..

ამ ფიცზე დარწმუნდა ოტია და გულიანი სიცილით ხელი ჩამოართვა პორფირის.

– ე მაგრე ჯობია! ხვალის თხუთმეტს უნდა ჩამოხვიდე ჩემთან №-ში. აი ნახავ, თუ მადლობა არ მითხრა მერე… ისეთნაირად მოვაკვარახჭინებთ მაგ საქმეს, რომ შენი მოწონებული იქნეს!.. შენ ვერ მიცნობ კიდევ, რა კაციც ვარ!.. ღვთის მადლით, რა საქმისათვისაც ხელი მომიკიდნია, ისე წამიყვანია და დამითავებია, როგორც მდომებია… ჯერ, ღვთის მადლით, არაფერში არ წამიგია და, ჩემი ჭკუის იმედი მაქვს, არც წავაგებ რამეს… ჭკუა უნდა ყველაფერს, ჭკუა! თუ იგი ხელთა გაქვს, დარდი ნუ გაქვს, თამამად შეგიძლია იყვე!.. აი ამ ჩემ ვექილობაზე გეტყვით: რამდენი განათლებული ვექილია კურსოვნიკი, უნივერსიტეტ დამთავრებული, ქვეყნები აქვთ მოვლილი, მარა ტყვილია, ჩემოდენი იმათ არაფერი არც შეუძლიათ, არც ეხერხებათ, მშივრები გდიან – კაცი არ ეკარებათ; მე კი, ამ ჩემი ორი კლასით იმდენი მესევა, რომ ბევრს უარს ვეუბნები; პურიც ბევრი შემომდის, ღვინოც და ფულიც… ვცხოვრობ ბატონურად!..

– ღმერთმა მოგცეს, ჩემო კეთილო, ღმერთმა მოგცეს! – სიტყვას აყოლებდა ეკვირინე.

– ჯერჯერობით ვერავინ ვერაფერი დამაკლო, თუმცა ეს ნასწავლები ყოველ წელიწადს ათობით და ოცობით ჩამოდიან… ვერც მტრობით მაჯობა ვინმემ… მოხერხება უნდა ყველაფერში კაცს, მოხერხება, ოტია ჩემო! ხა, ხა, ხა! თუ დამჭირდა, ისეთნაირ ხრიკებს მოვდებ, ვინც იქნება, ისეთ ხრიკებს მოვდებ, რომ ადამიანი კი არა, თვითონ ეშმაკიც დეიბლანდება და დეიბურდება შიგ!.. – და პორფირიმ სიამოვნებით გადიხარხარა. – კაცმა მიცნოს და მომყვეს, ჩემთან ნურაფრის შიში ნუ ექნება! დამიჯეროს ოღონდ, მომენდოს. მარა უბედურება ის არის, რომ სანამ უკანასკნელამდის არ გაუჭირდებათ, მანამდე არ შეიძლება სულ მთლად მოგენდოს და გიწამოს ვინმემ. ვერ დაარწმუნებ, რომ სასიკეთო გზაზე აყენებ; აგერ გადაგიხვევს და ხელიდან გაგისხლტება; მერე გეიხედავ და მორბის გამწარებული: ტირილით, ჟივილით გეხვეწება, მუხლებზე გეხვევა: “არიქა, მიშველე, შენ ხარ ჩემი მშველელი, მწყალობელი, ჩემი ღმერთი, ჩემი მაცოცხლებელიო!” მისაღები არაა ამისთანა კაცი, მაგრამ რაღას იზამ, გული არ გიშვება გააგდო, ნიშნი მოუგო, იბრალებ და რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შველი. ამის წყალობით ახლა ისე მაქვს საქმე, რომ ყველგან, სადაც წევიდ-წამოვედი, ბინაცა მაქვს, საჭმელიც და სასმელიც, ყველგან ათასი მოსიყვარულე და პატივისმცემელი!.. ამ ჩემს ხელობას თავიც რომ დავანებო და ისე ტყვილა ვიარო, იმდენი სასიკეთო საქმე მიმიძღვის ბევრთან, რომ სიკვდილამდე თავს დავირჩენ იმათგან… ასეთი კაცი გახლავს პორფირი მაქსიმიჩი ბიაშვილი და შენ გეშინია, ჩემო ოტია, სასირცხო საქმეში ჩაგაგდო!.. მოგიკვდეს მაშინ ეს პორფირი, მოგიკვდეს, ჩემო ოტია! – და პორფირიმ მარჯვენა ხელი გულზე დაიკრა რამდენჯერმე.

– არა, არა… მაგას რატომ იფიქრებთ! – ერთხმად მიაძახეს ორივე დედა-შვილმა.

– თქვენისთანა კაცი იკადრებს მაგისთანა საქმეს და უარზე გავდგებით?.. ღმერთო მომკალი!.. – წამოიძახა ეკვირინემ.

ოტიას გული ძალზე სცემდა იმ მოულოდნელი ბედნიერების მოახლოებით, რასაც ჰპირდებოდნენ მას; აქამდი მას ეგონა თითქოს ბიაშვილი ეხუმრებოდა, ახლა კი დარწმუნდა, რომ ხუმრობას აქ ადგილი არა ჰქონდა. ეკვირინემ აღარ იცოდა, რითი ესიამოვნებინა ამ მათთვის თავგამოდებული ადამიანისათვის, რომელიც უსათუოდ თვით განგებამ მოუვლინა, რათა გულის ჯავრი ამოეღო ქველიძეზე.

– ღვინო დაუსხი, შვილო! – მიუბრუნდა იგი ოტიას.

– ხაჭაპურები გაგეკეთებია, კაი იყო… ასე ცოტაზე!.. – წაილაპარაკა ოტიამ.

– მაგათი ბრალია, მეჩქარებაო, და ვეღარ გავუბედე დამეგვიანებია, თვარა, ღმერთო მომკალი, ამაზე გადავარონიებდი? – თქვა ეკვირინემ.

– გმადლობთ, გმადლობთ! ესეც ბევრი იყო, მამიდა!.. მეტი არაფერია საჭირო… სხვა სხომის იყოს! – სიცილით დაუმატა პორფირიმ და წამოდგა. – აწი კი დროა გზას გავუდგე…

– ნურას უკაცრავად, შენი ჭირიმე! – მოიბოდიშა ეკვირინემ.

– მეტად მადლობელი ვარ, მამიდაჩემო, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, შენ ნუ მომიკვდები!.. გმადლობთ! – მიუგო პორფირიმ.

მართლაც კმაყოფილი იყო იგი ამ შემთხვევით. ჯერ ერთი, რომ შიმშილი მოიკლა ამ საუზმით და იმავე დროს დაიიმედა ბინა, სანამ თამარნაშენში ივლიდა სავექილოზე, რაც უფრო საჭირო იყო მისთვის და მთავარი მიზეზი ქამუშაძეებთან დაახლოებისა.

– აბა ასე, ოტია… იცოდე, მოგელი დანიშნულ დროზე, – ერთხელ კიდევ გაიმეორა პორფირიმ.

ოტიამ მხოლოდ სიამოვნებით გაიღიმა, ეკვირინემ კი მის მაგიერ მისცა პასუხი:

– კი, ბატონო, კი, ჩემო განმანათლებელო, კი გიახლებათ!

– აბა ახლა ჩემ საქმეს შევუდგები… ცხენი, ჩემო ოტია!

ოტია გაიქცა ცხენის მოსაყვანად. ბიაშვილი ეკვირინეს თანხლებით ჩავიდა ეზოში, გამოეთხოვა დედა-შვილს და შეჯდა ცხენზე.

– ოტია, შვილო, ჩაჰყევი ბატონს კანცელარიამდის!.. – თქვა ეკვირინემ.

– კი, კი… შენ ერთი ჩოხა გამომირბენინე… ფუსუტია, ფუსუტია, ჩოხა, გოგო! – დაიძახა ოტიამ.

– რატომ შვრები მაგას, ოტია? შენ არ მომიკვდე, საჭირო არ იყვეს! – წამოიძახა პორფირიმ.

– რა მიჭირს… საქმეც რომ მქონდეს, მაშინაც გიახლებოდით, ახლა თავისუფალიც ვარ…

– სიცხეა, შე კაცო!

– არაფერია, არაფერი! – უპასუხა ოტიამ.

– სიცხე რავა შეაწუხებს თქვენთან ხლებით!.. – უთხრა ეკვირინემ.

დიდი ყიჭინის შემდეგ პორფირი საბოლოოდ გამოეთხოვა ეკვირინეს, სანიკიძის სახლიშვილის ფეხ-ფეხა თანხლებით გადავიდა ეზოდან და გზას გაუდგა სოფლის კანცელარიისაკენ. მას ხალხი ეგულებოდა იქ ამ შაბათ დღეს და სურდა იქ გამოცხადებულიყო და თავისი თავი გაეცნო აქაურებისათვის, რომ შემდეგ მათში სავექილო საქმეები ეშოვა.

II

შაბათობით თამარნაშენის სოფლის კანცელარიაში ირჩეოდა ხოლმე სოფლელების საჩივრები და ამიტომ ამ დღეს აქ ყოველთვის საკმაოდ იყრიდა თავს ხალხი.

კანცელარიის ეზოში ჯგუფ-ჯგუფად გაბნეულ ხალხისაგან ხმაურობა და შემატებული ლაპარაკი, ყაყანი და ყიჭინი ისმოდა.

გლეხკაცობის გარდა ამ დღეს აქ მოსვლა შემოიღეს, ამ ბოლო ხანს, ამავე სოფლის ზოგიერთმა აზნაურებმაც. ესენი იყვნენ გაღარიბებული აზნაურები, რომელთაც ძნელად გაარჩევდით გლეხთაგან. მათი ცხოვრება და ინტერესები მეტად გადახლართული შეიქნა მეზობელი გლეხების ინტერესებსა და ცხოვრებასთან. მათ აქ ცალკე ადგილი ჰქონდათ აჩენილი, – იმ ცაცხვს, რომლის ქვეშაც ჯდომა იცოდნენ, ”აზნაურების ცაცხვი”-ს სახელიც კი დაერქვა. ისინი ყოველთვის ჯგუფად მოვიდოდნენ ხოლმე და თუ ერთი მათგანი მუქარებს დაუწყებდა რომელსამე გლეხს, დანარჩენებიც ამას მხარს აძლევდნენ და საერთო მუქარით და შეტევით ცდილობდნენ თავგასულ და თავდავიწყებულ ყაზახთა დაშინებას და თავის კალაპოტში ჩაყენებას, როგორც ესენი იტყოდნენ ხოლმე.

დღესაც დიდი ლაპარაკი და ყაყანი გამოიწვია ამათმა დამუქრებამ ერთი წყება გლეხების წინააღმდეგ, რომ თქვენი მიწა-ადგილიდან აგყრითო, რადგან ძველთაგან ეს ადგილები ეკუთვნის ერთი გვარის აზნაურებსა და ამის საბუთები და ქაღალდები ამ დღეებში ყველა ხელში გვექნებაო.

– როცა გექნებათ, მაშინ ვილაპარაკოთ, ბატონო! – შენიშნა ერთმა იმ გლეხთაგანმა, რომელსაც აყრას უპირებდნენ და გაშორდა მათ.

აზნაურებმა იწყინეს ასეთი პასუხი და დამუქრებას უმატეს.

– ნახავენ, რაც მოუვათ, მალე ნახავენ! – წამოიძახა ერთმა ყმაწვილმა აზნაურმა.

– რას ნახავენ? თქვე დალოცვილებო, ასე იძახით და აშინებთ ამ ბალახაშვილებს, მაგრამ კაცმა ვერ დეინახა ვერაფერი! გირჩევნიათ ისევ მოუმდურავად იყოლიოთ მაგ კაცები… ურიგო გლეხები არ არიან და კარგა მაძღარი გლეხებიცაა! – თქვა ერთმა მოხუცებულმა იქ მდგომმა გლეხმა.

– ბალახაშვილების დამდურების რა მცოდნია! – შესძახა ყმაწვილმა აზნაურმა.

– რატომ არა, ყმაწვილო, რატომ არა! ცოტაოდენი მაგათაც ესმით და თავს არავის არ დააჩაგვრინებენ უბრალოდ!

– მოვატეხიებთ კისერს, ახლა რომ ზევით-ზევით სწევენ! მაგათ კი ჩავაყენებთ თავიანთ კალაპოტში… აგერ ნახვენ! – გაჯავრებით წამოიძახა მეორე აზნაურმა.

ამას სხვაც აჰყვებოდა, რასაკვირველია, და უსათუოდ დიდი ლაპარაკიც შედგებოდა, რადგან ვიღაცამ ამ უბრალო დამუქრებას, ”ტრაბახობაც” უწოდა, მაგრამ ეზოში ბიაშვილი შემოვიდა ცხენით, ოტიას თანხლებით. ყველანი მიჩუმდნენ და უცნობ კაცს მიაჩერდნენ. ოტიამ ცხენიც ჩამოართვა, მიაბა ღობეზე და ახლა აზნაურებისკენ გამოუძღვა. ბიაშვილის მიახლოვებაზე ყველანი წამოდგნენ და თავაზიანად თავდაკვრის შემდეგ, მიიპატიჟეს და დასაჯდომი ადგილი დაუთმეს ცაცხვის კუნძზე.

პორფირიმ მადლობა გადაუხადა, სთხოვა ყველას დაბრძანებულიყვნენ, თავადაც დაჯდა და ოტიას უთხრა:

– აბა, ჩემო ოტია, ერთი თვალი გადაავლე… ეგებ აქ იყვეს სადმე, შავწვერა მაღალი ყაზახია, შავი ყაბალახი ახურავს თავზე, წითური სახისაა…

– კი, ბატონო, ახლავე მოვნახავ! – თქვა ოტიამ და ხალხისკენ გასწია.

– ვინაა, ოტია, ის კაცი? – დაუწყეს გამოკითხვა ყოველი მხრიდან.

– ბიაშვილია, პორფირი ბიაშვილი, ადვოკატი! არ ჰგავს სარდიონს! – უპასუხებდა მიმავალი ოტია.

– ვინაო?

– ბიაშვილიო! ადუკანტი ყოფილა!

– ეტყობა, კაი კაცი უნდა იყვეს!

– რავა ჩეისკუპეს შუაში მაშინათვე!.. ვითამ და ჩვენიაო! – ლაპარაკობდა თავიანთ შორის გლეხკაცობა, რომელსაც ცაცხვისკენ ეჭირა თვალი.

– რამ ამოგიყვანათ თქვენისთანა განათლებული და პატიოსანი პირი ამ დასაქცევარში, ბატონო? – უთხრა ბიაშვილს ხნიერმა, მეტად ღარიბულად ჩაცმულმა აზნაურმა, რომელიც იმ კუთხეში ხუმარა კაცად იყო ცნობილი.

– დასაქცევარი კი არა, სწორედ მშვენიერი ადგილებია!.. – მიუგო პორფირიმ. – ბევრი სოფელი მაქვს დავლილი ამ ჩემს ვექილობაში და ამისთანა სოფელი ბევრი არ შემხვდომია, თქვენ არ მომიკვდეთ! ჩინებული სოფელია, ეტყობა… ლამაზი ადგილებია!

– ლამაზი ადგილები კია, ჩემო ბატონო, მარა მისგან გულდაწყვეტილები გახლავართ. კუჭს არ გვიძღებს და მჭლედ ვყევართ შენახული…

– ეგ შეიძლება იმისათვის, რომ არ დაგიმძიმდეთ ამ აღმართ-დაღმართებში სიარული! – სიცილით თქვა პორფირიმ და მასთან დანარჩენებსაც გაეცინათ.

ამ დროს კანცელარიის კარებიდან გამოვიდა ერთი მაღალი ტანის, ჩამსხვილებული კაცი და მასთან ათიოდე გლეხი, რომელნიც იქვე გარს შემოერტყნენ მას ყიჭინით და ხმამაღალი ლაპარაკით. ცოტა ხნის შემდეგ იმავე კარებიდან გამოვიდა მეორე ჯგუფი გლეხებისა და ამათაც ცალკე ხმაურიანი ლაპარაკი შეექმნათ. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე ჯგუფი შეერთდა და საშინელი ყაყანი მორთეს, ასე რომ ყველას ყურადღება მიიქციეს.

– აბა თუ მიხვდებით, ბატონო, რაზე ჩხუბობენ ისინი ამ ლამაზ ადგილებში? – მიმართა ხუმარა აზნაურმა ბიაშვილს.

– სწორედ არ ვიცი! – მიუგო ღიმილით პორფირიმ.

– ეკალაზე, ბატონო, ეკალას გულისათვის! თქვენ ნუ მომიკვდებით!

ბიაშვილს გაეცინა. გაიცინეს სხვებმაც.

– ადგილზე დაობენ, სერაფიონ! – შენიშნა ერთმა აზნაურთაგანმა. – ეკალაზე რა ჩხუბი უნდა შედგეს!

– ერიჰა! – წამოიძახა სერაფიონმა. – რავა უცხო კაცივით ლაპარაკობ, ჩემო ივანე! მაგ რა დასამალავია!.. ვაი ნეტავი თელი წელიწადი კი არა, ნახევარ წელიწადს მქონდეს ის დალოცვილი საჭმელად, გამოულეველად! ცუდი კაცი ვიყვე, თუ სხვა რამე ვინატრო კიდევ! რას მეუბნები?! ღმერთმა ნუ გაახაროს ის, ვინც ჩემს ახლო-მახლო ეკალას ბურდი ნახოს და ამომიჩეხოს!.. ამ დროებაში ოქროს ფასი დაედვა მას ყველასაგან, აზნაურისაგანაც და გლეხისაგანაც… მალე თავადების სანატრელიც გახდეს, მგონია.

– კი, მარა ეკალამ როგორ წაკიდა ეს კაცები? – იკითხა სიცილით ბიაშვილმა.

– წაკიდა კი არა, გადაამტერა! – მიუგო სერაფიონმა. – მეზობელმა თავის მხრივ საქარი გაჩეხა ადგილის გასაფართოებლად, შესამატად. საქარი ეკლიანი იყო; გაზაფხულზე მისი მხრივ რომ აღარ იყო, ეკალას აქეთ დაუწყო პოტინი; მიდგა საქმე მისწრებაზე, ერთი თვალის დახამხამებაში გაფცქვნეს ეკლები, კვირტებსაც აღარ არჩენდნენ ზედ. შეექმნათ ლაპარაკი. აქითურმა მიზეზად ის დეიდვა, რომ თხელ საქარში ღორი, ქათამი, ბატი, ცხვარი დაძვრებაო და ყანა ამომიგდესო – დაუწყო ჩხუბი კაცმაც, ქალმაც, ბავშვმაც, ყველამ. ნამდვილად კი ეკალას დაკლებამ ააპილპილა ყველა… იმდენი იჩხუბეს, იდავიდარაბეს, რომ აგერ ეს მეორე წელიწადია კაცმა ვეღარ მოარიგა, ედავებიან ერთმანეთს. სხვა არაფერი არ გამოდის იმის მეტი, რომ ამ ჩვენს სარდიონ ქველიძეს ხან ერთი უწიკავს ხაჭაპურებსა და ქათმებს, ხან მეორე – რომლის ვექილადაც იქნება.

ეს უკანასკნელი სიტყვები სერაფიონმა სწორედ მაშინ თქვა, როცა გლეხებს გაშორებული ქველიძე ცაცხვთან მივიდა.

– ნამეტანი ჯიუტი ხალხია… მეტისმეტი! კაცის არაფერი არ სჯერათ არც ერთ მხარეს… რას მოუხერხებ ადამიანი?!. – ხელების გაშლით თქვა სარდიონმა, რომელსაც ეტყობოდა საკმაოდ დაღლილიყო გლეხკაცებთან ლაპარაკით.

მან შენიშნა უცხო პირი, მიუახლოვდა წამომდგარ ბიაშვილს და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თავიანთ თავის გაცნობით.

– თავი დაანებე, შე დალოცვილო, მაგათ, რაზე იწუხებ თავს! – უთხრა ქველიძეს განაკიდეთ მჯდომმა, დაკერებულ ჩოხიანმა აზნაურმა.

– ძალიან ადვილად არ ამბობ მაგას, ნიკიფორე! – წამოიძახა ისევ სერაფიონმა. – რავარც მე ჩემს კუსიას ვერ გავშორდები, ისე ვერც სარდიონი გაშორდება მაგათ… სასმელ-საჭმელს მაგენი უწიკავენ და მაგათ მიატოვებს?!

კუსიას ხსენებაზე მოისმა საერთო ხარხარი.

– ახსენა თავისი კუსია! – წამოიძახა ვიღაცამ.

– რატომ არ ვახსენებ, შენ გენაცვალე, ღმერთმა ნუ დამავიწყოს მისი თავი! – უპასუხა სერაფიონმა.

– მონადირე ძაღლია, ბატონო სერაფიონ? – შეეკითხა ბიაშვილი.

– მონადირე არ გახლავს, უბრალო, შავი ნაგაზია, მარა ყოველ ჩემს კეთილს და ჩემისთანა ხელმოკლე კაცს ღმერთმა მისცეს იმისთანა შემბრალე და თანამგრძნობი… ერთობ რამე სულიერია! – თქვა სერაფიონმა. – რომ იცის ეხლა, ჩემო ბატონო, ჩემი გაჭირვება, ისე ვეცოდები, რომ მეტი აღარ შეიძლება, და ძალიანაც მეწევა…

– რაობით მერე, თუკი მონადირე არაა? – სიცილით შეეკითხა დაინტერესებული პორფირი.

– დილას, ბატონო, რომ ადგება, კაი დაკვირვებული ადამიანივით შემოირბენს სახლის ყოველ კუთხეს, ერთი წაქცეული სამზარეულო მაქვს, იქაც მისუნავს-მოსუნავს და თუ შეხედა, რომ სახლში არაფერი არ კეთდება, ერთი გავარდება, გავარდება ეზოდან, შემოირბენს მეზობლებს და, სად კეციდან ჭადს ააგლეჯს, გამოიტანს და მოარბენინებს, სად ქათამს ფრთას წააგლეჯს და მოაწანწალებს, სად კვერცხს გამონახავს, ხანდახან ჩადებულსაც არ დამიწუნებენო, გადასწყვეტს, და აგერ, რომ გვგონია – დღეს უსადილოდ ვრჩებით, გადაწყვეტილი გვაქვს, ეს ღვთისნიერი სულდგმული ხელად ამივსებს ცარიელ სუფრას ათასნაირი საჭმელებით… თითქოს მეზობლებისაგან ხონჩები მომსვლოდეს!..

ბიაშვილი სიცილით კვდებოდა ამის გაგონებაზე; ხარხარებდნენ სხვებიც, თუმცა ამგვარების გაგონებას სერაფიონისაგან შეჩვეულნი იყვნენ.

– მართლა ძვირფასი რამ ყოფილა ი თქვენი კუსია! – სიცილოთ თქვა პორფირიმ.

– იცოცხლეთ, ღმერთი აბა რავა დააგდებს უსაშუალოდ მისგან გაჩენილს… რამე სახსარს აღმოუჩენს უთუოდ! – მიუგო სერაფიონმა.

– საცა იქნება, გვერდებს ჩაუმტვრევენ იმ შენს კუსიას, სერაფიონ! – უთხრა ერთმა ყმაწვილმა.

– მამაჩემი, აზნაური ქაიხოსრო გორდელაძე, რომ გაცოცხლდეს და რამე აწყენიოს ჩემს კუსიას, იმას ჩავაბრუნებ საფლავში, თვარა სხვა რითი გადამირჩება, რომ ჩემს მაცხოვრებელს რამე მოსწიოს!.. ბატონო, სხვა არაფერი შემრჩენია… ძაღლით ვირჩენ თავს, იმ ზომამდის მივაღწიე პატიოსანმა აზნაურმა, და ცოცხალი გადამირჩება, ვინც მას ხელს მიხლებს? თქვენც არ მომიკვდეთ!

სიცილი არ წყნარდებოდა და ხალხი თანდათან მატულობდა ცაცხვის ქვეშ.

ამასობაში ოტია გულმოდგინედ დაეძებდა პორფირისაგან ნანიშნ კაცს და ყველას ეკითხებოდა, ამგვარი კაცი ხომ არ დაგინახავთ დღეს აქაო; ყველასაგან ერთი და იგივე პასუხი იყო – არაო. ამ სიარულში იგი მივიდა იმ გლეხებთანაც, რომელთაც საქარის გამო დავა ჰქონდათ და საქმეს ქველიძე უწარმოებდათ.

– შე კარგო კაცო! – უთხრა მან გულგახურებულ გლეხს: – გასაკვირველია შენი საქმე, რას ჩასცივებიხარ ამ სარდიონს!.. რომ რამე გაეგებოდეს და შეეძლებოდეს, თავის თავს ვერ უშველიდა, უკანასკნელ გაჭირვებაში რომ არის?.. შენ რა უნდა წაგადგეს!..

– დამღუპა, მაგან დამღუპა.. დეეღუპა მაგას ოჯახი! – წამოიძახა გლეხმა.

– ე, შე კაცო, თუ გინდა საქმე გაგიკეთდეს, ე, იმისთანასთან უნდა მიხვიდე!.. – ანიშნა ოტიამ ბიაშვილზე.

– ადუკანტია?

– ადუკანტია და რანაირი მერე!.. ძვირფასი რამე ადუკანტია!

– იცნობ შენ, ოტია?

– აბა რა, ძალიან კარგად!

– მიგვიძეხი, ოტია!..

– ბატონი ბრძანდები… თუკი მოიცალა… ერთობ ბევრი ხალხი ეხვევა… აქაც ყოლია დღეს დაპირებულები. დავეძებ, ოხრიშვილები ვერსად ვერ ვნახე…

– მომეხმარე, ოტია, – დაეღრიჯა გლეხი, – და მერე მაგიერ პატივს მეც გცემ!

– კარგი, კარგი, ვისაც გინდათ, ყველას გაგაცნობთ!.. ეგებ აქაც ქე დეიწყოს სიარული, თუ რიგიანი საქმეები შეხვდა.

– საქმეების მეტი რა არის! – წამოიძახა რამდენიმე გლეხმა.

– ოღონდ შესმენილ კაცს შევხვდებოდეთ და!

– მაგაზე შესმენილი ვიღაა! – თქვა ოტიამ და გაშორდა.

– რა გვარია, შენი ჭირიმე? – მიეწია ერთი გლეხი.

– ბიაშვილია, პორფირი ბიაშვილი.

– სად ცხოვრობს?

– სადა და №-ში.

დიდხანს იარა ოტიამ, მაგრამ მოსანახავი გლეხი არსად ჩანდა და სულაც არ ყოფილა. პორფირის არავინ არ ჰყოლია აქ შეპირებული, ეგ მხოლოდ მიზეზად ჰქონდა დღევანდელ დღეს ამ ყრილობაში გამოცხადებისათვის. თუმცა ოტიამ გლეხი ვერ მოძებნა, მაგიერად ბიაშვილის შესახებ ბევრი ლაპარაკი შეხვდა და, რაც შეეძლო, ყველას გააცნო მისი თავი. ბოლოს იგიც მივიდა ცაცხვთან, საიდანაც ისევ შეუწყვეტელი სიცილი ისმოდა.

პორფირი მალე შეეთვისა ამ უცხო ხალხს და ხუმრობაში აჰყვა სერაფიონს. მან იშოვა მარჯვე შემთხვევა და მოჰყვა ათასგვარ სასაცილო შემთხვევას, რაც მას ჰქონებია თავის სავექილობებში. მან მოხერხებულად გადაიტანა ლაპარაკი თავის თავზე: ხან ტყუოდა, ხან ტრაბახობდა, ხან რაღაც უცნაურ ამბავს გამოურევდა. ყველა ახლა იმას მისჩერებოდა, მთელი შეკრებულება სმენად იყო გადაქცეული. თვით სერაფიონიც ჩაჩუმდა, ყურს უგდებდა ამ ენაწყლიანსა და ენამოხერხებულ კაცს.

როცა პორფირიმ ხალხში თვალი მოჰკრა ოტიას და მისგან პასუხად მიიღო ნაძებნი გლეხის აქ არყოფნა, მან ამოიღო საათი და ერთი წამოიძახა:

– მე მეტი არ შემიძლია!.. ათასი საქმე მაქვს მიტოვებული… აწი თვითონ ჩამოვიდეს ჩემთან… ესეც კმარა, ამდენი დრო რომ მისთვის დავკარგე! – ხალისიანი სიტყვით გამოეთხოვა ყველას და მომღიმარი სახით გაშორდა ხალხს.

იგი თვითონაც გრძნობდა, რომ თავი დაამახსოვრა ამ ხალხს და კარგის მხრივ გააცნო თავი. ეგ მართალიც იყო.

– ძალიან კაცი ყოფილა!

– ყმაწვილი კაცია, მაგრამ ერთობ გამოცდილება ეტყობა!..

– ნამდვილი სავექილო კაცია! – გაისმოდა ხალხში.

გულკმაყოფილი ბიაშვილი შეჯდა ცხენზე, ერთხელ კიდევ თავი დაუკრა მისკენ მიჩერებულ ხალხს და ოტიას უკან მიყოლებით გადავიდა ჭიშკარ გადაღმა.

– აბა, ოტია, გახსოვდეს ჩვენი სიტყვა!.. არ მომატყუო, იცოდე, გელოდები, იცოდე!..

– კი, ბატონო, გეახლებით! – გაღიმებული სახით მიუგო ოტიამ. – მარა თქვენც რომ მანამდი ამოივლიდეთ, კარგს ინებებდით… ყაზახებს უნდა თქვენთან მოსვლა, საქმეები ეგებ მიიღოთო, იხვეწებიან.

– კეთილი, კეთილი! – სიამოვნებით წამოიძახა პორფირიმ. – ამოვალ, მაინც ქე მაქვს ამ დღეებში აქეთ სხვა საქმეებიც!.. ნუღარ ირჯები, ჩემო ოტია, ნუ! ნახვამდის!

– არაფერი მიჭირს! – მიუგო ოტიამ და ისევ უკან მისდევდა.

– კაი, კაი!.. თუ გიყვარდე!.. ნახვამდის!.. ამ სამ დღეში ამოვივლი კიდევ!.. ნახვამდის, შენი ჭირიმე! – და ახლად დამეგობრებულებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და გამოეთხოვნენ.

ოტია კარგა ხანს დარჩა იმავე ადგილას და მისჩერებოდა ბიაშვილს. მერე კანცელარიისაკენ გაბრუნებულმა ერთი წაილაპარაკა: ”თუ მე შენ მათხოვრის გუდა არ მოგკიდე ზურგზე, რაღა კაცი ვიქნები!.. იარე შენი მზეთუნახავით კარდაკარ და ზილე ტალახი!” და თითქოს უკვე გრძნობდა ქველიძეზე გამარჯვებას, ოტია შემატებულ გულზე მყოფი შეერია ხალხში.

III

– კაი საჩუქარი კი მერგება, კაი… ძალიანი… განსხვავებული საჩუქარი, ბიცოლა პელაგი! – ხითხითით და წვარწნით ეუბნებოდა პორფირი მაღალი ტანის, გამხდარ, ლოყებჩავარდნილ ხანში შესულ ქალს, რომელიც ისეთივე ბიცოლა იყო მისი, როგორც ოტია ქამუშაძის დედა, ეკვირინე – მამიდა. – სამაგალითო საჩუქარი მერგება საკუთრად შენგან, ასეთი სიძე რომ გიშოვე სონიასთვის!.. აი ასეთი უნდა კაცი, როგორიც მე გახლავარ!.. აბა ის რა კაცია, მარტო თავის თავზე ფიქრობდეს!.. არა, შენი საქმეც გეიკეთე და ქვეყნისათვისაც იყავი სასარგებლო… ასე არაა, პელაგია ჩემო? ა?.. შენი კეთილი არასოდეს არ უნდა დაივიწყო და არც მე დამივიწყებია, ხომ!.. ხა, ხა, ხა!..

– ღმერთმა ნუ დაგივიწყოს, შვილო, ყოველივე სიკეთე ღმერთმა ნუ დაგივიწყოს!.. შენ და ჩემი ბეგლარი, ხომ ღმერთმაც იცის, გაურჩევლად მიმაჩნიხართ… ძმები მგონიხართ, შვილო, ძმები… ბეგლარმა თუ იცის, შვილო, თუ გაქვს ნათქვამი?

– რასაკვირველია!

– რაო, ნეტავი რა თქვა?

– რა უნდა ეთქვა!. თავისებურად, რავარც იცი მისი ამბავი, ვნახოთ, ვნახოთ… ის არაფერია, შენ თუ ფეხს არ გადადგამ!

– მე, შვილო, მე რაღა მეთქმის… თუკი ჩემი ბეგლარი თანახმა იქნება, წინააღმდეგი არაა…

– რატომ უნდა იქნეს წინააღმდეგი?

– მე რა გამეგება ამდენი, შვილო!.. თქვენისთანა ყმაწვილებმა უკეთ არ იცით, ვინ შეგეფერებათ მოყვარეთ და ვინ არა? თუკი თქვენი საკადრისია…

– რატომ არ უნდა იქნეს საკადრისი, ბატონო?.. სოფლის კაცი რომაა, იმიტომ ვითომ? შე დალოცვილო, მარტო სოფლის კაცობაზე კი არაა საქმე!.. სოფლის კაციც არის და სოფლის კაციც… გარჩევა ყველგანაა…

– არა, შვილო… ისე სიტყვაზე მოჰყვა, თვარა… მე რა მეთქმის… თუკი ქალს არჩენს და შეინახავს…

– ჰმ! ქალს არჩენს?! პირველი ხარისხის აზნაურია… სახლი აქვს, კარი, მიწა-წყალი, მშვენიერი ოჯახი… ორი დედა-შვილია, მეტი არავინ! არა, იმით დამიწუნებ, პელაგია, რომ სოფლის აზნოუშვილია? შენც არ მომიკვდე!

– უიმე!.. – შესძახა პელაგიამ. – ერთხელაც მოგახსენე, თუკი შვილს მირჩენს და ღირსეულად შემინახავს, სხვას რას დავეძებ!

– ამაში იმედი გქონდეს… ხომ გწამს ჩემი, რომ მე არ მოგატყუებ?..

– უიმე!

– ჰო, აბა ეს არის, ჩემო ბიცოლა! მეტი რაღა უნდა გინდოდეს, აღარ ვიცი!

– შენი კარგა ყოფნით ნეტავი კი მოხერხდებოდეს და!.. გაძვირდა, შენ დაგენაცვლე, ქალის მთხოვნელიც… ჩემს სონიაზე უკეთესები საცოდავად ბერდებიან, კაცი ხელს არ კიდებს… მაგის ასე დარჩენით ჩემი ბეგლარიც ასე უცოლოდ მირჩება.

– ჰო და ეგ არის! – გააწყვეტინა სიტყვა პორფირიმ. – ქე გოუშვი ხელიდან, შე დალოცვილო, ქალიშვილი… ნუღარ გოუბრუნდებ ბედს!..

– ვინ ოხერი, შენ გენაცვალე, ვინ ოხერი!.. დედაშვილობამ დღედაღამ ღმერთს იმას შევთხოვ, ისე არ მომკლას, ჩემი ბეგლარის ცოლ-შვილისათვის რომ არ შემეხედოს… რა ქნას, შენი ჭირიმე, ენაცვალა მას დედამისი, ჩვენც შეგვინახოს, ცოლ-შვილიც არჩინოს, სადამდი წავა ამის საქმე, – და ამასობაში ქეა ისე გაჩერებული. ჩვენთვის იკლავს თავს, თავისათვის კი არაფერი!.. თუკი მოვესწარი და ჩემი სონია პატრონს ჩავაბარე, რათ ეღირება ჩემთვის ის დღე, რათ? ჩემი გაცოცხლების დღე იქნება!.. მაშინ ბეგლარის ბედნიერებასაც შეიძლება ერთ-ორ დღეს მაინც მამზერიოს უფალმა…

– ყველაფერი იქნება, ჩემო ბიცოლა! – სიცილით შესძახა პორფირიმ. – ყველაფერი.

– რა გვარია, შენ გენაცვალე?

– ქამუშაძე.

– შორებელია?

– სულ ახლოს… აგერაა, თამარნაშენში!

– აზნოუშვილი!

– ჩინებული, ჩინებული აზნაური!.. არა, არა ბევრი აღებ-დაღება აქ აღარაა საჭირო… ბედი კარზედაა მომდგარი!.. კაცს, შენ არ მომიკვდე, სწორედ ვერ დამიწუნებ… ის კი არა, უფრთხილდი, გული შეიმაგრე, თავად არ შეგიყვარდეს, ღმერთი არ გაწყრეს, ბიცოლა, ამ მოხუცებულობის ხანას! ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა პორფირიმ.

პელაგიასაც გაეცინა ამ ხუმრობაზე, ხელი დაარტყა ბეჭზე და უთხრა:

– უი, შე დაუწყნარებელო, შენ!

– აბა, ამდენს მალაპარაკებ ჩემს ოტიაზე?! შენ ნუ მომიკვდები, ის კაცი, რავარც კი არ მოგიყევი, აგერ ბედს რომ მიაგნებს ადამიანიო, ისეა!.. არა, არა, ბიცოლა პელაგია, ხელიდან გასაშობი დასაკარგავი კაცი არაა ის ადამიანი, თუკი გულით გინდა შენი სონიას გათხოვება… მეც მირჩევია, დროც არის. ვინ იცის, როდის მოინახება კიდევ სხვა; ეგებ მაგისთანა ვეღარც იშოვოთ… ქალიც ცოდვა იქნება და, შენი არ იყვეს, აწი ბეგლარსაც შეღავათი უნდა მიეცეს თავის თავზე იზრუნოს….

– კი, კი! კი, ჩემო კეთილო!

– ჰო და, მეც რომ ეგ ვიფიქრე, როგორც თქვენი ოჯახის ერთგულმა და კეთილმა, იმიტომ აღარ დავკარგე სახელდახელო შემთხვევა. ერთი სიტყვით, შენზედაა დამოკიდებული ახლა ყველაფერი: თუ უარს არა ხარ, ის ყმაწვილი ჩამომივა აქ და განახებთ. ისურვებ, ხომ კარგი, – თუ არა და, ღმერთმა ყველა მშვიდობით გვამყოფოს…

– მე რა, შვილო, ყველაფერი ბეგლარმა იცის.

– არა, არა! შენ ხარ მაინც თავი, შენ ხარ დედა და სიტყვაც შენ გეკუთვნის.

– მე გითხარი და ეს იყო, შვილო.

– ძალიან კარგი! აბა ყველაფერი რიგზე მიდის! და ესეც იცოდე, ბიცოლა ჩემო, იმათთვის მე არც სახელი, არც გვარი არ მითქვამს თქვენი. არ ვუთხარ იმიტომ, რომ დეიწყებდა იქით-აქეთ გამოკითხვას სონიაზე. ვინ იცის, მტერი სად გამოჩნდებოდა, ქალი ვისმეს გეელანძღა… ხომ კარგად მიქნია, ა? ჰო, ასეთი გახლავართ!

– ყველაფერში მოხერხებულები ხართ, ღმერთმა გიწინამძღვროთ, შვილებო, და ამიტომაც სულ შემატებაში მიდიხართ და მიდიხართ! – მიუგო პელაგიამ.

– ერთი სიტყვის მეტი კი არ დამჭირვებია, მერე! შენ არ მომიკვდე! აქ ვერ მიცნობენ კიდევ, რაც ბიჭი ვარ, თვარა იქით რომ მიყურო, იმ სოფლებში, სადაც მე დავდივარ, ვერ მიცნობ, თუ ეს პორფირიაო!.. ხელით დავყავარ!.. ჩემზე უკეთესი თუ ვინმეა, ვერავის ვერ ათქმევინებ, ვერას გზით… ღმერთივით, პატარა ღმერთივით მიყურებენ!.. ჩემია იქოურობა… ხა, ხა, ხა!.. – სიამოვნებით, გადიხარხარა ატრაბახებულმა პორფირიმ.

– ღმერთმა მოგცეს, შვილო, ღმერთმა მოგცეს! – ჩაურთო თავის მხრივ სიტყვა პელაგიამ.

– ამის შესატყობინებლად შემოვირბინე, პელაგია ჩემო! – განაგრძო პორფირიმ. – მე ვიფიქრე, შეიძლება ბეგლარი ასე დაწვრილებით არც კი მოუყვეს-თქო, იმას ხომ სახლში ბევრი და გრძელი ლაპარაკი არ უყვარს!.. ვარჩიე ისევ თავად მე მეხარებინა შენთვის…

– ღმერთმა გაგახაროს, შენი ჭირიმე, ღმერთმა გაგახაროს!.. ამაზე უკეთესს რაღას გეიგონებდა ჩემი ყურები…

– და რაკი ყველაფერი მომიხსენებია, ახლა კი მშვიდობით ბძანდებოდეთ! – თქვა პორფირიმ და ქუდს დაატანა ხელი. – პატარ-პატარა საქმეები მაქვს ერთ-ორ ადგილას… ისე, ცოტა კრიმანჭულები ეჭირვებათ, თვარა სადილად აღარ მოგშორდებოდით დღეს… შეიძლება, თუ დროზე მოვრჩი, კიდევაც მოგისწროთ!..

– მოგიცდით, შენი ჭირიმე, მოგიცდით!

– არა, არა, ცდა საჭირო არაა. რა ვიცი, სად მიმაგდებს ქარი!.. თუ მოვედი – მოვედი, თვარა ცდა არ დამიწყოთ… ნახვამდის, ნახვამდის, ბიცოლა!..

პორფირი გამოეთხოვა მოხუცებულ ქალს, აჩქარებულად წავიდა, ერთი შეჩერდა კარებთან, მობრუნდა უკან და სიცილით წამოიძახა:

– ღმერთმანი, ვივარგებ მაშვლად!.. ჩინებული მაშვალიც ვიქნებოდი და თუ, ვინიცობაა, ვექილობამ მისუსტა, უსათუოდ მაშვლად ვივლი. სიარულს მაინც შეჩვეული ვარ!.. ვატყობ ჩემს თავს, რომ ესეც ადვილად მომყვება ხელში… ამაშიაც გამოვდგები და ვივარგებ… ხა, ხა, ხა! – გულიანად გადიხარხარა მან.

– ყველაფერში გამოდგები, შენი ჭირიმე, ყველაფერში გამოდგები, ისეთი მარჯვე კაცი ხარ! – მიუგო პელაგიამ.

პორფირის თითქოს უნდოდა ეს ქება კიდევ ერთხელ გაეგონა ამ წასვლისას, უფრო ახითხითდა და საამური სიცილით ოთახიდან გავიდა, ჩაირბინა პატარა კიბე, გადაირბინა ეზო და ჭიშკარს გადაღმა ქუჩაში მიმავალ ხალხში გაერია.

პელაგია რამდენიმე ხანს შერჩა აივანზე ამ გაფრენილ კაცის ნათქვამისაგან გაბრუებული; მერე მიბრუნდა და მძიმე ნაბიჯით შევიდა სახლში. ბუხრის თავზე ბეგლარის სურათი იდვა; ის მოხვდა თვალში, მივიდა მასთან, დაუწყო მზერა, დიდხანს უმზირა სასიქადულო, ძვირფას შვილს და შემდეგ წამოიძახა:

– აწი განთავისუფლდები, შენ გენაცვალე, განთავისუფლდები და შენი საწყალი დედის გულს გაახარებ შენი კარგი იღბლით… შენ დაგენაცვლეთ ყველანი… ყველანი!

და თითქოს მოხუცებული პელაგია დღეიდანვე აპირებდა შვილის საბედოს დასახვედრად შემზადებას, დაკვირვებული თვალი შემოავლო ოთახს, მივიდა ჭრიჭინა ტახტთან და კედლისკენ უფრო მისწია, – ჭრიჭინი ეგებ მოეშლევინებინა; დაუარა ფანჯრებს, ჩამობერტყა მტვერი ჩითის ფარდებიდან და საშინლად აამტვერა; მოუნდომა გასწორება შუა ზალაში მდგარ კოჩიალა სტოლს, მაგრამ რადგან ვერაფერი მოუხერხა, ვერ დაამაგრა, იმით დაკმაყოფილდა, რომ გადაბერტყა ზედ გადაფენილი გამოხუნებული, ფერადიანი გადასაფარებელი, რომლის გამომყდველსაც მუდამ წყევლა ეგზავნებოდა. მაგრამ ის გამომყიდველი დღეს კი გადარჩა ამას, ალბათ, განსხვავებული დღის წყალობით. არ დარჩენილა ხელშეუხებელი არც სტოლქვეშ დაფენილი ფარდაგი, რომლის გაწევაზედაც დახრილმა პელაგიამ ერთმანეთისაგან დაშორებულ იატაკის ფიცრებს ქვეშ ქათმებს მოჰკრა თვალი და ფეხის ბაკუნთან ერთად ”ოქში-ოქში” დასძახა იატაკის ქვეშიდან მათ გამოსადენად, თუმცა თვითონაც ვერ იტყოდა, თუ რას უშლიდნენ ისინი იქ ყოფნით. აქაურობას რომ მორჩა პელაგია, მეორე, თავის საწოლ ოთახში გავიდა; ანგარიშმიუცემლად გაჩერდა ხის საწოლზე დაგროვებულ, ზეწარგადაფარებულ ქვეშსაგების წინ, ერთ ხანს იდგა ასე გაშტერებული, მერე ჩამოჯდა საწოლის ყურეში და ერთი კიდევ ამოიძახა გულის სიღრმიდან: ”შენ გენაცვალოს შენი დედა!.. შენს შვილს დავინახავდე, და მერე რომ მოვკვდე, აღარც კი ვინაღვლი!.. შენ გენაცვალე, შენ!..” და ფიქრებში გაერთო.

ქალიშვილის მაგივრად პელაგიას ისევ თავისი ვაჟიშვილი უდგა თვალწინ; მასზე უფრო ფიქრობდა იგი, ის ავიწყებინებდა სონიას კარზე მომდგარ ბედსაც; ბეგლარს ეწირებოდა დედის გულში ყველა და ყველაფერი.

ეს ბედნიერი არსება, ეს რჩეული შვილი იყო №-ის მომრიგებელ მოსამართლის მდივნის უმცროსი თანაშემწე, ბეგლარ ჯინჭარაძე.

ამის მამაც, ბიაშვილივით, წვრილ აზნაურთაგანი იყო, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, სოფლად მოუხერხებელი ცხოვრების გამო ქალაქში შემოხიზნული.

– სადაც მეტი ხალხია, იქ მეცადინე კაცისათვისაც უფრო მეტია შემთხვევაც რამე იშოვოს! – იტყოდა ხოლმე სოფრომ ჯინჭარაძე და, როგორც მოშივებული მელია, ისე დაძრწოდა ქალაქის ქუჩებში, დუქნებში, ბაზრებში, რომ რამე ეშოვა, ენახა, წასდგომოდა და ამით თავი შეენახა, ოჯახი გამოეტანა; და გასაკვირველიც იყო მისი სიმარჯვე ამგვარ შოვნაში: სად, როგორ შოულობდა ეს კაცი სარჩოს, როგორ ახერხებდა ამას – ეგ მისი საიდუმლო იყო, გაუზიარებელი საიდუმლო. ვაჟიშვილებმაც შეითვისეს მამის ხასიათი და მიმართულება. უმცროსი, ქალაქში დაბადებული ბეგლარი, პატარაობიდანვე გასაკვირვებლად დაიგეშა მამასთან. ის ისეთი მეცადინი ბავშვი გამოდგა, ისეთი ჩუმი, მოხერხებული, რომ საწყალ სოფრომს არა ერთხელ უთქვამს სიამოვნებით:

– ეს თავისას გეიტანს!.. თუ ღმერთმა დააცალა, ისეთი გამოიწვება, რომ კაცი იქნება!.. კაცი ვერაფერს გაუგებს, ისე მოიგდებს ხელში, რასაც ამოიჩემებს!.. მაგარი კაცი დარჩება!

არ მოსწრებია მამას შვილის ”კაცად” დანახვა; იმას კი ეცადა, რომ ბეგლარს საქალაქო სასწავლებელი გაათავებინა და სასამართლოში გადამწერად შეარგვევინა თავი.

ბეგლარს არ გაუმტყუნებია მამის იმედი. ყმაწვილი იყო, მაგრამ ცხოვრებისათვის საკმაოდ მომზადებული. არავის არ ერიდებოდა; პირიქით, მუდამ ამხანაგებში იმყოფებოდა, მაგრამ მისი ნამდვილი აზრი, შეხედულება, ფიქრი ამა თუ იმ საქმის, პირის შესახებ – არავინ არ იცოდა, ვერავის გაეგო მისი წადილი. იგი საკვირველი მოხერხებით ფარავდა ამგვარებს და ამავე დროს ახერხებდა ეჩვენებინა თავისი თავი გულწრფელ ადამიანად. ის იყო, რომ იტყვიან, ეშმაკი კაცი, თავით ფეხებამდე ეგოისტი, მხოლოდ პიროვნული ინტერესების მიმდევარი, რომლის გარეშე მას არაფერი სწამდა და კიდევაც გუნებაში დასცინოდა მათ, ვინც რაღაცას ეძებდა, რაღაცეებს თავს ატეხდა, ვინ იცის, რისთვის, ან ვისთვის, და ამასობაში თავის თავს აკლებდა.

უგულოდ ეპყრობოდა ყველაფერს, რისგანაც რამე სარგებლობას არ გამოელოდა თავისათვის, კაცს აფასებდა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად მისგან რამე უსარგებლია, ან გამოელოდა რამე სარგებლობას. მისთვის ყველაფერო უმნიშვნელო იყო და ”სისულელე”, თუკი მას პირადად არ ასარგებლებდა. არაფერს სხვა რაიმეს მის თვალში ფასი არ ედებოდა. გუნებაში ათასჯერაც წინ წაუყენებია თავისი თავი იმ ”ნასწავლებზე და ნაწვალებებზე”, რომლებსაც მასავით ვერ მიუგნიათ იმ გზისათვის, რომელსაც საჭიროა ცხოვრებაში კაცი ადგეს, თუ უნდა თავისი თავის ბედნიერება. ამ გზამო, – ფიქრობდა ბეგლარი, – მე წარმატებაში შემიყვანა, მაშოვნინა ჩინებული ადგილი და ამ ახლო ხანში სასამართლოს ”პრისტავობასაც” მიმაღებინებსო.

გვარში მას ტოლი არ ჰყავდა და თავის მეგვარეებს გუნებაში ამადლიდა, რომ მისი მეცადინეობით ჯინჭარაძის გვარი ყველასაგან ცნობილი შეიქნაო; თუ თვითონ სიტყვით არ წარმოუთქვამს ეს, ხსოვნით ყოველთვის ახსოვდა, ხოლო დედამის კი პირზე ეკერა.

ასეთი იყო ნამდვილად ბეგლარ ჯინჭარაძე, თუმცა ისე კი სულ სხვა თვისების კაცად გაუცვნია თავისი თავი გარეშეთათვის. შინაურობაში კი იგი ღმერთი იყო. ალბათ, თავის აღმატებულებაში რომ იყო დარწმუნებული, იმიტომ არ ეხერხებოდა არც დედასთან და არც დასთან გრძელი ლაპარაკი, არც უყვარდა მათთან თავის გულის ნადების გაზიარება და შინ მყოფი საზოგადოდ მარტოდ იყო, დედაცა და დაც მორიდებით იყვნენ მასთან და არიდებდნენ ყოველ უსიამოვნებას ამ სასიქადულო და სათაყვანებელ ოჯახის წევრს.

ეს შვილი ავიწყებინებდა პელაგიას თავის ქალიშვილს, როგორც დაავიწყებინა უფროსი ვაჟი, თერძად გამოზრდილი და დღეს სადღაც გადაკარგული.

– გენაცვალა შენი დედა!.. ახლა კი შეიძლება მოვესწრო შენს გვირგვინს, ჩემო ცხონებავ!.. შენ გენაცვალა შენი დედა!.. რამდენ დედას ენატრება შენისთანა შვილი, მარა ღმერთმა მხოლოდ მე მაღირსა… ვენაცვალე მის მოწყალებას!..

არ დაუთავებია კიდევ ეს გულის ამონახეთქი პელაგიას, რომ სამზარეულოდან უცნაური ხმაურობა მოესმა. პელაგიამ მიაყურა. ხმა მისი ქალიშვილის, სონიას ხმა იყო.

პელაგია წამოვარდა და სამზარეულოსკენ გაექანა. აქ ეს-ეს არის დაბრუნებული, სხვაგან ყოფილი სონია, შლიაპა გვერდზე მოქცეული, უცნაური ხმით მოქაქანე, გაბრაზებით თავში უთაქუნებდა კედელზე მიკრულს, ნაფლეთებში გახვეულ პატარა ბიჭს, რომელსაც ხელები თავზე წამოეყარა ნაცემის შესამსუბუქებლად და რომელიც გაუნძრევლად იდგა და ხმასაც არ იღებდა.

– შენ დაგეწვა ეს თავი!.. შენ დაგეწვა ეს გვერდები, ეს, ეს! – და ახლა ფერდებში ჩაჰკრა, სანამ ბიჭი მოასწრებდა ფერდებზე მიეფარა ხელები. მაგრამ საცოდავი ვერ მიუხვდა, სად მოხვდებოდა სონიას ხელი, იმიტომ რომ სონიამ ერთი დასჭყივლა: – თვალები… თვალები რატომ არ დაგეწვა, შე დასამიწებელო! რატომ, რატომ! – და ცხვირ-პირში ჩაჰკრა ისე უცბად, რომ ბიჭმა ვეღარ მოასწრო თვალებზე ხელის აფარება. ახლა კი ვეღარ მოითმინა მან და კატასავით აკრუსუნდა.

– რა ქნა მაგ სასიკვდილემ, რა ქნა მაგ შავდღეზე დაბადებულმა, რა? – გაფაციცებით კითხულობდა პელაგია.

– რა ქნა?! რა ქნა და სულ ერთიანად დაუთუთქავს ჭადები!.. ერთიც არ ვარგა!.. ა, ნახე, შეხედე ამას… ამას შეხედე!.. ამას მიუტან ბეგლარს სადილზე?! ამას? უი, უი, შენ! შენ!.. შენ გაწყვი, შენ, შენ! – და სონია ისევ ბიჭისაკენ გაექანა, რომელიც, ახალ ცემისათვის გამზადებული, საცოდავად მოიკაკვა და გაბურძგვნილი თავის მუხლებს შუა ჩამალვას მეცადინეობდა.

– შენ დაგეწვა სიცოცხლე, შე წყეულის შვილო, შენ დაგეწვა სული და ხორცი! – მიაძახა პელაგიამ. – უიმე, ამას რას ვხედავ! – შეჰკივლა პელაგიამ, დამწვარი მჭადები რომ დაინახა. – ვეღარ მიხედე, შე ცოდვილიანო?

– რას შეხედავდა, როცა, რომ არ მომესწრო, თავად ცეცხლში ის იყო ჩავარდებოდა!.. მაგ შეჩვენებულს თავი მიედვა ბუხრის ქვაზე და ისე მიძინებოდა… ვითომც ძილი აკლდეს!.. უიმე, უიმე!.. ეს რა არის, ღმერთო მომკალი, – შეჰკივლა ხელახლად სონიამ. – ეს რა არის?! შე დალოცვილო, რომ იცი ამის ამბავი, ერთხელ მაინც ჩამოვიხედავდი… ასე რავა მიატოვე ეგ სასიკვდილე!.. რას აკეთებდი, მითხარი ერთი? – მიუბრუნდა იგი დედას.

– რავა არ ჩამიხედავს, შვილო! – წაილაპარაკა პელაგიამ.

– აბა ეს რავა ვერ დეინახე!.. ეს მოუქაფავი სუფი, ღმერთო მომკალი! ამას მიუტან ბეგლარს? ამან რავა უნდა გადაგვიტანოს, ამან, ამ ლეკვმა, ამან!.. რა არის, ბიჭო, ეს?.. რა არის ეს, ბიჭო?.. ამას ქაფის მორთმევა არ უნდოდა, არ უნდოდა? არა, არა? – და სონიამ ისევ წაუშინა თავში, გვერდებში და კისერში სახეგამურულ ფილიპიას.

– სონია, დატრიალდი, შვილო, შენ გენაცვალე, ერთ წამში დააჯინე ორიოდე ჭადი, თვარა საცა არის, ბეგლარიც მოვა. მალე, შენ გენაცვალე, სადილი არ დოუგვიანდეს, თვარა, ხომ იცი, ეწყინება.

სონიამ საჩქაროდ გაიხადა კაბა, ჩაიცვა საშინაო, ჩამოვიდა სამზარეულოში, გაცრა ფქვილი და ზელა დაუწყო ცომს.

– სად იყავი, შვილო, ამდენ ხანს? – შეეკითხა პელაგია, რომელიც ცეცხლთან ტრიალობდა.

– სად ვიქნებოდი? ანასტასიასთან ვიყავი.

– რა ქნეს ნეტავი იმ გოგოს საქმე, ქრისტინესი?.. მორიგებულან თუ არა?

– ხელახლად ჩაშლიათ… სასიძო აღარ აკლებს, რაც უთქვამს… და თუ ამ ერთ კვირაში ვერ მოურიგდებიან, სხვა ქალს ნათხოვა თურმე!..

– უი, უი! მტერისას ასეთი ამბავი! ასეთია დაუმთავრებელი ამბავი!.. ვაი საწყალი მშობლის ბრალი, ამნაირ გასაჭირში რომ ჩავარდება!.. ვაი მისი ბრალი! – წაიწუწუნა პელაგიამ.

– ჰო, მშობლის!.. მშობელს რა უჭირს, ვინც სირცხვილშია ჩავარდნილი, იმან იკითხოს, თვარა…

– არა, შვილო…

– კაი, კაი! – გააწყვეტინა სიტყვა სონიამ. – უხეირო პატრონის ხელში ქალიშვილი ღმერთმა ნუ ჩააგდოს, ღმერთმა, თვარა მშობელს რა უჭირს იმდენი…

პელაგია ის იყო პასუხის გასაცემად მოემზადა, რომ ნაცნობი ფეხის ხმა მოისმა. ორივე დედა-შვილმა ხმა გაკმინდეს.

– მოვიდა! – წამოიძახა ცოტა ხნის დაყურადების შემდეგ სონიამ.

– მალე, მალე… უჩქარე, შენ გენაცვალე! მე წავალ და სტოლს გავშლი მანამდი… უი, შე არაწმინდავ, შენ!.. სულ შენი ბრალია, შენ გაქრი ბარემაც! – წაილაპარაკა პელაგიამ, კედელთან ატუზულ ფილიპიას რომ გაუარა. – დღეს ადრე მოსულხარ, შვილო, – ტკბილად მიმართა მან შვილს, რომ ამას არ სწყენოდა. მზად რომ სადილი არ უხვდებოდა.

– ადრე რამ ქნა? – მოკლედ მიუგო ბეგლარმა.

ეს იყო მაღალი ტანის ახალგაზრდა კაცი ბალნით ძალზე შემოსილი, ისე რომ ლოყები ძლივს უჩანდა: მისი მაღალი და ბოლოში მოკაკული ცხვირი, მბზინავი შავი თვალები რაღაც ვაჟკაცურ შეხედულებას აძლევდა მის სახეს. ბეგლარს სერთუკი გაეხადნა და ჟილეტის ამარა იყო.

– არა გაქვთ მზად? – იკითხა მან.

– ახლავე იქნება, შენ გენაცვალე… ახლავე! – მიუგო სტოლთან მოფუსფუსე პელაგიამ. – იმ შეჩვენებულმა ბიჭმა ჭადები დაგვიწვა… ისეთი ოხერი რამ შეიქმნა, რომ ერთი წამით თვალს ვერ მოაშორებ…

– თქვენ სად იყავით?

– სად ვიქნებოდით, შვილო, სახლში ვიყავით… სონია გადავიდა, ის-იყო, ერთი მინუტით მეზობლისას, თვარა სახლში ვიყავით…

სხვა დროს ბეგლარი უსათუოდ შეწუხდებოდა სონიას უდროო-დროს სხვაგან სიარულისათვის, მაგრამ დღეს თავი შეიკავა, აღარაფერი უთქვამს; ერთი-ორი გაიარ-გამოიარა ოთახში და მერე ტახტზე ჩამოჯდა და მუთაქას მიაწვა.

პელაგია მის მახლობლად ტრიალებდა; მოხუცებულს უნდოდა შვილს გამოლაპარაკებოდა ამ მარტოდ ყოფნაში, სონიას შესახებ ეამბნა. მაგრამ საწყალი ვერ ბედავდა დაღლილი შვილის მოსვენების დარღვევას. და ბოლოს, როგორც იქნა, სძლია თავისთავს, მიუახლოვდა ბეგლარს და ხმადაშვებით უთხრა:

– პორფირი იყო ამ დილას და…

– ჰო!

– ერთი ამბავი მითხრა ჩემი სონიას შესახებ…

– ჰმ!

– რავა ფიქრობ, შვილო? მე რა ვიცი და… პორფირი ძალიან აქებს…

– მერე რაი?

– შენ არ მოგატყუებს, ძმასავით ხართ…

– ამისთანა კიდევ უფრო ადვილად მოგატყუებს, არ იცი შენ…

– ეგ შენ უკეთ გაგეგება, შვილო… ამიტომ გეძახიან ჭკვიან კაცს!.. შვილო, თუკი მართლა ხეირიანი ვინმეა და შენი საკადრისი იქნება, ნუ დაუკარგავ, შენ გენაცვალე, შენს დას ბედს… შენც განთავისუფლდები და შეიძლებ შენი ბედის მონახვასაც; ისე ნუ მომკლავ, შვილო, ერთ-ორ დღეს მაინც არ მამზერიო შენი ცოლ-შვილისათვის…

პელაგია, ეტყობოდა, მოემზადა ესარგებლა ახლა იმ გარემოებით, რომ შვილისაგან ამდენი ლაპარაკის ნება ეძლეოდა, და მოიწადინა გადაეშალა მის წინაშე თავისი გულის დარდები.

ბეგლარმა შენიშნა ეს და უცბად მოუჭრა:

– კაი, კაი, ბატონო, მაგაზე მერეც გვექნება დრო ვილაპარაკოთ… ახლა სადილი მინდა მე!

– კი, შვილო, კი, შენს სიცოცხლეს ვენაცვალე! ნუ წოუყურებ ამ საქმეს, ნუ! – შეიმაგრა თავი და აღარ ეშვებოდა პელაგია… ვინ იცის, როდის მიეცემოდა ამისთანა შემთხვევა კიდევ. – თუ სულ ურიგო კაცი არაა, ნუ დააშორებ ერთმანეთს, ისე ახლოსაც არ გეყოლება… წელიწადში შეიძლება ერთხელ, ორჯერ მეტად ვერც შემოადგამს ფეხს შენს სახლში… გადაწყვიტე, შვილო… შენდა სასარგებლოდ უფრო რომაა, იმიტომ გეხვეწები!

– ჩამოვა ის კაცი და მაშინ ვნახოთ, მაშინ! – კიდევ გააწყვეტინა სიტყვა ბეგლარმა და ამასთანავე ფილიპიაც შემოვარდა ფეხების თხლაშა-თხლუშით, მაგიდაზე დადვა თეფშზე დალაგებული მჭადები და ის იყო უკან გაქცევას აპირებდა, რომ ბეგლარი შეუწყრა და გაგდებას დაემუქრა. ბიჭმა დაღუნა თავი, ხელი გამოისვა ცხვირქვეშ და ნელა გავიდა ოთახიდან თავჩაქინდრული.

ცოტა ხნის შემდეგ სამივე დედა-შვილი მაგიდას შემოუსხდნენ და სადილს შეექცეოდნენ თითქმის ხმაამოუღებლად. რადგან ბეგლარს მაინცდამაინც არ უყვარდა ამ თავისიანებთან მუსაიფში გაბმა.

ნასადილევს პელაგიამ ისევ დააპირა გამოეწყო შვილთან შეწყვეტილი ლაპარაკი, მაგრამ ვერ მოახერხა. ბეგლარმა ისევ გაიმეორა თავისი: ”მერეთაც გვექნება დრო ვილაპარაკოთო” და – ახლა ძილი მინდაო…

– შორს გადასადები საქმე არაა, შვილო! – გაბედა თქმა პელაგიამ.

პელაგიას შიში, რომ ბეგლარი არ იკადრებდა სიძედ სოფლის აზნაურს, ანდა რამე საწინააღმდეგოს გამონახავდა, ყოვლად უსაფუძვლო იყო. ბეგლარი არ ამხელდა, თორემ ძლიერ მოხარული იყო, რომ შემთხვევა ეძლეოდა მოეშორებინა და თავიდან და მაინცდამაინც ნამეტან ძიება-ჩხრეკით სასიძოს შესახებ თავის შეწუხება აზრადაც არ მოსდიოდა.

– მე მინდა აწი ჩემს თავს ვერგო მთელად! – წაილაპარაკა მან და იმედმიცემულმა, რომ ასეთი დრო მალე დაუდგებოდა, თავი მისცა ნასადილევის ძილს.

IV

დანიშნულ დღეს, დაპირებისამებრ, ოტია, გამოწყობილი ყავისფერ ჩოხაში, სატინის წითელწინწკლებიან ახალუხით, თმა-წვერ შეკრეჭილი, ნათხოვარი ცხენით ჩავიდა №-ში ბიაშვილთან, რომლისათვის ცალკე ხურჯინით ცოტაოდენი ძღვენიც გაიძღვანია.

– ახლა კი კაი კაცი ხარ, ოტია ჩემო, სიტყვა გცოდნია! – მხიარულად მიეგება მას პორფირი და რადგანაც ოტიას სახეზე ერთნაირი ღიმილის თამაში შეამჩნია, მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა სიცილით: – ჩვენი საქმე კარგად არის, კარგად, ოტია!

ოტია უფრო დაიბნა, ღიმილიც უფრო მოერია, სიტყვა ვეღარ მოახერხა და მხოლოდ თავი გადააქნია.

ნასადილევს ორივემ ცოტა ხან მოისვენეს.

– ახლა ერთი გევიგულავოთ, ჩემო ოტია, და მერე გამოვეცხადოთ… – უთხრა პორფირიმ.

ოტია შეიშმუშნა, ერთი მიაშტერა თვალი თავის მოკეთეს და მერე დაიწყო:

– ბატონო პორფირი… – აქ სიტყვა ჩაუწყდა აღელვების გამო.

– ჰო… რა გინდა?

– სოფლის სასაცილოდ არ გავხდე…

– ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა მხიარულად პორფირიმ.

– უკაცრავად კი ვარ, მარა…

– შე კაცო, თუკი ასე არ მენდობი, რაღაზე მოდიოდი აბა, ა?..

– არა, არა… ნდობა რა, ვიღას უნდა ვენდო, აბა, მარა მაინც… რა ვიცი, ისე, ჩემი სისულელით მოგახსენეთ… თავადაც კარგა მოგეხსენება სოფლის ამბავი, ჭორი, მითქმა-მოთქმა. ახლა ჩემს თავს ვებრძვი ვითომ, როცა დარწმუნებული ხარ ყოველის მხრით კაცი…

პორფირის გაეცინა.

– რითი დაგარწმუნო, ჩემო კეთილო, რომ ქალი უნაკლოა? მშობლებს ვფიცავ ამაში, სხვაფერ რითი დაგაჯერო!.. სიტყვას გაძლევ ეგ არის და შენც იცი, ქალს არც აქ გაგასინჯვინებენ, როგორც სოფელში, მის გარეგნობას თავადაც ნახავ… მეტი რა გიყო! მამიჩემის სულს ვფიცავარ, ქალი ჩინებულია. შენ ჩემი შეჯერებით, თორემ მას ბევრს აქაურსაც არ გაატანს მისი პატრონი, მე არ მოვკვდე!.. და ამასაც გეტყვი, ოტია ჩემო, თუ შიში გაქვს, რომ შეიძლება გატყუებდე, თავი დავანებოთ, ჩემო ძმაო!.. ა? როგორც მეტყვი?

ოტიამ ისევ მოიბოდიშა და გაჩუმდა. მას ეძნელებოდა იმგვარი ქალის დაკარგვა, როგორსაც ჰპირდებოდა პორფირი. იგი თავმოსაწონად უნდოდა მას და ამიტომ უკან აღარ იხევდა, თუმცა შიში ჰქონდა, რომ ერთხელინდელის არ იყოს, სირცხვილი არ ენახა.

მეგობრებმა ქალაქის ქუჩებში გაისეირნეს, ეტლითაც იარეს და დასაღამოვებულზე ჯინჭარაძისას მივიდნენ.

პელაგია დიდის ამბით შეეგება სტუმარს, ბეგლარიც ახლა უფრო ხალისიანად იყო უცხო კაცთან. პორფირიმ ყველას გააცნო შემკრთალი ოტია.

– დაბძანდით! – მიიპატიჟა იგი ბეგლარმა.

– დაბძანდით, ბატონო, დაბძანდით! – მიმართა პელაგიამაც და ხელით ანიშნა სკამზე.

მაგრამ ოტიამ უკან დაიწია და ფეხებში მოხვედრილ სკამზე დაეშვა. უეცრად ოტიას წაექცა სკამი და უსათუოდ გაიშხლართებოდა, კედელს რომ არ მიყრდნობოდა.

– ღმერთო მომკალი! – წამოვარდა პელაგია. – რაღა თქვენ შეგხვდათ ეს ფეხმოტეხილი სკამი!.. ვინ შემოათრია ეს აქ?.. გეიტანე, შვილო, იქით!

სონიამ, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს, აიღო სკამი მეორე ოთახში გასატანად.

– ხომ არაფერი გტკენიათ, ჩემო ბატონო? – თანაგრძნობით შეეკითხა პელაგია სტუმარს.

– არაფერია, ბატონო, არაფერი! – მიუგო ოტიამ, მარდად წამოხტა და, გაწითლებული, გაღიმებას ცდილობდა, თუმცა ამავე დროს გუნებაში ეგ დაცემა ცუდ ნიშნად მიიღო, რაც ძალიან აწუხებდა.

პორფირი, ცუდი შთაბეჭდილების გასაქარვებლად, თავისი ცოცხალი ენით მოჰყვა ამის მსგავს შემთხვევებს, მას რომ გადახდომია, და იმდენი მოახერხა, რომ ყველანი ოტიანად ბევრი აცინა და კარგ გუნებაზე მოიყვანა.

– როდის ჩამობძანდით სოფლიდან? – შეეკითხა ბეგლარი ოტიას.

– დღეს, ბატონო! – მიუგო მან.

– შორს არ არის…

– არა, ბატონო… სოშე გახლავსო ამისთანა და…

– ვიცი… ვყოფილვარ მე თქვენსკენ… ერთობ ღვინო იცით… რჯულზე დავთვერით ერთხელ, გზად გამოვიარეთ…

– ასე, ბატონო… ვენახი ავადმყოფობამ შეგვიმცირა, თვარა იყო რიგიანი და გვარიანადაც მოდიოდა…

– ახლაც ძალიანია, ბეგლარ, ახლაც ძალიანია! – წამოიძახა პორფირიმ. – ისეთი მათრობელაა, რომ ჰო, ჰო, ჰო!

ლაპარაკი სოფელზე ჩამოვარდა, სოფლურ მოლხენაზე, ქეიფებზე, ღვინის სმაზე. პელაგია ხანდახან ჩაურთავდა სიტყვას, სონია კი ყურს უგდებდა ლაპარაკს, ხან მიდი-მოდიოდა ოთახებში. ოტია სარგებლობდა ამით და თვალი მისკენ ეჭირა. სონიას ერთ შემობრუნებაზე პელაგიამ თვალით მიიხმო იგი, რაღაცა წაულაპარაკა, რის შემდეგაც ყმაწვილი ქალი აჩქარებით გავიდა ზალიდან.

ოტიამ თვალი გააყოლა მას.

ქალი, მართალია, ლამაზი არ იყო, მაგრამ არც სულ ულამაზობა ეთქმებოდა. სუფთად ჩაცმული, თავისუფალი მიხვრა-მოხვრით ოტიას თვალში იგი ბევრად სჯობდა ქველიძის ქალიშვილს, რომელიც, მისდა უნებურად, თვალწინ ეხატებოდა, და რომელსაც ადარებდა ამ ახლად გაცნობილს. ამ უკანასკნელს, მისი შეხედულებით, რომ უპირატესობა რჩებოდა, ეგ თუ აღონებდა ოტიას, თორემ არ ახარებდა. ტყუილა კი არ წამექცა სკამიო, ფიქრობდა იგი… თუ ქველიძემ უარით გამოისტუმრა, აქ რა უნდა გაეგონა, რისი მომლოდინე უნდა ყოფილიყო, ვითომ? და რაც უფრო აკვირდებოდა სონიას, მით უფრო სწუხდა ოტია, მით უფრო ნანობდა, რომ აქ ფეხი შემოადგა, ამჩატდა, არ გაფრთხილდა, თუმც გამოცდილიც იყო. წაქცეული სკამიც ცხადად ანიშნებდა თუ რითი გათავდებოდა დღევანდელი ამბავი. უკვე წარმოიდგინა, რომ სოფელში სასაცილოდ ამიღებენო. ერთადერთი იმედი ისევ ბიაშვილზე ურჩებოდა, რომელსაც შეეძლო მისი აქედან გაყვანა ისე, რომ ამბავი არ გამჟღავნებულიყო.

ამ მდგომარეობაში მყოფი ოტია ვეღარც სიტყვას ახერხებდა, აღარც ესმოდა კარგად, რას ეკითხებოდნენ; ის იძულებულს ხდიდა პელაგიასაც და ბეგლარსაც, ემეორებინათ მასთან მიმართული კითხვები და კინაღამ ჩაით სავსე ჭიქა წააქცია, როცა სონიამ სინით წინ დაუდგა და ოტიას თვალებში მისი მსუქანი და მრგვალი ტიტველა მაჯები მოხვდა.

”აჰ! ამას მე არავინ არ მომცემს… ტყვილი იმედია!” – თქვა მან გუნებაში და თითქოს გამოსათხოვრად ერთი თვალი კიდევ შეასწრო ყმაწვილ ქალს.

პორფირიმ შენიშნა მეგობარს მოუსვენრად ყოფნა, რომ იგი სხვანაირად გრძნობდა თავს და როგორც კი იშოვა დრო, მარტო რომ დარჩნენ, მივიდა მასთან და ჰკითხა:

– აჰ, რას იტყვი, ოტია?

– დავანებოთ თავი, პორფირი…

– არ მოგეწონა?

– ჰმ! – მწარედ ჩაიცინა ოტიამ. – მოწონებაზეა საქმე? თავი დავანებოთ, თვარა მე აქ სირცხვილს ვჭამ, შენ ნუ მომიკვდები.

– შენს მოწონებაზეა, მაშ!

– ჰმ! – წამოიძახა ოტიამ. – სასაცილოდ მიგდებ და ეგ არის!.. შენი ჭირიმე, პატიოსნად გამიყვანე აქედან… ამ ქალს მე არავინ არ მომცემს, ეგ კარგად ვიცი… ეს წყალობა მიქენი. გეხვეწები, პატიოსნად გამიყვანე, სხვას არაფერს დავეძებ… შენს ხელში ვარ, ბატონო პორფირი!..

– კაცო, ქალს ვინ გიკავებს?! – სიცილით მიუგო პორფირიმ. – შენ გამაგებინე, თანახმა ხარ თუ არა?.. შენი სიტყვით გათავდება საქმე.

ოტია შეჩერდა და მაშვალს თვალი თვალში გაუყარა. ზედ ემჩნეოდა, რომ მას რაღაც ეჭვი ეპარებოდა გუნებაში. ის სულ სხვას მოელოდა: უარით გაისტუმრებდნენ, ეგონა, და ახლა ეუბნებიან, რომ საქმის გათავება შენზედაა დამოკიდებულიო – ეს ნამეტანი ეუცხოვა და ეჭვში შევიდა. მან ვეღარ მოითმინა თავის დარდის დამალვა:

– პორფირი…. გაფიცებ ყველას… წაგიწყდეს დედ-მამის სული… ნუ დამიმალავ… გამაგებინე, რისგანაა ახლა ეს?.. გაფიცებ შენს მიცვალებულ დედ-მამას, მართალი მითხარი… ნაკი ხომ არაფერი აქვს ქალს?..

– ნაკი?.. შეჩვენებული ვიყვე… დამწყევლოს უფალმა! – მიუგო გაცხარებით პორფირიმ. – არ გრცხვენია, ოტია… ასე მიყურებ მე?..

– აბა რავა გევიგო, ეს ამბავი?

– რავა და ისე, რომ ბეგლარს უნდოდა დის გათხოვება, დედამისსაც… მე და ის კაცი ძმებივით ვართ, თითქმის… გვინდოდა, რიგიანი კაცი შეგვხვედროდა სადმე… აჰ, შეგხვდი, გიცანი, მიცანი, გაგიცანი და ბასტა!.. რაღა ბევრი ჩიჩინი და ლაპარაკი უნდა ამას!.. ჩვენ კაცი მოგვწონხარ ყველას, თუ შენც მოგწონს ქალი, თქვი და საქმეც გათავებული იქნება… ქველიძესავით, შენც მიხვდები, ყაყანს არ დაგიწყებენ აქ.

ოტიას ჭკუაში დაუჯდა ეს სიტყვა და იამა იმისი კარგად ხსენებაც.

– თუ რამე ნაკი უნახო მაგ ქალს, პირში ჩამაფურთხე, ნებას გაძლევ! – უთხრა ბოლოს პორფირიმ.

ეგ მეტიც იყო, ოტიას კიდევაც შერცხვა ამის გაგონებაზე. იგი თანახმა იყო თავის მხრივაც.

– ოფლი გამომადინე, შე დალოცვილო! – გაიცინა პორფირიმ, – რაღას იჭიმებოდი, თუ ღმერთი გწამს!.. შენ აქ მომითმინე… ერთი იქ შევირბენ. – და პორფირი გავარდა ზალიდან მეორე ოთახში.

მარტოდ დარჩენილი ოტია აქეთ-იქით იცქირებოდა დარცხვენილი, სახეზე ალმურმოკიდებული. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, როცა კარი გაიღო და ზალაში სონია შემოვიდა. ოტიამ აღარ იცოდა როგორ მოქცეულაყო, დამჯდარიყო, თუ ისევ ფეხზე მდგარი დარჩენილიყო. რომ მოეკლათ, ხმის ამოღება არ შეეძლო ამ ქალთან და გაჩუმებული იყო. არც ქალი იღებდა ხმას; ერთი კი უთხრა, ”დაბძანდითო”, რაზედაც ოტიამ მიუგო: ”გახლავართო”, და ამაზე შეწყდა მათი მუსაიფი. სონია უფრო თამამად იყო და გუნებაში ეცინებოდა ამ ყმაწვილის უცნაური უხერხულება. სონიას აზრით, ეს ვიღაც მთხოვნელი უნდა ყოფილიყო, მის ძმასთან მოსული, და ალბათ ძალიან სამძიმო საქმე უნდა ჰქონდეს, რომ ასე დაღონებულიაო.

მეორე ოთახში კი სამთა რჩევაც დასრულდა, რასაც დიდი ხანი არ დასჭირებია. ბეგლარმა თავის მხრივ თქვა, რომ ვერაფერ წუნს ვერ ვდებ სასიძო ახალგაზრდა ქამუშაძესო. მასთან ერთად პელაგიაც, რასაკვირველია, თანახმა შეიქნა.

– აბა რაღაზე ვაწვალებთ იმ კაცს! – თქვა პორფირიმ. – შევახალისოთ ახალგაზრდები, ღმერთსაც იამება! – და მოცინარი სახით გავიდა ზალაში.

მას მიჰყვნენ ბეგლარიც და პელაგიაც. პორფირი სიცილით მივიდა სონიასთან და თავი დაუკრა.

– ნება მოგვეცით, ქალბატონო, მოგილოცოთ! – დაიწყო პორფირიმ…

– რას მილოცავ? – გულუბრყვილოდ ჰკითხა სონიამ.

– ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა პორფირიმ. – ხა, ხა, ხა!.. შენი გაბედნიერება, ჩემო სონია!..

– ჰმ!

– მოგილოცავ, ოტია!.. ურა, ურა!.. იცოცხლეთ და იმრავლეთ! – შესძახა პორფირიმ.

– რას სულელობ! – წყენით შეუტია მას ქალიშვილმა.

– კი, შვილო, კი, გენაცვალე! – მიუახლოვდა პელაგია.

ქალი აირია; ერთი თვალი გადაავლო ყველას და ოთახიდან გავარდა. პორფირიც და პელაგიაც უკან დაედევნენ. ოტია გაშრა სირცხვილისაგან.

– დედა… რა ამბავია?! – უცნაური ხმით მიმართა ყმაწვილმა ქალმა დედას.

– შენი ბედნიერება, შვილო, შენი ბედნიერება! სხვა რა გვენდომილება!..

სონია გაფითრდა.

– კაი კაცია, შვილო… თვალადაც, შეძლებითაც… გვარითაც… კაი აზნოუშვილი… ძვირფასი ხასიათის კაცი… – მოჰყვა პელაგია.

– არ მინდა!.. არ მინდა, არა, არა! – გადაწყვეტილად წამოიძახა სონიამ.

– ხომ ვერ დაბერდები, შვილო, შენი ძმის ოჯახში!.. ხომ უნდა მონახო, ერთი დღე იქნება, შენ გენაცვალე, შენი საკუთარი სახლ-კარი?! უარს რატომ უნდა ამბობდე, როცა ამისთანა კარგი ბედი და იღბალი მოგანიჭა უფალმა!

– გაგიგონიათ ასე?! გაგიგონიათ ასე ჩემდა დაუკითხავად? – გაცხარებით იძახდა სონია.

– კაი, კაი, შე ქალო!.. რატომ იცით ქალებმა გათხოვებაზე ამისთანა ამბები… ვითომ და არ უნდა გათხოვება! აი, შე ეშმაკო, შენა!.. – ხუმრობა დააპირა პორფირიმ, მაგრამ ამ უადგილო შეხუმრებამ ქალიშვილი მხოლოდ მეტად გააწიწმატა.

– თავი დამანებეთ, თავი დამანებეთ ყველამ! – წამოიძახა სონიამ.

– თავი როგორ უნდა დაგანებოთ, რას ამბობ, შვილო! – შეუტია პელაგიამ.

– ოჰ, ღმერთო! გითხარით, არ მინდა-თქვა!.. არ მინდა… არ წავყვები… არა-თქვა, არა! რა გინდათ ახლა ჩემგან?.. მომკალით… რას ჩამცივებიხართ!.. რა არის ეს, ღმერთო ჩემო!..

პორფირი გაიპარა ოთახიდან და ბეგლარი შემოგზავნა. ოტია ატყობდა, რომ ქალის მხრივ წინააღმდეგობა უნდა ყოფილიყო და შეწუხდა:

– ბატონო პორფირი! – მივიდა იგი პორფირთან. – ბატონო პორფირი… ეგებ იმას არ ნებავდეს… და ძალას ნუ დაატანთ, შენი ჭირიმე… ნუ შეაწუხებთ!..

– ეჰ, ერთი შენ კიდევ! გულჩვილობას დამიწყებ!.. ქალის ამბავი არ იცი?.. გულით რომ უნდოდეს, არ შეიძლება ერთი-ორი არ შეიკვინტრიშოს… აცალე, ძმის სიტყვას უფრო გეიგონებს ის… ხომ ჯობია ქველიძის ქალს, თუ ღმერთი გწამს?.. ა?..

– ჰმ! რა საკადრისია! – ჩაიცინა ოტიამ და ამავე დროს ოთახის კარიც გაიღო და ზალაში შემოიყვანეს დედა-შვილმა თვალებაწითლებული, თავჩაღუნული სონია.

– ასე არ ჯობია, შე ქალო! – მიირბინა მასთან პორფირიმ. – ოტია, მობძანდი! მალე, შე კაცო, აწი დროცაა წითელი წვენით ღონე დევიბრუნოთ, რაც ამ თქვენს დავიდარაბაში მივალიეთ!

პელაგიამ გულში ჩაიკრა სიძე და უსურვა ყოველივე ბედნიერება და დიდი ხნის სიამტკბილობით სიცოცხლე. მიულოცა ბეგლარმაც, რომელმაც გამოაცხადა, რომ რაც უნდა დამართოდა, უსათუოდ უნდა დამთვრალიყო ამ სასიამოვნო შემთხვევის გამო.

– შენ ახლავე ერთი რიგიანი ვახშამი გაგვიკეთე, ხელად! – უთხრა მან დედას.

სონია კი გარეტიანებულივით იჯდა. ვერც ოტია გრძნობდა თავისუფლად თავს, რის გამოც პორფირი დასცინოდათ, რომ მეტად ადრე ჯდებით ნეფე-დედოფლადაო.

კარგა ღამე იყო, რომ ოტია და პორფირი სახლისკენ მიდიოდნენ, რიგიანად ღვინონასვამები.

– ჰო, ასე ვიცი მე… კაცს რომ ვიცნობ, მისთვის თავს მოვიკლავ, ჩემო ოტია! თავს შევაკლავ და არც წააგებს ჩემთან მეგობრობით!..

– იცოცხლე, იცოცხლე უკუნითი უკუნისამდი ჩვენისთანა საწყალი და მართალი გზაგოუგნებელი კაცისათვის… ხომ ამისთანა სიკეთე მიყავი, კაცი გამაცოცხლე, გამაცოცხლე კაცი, თვარა იმ ვირი ქველიძის გამო მკვდარი ვიყავი… მიწასთან გასწორებული ვიყავი!.. შენ გამაცოცხლე ახლა, სიცოცხლე დამიბრუნე ხომ, და ერთს კიდევ გთხოვ, შენი ჭირიმე… ამასაც ნუღარ დამაკლებ და მერე თქვენი ჭირი წამიღია, თუ გინდა!

– ჰო!.. რა გინდა? – შეჩერდა პორფირი.

– რომ გული მოვუკლა იმ ოხრიშვილსაც და ზოგიერთებს სხვებსაც… თქვენთვის ეგ არაფერი იქნება, ჩემთვის კი ძვირად რადმე ეღირება. – იყოს ისე თქმულობად, ცარიელ სიტყვად, რომ ვითომც ბეგლარს დისთვის ხუთასი მანეთი მიეცეს მზითვად… ცარიელი სიტყვა ქვეყნის გასაგონად, თორემ ფულის თხოვას როგორ გოვუბედავ… ისიც არ კმარა ჩემს თავზე?! ქვეყნის გასაგონად ითქვას ოღონდ!

– კი, ბატონო! მაგაზე ადვილი რაა… მე რაღაც სხვა მეგონა, ისე გრძლად მოჰყევი… ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა პორფირიმ. – ექვსასი იყოს, შე კაცო, შვიდასი!..

– არა, არა! მეტი რაც იქნება, ეჭვში შეიყვანს… არ დეიჯერებენ! – მიუგო ოტიამ.

– ხუთასი იყოს! იყოს ხუთასი!.. – მხიარულად შესძახა პორფირიმ. – ერთი სიტყვით ჩესტიანი ბიჭები ვართ, ჩესტიანი!.. ყველაფერს მოვახერხებთ! – და ორივე მეგობარმა ხითხითით და სიცილით განაგრძეს გზა სახლისკენ.

V

ერთ წამში მოედვა სოფელს ოტიასაგან ქალაქელი ქალის დანიშვნის ამბავი.

ეკვირინეს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. ორგვარი იყო მისი სიამოვნება: ერთი იმით ხარობდა, რომ ოჯახს არც ახლა მოეშალა ჩვეულება, განსხვავებული ქალი შემოდიოდა და ამასთანავე ნიშნი ეგებოდა სარდიონ ქველიძესაც და ბევრს იმათაც, ვინც მის შვილს ფასს არ სდებდა.

– გვერდში ამოუყენოს ჩემს რძალს მათი სოფლის ნაცარში ამოქიქნილი ქალბატონი!.. თავისი ტყედწასული შვილი გოუტოლოს ბეგლარ ჯინჭარაძეს! მაგათმა სიცოცხლემ! დეესხათ მაგათ თავსლაფი!

უმეტესობა მეტიჩრობაში ართმევდა ოტიას მის საქციელს და ამტყუნებდნენ – ქალაქ ადგილას გაზრდილი ქალის სოფელში მოყვანა სისულელეა, რითი უპირებს შენახვასო. ზოგიერთები კი დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ უსათუოდ ვინმე ოხერი შეაჩეჩეს ხელში, თორემ რიგიანი ვინ გაიმეტებდა თავს, ქალაქს მიატოვებდა და ოტიას წამოყვებოდა სოფელშიო.

– ვნახავთ, ყველაფერს მალე ვნახავთ! ხომ მოიყვანს და! – ამბობდნენ დაინტერესებული მეზობლები.

ოტიამაც მალე დააკმაყოფილა ამათი ცნობისმოყვარეობა. იგი, რაც შეეძლო, დატრიალდა; როგორადაც ეხერხებოდა, მოაწყო სახლი, ოჯახი, მოემზადა თავის გუნებაში საქორწილოდ და მეორე თვეზე ჯვარიც დაიწერა და ქალიც მოიყვანა სახლში. აქედანვე დაეტყო მას, რომ ქალაქელებს დაემოყვრა. სოფლად რომ იციან, ჯვარს დაიწერენ და ქალს არ წაიყვანენ, სანამ ქალის პატრონი დაპირებულ მზითევს მთლად არ მოაგროვებს და სიძეს არ ჩააბარებს, და ამასობაში ეს უკანასკნელი წანწალშია და თრევაში სახლსა და მოყვარეს შუა – ამისთანებს აარიდა თავი ოტიამ. თუმცა ესეც უნდა ითქვას, – სიმართლეს არც სოფლელებს დავუკარგავთ და ყველაფერში არ გავამტყუნებთ, – ოტიას ამ შემთხვევაში გარემოებაც ხელს უწყობდა, რომ ჩვეულებაც უკუეგდო და საქმეც გაეადვილებინა. იმის მიღება, რაც მან იშოვა, მაინცდამაინც არც ისე საძნელო იყო: ”ხმელი სიტყვით” ხუთასი მანეთი და ქალაქელი ქალი და, კიდევ თუ მივათვლით, ასი მანეთი პელაგიამ რომ, ვითომ თავის მხრივ, აჩუქა ქალიშვილს, თუ რამე დასჭირდებოდა, დასახარჯავად.

სხვის თვალში, შესაძლებელია, ეგ არაფერი ყოფილიყო, ქამუშაძეებმა კი დააფასეს და ისე მიეგებნენ ამ ამბავს, რომ სწორედ მათ თავზე ეგ მეტიც იყო. არაფერი არ დაუშურებიათ, სტუმარიც ბევრი მიიპატიჟეს, ლხინიც კარგი გადიხადეს და მხიარულებაც სამახსოვრო იყო. ქალის მომყოლებმაც ერთობ მოილხინეს. ბეგლარი, რომელსაც მასპინძელი თავს ევლებოდა, ერთობ მხიარულად იყო და სხვებს არ რჩებოდა უკან ღვინის სმაში და თუ რამე აწუხებდა ეგ იყო, რომ ეკვირინე წამდაუწუმ მორბოდა, ებოდიშებოდა ყველაფერზე, ევედრებოდა, არაფერი წყენოდა უზრდელი სოფლის კაცისაგან და ისე მოელხინა როგორც მას სურდა. ამისთანებით მოსვენებას არ აძლევდა მოხუცებული ქალი, თორემ კაცს რომ ეყურებია, იტყოდა, რომ იგი ერთობ აღტაცებული და მოხარულია ყველაფრით, რასაც თავის გარშემო ხედავსო.

ბეგლარმა ეს კიდევაც გამოსთქვა სიტყვიერადაც თავის დასთან და ახალ მოყვრებთან, როცა მესამე დღეს, წასვლის წინ, ესენი ცალკე გაიხმო და, გამოთხოვების წინ, უთხრა:

– ერთობ მოხარული ვარ… მეტი აღარ შეიძლება, რომ ამ ოჯახთან შეგვყარა ბედმა და აწი შენ იცი, ჩემო ძვირფასო დაო… როგორც ჩვენთან იყავი, გამრჯელი და ჭკვიანი, მე დარწმუნებული ვარ, ამ შენს ქმართან და ამისთანა ძვირფას დედასთან კიდევ უფრო გააორკეცებ შენს გამრჯელობას!..

– უიმე! – შეჰკივლა ეკვირინემ. – ნეტავი ჩემს თავს, თუ მაგი გავსარჯე რამეზე და მე ქე დავბძანდი!.. მაგის მოსამსახურე უნდა ვიქნე სიკვდილამდი, მაგას ვენაცვალე!

– არა, რატომ? რატომ? მე რომ ვიცნობ მაგას, მაგიც არ იზამს, რომ თქვენ გიმსახუროთ!.. – სიტყვა ჩამოართვა ისევ ბეგლარმა. – კიდევაც ქე გეისარჯოს, ოჯახს მოეკიდოს. გეიხედ-გამოიხედე, ყველაფერს დაუკვირდი, ძვირფასო დაო, და თუ გასაჭირი შეგხვდეს…

– ვინ შეახვედრებს მაგას! ღმერთო, ნუ მომასწრებ იმ დღეს! – ჩაურთო სიტყვა ეკვირინემ.

– თუ გასაჭირი შეგხვდეს, კიდევაც მოითმინე და შენითვე შეეცადე, მეორედ აღარ შეიხვედრო!.. შენი კაი ქალობით ჩვენც გაგვახარებ… დედაშენსაც სიცოცხლეს შემატებ… ანჩხლი და კაპასი იქ არ ყოფილხარ და, იმედია, არც აქ იქნები.

– უიმე! – კიდევ წამოიძახა ეკვირინემ.

– მორჩილი იყავი ქმრისაც და ამ პატიოსანი ადამიანისაც, შენი დედამთილის… ამით სახელიც კაი გექნება და ქალობაც ამით დაგიშვენდება… იმედია, ყველაფერში ასე მოიქცევი და ყველას გვასიამოვნებ… ახლა კი ნახვამდის!.. – და ბეგლარი თავის სიცოცხლეში პირველად გადაეხვია დას და გამოსათხოვრად გადაკოცნა.

სონიამ, რომელიც აქამდის ხმაგაკმენდილი იდგა, თავდახრილი, ტირილი დაიწყო. ცრემლები წამოუვიდა ეკვირინესაც.

– რა გატირებს, შე ქალო!… სუ!.. არ გრცხვენია!.. სატირალი რა გაქვს… ქმარი კაი იშოვე, დედა და ოჯახი ისეთი, რომ…

– არაფერი მას აქ არ მოაკლდება, შენი ჭირიმე, არაფერი! – წამოიძახა გულაჩვილებულმა მოხუცებულმა. – ვაი ქალის ბრალი!..

– სუ, ნუ ტირი, ნუ ტირი, სონია!.. შენ ნუ მომიკვდები, მე ხშირად ვივლი, თუ თავს არ შეგაწყენთ და მიმიღებთ!.. – იხუმრა ბეგლარმა.

– ნეტავი კი ინებებდეთ და! – ერთხმად შესძახეს ორივე დედაშვილმა.

– ტირის?! – წამოიძახა პორფირიმ, რომელმაც ის იყო მათთან მოირბინა. – არ გრცხვენია, სონია? კაი, შე ქალო!.. შენ ნუ მომიკვდები, ყოველ კვირა გიწიკავ შენი სახლის ამბავს, როგორც კაი ფაჩტალიონი!..

– მშვიდობით ბძანდებოდეთ!.. ღმერთმა პირნათლად გვამყოფოს ჩვენ თქვენთან და თქვენც ჩვენთან! – ღიმილით თქვა ბეგლარმა და მიუბრუნდა ეკვირინეს: – მადლობელი ვარ პატივისცემისათვის, დამათვრეთ, ღვინოში კინაღამ ჩამკალით, მარა მემართოს!.. ხათრი ვეღარ გაგიტეხე, იმიტო რომ დღეიდან დედა ხართ ჩემიც, მეორე დედა… ისეთივე ძვირფასი და საყვარელი, როგორც მშობელი. უფალს ვთხოვ, რომ კიდევ დიდხანს მენახოთ მშვიდობითა და მხიარულად!.. – და ბეგლარმა ხელზე აკოცა.

მოხუცებული ქალი ამას სრულიად არ მოელოდა და კინაღამ ჭკუიდან შეიშალა გაოცებული.

ყველანი გამოეთხოვნენ მასპინძელს და გაუდგნენ თავთავიანთ გზას. პორფირის სიცილად არ ჰყოფნიდა გზაში ბეგლარის საქციელი ქამუშაძის მოხუცებულთან და ბეგლარიც ყოველ ამის გახსენებაზე იქით-აქეთ იპურჭყებოდა და ტუჩებს იწმენდავდა ცხვირსახოცით.

– კაია, თუ ძმა ხარ, ნუღა გამახსენებ, იმწამსვე გულს მეყრება!.. რა სისულელე ვქენი მეც!.. ფუ!.. – ამბობდა ბეგლარი და პორფირი ისევ ხარხარებდა და სიცილით კვდებოდა.

ამასობაში კი ეკვირინე აღტაცებით ეუბნებოდა შვილს:

– ღმერთს ყვარებიხარ, შვილო, სწორედ ყვარებიხარ და შენთვის კაი ნდომებია, ამისთანა კეთილები რამ შეგაძენია!.. რა პატიოსანი, ჭკვიანი, კეთილი და რა თავდაბალი თავის ღირსებასთან!.. ნეტავი თუ მეორე იყვეს ვინმე მაგის მსგავსი?! ვაჰ, ნეტავი დედას, ამისთანა შვილი რომ ეყოლება, ნეტავი იმას! რარიგად მოუყვა, რა დარიგება მისცა, ვენაცვალე მას, რეები უთხრა?! იმას მიეცა ყოველივე სიკეთე და სიხარული!.. მე რა მიქნა, მე… ხა, ხა, ხა! ღმერთო მომკალი, რა მისი საკადრისი იყო, მისი ლამაზი ტუჩები ამ ჩემს დამჭკნარ ხელებს შეხებოდა!.. კი არ შეიზიზღა!.. ნეტავი თუ რამე ჯობდეს შესმენილსა და განათლებულ კაცს… თავისათვისაც კარგია და შენც გაგაკეთებს და გაგანათლებს, თუ მიგიახლოვა… ბედნიერი კაცი ყოფილხარ, შვილო, ნამდვილად ბედნიერი!.. აწი ნუღარაფრის შიში ნუ გაქვს… არაფერი არ უნდა იდარდო, როგორც კი არ გიდარდებია! ახლა კიდევ უფრო!..

– ეგ კი, მარა… ხარჯიც ბევრი მოგვივიდა, დედა! – მისდა უნებურად ამოხდა სიტყვა გულის სიღრმიდან ოტიას.

– რა ვუყოთ, შვილო?! მართალია, მარა არ უნდა ინანო… ღმერთი მოგცემს… ღმერთი მოგცემს… აბა რა გზა გქონდა მეტი, შვილო. შენი თავის შერცხვენა – შენი მოყვრების შერცხვენა იქნებოდა… არა, შვილო, ასე ჯობია, ყმაწვილ ქალსაც გული გოუკეთდება, ამ თავიდანვე მხიარულად და იმედიანად შეხედავს მომავალს… იმას რა სჯობია, რომ ყველა კმაყოფილი წევიდ-წამოვიდა და შენი მაქებარი… არაფერია, შვილო, ღმერთი მოგვცემს, ღმერთი მოგვცემს!. იმის იმედით ვართ ყველანი! – ანუგეშებდა ეკვირინე შვილს. – რავარც კაი ცოლს შეგყარა, ისე სხვა სიკეთესაც ბევრს შეგყრის, შვილო… ახლა მიდი, შენ გენაცვალე, იმ შენს ცოლს ხმა გაეცი… საწყალი ჯერ კიდევ უცხოდ არის… არ მოსწყინდეს… მე კი სადილს მივადგები… მიდი, მიდი, შვილო, შენგან ყველაფერი იამება იმას… მარტოდაა, ვენაცვალე მის სახელს!..

სონია მარტო იყო ოთახში და მუთაქაზე მიწოლილი მართლაც მოწყენილი მისჩერებოდა კვამლისაგან გაშავებულ ოთახის დაბალ კედელს. ეს ყოველ მხრით მარტოდ ყოფნა იმ სიჩუმესთან, რომელიც მის გარშემო სუფევდა, ეს დაბალი გახრიგნილი ოთახი სანახევროდ ჩამობნელებული, ყოველივე ეს სულს უხუთავდა და გულს უწუხებდა. იგი წამოდგა და ნელი ნაბიჯით მივიდა კარებთან, კარის ჩარჩოს მიაწვა და ეზოში მზერა დაიწყო. კარგა ხანს იდგა ასე სონია, მაგრამ ვერც იმ სურათმა, მის თვალწინ რომ იშლებოდა, თავის სილამაზით გული ვერ გაუხსნა და სევდა ვერ გადუყარა. ეს სიჩუმე, ეს მიყრუებულობა-მივარდნილობა უფრო უმძიმებდა გულს და აღონებდა.

– ღმერთო ჩემო, ამ მიყრუებულში უნდა დავლიო ჩემი სიცოცხლე? – გაიფიქრა მან და რაღაცამ თითქოს ყელში წაუჭირაო და თანვე თვალებში ჩამოებინდა. სცადა თავს შებრძოლებოდა, თავი შეემაგრებინა, მაგრამ ვეღარ მოახერხა და ცრემლები ნაკადულივით წამოსკდა თვალებიდან. მიტრიალდა და ტახტზე მილაგებულ ქვეშაგებში ჩაჰყო თავი.

ოტია მოდგა კარებთან, დაინახა სონია თავჩარგული ბალიშებში, იფიქრა, რომ უსათუოდ სძინავსო და გაბრუნდა უკან.

– დაღალულია, შვილო, დაღალული!.. იძინოს, იძინოს, ვენაცვალე!.. ღონეზე მოვა! – ტკბილად და სიყვარულით წარმოთქვა ეკვირინემ და ფუსუტიას, რომელიც ერთი თვით მოიყვანა რძლის ხელზე მოსამსახურედ პირველ ხანებში, მიაძახა: – სუ, ჩუმად გააკეთე საქნარი!

რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა სადილობის ალომ მოაწია, ეკვირინე თვითონ შევიდა რძალთან. ის კარებთან დაუხვდა სახედაღონებული.

– გამოიღვიძე, შვილო? კარგად თუ გეძინა მაინც?

– არ მძინებია, ბატონო! – მიუგო სონიამ.

– ჩემმა ოტიამ მითხრა, ძინავსო…

– ისე ვიწევი…

– არ მოიწყინო, შენ გენაცვალე!.. დაღალული ხარ, შენი ჭირიმე, ერთი გუნებითი ძილი კიდევაც გამოგაბრუნებდა, შენ ნუ მომიკვდები!.. არ მოიწყინო ჩემო მალხაზო და გვრიტო!.. მოსაწყენი არაფერი არა გაქვს… აქეთ გეიხედე, იქით გეიხედე, შენი ლამაზი თვალი გადაავლე აქაურობას და გუნებაზე დადგები… იმას ნუ შეუშინდები, შვილო, რომ ამისთანა პატარა სახლი დაგახვედრა შენმა ქმარმა… ბევრს არც ამისთანა აქვს, შენი ქმრის ნათესავებს კი არა, სხვებსაც… ღმერთი ღონეს და შეძლებას მოგცემთ და კიდევაც გაადიდებთ და უკეთესად მოაწყობთ… კარგი ქალი, შვილო, – გაიღიმა ეკვირინემ, – ბევრ რამეს შემატებს ოჯახს… ქმარიც, ღვთის მადლით, კაი გამრჯელი კაცი შეგხვდა… ჩემი შვილობით არ ვაქებ მე იმას… ყველაფერი ეს თქვენია, გაუყოფლად, საკუთრად, შვილო. რა გიჭირთ!.. იხარეთ, ისიამტკბილეთ, იცხოვრეთ ბედნიერად!.. ასე, ჩემო სიცოცხლევ! და ახლა თუ არ გეზარება, სადილობამდის, შენთვის მაინც ცოტათი ადრეც არის სადილი, გევიარ-გამოვიაროთ იმ ჩვენს გარშემო, ნახე ეს შენი საცხოვრებელი, გულიც გაგიხალისდება, გაგიმხიარულდება და მერე უფრო მადიანათაც ჭამ სადილს.

სონიამ უარი არ უთხრა ამაზე. ეკვირინემ მიირბინა მეორე კარებთან და გოგოს მიაძახა, რომ არაფერი წაახდინო ჩვენს მოსვლამდისო, გაიბერტყა ნაცარში ამოსვრილი კაბა და ისევ მიირბინა რძალთან.

– აბა, წამოდი, შენ გენაცვალე! – და წაუძღვა სონიას.

ეზოს ერთ კუთხეში მაღალი და ფართო შტოებ გაშლილი კვინცხა იყო. ეკვირინემ რძალი წამოიყვანა.

– აქანაი, შვილო, ჭურები გვაქვს, – ანიშნა მან ხის ქვეშ ყავრებით გადაფარებულ შეყრილ მიწაზე. ამ ყავრებს უნდა დაეფარა, რომ წვიმის დროს წყალი არ ჩასულიყო ჭურებში… – იცოცხლე, შვილო, ამ ჭურებში შარშან ღვინოები ჩაისხა!.. საპალნე რატომ ოცი მანეთიც არ ღირდა, ისეთი რამ მშვენიერი იყო… აძლიეს კიდევაც თექვსმეტი მანეთი, მეტსაც მისცემდნენ, მარა არ შეელია… ძნელი შესალევია, შვილო… კაი ღვინო ოჯახის დამამშვენებელია… წრეულსაც, იმედია, ღმერთი უფრო უკეთესს მოგვცემს… ღვთის მადლით, ვენახი კარგი გვაქვს, თუ არა შენი ლამაზი თვალებით ნახავ ეხლავე… ისეთი მტევნები ასხია, თითოსაგან რატომ ბოთლი ღვინო არ გამოიწურება…

რადგანაც აქ მეტი სანახავი აღარაფერი იყო, მოხუცებულმა პატარა, დაბალ მოღობილისაკენ წაიყვანა სონია. აქ გააღო გადასაბიჯზე ღვლერჭით ჩამოკიდებული პაწია წკნელის ჭიშკარი, ჯერ თვითონ გადავიდა და მერე რძალი გადაიყვანა.

აქ ბოსტანი ჰქონდა ეკვირინეს. ვიწრო, გრძელ, კოლბოხებით სავსე კვლებზე მოჩანდა ზოგან ხახვი, ზოგან ნიახური, ოხრახუში, პრასა, ქინძი, საზამთრო, ფხალი, სალათა და აქა-იქ გრძელი ბადრიჯანი.

– ბოსტანი მქონდა, შენ გენაცვალე, ისეთი ბოსტანი, რომ მარტო ერთი შეხედვით გული გაგეხსნებოდა… ქალი უკეთესს ვერ დეიჩემებდა, მარა რად გინდა, ვერ დევიცევი, ასე გამითხარეს ქათმებმა, – ჩემმაც და სხვისმაც!.. ვერაფრით ვერ შემოვუარე!.. იცოცხლე, ეს ხახვი, ეხლა ამას რომ ხედავ, ეს რაა იმასთან, შარშან რომ იყო… გადეირია, ბატონო, გადეირია, მარა რანეირად!.. ვიღამ მოლია!.. ექვსი ბათმანი სულ ამხელ-ამხელა თავები შევინახე საზამთროდ… და ეს სალათა… ჰმ, იმდენი იყო, რომ მთელი მეზობლობა გავაჯერე მაგით… წრეულს კი ასე დაემართა ვეღარც სალათაა იმისთანა და ვეღარც ხახვი… ამ ჭლაკვმაც თავზე ლაფი დაისხა… რუსული პატრიჯანი რომაა, მანიდორას რომ უძახიან, იგიც მქონდა, წრეულს კი, რა დაემართა, აღარ ვიცი, სულ აღარ ამოსულა… მაგივრად ნესვი, კიტრი იყო იმდონი, რომ კინაღამ დევიხაშმეთ!.. შეგვეშინდა, რომ ავადმყოფობა არ გაეჩინა და სულ ავთხარეთ და გადავუყარეთ ღორებს… გაისადაც ძალიან ბოსტანი გაკეთდება, შვილო. კიდევ უკეთესი, ცოცხალი ვიყვეთ და!.. ცხენებით ვაწიკვიებთ ოტიას შენს სახლში აქაურ მწვანილს… მათთვის ეგ არაფერი იქნება, საყიდელი საშუალება ბევრი ექნებათ, მარა აქიდან მისული მაინც იამება დედაშენს… კი, ჩემო სიცოცხლევ!

დედის გახსენება სწორედ ვერ მოუვიდა დროზე ეკვირინეს. მისი რძლის გულს ვერაფრად ახალისებდა, რასაც ხედავდა ამ წამში. ნამეტურ ეს ყოველ სიტყვაზე შარშანდელი წლის ხსენება ცუდად მოქმედებდა მასზე და რაღაც ეჭვში შეჰყავდა აქაურ გაჭირვებულ ცხოვრების შესაძლებლობაზე, თუმცა ასე აიმედებდა მისი დედამთილი. ამას ზედ დაერთო დედის გახსენება, რამაც კიდევ უფრო დაუმძიმა გული. მოხუცებული კი ისევ რაღაცეებს ლაპარაკობდა. ამ ლაპარაკით გადმოვიდა ბოსტნიდან, დაეშვა ქვევით და, ბოჯგებზე შეპოლიკებულ პატარა მოწნულს რომ მიუახლოვდნენ, თქვა:

– ეს სასიმინდეა, შვილო! ამ ცოტა ხნის შემდეგ თავამდინ ავავსებთ მაგას ვერცხლისფერი სიმინდით. სულ გადენა ამ თეთრმა სიმინდმა წინანდელი ყვითელი, – მეტ წყალს ისხამს ზელაში და უფრო ხვავიანია გამოცხობაში. იცოცხლე, შარშან მაგაში ჩეიყარა და რამდენი მოგვრჩა კიდევ, რომ ადგილი ვეღარ ვუშოვეთ, – სულმოვყარეთ ოთახის თავი! წრეულსაც ასე იქნება!

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკვირინემ მაინც არ ჩაახედვინა რძალს სასიმინდეში, ქვეით ჩაატარა და ვენახში გადაიყვანა. ეს ადგილი, სულ ცოტა რომ ვთქვათ, იქნებოდა ნახევარი ქცევა. ვენახი კარგად გამოწმენდილი და მოვლილი იყო; ფოთოლზე ეტყობოდა, რომ ნაწამლიც იყო შაბიამანით; აქა-იქ ფილოქსერის ნამოქმედარიც ეტყობოდა – ამოჭმულივით იყო გამხმარი ვაზის ამონათხარ ადგილებზე. ვაზს მართლა კარგად ესხა, მარცვალიც კარგი იყო, მაგრამ ერთის კი არა, ვერც ოცი მტევნის გამონაწური გაავსებდა ბოთლსა, რადგან მტევნები პატარები იყო.

– ოჰ, რა ღვინო იცის ამან, რა ღვინო! ამას შეხედე ერთი! რას ჰგავს, რას! – აღტაცებით გაიძახოდა ეკვირინე. – მე და დედაშენი ერთი ისე თავისუფალ დროს, ცალკე, უნდა დავთვრეთ ამის ღვინით, ჩემო სონია! უსათუოდ, ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა მოხუცებულმა. – და შენც, შენც ჩვენთან… – შენც უნდა გამოიმეტო თავი!

ამ სიცილით ბოლომდის ჩაიარა ეკვირინემ და როცა მიადგა ღობეს ვენახის ბოლოში, გადაღმა გადიხედა, სიცილიც შესწყვიტა უცებ და ერთი ღრმად ამოიოხრა და თავი გაიქნია.

– ეს ადგილიც… ამ ნაჭერს, რასაც ხედავ, შვილო, ესეც ჩვენი იყო, მარა ბიძამისმა ომანმა წაართვა შენს ქმარს. რაც იმან იდავიდარაბა, იღლიტა – ღმერთი არ დააყრის ბარაქას მას! რა არ ჩეიდინა, რა საშუალება არ იხმარა! დიდი ცოდვილიანი კაცია ის უბედური და კიდევაც ისე უბედურად მიდის მისი ცხოვრება… ყოველ წელიწადს ნააღდგომებიდან მშიერი უყრია ოჯახობა. ისე გაოხრდა, რომ ყაზახებში ვერ გამოარჩევ და ნურც გაგაცნოს მისი თავი ღმერთმა… ჩვენ აღარც კი ვეკარებით ერთმანეთს. ახლა იყვეს საქმე, ნახავდა რავა წაართმევდა ჩემს შვილს მაგას და აწი ხომ სულსაც ვეღარ დაბერავს! სამი ძირი სიმინდი მოდიოდა ხანდახან, ასეთი ადგილია! გული მეტკინება, ახლოს რომ გევივლი იმ ადგილთან… ჰაი, ჰაი, ჰაი! სად იყვნენ მაშინ ამისთანა შემწეები, ახლა რომ ჰყავს ჩემს შვილს! ვინ რას გოუბედავდა!!

ახლა უკან გამობრუნდა ეკვირინე და ისევ დაიწყო რძლის გასახალისებლად იქაური ამბებისა და მდგომარეობის გაზვიადებით მოთხრობა, ასე რომ მისი ზომაზე გადამეტებული სიტყვა ნამეტანი ცხადი იყო. ერთი თითქმის გამხმარი ლეღვი ისეთად გამოჰყავდა, რომ თითქოს მისთანა მთელ სოფელში არ ყოფილიყო; პანტა-ვაშლი წრეულს მოუბმელი იყო – ისეთი ვაშლის მომსხმელი, მისი სიტყვით, რომ ორ წელიწადს გაიტანდა მითი თავს კაციო… ქლიავი, ბალი, ჭანჭური, უნაბიც კი…

– ყველაფერია, შვილო, ყველაფერი… ხილი, სულ ნარჩევი და საგანგებო რამ! ყველაფერი საკმაო გაქვთ, შვილო! გული მხიარულად იქონიე, ნურაფრის დარდი ნუ გექნება! ყველაფერია, ღვთის მადლით… სხვას, ზოგიერთს, ამისი ნახევარიც არ მოეძებნება, თქვენ ვინ შეგედრებათ! ეს ხომ ასე, რასაც ამას ხედავ შენი ბედნიერი თვალებით, და ამას გარდა გადაღმაცა გვაქვს კიდევ ადგილები… სარჩოს მომტანი ადგილებია. ასეა, შენ გენაცვალე!

მოხუცებულის სიტყვები ახლა უსიამოვნოდ ხვდებოდა სონიას გულს, ატყობდა აშკარად გაბერვით ლაპარაკს, სწყინდა, რადგან ამაში ხედავდა დედამთილის განზრახვას, მოეტყუებინა იგი. ნამდვილად კი ეკვირინეს ღრმად სწამდა თავისი ოჯახის კეთილმყოფელობა და ახლა მხოლოდ ნატრულობდა, ეგევე რწმენა ჩაენერგა რძლის გულშიაც. მაგრამ მეცადინეობა ამაო იყო; ყმაწვილი ქალი არამცთუ ვერ დაარწმუნა, რომ მას არაფერი უჭირდა, არამედ უფრო დააღონა და ეჭვში შეიყვანა.

”თუ ის გადაღმა ადგილებიც ამგვარივეა!” – ფიქრობდა იგი და შემაწუხებელი, გამოურკვეველი სევდა აწვებოდა მის გულს.

– ბატონურად იცხოვრებთ, შვილებო! თქვენისთანა ბედი ძვირია ჩვენობაში და ბევრისათვის სანატრელია… სოფელიც თქვენია, შვილო, და ქალაქიც! – ლიკლიკებდა ეკვირინე. – აბა სხვებსავით კი არ გაქვთ საქმე, ნახევარი წლობით უჭადოთ რომ აგდიან!

“ნახევარი წლობით უჭადოდ აგდიან!“ – გაიმეორა სონიამ გუნებაში…

გახალისების მაგივრად ამ გადათვალიერებამ უარესად ჯავრში ჩააგდო ყმაწვილი ქალი. ამ თავის შეუძლებლობის გაცნობამ მისი გონება სულ სხვანაირად აამუშავა, ვიდრე ეს ეკვირინეს ეგონა. სონია ახლა მხოლოდ ერთმა დარდმა გაიტაცა: თუ ეს იყო მთლად მისი ქმრის ქონება, მხოლოდ ამის პატრონი იყო, ამაზე იდგა მარტო, რარიგად შეიძლებენ შემდეგში კმაყოფილ ცხოვრებას, რა სახით უნდა მოეხერხებინათ ოჯახის გამოტანა?

”რისი იმედითაა? რა აქვთ კიდევ საიმედო?” – ეკითხებოდა თავისთავს სონია გუნებაში და მთლად მისი ფიქრი ახლა იქით მიმართა: – გაეგო, თავის თვალით დაენახა ყოველივე, რაც ამ ოჯახს ღონეს აძლევდა, მას ამაგრებდა და საშუალებას აძლევდა მომავლისათვის.

“ანდა შეიძლება მომატყუეს და მოტყუებით ჩამომათრიეს”, – გაურბინა ერთმა აზრმა ყმაწვილ ქალს.

და ეს მდგომარეობა მით უმეტეს დღიდან დღე და უფრო და უფრო იმიტომაც მწვავე და შემაწუხებელი ხდებოდა მისთვის, რომ ეზოს გადაღმა ფეხის გადადგმა არ შეეძლო. წირვაზე წასვლაც კი მოუხერხებელი იყო, სანამ, სოფლის ჩვეულებისამებრ, ვისიმე ჯვრის წერისათვის არ აყურებინებდნენ და, ამ პირობებში მყოფს, რარიგად შეეძლო ვისმეს დაახლოებოდა, ვისმესაგან ცოტაოდენი მაინც მართალი სიტყვა გაეგონა ამ ოჯახზე, ამ პირებზე, რომელთა შორისაც იგი ასე მოულოდნელად ჩამოვარდა.

ოტიამ ვითომ მოიწადინა ამ დატყვევებულობისაგან ცოლის განთავისუფლება, მაგრამ მისი დედა ერთობ წინააღმდეგი იყო და ოტიამაც არჩია არ ეწყენინებინა მოხუცისათვის, მით უფრო, რომ, მისი აზრით, მომავალშიც ბევრი რამ შეხვდებოდათ ორივე ცოლ-ქმარს მასთან სადავო, როგორც ძველი ჩვეულების ადამიანთან.

– ყოველისფერი ჩვეულება კი არ უნდა დაგმოთ, შვილებო!.. ამისთანაებში ყველა დაგძრახავთ და ღმერთსაც აწყენინებთ… ისე შეჰყევით ამთავიდანვე, რომ ნურავის ნუ გეირისხავთ, ნუ, შვილებო… ამას უნდა ერიდოთ!.. მოთმინება იქონიეთ!..

კარგა ხანს დასჭირდათ ამ მოთმინებით ყოფნა და ცოლთან დარცხვენილმა ოტიამ, ის იყო, კიდევაც გადაწყვიტა მეტხანს აღარ ედარაჯებინა ჩვეულების ასასრულებლად, რომ ერთ საღამოს ამბავი მოუვიდათ, – ვიღაც ერთი იქაური გლეხი ქალიშვილს ათხოვებსო. ჯვრისწერაზე დასასწრებლად საღამოს ორივე რძალ-დედამთილი მოეწყვნენ და ეკლესიისაკენ გაემართნენ.

ბნელ საყდარში უკვე ხალხი ფუსფუსებდა; შიგ ერთი ხმაურობა, ხმამაღალი ლაპარაკი და სიცილ-ხითხითი ისმოდა. შემოსილი მღვდელი უნაყოფოდ თხოულობდა დაწყნარებულიყვნენ, დამშვიდებულიყვნენ და ეცლიათ მისთვის საიდუმლოების აღსრულება, სანამ, გაგულისებული მათი გაუგონებლობით, არ შეუწყრა და დაემუქრა ყველას გარეთ გაყრას, თუ კიდევ ვინმე ხმის ამოღებას გაბედავდა.

– ყველას გარეთ გაგყრით, ყველას, იცოდეთ! – გაიმეორა მღვდელმა და ხალხს გადახედა. – უჰ!.. უკაცრავად, უკაცრავად, ბატონო! – წამოიძახა მან უცებ, რადგან თავის გვერდით მდგომნი ეკვირინე და სონია მხოლოდ ახლა შენიშნა. – უკაცრავად, ბატონო, უკაცრავად თქვენთან!.. უცნაური ხალხია, ბატონო, უცნაური… ნამეტანი შეუსმენელი ხალხია… დეიწიეთ, დეიწიეთ!.. არ გესმით, თუ როგორაა! – იძახოდა პატარა, ჩია მღვდელი, მაგრამ ეტყობოდა, რომ ხალხი არაფრად ეპუებოდა და მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდა მის წყრომას.

– აქეთ მობძანდით, ბატონო, აქეთ, მანდ შეგაწუხებენ! – თავაზიანად და ღიმილით მიმართა სონიასა და ეკვირინეს და საკურთხეველთან ანიშნა მათ ადგილი. – აქეთ მობძანდით, თვარა ზურგზე შეგდგებიან, ისეთი მოურიდებელი ხალხია!.. ღვინო დავიწყებია შეჩვენებულ მნათეს… გავაქციე მოსატანად… შევაჩერე საიდუმლოება… ხომ მშვიდობით ბძანდებით? ხომ არ მოგწყინდათ, ბატონო? – მიმართა მან სონიას, რომელთანაც გაცნობილი იყო მის მოყვანით. – ღვთის მადლით, არც სულ ისე ურიგო გახლავთ, მგონია, ჩვენი სოფელი, რომ კაცმა აქ ვერ გაძლოს!.. მერე რაკი ბედი და იღბალი იქნება, მით უფრო ადვილი შესათვისებელია! – დაატანა მან სახეზე ღიმილმორეულმა.

ხალხი ცოტა ხნით დაწყნარდა, უფრო უცხო ქალის ხათრით, მაგრამ მალე ისევ ახმაურდა; ისევ ერთი ხითხითი და სიცილი ისმოდა, ნამეტურ როცა აქლოშინებულმა მნათემ ღვინო მოარბენინა და მღვდლისაგან მიწვდილ სასმისს დედოფალმა ოდნავ შეახო ტუჩები, მეფემ კი მთლად გამოცალა, ასე რომ მღვდელმა შენიშვნა მისცა, რიგიანად უნდა მოიქცეო.

ამ ჟრიამულსა და ყიჟინში გათავდა ჯვრისწერაც. ნეფე-დედოფალი ახმაურებულ ხალხში ძლივს გამოიყვანეს ეკლესიიდან. შეიქნა ღამეში დამბაჩებისა და რევოლვერების ბათქაბუთქი, რითაც დაშინებული ხალხი, – მარცხი რომ არ მოსვლოდათ, ვინმე არ დაშავებულიყო, – ახლა ისევ აყაყანდა.

– ნელა, ნელა… კაცი არ მოჰკლათ!

– დაანებეთ თავი ამ რჯულ-ძაღლს!.. თავი დაანებეთ, ცოდვა არ მოხდეს რამე!

მაგრამ გამგონი მაინც არავინ იყო. ამ ხუმრობით და ხრიალ-ღრიალით ნეფე-დედოფალს გაუძღვნენ სახლისაკენ და კიდევ კარგახანს ესმოდათ შინისაკენ გაბრუნებულ ეკვირინეს და მის რძალს მაყრების ხმა და მათი სიმღერა.

– აი, ახლა, შვილო, ამ კვირას წირვაზედაც შეგიძლია გახვიდე და კიდევაც გავალთ, როგორც რიგი და წესია… კაცი ვეღარაფერს იტყვის, თვარა, შვილო, სოფელი ოხერი მიმთქმელ-მომთქმელია… კი, მართალია, შენზე ვინ რას გაბედავს თქვას ან დაგძრახოს, მარა მაინც ასე ჯობია, ასე ჯობია, შვილო.

შაბათ საღამოს ადრიანად ჭამეს ვახშამი, რადგან ბევრი რამ საქმე ჰქონდათ ხვალისათვის, ეკვირინეს სიტყვით: წირვაზე პირველად გასასვლელად უნდა მოემზადებინა რძალი. ნავახშმევს მან თავის ხელით დაუსხა წყალი სონიას და სურნელოვანი საპნით, თავისავე ხელით, შეუფუთნა თავ-პირი, რომ ღამის ასე გათევით ლოყები გაბიჟვინებოდა და უფრო პირსუქნად ჩვენებოდა; თუმცა ისედაც გვიანობამდის არ იძინებდნენ, მაგრამ იმ დღეს ეკვირინემ ჩვეულებრივზე უფრო ადრიანად დააწვინა რძალი და თხოვა, შეევედრა, ყველაფერი დააფიცა, ადრე ნუ ადგები, ძილი, რაც შეიძლება, მოასრულე, კაი გუნებაზე ადექი და კარგი ფერიც გექნებაო. დილას შუშით თავისი უმარული მოურბენინა პუდრის მაგიერ. ეს უმარული, – ამბობდა ეკვირინე, – საგანგებოდ მომიტანეს საჩუქრად და ერთობ ათეთრებს პირსო. წარბებზე კაკლის დამწვარი გული გადაასმევინა წარბების გასამშვენებლად და ასაბზინებლად. ზოგიერთი ამგვარები წინათაც იცოდა სონიამ, მაგრამ დედამთილმა მაინც ბევრი რამ ასწავლა და ურჩია. ერთი სიტყვით, ეკვირინემ ყველაფერი გაიხსენა, ყველაფერი მოიგონა და არ დააკლო რძალს მისი თავის გამოსაჩენად.

– ხალხს ისეთი უნდა ეჩვენო, შვილო, რომ მტერს თვალი დოუდგეს, გული მოუკლა და ენა მუცელში ჩაუგდო!.. ძალათი, რომ არ უნდოდეს, მაინც ათქმევინო შენი თავის ქება, აბა!..

ამაზე სონიასაც კი გაეცინა. ამოდენა ფუსფუსისა და მზადების შემდეგ მასაც სხვანაირად უცემდა გული და ამ გულის ფანცქალით გაემართა იგი, ყოველ მზადებას გადარჩენილი, ეკლესიისაკენ. ეკვირინეც ისე გამოეწყო და ისე გამოიყურებოდა, რომ თითქოს გაყმაწვილებულაო.

– შენ გენაცვალე, გვრიტი ხარ, გვრიტი!.. დავასხი თავსლაფი, ვინც შენ არ მოგიწონოს!.. თავსლაფი დავასხი! – იძახოდა იგი, რძალს რომ თვალს აავლებ-ჩაავლებდა.

ეს თავსლაფის მიძღვნა ვისზედაც ყოფილიყო, რასაკვირველია, არ შეეხამებოდა და არ შეეფერებოდა ამგვარად გამოწყობილ კრებულს, მაგრამ ადვილი მისატევებელი უნდა ყოფილიყო, რადგან ეკვირინეს სავსე გულის ამონახეთქი იყო და ამ დროს კაცი თავს აღარ ემორჩილება ხოლმე.

ოტიაც თავმომწონედ მოჰყვებოდა უკან ცოლსა და დედას, თეთრ ჩოხაში, სატინის ახალუხით, ახალი წუღა-მესტებით და დაბალი კვარაჭინა ქუდით. რომ რიგიანი შეხედულება ჰქონდა, ამას თვითონაც ჰგრძნობდა, და რადგან წინაც ისეთი ცოლი მიუვიდოდა, როგორც სონია, მისი თავმომწონეობა ადვილი მისახვედრი და გასამართლებელიც იყო.

გზა სულ ორღობეებში მიდიოდა. მარჯვნივ და მარცხნივ ჩანდნენ მოსახლეები: ზოგან დაბალი, პატარა ოდები, ყავრით დახურული; ზოგან ისლით ნახური ძელულები, იქვე მიკრუნჩხული; ხშირად, ბევრგან ჩალის სახურავით დახურული სასიმინდეებიც მოჩანდა. დაუკვირვებელი თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ამათში გაჭირვება და შევიწროებული ცხოვრება უნდა ყოფილიყო დაბუდებული.

რადგან მზადებას ბევრი დრო დასჭირდა, ქამუშაძეებმა მხოლოდ შუა წირვას მიუსწრეს. პატარა ეკლესია შიგნით ხალხით იყო სავსე, მაგრამ ეკვირინემ იმდენი იმეცადინა, მისწი-მოსწია ქალები იქით-აქეთ მოურიდებლად, რომ წინ გაიყვანა რძალი და თვალსაჩინო ადგილზე წააყენა.

მწირველი მღვდლის გაურკვეველ მეტყველებასა და დიაკვნის ზანტ ღიღინზე ჩათვლემილი ქალები ამათმა მოსვლამ გამოაფხიზლა. ყველა ცდილობდა პატარძლის თუ კარგად დანახვას არა, ერთი თვალი მაინც რომ მოეკრა. მოშორებით მყოფნი ცერებზე დგებოდნენ და ცდილობდნენ შეეხედნათ სონიასათვის და დაეკმაყოფილებინათ თავიანთი ცნობისმოყვარეობა. სონია გრძნობდა მასზე მიჩერებულ მრავალ მსინჯავ თვალს და უძრავად იდგა დამორცხვებული.

ეკვირინე გულმხურვალედ ლოცულობდა, რამდენჯერმე მეტანია გააკეთა და გულმოდგინედ პირჯვარს ისახავდა, თითქოს ამით უნდოდა ყველასათვის დაენახვებინა, უფალს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ასეთი კარგი რძალი შემახვედრაო.

გათავდა წირვა, ხალხი გალავანში გამოეფინა. ეკვირინემ კი რძალი ევლოგიის ასაღებად მიიყვანა მღვდელთან, რომელმაც ამის ბოძების შემდეგ მარჯვნივ ანიშნა, სადაც კანკელზე, ხატების მაგიერ, ქაღალდებზე აჭრელებულად დახატული წმინდანების სახეები იყო მიწებებული აქა-იქ და ამათ შორის ესვენა ეკლესიის მფარველი წმინდანის ძველი ხატიც, რომლის წინაშეც რძალ-დედამთილმა მუხლები მოიყარეს, ემთხვივნენ და ფული მიართვეს, შესაწირავი, რის შემდეგ გამოვიდნენ საყდრიდან და პირდაპირ გაემართნენ ნიგვზებისაკენ, სადაც ჩრდილში, ჩვეულებისამებრ, საფლავის ქვაზე ჩამომსხდარნი იყვნენ აქაური აზნაურის ქალები.

რძალ-დედამთილის მიახლოებაზე, უცნობი ქალის პატივსაცემლად, თითქმის ყველანი წამოდგნენ და შეეგებნენ უცხო პატარძალს სიტყვაუთქმელად, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით. ხელის ჩამორთმევის შემდეგ სონიას და მის დედამთილსაც დაუთმეს ადგილი და ყველანი ისევ ჩამოსხდნენ.

ჩამოვარდა სიჩუმე, ხმას არავინ იღებდა.

– მომილოცავს, ბატონო ეკვირინე, შვილის გაბედნიერება! – გადასწია თავი ეკვირინესკენ პირსავსე, წითურ ლოყებიანმა, ფაქიზად ჩაცმულმა დარბაისელმა ქალმა: – დიდად სასიამოვნოა, ღვთის წინაშე!

ეს იყო სარდიონ ქველიძის ცოლი, მათათი.

– მოგვილოცავს, მოგვილოცავს! – აჰყვნენ ამას სხვებიც.

– მადლობელი ვარ… მადლობელი! – და იქით-აქეთ თავის დაკვრით მადლობას ეუბნებოდა ეკვირინე.

– ბედნიერი ქალი ყოფილხარ, ეკვირინე ჩემო! რა რძალი გიშოვნია! – უთხრა ეკვირინეს ხმადაშვებით მის გვერდიო მჯდომმა, შავებიანმა გამხდარმა ქალმა, – ბედნიერი ქალი ყოფილხარ!.. სახეზე ეტყობა ღვთისნიერი ადამიანობა, სახეზედვე!..

– ვმადლობ უფალს!.. რაც რომ იყოს, ჩვენზე დიდია და ვერც ვიფიქრებდი, თუ ამისთანა რამეს მაღირსებდა ღმერთი!.. – ხმამაღლა თქვა ეკვირინემ.

მათათის ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაუთამაშა სახეზე და ამავე დროს მისკენ მოიწია უკან მჯდარმა გრძელკავებიანმა, ლოყებჩავარდნილმა ქალმა, რომლის თვალები წინ წამოწეულ წარბებქვეშ მოუსვენრად ტრიალებდნენ. მოიწია და გადმოუჩურჩულა ტუჩების აბზუებით:

– მაგას დოუდგა თვალები!.. უკეთესი არ მიძებნიაო და არ ვიფიქრებდიო!.. ასე ურცხვად!.. მაგას გოუსკდა თავი!.. კაი მაგას დაემართოს, კაი მაგას მოუთრევია!..

– მაინც არაფერი არ უჭირს, ჩემო მანანა! – თქვა ხმადაბლა იქვე მჯდომმა შუა ხნის ქალმა, რომელმაც ყური მოჰკრა მანანას ნათქვამს.

– რითი აქებ, შე ქალო? – მოუბრუნდა ამას მანანა. – თუ საქები რამ აქვს, ამას ჩვენც დავინახავთ მერე და ასე ჩაჩხირვა გამიგონია!… საქებია! გადმოუდღლაზავს თვალები, ცხვირი ჩემხელაზე გაზდია… და ახლავე გადაამეტა ყველას!.. – გესლიანად წაულაპარაკა მანანამ.

მოსაუბრე ჩაჩუმდა. მან იცოდა ამ ადამიანის შხამიანი ენის ამბავი და გასწყვიტა სიტყვა, რომ უარესები არ ეთქმევინებინა გამოსარჩლების დროს.

სონია იჯდა მორცხვად ამ უცნობ ქალებში, რომელნიც ერთმანეთში ფუჩუნობდნენ, ხმა დაშვებით ლაპარაკობდნენ და რომელთაც საერთო ლაპარაკი როგორც წინათ, არც დღეს ეხერხებოდათ, მხოლოდ ისევ ქველიძის ცოლი თუ რამე ორიოდე სიტყვით მიმართავდა მას და ამაზე ხმას ამოიღებდა, რაზედაც ეკვირინეს გული მოსდიოდა. მისი აზრით, მათათი სცდიდა და განგებ ალაპარაკებდა სონიას, რომ, მორცხვად მყოფს, რამე შეშლოდა და მერე სასაცილოდ აეღოთ იგი. მან ვეღარ მოითმინა და როცა მათათიმ ჰკითხა სონიას, როგორ მოგწონს სოფელიო, ეკვირინემ აღარ აცალა რძალს ხმის ამოღება და დაასწრო პასუხი:

– რატომ არ მოეწონება, ჩემო ბატონო, სოფელიც მაგისია და ქალაქიც!

– ფშშ! – ისე წაიფრუტუნა მანანამ, რომ ეკვირინეს ადვილად შეეძლო ყურიც მოეკრა.

ამ ქალის საქციელს ადვილად შეეძლო უსიამოვნება გამოეწვია აქ. მათათი წამოდგა.

– აწი სახლში წასვლა სჯობია, ვისაც შორი გზა აქვს! – და გამომშვიდობება დაიწყო. – ნინო, სახლში მივდივართ, შვილო! – მიუბრუნდა იგი თავის ქალიშვილს, რომელიც იქვე მხიარულად ესაუბრებოდა ქალიშვილებს.

– კი, ბატონო, გიახლებით! – მიუგო ნინომ და თავის მოსაუბრეებს რომ გამოეთხოვა, მერე სონიასთან მივიდა პირგაღიმებული, იმასაც ჩამოართვა ხელი და თავისი სასიამოვნო ხმით უთხრა, მშვიდობით ბრძანდებოდეთო, და დედას გაჰყვა. სონიამ თვალი გააყოლა.

ეს ყმაწვილი ქალი მართლა და ლამაზი იყო და ამ სილამაზესთან მიმზიდველობაც ახლდა. მან ამ პირველ დანახვისთანავე და უბრალო გაცნობისთანავე მიიზიდა სონიას გული. ნელ-ნელა სხვებმაც იწყეს წასვლა.

– ჩვენც წავიდეთ, სონია ჩემო! – წამოდგა ეკვირინე. – გლახუა, გლახუა! – იხმო მან შორიახლოს მდგარი გლეხი. – ჩემო გლახუა, ოტია ნახე და უთხარი, სახლში მიდიან-თქვა! ოჰ, ნინო, ნინო! მოდი, მოდი, შე ქალო! – წამოიძახა ეკვირინემ და ხელი გაუწოდა განზე მდგარ გლეხის დედაკაცს, რომელიც სიყვარულით მისჩერებოდა სონიას და, ეტყობოდა, ვერ უბედავდა მიახლოვებას.

– მოდი, ნინო!.. ეს ჩვენი ნათლიდედაა, სონია ჩემო… ჩვენი კეთილი და მირონი.

სონიამ ხელის ჩამორთმევა მოინდომა, მაგრამ დედაკაცი უცებ დააფრინდა ხელზე და მოწიწებით დაუწყო კოცნა. სონიას შერცხვა და უცბად გამოჰგლიჯა ხელი. დედაკაცი კი, რაც სიტყვა შესწევდა, ხელაპყრობილი ლოცავდა მას და ღმერთს სთხოვდა მათ ბედნიერ შვილიერობასა და გამრავლებას.

ამასობაში ოტიაც მოვიდა და მათ თანამგზავრებთან მხიარული მუსაიფით, გამარჯვებულებივით, ქამუშაძეებმა ჩამოიარეს გზა და სახლში მოვიდნენ.

– სულ შენდა სანახავად იყო გამოსული ამდენი ქალი, რაც დღეს იქ იყო, სონია ჩემო, თვარა სხომის ამის მესამედსაც ვერ დეინახავ წირვაზე. და მე შენ გეტყვი, ცუდი რამეც ნახეს!.. იფ!.. კი შემოგხედონ და დაგაკვირდნენ, შენ გენაცვალე, ეგებ ჩაცმა მაინც შენით ისწავლონ… თვარა მოიჩანთრებიან, თითქოს ტომრებში იყვნენ გახვეულები!..

ამ ხალხში გართობამ სონიაც სხვანაირ გუნებაზე დააყენა; ამ პირველ ხანში თითქმის სრულიად გადაავიწყა ამასწინათ განცდილი და ნაგრძნობი უსიამოვნება.

მან გამოკითხვა დაუწყო დედამთილს იმათზე, ვინც, ასე თუ ისე, მიიქცია მისი ყურადღება, და ეკვირინე და ოტია დაწვრილებით უამბობდნენ ყველას ამბავს. ეკვირინე ნამეტანს უბზუებდა ტუჩს უმეტესობას; ამგვარადვე მოიქცა, როცა ქველიძის ცოლზე ჩამოვარდა ლაპარაკი. და როცა სონიამ მისი ქალიშვილი სიყვარულით მოიხსენია და აღტაცება გამოთქვა მისი სილამაზის შესახებ, მოხუცებულმა ქალმა ერთი ხელები გადაშალა, ქვედა ტუჩი გადმოუშვა წინ და წაილაპარაკა.

– მარტო სილამაზემ რა გაუკეთა, შვილო? ვის რა შემატა? სილამაზე დაჰკლებოდა და მის პატრონს მისი გასაძღომი ქონებოდა, ის ერჩია, ჩემო სინათლე!

– რატომ, დედა, რატომ? ეტყობათ, კარგად უნდა იყვნენ, კარგად ჩაცმულები არიან დედაც და შვილიც! – წამოიძახა სონიამ.

– ზევიდან გადაცმულს ნუ დოუჯერებ, შვილო! – წაართვა სიტყვა ეკვირინემ. – შენ კიდევ არ იცი ქვეყნიური ამბავი. ვაი, შვილო, იმ კაი კაბის ქვეშ რამდენი ძონძი აცვია და რა მშიერი კუჭია! შენსავით კი არ არის ყველა, შენ დაგენაცვლე! მაგენიც მასე არიან: სახლში ტიტვლები ყრილარიან და გარეთ რომ გამოვლენ, მოგაჩვენებენ თავს, თითქოს რაღაც იყვნენ! ვისი, ვისი, და მაგათი ამბავი კი ვიცით!

სონიას აღარ მოეწონა დედამთილის ასეთი ლაპარაკი; აშკარა იყო, მას რაღაც ჯავრი სჭირდა ქველიძის და ამიტომ ასე აზიზღებდა მათ თავს. მაგრამ ნინომ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ეკვირინესაგან ნათქვამი საწყენად თუ ურჩებოდა, თორემ დაჯერებით ვერ დააჯერებდა, რომ ეს ნათქვამი მართალი იყო. მას არ უნდოდა ქველიძეებზე ელაპარაკებინა დედამთილი და უცბად წამოიძახა:

– ის ვინაა, ის, ბატონო? კინაღამ გადვირიე მისი შეხედვით! რა ამბავში ის იყო, რაც ის ცმუტურობდა და რაღაცას გულისობდა! რა უცნაური რამაა! მეც გადმომიბღვირა ერთი… რა დავუშავე ნეტავი! – სიცილით დაათავა სონიამ მანანაზე სიტყვა.

– სეფე მარუშიძის სიდედრია! – წამოიძახა ეკვირინემ. – იმას კი აქვს საცმუტურებელი საქმე! აზნოუშვილი ვარო, სარს ეხვევა და საცოდავი, ორ დღეში ერთხელ თუ გეიკეთებს ცხელ საჭმელს. ხანდახან ცივი ჭადიც ენატრება საღირღნელად!

– რავა, ბატონო? – იკითხა გაოცებულმა სონიამ.

– არაფერი აქვთ, შვილო, მტერსა და ავს, არაფერი!

სონია ჩაჩუმდა. მისი გული ამ სიტყვების გაგონებაზე უცნაურად მოიკუმშა და ეტკინა. ყოველივე ხალისიანობა უეცრად დაეკარგა.

”ჩვენც რომ არაფერი გვაქვს, მგონი…” – გაურბინა მას თავში და ამის შიშმა რეტი დაასხა.

– დეიღალე, შვილო გეტყობა. გირჩევნია მაგ კაბა გეიხადო, დროზე სადილი ვჭამოთ და მერე ერთი თავისუფლად და გულიანად მოისვენე! – უთხრა ეკვირინემ. – ე, რა ფერმა გადაგკრა… დაღალულობისაა მაგ, შენ გენაცვალე!

და სანამ სონია თავის ოთახში ტანისამოსს გამოიცვლიდა, ეკვირინემ ფუსუტიას მომზადებული სადილიც გამოიტანა და სამივენი მიუსხდნენ სუფრას. გოგოც იქვე დასვეს კუთხეში.

VI

ამ დღიდან სონიას ცხოვრებაც გამოიცვალა. ახლა იგი თანდათან ეცნობოდა ქმრის ნათესავებსა და მეზობლებსაც. ზოგიერთნი კიდევაც ჰპატიჟობდნენ და პატივსაცემლად სადილით უმასპინძლდებოდნენ. მასთან ყველანი დიდი მორიდებითა და პატივისცემით იყვნენ. სადაც მიდიოდა, ყველგან მეცადინეობდნენ, რაც გაეწყობოდათ, ქალაქურ წესზე გარჯილიყვნენ და მასპინძლობა-ბოდიშებს დასასრული არ ჰქონდა, რადგან თითქმის ყველგან ნამეტანი ხელმოკლეობა და მოუწყობლობა ჩანდა.

– სოფლურად ასე ვიცით… მეტი არ გვეხერხება, რა ვქნათ, რა ვუყოთ! – თითქმის ერთნაირად ესმოდა ყველგან, სადაც კი მისულა სონია. ზოგიერთნი კი მიპატიჟებასაც ვერ ჰბედავდნენ შეუძლებლობის გამო და, სხვადასხვა მიზეზის დასახელებით ეკვირინესთან, მარჯვე დროისთვის სდებდნენ მისი რძლის პატივისცემას. ერთხელ, ოტიას ბიძის ლევან ქამუშაძის ცოლი, ეფროსინე, პირდაპირ, დაუმალავად მოუყვა სონიას თავის ამბავს:

– ჩვენ ნუ დაგვემდურები, შვილო, ნუ დაგვემდურები, რომ ვერც გპატიჟობთ და უპატივცემლოდ რომ ხარ ჩვენგან. რითი დაგპატიჟო, შვილო, რანაირად გცე პატივი?.. შენ რომ ჩვენი ამბავი და მდგომარეობა იცოდე, შეგვიცოდებ და შეგვიბრალებ… სირცხვილია, თავის მოჭრაა, შენ გენაცვალე, ამას რომ გეუბნები, მარა რაღაზე დაგიმალო, შვილო, რაობით დეიმალება ჩვენი ამბავი? ამასაც შევესწარით, ჩემო ანგელოზო, უფალმა ასე მოიღო ჩვენს თავზე!.. მადლობა უფალს, მადლობა უფალს, მადლობა! – და ამ სიტყვებთან მოხუცებულმა ქალმა ამ შარა გზაში, სადაც იგი შეხვდა სონიას, აღაპყრო ხელები ზეცისაკენ და მისი თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდნენ. – მარა, შენ რომ კაი ქალი ხარ, შესმენილი და გაგებული, ნუ დაგვკარგავ, შენ გენაცვალე, ამ ჩვენი გაჭირვებულობისათვის… შენ მაინც დაადგი შენი ბედნიერი ფეხი შენი ბიძიას ქოხში… ნახე გაჭირვებული, გაახარე, დაგლოცავს, დაგიმადლებს… საწყალი ვეღარსად მიდი-მოდის… რცხვენია ქვეყნის, ასე საწყლად და უბედურად რომ ჩავარდა… სახლის გარეთ ვეღარავის ეჩვენება…

სონიას გული აუჩვილა ამ უცნაური ქალის ნაამბობმა. თვითონ ეს დედაკაცი, სახეგამხდარი, დახეულ კაბაში და დახეულ ბაშმაკებით, შესაბრალისი და საცოდავი რამ იყო. სონიამ სიტყვა მისცა, უსათუოდ მოვალო და ვნახავ ბიძასო. როცა სონიამ დედამთილს უამბო ამ შეხვედრაზე და უთხრა, რომ მისვლას შეპირდა, ეკვირინეს არ ეამა ეს. რაც შეეძლო, სონიას არიდებდა ქმრის გაჭირვებულ ნათესაობას და ეფროსინესთან მით უფრო საჭირო იყო, მისი ფიქრით, შორს თავის დაჭერა.

– მისვლა კი არა!.. – წაილაპარაკა მან. – რა შენი საქმეა იმასთან ახლოს გაკარებაც კი!..

– რატომ, დედა? – გაუკვირდა სონიას.

– რატომ, და… რა ვიცი, შვილო, არაფერი შეგამთხვიოს!.. ჰმ!..

– რა უნდა შემამთხვიოს?.. – ეოცა სონიას მისი სიტყვები.

– ვინ იცის, შენ გენაცვალე… ცუდი სახელი აქვს ი უბედურს!..

– რა სახელი, დედა, ა?.. რა სახელი? – ჰკითხა სონიამ დედამთილს.

– მკითხავია და ამასთან უცნაურ რამე უბედურ საქმეებს აბრალებენ… ვითომ კუდიანიც კი იყოს… ათასი ცოდვა აწევს კისერზე მაგ უბედურს… ეგებ ტყვილიც იყოს ყველაფერი ეს, მარა ათასი რამე დაბრალებია და რა ვიცი, შვილო… ამიტომ გითხარი, ჯობია, რომ ერიდო მაგასთან დაახლოებას…

სონიას მეტად აკვირვებდა დედამთილის ეს სიტყვები. რა უნდა შესძლებოდა ამ გაფშიკებულ, მოტირალ, ერთი მუჭა დედაკაცს? დედამთილის ნათქვამმა გადააწყვეტინა უსათუოდ მისულიყო ლევანისას და უფრო ახლოს დაენახა ეს საკვირველი ქალიც, მისი ქმარიც და ოჯახიც…

სონიამ არ გაუმხილა ეკვირინეს, ისე გასწია მეორე დღესვე ბიძასთან.

ჩაადგა სონიამ ფეხი თუ არა ეზოში, ეფროსინემაც, სახლის წინ გადმოხურულში რომ იჯდა, დაინახა იგი, წამოვარდა, გაიბერტყა კაბა მტვერისაგან და თავსაფრის სწორებით, მომღიმარი სახით შეეგება სტუმარს.

– ვუი, შენ კი გენაცვალე!.. შენი ჭირიმე, შენი, ჩემო ანგელოზო! – მოეხვია ეფროსინე სონიას და გადაკოცნა. – მობძანდი, შენი ჭირიმე… მობძანდი, ჩემო თვალის სინათლევ, ჩემო!.. კი არ მეგონა თუ აასრულებდი შენს სიტყვას! – რაღაც გულდაწყვეტით თქვა მან.

– რატომ არა, ბიცოლა? რატომ იფიქრეთ, რატომ არ ავასრულებდი?..

– შენ კი გენაცვალა შენი ბიცოლა!.. შენ სხვა ქალი ხარ, სხვა ქალი ხარ, ჩემო მალხაზო! – ეხვეოდა მოხუცებული ქალი სონიას.

– ბიძია სახლში ბრძანდება? – იკითხა ამან.

– კი, შვილო… სახლშია, სახლშია, ჩემო მტრედო! – მტირალი ხმით მიუგო ეფროსინემ.

ამ ლაპარაკში ისინი მივიდნენ სახლთანაც, რომელიც უფრო ქოხს ჰგავდა. სახლის წინ მისავალი ისლით იყო გადახურული და დანარჩენი კი ყავრით; ყავარი მეტად გაშავებულიყო სიძველისაგან და ადგილ-ადგილ ჩამტვრეულიც იყო.

– როგორ უნდა მიგიღო აქ, ჩემო სინათლევ… სად უნდა დაგაჯინო, სად უნდა დაგაბძანო, შენს სულს ვენაცვალე! ისევ აქ ჯობია, ჩემო ბატონო! შიგნით სახლში ვერ შეგკადრებ შეყვანას, ვერა, შვილო, ვერა, შენ გენაცვალე! – და აწრიალებულმა ეფროსინემ მისწია იქით სიმინდის ფუჩეჩი, ერთი კალათა სიმინდიც, რომლის რჩევაში ის იყო სონიამ მოუსწრო, მონახა დაბალი სამფეხა ხის საჯდომი და სტუმარს მიართვა.

სონია დაჯდა. ეფროსინე შევიდა სახლში და კარი მოიგდო, ასე რომ სონიამ ვეღარ მოასწრო შიგ შეეხედნა და დაენახა იქაურობა. მან მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ამ ქოხის მეტი ეზოში არაფერი არ ჩანდა, სასიმინდეც კი არსად იყო. სახლის ზემოთ შემხმარი სიმინდი იყო, ჩალა უღონო, დაბალი. იქედან ჰქონდა ეფროსინეს მოტანილი ეს სიმინდი, რომელსაც ის იყო არჩევდა.

ცოტა ხნის შემდეგ ეფროსინე ისევ გამოვიდა სტუმართან და მას გამოჰყვა მაღალი ტანის, ცოტათი ბეჭებში მოხრილი მოხუცებული. ახალუხზე ყვითელი თასმის ქამარი ერტყა და ზემოდან გაშლილი, რამდენსამე ადგილას დაკერებული ჩოხა ეცვა; ახალუხის შეხსნილ საყელოდან უჩანდა ჭუჭყისაგან ძალზე გაშავებული პერანგი. მოხუცებულს მეტად სასიამოვნო პირისახე ჰქონდა, ახალგაზრდობაში ლამაზი კაცი უნდა ყოფილიყო. ეს იყო ლევან ქამუშაძე, ოტიას უფროსი ბიძა.

მან, შეშინებული კაცივით, გადმოაბიჯა ზღურბლზე, გაუბედავად მივიდა წამომდგარ სტუმართან, უნახავ რძალთან, და ხელი ჩამოართვა; მერე თვალებზე გადაისვა მარჯვენა ხელი, მიიხედ-მოიხედა და უცბად წამოიძახა, თითქოს მხოლოდ ახლა მოვიდა გონსაო:

– დაბრძანდით… დაბრძანდით, ბატონო! – და ისევ მიყუჩდა.

ეფროსინე მისჩერებოდა ქმარს თვალებაცრემლებული.

სონია დაჯდა. ცოლის სიტყვაზე ჩამოჯდა ლევანიც.

– შენი რძალია, ლევან… შენ რომ ნატრულობდი!.. – შემაღლებული ხმით მიმართა ეფროსინემ.

– ვიცი!.. – წყნარად ჩაილაპარაკა ლევანმა.

– შენ რომ ნატრულობდი მაგის შეხედვას… ა, თვითონ მოვიდა ახლა შენს სანახავად!..

– ღმერთმა ყოველი სიხარული და სიკეთე ანახოს… ღმერთმა, ღმერთმა! – ხელები აღაპყრო მოხუცებულმა; მერე ისევ ჩაჩუმდა და გაბნეულად დაუწყო მზერა ხან ცოლს, ხან სონიას და ხმას აღარ იღებდა.

თვალცრემლიანი, მიწაზე მორთხმული ეფროსინე მისჩერებოდა ქმარს და თავსაფრის ყურით ცრემლებს იწმენდდა.

– ასეა, შენ გენაცვალე, სულ ასეა… დილიდან მოკიდებული საღამომდინ ღამეც ერთს წეიძინებს და მერე ისევ ნათლად უნდა გაათენოს. – ათრთოლებული ხმით უთხრა სონიას და მერე მიუბრუნდა ქმარს: – ხომ გაგეხარდა, ლევან, ამის შეხედვა? ხომ გესიამოვნა?

– ჰმ!.. – გააქნია მან თავი ღიმილით. – ჰმ!.. – და ცოტა ხნის შემდეგ დაუმატა: – უკაცრავად ვარ, ბატონო, მე უნდა მენახეთ… მომელოცნა, მარა… – და მან მხრები აიშმუშნა, წარბები ზევით ასწია, მარჯვენა ხელი გაშალა და ისევ ჩაჩუმდა.

ეფროსინემ ისევ ცრემლები მოიწმინდა.

– აღარ არის, აღარ არის კაცი, შენ დაგენაცვლე! რა კაცი, რომ გენახა! – ხმა დაშვებით დაიწყო ეფროსინემ, რომელსაც თვალები მიაშტერა ლევანმა. – გაჭირვებამ ფიქრში ჩააგდო, სირცხვილმა, ყველასთან დარცხვენილად რომ გრძნობს თავისთავს, გული მოუხარჩა და რავარც ეხლა ხედავ, ასე მოაქცია. ბევრი ვებრძოლეთ სიღარიბეს, ბევრი ვითმინეთ, ბევრი ვიმაცადინეთ, მარა მაინც არაფერი გაგვეწყო… რაც დრო გადიოდა, უარესი და უარესი ამბები მოდიოდა ჩვენს თავზე… უმაცადინო კაცი არ ყოფილა, შენ გენაცვალე, მაგ საწყალი, მეც ცოტ-ცოტა შორიდან შემომდიოდა ხან ფულით, ხან ქათამი, კვერცხი, ღვინო, პური წამლის ფასად და სამკითხაოში… მეც ვუწყობდი ამით ოჯახს ხელს… მარა ოჯახს ბევრი რამ სჭირია; ქალიშვილები გვყავდა დასათხოვრები, ცოდვა აღარ მოვიკიდეთ, თავთავისი ბედი ყველას მივუჩინეთ ჩვენს წესზე და რიგზე… ვიგინდარას, შენი ჭირი შემეყარა, ვერ ჩავუგდეთ შვილი… ამას ბევრი მოუნდა… ვფიქრობდით, მერე რამეს ვიშოვიდით, მარა კი ვეღარაფერი ვიშოვეთ… საშოვარიც რომ აღარ არის, რა უნდა გვეშოვა! შვილები ჯავრით კინაღამ გადაგვერიენ, დაჰკრეს ხელი და ერთი აქეთ გადავარდა, მეორე იქით, ვითომ სოფლის გადაღმა, ეგებ ეშოვათ რამე, სახლში რომ აღარაფერი ეგულებოდათ… სად არიან, ჩვენთვის გოუგებელი შეიქნა!.. მოვალეებმა რომ შეგვაწუხეს, ცოტა რიგიანი სახლი გვედგა, ის გავყიდეთ, მოვალეები ცოტაზე შევაწყნარეთ ვითომ და ჩვენ ამ ქოხში შევიხიზნეთ დროებით, ჩვენის ფიქრით; მარა ამაში უნდა დავლიოთ ჩვენი წუთისოფელი, ცხადია. ა, შვილო, შეიხედე, რა საცოდავად ვყრივართ! ჩვენთვის არც სახურავია, არც საფარავი… თითქოს გარეთ ვეყაროთ… შენ შესმენილი ოჯახის შვილი რო ხარ, შვილო, შენი ბედნიერი თვალით რომ ამ ჩვენს ამბავს შეხედავ, შენ მაინც ხანდახან შეგვიცოდებ და შეგვიბრალებ, თვარა უიმედოდ ვართ, შვილო, უიმედოდ! ქალიშვილებია და, ვერც ერთი გასახარებელ ცხოვრებას ვერ ეღირსა, იმათგან რა შემწეობას და ხელისწყობას უნდა მოველოდე! ვაჟიშვილები იყვნენ და, ორივემ ასე მოგვიძულა, რომ მშობელს კი არა, ძაღლს არ მოიძულებენ, შენ გენაცვალე, ასე ძაღლს არ მოიძულებენ!

ლევანი უკმაყოფილების ნიშნად ამაზე შეიშმუშნა და წყენის გამოსათქმელად წამოიძახა: ”ჰმ! ჰმ!”

– ეგებ არც იმათ ჰქონდეთ რამე, ბიცოლა? – თქვა სონიამ.

– რა ვიცი, შვილო! აბა რითი ირჩენს თავს, ასე ცოლშვილიანად რომ გადავარდა ჯერ უფროსი და მერე უმცროსიც?!. ასე ამბის უკითხავად! ჩვენ რომ გვიყურო, ამას იტყვი, კაცისმჭამელს უნდა შეეცოდოსო, და შვილმა მიგვივიწყოს?! ა, ვარჩევ გამხმარ სიმინდს ყანაში თითო ტაროობით და მომაქვს, დავკაკლავ და ეგება ვინმემ სამოწყალოდ წამიღოს ეს ერთი კალათა წისქვილში დასაფქვავად. მრცხვენია, თავი მოვაწყინე ყველას დაფქულის თხოვით… ჩვენთვის, შვილო, არც საჭმელი, არც სასმელი, არც წყალი, არც შეშა… ცხელ საჭამადს ეგებ ორ-სამ დღეში ერთხელ ვეღირსოთ, თუ არა და ცივ ჭადზე ვაგდივართ, ჩემო შვილო! – და ეფროსინემ ისევ ტირილი დაიწყო.

ლევანი გაყუჩებული იჯდა. ახლა მას თითქოს არაფერი ესმოდა ეფროსინეს ლაპარაკიდან, ისე გულგრილად იმზირებოდა წინ.

სონია, გარეტებული იმით, რაც გაიგონა და რასაც თავის თვალით ხედავდა, ძლივს იმაგრებდა ცრემლებს. ამ სურათმა გული მოუკლა. ძლივს მოახერხა პასუხი მიეცა ეფროსინესათვის, როცა მან ისევ თავისი თავი შეაბრალა და სთხოვა, ხანდახან ენახულა საცოდავი ბიძა.

– ეგებ შენთან მაინც ამოიღოს ხმა… ეგებ შენი შეხედვით გონს მაინც მოვიდეს, თვარა ეს უბედური ასე დავარდა, ასე დაეცა! ჯავრობს, დარდობს, რატომ მოვესწარი ამ დღესაო. ფიქრობს რაღაცას, თავის თავს რაღაცას ელაპარაკება… რა ვქნათ, ალბათ, ასეთი ბედი გვქონებია უფლისაგან. ჯავრით და დარდით კაცი თუ სულ ხდება, თვარა რა საშველი ეძლევა, ჩემო გვრიტო!.. ველაპარაკები ამას, ვითომ ვამხნევებ, მაგრამ ვერაფერი ვერ შევასმინე… ამ ბოლო დროს ისე მოიქცა, რომ არ უნდა კაცს შეახედვინოს თავის თავზე… რა ვუყო, რა მოვახერხო, ჩემო სინათლევ!.. მაგის მამზერალი მეც ვტირი და ვჟივი… აბა რა ვქნა, რა შავ წყალში გადავარდე! ღმერთო, რა დაგიშავეთ ამისთანა! ვაიმე, ვაიმე, ვაიმე!

და მოხუცებულმა ქალმა ისევ ტირილი დაიწყო. ლევანი ისევ მიაჩერდა მტირალს, წამოდგა, მიბრუნდა, ორი ნაბიჯი გადადგა სახლში შესასვლელად, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო, უცებ უკან დაბრუნდა და ისევ დაჯდა თავის ადგილზე.

სონიამ ვეღარ გაუძლო ამათ ყურებას. გულამღვრეული, სასოწარკვეთილებით წამოდგა წასასვლელად.

– მიბძანდები? – ჰკითხა ლევანმა.

– უნდა გიახლოთ, – მიუგო ათრთოლებული ხმით სონიამ.

– მადლობელი ვარ, მადლობელი ვარ! ღმერთმა ბედნიერად გამყოფოს, ბიძიკო! ღმერთმა ყოველივე მწუხარება გაშოროს! მადლობელი ვარ ნახვისათვის! – მოხუცებული თითქოს გამოფხიზლდაო, რამდენზედმე კიდევაც გაჰყვა მიმავალ სონიას, მერე ერთი შედგა, უცებ მოტრიალდა, გაბრუნდა სახლისაკენ, წავიდა აჩქარებული ნაბიჯით, შევიდა შიგ და კარებიდან დაუწყო მზერა სონიასა და ეფროსინეს.

გულმოხარშული მიბრუნდა შინ სონია. ეკვირინეს არ გამოპარვია, თუ რა გუნებაზე დაეყენებია მაზლთან ყოფნას მისი რძალი.

– გითხარი, შვილო, ნუ მიხვალ-თქვა… აბა რა კარგს ნახავდი!

– რა ვნახე, რას ვუყურე, შენ გენაცვალე, რა ამბავია! – იძახოდა გულდათუთქული სონია. – რა მდგომარეობაში ჩოუგდია გაჭირვებას საცოდავები! ვაი, ვაი გაჭირვებული კაცის ბრალი! ღმერთო, რა მოგველის!

– ჰმ, გაჭირვება კი არა! – წამოიძახა ეკვირინემ. – კაცს, შვილო, შენი თავით მოგივა ყველაფერი ბედნიერებაც და უბედურებაც. თავიდანვე უწმინდურობაში და ღმერთ-გამწყრალობაში რომ გეეხვევი, კარგს რაღას უნდა მოელოდე ბოლოში!.. ახლა ტირის მაგ შავდღეზე გაჩენილი თავის საქმეს? აქამდისინ სად იყო? ყველაფერი, რაც მოუვიდა, მისივე ბრალია. თუ ჩემი პატივისცემა გაქვს, შვილო, შორს დეიკავე მასთან თავი. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, გამოუცდელი, და რაცხა არ მომიწიოს შენს თავს…

სონიას გულში მეტისმეტი სიბრალული იყო აღძრული ეფროსინესადმი და ამის გამო ეკვირინეს გაფრთხილებაზე უკმაყოფილებით და თან შეცოდებით წამოიძახა:

– რა უნდა მომწიოს იმ საბრალომ და საცოდავმა, რას ბძანებთ მაგას, დედა?!

დედაკაცმა, რომელიც მუშად ჰყავდა მოყვანილი ეკვირინეს და კეტის რტყმევით ლობიოს ფშვნიდა გამხმარი ჩენჩიდან, ჩაიცინა და თავი გააქნია.

– სალომე, სალომე! – დაუძახა ეკვირინემ. – ტყუილს ვამბობ, ჩემო სალომე, ტყუილს? არაფერი გაგიგონია შენ ეფროსინეზე?

დედაკაცმა კეტი დასდვა.

– თქვენზე მეტს მე რას გევიგონებდი, ჩემო ბატონო! – მანჭვით წაილაპარაკა მან.

– რავა არ გაგეგონება, შე ქალო? ქვეყანას მოდებული აქვს მაგის ამბავი და ნამოქმედარი! დასამალავი რაღაა!.. ქმრის ასე მოქცევას, ახლა რომ იგია, ეფროსინესვე აბრალებენ… ერთხელ სულწასაწყმედ გზას რომ დაადგა, კი აღარავის ზოგავს… თავისიც და გარეშეც, ყველა შეწუხებული ჰყავს თურმე… თვარა რა უჭირდა საწყალ ლევანს?! კაცური კაცი იყო, მარა მაგან აღარ გეიტანა, გული ამოაჭამა. გონება დოუბნია… კაცი დასანახავად შეიძულა. ყმად გეიხადა, რასაც უბრძანებს, ის არის, ის საწყალი!.. შვილები, ერთი ცოლშვილიანი, ვინ იცის, საით გადააგდო, რომ თავისუფლად ყოფილიყო შინ… ყველაფერი თავის კუდიანობით ნაქნარი და ნამოქმედარი აქვს!

სონია გაშტერებული მიაჩერდა დედამთილს, სალომემ მიატოვა მუშაობა და ეკვირინესთან გაება ლაპარაკში.

– ასე მოგახსენებენ, თურმე გული რომ მოუვა ქმარზედო, ფთებს გამოასხამსო და სახლის სახურავზე შეაფრენსო. ჰყავს იქ დაყუყული, სანამ გულს არ მოიჯერებსო და ატირებული კაცი თავს არ შეაბრალებს და ისევ არ დოუთქვამს ყველაფერში მორჩილად ყოფნას… იღლიებში ამოუსვამს თურმე, რაღაც წამალი აქვსო… საწყალს თურმე ამისი ეშინია და ხმის ამოღებას ვეღარ ბედავსო, რამე არ ეწყინოსო.

– კი, კი, იმიტომ აქვთ ისე ჩათელილი და მიწეულ-მოწეული სახურავის ყავარი!

– გუშინწინ ეყურებინა თურმე კიკოლას გოგოს, სურბულის რომ უძახიან, კინაღამ გადარეულიყო თურმე შიშისაგან! – საიდუმლოებით თქვა დედაკაცმა.

– მართალიც იქნება! – დაატანა ეკვირინემ. – იმიტომაც იქნებოდა ისე წყნარად და ხმის ამოღებაც ვერ გაუბედნია დღეს! მაგ რომ მართალი სულიერი იყვეს, ფარსადანა ტაბიძემ რომ შემოუთვალა, ლევანს მოვარჩენო, თუ შენ წინააღმდეგი არ გამიხდებიო და მკითხაობას თავს დაანებებო, რატომ უარით გეისტუმრა ის კაცი? რატომ?

– სხვების მეშინიაო… იმწამსვე მომკლავენო, შეეთვალა, თვარა თქვენ უკეთ მოგეხსენებათ.

– კი, კი, სწორედ მასე შოუთვლია! – დააბეჯითა ეკვირინემ. – ეგ თუ გინდ ყველაფერი თავისთავზედაა, მარა ომანს რას უპირებს, ჩემს მაზლს, მაგ სულწაწყმედილი?! ომანს რას უპირებს? თუ იმ საწყალ ბავშვს რამე დაემართა, ცოცხალი რავა გადურჩება, – ხომ იცი, რა მხეცია ის ვაჟბატონი, ჩემი მაზლი!

– მაგისგანაა, ვითომ, ქალბატონო, ის შენი მაზლისწული დასნეულებული?

– ეშმაკებმა იცის მაგათი თავი! ხომ იცი, მე მაგათ არ ვეკარები. მაგას კი აბრალებენ თურმე და პირში ეუბნებიან, ვითომ ეგებ ამით მაინც ააშვებინონ; მარა ვითომც არაფერი, დეიწყებს ტირილს, წამოყრის ცრემლებს, ააშვერს ხელებს და იწყევლება: ვინც ჩემს გაჭირვებასთან ყოველ უბედურებას მიგონებდესო, იმას ღმერთმა ასე და ასე გაჭირვებაც მიაყენოსო, გამწარებაცო, და… ვის გაახსენდება მისი ენის გამონათქვამი! ამით უფრო ახელებს მომდურავებს, ბავშვიც დღე-დღეზე თუ უარესად ხდება, თვარა გამობრუნებაში არ უდგა ფეხი.

– და მაგისაგანაა კი ნამდვილად, ქალბატონო? – ისევ გაიმეორა კითხვა დედაკაცმა.

– უსათუოდ! – მიუგო ეკვირინემ. – აბა რაღა მაგას დააბრალებდნენ?! სანამ მაგათ ლაპარაკი ჩამოუვარდებოდათ და რაღაც სამდურავი ერთმანეთში, ბავშვი კარგად იყო და რომ წეიჩხუბნენ, მეორე დღესვე გახდა ის ბავშვი ავად და მას აქეთია წვალობს, აღარც მორჩა, აღარც მოკვდა! მაგას აბრალებენ, ბავშვზე იყრის გულის ჯავრსო, ასე ამბობენ, და მართალია თუ ტყვილი, იმათ სულზე იყვეს, ვინც აბეჯითებდეს! რაც რომ იყვეს, მაინც მოსარიდალია ამგვარი ადამიანი, ჩემო სალომე!

– კი, ბატონო, კი, შენი ჭირიმე! რავა არაა მოსარიდალი? ვინაა, ჩემო ქალბატონო, თავის მტერი? – მიუგო სალომემ და ერთი მძიმედ ამოიოხრა.

სონია გაფაციცებით ყურს უგდებდა ამ უცნაურ ლაპარაკს, მაგრამ თანვე მისი გული საოცრად ტოკავდა; ამათი ნათქვამი საშინლად სტანჯავდა და ეს ეკვირინემ მხოლოდ ბოლოს შეატყო მას გაფითრებულ სახეზე. ეკვირინემ შესწყვიტა სიტყვა და სალომეს მიაძახა:

– კაია, კაი! თავი დაანებე მაგათზე ლაპარაკს, სალომე! კმარა, ფუი ეშმაკს! მაგ ლობიოს დოუშინე შენ მაგ ჯოხი, ის აჯობებს, მარა ლობიო არ გააბნიო, ასაბოჭი გაგვიხდება მერე, თუ ნამეტანი მიაბნიე-მოაბნიე იქით-აქეთ!

დედაკაცმაც, ეკვირინეს მაგვარად, სამჯერ გააფურთხა განზე და ისევ დაურთო კეტი ლობიოს ხმელ პარკებს, ისე რომ ყოველ მხრივ მიხტოდნენ გამსკდარი პარკებიდან ლობიოს მარცვლები.

სონიაც წამოდგა ღონემიხდილი, მოქანცული, შევიდა ოთახში და სასოწარკვეთილებით ამოსკდა გულიდან:

– ღმერთო, ღმერთო ჩემო! სად ჩამოვვარდი?.. სადა ვარ? ღმერთო! – მორეულმა ცრემლებმა მეტი აღარ აცალეს; აქვითინებულმა ბალიშებში ჩარგო თავი და ნანახით, ნასმენით და გულზე შემოწოლილი წუხილით გაბრუებულს ლახვარივით ესობოდა, თითქოს მას ურტყამდნენ ლობიოს მრჩეველ დედაკაცის კეტს, ბრაგუნი რომ ესმოდა, და ეკვირინესაგან დროგამოშვებით შეძახება: ”ლობიო არ დამიბნიო, ლობიო არ დამიბნიო, სალომე!”

VII

ამგვარი სურათებისა და ამბების ყურება სონიას ახლა თავისთავზე უფრო და უფრო ძალაუნებურად აკვირვებდა, თავის მდგომარეობაზე ანიშნებდა. ყველასაგან და ყოველი მხრიდან მხოლოდ გაჭირვებულ და შევიწროებულ ცხოვრებაზე ჩივილი რომ ესმოდა, იგიც შიშში ჩავარდა – ვაი თუ მეც ამათთანავე და ამგვარსავე მდგომარეობაში ვიყვეო და მხოლოდ ვერ ვამჩნევდეო. ეს შიში მით უფრო იპყრობდა, რომ რასაც ჯერ ხედავდა ამ ახალ ოჯახში, საიმედოს არაფერს უქადიდა მომავლისათვის, ვერაფერ ბედნიერებას იგემებდა მასზე მოიმედედ დამყარებული ადამიანი.

– ნუთუ მეც გაწვალებული და გამწარებული ცხოვრება მომელის?! – გაურბენდა დროგამოშვებით ყმაწვილ ქალს ფიქრი და მაშინ აუტანელი მოუსვენრობა და გულისწუხილი ერეოდა და ერთიმეორეზე უფრო უნუგეშო სურათები თვალწინ ეხატებოდა.

მაგრამ კარზე მომდგარმა შემოდგომამ, ცოტა არ იყოს, გადაავიწყა ყოველივე ეს მოსეული დარდები და ფიქრები. მთელი სოფელი აფუსფუსებული იყო; ყველგან სიმინდის ტეხა, მისი ზიდვა, ვენახის კრეფა. ყოველი მხრიდან მოისმოდა ურმის ჭრიალი და ხარების გასამხნევებლად მეურმეების შეძახილი. დილა ადრიანად მოკიდებული შუაღამემდის, მეტადრე მთვარიანში, განუწყვეტლივ იდგა ჰაერში ეს ხმაურობა, ჭრიჭინი ურმებისა და მუშების მხიარული ძახილი.

ამ საერთო მუშაობაში არც სონია დარჩენილა უსაქმოდ. იგიც გაიტაცა საზოგადო მოძრაობამ და უკან არ რჩებოდა არც დედამთილსა და არც ქმარს არავითარ მუშაობაში. თუმცა ეკვირინე თავს იკლავდა, რომ სიმინდის რჩევით ხელებს გაიფუჭებო, მაგრამ სონია მაინც არ იშლიდა, რჩევას არ ერიდებოდა და ქმარს ეხმარებოდა ურმით მოტანილ სიმინდიანი ძარის გადაგორებაში, ზიდავდა ვენახიდან ყურძენს კალათებით საწნახლამდის, რომელიც უფრო როფს ჰგავდა. ხანდახან ჩაფით ტკბილიც მიჰქონდა ჭურში ჩასასხმელად.

საწნახელში ჩამდგარი ოტია ღიმილით მისჩერებოდა ამ დროს ცოლს და მეტად უხაროდა.

– აკი გეუბნებოდი, შვილო, რომ ყველაფერში მალე გეეჩვევა-თქვა! ხომ ხედავ: ოქროა, ოქრო, ოქრო, მაგას ვენაცვალე! – აღტაცებით იძახდა ეკვირინე და, ყურძნის მარცვლებით რომ ითვლიდა გამოწურული ტკბილის რაოდენობას, თან უმატებდა თითო-ოროლა მარცვალს, რომ ბოლოს უფრო მეტი ეჩვენებინა რძლისათვის და ამით მისი გული გაემხიარულებინა.

– ძვირფასი რამ ქალია, შვილო! ძვირფასი!

– ეგ აგრეა, დედა, მარა სირცხვილში ვართ მაინც! – თქვა ოტიამ.

– რა სირცხვილში, შვილო?

– ნამეტანი ხელმოკლედ ვართ და…

– ჰმ!.. – წამოიძახა ეკვირინემ.

– ჩვენ შეჩვეული რომ ვართ ამ ხელმოკლეობაში ცხოვრებას, ჩვენ გვიჭირს და ვწუხვართ, მაგას კი… რაღა ლაპარაკი უნდა…

– სუ, სუ! – შეუტია ეკვირინემ. – სუ! აბა რაღას მოგყვებოდა, თუ შენთან მაგანაც ყველაფერი გაჭირვება და დალხინება ერთად არ გეიზიარა?! არა, შვილო, მაგაზე ფიქრს ნუ ჩეიგდებ გულში, თვარა ვინ იცის, სად არ წაგიყვანს, რას არ გაფიქრებინებს!.. სხვებს არც ჩვენოდენი აქვთ, მარა კი არიან დაწყნარებულად და დამშვიდებულად!.. შენ ნუ დეიწყებ მაგისთანებზე დარდობას და მაგ თავისთავად ყველაფერს შეურიგდება და შეიფერებს!

ოტიამ აღარა თქვა რა, გაჩუმდა, მხოლოდ თავი გაიქნია და მოჰყვა გულმოდგინედ ყურძნის ჭნეხვას. სონიაც დაბრუნდა ჩაფით ჭურის თავიდან.

აშკარა იყო, რომ ოტიას გულში რაღაც ხდებოდა, რომ მასში აღძრული იყო რაღაც ახალი აზრი, რომლის გამოთქმა სრულიად ვერ მოახერხა დედასთან, რომლის გავლენის ქვეშ მყოფი ოტიაც კი წინანდებურად ვეღარ გრძნობდა თავის თავს, წინანდებურად მოსვენებით აღარ იყო, თუმცა ამისი შემჩნევა მასში არც ისე ადვილი იყო. და ეს მაწუხებელი ფიქრი იყო სწორედ ის ხელმოკლეობა და გაჭირვებაში ცხოვრება, რომელიც ახლა ამ ქალის ცოლად მოყვანის შემდეგ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა მისთვის დღითი-დღე და რაც ათასგვარ ფიქრებს ახვევდა თავზე და აქამდის უცნობ დარდებს ჰგვრიდა. მისმა სინდისიერებამ რომ დააკვირვა ცოლის მდგომარეობაზე თავის ოჯახში, ამ ოჯახის ამბავი სულ სხვანაირად მოაჩვენა, დაანახვა და, თითქოს ბრმად ყოფილს, თვალები აეხილა. ამან ათქმევინა დედასთან ის სიტყვაც, რაც ასე ეწყინა ეკვირინეს. ამ თვალთა ახილვას, ეკვირინესი არ იყოს, ვინ იცის, სად არ მიჰყავდა იგი და რა აზრებს არ უღვიძებდა, რომ გზა ეპოვნა თავისი ხელმოკლეობის და გაჭირვებული ცხოვრების, სულ თუ არა, ცოტათი მაინც გამოსაბრუნებლად.

ასე თვალი რომ აეხილა და ეს ფიქრი რომ დაებადა გულში, სწორედ იმ წამიდან რაღაც დამნაშავედ ჩასთვალა თავისი თავი ცოლის წინაშე და მოვალედ გრძნობდა თავის თავს, საქმე გამოეკეთებინა და ამ მოტყუებული ადამიანის წინაშე მაინც რამოდენადმე პირნათლად გამოსულიყო. ოტიას რცხვენოდა ცოლის, მეტად მორიდებით იყო მასთან და მუდამ რაღაც საქმიანობაში, მუშაობაში იყო.

წლის მონაწევმა, ვერაფრად გაახარა მისი ცოლი. ახლა ოტიასთვისაც ცხადი იყო, რომ ბევრის არაფრის მქონებელი იყო. იგიც იმგვარადვე ჩაფიქრებული შეიქნა, როგორც მისი ყმაწვილი ცოლი, რომელიც გაფაციცებით თვალს ადევნებდა ყველაფერს, რაც წლის სარჩოდ შემოდიოდა, რომელიც ყველაფერს მეტის დაკვირვებით სინჯავდა და რომლის გული ამ დაკვირვებამ ვერ გაამხნევა და ვერ შეამაგრა, მხოლოდ უფრო დაამწუხრა და ააშფოთა.

როცა ორივე ცოლ-ქმრის გულში ერთნაირივე ცეცხლი ტრიალებდა უჩინარად, ეკვირინე თავისებურად ისევ გულგამხნევებულად, ისევ უდარდელად და მხიარულად იყო.

– მადლობა უფალს!.. მადლობა უფალს!.. მართალია, შარშანდელზე ნაკლები მოსავალი მოგვცა, მაინც არაფერია, სამდურავი მაინც არ ითქმის! გაისათ ორი ამდენი მოვა! – აიმედებდა იგი რძალს.

მაგრამ ამის ნაცვლად სონიას გულს უფრო მწუხარებას უმატებდა იგი. ამნაირი ლაპარაკი გაუტეხლობას ჰგავდა, თითქმის დაუდევრობას ნიშნავდა და ამით მხოლოდ თავს აბეზრებდა, მოხუცებული დედამთილი ახალგაზრდა ქალს. ყოველ სიტყვაზე წამოძახილი ”ღმერთი მოგვცემს”-ო, მისი გულმხიარულება და ხალისიანობა, რომელსაც ეს მოხუცებული ქალი არა ჰკარგავდა ამ სისაწყლეში და ღარიბულ ცხოვრებაში, გულს უსერავდა ყმაწვილ ქალს და თითქმის აძულებდა მის თავს. ეკვირინეს კმაყოფილება სონიასათვის გაუგებარი რამ იყო, მას ვერ წარმოედგინა, თუ ადამიანს შეეძლო ასე გულმხიარულად ყოფნა იმ მდგომარეობაში, რომელშიაც მათი ოჯახი იყო. და ამ ხალისიანი, კმაყოფილი და თავმომწონე დედამთილის ყურება აჯავრებდა, უსიამოვნებას ჰმატებდა და გულს უკლავდა. გულის დასამშვიდებლად და დასაწყნარებლად სონია მირბოდა ოჯახიდან ქველიძისას, სადაც იპოვა მეგობარი, რომლის სიახლოვეს ავიწყდებოდა თავისი ოჯახიც, გულშემაწუხებელი დედამთილიც და ყოველივე უსიამოვნობაც. ნინო შეიქნა მისი მფარველი ანგელოზი იმ დღიდან, როცა მას დაუახლოვდა. ნინოსთან მეგობრობა უადვილებდა მისთვის მძიმედ ასატან ცხოვრებას ქმრის ოჯახში. ამასთან ახალგაზრდა ქალი სარდიონის ოჯახში ისევ კეთილშობილად გრძნობდა თავის თავს, ისევ დაწინაურებულად, რაც გადამეტებით შელახული ჰქონდა თავის საკუთარ სახლში.

ეს ოჯახი, რომელიც ასე საყვარელი შეიქნა სონიასათვის, ერთ დღეს მართლადაც კარგი ოჯახი იყო. სარდიონ ქველიძე თავის კუთხეში რიგიან აზნაურებში ითვლებოდა ქონებითაც და დარბაისლობითაც; თავმომწონე აზნაურთაგანი იყო; და სწორედ ეს უკანასკნელი თვისება შეიქნა მიზეზი მისი კეთილდღეობის დარღვევისა. თავმომწონე აზნაურმა ფასი არ დასდვა ბატონყმობის გაუქმებისაგან შეცვლილ ცხოვრებას, მის ახალ პირობებს სრულიად წაუყრუა ყური, თითქმის ეჯიუტებოდა მათ ისევ ძველი ცხოვრების მიყოლით, სანამ ამ შებრძოლებამ რიყეზე არ გააგდო ეს მედიდური, ჯიუტი მებატონე, რომელიც გლეხებს სიახლოვეს არ იკარებდა, როცა ესენი განთავისუფლებას სთხოვდნენ.

– მოიცადეთ, ძმობილებო, ნამეტანი ადრე მირბიხართ! – ეუბნებოდა იგი გლეხებს.

მერე კი თავისთავად იძულებული შეიქნა ხვეწნა დაეწყო მათთვის, თავი დაიხსენით და ფული მომეცითო. ცოტ-ცოტად, ნაწილ-ნაწილად აღებული ფული მალე შეიჭამა, ნელ-ნელა ადგილებიც გაიყიდა და როცა, მისივე დაუდევრობით, უკანასკნელი ქონება ბანკს გააყიდვინა, მშრალზე დარჩენილმა სარდიონმა მხოლოდ მაშინ წამოცქვიტა ყურები, მაგრამ გვიანღა იყო.

რაც ახლა ცხოვრებისათვის მოუმზადებლობას უნდა დაეკლო მისთვის, მან თავისი მხრით თავისი დაუდევრობა და ჯიუტობა დაამატა და ამის წყალობით დარჩა თითქმის ულუკმაპუროდ, ყოველ საღსარს მოკლებული. ახლა კი აწრიალდა სარდიონი; საჭირო იყო რითიმე ერჩინა თავისი ცოლ-შვილი, რამე ეღონა, რამე გზა ენახა, ოჯახში ცოტაოდენი რამ შემოეტანა და წლიდან-წლამდის თავი გამოეტანა. იქით ეცა გაღარიბებული აზნაური, აქეთ ეცა, ბევრი იბრუალა და ბოლოს გადასწყვიტა, რომ სოფლის სასამართლოში ვექილობა დაეწყო, გლეხების საჩივრები ეწარმოებინა. ბევრს ვერაფერს მისცემდა ეს, მაგრამ მაინც სჯობდა სულ არარაობას.

გაერია წინათ ამაყი აზნაური გლეხებში, ჩარგო თავი მათ დავიდარაბებში, მოშივებული მგელივით აღარაფერს აღარ ერიდებოდა, ოღონდ კი რამე ეშოვა, რამეს გამორჩენოდა; უკან აღარ იხევდა განგებ აეტეხნა სადმე საჩივარი, რომ ერთ-ერთი გლეხი ხელში ეგდო და საპურედ გაეხადნა; ხშირად, როცა მოსახერხებელი იყო, ორივე მხარეს არიგებდა და მომჩივანისაგანაც და მოპასუხესაგანაც სარგებლობას არ ჰკარგავდა. დიდხანს არ გაუვლია, რომ მისი ხასიათი და მოქმედება ყველასაგან გაგებული შეიქნა, მაგრამ მიმსვლელი მაინც არ შემოჰკლებია; პირიქით, უფრო და უფრო ეტანებოდნენ, რაც ვრცელდებოდა მისი ახლართულ-დახლართული ნამოქმედარის ამბები.

და, აი ამ გზით ნაშოვარით გამოჰყავდა მას თავისი ოჯახი; ამ ნაშოვარით ცდილობდა გაჰყოლოდა ცხოვრებას. ცდილობდა დაეფარა ოჯახის დაქვეითება, დაემალა სიღარიბე და დაეცვა ოჯახის კეთილშობილება, გარეგნულად მაინც.

მისდა იღბლად ოჯახიც არა ჰყოლია დიდი ჩვენებურ პირობაზე: ორი ვაჟი ჰყავდა და ორი ქალიშვილი. ცოლი მისი მათათი იმ მხარეში ნახსენებ აზნაურ კაკაბაძეების გვართაგანი იყო, და მათათი, კრიალოსნით ხელში, ტახტზე მუხლმოკეცილი, მუდამ ამათზე ესაუბრებოდა შინაურებსაც და სტუმრებსაც, მუდამ იმათ ამბავში იყო. შვილებსაც ძლიერ დასჩემდათ თავისი გვარით და ნათესავებით თავმომწონეობა, ესენიც თავისიანების სიმამაცისა, ვაჟკაცობისა და გამოჩენილობის ხსენებაში იყვნენ გართულნი. ნამეტურ ეს ხასიათი ემჩნეოდა ქველიძის უმცროს ქალიშვილს ოლიკოს, რომელიც დედის გასაოცარი მსგავსება იყო ყველაფერში.

სულ სხვა იყო უფროსი ქალიშვილი ნინო, სარდიონისაგან სხვა შვილებში გამორჩეული საყვარელი შვილი. განსხვავებულ სილამაზესთან, ბუნებას მისთვის და-ძმათაგან განსხვავებული ხასიათი მიენიჭებინა: გულ-ლმობიერი, ნაზი, თავმდაბალი, ხალისიანი, გრძნობიერი, იგი გასაკვირველად იზიდავდა, იახლოვებდა და ხიბლავდა ყველას, ვისაც კი გაეცნობოდა. მართალია, წოდებრივი სიამაყე მასშიაც გამოსჭვიოდა, მაგრამ ისეთი საკვირველი მოხერხებულობით და წინდახედულად გამოაჩენდა ხოლმე, თუ შემთხვევა იქნებოდა, რომ სხვისი საწყენი და დამამდაბლებელი არასოდეს არ ყოფილა. და ეგ იყო სწორედ მიზეზი, რომ გლეხკაცობაშიაც კი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა მას ამით მოპოვებული. სიღარიბემ დაარჩინა იგი ოცდახუთ წლამდის გაუთხოვარი, მზითვის უქონლობამ, თორემ ბევრს კარგს მოუწადინებია მისი ცოლად შერთვა. და ამ მიზეზის გამო მას რომ დარჩენილად ხედავდა სარდიონი, დანაშაულად თვლიდა თავისთავს საყვარელი შვილის წინაშე, გულსა ხვდებოდა, რომ მის ბედნიერებას ვერ ხედავდა, რომ ქალიშვილის ამგვარი მდგომარეობა მამამისის წინდაუხედავი, გაუფრთხილებელი წინანდელი ცხოვრების შედეგი იყო.

ცეცხლი ეკიდებოდა მის შემხედვარე მამას, მორიდებულს მასთან, მზადმყოფს შეესრულებინა ყოველივე მისი სურვილი და ნანატრი, რამდენადაც გაუვიდოდა. რამდენჯერ გამწარებულ სარდიონს უფროსი ვაჟიშვილისათვის მიუმართნია, დახმარება უთხოვნია მისგან, რომ ეგებ ორივეს ძალ-ღონით ქალიშვილისათვის მისი საკადრისი გზა მიეცა!

– გადაადგი, შვილო, კარს გადაღმა გადაადგი, რაჟდენ, ფეხი! ეგებ შენც იშოვო რამე, კაცო, როგორც ზოგიერთები შოულობენ! გეინძერი, შე კაცო! ორივემ ეგებ რამე ვისაშვალოთ და მაგ საწყლებს, ორივეს თუ არა, ერთს მაინც ვუშველოთ!.. ცოდვაა და მერე შენთვისაც უფრო სამძიმო შეიქნება, მე ხომ მიდღემჩი არ გეყოლები! რა ვიცი, ჩემი ხნის კაცს ხვალინდელ დღეს რა მომელის!

რაჟდენი მართლა ჩაიცვამდა, გამოეწყობოდა, სადღაც კიდევაც გასწევდა, ეზოს გადაღმა ფეხს გადაადგამდა, მაგრამ მეორე-მესამე თვეზე შინ ბრუნდებოდა ისევ მამასთან, დაღონებული, რომ საქმე ვერაფერი იშოვა; სხვებთან კი დილიდან საღამომდის მხოლოდ იმის ამბებში იყო, თუ სად დალია, რამდენი და ვის აჯობა ღვინოში ამ უკანასკნელ მოგზაურობაში, ან და ვისთან ლაპარაკი და ყაილა შეხვდომია. სარდიონმა იცოდა, რომ ასე იქნებოდა, გული მოსდიოდა, უწყრებოდა შვილს, კაცად გამოუსადეგარობასა და დაგლახავებას უქადიდა, მაგრამ ამით არაფერი კეთდებოდა.

– ქვეყანა მაინც დაინახავს, რარიგად იცხოვრებ, ვაჟბატონო, მე რომ აღარ გეყოლები… ჰმ! უკვდავება ხომ არ მოუნიჭებია ჩემთვის უფალს, შე ღმერთგამწყრალო, ჩემი იმედით რომ აპირობ შენი წუთისოფლის გატარებას?!. ეგებ მე ხვალაც აღარ გეყოლო, რაღას შობი მაშინ?! რათი აპირობ გაუძღვე ოჯახს – ამას რატომ არა ფიქრობ, შე უსინდისო ვაჟბატონო?! ოცდარვა წლის კაცს რომ ამის გახსენება და ჩიჩინი ჭირდებოდეს?! ჰმ!..

სიკვდილის შიშმა ამ ბოლოს მაინც გასაოცრად ჩაიბუდა სარდიონის გულში. იმისი წარმოდგენა, იმისი აზრი, თუ ვის უნდა ერჩინა, რითი უნდა ეცხოვრა ცოლ-შვილს მისი სიკვდილის შემდეგ, საშინლად სტანჯავდა, სასოწარკვეთილებაში აგდებდა და სიცოცხლის დღეს უმწარებდა. იგი უკვე ხედავდა უიმისოდ დარჩენილებს, უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილთ, დამათხოვრებულთ, ქვეყნის შესაბრალისად გამხდართ; მისი ძვირფასი, უწყინარი, ანგელოზის მსგავსი ნინო მშიერი, მწყურვალი, დაკონკილი ეხატებოდა, უპატრონო; მის ძარღვებში სისხლი დგებოდა, თავბრუ ესხმებოდა და გაბოროტებული სარდიონი მოუსვენრად ბორგავდა, ერთ ადგილს ვეღარ რჩებოდა და ხან იქით მირბოდა, ხან აქეთ, თითქოს უნდოდა ამასობაში მიეფანტ-მოეფანტა შემოსეული, სულის შემაწუხებელი, გენიის ცეცხლის მომკიდებელი ფიქრები.

მისთვის ათასწილად სამჯობინარი იქნებოდა, ამ მწუხარების ატანის გამაადვილებელი, რომ ეს შვილი სრულიად არ მისცემოდა, ან და ამისთანა მშვენიერება არ ყოფილიყო. მისი სილამაზე, მისი გულკეთილობა, სინაზე, ტკბილი ხასიათი, მორიდებულება დედ-მამასთანაც და სხვებთანაც, ისიც, რომ იგი ყველას უყვარდა, ყოველივე ამის პატრონი არსება თითქოს ღმერთმა განგებ გაუჩინაო ამ კაცს, რომ მისით ჩაეხედნა თავის სინდისში, დაენახა ახლა მაინც, რისიც მქნელი ხდებოდა თავის დაუდევრობის გამო, თავის ამაყობისა და გაჯიუტებით რა ცოდვაში ჰქონდა ჩადგმული ფეხი, როგორ სატანჯველს უმზადებდა თავის სისხლს-ხორცს. თავისი ცოდვის სამაგიეროს მოძღვნილად ღებულობდა სარდიონი ყოველივე ამას და როცა ამასთანავე ნინოსაგან არ სმენია არა რაიმე საყვედურის გამომთქმელი სიტყვა, მის მშვენიერ სახეზე ღიმილის მეტი რომ არა შეუმჩნევია რა, რომ მისი წარბები არ შეყრილა უკმაყოფილების გამოსახატავად, – ყოველივე ამისაგან უფრო იჩაგრებოდა მოხუცი, უფრო სტკიოდა გული და უფრო გამწარებული იყო.

ვერაფერ ამას, რასაკვირველია, სონია ვერ ამჩნევდა ქველაძისას, ვერ ხედავდა და არც შეეძლო გაეგო აქაური ამბავი, რადგან ოჯახის ყოველივე ნამდვილი და ჭეშმარიტი გარემოება, რაც შეიძლებოდა, იფარებოდა და მიმალული იყო იქაურებისაგან. სონია უმზერდა გარეგნულ ცხოვრებას, ესმოდა თავადაზნაურობის ცხოვრების ამბები, წარჩინებულ პირებზე ლაპარაკი, სოფლამდე მოღწეული, მათი ნამოქმედარ-ნათქვამის ამბავი ”შემოსული” მოდების შესახებ და ამგვარები. რადგან კარგი ჭრა-კერვა იცოდა, ხშირად ეხმარებოდა ქალიშვილებს მათ საკერავში, რჩევას აძლევდა ფასონების ამორჩევაში, გულუბრყვილოდ ჰკვირობდა და იცინოდა, როცა ნინო სწყევლიდა უკანასკნელად შემოღებულ მოდებს, რომლისათვის მეტი ქსოვილი იხარჯებოდა და ისე იკვეცებოდა, რომ შემდეგ აღარაფრად გამოსადეგი აღარ რჩებოდა გამონაცვალი.

– თავს დავანებებ ამნაირად შეკერვას!.. ორი არშინი აკლდება ორივე სახელოს… რა ვუყო ახლა? – იტყოდა ხოლმე გულდაწყვეტით ნინო.

– ორი არშინი? – ჰკითხავდა დედა.

– აბა!

– აბა უნდა ვიყიდოთ, შვილო… – უნდა ვიყიდოთ… ვეტყვი მამაშენსა და გიყიდის.

– არა. არა… იყოს, ისე შევიკერავ… არ დევეძებ ამ მოდას! – გულდაკლებით წამოიძახებდა მაშინ ნინო.

– უბრალოდ როგორ შეიკერავ… საღა გამოაჩენ მერე! რაც მოდაა მოსული, შვილო, ისე უნდა გექნეს, რას იზამ!..

– არ ვიცი, ღმერთმანი!.. – წაილაპარაკებდა საკერავზე თავჩაღუნული ნინო. – როდის მომესწრება დასამატის ყიდვა, ვინ წავა ახლა მის საყიდლად?!

– გამგზავნს როგორ ვერ იშოვნი?! – სიცილით მიუგებდა ამაზე სონია, სრულიად დაშორებული იმ აზრს, რომ ნინოს სიტყვა მხოლოდ მიზეზი იყო; ნამდვილად კი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ შემოღებული მოდისათვის საჭირო ხდებოდა ფული და ის კი, მოდების დევნაში სახარჯავად კი არა, სხვა მოუცილებელი საჭიროებისათვისაც არ იყო. სონიას ვერ გაეგო ახალგაზრდა ქალიშვილის ყოყმანი, არ იცოდა, რომ ყოველი ახალი მოდა ამათთვის მეტი შემაწუხებელი რამ იყო, რადგან თავს ვერ არიდებდნენ დევნას რაოდენადმე მაინც და ამის გამო, შევიწროებულ მდგომარეობაში მყოფთ, მეტი სამძიმო ხარჯი მოსდიოდათ. ამიტომ სწუხდა კიდევაც ნინო და ამიტომაც იწვევდა ამდენ ლაპარაკს ეს საკერავისათვის დაკლებული ორი არშინი ქსოვილი. და ამ მიუხვედრობის მიზეზი იყო, რომ სონია არ ეშვებოდა, თავის მხრივაც ურჩევდა საყვარელ ამხანაგს, უსათუოდ წეემატებინა დანაკლისი და ამორჩეულ ფასონზე შეეკერა ”რუბაშკა”.

– ღმერთს ვფიცავარ, გასაოცრად დაგშვენდება!.. მაინც კარგი ხარ, მაგრამ ამ რუბაშკაში გასაგიჟებელი რამ იქნები, შენ ნუ მომიკვდები, ნინო ჩემო! – აღტაცებით ეუბნებოდა სონია, ასე რომ ოლიკოს გაეცინა კიდეც და თან წამოიძახა:

– არ გადარია ამ ჩვენმა ნინამ ეს ქამუშაძეები, ცოლიც და ქმარიც?!.

მათათიმ ერთი უნებურად გაიღიმა, მაგრამ მაშინვე მწყრომი სახე მიიღო და ქალიშვილს შეუტია:

– სად ისწავლე მაგნაირი ზრდილობა, შვილო? – და თავის უკმაყოფილების დასანახავად თავი გააქნია.

მაგრამ სონიას არ სწყენია ეს, როგორც კვლავაც, როცა ოლიკო აჯავრებდა მის დედამთილს ეკვირინეს, ბიცოლა ეფროსინეს და ბიძია ომანს, დათიას და მთლად იმათ კუთხის ქალებსა და კაცებს. სონია თავადაც გულიანად იცინოდა მაშინ, თავის მხრით ელიჩკას მასალასაც აძლევდა ამ დასაცინისათვის მეზობლების ამბების გადმოცემით. აქ ამ ოჯახში, თავის მაგვარ კეთილშობილებს რომ ხედავდა, ყოველ ხუმრობასაც ადვილად იტანდა. დაცინვაც საწყენად არ ურჩებოდა ამ თავისი ტოლებისაგან და ყოველივე ხუმრობას სიამოვნებითაც ისმენდა. გარდა იმისა, რომ აქაურობა იზიდავდა მას თავისი კეთილშობილური შეხედულებით, რომ ამითი კმაყოფილდებოდა მისი წოდებრივი გრძნობა და თავმოყვარეობა, მის თავში ისეთი აზრი ტრიალებდა ამ ბოლო ხანებში, რომლის აღსრულებითაც იგი სამუდამოდ დაუახლოვდებოდა ამ ოჯახსაც და სიკვდილამდის არ განშორდებოდა თავის ძვირფასს საყვარელს ნინოს, ეს აზრი იყო – ნინოს სარძლოდ აჩემება და სონიამ კიდევაც ორჯერ-სამჯერ მისწერა ამაზე დედამისს და ურჩევდა, ყოველივე ღონე ეღონათ და ბეგლართან ამის შესახებ მოელაპარაკნათ. საქმე მით უფრო ადვილად მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო, მისი აზრით, რომ ბეგლარსაც გაცნობილი ჰყავდა ქალიშვილი, როცა იგი ერთხელ დის სანახავად მოვიდა და, როგორც მაშინ ეტყობოდა, ძლიერ მოეწონა ლამაზი ნინო. ამ აზრს შეხაროდა სონია და მოუთმენლად მოელოდა ამის აღსრულების დღის შესწრებას, მანამდე კი, რამდენადაც შეეძლო, ცდილობდა განუშორებლად ყოფილიყო ამ საყვარელ არსებასთან, რომლის სიახლოვეს ავიწყდებოდა თავისი ღარიბი ოჯახი, თავისი დარდებიც, თავმომაბეზრებელი მოხუცებული დედამთილიც და ყოველივე უსიამოვნება, რაც ხვდებოდა ამ ახალ ადგილას, სადაც მისი გულის გამხსნელს და გამაღონიერებელს თითქმის ვერას ხედავდა ჯერჯერობით და, შეიძლება, სრულიადაც ვერ დაენახა ვერც შემდეგში.

VIII

ზამთრდებოდა. ფოთოლგაცვივნული, გატიტვლებული ხეები აღარ მალავდნენ, უფრო გამოაჩინეს დაბალი, პატარ-პატარა ზოგან მერცხლის ბუდესავით ფერდებზე მიკრულ-მიკოსებული სახლები, სახურავებიდან ამომავალი კვამლის შავ ბურთავდადგმული.

დღითი-დღე გაღონიერებული სიცივისაგან უფრო და უფრო იკრუნჩხებოდა, იკუმებოდა ყველაფერი, სადღაც იპარებოდა და დამალვას ცდილობდა, გარეთ გამოხედვას ერიდებოდა. სულიერი თბილ ბინას აღარ შორდებოდა. სოფელი მიწყნარდა, მიილუშა, ცხოვრება თითქოს შესწყდაო. კაცსაც ძვირად თუ დაინახავდა კაცი: ხანდახან თუ გაივლიდა ორღობეში წვივებამდის ფეხტიტველი, ძველებში გამოხვეული სოფლელი, ხან ურმით, ხან ტომრით ზურგზე წისქვილისკენ მიმავალი, როცა ნამეტან ამდგარი ტალახის გამო გზები შეიკვრებოდა ურმისათვის.

ტყვიისფერ ცისქვეშ საცოდავად გამოიყურებოდა სიცივისაგან შეშინებული არემარე, მყინავი, ნემსებივით მჩხვლეტავი ცივი ქარი უსიამოვნოდ სისინებდა გაფშიკებული ხის შტოებში.

ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მთლად მომარაგებული საზამთრო შეშა, ახლა კიდევ შეეძლო თითო-ოროლა გზობა მაინც მოევლო ურმით და თუ სადმე ეგულებოდა მოსაჭრელი რამე, იჩქაროდა მოეტანა სახლში, სანამ თოვლი სრულიად შეუკრავდა ყოველგვარ მისვლა-მოსვლას.

ოტიამ კარგა ძალი შეშა ჩამოზიდა საიდანღაც და ჯერ ისევ ზიდავდა. საცოდავი სანახავი იყო იგი ამ დროს – გაწუწული, ტალახში ამოთითხნილი, ქუდის მაგივრად ძველ ყაბალახით ყურებიანად თავშეხვეული, სიცივისაგან აკანკალებული, სახლში რომ შემოვარდებოდა და თბუნებას დაუწყებდა დაძრულ ხელებს ცეცხლზე, რომელსაც დილიდან საღამომდის უსხდნენ ორივე რძალ-დედამთილი. ცეცხლისაგან შეხურებულ ძველ ტანისამოსს ორთქლი ასდიოდა და ბურში გახვეული ოტია ციბრუტივით ტრიალებდა, რომ კარგად გამშრალიყო; წვივებზე შემხმარი ტალახიც სცილდებოდა და იქვე იყრებოდა ცეცხლის პირას მიწაზე. სონია თვალს არიდებდა ამ დროს ქმარს, მისი თავმომწონეობა მეტისმეტად ილახებოდა, ამ სურათს რომ უყურებდა.

– აწი, შვილო, ხარებიც შემოიყვანე, ჩალა ჩოუყარე და ბარემაც სადილიც ვჭამოთ… მეორე გზობას მერე იზამ… – ეტყოდა ხოლმე ეკვირინე შვილს.

– მაცალე, მაცალე, თუ ღმერთი გწამს! ხელები წამართვა სულ სიცივემ… გევითბობ, ძვლებს გავაგებინებ… თითებს ვეღარ ვხმარულობ… უცნაური ქარ-ყინვაა დალოცვილი… იმ მთებში მაინც! – მიუგებდა ოტია, რომელიც ცეცხლს ვეღარ შორდებოდა.

მაშინ ეკვირინე თვით წამოდგებოდა, შემოიყვანდა ხარებს სახლში, რადგან სხვა ბინის უქონლობის გამო საქონლისათვის ბაგა აქვე ჰქონდათ მოწყობილი, შემოათრევდა ორიოდე კონა ჩალას და თავის ხელით ჩაუტეხავდა ხოლმე მოშივებულ პირუტყვთ საჭმელს. მერე თავიანთ სადილს უბრუნდებოდა, რომელსაც აქვე სჭამდნენ ცეცხლის პირას, საქონლის ჩალის ხრამუნში და მათი ნეხვით აქოთებულ ჰაერში. რადგან უბუხრო მეორე ოთახში ცეცხლი არ ინთებოდა, – იქ გადამეტებული სიცივე იყო. მაგრამ სადილიც დიდხანს არ გრძელდებოდა, – ლობიოსა და ჭადს ხანგრძლივი შექცევა არ სჭირდებოდა.

დაიწყო თოვა და რამდენიმე დღის განმავლობაში სპეტაკმა თოვლმა მოჰფარა არემარე. სოფლისათვის რომ შეგეხედნათ, იტყოდით, თითქოს განგებ ჩაურგავთ აქა-იქ პაწაწინა ხის კოლოფებიო, ისე მოჩანდნენ სახლები იმ ღრმა თოვლში. ახლა სრულიად მიწყდა ყოველივე მოძრაობა, მისვლა-მოსვლა, შეიკრა მეზობლებშიაც სავალი გზები. ყველანი დაიბუდნენ თავთავიანთ სახლებში, უსხდნენ ცეცხლს და გარეთ გამოსვლას ერიდებოდნენ. ამგვარ დატყვევებულ-დამწყვდეულ მდგომარეობაში ჩავარდნილ სონიას სული უწუხდა; მისთვის აუტანელი ხდებოდა ქვეყნიერებასთან ეს დაშორება, თითქოს სადმე უდაბნოში იყო, თითქოს მის გარშემო სხვა სულიერი არავინ ყოფილიყოს ასეთი მოწყვეტილი და განმარტოებული ცხოვრებით, რომელითაც იძულებული იყო ეცხოვრა. ეკლესიაში წასვლასაც დიდის გასაჭირით ახერხებდა სულშეწუხებული. არ დარიდებია ხანდახან გზის სიძნელეს, ოღონდ კი ვინმე გარეშე ენახა, ვინმესთვის ხმა გაეცა; მაგრამ აქაც მხოლოდ მამაკაცები თუ იყვნენ, თორემ ქალები ძვირად გამოდიოდნენ.

რაკი ზამთარი დაიწყო, ნინოს ნახვის საშუალება სრულიად დაეკარგა სონიას. ხანდახან გარეშეთაგანი თუ შემოვიდოდა სიცივისაგან მოკრუნჩხული, ძველ კონკებში შეფუთვნილი ეფროსინე, რომ ოტიასათვის ეთხოვნა წისქვილში წაეღო დასაფქვავად მისი ორი-სამი ბათმანი სიმინდი, თორემ ისხდნენ ორივე დედა-შვილი და სონია ცეცხლის პირას, ეფიცხებოდნენ და დროს ამოკლებდნენ ერთმანეთში თავიანთ მოგონებათა გაზიარებით. დღეები მიიზლაზნებოდნენ, მიჰყვებოდნენ ერთმანეთს ერთფეროვანად, განუსხვავებლად, გულის მომკვლელ მოსაწყენისად, განსაკუთრებით მიუჩვეველ ადამიანისათვის, რასაკვირველია. დილით ადრე ადგომა, ცეცხლის დანთება, გასათბობად კერიასთან დაჯდომა, ცოტა ხნის შემდეგ სადილის თავდარიგი, სადილი, იქვე, როგორც შებინდდებოდა, ვახშმის მზადება, ვახშამი და მაშინათვე ძილი; მეორე დღესაც იგივე, მესამესაც; ასე ატარებდნენ კვირეებსა და თვეებსაც.

ეკვირინეც და ოტიაც კარგად ხედავდნენ, რარიგად უჭირდა ახალგაზრდა ქალს ამგვარი ცხოვრების ატანა; მათთვის ეს ადვილი წარმოსადგენიც იყო, რადგან იმათაც კი, შეჩვეულებსაც, ემძიმებოდათ ამნაირი მდგომარეობა; რამდენადაც შეეძლოთ, ცდილობდნენ გაერთოთ იგი სხვადასხვა ამბებით სოფლის ცხოვრებიდან, მაგრამ ეს ამბებიც მოსაწყენი ხდებოდნენ და გამართობელ სიცხოველეს ჰკარგავდნენ ამ გულის მომკვლელ ცხოვრებაში, მსმენელის დამძიმებულ ტვინში შთაბეჭდილებას ვეღარ სტოვებდნენ.

ამ დაყრუებულებაში მყოფ ქამუშაძეებს, ერთ დღეს, ის იყო სადილი რომ გაათავეს, უეცრად მოესმათ რაღაც ყვირილი, კივილი და ხმაურობა. ყვირილის ხმა თანდათან მატულობდა, უფრო და უფრო მკაფიოდ მოისმოდა.

ოტია მივარდა კარებთან და გაიხედა, უნდოდა გაეგო, თუ საიდან მოდიოდა ხმა; იქვე დაყურებულნი იყვნენ რძალ-დედამთილიც.

– ლევანისასაა ეს ხმა, ან და ომანისას! – წამოიძახა ცოტა ხნის შემდეგ ოტიამ.

– ბავშვი თუ მოუკვდა ომანს! უსათუოდ!.. კი, კი! უსათუოდ ასე იქნება! – წამოიძახა ეკვირინემ.

– კი, მარა შეცხადებას რომ არ ჰგავს! – თქვა ოტიამ. – რაღაც სხვა ამბავია… უცნაური ამბავი! უყურეთ, უყურეთ!.. ყაბალახი მომე, დედა!.. წავალ ერთი, გევიგებ მაინც, რა არის…

– გეიგე, გეიგე, შენი ჭირიმე!.. აჰა, შეიხვიე კარგად, ყურებზე არ შეგცივდეს!.. ჩოხა შემოიხვიე კარგად, კარგად… სიცივემ არ შემოგკრას, ცეცხლთან ნაჯდომი ხარ!.. – მისძახოდა ეკვირინე ოტიას, რომელმაც თავზე მოიხვია ყაბალახი, ამოიკრა ჩოხის კალთები და, რამდენადაც ეხერხებოდა, მუხლებამდის თოვლში აუჩქარა ზევითკენ, თავისი ბიძებისაკენ, საიდანაც ხმა ისმოდა.

ხმაურობა სწორედ ომან ქამუშაძის შვილის გამო იყო ატეხილი. დილიდან ცუდად შექმნილი ბავშვი, სადილობის ხანს უკანასკნელ მდგომარეობაში ჩავარდა და გამწარებულმა მისმა მშობელმა, სისხლმორეულმა, უცბად დაავლო ხელი უშველებელ კეტს და ერთი დამუქრებით და ქადილით გადავარდა იმისკენ, ვისაც ბრალს სდებდა შვილის სიკვდილის პირზე მიყენებაში.

ეფროსინემ ბედად თვალი მოჰკრა კეტით თოვლში მობაჯაჯგუნე თავშიშველა, თმაგაბურძგვნილ მაზლს და მიხვდა, რომ იგი მასთან მორბოდა გაბრაზებული, მიხურა ისევ კარი და შიგნიდან გადარაზა.

– სად დამემალები, სად? – შორიდან მიაყვირა ომანმა. – სად გამექცევი, შე წყეულო, შე არაწმინდავ… შე კუდიანო, უღვთო, ურჯულო, შეჩვენებულო! მოგკალი ეს-ეს არის, ოუშვი… თავი გაანებე ბავშვს, თუ არა, ეს არის გაგათავე, იცოდე! არ გესმის, შენ ეი!.. ეი! – საზარელი ხმით შეჰყვირა გამხეცებულმა კაცმა სახლთან რომ მივიდა და, რაც ღონე ჰქონდა, კარებს დაუშინა კეტი. – ურჯულო!.. ურჯულო! ოუშვი-მეთქი, ნუ მიკლავ შვილს, ნუ მიკლავ შვილს, მითქვამს შენთვის! თავი გაანებე, თვარა ეს არის გაგაცხებინე სული!.. ეი, ეი! მალე, მალე, მალე! – და ამ თავზარდამცემ ღრიალთან იგი ისევ უმოწყალოდ სცემდა კეტს, რომ ჩაემტვრია კარები და ხელში ეგდო მისი გამამწარებელი დედაკაცი.

შიგნიდან არავითარი ხმა არ ისმოდა, თითქოს სახლში არავინ იყოო. ომანი ისევ ღრიალებდა უცნაური ხმით, ისევ ცდილობდა კარების ჩამტვრევას. მოირბინა მისმა ორმა ქალიშვილმაც და მამასთან ერთად ახლა ესენიც გაჰკიოდნენ კარებთან და უყვიროდნენ ეფროსინეს, რომ მომაკვდავი ბავშვი აეშვა და სიცოცხლე დაებრუნებინა მისთვის.

ხმაურობაზე მოირბინა ორიოდე გლეხმაც, რომელნიც შეეცადნენ ომანის დაწყნარებას, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს ვერც კაცთან და ვერც ქალებთან.

– მოითმინე, ომან, მოითმინე ღვთის გულისათვის! – ეხვეწებოდნენ და აწყნარებდნენ გააფთრებულ ომანს გლეხები.

– გარეთ გამოეთრეს მაგ კუდიანი! თვალით დამენახოს მაგ ურჯულო, თვალით დამენახოს!

– ოუშვას, ოუშვას, კოწია ოუშვას!.. ნუ კლავს! – ჰყვიროდნენ ქალიშვილები.

– რა ვუქენით საამისო მაგ არაწმინდას, ასე კბილი რომ ჩაასვა საწყალ ბავშვს?!. ლაპარაკი ვის არ მოსვლია მეზობლობაში?! მოვკლავ, მოვკლავ, ამ წუთში მოვკლავ, ჩემს ცოდვაში ფეხს ნუ იდგამს!.. სად მემალება? სად მემალება მაგ დაწყევლილი, სად?.. სად?.. სა-ა-ად?! – და ომანმა ისევ დაუშინა კეტი კარებს, ისე რომ ფიცრების ნატკეჩები აქეთ-იქით იფინებოდა.

ამ დროს ოტიამაც მოასწრო. რა თვალი მოჰკრა, რაც ლევანის კარებთან ხდებოდა, იგი გამოიქცა, რამდენადაც შეიძლო გამოჩქარება თოვლში, მოვარდა გადმოხურულში და ბიძას მიაძახა მწყრალად:

– რა ამბავია?! რას შვრებით ამას, ხომ არ გადარეულხარ, ხომ არ გაგიჟებულხართ, მითხარით ერთი?.. – მისწი-მოსწია ქალიშვილები და მიეფარა კარებს.

– იქით!.. იქით!.. ჩამომეცალე! – შეჰყვირა ომანმა. – იქით, თვარა შენც მიგაჭყლეტ მანდვე… გამეცალე!.. მითქვამს შენთვის!

– სად გაგეცალო?.. ადამიანს მოკვლას უპირობ და გაგეცალო?..

– თავი გამანებე-მეთქი!.. თავი, თავი!

მაგრამ ოტია ეცა ხელში და კეტის წართმევა მოინდომა. მაშინ ქალიშვილები მიაფრინდნენ მას; რამდენიმე გლეხი ჩაერია ამათში და მოინდომეს ომანის დახელცარიელება. შეიქმნა ერთი ყვირილი, ჯიგლიგი.

– ეფროსინე, ეფროსინე! – მივიდა კარებთან მოხუცებული გლეხი. – გამოიხედე ერთი… ერთი სიტყვა მაინც თქვი, დალოცვილო, კაცი დაამშვიდო ეგებ! არ გესმის?! ნუ გეშინია, აგერ ვართ ამდენი ხალხი!..

რამდენიმე განმეორების შემდეგ, რომლის განმავლობაში დანარჩენები ისევ ომანთან ჯიგლიგში იყვნენ, კარი გაიღო და გამოჩნდა მიწისფერ გადაკრული ეფროსინე.

– რა გინდათ?! – გადმოიძახა ერთი წელში გამართულმა, დოინჯშემოყრილმა ლევანმა. – რა გინდათ?! – შეუყვირა წყრომით და, მეტის ჯავრისაგან ათრთოლებული, სიტყვას რომ ვეღარ ახერხებდა, შერჩა ერთ ადგილას გაქვავებულივით.

– გამიშვით! – დაიღრიალა ომანმა. – გამიშვით, დამალევიეთ მაგის სისხლი… მაგისი!.. ნუ მიკლავ, შე არაწმინდავ, შვილს, ნუ, ნუ, არ გესმის, შე უღვთო?! ა, არა?! – მიაყვირა მებრძოლმა ომანმა, რომელსაც ვერას გზით ვერ მოუხერხეს ხელიდან კეტის გამოგლეჯა. ქალიშვილებმაც მოინდომეს კარებისაკენ გაწევა, რომ სცემოდნენ ეფროსინეს, მაგრამ ორმა გლეხმა გზა გადუღობა მათ, აღარ მიუშვეს და ისინი შორიდან ქაქანებდნენ.

– გაანებე თავი, ეფროსინე… თუ მართლა შენგან არის, შენი მიზეზითაა ის ბავშვი, მიუტოვე, აპატიე, ნუ ჩადგამ ფეხს ცოდვაში… რაც არ უნდა იყვეს, თქვენი სისხლ-ხორცია მაინც!.. – მიმართა მოხუცებულმა გლეხმა.

– მომკალით, მომკალით ახლავე!.. – შეჰყვირა ეფროსინემ.

– გაანთავისუფლე!.. იმხელა ოჯახს ორი ვაჟის მეტი არ ჰყავს!.. მუშა ხელს ნუ მოაკლებ, ეფროსინე!.. თუ შენითაა… ოუშვი!

– ოუშვი, ეფროსინე, თუ რამე შენგანაა! ნუ შვრები მაგას! – მიაძახა კიდევ ერთმა-ორმა გლეხმა.

ეფროსინემ გადმოაბიჯა ზღურბლზე, აღაპყრო ხელები მაღლა ზეცისკენ და გამწარებით შესძასა:

– შენ მოჰკითხე, შენ მოჰკითხე, ჩემო გამჩენო, პასუხი, შენ მოჰკითხე პასუხი, ვინც მე ათასნაირ უბედურებასა და უცნაურობას მახვევდეს და მიგონებდეს, შენ მოჰკითხე!..

ღაღადი არ გაეთავებინა მას, რომ ეზოში ღობიდან გადმოხტა პატარა გოგო, რომელიც თოვლში ეფლობოდა და თან გაჰკიოდა:

– მამა, კოწია მოკვდა, კოწია მოკვდა… მამა! მოკვდა კოწია!..

ამის გაგონებაზე ერთი წუთით ყოველივე მიწყნარდა, მიყუჩდა.

– მოკვდა კოწია, მამა! – წამოიძახა თოვლიდან წამომდგარმა გოგომ. ქალიშვილებმა ერთი უცნაური ხმით შეჰკივლეს და ომანიც შეინძრა ისეთი ღონით, რომ ყველანი აქეთ-იქით მიჰყარ-მოჰყარა და ეფროსინესკენ ისკუპა.

ამ უკანასკნელმა გაქცევა დააპირა, შევარდა თოვლში, მაგრამ ცალკე თოვლი არ უშვებდა, ცალკე კაბაც ეხვეოდა ფეხებში; ათიოდე ნაბიჯი კი მოასწრო გადაედგა, რომ იქვე ჩაიკეცა, წაიქცა, და ამავე დროს მიწეულ გაბოროტებულ, გააფთრებულ ომანისგან მოქნეული კეტი მარჯვენა ბეჭზე მძიმედ დაეშვა. ერთი კი შესწივლა საცოდავმა და თავი ჩაჰყო თოვლში.

– მოჰკლა, მოჰკლა! – ერთხმად წამოიკივლეს ეკვირინემ და სონიამ, რომელთაც გულმა ვეღარ მოუთმინათ ოტიას დაბრუნებამდის ამბის გაუგებლობა, ხმაურობას ამოჰყვნენ და ის იყო ლევანის ეზოში შემოვიდნენ.

ომანმა კიდევ მოიქნია კეტი, უნდოდა მეორედ დაერტყა გრძნობამიხდილი მოხუცებულისათვის და კიდევაც უსათუოდ იქვე გაათავებდა, რომ ისევ ოტიას არ ემარჯვნა და ხელებში არ სცემოდა ბიძას და ორი გლეხის დახმარებით არ წაერთმია კეტი მისთვის.

ახლა ომანმა დაიწყო ყვირილი და გინება უშვერი სიტყვებით; ისევ იმუქრებოდა და თან სტიროდა შვილს ცხარე ცრემლებით; ქალიშვილები ქაქანით და მოთქმით გაემართნენ ეზოდან. ცოცხალმკვდარი ეფროსინე ამოიღეს თოვლიდან და წაიღეს სახლისაკენ.

– ომან, სულის წაწყმენდა მოინდომე?! ღმერთის აღარ გეშინია?! – მივიდა ომანთან ეკვირინე.

– საწყალი ბიცოლა! – ტირილში ამოსკდა გულიდან სონიას.

– მაგია საწყალი, მაგ შეჩვენებული?! – დაიყვირა ომანმა. – მაგია საწყალი?! ოჰმე, ოჰმე… ცოცხალია კიდევ? ვერ მოვკალი, ვერა? მაგ უნდა შეიბრალოს ქრისტიანმა?! რა მიქნა, რა მიქნა?! ვაიმე, შვილო, შვილო, შენი ჭირიმე! შენ რა აწყენიე, შე უბედურო, შენგნით რა შეხვდა, რომ ასე მოგისპო დღე!.. წამოდი, წამოდი, შენი ჭირიმე… რა შვილს გამომათხოვა, რა საიმედო შვილს გამაშორა მაგ ურჯულომ, მაგან!.. სად წამივა, რითი გადამირჩება, სით აპირობს გაქცევას, სით?! – მან მოჰკიდა ხელი სონიას და გასწია თავისი სახლისკენ.

შესაბრალისი შესახედავი იყო ეს მართლა დათვის მსგავსი უშველებელი კაცი, ბავშვივით რომ ღრიალებდა და მოსთქვამდა. სონია მორჩილად მიჰყვებოდა; უკან ეკვირინეც მისდევდა და რამდენიმე გლეხთაგანიც. ოტია და ორიოდე სხვა ეფროსინესთან დარჩნენ.

ომანის სახლიდან ერთი ღრიალი მოისმოდა. ამათ მისვლაზე ღრიალმა უფრო იმატა.

ცეცხლის პირას სკამ-ლოგინზე მდებარე ახლად მიცვალებულ ათი-თორმეტი წლის ბავშვს გარს შემოსეოდნენ დედა და დები და გულშემზარი ხმით დაჰკიოდნენ და დასწიოდნენ თავზე. ამათ ზრიალს ახლად მოსულების ტირილიც შეემატა.

– ადექი, ადექი, შვილო!.. შენი ჯერეთ გაუცნობელი რძალი მოგივიდა, ხმა გეეცი, შე უბედურო! ხმა გეეცი, შვილო!.. ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, აღარაფერი ესმის, აღარაფერი! – შეჰყვირა გამწარებულმა დედამ და თავს ურტყამდა გაცივებულ გვამს.

სონიამაც და ეკვირინემაც მიუტირეს ჭირისუფალთ, ცოტა ხანს დარჩნენ და შინისკენ გაბრუნდნენ. გზაში კიდევ კარგა ხანს ესმოდათ ტირილის ხმა.

– რა საცოდავად ყოფილა, ბეჩა, ეს უბედური ომანი! – მისდა უნებურად წამოიძახა სონიამ.

– საცოდავად არიან, აბა!.. მარა მაინც არ წყნარდებიან, ყოველთვის ერთს შფოთსა და უბედურებაში არიან. ვერაფერმა ვერ დაამშვიდა… ვერც სიღარიბემ და ვერც სიღატაკემ. ისევ ეგებ სიმდიდრეში შველებოდათ რამე, მარა მდიდარი არც წინათ ყოფილან და აწი რაღა უბედურობამ უნდა გაამდიდროს!..

ეს დაცინვასავით ნათქვამი ეკვირინესაგან უსიამოვნოდ მოხვდა სონიას გულზე და ლაპარაკი ეფროსინეზე გადაიტანა.

– ამ უბედურ ბიცოლა ეფროსინეს რაღას ერჩოდნენ, მისი რა ბრალია, საწყლის? რა შეუძლია საცოდავს, რომ მისით ან მოკვდეს ან გაცოცხლდეს ადამიანი!.. ღმერთო ჩემო, ეს უგუნურობაა, მეტი არაფერი! – თქვა გულაჩვილებულმა სონიამ.

– ვინ იცის, შვილო, ვინ იცის!.. რავარც კი არ გითხარი, ათასნაირ უბედურებას სწამებენ მაგ შავდღეზე გაჩენილს და მაგ კერპი, გაუტეხელი, მაინც არაფერს არ ერიდება და არ იშლის… მაინც მკითხაობს, რაღაც წამლებს არიგებს. ვის რას არ ელაპარაკება, რითი არ აშინებს ზოგიერთებს. შეიძლება ყველაფერი ტყუილიც იყოს, განგებ სჩადიოდეს, რომ ხან რამე იშოვოს, ხან ვინმე შეაშინოს და მორიდებაში იყოლიოს. საწყენი მისთვის ვერავის გაუბედნია… შეიძლება ასედაც იყოს, მარა მთლად სოფელს ასე აქვს ჩაგონებული მაგისი ამბავი, რომ ვეღარავის ათქმევინებ, თუ ყველაფერი, რასაც კი მაგაზე ამბობენ, მართალი არაა… თავისთავს დააბრალოს… ხომ ნახე, რა დღე დააყენეს? ყველაფერი თავისთავს დააბრალოს! შენ კარგად მყავდე და მაგათ თავი უტეხიათ, ერთმანეთიც ამოუწყვეტიათ… წყდებიან ხომ მაინც! ღმერთო, ნუ მიწყენ და იმ ბავშვის სიკვდილი, კაცმა რომ თქვას, მადლიცაა – რა ცხოვრება მოელოდა საწყალს, რომ გაზრდილიყო… იმდენ სულში, რაც იმ ოჯახშია, რა უნდა რგებოდა მას, რა შეხვდებოდა საწილოში? მადლიცაა, ცხონდა ჩემი სული, მადლიცაა, რომ ასე უმანკოდ გაშორდა ამ სოფელს – სასუფეველი მაინც არ დაეკარგება მის ანგელოზად წასულ სულს, თვარა, რომ დაცლოდა და გაზრდილიყო, ვინ იცის, რა გზას დაადგებოდა… სიღარიბე და შიმშილი კუჭს გოუხურებდა… ცოტაა ამის მაგალითი ახლა ჩვენში?!

სონია, რომელიც ძლივს ადგამდა ფეხს თოვლში და სიცივისაგან კანკალებდა, ეკვირინეს ამგვარმა ლაპარაკმა სრულიად მოღალა, მოქანცა და განძრევის ღონე წაართვა; გულდაღონებულმა სიარული ვეღარ შეიძლო და ბოლოს კიდევაც შედგა და ერთი ღრმად ამოისუნთქა… ამ მოხუცებული ქალის წინდაუხედავი ლაპარაკი, მისგან ამ ბოლოს ნათქვამი ახალგაზრდა ქალს საკუთარ მდგომარეობას აგონებდა და მისი შეხედულებით, მისი დაკვირვებით ეს მდგომარეობა ბევრით ვერაფრით განირჩეოდა სხვების მდგომარეობისაგან, რომელზედაც ისე უყვარდა შებრალებით ლაპარაკი ეკვირინეს. სონია თავისთავს ხედავდა იმნაირსავე ყოფაში, რანაირშიც, ეკვირინეს სიტყვით, მისი ქმრის ნათესავები და მეზობლები იყვნენ; თავზარდაცემული, შიშშეპყრობილი სონია განძრევასაც ვეღარ ახერხებდა; გონება ეკარგებოდა, სიცივისაგან სხეული უცახცახებდა და გული უწუხდა უნუგეშო მომავლის წარმოდგენით. ამგვარ ყოფაში მოუსვენრად იმეორებდა:

”აბა რაღა ვქნა?! რაღა ვქნა?! რაღა ვქნათ, ღმერთო, ღმერთო!..” – მას სრულიად მოესპო განძრევის ღონე.

– გამოიარე, გამოიარე, შენ გენაცვალე!.. გამოიარე, ნუღა შეჩერდები, თვარა ეს სიცივე უარესად შეგაწუხებს… უიმე, რავა კანკალობ, შენი ჭირი შემეყაროს! მოერიე თავს და მალე თბილ ცეცხლთან ისევ გამობრუნდები… ნეტავი სულაც არ წამომეყვანე… კისერი უტეხიათ მაგათ – შენ რა გასარევი ხარ მაგათში, რომ მათი ამბავით თავი შეიწუხო!.. ა, შენ დეიბიჯგე ეს ჯოხი, გზას გაგიადვილებს… ა, შენი ჭირიმე! – და ეკვირინემ, ხელში რომ გრძელი ჯოხი ჰქონდა, სონიას გადასცა.

სითბომ, ცეცხლმა სიცივე დაავიწყებინა სონიას, მართალია, მაგრამ წარსული და გაგონილი ზედ დაერთვნენ წინანდელ განაგონს, ნანახ უხალისო სურათებს და ამ კარჩაკეტილი სოფლის ზამთრულ ცხოვრებაში მუდამ მის გონებას ეხვეოდნენ, მასთან განუშორებლად იყვნენ, ესეოდნენ და თითქოს მისი ჟინი სჭირდათო, უცნაურად იშლებოდნენ, იმგვარად უხატავდნენ ყველაფერს, რაც მის გარშემო იყო, რომ მათგან დაჩაგრულს, გული უკვდებოდა და სული ეხუთებოდა. მასში იღვიძებდა შიში აქაური ცხოვრების წინაშე, და ყოველსავე ამას ხელს უწყობდა ეს მოსაწყენი, დამტანჯველი, სოფლის კაცისათვის დამატყვევებელი, კარის ჩამკეტავი, ქვეყანას გამაშორებელი სოფლის ზამთარი, რომელიც არა თუ სონიას, შეჩვეულ ეკვირინეს და ოტიასთვისაც მძიმე ასატანი ხდებოდა, და რომლის მალე დათავებას თავმობეზრებულნი, ცეცხლის პირას გდებულნი, დღე მუდამ ღმერთს შესთხოვდნენ.

IX

როგორც იქნა დასასრული მიეცა სულის შემხუთველ ზამთარსაც. გაზაფხულის დღეებიდანვე შემთბარ ბუნებასთან ერთად იღვიძებდა, სიცოცხლეს უბრუნდებოდა ყოველივე სულდგმული, წელში იმართებოდა ტყევეობისაგან განთავისუფლებული და მხიარულად გამოიყურებოდა. განახლებული ბუნება იმოსებოდა, ირთვებოდა და იკაზმებოდა; მაყურებელს გულს უხალისებდა; განოყიერებული მიწა, მზის თბილი სხივების ქვეშ შემშრალი, სამუშაოდ იწვევდა ადამიანს და გულს უვსებდა მომავალი შესაძენის ათასნაიარი იმედით. ეს საერთო გამოფხიზლება, გაფურჩქვნა, სითბო, სინაზე, ატეხილი ჟრიამული ფრინველთა, მათი ჭიკჭიკი, ეს საყოველთაო სიმხიარულე და ხალისიანობა ადამიანის გულსაც ახალისებდა, იერთებდა მას, ამას წინათ ტყვედ ყოფილს, და თითქოს რაღაცას ჰპირდებოდა მომავალში, ამხნევებდა, თითქოს უკეთეს მომავალს უქადიდა.

გულშეღონიერებული მუშა, შეხალისებული ამ იმედით, სამუშევრისკენ მიეშურებოდა – დროით დაეხნა და დაეთესა.

ოტიამაც გაიტანა ყანაში თავისი სახნისი. დილა ადრიანად იგი მისდევდა უკან ხარებს და აღარაფერი ახსოვდა რა ამ თავისი საქმის გარდა, ისე გულმოდგინედ მუშაობდა. მიწა რბილი იყო, კარგად იხვნებოდა, სახნისი თითქოს დასცურავდა მიწაში, მისრიალებდა და ფშვნიდა მიწას. ოტიას თითქმის ენანებოდა, როცა შემოსწრებული საღამო იძულებულს ხდიდა მუშაობა შეეწყვიტა და გადაედო დილამდის. დაღლილი, დაქანცული, ოფლში გაწურული, ამ დაღალვას მხოლოდ მაშინ გრძნობდა, როცა სახლში ბრუნდებოდა, სადაც მას ელოდებოდა ადრიანი ვახშამი – ცხელი ჭადი და ამოლესილი ლობიო, ხშირად უმწვანილო, რადგან ბოსტანი ის იყო ითესებოდა მხოლოდ, და ვახშმის შემდეგ იქვე ძილი, რომ დილით გათენებამდის ამდგარიყო და განეგრძო თავისი შეწყვეტილი მუშაობა.

მუშაობდა ოტია სწორედ თავდაუზოგავად. სხვებსავით მისი გულიც მხოლოდ იმედით იყო სავსე. მუშა იგი წინათაც კარგი იყო, დაუზარებელი, მაგრამ ახლა აორკეცებდა თავის გამრჯელობას, რადგან თვითონ ხედავდა, რომ ახლა მეტი ეჭირვებოდა, მეტი მოთხოვნილება ემატებოდა. მას იმედიც ჰქონდა, რომ გაუძღვებოდა ამ შემატებულ საჭიროებას თავისი დაუზარებლობითა და ხელშეუშვებელი მუშაობა-მუყაითობით.

გარემოება ითხოვდა მეტის შეძენას და ოტია ამას ეძებდა მიწაში; ამიტომაც რაც ძალა და ღონე ჰქონდა აწვებოდა სახნისს, რომ ღრმად გადმოებრუნებინა მიწა და ამოეღო იქიდან თავისი საკეთილდღეო. იმედით სავსე გულიდან ამომავალი ხმით დაღლილ ხარებს ამხნევებდა მაღალი შეძახილით ”ხი-ხი-ხიო! გასწი, გასწი!..” ეს მისი ძახილი გადაღმა გადადიოდა და უერთდებოდა მის მეზობლად, მისგვარადვე მომუშავე აზნაურთა და გლეხთა ამგვარსავე შეძახილებს. ამ დროს მას ყველაფერი დავიწყებული ჰქონდა: თავისი წოდებაც, გვარიშვილობაც, სიამაყეც – იგი იყო მუშა, გულმოდგინე, თავდაუზოგველი მუშა.

და სწორედ ამგვარ მუშაობაში იყო გართული, – სვრელი გაიტანა, ღონივრად ამოჰგლიჯა სახნისი მიწიდან, ხარები შემოაბრუნა და მძიმე ხე შემოატრიალა, რომ უკან გამობრუნებულიყო, – როცა ამ დროს ხმა მოესმა: ვიღაც ეძახდა. ოტიამ არ შეაჩერა მუშაობა და მხოლოდ თვალი ქნა იქით, საიდანაც დედამისის ხმა ისმოდა. მაგრამ როცა ეკვირინესთან ერთად სონიაც დაინახა, იგი შეჩერდა ცოტა ხნით. მას შერცხვა, რომ ამ სახით უნდა ჩვენებოდა თავის ცოლს.

– ოუშვი, ოუშვი, შვილო, ხარები და სადილი ჭამე, – მიაძახა ეკვირინემ ხის ქვეშიდან, სადაც პაწია მოლზე მას კალათი ედგა, რომელშიაც ჩაწყობილი იყო სადილი. – არ გესმის?.. ოუშვი, ჰო!.. დაჯექი, შვილო! – მიუბრუნდა ახლა იგი რძალს. – ახლავე მოვა… გეყოფა, შვილო ოტია!

– ახლავე, ახლავე! – მიუგო ოტიამ, რომელმაც ისევ განაგრძო მუშაობა, მიიტანა სვრელი ბოლომდის, ახსნა ხარები, მირეკა ისინი ეკლიან ბურდამდის და მხოლოდ მაშინ წამოვიდა ქალებისაკენ.

– შენ რამ ჩამოგიყვანა?! – ღიმილით უთხრა მან ცოლს, რომლის მიშტერებული თვალების ქვეშ უხერხულად გრძნობდა თავისთავს; ოტიას სცხვენოდა, რომ სონია ხედავდა მას პერანგისა და მისი ამხანაგის ამარა, რომ ტიტველი წვივებით ტალახივით აზელილი მიწით შეთითხნილს, ხელებმოსვრილს.

– ჩამოვყევი დედას, – მიუგო სონიამ. მის ხმაში რაღაც გულდაწყვეტილობა შეიმჩნეოდა.

– ჩამოვიდა!.. რა საკითხავია… ცოლი აბა არ ინახულებს ქმარს, რომლის წყალობითაც შემოდის ყოველი ნამუშევარი ოჯახში?! რა საკითხავია ეგ?.. დაჯექი, დაჯექი, შვილო… საჭმელს ნუ გააცივებ… ჩვენც შენთან ვჭამთ, ჯერ არც ჩვენ გვისადილნია… იამება აქ შენთან, ყანაში, სადილი-მეთქი და იმიტომ აღარ ვაჭამე შინ.

ოტიამ წაიბანა ხელი და, მოშივებული, დიდი ნატეხებით გლეჯდა თბილ ჭადს, ამოუსვამდა ლობიოს, მადიანად იდებდა პირში დიდ ლუკმას და, მოწყურებული, სცლიდა სტაქანს სტაქანზე წყალმაჭარას. სონია მისჩერებოდა მას და ცოტ-ცოტას ჭამდა.

– რატომ არ ჭამ? – მიმართა ოტიამ ცოლს, რაკი შეამჩნია რომ იგი უგუნებოდ ეკიდებოდა სადილს. – ჭამე, შე ქალო, არ გშია თუ?

– ვჭამ… რაც შემიძლია. – მიუგო სონიამ.

– სულ არ იცის ჭამა! – წამოიძახა ეკვირინემ, – არ ვიცი, რა მოვუხერხო!.. ჯავრი მკლავს, სხვა არაფერი; რომ გამიხდეს და გამხდარი ნახონ დედამ და ძმამ, რას იტყვიან? რას არ იტყვიან, რას! ჭამე, შენი ჭირიმე, ნუ ჩაგვაგდებ სირცხვილში. ასე ეგონებათ, ვერაფერი ვერ უშოვეს, რომ ეჭმიათო! ეგებ ეს არ გიამება და აბა მითხარი და შენს საამურს გაგიკეთებ… ოღონდ კი ერთი დაგინახო მადა მოსული, სხვა არაფერი მინდა… მე მეგონა, აქ უფრო შეხალისდებოდი, უფრო გამხიარულდებოდი და მადაც გაგეღვიძებოდა, შენ კი… ე! აღარ ვიცი, რა ვიფიქრო! ამას თუ აღარ ჭამს კაცი ამ მწვანეზე, ყანაში, აღარ ვიცი! ასე რომ მგონებოდა, აღარც კი გამოგარონიებდი ამხელა გზას. ეგებ მართლა გზამ დაგღალა და დაგიკარგა მადა? ასე მგონებოდა, ღმერთმანი, არც კი წამოგიყვანდი… გავახალისებ-თქვა, ვიფიქრე!

გამახალისებელი ვერაფერი დაინახა სონიამ და სწორედ ამის გამო მადაც დაკარგული ჰქონდა და გულმოხარშული იჯდა. გამახალისებელს რას ხედავდა? როგორც იგი თავისი თვალით ხედავდა, ამ წამში, ამ ხანად, მისი ქმარი, სახელად ოტია, გვარად ქამუშაძე, წოდებით აზნაური, იყო ნამდვილი გლეხი, მუშა გლეხი, ყოველი მხრივ ისეთივე გლეხი, როგორც აი გადაღმა ყანაში მომუშავე მათი მეზობელი პეტრია დინარაძე, სრული მისი მსგავსი, გარდა იმისა, რომ აზნაურიშვილად იწოდებოდა, აზნაურობისათვის სასაცილო ხასიათი ეძლეოდა და თითქმის უფრო ამცირებდა ოტიას ამ გარემოებაში. ამას ხედავდა, ამას გრძნობდა სონია და შელახული მისი თავმოყვარეობა უცნაურად ამუშავებდა მის გონებას. პირველ დღიდანვე, რაც მან ფეხი შემოდგა ამ ოჯახში, ამჩნევდა ამას იგი, მერე თანდათან უფრო რწმუნდებოდა ამაში, რაც უფრო აკვირდებოდა, და დღეს კი, დღეს იგი უფრო თვალსაჩინოდ ხედავდა, რა გარემოებაშიც იყო ჩავარდნილი, ვისთან შეჰყარა ბედმა. თავს დაჩაგრულად გრძნობდა და თავის თანდათან გაღვიძებულ თავმოყვარეობას – შელახულად. გულნატკენს ცრემლები ყელში ებჯინებოდა.

გულმოკლული, დაღონებული, გარეტიანებული დაბრუნდა სონია სახლში და თვალწინ მოუშორებლად ედგა მისი ქმარი – გლეხი, ყაზახი გარეგნობით, შეხედულებით, საქციელით, მოქმედებით და შეძლებით… შეძლებითაც.

ეს უკანასკნელი გარემოება დღითი-დღე უფრო თვალსაჩინო ხდებოდა მისთვის. და თუ ქმრის გარეგნობა თავმოყვარეობას უჩაგრავდა, მისი სიღარიბე კი შიშის ზარსა სცემდა, სასოწარკვეთილებაში აგდებდა, ყოველ ნუგეშს უკარგავდა და თითქოს ჩასჩიჩინებდა, რომ თუ მდგომარეობა ამ მხრივ არ გამოიცვალა, უბედურების მეტი არა მოგველის რაო მომავალში. ამგვარმა მდგომარეობამ გასაოცრად იმოქმედა ყმაწვილ ქალზე, გასაკვირლად გამოაფხიზლა მისი გონება, დაკვირვებულად შეახედვინა მომავლისათვის, გაათვალისწინებინა საწინაო, და აქამდე მოსვენებული სონია მოუსვენრად შეიქნა და თითქმის მებრძოლ ადამიანად გახადა თავის აწმყოსთან.

სონიას გულს უწყალავდა და თანაც აშინებდა ის მომავალი, რომელიც თვალწინ ეხატებოდა. გაჩუმება აღარ შეიძლებოდა. მისი აზრით, მას ხმა უნდა ამოეღო და ქმრისათვის დაენახვებინა თავიანთი მდგომარეობა, თუკი იგი თავად ვერ ხედავდა. ეს უსათუოდ საჭირო იყო მათი მომავალი კეთილდღეობისათვის.

სონიამ შეარჩია ისეთი დრო, როცა თავის მდგომარეობით კმაყოფილი ეკვირინე სხვაგან იყო წასული და არ შეუშლიდა ქმართან მოლაპარაკებას. მან გადასწყვიტა, მოელაპარაკნა ოტიასთან, ეთქვა მისთვის, რომ ეზრუნა მათი ცხოვრების გაუმჯობესების საჭიროებისათვის, მათი პატიოსნების დაცვისათვის; მიეღო ყოველივე ღონე, რომ მათი შვილი ყაზახად არ გაზრდილიყო, სამარცხვინოდ არ ჰქონებოდა მიკერებული აზნაურიშვილობის სახელწოდება, აეცილებინა მისთვის გაჭირვება, უკიდურესი გაჭირვება, რომელიც მას უსათუოდ მოელოდა. მერე ეს საზრუნავები – ერთი ეყოლებათ, ორი ან სამი…

სონია გაცხარებით ელაპარაკებოდა ამას და ეკითხებოდა ქმარს, რას აპირებ, რა აზრს ადგიხარო, რა ღონეს იღონებო.

– ჰო, ჰო, რას აპირობ, რას?.. რას უპირობ ამას, აგერ რომ შემოგვემატება?..

ოტიას უხაროდა იმის გაგონება, რომ მალე მამა შევიქნებიო, რომ შვილს დავინახავო, მაგრამ სიამოვნების, სიხარულის ღიმილი მოუსპო ცოლის სიტყვებმა.

– ჰო, რას უპირობ?

– რას უნდა ვუპირობდე, შე ქალო! – მიუგო მან წყნარად – შენ თვითონ ვერ ატყობ, რომ ის, რაზედაც ახლა ვდგევართ, ჩვენთვის ვერაა სამყოფი? ვერ ატყობ?

– ვატყობ… რავა არ ვატყობ! – წაილაპარაკა დამნაშავესავით ოტიამ.

– “ჰოდა, ვინც ჩვენ მოგვყვება, იმათ რა ცეცხლში უპირობ ჩაგდებას? მე შენ გეკითხები და, ოტია, პასუხი უნდა მომცე ამაზე!”

– არ ვმუშაობ თუ? რომ ვხედავ ყველაფერს, იმიტომ თავს არ ვიზოგავ… თავს აღარ ვიბრალებ… ასე არაა, შენ თავად არ ხედავ ამას, სონია?!

ეს ისეთი უწყინარი და გრძნობიერი კილოთი თქვა ოტიამ, რომ სონიას უფრო აუდუღდა გული. რასაკვირველია, იგი ხედავდა ოტიას მეცადინეობას, ამჩნევდა, რომ ეს კაცი მიხვედრილია თავის მდგომარეობას, ხედავდა, რომ იგი მართლა თავს არ იზოგავდა, არავითარ მუშაობას არ ერიდებოდა, ოღონდ კი შეეძინა რამ, ხედავდა მის სინდისიანობას და კაცობას და როცა ყოველი ამის მიუხედავად, არა ემატებოდათ რა ოჯახში, თუ არ აკლდებოდათ, მით უფრო აშინებდა მომავალი, მით უფრო აწუხებდა მომავლის წარმოდგენა. აი ახლაც ამგვარად იმოქმედეს ოტიას სიტყვებმა მასზე – ოტია თითქოს უნდა დარწმუნებულიყო, რომ ამ ნიადაგზე მათი კეთილდღეობა შეუძლებელი და მოუხერხებელი რამ იყო.

– კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ, თავს შევაკლავ! – გაიმეორა ოტიამ იმავე კილოთი. – უფრო ვეცდები კიდევ!

– რას ეცდები, ოტია? რას შეაკლავ თავს? მაგით რომ არაფერი გამოდის?!

– აბა, სხვა რა ვქნა, შენ გენაცვალე! შენ მითხარი, მირჩიე… მიმახვედრე და ისე გევირჯები, ისე მოვიქცევი, მირჩიე!

– მე რა გირჩიო? მე რა გირჩიო, ღმერთო ჩემო! – წამოიძახა სონიამ და გულადუღებული იქვე ჩაიკეცა, უღონოდ ჩადო მუხლებში თავი და ტირილი დაიწყო.

პირველ წამში ოტია სახტად დარჩა სონიას ასეთი მოქცევით; შემდეგ გონებადაბნეული მივიდა მასთან, მიუჯდა გვერდით, მოხვია მარჯვენა ხელი, მარცხენათი კი ხელში მოჰკიდა და სიყვარულით სავსე სიტყვებით დაუწყო ხვეწნა, დამშვიდდიო, გული გაიმაგრეო, აღარ იფიქრო ამგვარებზეო; ჰპირდებოდა, ყოველ ღონეს ვიღონებ და საშველ გზას გამოვნახავო, – გამოვაკეთებ ჩვენს მდგომარეობასო.

– ოღონდ შენ ნუ მოიქცევი აგრე… შენ ნუ შემახედვიებ, რომ სატირლად გაქვს ჩემს ოჯახში ფეხის შემოდგმა, ჩემთან ცხოვრება… ყველაფერს ვცდი… ყველაფერს ვიღონებ… თავს გევიტეხავ და საცხა იქნება, მოვნახავ სახეირო გზას… რაც რომ დამემართოს… ოღონდ შენ ნუ წუხარ… ჯერჯერობით მაცალე, მადროვე კი… შენი ჭირიმე. ჩემო სონია, ჩემო! მართალია, ღარიბი კაცი ვარ… მოტყუებული დარჩი ჩემით… მაგრამ ენდვე ჩემს კაცობას, ჩემს პატიოსნებას… რითაც იქნება, კი მოვნახავ გზას უკეთეს ცხოვრებისაკენ… ღმერთი მოწყალეა, არ დაგვაგდებს, სულ არ მოგვიძულებს… რავა დევიჯერო!.. ვიქონიოთ მისი იმედი… კი, ჩემო სონია, კი, კი! ჩვენი შვილები ღმერთმა ნუ აცხოვროს ისე, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ. რაღა კაცი ვიქნები მაშინ! არა, არა, შენ არ მომიკვდე, შენ! – და მან გადაუწია პირზე მიფარებული ხელი და სიყვარულით აკოცა სახეზე, ჯერ მოუხერხებლად, გაუბედავად, რადგან ეს პირველად იყო, რომ იგი ესიყვარულებოდა ქალს, პირველად ეალერსებოდა თავის ცოლს.

ოტიამ თითქოს დაუმშვიდა გული ცოლს, თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც; დააიმედა, მაგრამ თვითონ კი ამ დღიდან ძალიან შეფიქრებული შეიქნა. რაც ცოლისაგან მან გაიგონა, თავადაც ხედავდა, მაგრამ რადგან ხმამაღლა არ იყო გამოთქმული, ოტია თავს არიდებდა. ახლა კი საქმე და მდგომარეობა იცვლებოდა, აღარ იფარებოდა მათი ამბავი, მოსაფიქრებელი ხდებოდა და საჭირო იყო ღონისძიების მიღება.

ოტია ხარობდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ შვილს დაინახავდა, მაგრამ თან ისიც ახსოვდა, რა ლაპარაკი ჰქონდა ცოლთან და რა უთხრა სონიას. ის ახლა ცდილობდა გაემართლებინა თავისი დანაპირები – ოჯახის შემმატი გზა ეპოვნა, გამაუმჯობესებელი, – და რომ ვერას ახერხებდა, ვერას იგონებდა, მოხუცებულ დედასთან დაღონებული ამბობდა:

– რა მოვაგვარო, რას მოვეკიდო, არ ვიცი… აწი ხომ უფრო მეტი დაგვჭირდება ყველაფერი…

შვილიშვილის მოლოდინით გულმხიარული ეკვირინე ამხნევებდა შვილს:

– ღმერთი მოგცემს, შვილო, ღმერთი მოგცემს! თავის გაჩენილს თავის ლუკმას გაუჩენს კიდეც. რაზე წუხარ, შენი ჭირიმე! გულგახსნილად იყავი. ღმერთი მოგცემს ყველაფერს! ყველაფერი გვექნება… ბევრიც გვექნება… ბარე ათი დედალი მყავს დამჯდარი; ისე რავა გაოხრდებიან, რომ ერთი ასი ფრთა მაინც არ გაზარდონ… ბატიც ოთხი ზის, ათ-ათი კვერცხი უდევთ. ინდოურია სამი… გულმაგრად იყავი!.. ღვთის წყალობით არაფერში არ შევრცხვებით და უკლებლად ვიქნებით. კი, შვილო, კი!..

ასე აიმედებდა მოხუცებული ეკვირინე ოტიას, მაგრამ უკანასკნელი ხედავდა, რომ ეგ ის არ იყო; ქათამ-ინდოურით შვილების მომავალს არა თუ უზრუნველს ვერ ყოფდა, ერთ წელსაც ვერ გაუძლებდა. საჭირო იყო სხვა რამე საშუალება, უფრო საიმედო, უფრო საფუძვლიანი, იმისთანა, რომელზე დანდობაც შეეძლო.

ბევრი ფიქრისა და მოსაზრების შემდეგ ოტია იმაზე შეჩერდა, რომ თავისი შვილი მოენათვლინებინა მათივე სოფლის მცხოვრებ მდიდარ გლეხ სვიმონ სამადაძისათვის. ოტიას აზრით, ეს პატივისცემა აზნაურისაგან გლეხისათვის მოვალეობად გადაიქცეოდა, ნათლულისათვის ეზრუნა და არ მოაკლებდა, უსათუოდ, თავის სიცოცხლეში თავის ღონიერ ლუკმიდან შეწევნას.

რასაკვირველია, სათაკილო იყო აზნაურისათვის თავის შვილის ყაზახის ხელში მოსანათლავად ჩაგორება, მაგრამ აქ ანგარიში იყო და საფუძვლიანი ანგარიშიც. ამასთანვე ოტია მით უფრო ჩერდებოდა ამ მოსაზრებაზე, რომ ამ ბოლო ხანს ამგვარი მაგალითი არა ერთი და ორი ყოფილა, სწორედ იმავე განზრახვით, რაც ამასაც ჰქონდა. საჭირო იყო მხოლოდ სონიას დათანხმება ამაზე.

X

სონიას ვაჟი ეყოლა. ეკვირინე იმ ზომამდის იყო გახარებული, რომ თავის ხელით დასცალა ორჯერ თუ სამჯერ ოტიას დაჟანგებული ძველებური დამბაჩა, რაზედაც შეშინებულმა პელაგიამ, რომელიც შვილის მორჩენაზე დასასწრებლად იყო მოსული, კიდევაც უთხრა მძახალს:

– არაფერი მოიწიოთ, ბატონო ეკვირინე!.. არ გასკდეს მაგ დალოცვილი!

– აწი რას დევეძებ ჩემს თავს… მაგას ენაცვალა მისი ბებია, რაკი მაგ ჩემი თვალით დევინახე, აწი რაც რომ დამემართოს, არაფრად არ მივიმჩნევ!.. აბა ერთი კიდევ, ერთი კიდევ გამიტენე… ჩემი ხელით ვისროლო!.. აბა, ქვეყანამ არ გეიგოს, რომ პაწაწინა ქამუშაძე ქვეყნად დეიბადა?! მაგას კი ენაცვალა მთელი ქვეყნიერება, მაგას! – და სიხარულისაგან გარეტიანებულმა ეკვირინემ არც კი აცალა ოტიას ხეირიანად გატენა დამბაჩისა, ხელიდან გამოთხლიშა და აივანზე გამოსვლისთანავე დასცალა.

– შეიტყონ, ყველამ შეიტყოს ოჯახის შვილის მობრძანება! – წამოიძახა მან ამაყად.

ოტიაც მეტად გახარებული იყო ვაჟის შეძენით, მაგრამ ამასთანავე იმას ფიქრობდა, თუ როგორ გამოეცხადებინა თავისი ნაფიქრები სონიასთვის. რამდენიმე ხნის შემდეგ ბავშვის ნათლობაზედაც ჩამოვარდა სიტყვა, რადგანაც პელაგიას ეჩქარებოდა თავის სახლისკენ. ერთხმად ნახსენები იყო ბიაშვილი, მაგრამ რადგან ერთი ნათლია ეცოტავებოდა ეკვირინეს, მეორეზე შეიქნა რჩევა. ამით ისარგებლა ოტიამ და დედას გადაულაპარაკა, რაც გულში ჰქონდა იმის შესახებ. სამადაძის ხსენებაზე თავდაპირველად ეკვირინემ ტუჩები მოკუმა და ხელები გადაშალა, მაგრამ მალე დაეთანხმა შვილს. მალე დარწმუნდა, რომ ეგ კარგი მონაფიქრი იყო: მისი აზრითაც ამ ნათლიაში მისი შვილიშვილი, რასაკვირველია, თავის მოსამსახურეს იშოვიდა მხოლოდ.

– უთხარი სონიას… შენებურად მოუყევი… შენ ადვილად დააჯერებ… მე ლაპარაკი არ შემიძლია და ვერც კი გავაგებინებ კარგად… მოელაპარაკე! – სთხოვა ოტიამ დედას.

სონია კინაღამ გადირია, როცა დედამთილისაგან სამადაძის ნათლიობა გაიგონა.

– ამათ უყურე, ამათ უყურე!.. შენი ჭირიმე!.. ესღა მაკლია, რომ ყაზახს მოვაკიდინო ხელი შვილისათვის?! ღმერთო ჩემო, რას მოვესწარი ამას, რას, რას?! დედა, უთხარი რამე, ნუ გვარცხვენენ, ნუ ოხრობენ… საბოლოოდ ნუ მუდრეგდებიან!.. მიშველე, შენ გენაცვალე!

პელაგიასაც ეწყინა და სონიას შეჰპირდა, რომ ამის შესახებ მოილაპარაკებდა ეკვირინესთან და ოტიასთანაც.

– ყაზახი ქვია, თქვენ გენაცვალეთ, თვარა რომელი აზნოური გოუტოლდება, ჩემო ბატონო! – მიუგო ეკვირინემ, როცა პელაგიამ ამ საგნის თაობაზე სიტყვა ჩამოუგდო. – მდიდარი, თქვენი ჭირი შემეყაროს, ზრდილობიანი, ისეთი შეხედულობა აქვს, თავადიშვილი გეგონებათ, უბრალო კი არა, ჩემო ბატონო! ჩვენ არაფერი მოგვაკლდება ამ მირონობით და ჩემს პატარა ბიჭუნიას კი მოსამსახურედ გოუხდება… თავმოსაწონად ექნება, რომ აზნოურიშვილი ნათლული მყავსო და, რასაც დაასაქმებ, ყველაფერს იმწამსვე გაგიკეთებს. ეს ხერხია, ჩემო სინათლე, და პატიოსან ადგილას ვერც კი ვერავინ გეიგებს, თუ ყაზახს ეკიდა ფეხში ხელი მონათვლაზე… შენც არ მომიკვდე!.. მოსახსენებლად მეორე ნათლია ეყოლება, და ამ მოსამსახურეს კი ნუ დოუკარგავთ ჩვენს ანგელოზს!

პელაგიამ არ დაიწუნა ეს აზრი; იგიც მიემხრო ქამუშაძეებს და ამათთან ერთად მეცადინეობდა სონიაც დაეყოლებინა, შეეჯერებინა, რომ ბავშვისათვის გამოსადეგი იქნებოდა სამადაძის ნათლიად ყოლა. სონია თუმცა ძლიერ უარობდა, რადგან ამაში ხედავდა შვილის ღირსების დამცირებას, დაბადებისთანავე მისი პატიოსნების შელახვას, მაგრამ დედისა და დედამთილის შეჯერებამ, როგორც იქნა, მის წინააღმდეგობასაც ბოლო მოუღო. დათანხმდა იგიც ბოლოს. ოტიას ძლიერ უხაროდა; მას სწამდა, რომ შვილს ამ თავიდანვე კარგად გაუძღვა, ისე თუ ასე მოჭირნახულე მოუპოვა მისივე მახლობლად. ამავე დროს კი სონიას გული ნაღვლით ევსებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ის დახმარება, რომელიც გლეხმა სამადაძემ ჩვენს შვილს უნდა გაუწიოს, ჩვენი თავის დამცირებით უნდა შევიძინოთო, რომ რამე რიგათ აეცილებინა ეს თავის დამცირება, მან საბოლოოდ ბიაშვილზე მიიტანა სიტყვა.

– თქვენ კი გადასწყვიტეთ, მაგრამ ეგებ იმ კაცმა არ ისურვოს სამადაძესთან ერთად ბავშვის მონათვლა. ჯერ ჰკითხეთ იმ კაცს! – თქვა სონიამ.

მაგრამ მისი იმედი ფუჭი გამოდგა. როცა პორფირის დაეკითხნენ ამის შესახებ, უთხრეს, რომ სამადაძე მდიდარი, შეძლებული გლეხთაგანიაო, მან რიხიანად წამოიძახა:

– დიდი სიამოვნებით! ნეტავი მეც მომნათლავდეს ის ოჯახდაქცეული, თუკი მართლა მდიდარია! ცოტა რამეს მაინც გამორჩებოდა კაცი!

ბიაშვილმა არა თუ იწყინა წინადადება, პირიქით, მას კიდევაც გუნებაში ესიამოვნა, რადგან მისი გამჭრიახი გონება ეუბნებოდა, რომ მდიდარ ყაზახთან ამ დაახლოებით მას შეეძლო კიდეც თავისებურად ესარგებლნა.

თავი რომ არ შეერცხვინათ არც მოყვრებთან და არც მეზობლებთან, ნათვლა სამაგალითო გადაიხადეს. რადგან ბევრი ჰყავდათ დაპატიჟებულნი და მათ სახლში დატევა ყოვლად მოუხერხებელი იქნებოდა, ამის გამო ეზოში გააკეთეს პატარა ფანჩატური, რომლისკენ სიამოვნებით გამოეშურნენ სტუმრები, გაჭიანურებულ საიდუმლოების აღსრულების შემდეგ ჩია მღვდლისგან, რომელსაც, ალბათ, ამით უნდოდა თავი მოეწონებინა ქალაქელებთან.

– კი არ მოგვკლა ამ უღვთომ! – წამოიძახა სერაპიონ გორდელაძემ, რომელიც ერია სტუმრებში. – რა დროს ამდენი ბურტყულია, ნერწყვი მიშრება, ათასი რამე სხვადასხვანაირი საჭმელი მომელის ამ ჩვენი კურთხეული მასპინძლისაგან დამზადებული!.. დამაჯინე, შენ გენაცვალე, ოტია ჩემო… თუ შეიძლებოდეს მღვდელთან ახლოს – ვიცი, კაი-კაი ნაჭრები მიუვა; თავს რავა შეირცხვენს, მეც არ მარგოს რამე თავის ულუფისაგან!.. შენ არ მომიკვდე, სახლში წასაღებად არაფერი დავატოვებინო!

გარშემო იცინოდნენ ამაზე. ოტია, ეკვირინე და ორიოდე ყმაწვილი დაფუსფუსებდნენ, სთხოვდნენ დაბრძანებას სტუმრებს და თან მოჰქონდათ სხვადასხვა ნამზადი.

პორფირი და სამადაძე ერთად დასხდნენ იმ თავისკენ, სადაც ქალები ისხდნენ და მათ შორის ბეგლარიც ქველიძის ქალიშვილებთან. ესენი იყვნენ სონიას სურვილით მოწვეულნი და იგი განსხვავებული ყურადღებით ექცეოდა მათ.

– შენ აგერ დაბრძანდი, ბესარიონ, სერაპიონთან! – ანიშნა ოტიამ თავის ბიძაშვილს, ლევანის შვილს, რომელიც, ის იყო, რამოდენიმე დღის წინათ მოსულიყო სახლში იმდენი ხნის გადაკარგვის შემდეგ, მოსულიყო დროებით, რადგანაც სადღაც ადგილი ეშოვა და მსახურობდა.

– მოდი, მოდი, ბიძიკო, ამბავს მაინც მომიყვები. სად იწანწალე ამდენი ხანი! – უთხრა სერაპიონმა. – მარა ამ ხუცესს ნუ დოუწყებ ლაპარაკს, თვარა იმწამსვე დარიგებას დაგიწყებს, წირვა უნდა გადაიხადოო, რადგან მშვიდობით დაბრუნებულხარო…

– მართლაც სადა ხართ ახლა, ყმაწვილო? – შეეკითხა ბესარიონს მღვდელი. – სამშობლო მოიძულეთ!

– რა ვქნა, ბატონო, აქ წელში გავწყდი, ვერაფერს ვეწიე, ახლა ცოტა-ცოტას რაიმეს ვშოულობ… თავი გამომაქვს მაინც.

– თქვენი ძმაც თქვენთან არის?

– არა. ვერ გევიგე, სადაა ახლა… ამას წინათ კი რკინიგზაზე იყო, ბუტკაში იდგა… ახლა არ ვიცი, გადიყვანეს სადმე, თუ სამსახური გამოიცვალა…

– კაი დაგემართოთ, მარა ოჯახს მაინც არ უნდა ივიწყებდეთ, თქვენს სამშობლოს, სალოცავს.

– რავა ვქნათ, ოჯახმა ვეღარ დაგვარჩინა…

– კარგია, მამაო, კარგი, სული გიცხონდება! გამაგრდი, ბიძიკო, ახლავე წირვას დაგაკისრებს, არ მოგატყუოს, არ გაბრიყვდეს! მაგათ მიეცეთ დღეგრძელობა, მაგათ მე კაი საქმე დამმართეს! შემომჩიოდნენ, სალოცავი გყავს დავიწყებულიო, იმიტომ მიგდის საქმე ცუდათო, არაფერი გაბადია, წირვა გადაიხადეო, – ათასად შეიმატებო. დოვუჯერე, გადავიხადე წირვა, რაც რომ მქონდა, სულ გამოვუტანე. ვინც მეწვია, შესვეს-შეთანთქლეს და შენს მტერს ისე შეემატა, რაც მე შევიმატე მერე! უიმისოდაც მუცელს ფაყა-ფუყი გაჰქონდა, ახლა კანი ხერხემლის ძვალს მიეკრა, ეს საჭმელი რომ ჩეეტკეპნება შუაში და დააცილებს ერთმანეთს! არა, ბიძიკო, შენ შენს საქმეს მისდიე, ამათ სიტყვას ნუ აჰყვები, თვარა ჩვენისთანა ღარიბ აზნოუშვილს წირვა ვერაფერს უშველის… მე არ მოგიკვდე!..

– შენ არ მომიკვდე, ღარიბი აზნოუშვილი, რატომ?.. შევარცხვინე ღარიბი აზნოუშვილი, შევარცხვინე, ვინც ღარიბი იყვეს!.. – წამოიძახა იქვე ახლოს მჯდომარე, ხანში შესულმა აზნაურმა, დაცრეცილი ძველი ჩოხითა და ჭუჭყიან ყაბალახით თავზე მობურვილმა, რომელიც დაჯდომისთანავე ისე მიეხალისა ღვინოს, რომ იქვე შეთვრა და რაც ლაპარაკი იყო მის გარშემო, კანტიკუნტად ესმოდა. – შევარცხვინე, ვინც ღარიბი იყვეს! შენ არ მომიკვდე, თქვენს ნიკოლოზს ყოველთვის გამოულეველად ჰქონებია წუღაც და მისი კალოშიც, ყოველთვის გამოულეველად, გამოულეველად! – და თანაც პირში იტენიდა ზორბა-ზორბად მოთლილ ხორცის ნაჭრებს.

ამასობაში სუფრის მეორე თავში სიმღერა ისმოდა; ტოლუმბაშად დაყენებული პორფირი გულმოდგინედ აძალებდა ყველას ღვინოს და იმდენს ეცადა, რომ ერთი ყიჟინი ასტეხა ღვინოში შესულ სტუმრებს შორის. შეზარხოშებული ბეგლარი აღარ ეშვებოდა ქალიშვილებს, სიმღერას სიმღერაზე ათქმევინებდა და იმ ზომამდის მივიდა, რომ თვითონაც დააპირა სიმღერა ნინოსთან და ოლიკოსთან. პელაგია აღტაცებით შეჰყურებდა თავის ვაჟიშვილს და ერთობ მოსწონდა მის გვერდით მჯდარი ქალიშვილიც.

– უფრო რომ გეიცნობ, უფრო მოგეწონება, ისეთი რამეა! ანგელოზია, დედა, ანგელოზი! – ყურში ჩასჩურჩულებდა სონია დედას.

– ნეტავი კი ისურვებდეს და მაგაზედაც ნაკლები იყვეს, შვილო, ნეტავი კი ისურვებდეს, მაგას ვენაცვალე! ერთობ კი ევლება, ეგებ ღმერთმა ჩაუდვას გუნებაში, ნეტავი მაგას მომასწრობდეს მამა-ზეციერი!

მთვრალები თანდათან ემატებოდნენ. ატყდა ხმაურობა, ყაყანი; ყველანი აირივნენ. ქალები ადგნენ და ნელ-ნელა ეზოს კუთხეში გაეფინენ დაირითა და მუსიკით. ამათკენ გამოემართა ბეგლარიც ნინოსთან და ოლიკოსთან ხელიხელ გაყრილი.

– მაზურკა! – წამოიძახა მან, როცა მიუახლოვდა ქალებს. – მაზურკა – და ნინოს ხელი წაავლო მაზურკის სათამაშოდ. – მაზურკა! – მიაძახა მან ქალიშვილს, გარმონიკას რომ აწრიპინებდა.

ქალიშვილმა ვერ გაიგო, რას სთხოვდნენ და შეკითხვის ნიშნად გადახედა მის გვერდით მდგარ ქალებს.

– მაზურკა! – გაიმეორა ბეგლარმა. – მაზურკა დოუკარით! – და რადგან დამკვრელი არავინ იყო, იგი გახტა წინ, კვინტებით ისროდა ფეხებს და მიათრევდა დარცხვენილ ნინოს, რომელსაც უფრო და უფრო ერეოდა სიწითლე პირისახეზე, რადგანაც ესმოდა გარშემო ქალების შეკავებული სიცილი და ფრუტუნი, გამოწვეული მისი კავალერის უცნაური კუნტრუშით.

კარგა ხანს აპროწიალა ბეგლარმა ქალიშვილი, ხან იქით გაარბენინა, ხან აქეთ გამოარბენინა. წელზე ხელის შემთხვევით რამდენჯერმე შემოატრიალა, ბოლოს ცალი მუხლი მოიდრიკა, თავზე შემოივლო, რამაც ერთი ხითხითი გამოიწვია, მერე კოხტად წამოხტა, თავი დაუკრა და თან დაატანა:

– მერსი! მერსი!..

ნინო დარცხვენილად იღიმებოდა, ქალები კი მეტად გაართო ამ ამბის ყურებამ. ბეგლარმა ისევ ხელი ხელში გაუყარა ნინოს და განშორდა ჯგუფს. ფანჩატურიდან კი ერთი ხმაურობა ისმოდა. – დამთვრალი კაცების ხრინწიანი ხმები, არეული სიმღერა. პორფირი ჩამჯდარიყო ყმაწვილებში და ერთი ამბავი ჰქონდა, აცინებდა, ხან ღვინოს აძალებდა, ხან მათთან მღეროდა, კოცნიდა და ამგვარ თავმდაბლობით შეხალისებული ყმაწვილები თავზე ევლებოდნენ და თავიანთ სიყვარულს და პატივისცემას უცხადებდნენ მას.

ღვინისაგან გაბრუებული მღვდელი, თითქოს ვისმეს დაეჭედა, ისე იჯდა უძრავად თავის ადგილზე, ხმასაც ვეღარ იღებდა და ხანდახან თვალებს გადმოაბრიალებდა. სერაპიონი ამ ქვეყანას აღარ იყო: წამომჭეხებულ პირისახეზე ეტყობოდა, რომ ზომაზე გაცილებით მეტი დაელია, მაგრამ მაინც კიდევ სვამდა და კიდევ ჭამდა გაუმაძღრად. ოტიას ბიძაშვილი, ბესარიონი, უკვე ვიღაცას წალაპარაკებოდა და წკიპზე იყო შემდგარი – ჩხუბის დაწყებას ეპირებოდა. ”წუღა-კალოშ გამოულეველი” ნიკოლოზი სტოლზე დამხობილიყო, გონებადაკარგულივით რაღაცას ბურტყულებდა თავისთავად და გონს მოდიოდა მხოლოდ მაშინ, როცა ღვინით სავსე სასასმოს მიაწოდებდნენ და ჩასძახებდნენ, თუ რა სადღეგრძელო ისმებოდა. იგი თავს წამოსწევდა, გამოცლიდა ღვინოს ხმაამოუღებლად და ისევ ჩაემხობოდა ახალ სადღეგრძელომდის.

ნათლია სამადაძე დიდხანს იმაგრებდა თავს და ღვინოს ერიდებოდა, მაგრამ პორფირი ეცადა და ბოლოს დაათრო; ადგილზე ვეღარ დგებოდა და, ზორბად მოსული ყაზახი, აქეთ-იქით დაბანცალობდა. ბესარიონმა ის იყო უშოვა თავის გამაჯავრებელს საკბილავი, შეება და ატეხილ ყაყანში მოულოდნელად უნდა ეთხლიშნა მოპირდაპირესათვის, როცა აბანცალებული სამადაძე შუაში მოექცათ.

– სუთ, სუთ! გაყუჩდით! რა ამბავია? ეი, შენ, ბესარიონ ქამუშაძე, სუთ! – და მან ხელი დაარტყა მხარზე ბესარიონს.

ბესარიონი აინთო.

– გაწყინა პატივისცემამ, ყაზახო?! – შეუბღვირა მან და მისკენ გამოწეულ სამადაძეს ისე ღონივრად წაჰკრა ბლიქვი გულმოსულმა, რომ ეს კაცი საცოდავად დაენარცხა მიწაზე.

დაცემული უცბად წამოაყენეს; ამან იგი თითქოს გამოაფხიზლაო, ათრთოლებული, გაბრაზებული, მთელი სხეულით ცახცახებდა და თავდაპირველში სიტყვის წარმოთქმას ვერ ახერხებდა.

– ყაზახი ვარ! – შეჰყვირა მან, წელში გამართულმა. – ყაზახი ვარ, მარა შენისთანა შემოდგომის აზნოუშვილს კიდევ ვჯობივარ!.. თუ ძალზე ხარ, მობრძანდი, ახლო მობრძანდი, ისე დაგბუბნო, რომ ღობემდისაც ვერ მიგყვეს შენი დამშეული სული!.. შენისთანა შემოდგომის აზნოუშვილების რა მცოდნია?! ძალიან გულზე არაა, ჰმ!

შეიქნა ერთი ყვირილი. ამ ”შემოდგომის აზნაურობის” ხსენებამ ბევრი ააპილპილა.

– გააგდეთ მაგ… გააგდეთ მაგ ქინქლიანი ყაზახი!..

– მაგას ვაყურებიებ შემოდგომის აზნაურს!..

– რაც რომ იყვეს, უზრდელ ყაზახს მაინც სჯობია! რავა ბედავს მაგ მხეცი, მერე სად? – ყვიროდნენ აქეთ-იქიდან.

გაბრაზებულმა ბესარიონმა იშოვა, მისი აზრით, მარჯვე დრო და კატასავით მიეპარა, ეცა სამადაძეს და წაქცევა მოუნდომა, რომ შემდეგ უფრო გაადვილებოდა მისი ცემა. მაგრამ გლეხმა დროზე შეასწრო თვალი, გაუმაგრდა, დაავლო ხელი და ის იყო შეაგდო მაღლა, რომ ღონიერად მიწაზე დაებერტყნა, როცა გარს შემოეხვივნენ, ბესარიონი ხელიდან გამოსტაცეს, შეერთებული ძალით მიაწვნენ მოწინააღმდეგეს და მუშტები დაუშინეს.

შეიქნა ერთი ჭყივილი, ღრიანცელი; აკივლდნენ ქალები. გამოფხიზლდა მღვდელიც. ძლივს წამოდგა და მოჩხუბრებისკენ გასწია. დამშვიდება მოინდომა. რაღაც შეესმა ნიკოლოზსაც, რომელსაც სერაპიონმა ურჩია ამდენი მოსვენების შემდეგ ძვალ-რბილი გაენძრია სამადაძის წინააღმდეგ “შემოდგომის აზნაურთან” ხელის გამოღებით. მაგრამ ნიკოლოზი ისევ თავის ადგილას დარჩა და, ღვინისაგან გარეტიანებული, ბრიყვულად იმეორებდა:

– შევარცხვინე… შევარცხვინე შემოდგომის აზნაურიცა და ყველაც!.. შემოდგომის აზნაური… ყველა… ყველა… შემოდგომის აზნაურიც და ყველა!..

ამავე დროს ამ საერთო არეულობაში ბეგლარს მაგრად ჩაეკიდნა ხელი ნინოსთვის და თითქოს ყველაფერი დაევიწყნა, თითქოს ამ ქვეყნიერებისა არა ესმოდა რა, აღტაცებული სიტყვებით უცხადებდა თავის გრძნობას მის სიტყვებზე შემკრთალ, გაფაციცებულ ქალს, ბეგლარი იმ ზომამდის მისულიყო, რომ სხვების მოურიდებლად კიდევაც წაეძრო ხელიდან ბეჭედი, ძალათი ნინოსთვის წამოეცმევინა თითზე და ემუდარებოდა, – გამაბედნიერე შენი სიყვარულით და გამიშუქე ჩემი მომავალი ოჯახი შენის ნაზის სხივებითაო.

– ხომ კი… ხომ კი?.. მითხარით… მიპასუხეთ!.. რას გაჩუმებულხართ? ღმერთო ჩემო!.. – ემუდარებოდა ბეგლარი.

– მე რა უნდა გიპასუხოთ? – სიტყვაგაწყვეტით მიუგო ათახთახებულმა ყმაწვილმა ქალმა.

– არა, თქვენ უარს ვერ მეტყვით… ვერა!.. არა!.. რასაკვირველია, არა!.. – აღტაცებით შესძახა ბეგლარმა.

მათკენ მოდიოდა პელაგია, მოჩხუბართა ცქერით შემკრთალი.

– მოდი აქ! – მიაძახა მას ბეგლარმა. – აქ მო…

– შვილო, რომ აღარაფერი ეშველათ!..

– თავი უტეხიათ, რას დავეძებ! მოდი აქ! – ბეგლარმა მოჰკიდა ხელი, მიიყვანა ახლოს, დააყენა ნინოს პირდაპირ და უთხრა: – ხომ მოგწონს, შე საწყალო, ა?! მოგწონს ხომ?!

პელაგია შეიშმუშნა რაღაც სასიხარულო ამბის მოლოდინით.

– ანგელოზია, ანგელოზი! ნეტავი მაგის პატრონს! – წამოიძახა მან. – ანგელოზია, გენაცვალე!

– შენი მფარველი ანგელოზი… შე საწყალო, ა! – და ბეგლარმა ნინოს ხელი ასწია და დედას აჩვენა ქალიშვილის თითზე წამოცმული მისი ბეჭედი.

პელაგიამ კინაღამ შეჰკივლა სიხარულისაგან.

ნინომ მოინდომა ბეჭდის წაძრობა, ხელის განთავისუფლება, მაგრამ ბეგლარი არ ანებებდა. აქეთ პელაგიამაც ჩაიხუტა გულში და კოცნა დაუპირა, მაგრამ მოაგონდა, რომ გარშემო ბევრი მაყურებელი იყო და ცოტათი შენელდა. ნინოს მაგივრად უცბად ოლიკოს დაუწყო ხვევნა, ალერსიანობა, თითქო ცდილობდა, სხვებს არ შეემჩნიათ და არ გაეგოთ მისი შვილისაგან ნინოს დანიშვნა.

ფანჩატურის იქით კი ისევ ერთი ალიაქოთი იყო, ისევ ჩხუბი და აყალ-მაყალი, ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება და ჯოხების ტრიალი.

XI

ბეგლარისაგან ნინოს დანიშვნამ ყველაფერი უსიამოვნება დაავიწყა სონიას. გადაავიწყა ის საწყენი სახელიც, რომელსაც გულმოსული სამადაძე ისე დაურიდებლად იმეორებდა – ეს ”შემოდგომის აზნაური” ტყვიასავით ხვდებოდა გულს, მაგრამ ახლა ამისთვის აღარ ეცალა.

პელაგია თითქმის მიწას ფეხს აღარ აკარებდა, სიხარულისაგან ზეზე დაფრინავდა. სულმა აღარ მოუთმინა და ქველიძისას მისვლა გადასწყვიტა, ოჯახად გაცნობა, მათთან სიხარულის გაზიარება. ეკვირინეს არაფრად იამა ეს ამბავი, მაგრამ უკმაყოფილებას გუნებაში მალავდა და არ აცხადებდა, პირიქით, ისე ლაპარაკობდა მძახალთან, თითქოს ძლიერ მოხარულიც ყოფილიყოს.

– ასე რომ დანიშნა ბატონმა ბეგლარმა… მზითევზე არ გამოელაპარაკებით, პელაგია ჩემო? – ვეღარ მოითმინა ეკვირინემ, რომ არ ეკითხნა.

– ეგ, შენი ჭირიმე, ჩემმა შვილმა იცის!.. რა ვიცი… ეგები, შენ გენაცვალე, არც კი თხოვოს რამე…

– ჰმ! უმზითვოდ?! კი, ქალი კარგია, მარა ბატონი ბეგლარი ყოველთვის იშოვიდა კარგ ქალსაც და მზითვიანსაც. ვინ დაუკავებდა?..

– იმან იცის… იმან იცის, ეკვირინე ჩემო!.. ერთობ გულის კაცია… როგორც შეხედავს გარემოებას, ისე მოიქცევა.

ქველიძეების გაცნობით ერთობ კმაყოფილი დარჩა პელაგია. მათმა მიღებამ ერთობ ასიამოვნა და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

– მშვენიერი ოჯახი ქონებიათ, კარგად ყოფილან, შვილო, და მეტად პატიოსნები… ნამდვილი კეთილშობილები, ნამდვილი! – აღტაცებით ამბობდა სახლისკენ მიმავალი პელაგია. – ნამდვილი კეთილშობილები, შენ ნუ მომიკვდე!..

ვმადლობ უფალს, ვმადლობ, ვმადლობ!.. ორივეს თქვენ გენაცვალა თქვენი დედა, ორივეს კაი ბედი გქონებიათ… კი, შვილებო, კი, კი!

”შემოდგომის აზნაურის ცოლი!” უნებლიეთ გაურბინა თავში სონიას, მაგრამ ამხანად ამას წინანდელი სიმწვავე აღარ ეტყობოდა.

პელაგიამ თავის სახლისკენ, №-ში აიჩქარა წასვლა. მან მოიბოდიშა ქველიძეებთან, რომ ჩემი ბეგლარი სამსახურის გამო დაბრუნდა მეორე დღეს და ამის გამო ვეღარ ინახულა თქვენი ოჯახიო, ვერ მოგელაპარაკათ წესისამებრო; მეც იმიტომ მივეჩქარები, რომ ამ მოკლე ხანში შვილიც გამოვგზავნო და ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდეს და საქმე აღარ გაგრძელდესო.

ამის გამო აღარც სონიამ დააკავა იგი; მასაც ეჩქარებოდა ნინოს თავზე გვირგვინი დაენახა ბეგლართან ერთად.

დედისაგან დაჩქარებაზე ბეგლარმა მხოლოდ მიუგო, რომ სიჩქარით ქალაქი არ აშენდებაო.

– პასუხი, შვილო, უნდა მისცე, შენ გენაცვალე! ქალი დანიშნე, ხმის ამოუღებლობა, ასე გაჩუმება აღარ შეიძლება, ჭირისუფალს უნდა გააგებინო რამე! – უთხრა პელაგიამ.

– თავად მოიკითხავენ და პასუხსაც მაშინ მიიღებენ! – მოკლედ მიუგო ბეგლარმა.

მართლადაც, ამბავის მიუღებლობით შეწუხებულმა ქველიძეებმა კაცი მოუგზავნეს ბეგლარს, გაეგოთ მისგან თუ რას ფიქრობდა. ჯინჭარაძემ თავის მხრივ მოიბოდიშა დაგვიანება, გამოუცხადა, რომ იგი მზადაა ყოველ წამში ჯვარსაწერად, თუ რომ ქველიძეც მზად არისო; ამისათვის კი საჭირო იყო სარდიონს ქალიშვილისათვის მზითვად მიეცა ფულად რვაასი მანეთი.

ამ პასუხმა საოცრად არია მათათი და სარდიონიც. მათი წარმოდგენით, ბედნიერი შემთხვევა ქალიშვილს ხელიდან აცლიდა იოლად; ახლა კი სულ სხვა გამოდიოდა. რვაასი მანეთი სად უნდა ეშოვა მას? რა მადანი უნდა გამოეთხარა ამისათვის? ასე რომ გონებოდა, მეორე დღესვე უკან გაუბრუნებდა ბეჭედს მის პატრონს და თავის შეუძლებლობას მისი დაწუნებით, მისი სიძედ უკადრისობით დაფარავდა. ახლა კი, ამდენი ხნის გავლის შემდეგ, ამ შემონათვლის შემდეგ, რარიგად მოახერხოს პატიოსნურად უკან დახევა, რომ ქვეყნის სალაპარაკოდ არ გახადოს თავისი ოჯახის საქმე, და სამუდამოდ არ დააფრთხოს სხვა სამტერმოყვაროდ. პირველი გაცხარების შემდეგ, სარდიონმა არჩია სხვა გზას დასდგომოდა ყმაწვილთან მოლაპარაკებაში. მისი გადაწყვეტილებით, ბეგლარი ვალდებული იყო თავისი მოქმედება დაემთავრებინა ისე, როგორც დაიწყო: ქალი მისთვის არავის შეუძლევია, თავისი სურვილით დანიშნული ჰყავდა, წინდაწინ არავითარი მოლაპარაკება არა ჰქონია, არ უკითხავს არაფერი მზითევზე; არავისთან სიტყვაც არა ჰქონია ნათქვამი, ისე დანიშნა ქალი და ახლა პატიოსნება და წესიერება მოითხოვს, რომ უვაჭრობოდ, უკან დაუხევლად აასრულოს თავისი სიტყვა ქალთან; ასე გვიან გამოკიდება, ასე გვიან გახსენება სამზითვო ფულისა ნამეტან ურიგობად მიაჩნდა და უწესოებად. თავის აზრით, სარდიონს შეეძლო ამის გამო მოეთხოვა ჯინჭარაძისაგან ჯვარი დაეწერა დანიშნულ ქალზე. ყოველივე დავიწყებულის უკან გამოკიდება კი უადგილო და სრულიად უნაყოფო იქნებოდა. ასე ფიქრობდა ქველიძე და ეს კიდევაც შეუთვალა სასიძოს.

მაგრამ ბეგლარისათვის ეს სრულიად უმნიშვნელო და უსაფუძვლო ლაპარაკი იყო. იგი ამაში ხედავდა მხოლოდ სარდიონის მხრივ ხრიკს, რომ ქალიშვილი იოლად გაეთხოვებინა. პატიოსნებისა და წესიერების ხსენება სიტყვების რახარუხი იყო მის თვალში. მან უკეთესად იცოდა თავისი საქმე, რომ ქველიძეს არ დაებრიყვებინა მისი თავი. უგუნურად არც იგი შებმია ამ საქმეს, მასაც მოსაზრებული ჰქონდა ყოველივე, როცა ქალს ნიშანს აძლევდა. ახლა გამაგრება იყო მხოლოდ საჭირო და ლამაზი ქალიც მისი იქნება და რვაასი მანეთიც! მეტი რა გზა ჰქონდა, მისი წარმოდგენით, ქველიძეს, თუ არ უნდოდა ქვეყანას დაეწყო ლაპარაკი, რომ ჯინჭარაძემ ქალიშვილი მიუტოვა, რადგან მზითევის მიცემა ვერ შეიძლოვო!

– არც ჩვენ გვაკლია მოხერხებულობა! – თავის თავს ეუბნებოდა ბეგლარი.

საქმე იწეწებოდა, არ ეწყობოდა. სონია ისეთ მწუხარებაში ჩააგდო ამან, რომ ვეღარ მოითმინა თვითონ არ მისულიყო ძმასთან და არ შეხვეწნოდა ამ უსიამოვნო მდგომარეობის გათავება. იგი ემუდარებოდა ძმას, დაუკელი ცოტა რამ მაინც, გაუადვილე სარდიონს ქალიშვილის გამზითვებაო; მაგრამ ყოველივე ამაო იყო, ბეგლარი თავისაზე იდგა.

– გვაცალეთ… გვაცალეთ!.. კი მოახერხებს ქველიძე ფულის შოვას… ნუ გეშინიათ!.. იმას ისე უყვარს თავისი ქალიშვილი, რომ თავს გაიხეთქავს და მოახერხებს… თქვენ ოღონდ გვაცალეთ… ნუ ერევით საქმეში!..

– რვაას მანეთს, შენ გენაცვალე, ვიგინდარები თხოულობენ და შენმა ძმამ ესეც აღარ აიღოს?! სამართალი სადაა! – მხარს უჭერდა შვილს პელაგია.

სონიამ შესწყვიტა მოლაპარაკება. შეატყო, აქ არაფერი გარიგდებოდა. ეგრეც იყო. ბეგლარს უკვე გამოანგარიშებული ჰქონდა, თუ როგორ მოიხმარდა ამ ფულს: განაწილებული ჰქონდა რამდენს რა სარგებელს შემოატანინებდა, როგორ აამუშავებდა, რამდენად გაზრდიდა ამ თავნს ოთხ-ხუთ წელიწადში, რამდენად აქცევდა; მისი შემცირება კი გამოიწვევდა, დაკლებასთან ერთად, ამ ანგარიშების გადაკეთებასაც, მათ გადასინჯვას, გადაცვლას და… რისთვის, ვისთვის?!

სოფელში დაბრუნებულმა სონიამ ახლა ქველიძეებთან დაიწყო მეცადინეობა, რომ ესენი დაეყოლიებინა, დაეთანხმებინა, მიეცათ მისი ძმისათვის, რასაც იგი თხოულობდა: ხომ უნდა მიეცათ მაინც ნინოსათვის თავისი მზითევი. მაგრამ აქეთ ესენი ჯიუტობდნენ: ქალი ისე დაინიშნა, რომ მზითევზე სიტყვაც არ თქმულაო და თუ საქმე ხელახლა დავიწყეთ, ეგ ვინ იცის სადამდის მიგვიყვანს, მით უფრო, თუ ამგვარები შეუსრულეთო.

– და გამოტეხით უნდა მოგახსენოთ, რომ სწორედ მოვალე ბრძანდებით ყოველივე ეს ოუხსნათ, ყოველივეს ამას მიახვედროთ თქვენი ძმა და დაიყოლიოთ; თქვენს ოჯახში მოხდა ეს ამბავი და ახლა თქვენვე უნდა გამოიყვანოთ ჩემი შვილი მწუხარებიდან, რომელშიაც იგი ჩავარდნილია ამის გამო. დიახ, დიახ, ეგ თქვენი ვალია!..

უამისოდაც გულდამწვარ სონიას სარდიონის ეს სიტყვები ლახვარივით ხვდებოდა გულში. იგი თვითონაც სთვლიდა თავისთავს დამნაშავედ ნინოს წინაშე. გული უდუღდა, რომ მისი საყვარელი, უძვირფასესი ნინო აუტანელ, სამარცხვინო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი მისი ძმისაგან, მის ოჯახში მომხდარი შემთხვევით; ნანობდა, იწყევლიდა თავს, რომ მისმა ენამ გამოსთქვა მისი რძლობა, ამტყუნებდა თავისთავს, რომ ასე წინდაუხედავად მიუთითა ძმას ამ ქალზე და ამით ჩააგდო თავისი საუკეთესო ამხანაგი ქარცეცხლში. და გულადუღებული სონია ეხვეოდა ნინოს, უკოცნიდა პირისახეს, გულს, ამხნევებდა, აიმედებდა, რომ ყველაფერი მალე გადაწყდებოდა, რომ გაჯიუტებულნი მალე შეთანხმდებოდნენ, მორიგდებოდნენ და სასიხარულოდ დათავდებოდა მისი დღევანდელი მწუხარება. სთხოვდა, მასზე გული არ აეყარა, არ შეეძულებინა მისი თავი, რომ ბრალი მისთვის არ დაედვა.

– შენი ჭირიმე, შენი, შენი… ჩემო გვრიტო, ჩემო მალხაზო, ჩემო ანგელოზო, ჩემო მაცოცხლებელო, ჩემო! – კოცნიდა და ეხვეოდა სონია ნინოს, რომელიც თავისი ჩვეულებრივი სინაზით, სიმშვიდით, ტკბილი ხმით და ღიმილით ამ სიტყვებზე შემდეგს მიუგებდა:

– შენი რა ბრალია, ჩემო სონია, შენი რა ბრალია? შენ რად უნდა შეგიძულო?.. შენზე გული რად უნდა გამოვიცვალო?! ალბათ, ასეთი ბედის ვყოფილვარ!.. შენ რა?..

ეს სიმშვიდე, ეს გულში შეკავებული გამოუჩენელი მწუხარება ნინოსი უფრო გულს უწყალებდა სონიას; ცრემლები მოაწვა თვალების უბეებს და შადრევანივით გადმოხეთქა.

ნინომ დაინახა ეს ცრემლები, მისი გულიც მოწადინებული იყო მომბალიყო იმნაირივე ცრემლებით, მაგრამ ეშინოდა, რომ ამ დროს მას არ შემოსწრებოდა ან დედა, ან მამა, ეშინოდა, რომ მათთვის მწუხარება არ გაეორკეცებინა თავისი სასოწარკვეთილების დანახვით და ამიტომ ყოველსავე ძალ-ღონეს ხმარობდა, რომ თავი შეემაგრებინა და გულის სისუსტე არ გამოეჩინა, სონიას ცრემლებთან თავისი ცრემლები არ შეემატებინა.

– კარგია, შე ქალო! არა გრცხვენია!.. სონია, სონია!.. თუ გიყვარდე, დაწყნარდი!.. რა გატირებს?.. ხომ არ მოვმკვდარვარ. შე ქალო? რაზე მტირი ცოცხალს?! – და ნინომ აქ კიდევაც გაიცინა.

– მკვდარი მე ვარ, მე!.. მე, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!.. მარა ცოტა კიდევ მოითმინე… ცოტა ხანს კიდევ გოუძელი ჩვენს უგრძნობლობას, ჩვენს გულქვაობას!

და იგი განმეორებით სიტყვას აძლევდა, რომ არ მოისვენებდა, ყველაფერს დაივიწყებდა და ამ მოკლე ხანში ორივე მხარეს მოარიგებდა, შეათანხმებდა და მას ააცილებდა მწუხარებას და ტანჯვა-წვალებიდან გამოიყვანდა.

XII

მართლაც, ყველაფერი დაივიწყა სონიამ ამ გახიახებული საქმის გამო; სხვას ვეღარაფერს უდებდა გულს, სხვაზე არაფერზე აღარ ფიქრობდა, ვეღარაფერს ვერ ამჩნევდა, რაც მის გარშემო ხდებოდა, რაც ამბავი იყო.

ამგვარობაში სრულდებოდა მეორე წელიწადი და ამ ხნის განმავლობაში სონია თითქმის გარეტიანებული იყო. წინანდებურად იგი აღარაფერს უკვირდებოდა, აღარაფერს ადევნებდა თვალ-ყურს და სწორედ ამის გამო ვერც ატყობდა თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი ოჯახი და ამასთანავე მისი ქმარიც რა გაწამაწიაში იყო.

ბევრი რამ იმეცადინა საწყალმა ოტიამ, ბევრ რამეს მოჰკიდა ხელი საშოვრის საპოვნელად, რომ რამე ოჯახში შემოეტანა, მაგრამ ყოველივე მეცადინეობა ამაო ხდებოდა. ერთ წელიწადს მან მოინდომა ხარებით ვაჭრობა: ყიდულობდა იაფად, ასუქებდა და მერე მიჰყავდა იარმუკებზე მოგებით გასაყიდლად, მაგრამ აქედან ისე ცოტა რჩებოდა, რომ პირუტყვს გასასუქებლად უნდებოდა თითქმის, და იძულებული იყო ამისათვის თავი დაენებებინა. მოინდომა სიმინდით ვაჭრობა – მოსავლიან ადგილებზე ყიდულობდა და მოჰქონდა სოფელში გასაყიდად, რადგან ამ უკანასკნელ წლებში თამარნაშენში მოსავლის ნაკლებობა იყო. მაგრამ გაცდენა, მისვლა-მოსვლა, შრომა თითქმის უქმი რჩებოდა, ისეთ ნაკლებ ფასს იძლეოდნენ ხელმოკლე სოფლელები. სხვაგანაც მოინდომა ოტიამ წასვლა, სოფლის გარეთ, ეგებ ამით მაინც შემოეტანა რამე, მაგრამ ვერც ამ გზით ეძლეოდა საშველი; ისეთ საქმეს ვერ ხედავდა, რომლისთვისაც მას შეეძლო გარეთ მოეკიდნა ხელი. ერთ ხანაზე, რამდენიმე თავის მეგვარესთან ერთად, ამხანაგობა გააწყო, ხეებს ყიდულობდნენ, ფიცრებად ხერხავდნენ და გასაყიდად მიჰქონდათ მახლობელ დაბაში; მაგრამ ვერც ამ ამხანაგობამ ასარგებლა რამე. უგზოობის გამო საქონელი წყდებოდა მთიდან ხეების ჩამოტანით და დაბაში ფიცრების გატანის დროს. იმდენად გასაჭირი შეიქნა საქმის წარმოება, რომ ნახევარი წლის შემდეგ ამხანაგობაც დაიშალა.

სხვაც ბევრი რამ იყო ამგვარი, რასაც ხელს უწვდენდა ოტია, მაგრამ ხეირს ვერაფერს ხედავდა, თუმცა ყოველთვის თვითონ საქმე არ ყოფილა ისეთი, რომ კაცისათვის უსარგებლო ყოფილიყო – ოღონდ მის ხელში კი გამოუყენებელი ხდებოდა.

ეს უნაყოფობა ყოველივე მისი მეცადინეობისა, მისი მუყაითობისა, გულზე ხეთქავდა საწყალს. იგი აშკარად ხედავდა თავის უღონობას წარმატებაში ჩაყენებისათვის. ხედავდა თავის უძლურებას, მოუხერხებლობას ოჯახის ფეხზე დაყენებისათვის და აღარ იცოდა, რა ექნა, რა მოესაზრებინა კიდევ.

მით უფრო ცეცხლი ეკიდებოდა საწყალ ოტიას, რომ მისი ცოლის სიახლოვეს საკმაოდ აეხილა თვალები. მისთვის ახლა თვალსაჩინო იყო, რომ ძველ გზაზე დარჩენა მეტ ხანს არ შეიძლებოდა, რომ მარტო მიწა ვერ დააკმაყოფილებდა მისი ოჯახის მთელ საჭიროებას; რომ საჭირო იყო განსხვავებული გარჯა, განსხვავებული შრომა და მას კი ეს არ ეხერხებოდა, არ ემარჯვებოდა, და აღარ იცოდა, რა, ექნა.

სინათლეზე უფრო ნათელი შეიქნა მისთვის, რომ მარტო მიწა, ის მიწა, რომელზედაც იგი იდგა, ვერას გზით მას ვერ დააკმაყოფილებდა, რომ აქ შეჩერება მხოლოდ სამუდამოდ დაღუპავდა მასაც, მის ცოლ-შვილსაც და მომავალსაც…

– გადვიკარგები, სადღაც გადვიკარგები! მარა სად? სად? – გამწარებით ეკითხებოდა ოტია თავის თავს.

გული უტყდებოდა ოტიას იმაზე, რაც აქამდე დიდ განძად და საიმედოდ მიაჩნდა. ამ განძზე და იმედზე ფიქრი ახლა კი შიშსა ჰგვრიდა, დაღუპვას უქადიდა და ისე შეებოჭა იგი, რომ განთავისუფლება მისი უმოწყალო კლანჭებისაგან საძნელო ხდებოდა. ოტია გრძნობდა, რომ გაუკითხავად მიექანებოდა ძნელი განსაცდელისაკენ.

ამ უკანასკნელი წლების დაკლებულმა მოსავალმა და ბოლონდელმა მოუსავლობამ მეტად გააძლიერეს ოტიას გულში მისი გრძნობები. იმოდენა დაკარგულმა, ფუჭად გავლილმა შრომამ, რაც მან მიწაში ჩასდო, მეტად გამოუცვალა გუნება. წლევანდელმა მოუსავლობამ ხომ სრულიად წელი მოსწყვიტა. ამ მოუსავლობის დროს ოტიას ის გარემოებაც უმატებდა დარდს, რომ მისი ცოლი ფეხმძიმედ იყო.

ახლა სონია გართული იყო სხვა საქმეში და იმიტომ ხმას არ იღებდა, წინანდებურად თავიანთ გაჭირვებაზე აღარ შფოთავდა. მაგრამ ოტიამ იცოდა, რომ, როცა იგი ისევ ოჯახისკენ მოავლებდა თვალს, მაშინ წინანდელზე უფრო, რასაკვირველია, აღშფოთდებოდა და გამწარდებოდა.

მთელი სოფელი შეწუხებული იყო, შიმშილობა კარზე მომდგარი იყო. ყოველი მხრიდან გულის ამრევი ამბები ისმოდა. ჭირნახულის ფასი დღე-დღეზე მატულობდა, ხელმოკლე სოფლელებისათვის მიუწვდომელი ხდებოდა სარჩოს ყიდვა. ერთ დღეს ხმა გავარდა, რომ თამარნაშენის ზემო კუთხის გლეხი, პავლია მერაბიძე, ისე გამწარდა, რომ თავის ჩამოხრჩობა მოინდომა შიმშილის გამოო, და ცოცხალმკვდარი ბაწრიდან ჩამოიღესო, – დროზე მიესწროთ. რამდენიმე კაცი, – კიდევაც ასახელებდნენ, – სოფლიდან წასულიყო სამათხოვროდ ქალებით და ბავშვებით.

– წადი, წადი, შვილო, შენს ცოლის ძმასთან წადი! შეეხვეწე… გასესხებს ცოტაოდენ ფულს და გაისამდის თავს როგორც იქნება გავიტანთ. ნუ გრცხვენია, ნუ! რა დროს სირცხვილია! დამიჯერე, შვილო! – ჩასჩიჩინებდა ეკვირინე ოტიას.

– არა, დედა, მოვკვდები და იმასთან ვერ მივალ, ვერა, ვერა! – უპასუხებდა იგი.

მაშინ, შვილისგან ნამალევად, ეკვირინემ გასწია სამადაძისკენ შემწეობის სათხოვნელად. უკანასკნელმა უარი არ უთხრა ნათლულის მოხუცებულ ბებიას; ღამით, რომ სხვას არ დაენახა, თავის ურმით გადმოუტანა ორი ტომარა სიმინდი და ბეღელში ჩაუყარა. ეკვირინემ გული დაიმშვიდა – ერთ-ორ თვეს მაინც ოჯახს ექნებოდა ჭადი, თუ გასაძღომი არა, კუჭის დასამშვიდებელი მაინც; შემდეგ კი ისევ ღმერთზე რჩებოდა იმედი, რამეს გამოუჩენდათ.

მაგრამ რა საშინელი, თავზარდამცემი შეიქნა მათთვისაც, სხვებთან ერთად, როცა ხმა გავარდა, რომ სოფელში ბოქაული მოვიდა საადგილ-მამულო გადასახადის მოსაკრებად და, ვისაც არ შეჰქონდა ფული, ბეღელს უბეჭდავენო.

ეკვირინე და ოტია ეცნენ სამადაძისაგან მოტანილ სიმინდის ამოლაგებას ბეღლიდან სხვა ადგილას გადასამალავად. გაკვირვებით შეჰყურებდა სონია დედა-შვილის კალათებით იქით-აქეთ რბენას და ვერ ხვდებოდა, აზრში ვერ მოდიოდა, თუ რას ნიშნავდა ეს ამბავი.

ერთი ათიოდე კალათის გადმოტანა თუ მოასწრეს, როცა ეზოში რამდენიმე ცხენოსანი შემოვიდა.

ეკვირინეცა და ოტიაც გაქვავდნენ.

– მობრძანდით, ოტია! – წამოვიდა მისკენ ცხენიდან ჩამომხტარი მამასახლისი.

ცოცხალმკვდარი ოტია მიუახლოვდა ბოქაულს.

– ფული რომ ითვლება თქვენზე, სახელმწიფო გადასახადი, რატომ არ შემოგაქვთ, ყმაწვილო?.. ორჯერ დაბარებული იყავით ამის თაობაზე, ორჯერ გადაგიდევით, მაგრამ მაინც არაფერი გეშველათ… რატომ ნებულობთ ამას?.. თქვენს თავსაც იჭირვებთ და ჩვენც პასუხისგებაში გვაგდებთ! – საყვედურით დაუხვდა ცხენიდან ჩამომხტარი პოლიციის მოხელე.

– უკაცრავად, ბატონო!..

– უკაცრავად კი ბრძანდებით, ეგ მეც ვიცი.. ეს ცოტაა… ფული წარმოადგინეთ!..

ოტია გაქვავდა.

– არ გესმით თუ?! ფული წარმოადგინეთ ახლავე-მეთქი!.

ოტია ისევ ხმაამოუღებლად იდგა.

– არა გაქვთ?

– არა მაქვს!.. გთხოვთ, ცოტა ხნით…

– გადროვოთ… არა? ჰმ, არა, არა, უკაცრავად!.. ჩვენც მწარე დღე გვადგია ამის გულისათვის… აჰა, რა მოწერილობებს ვღებულობთ და რარიგად გვემუქრებიან!.. დრო გქონდათ… მეტი აღარ შეიძლება… დაკეტე ბეღელი, მამასახლისო! – დაიძახა ბოქაულმა.

მამასახლისი გაექანა ბრძანების აღსასრულებლად.

ოტია ამქვეყნად აღარ იყო. სონია გაფითრებული, სულგანაბული, ოთახის კარებს ამოფარებული მისჩერებოდა იმას, რაც მის თვალწინ ხდებოდა.

– ლუქი და ბეჭედი, ფილიპე! – უბრძანა მოხელემ მწერალს, – ეგებ ამ გზით მაინც დაგატანოთ ძალა!.. – წაილაპარაკა მან.

ბეღელის დასაბეჭდავად მისულმა მწერალმა, სანამ დაკეტავდნენ ბეღელს, კარი შეაღო, ჩაიხედა შიგ, გადმოიხედა ბოქაულისაკენ მომღიმარი სახით და შეჩერდა. ბოქაული მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს ღიმილი ხელქვეითის სახეზე:

– სულ ერთია… სულ ერთია! მიაკარი ბეჭედი, მიაკარი! – დაუძახა მან.

მწერალი შეუდგა ბრძანების აღსრულებას.

– შიმშილით გვწყვეტთ, ბატონო?.. შიმშილით გვწყვეტთ, ჩემო თვალის სინათლევ?! – მიუახლოვდა ბოქაულს გარეტიანებული ეკვირინე.

– მეც ძალა მადგია, ჩემო ბატონო!

– ნუ ინებებთ! ნუ ინებებთ! – ძლივს ხმას იღებდა მოხუცებული ქალი.

– ფული, ფული წარმოადგინეთ და თავისუფალი იქნებით! არ შემიძლიან, ნაბრძანები მაქვს ყოველგვარი ზომა ვიხმარო ამ გადასახადის გადახდევინებისათვის. ჩვენი ბრალი არაა!.. გაათავეთ! აბა ახლა ვინაა აქ მახლობლად კიდევ?

მწერალმა სია გაშალა.

– ლევან ქამუშაძე! – წაიკითხა მან შემდეგ.

– აბა ამ ლევანისას ჯერ! – წამოიძახა მოხელემ და ცხენოსნებმა ხმაამოუღებლად გადაიარეს ეზო. მხოლოდ ცხენების ფეხების თხლაშა-თხლუში ისმოდა.

ოტიაც და ეკვირინეც მიკრულებივით თავ-თავიანთ ადგილებიდან არ იძვროდნენ. აივანზე ოთახიდან ბავშვი გამოვარდა და მას უკან გამოჰყვა სონიაც, რომელიც შეჩერდა და მათ მიაჩერდა გაოცებული.

მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ათასწილად ერჩია ოტიას ამ წამში, ისე გრძნობდა თავის თავს.

– რა ამბავია ეს?! – დაბალი, უცნაური ხმით გადმოიძახა სონიამ.

– სიკვდილი მაგათი! სიკვდილი, შვილო! – ამოსკდა გულიდან ეკვირინეს. – მაგათი სიკვდილი!

ოტიამ ვეღარც კი მოახერხა ცოლის თვალწინ დარჩენა; მიწასთან გასწორებულმა, დარცხვენილმა, თავსლაფდასხმულმა ერთი მწარედ ამოიოხრა და გარეტიანებული წაბანცალდა.

სონიამ გაიგო, რაც მომხდარიყო, გაიგო ყველაფერი, რაც მათ ოჯახში ამბავი იყო და რაც მისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა მისი ძმისა და ნინოს გამოისობით. დღევანდელი გაჭირვება უკანასკნელი გაჭირვება იყო, უკიდურესი გაჭირვება. აქ სად იყო დრო, რომ ადამიანს ეფიქრა თავისი ღირსების დაცვაზე, როცა კუჭის გამოსაძღომზე უნდა შეელია მთლად თავისი ძალ-ღონე…

ქალი ეძებდა ოტიას, ეძებდა, რომ ისევ წინანდებურად შეჰკითხოდა, გაეგო მისგან, თუ რას ფიქრობდა იგი ამგვარი გაჭირვების ასაცილებლად, ამგვარ საშინელი მდგომარეობისაგან გასანთავისუფლებლად, რა გზას ადგებოდა, რომ შემდეგში კიდევ უარესი არ შემთხვევოდათ? ეს იყო, რომ გამოვაკეთებ ოჯახსო?! გამოკეთდა!

კარგა შებინდებული იყო, როცა ოტია შემოიპარა სახლში. მას ეგონა, რომ ყველას ეძინებოდა და ცოლთან ლაპარაკი აღარ შეხვდებოდა, ისევ თავის თავთან დარჩებოდა, თავის აზრებს მიეცემოდა. სონია კი მის მოლოდინში იყო.

– ოტია, შენ ხარ? – შეეკითხა ოთახში შემოსულს.

– მე ვარ! – მიღონებული ხმით მიუგო ოტიამ.

სონიამ ბალიშის ქვეშიდან გამოაძრო მომარაგებული ასანთი, რაც მას მუდამ ეგულებოდა ბავშვის ღამე დასახედავად, მოუკიდა სანთლის ნამწვავს და გაანათა ოთახი.

მის წინ იდგა სრულიად სახეგამოცვლილი ქმარი. ოტიას კიდევაც რცხვენოდა და კიდევაც გული უკვდებოდა, რომ ასეთნაირ გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი, მიუხედავად თავისი მუყაითობისა და მეცადინეობისა.

ქალმა ის იყო დააპირა კითხვით მიემართნა, გაემეორებინა თავისი „რას აპირობ? რას გვიპირობო?”, მაგრამ იგრძნო, რომ ამგვარი მიმართვით იგი მხოლოდ უარესად დაჩაგრავდა მას, უამისოდაც დაჩაგრულს. ეს მხოლოდ შეუბრალებლობა იქნებოდა ქმრისა, რომელსაც ვერასოდეს ვერ უსაყვედურებდა გაურჯელობას, ვერ უსაყვედურებდა უპატრონობას ოჯახის წინაშე. სონიამ შესცვალა ის კილო, რომელზედაც მომზადებული იყო მასთან ლაპარაკი დაეწყო.

– ოტია! ჩვენი აქ დარჩენა სიკვდილია, ოტია… სიკვდილი, ოტია! ამდენი ხანია გიცდი, გითხრა ეს… ჩვენ კიდევ უარესი თუ მოგველის აქ, თორემ უკეთესი არაფერი, ჩვენ უნდა წავიდეთ, უნდა გავშორდეთ აქაურობას, ოტია, უთუოდ, უსათუოდ, ოტია!

ამას ოტიაც გრძნობდა, იგიც ატყობდა.

– სად, შე ქალო? სად შემიძლია მე წასვლა?

– სადაც საშოვარი უფრო მეტია, ქალაქ ადგილას, №-ში!

ოტიამ მწარედ გაიღიმა.

– ჰმ, ჩემისთანამ რა უნდა იშოვოს ქალაქ ადგილას?

– რატომ არა… რატომ არა, ყველაფერს იშოვი!

– მაგასაც გაჩვევა უნდა! მე კი ფეხი არსად გამიდგამს… არსად ვყოფილვარ, ხალხიც არ მინახავს ერთად ბევრი. ქვეყანაში გაუსვლელმა რა უნდა გავაკეთო უცხო ადგილას?.. თორემ ვინ ოხერი, ვინ მუდრეგი!

– უსათუოდ, უსათუოდ! ამას ლაპარაკიც აღარ უნდა, ოტია! ეს გადაწყვეტილია, იცოდე! – მტკიცედ წარმოსთქვა სონიამ. – გესმის?

– ვნახოთ, ვნახოთ, შენი ჭირიმე! მაგასაც მოსაზრება უნდა, ასე ადვილი საქმეა განა? მაცალე ცოტა ხანი, შენი ჭირიმე, შენი! თუ ცოტაოდენი სიბრალული გაქვს ჩემი! ოხ, ღმერთო, ღმერთო ჩემო! – წამოიძახა გულსაკლავად ოტიამ, გაიხადა ჩოხა, წაღები და მიეგდო ტახტის ბოლოში.

სონიას შეეცოდა ქმარი, აღარ დაუწყო მეტი ლაპარაკი, მაგრამ გუნებაში კი გადასწყვიტა, აღარ შემდგარიყო და ყველაფერი ღონე ეხმარა, რაც გაუვიდოდა, ქმრისათვის გაებედვინებინა სოფლის მიტოვება, სოფლიდან გასვლა, სადაც მათ არავითარი სიკეთე არ მოელოდათ, მათივე აზრით.

XIII

ეკვირინეც ვეღარ იყო თავის გუნებაზე ახლა. იმასაც დაეკარგა ხალისიანი სიტყვა და რაღაც ჯავრს შეეპყრო. ეტყობოდა, მან გაიგონა რძლის ნალაპარაკევი იმ ღამეს და ახლა ოტიასაგან უნდოდა უფრო დაწვრილებით, ხელმეორედ მოესმინა, რასაც მას უმალავდნენ.

– სად წავიდეთ, სადა?

– კაია, შენი ჭირიმე, თავი დამანებე!..

– შვილო, არ ამჩატდე! ფრთხილად იყავი, დამირიგებიხარ… ფრთხილად იყავ… არ გაგაბრიყვონ!..

– თუ გიყვარდე, მაცალე, დედა, თუ ჩემი სიბრალული გაქვს… მე შენზე უკეთ ვაცი, რა ამბავიცაა ჩემს თავზე!.. ვინ უნდა გამაბრიყვოს, შენც ლაპარაკობ კიდევ!.. გაბრიყვებაზე კი არაა აქ საქმე… იმდენად უგუნურებიც არა ვართ, ღვთის მადლით!..

ეკვირინეს არ მოეწონა შვილის ასეთი კილო. იგი ამაში ატყობდა ოტიას, რომ მას ცოლის მხარი ეჭირა და მეტად ეწყინა ეს გარემოება. ის იყო უნდოდა ისეთი ლაპარაკი გამოეწყო შვილთან, რომ უსათუოდ ეთქმევინებინა მისთვის, რასაც გულში ფიქრობდა იგი, რასაც ორივე აწყობდნენ, როცა ეზოში შემოვარდა პატარა ფეხშიშველი გოგო და ამათ მიაძახა:

– ბატონი კვდება, ბატონი… გთხოვეს, მობრძანდითო!

– ვინ ბატონი, გოგო? – ჰკითხა ოტიამ.

– ლევანი, ლევანი! ყველას გთხოვს…

– არიქა, მიშველეთ! – წამოიძახა ეკვირინემ. – შვილო, სონიას შეატყობინე, ოთახშია… მალე, მალე!.. შენც, ცუცუკა, ჩვენ მოსვლამდის აქ იყავი… სახლს მიხედე, ჩემო ცუცუკა… ბავშვმა არაფერი მოიწიოს!.. გამეიარეთ… გამეიარეთ! – მიაძახა მან რძალს და შვილს, რომელნიც უკან დაედევნენ მას, ლევანისაკენ ფეხაჩქარებით მიმავალს.

საწყალი ”ბატონი” უკანასკნელ მდგომარეობაში იყო. სკამ-ლოგინზე მწოლიარე, აღარც კი ჩანდა საბნის ქვეშ გაფითრებულ აბურძგვნილი თავის მეტი. ღრმად ჩავარდნილი თვალები ხანდახან გამოიხედავდნენ, მოევლებოდნენ გარშემო მდგომთ და ისევ დაიხუჭებოდნენ.

– ლევან, ლევან, გამოიხედე, ეკვირინე მოვიდა, სონია, ოტია, გამოიხედე! – ჩასძახა ტირილისაგან თვალებაწითლებულმა ეფროსინემ.

ლევანმა გაახილა თვალები; ჯერ ერთს შეხედა, მერე მეორეს და შემდეგ მესამეს.

– რას შვები, ბატონო?.. რას შვები, ლევან?.. ნუ შეშინდები, ნუ შეშინდები! – უთხრა ეკვირინემ, რომელსაც ცრემლები ერეოდა თვალებში. – ნუ შეშინდები!

მომაკვდავმა ოდნავ თავი გააქნია.

– სიკვდილი ჯობია, რძალო!.. სიკვდილი!.. – ძლივს გასაგონი ხმით წაილაპარაკა მან. – ყველა მშვიდობით იყავით… ყველა… ყველა!.. – გაახილა თვალები, თითქოს რაღაც მოაგონდაო. თვალი მიმოავლო იქ მყოფთ და, რა შენიშნა სონია, ანიშნა მას მიახლოებულიყო. თვალებაცრემლებული იგი მიუახლოვდა; ლევანმა სიყვარულით მიაპყრო თვალი.

– ღმერთმა შვილი გაგიზარდოს… ღმერთმა!.. შეუწუხებლად… თქვენდა სასიამოვნოდ… აგაშოროთ უფალმა უბედურება… უბედურება… ბიძიკო!..

მისი ტუჩები კიდევ ცმაცურებდნენ, ალბათ რაღაცას ამბობდა კიდევ, მაგრამ სრულიად მისუსტებული ხმა აღარ ისმოდა და ამასთანავე თვალები ისევ მიხუჭა.

ისევ სიჩუმე, ისევ შეკავებული ქვითინი ისმოდა მხოლოდ.

– ნეტავი მალე მაინც სული გეეყრებოდეს… წვალობს, სხვა არაფერია! – გამწარებით წაილაპარაკა ეფროსინემ, რომელსაც გამხდარ ლოყებზე ცრემლები ჩამოსდიოდა.

ამ სიტყვებმა ხმაურიანი ტირილი გამოიწვია. ლევანმა ისევ გაახილა თვალები.

– არ მოვიდა? – იკითხა მან.

– რაღაცას კითხულობს!

– ომანის ნახვა უნდა! – თქვა ვიღაც დედაკაცმა. – კაცია გაგზავნილი… რატომ დეიგვიანა, აღარ ვიცი!.. ისე რავა გეიქვავებს გულს, რომ არ მოეკარება… რავა დევიჯერო!..

ამ ლაპარაკზე კარების ზღურბლზე ომანმაც გადმოაბიჯა. იგი მიუახლოვდა მომაკვდავს, მოიგლიჯა თავიდან ქუდი და ათრთოლებული ხმით ჩასძახა ძმას:

– ლევან!.. ლევან!.. რას შვები, კაცო?.. რავა ხარ?

ლევანმა გაახილა თვალები და ხმაამოუღებლად მიაშტერდა თავზე მდგომ ძმას.

– რას შვები, კაცო? – გაიმეორა ომანმა.

– ვკვდები, ძმაო!.. მადლობელი ვარ… მადლობელი! – ცოტა ხნის გაჩუმების შემდეგ დაუმატა მან.

ომანი შერჩა თავის ადგილს ხმაგაკმენდილი.

– მშვიდობით… მშვიდობით, ავო კაცო!.. აწი მაინც ტკბილად… ტკბილად იყავით… ეფროსინე!.. უბედურო… ომან, თუ ძმა ხარ… თქვენ იცით… სირცხვილია!.. კმარა, რაც გვინახავს. თქვენ იცით… კმარა… კმარა!..

ომანის თვალებზე ცრემლები ბრწყინავდნენ. ეშინოდა ხმის ამოღება, რომ იქაურობა არ გაეყრუებინა თავისი ძლიერი, გულმკერდიდან ამოხეთქილი ხმით. .

სახლში კიდევ შემოვიდა რამდენიმე ქალი და კაცი; მომსვლელები თანდათან ემატებოდნენ. ამ გამომშვიდობებაში ისე ამოხდა სული მოხუცებულს, რომ ვერც კი გაიგეს. იგი მიიცვალა წყნარად, მშვიდობიანად, უშფოთველად.

ყველანი თავს დასტიროდნენ, დასჩხაოდნენ მიცვალებულს. ეფროსინეს დიდი ხნიდან გამოტირებული ჰყავდა იგი და ახლა უკანასკნელ ცრემლსღა სწირავდა თავის უბედურ ქმარს.

ოტია მწარე ცრემლით დასტიროდა ბიძას. ამ მიცვალებულში იგი რაღაც თავის მომავალს ხედავდა.

სონია მწარედ ქვითინებდა დანარჩენ ქალებთან ერთად. ეკვირინემ შენიშნა მას გადამეტებული შეწუხება, მოკიდა ხელი, გაიყვანა სახლიდან და დააფიცა ყველაფერი, აქაურობას მოშორებოდა და შინ გაბრუნებულიყო.

– აწი რაღა გინდა აქ, შენ გენაცვალე?.. შენთვის არ ვარგა და ნეტავი სულაც არ წამომეყვანე… რა საყურებელია ფეხმძიმე ქალისათვის ამგვარები… დევიბენი, ვეღარ ვიფიქრე მე უბედურმა… წადი, თუ გიყვარდე, წადი, წადი! – და მან კარებამდის მიაცილა რძალი, რომ იგი არ გამობრუნებულიყო და არ დარჩენილიყო იქ.

”მშიერი… მშიერი მოკვდა, შიმშილმა მოჰკლა!” – ეუბნებოდა თავის თავს გზაში მიმავალი სონია. – შიმშილმა მოჰკლა. უსაღსრობამ… მშველელი კი არსაით, არსადაა!.. ყველა გაჭირვებულია, ყველა გაწვალებული… ყველა უბედურებაშია ჩავარდნილი!.. ოჰ, ღმერთო, ყველა ამას უნდა მოველოდეთ, ყველას ეს დღე უნდა დაგვადგეს!.. არა, შვილებო, არა, გვრიტებო!.. არა, არა, თქვენი ჭირიმეო… არა, არა!..

მან ვეღარც კი გაიგო ამ გულის წუხილში, რომ სახლისკენ აღარ მიდიოდა, გზას გადაეხვია, ქვევით დაჰყოლოდა. რაღაც ხმამაღალი ლაპარაკი, თითქმის ყვირილი მოესმა და ამან ცოტათი გამოაფხიზლა და გონებაზე მოიყვანა. სონია შეჩერდა. გაოცებით თვალი შემოავლო, გაუკვირდა, თუ სად მოსულიყო სახლისკენ მიმავალი. მაგრამ ვერც კი მოასწრო ანგარიში მიეცა თავის თავისთვის, რომ ვიღაც ქალის ქაქანი, წყევლა და გინება იქაურობას იკლებდა.

ჩაფოხვილ დაბალი სახლის კარებთან, ღობეს გადაღმა რომ მოჩანდა, იდგა გაფითრებული სახით ავადმყოფი, ტანმორჩილი, გამხმარი ყმაწვილი ქალი და შიგნით მოქაქანე ქალს დაწყნარებას ევედრებოდა.

– კაია, დედა, კაია, თუ ღმერთი გწამს!.. ქვეყანა მიდი-მოდის… სირცხვილია!..

მაგრამ ქაქანი არ წყნარდებოდა. სონიამ ხმაზე იცნო მანანა, სეფე მარუშიძის სიდედრი.

– ის დღე რატომ არ დაიქცა, ის დღე რატომ არ ჩამობნელდა, მაგ რომ მე ჩემს ოჯახში შემოვათრიე!.. კაცი მეგონა მაგ დაგლახაკავებული!.. კაცი მეგონა მაგ ოხერი, ოხერი, ნამდვილი ოხერი!.. ოჯახი თლათ მაგან გამიოხრა!.. მაგას რავა მოუთმენ, ასე რომ მიყრილი ვყევართ, ასე უპატრონონი! მაგ დამშეულს ოჯახი ხელში ჩავაბარე, ამის მოხმარებაც აღარ შემიძლიაო?!. გავაგდებ, ერთ მჭამელს მაინც მოვიშორებ!..

თავის სიძეზე იყრიდა ჯავრს გაცოფებული მანანა. თავიანთ უსაღსრობას და ხელმოკლეობას აბრალებდა თავის სიძეს, რომელსაც ქალიშვილთან ერთად თავისი ქონებაც ჩააბარა. ჩამოსიძებულმა ვერ გაუმართლა იმედი სიდედრს, ვერ შეიყვანა კეთილდღეობაში და მოხუცებული, ხშირად გამწარებული კუჭგაუმაძღრობით, საზარელ ამბავს აწევდა სიძეს და შეუბრალებლად ეხებოდა მის თავმოყვარეობას. ამათი ერთმანეთის ლანძღვა-გინებით მთელი ის კუთხე დღემუდამ გაყრუებული იყო.

– აი, შენი სახელი გაწყდებოდეს ბარემაც, შენი!.. ღმერთი მომასწრებდეს, სიკვდილი დაგიდუმებდეს მაგ პილწ ენას, ღმერთი მომასწრებდეს! – მოესმა ქვევიდან სონიას.

ამ სიტყვებთან მისი მთქმელიც გამოჩნდა მოხვეული გზის ყურიდან. ფეხშიშველას, მხარზე შემდგარი ჩაფით წყალი მოჰქონდა და უკან ფეხშიშველავე პერანგის ამარა ორი ბავშვი მოსდევდა ფიჩხებით მხარზე.

ეს იყო სეფე მარუშიძე თავისი ბავშვებით. მას შერცხვა სონიას დანახვაზე, დარცხვენილად თავი დაუკრა და ნაღვლიანად წაილაპარაკა:

– ამ ურცხვ დედაბერს რომ აღარაფერი ეშველა… რომ აღარაფრის მორიდება აქვს! გამოიარეთ, გამოიარეთ! – მოუბრუნდა იგი და ბავშვებს გადმოსძახა, უცნობი ქალის დანახვაზე შემფრთხალი თაგვებივით რომ ღობეს გაეკრნენ. ამ შეძახილზე ბავშვებმა უცბად მოკურცხლეს და, ტიტველი ფეხის ტყაპა-ტყუპით ხმელ მიწაზე, გაქანდნენ მამისკენ.

“არა, შვილებო, არა… თქვენ ამათსავით არ დაგარჩენთ თქვენი დედა, არა, არა!” -განწირულებით წამოიძახა სონიამ და ქვევითკენ დაეშვა.

უკან კიდევ ისმოდა მანანას ქაქანი, წყევლა და კრულვა. ანგარიშმიუცემლად სონია მიადგა ქველიძის მოცრეცილ ჭიშკარს. მან ყოველთვის, ყოველ უსიამოვნებაზე აქეთ იცოდა გამოქცევა და დღესაც ჩვეულებამ აქეთ მოიყვანა, თუმცა ეს მას სრულიადაც არ უფიქრია. ძმის გამოისობით ამ ბოლო ხანს მან შესწყვიტა წინანდებურად ხშირი სიარული აქ, ახლაც ერთმა გულმა უკან გაბრუნება ურჩია. მაგრამ შემდეგ ისევ შესვლა გადასწყვიტა.

მას წინანდებურადვე შეეგებნენ. სახლში მხოლოდ ქალები იყვნენ. მისმა გაფითრებულმა სახემ და აღელვებამ ქალიშვილებს თავზარი დასცა; სამივეს ერთნაირმა აზრმა გაურბინა და შეწუხებულთ ხმის ამოღება ვეღარ ეხერხებოდათ, სანამ სონიამ არ უამბო მათ ლევანის სიკვდილი და რაც გზაში ნახა. მაშინ ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა.

ახლად მიცვალებულზე ლაპარაკში იყვნენ, როცა ოლიკომ ფანჯარაში გაიხედა და წამოიძახა:

– მამა მოვიდა, მამა!

ყველანი წამოცვივდნენ ზეზე. მათათი გარეთ გავიდა ქმართან და შვილთან, რომელნიც ის იყო ცხენებიდან ჩამოხტნენ.

დღეს უნდა მოეტანათ ორივეს, მამა-შვილს, უკანასკნელი პასუხი ჯინჭარაძისაგან. სარდიონს გაჯავრებულ სახეზე ეტყობოდა, სასიკეთო არა იყო რა.

– მოუარე მაგ ცხენებს და გადუყვანე მერე! – გადასძახა სარდიონმა შვილს.

კრიჭაშეკრული იგი შევიდა ზალაში და, რა დაინახა სონია, ხელიც არ ჩამოურთმევია, უთხრა:

– სტუმარი მიბძანდებოდა თქვენსკენ… ბატონი ბიაშვილი!..

სონია მიხვდა, რომ აქ რაღაც ცუდი ამბავი იყო ძმისგან და უნდოდათ მისი თავიდან მოშორება.

იგი წამოდგა, ასწია თავი და გაუბედავი ხმით სცადა გაეგო რამე სახლში მისვლამდის.

– ჩემი ძმა ხომ არ გინახავთ? – დამნაშავესავით იკითხა სონიამ გაუბედავი ხმით.

სარდიონმა ჯერ ხმა არ ამოიღო, მერე ერთბაშად აენთო და ბრაზმორეულმა წამოიძახა:

– ნეტავი ჩემს დღეშიაც არ მენახა! ბევრი მინახავს უსინდისო, უპატიოსნო ყმაწვილი, მაგრამ თქვენი ძმისთანა… თქვენი ძმისთანა ჯერ არა! არა ჯერ, მერწმუნეთ!

– სარდიონ! სარდიონ! – მოინდომა მათათიმ ქმრის დაწყნარება.

– მე წავალ… მე ვეტყვი, მე ვეტყვი… – ენის ბორძიკით ამბობდა სონია.

– ახლა ყველაფერი გათავებულია, ყველაფერი!.. მადლობელი გახლავართ, მადლობელი გახლავართ ყველაფერზე, რაც თქვენი ოჯახის წყალობით მე გადამხდა! გმადლობთ, მეტს ნუღა ირჯებით!.. კმარა!.. კმარა!.. მიჩივლეო! ჰმ, გაგიგონიათ?.. მიჩივლეო! მე ჩემს შვილს უსინდისოს ხელში არ ჩავუგდებ… არა! და მადლობა უფალს, რომ იმისთანა საძაგელი და უზნეო კაცი, როგორიც თქვენი ძმა ბრძანებულა, სიძედ არ შემოვიყვანე ჩემს სახლში! ახლა, რომ დამიჩოქოს, ამის ახლოს სულსაც არ დავაბერვინებ!.. გარყვნილსა და გაფუჭებულს რა უნდა ამისთანა ანგელოზთან?! ლაწირაკი!

სონიას თავს რეტი ესხმოდა ამ სიტყვებზე და ამ უცნაურად გახელებული კაცის ყვირილისაგან. ბევრს ეცადა მათათი ქმრის დაწყნარებას, მაგრამ ვერაფრის ღონით ვერ ახერხებდა. დღეს რომ იგი იყო, აქამდის არავის ასე არ უნახავს სარდიონი; ეს კაცი კი აღარ იყო, მხეცი იყო, ნამდვილი ბრაზმორეული მხეცი.

მიზეზიც ჰქონდა. თავიდან შერყეული კეთილდღეობა, ათასგვარი გაჭირვება, ახლა საყვარელი შვილის ამბავი, ქვეყანას რომ მოედებოდა და ვინც როგორც ისურვებდა, ისე რომ დაუწყებდა ტრიალს; რამდენი მტერი გამოჩენილი და უჩინარი ამ შემთხვევას გამოიყენებდა და მის ოჯახს, შვილს, სათრევად გახდიდა; და ყოველ ამას ზედ ისიც ემატებოდა, რომ ბიაშვილმა ულუკმაპუროდ დასტოვა; ეს არ იკმარა და რამდენიმე გლეხი განეზრახებინა მასზე საჩივარი შეეტანათ, რომ იგი მუდამ კანცელარიაში გდია და თავის გამოსარჩენად ერთმანეთში გლეხებს ჰკიდებსო, რის გამო თხოულობდნენ მთავრობის წინაშე აეკრძალათ მისთვის სოფლის სასამართლოში სიარული. ეს ხომ მისი ოჯახის ამოწყვეტას ნიშნავდა, მისი ცოლ-შვილის საბოლოოდ გაუბედურებას, და როგორ შეეძლო დამშვიდებულად ყოფნა, დაწყნარება; როგორ შეიძლებოდა, რომ ამას მხეცად არ გარდაექმნა იგი.

საწყალ სონიას არც კი გაუგია როგორ გამოიარა გზა ქველიძიდან, სახლამდი როგორ მოვიდა, ისე გონებააბნეული იყო. ბიაშვილის დანახვაზე მას ცრემლები მოაწვა თვალებზე და ათრთოლებული ხმით მიმართა მას:

– პორფირი, რატომ შვება ბეგლარი მაგ საქმეს? რატომ შვება? კარგია ახლა მაგ? – ქალს ტირილი მოერია.

– ხა, ხა, ხა! შენ რა გატირებს მერე? მისცეს ფული და გათავდება საქმე! უყურეთ ამას!..

– რვაასი მანათი?!

– ჰო!

– ვის აქვს, შე კაცო, მაგოდენის საშუალება? ჰმ! შიმშილისაგან ვკვდებით, ვიხოცებით! რვაასი მანათი!.. ღმერთო ჩემო!..

– არა, ჩემო დაო, უფულოდ ტყვილა იფიქრა იმ თქვენმა სარდიონმა… უფულოდ ქალიშვილს ხელს არავინ მოუკიდებს, შენც არ მომიკვდე!..

– თხოვდა, აძალებდა მერე?.. თავად არ დანიშნა, ა?

– ეგ რა ვუყოთ!

– როგორ, თუ რა ვუყოთ?! ქალი ჯავრით უნდა ჩაკვდეს?

– ხა, ხა, ხა!.. არ ჩაკვდება, არა!.. ეგ ოინებია, სარდიონის ოინები! მაგრამ რა სულელია: ქალაქელებს მოგვინდომა სოფლის კაცმა გაცუცურაკება?! ძალიან შემცდარია, ნამეტან ძნელ საქმეს მოჰკიდებია და წაგებულია, და იქნება კიდევაც სხვაშიაც! ხა, ხა, ხა, ხა! არა, ჩვენთან აქაური კრიმანჭულები არ არგია, არა! ხა, ხა, ხა! ჩვენ რავა გვაჯობებს!

პორფირი სიამოვნებით ხითხითებდა და ხარხარებდა… ამის პირით თითქოს თავმომწონე, უფრო ღონიერი ქალაქი დასცინოდა მისუსტებულ სოფელს, დასცინოდა, თავის გამარჯვებას აქადნიდა და ემუქრებოდა მეტ დაჩაგვრას მასთან ბრძოლაში.

“ამათია ყველაფერი!” – გაურბინა თავში მტირალ სონიას.

”ამათ უნდა გავსდიოთ, ჩემისთანებმა მაინც, თუ ქვეყანაზე სიცოცხლე გვინდა!” – თავის თავს ეუბნებოდა გულდაღონებული ოტია, რომელიც ის იყო ლევანისაგან დაბრუნებულიყო.

მთელი ღამე ძილი არ გაჰკარებია არც ცოლსა და არც ქმარს. სონიას თვალწინ ედგა ლევანი, საწყალი ეფროსინე, სეფე მარუშიძე ჩაფით მხარზე, ტიტველა მისი შვილები, გადარეული სარდიონი, მოხითხითე პორფირი, გაჯიუტებული მისი ძმა ბეგლარი და მისი ქმარი ოტიაც. ესენი ირეოდნენ ერთმანეთში, ფუსფუსებდნენ მის წინაშე, ხმაურობდნენ, ვინ რას არ ჩასჩიჩინებდა, ჩასძახოდა და მოსვენებას არ აძლევდა ღონემიხდილ ქალს.

ამავე დროს გარეთ, აივანზე გაშხლართული ოტია, ძილგამფრთხალი, მიცვალებულ ლევანზე ფიქრში იყო გართული. ამ ფიქრში თავისი თავი ეხატებოდა მომავალში: თუ იგი დროზე აქაურობას არ გაეცლებოდა, თუ სხვაგან, უფრო მოსახერხებელ ადგილს არ შეაფარებდა თავს, მასაც ასეთივე ბოლო ექნებოდა, ისიც გააქცევდა შვილებს აქეთ-იქით და თავის ბიძასაებრ მშიერი, მწყურვალი, უპატრონო, ასეთ საცოდაობაში დალევდა თავის გაჯახირებულ სულს.

– არა… მეტი საშველი არაა, მეც უნდა ავიბარგო! მეც უნდა შევეხიზნო იქ, სადაც ყოველი კაცი საშველს პოულობს… სადაც იმოდენი საშოვარია და საშუალება… მეტი გზა აღარ არის!..

ამ გადაწყვეტილების მიღებასთან მას გულში თითქოს რაღაცამ გაურბინა; ოტია ჯერ წამოჯდა, მაგრამ ჯდომაც აღარ ეხერხებოდა, წამოდგა, გადმოვიდა აივნიდან და მიიარ-მოიარა ეზო. რაღაც უცნაური სევდით შეჰყურებდა ამ ღამეში ყოველ საგანს, რაც წინ შეხვდებოდა, რაღაც სიყვარულით აჩერდებოდა სათითაოდ ყველაფერს, რაც მის საკუთრებას შეადგენდა. მისი გული საკვირვლად დუღდა, გმინავდა.

ამ ღამეში, ამ ბნელაში, გაჭირვებული ოტია ემშვიდობებოდა აქაურობას, ესალმებოდა ამ მიდამოს, რომელიც დევნიდა და იძულებულს ხდიდა, თავისი კეთილდღეობა სხვაგან ეძებნა.

XIV

ოტია ახლა იმის რჩევაში იყო, თუ როგორ გამოეცხადებინა დედისათვის თავისი განზრახვა, თავის გადაწყვეტილება, რა რიგად დაეჯერებინა მოხუცებული ამის საჭიროებასა და საფუძვლიანობაში; როგორ გამოტეხილიყო, რომ თავზე საზარელი ამბავი დაატყდა; როგორ ეთქვა, რომ სამუდამოდ აეყარა გული სოფელზე და უნდა დაეჩქარებინა მასთან განშორება.

ეკვირინეს სრულიად უბრალო წალაპარაკებას მარუშიძეს სიდედრთან, მანანასთან, საზარელი ბოლო მიეცა. ეს შხამიანი დედაკაცი დიდი ხნიდან ილესავდა კბილებს ეკვირინეზედაც, რომელიც სძულდა მისი ტრაბახობის გამო, და სონიაზედაც. ამ უკანასკნელს თუმცა მისთვის არა დაუშავებია-რა, მაგრამ მას სიამპარტავნეს აბრალებდა, მედიდურებას, სხვებზე მეტობას და ეს საკმაო იყო მანანასათვის, სონია შეეძულებინა სამუდამოდ და დაუზოგავად. მანანას გული აეყარა სონიაზე იმ დღიდან განსაკუთრებით, როცა მას თვალი მოჰკრა გზიდან მოყურებულს, სიძეს რომ ეჩხუბებოდა. იგი იმ დღიდანვე ეძებდა შემთხვევას, გული ეჯერებინა მისი საკადრისი ხსენებით და ახლა რომ შემთხვევა იშოვა, აღარაფრით აღარ ზოგავდა არც დედამთილსა და არც მის ”განათლებულ” რძალს.

– კაი შენ დაგემართოს, კაი რამე შენ მოათრიე სულელმა, ჩერჩეტმა! შარა-შარა რომ დაძვრება და ვინ რას ლაპარაკობს, რომ ბოჭავს!.. ასაბოჭი ნალაპარაკები კი გაქვთ, იცოცხლეთ!.. იცოცხლეთ, ბლომად გაქვთ!.. მარა ის ბოჭეთ, რაც თქვენ შეგეხებათ!.. ისიც გეყოფათ, სხვასთან რა ხელი გაქვთ! გამომიდგებიან და ჭკუის დარიგებას დამიწყებენ! შენ თუ ჭკვიანი და გონიერი ბრძანდებოდი, ჩემო ქალბატონო, იმისთანასაც არ შემოათრევდი ოჯახში!..

ეკვირინე გაფითრებული იდგა ღობესთან და გაფართოებული თვალებით შესჩერებოდა შორიდან მოქაქანე მანანას, რომლის უკან ფეხშიშველა, პერანგის ამარა, თავზე რაღაც ქუდის მაგვარით, ბავშვი, – ვერ გაარჩევდით გოგო იყო თუ ბიჭი, – გაშტერებული იდგა და ცხვირს თითით იკირტნიდა.

– ვინ შემოვათრიე, მანანა? ვინ შემოვათრიე შენგან ავად სახსენებელი? შენს უზნეობას თავი დაანებე!.. ჩვენთან გასავალი არ ექნება!..

– ვისი იმედით ბრძანდებით, ვისი იმედით? შენი რძლის საყვარლის იმედით? დაგიდგა თვალი! რა მაღლა მოგაქვთ თავი! იმით იწევით ზევით, რომ ვიღაცა ოხერმა ხასა რძლათ შემოგატყუათ და თქვენი სიბრიყვით გათამამებული ურცხვად დაწანწალობს, ასე გგონიათ, ქვეყანა ვერაფერს ხედავდეს და მიხვდებოდეს?! და თქვენგანაა კიდევ ვინმე სხვა საკილავი და ავად სახსენებელი? თავად გარყვნილებო და გაოხრებულებო!.. ბუშებით ოჯახს რომ ავსებთ, თქვენ უნდა ლაქლაქობდეთ სხვებზე?! აი, ბეჩა!

ეკვირინე ამქვეყნად აღარ იყო ამისი გამგონი.

– ვინ ამბობს მაგას? ვინ? ვინ?.. – ძლივს მოახერხა მან. – ვინაა მაგის მოლაპარაკე? – იყვირა მან და ერთი უკან მოიხედა სახლისაკენ, სონიას ხომ არ ეყურებაო ჩვენი ლაპარაკი და ამბავი.

– ვინა და თელი სოფელი!.. თელი სოფელი!..

– ტყუი!.. ტყუი, შე უსინდისო, შე უკუღმართო… გესლიანო! გესლიანო!

– გული გეიკეთე მაგით!.. არ გიამა?!

– გაჩუმდი, გაჩუმდი, შე უსირცხვილო, თვარა არ ვიცი, არ ვიცი, რას არ გიზამ!.. გესმის?.. ახლავე აქედან წეეთრიე… წეეთრიე, მე შენ გეუბნები!.. – იყვირა ეკვირინემ და უცბად ღობიდან ჯოხი გამოაძრო. – შვილები არ მომიკვდება, აქვე სულს გაგაცხებიებ… მაგ მყრალ ენას სამიდღემჩიოდ დაგიდუმებ ეს არის, გასწი… გასწი შენთვის, მითხრობია!

მაგრამ ამით მანანა არ შინდებოდა. პირიქით, მან უარესები წამოულაგა ეკვირინეს; რაც რამ ჭორი, ცუდი თქმულა მის ოჯახზე, ყველაფერი პირში ახალა და, რაც უარესი იყო, ამათ ხმაურობაზე მთლად კუთხე-მეზობელი მოაწყდა. გააფთრებული დედაკაცები ძლივს დააშორეს ერთმანეთს.

სონია კი გულწასული ეგდო ტახტზე, უგრძნობლად. ეგ მეტად შეუბრალებლობა იყო, ეს ადამიანის გამეტება, მიწაში ჩამარხვა იყო, რაც მან თავის თავზე გაიგონა.

– ოტია… ოტია! მე ხვალვე მივდივარ… იცოდე, ხვალვე უნდა წავიდე… აქ მე ერთ წამსაც აღარ მოვიცდი… თუ არ წაგიყვანივარ, გავიქცევი… ღმერთო, ათასნაირ გაჭირვებასთან, უთვალავ უსიამოვნებასთან ესეც უნდა გაეგონა ჩემს ყურებს?.. რატომ, რატომ, მითხარი? კაცის შებრალება აღარ იციან? რამ ათქმევინათ, რამ აფიქრებინათ ამისთანა საძაგლობანი?! ოტია, მომაშორე, მომაშორე… მეტის ატანა აღარ შემიძლია, არ შემიძლია, შე კაცო!..

ცხარე ცრემლით მტირალი ეუბნებოდა სონია, შინ დაბრუნებულ ოტიას, რომელიც ამ ალიაქოთის დროს სხვაგან იყო.

– შემიბრალე, შე კაცო! მოვშორდეთ აქაურობას, მოვშორდეთ!.. დროზე!.. თუ მეტი გინდა კიდევ?

– კი… კი!.. – გადაწყვეტით მიუგო ოტიამ. – ვისგანაა ერთი მაცოდინა, ეგ ყველაფერი?.. ვისგანაა შემზადებული, მანახა, რომ ამ ხელებით სული გავაცხებინო… წითლად შევღებო… ენა ამოვგლიჯო ძირიანად!.. ოხ მე, ოხ მე!.. – გამწარებით გაიძახოდა ოტია.

– ყველა ერთნაირია, ყველა… ყველანი ცოფიანივით არიან! – ოტია მიხვედრილი იყო, საიდანაც გამომდინარეობდა ეს ამბავი, ვისგანაც იქნებოდა ნათქვამი პირველად და ეგ იყო, რომ სიმწარეს მატებდა და გულს უხარშავდა.

ეკვირინემ კიდევაც კვერი დაუკრა, ოტიამ რომ უთხრა სონიას №-ში წავიყვანო.

– წაიყვანე, წაიყვანე, შვილო… გულს გადააყოლებს, გეიხედავს-გამოიხედავს, გადაავიწყდება!.. საწყალს მართლა ბევრი უსიამოვნობა შეხვდა ბოლო ხანს… კი, შვილო, ეგრე ქენი!.. მერე უფრო გულს დაუდებს ოჯახსაც და აქაურობასაც.

მესამე დღეს ოტიამ ჩაიყვანა ურმით ცოლ-შვილი №-ში ცოლის ძმასთან. გამობრუნებული, ახლა იგი შეუდგა გადასახლებისათვის მზადებას.

რამდენიმე კვირის შემდეგ ეკვირინემ გაახსენა შვილს, ცოლი მოეკითხნა და მოეყვანა, რადგან დრო ახლოვდებოდა ლოგინად დაწოლისა.

რარიგად გაოცდა მოხუცებული ეკვირინე, როცა ამაზე შვილისაგან პასუხად გაიგონა, რომ სონია არა თუ აღარ დაბრუნდება თამარნაშენში, პირიქით, ესენი უნდა შემზადებულიყვნენ სამუდამოდ იქ დასასახლებლად.

– რატომ, რატომ? – კითხულობდა გაფაციცებული, აზრშერყეულივით, ეკვირინე, – რა მიზეზია?.. რამ გაფიქრებიათ ამგვარი ამბავი? გამაგებინეთ!

– თავს ვეღარ ვრჩენულობთ, დედა… თავს ვეღარ ვრჩენულობთ!.. წელში ვწყდებით მუშაობით, მარა არა გამოდის რა… უქმად მიდის ყოველივე მეცადინეობა, ჯაფას ნაყოფი აღარ აქვს, ვეწვალებით მხოლოდ… საბოლოოს ვიღა ამბობს, გასაძღომს ვეღარ ვშოულობთ… ყველა გამწარებულია, შიმშილისაგან გონება არეული… აქ აღარაფერი სიკეთეა, ათასნაირი გაჭირვებისა და უბედურების მეტი!.. ეგებ იქ მაინც ეშველოს კაცს. ბევრი იქით იწევა… ქე შოულობენ რაღაცას, თავს ირჩენენ… აქაურობას რომ მივაჩერდე, რა გამოდის გაჯახირების მეტი? იქ მაინც ვცდი თავს. თუ დავიღუპები, სულ ერთია, აქაც ხომ მეტი ხეირი არ მომელის. ეს გადაწყვეტილია, დედი, გადაწყვეტილი!

ეკვირინეს გონება ეკარგებოდა ამის გაგონებაზე. მას საწინააღმდეგო სიტყვაც არ ეხერხებოდა, ისე დაიბნა, ისე აირია შვილის ნალაპარაკევზე. ბოლოს, როგორც იქნა, მოისაზრა და გაპარული ხმით უთხრა ოტიას:

– ახლა შეიქმნა ამისთანა ამბავი?

– ახლა, ახლა… დედა! – ამოოხვრით მიუგო ოტიამ.

ეკვირინემ ბრალი რძალს დასდო ამ საქმეში. კიდევაც ჩავიდა №-ში, ინახულა სონია და თვალცრემლიანი ემუდარა ოჯახი არ დაენგრია, ისევ დაბრუნებულიყო, შვილები გზაში არ გამოეყარა, ბუდე არ აენგრია მათთვის. მაგრამ ყოველივე ამაო დარჩა. მისდა გასაოცებლად, მეტი მოუდრეკელი მისივე შვილი ოტია აღმოჩნდა. მისი სიტყვითაც ეს ქალაქში შეხიზნება ერთადერთი საშუალება იყო, რაც მათ რჩებოდათ. თავიანთი ცხოვრების გამოსაკეთებლად. არ მოელოდა საწყალი ეკვირინე, თუ როდისმე გამოეთხოვებოდა თავის საცხოვრებელს, მიატოვებდა თავის ეზო-მიდამოს, დაჯდებოდა ურემზე თამარნაშენიდან წამსვლელი გასაქალაქებლად.

რამდენიმე თვის შემდეგ ოტიამ გაყიდა სახლის გარდა მთლად თავისი ქონება თამარნაშენში და №-ის განაპირაზე იყიდა პატარა ადგილი, ჩაიტანა თავისი სახლი და შეემატა მის გვარადვე გამოქცეულ სოფლელებს, რომელთა პატარა სახლების რიცხვიც თანდათან მატულობს და სარტყელივით ერტყმევა №-ს გარშემო. ესენი ჯერჯერობით არც ქალაქში სწერიან და სოფლურ ჩვეულებაზე მცხოვრებნი უდარაჯებენ დროს, რომელმაც სრულიად უნდა გაჰქნას ისინი ქალაქელებში და დაგეშოს ახალი ცხოვრებისათვის.

ჯერ კიდევ ვერ მოეწყვნენ, მართალია, მაგრამ იმედი აქვთ ორივე ცოლ-ქმარს, რომ მოკლე ხანში ამ ახალ ნიადაგზე სოფლისაზე უკეთესად წაიყვანენ საქმეს. მათთვის დიდი იმედია ბეგლარი და ბიაშვილი, რომელთაც ხშირად ოტია აცოდებს თავსა და თავის ცოლ-შვილს და ეუბნება ხოლმე:

– თქვენ იცით, თქვენი იმედით ვარ… თქვენისთანა განათლებულებისა და გავლენიანების იმედი თუ არ მოგვეშალა, ეგებ რაღაც გამოვკეთდეთ, გამოვიდეთ სინათლეზე… თქვენ იცით!..

ამის პასუხად ბეგლარი ბევრ სიტყვასაც არ იმეტებს, ბიაშვალი კი თავისებურად იცინის და, მუდამ ხალისიანი, იმედს აძლევს, ამხნევებს, მაგრამ ისიც უფრო, რასაკვირველია, სიტყვით მხოლოდ.

ოტიას სამოსახლოზე სხვა დასახლდა, ახლად გამოყოფილი, რომელიც შემთხვევას ელოდა, სადმე ადგილი დაცარიელებულიყო მოსახლეობის გასამართავად, რომელსაც ეზო საყანედ გადაუქცევია, ცალ ყურეში კი ქოხი ჩაუდგამს.

ამგვარსავე გარემოებაში მყოფმა გლეხმა იყიდა ლევან ქამუშაძის ეზოც, რადგან მისმა შვილებმა მამის სიკვდილის შემდეგ სოფელი აღარ დაეძიეს. ეფროსინე უფროსმა შვილმა წაიყვანა: რკინიგზაზე ბუტკაში დგანან, და ხშირად მწვანე დროშაკით ხელში, პირზე თავსაფარ ჩამოფარებული, გამვლელ მატარებელს ანიშნებს გზის ავკარგიანობას. სარდიონ ქველიძემ, როგორც იქნა, გაიმართლა თავი მმართებლობის წინაშე, ისევ ვექილობას მიჰყო ხელი და გლეხებიც მასვე დაუბრუნდნენ, რადგან ბიაშვილმა მიატოვა თამარნაშენი, როგორც მოჭმული ადგილი და სხვაგან გადავიდა. მაგრამ ქალიშვილის ჯავრმა ერთობ მოაბერა და მოტეხა სარდიონი, ასე რომ ვეღარ ეკიდება წინანდებურად თავის მარჩენალ საქმეს; ამის გამო ვლადიმერიც იძულებული შეიქნა, სახლიდან ფეხი გადაედგა, რამე ეშოვა, ოჯახს წადგომოდა, მაგრამ ტყუილა დაეხეტება ხან შავქვაში, ხან რკინიგზაზე, – ვერსად შოულობს სამუშაოს.

ერთობ მწუხარებაშია ქალიშვილების შემყურე მათათიც. მაგრამ მაინც ვითომ გულს არ იტეხს, გულმაგრად არის და ჩვეულებისამებრ მუდამ თავის სახელოვან ნათესავებზე ლაპარაკობს, მათ მოწიწებით ხსენებაშია და მათით თავმომწონეობს.

1900 წ.

 

 

 

 

 

მიქელა

უბედურ მოხუცებულობას შეესწრო მიქელა გიორგაძე. სულ მოკლე ხნის განმავლობაში მიწას მიაბარა თავისი სამი ვაჟი, ერთი ცოლშვილიანად. მრავალრიცხოვან ოჯახიდან მას შერჩა მხოლოდ ორი შვილიშვილი და დაქვრივებული რძალი მაია.

– მადლობა უფალს!.. ყველაფერი მისი ნებით ხდება! ყველა მისი ნების ქვეშ ვიმყოფებით! – ამბობდა მიქელა, როცა მწუხარება გულს მოაწვებოდა ხოლმე.

მოხუცებული ერიდებოდა რაიმე საყვედური წამოსცდენოდა ღვთაების მიმართ. არც შავები ჩაუცვამს, არც თმა და წვერი მოუშვია; არავის ამჩნევინებდა თავის მგლოვიარობას. მორჩილებით და მოთმინებით უზენაესის ნების წინაშე იმედოვნებდა მიქელა ღვთაების გულისმოგებას, მისგან შებრალებასა და შეწყალებას. და სწამდა კიდეც, რომ აგრე იყო; შერჩენილი, ცოცხლად მყოფი ორი შვილიშვილი ღვთისაგან საჩუქრად ჰქონდა მიჩნეული მისი მორჩილად მყოფობისა და მოთმინებისათვის. ღრმად სწამდა ეს მიქელას, მადლობას სწირავდა უფალს და მზად იყო დაევიწყნა უბედურება, რაკი ამათში ხედავდა ოჯახის მომავალ მშვიდობიანობას და თავისი გამწარებული სულის მომვლელთ მისი სიკვდილის შემდეგ.

და სწორედ მაშინ, როცა მიქელა იმედს მიეცა, ამ რწმენით დამშვიდებული იყო. რომ მისი სიკვდილის შემდეგ ესენი ეყოლებოდნენ მისი სულისთვის მზრუნველებად, სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, ავად გახდა უფროსი შვილიშვილი, ოცი წლის ბიჭი, სპიდონა. მოხუცებულს თავზარი დაეცა. მაიამ ხელი დაავლო თავის პატარა ნესტორას და იმავე დღესვე, რა დღესაც ავად გახდა მისი მაზლისწული, მახლობელ სოფელში თავის სახლს გადახიზნა.

ავადმყოფი სპიდონა დღითი დღე უარესად ხდებოდა. ერთ დღეს იგი ისე მოიქცა, რომ მიქელას ეგონა მოკვდაო. გონება არეული მოხუცი მზადებას შეუდგა, ესეც ისე გაეტანა ურმით, როგორც წინანდელი მიცვალებულები. მალე სპიდონამ, მოხუცის სასიხარულოდ, ისევ ამოისუნთქა და თვალიც გაახილა, მაგრამ სიხარული მეტად ხანმოკლე იყო: შვილიშვილმა მიქელას გამოუცხადა, რომ საიქიოს ვიყავიო, მაგრამ რადგან ჩემი იქ წასვლის ბორჯი არ მოსულა, ერთი წლით გამომაბრუნეს უკანაო.

ახლა კი ვეღარ გაუძლო მოხუცებულმა მიქელამ ჯავრს. ყოველივე იმედი, ყოველივე რწმენა, მორჩილებით და მოთმინებით ნაპოვნი ვითომ მშვიდობიანობა, კეთილი მომავალი გაჰქრა, გაქარწყლდა, მოისპო. მოხუცებული აირია, მოუსვენრობას მიეცა.

ჩუმი, ყუჩი, შეხედულებით ბუს მსგავსი მიქელა, რომლისაგანაც ძლივს ორ სიტყვას გაიგონებდა კაცი, რომელიც გულგრილად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა, გარდა სამუშაოსი, ეს მოხუცებული ახლა სრულიად გამოიცვალა, სრულიად გადასხვაფერდა. მასში თითქოს გაიღვიძა შიგნით დამალულმა ადამიანმა თავისი გრძნობებითა და წადილებით.

მისი ოჯახის ამომავალი ახლა ისეთ სუსტ ძაფზე ეკიდა, როგორიც იყო მისი უმცროსი შვილიშვილი, პატარა ათი წლის ნესტორა; ამდენი სულის მომვლელ-პატრონად, როგორიც ესაჭიროებოდა ოჯახის მიცვალებულთ და თვითონ მიქელასაც მისი სიკვდილის შემდეგ, რჩებოდა პატარა, უსუსური ბავშვი, ნორჩი, ჯერ კიდევ გასაზრდელი ნესტორა – სუსტი იმედი.

ამოკვეთის, ამოწყვეტის შიშმა, ოჯახის ამოვარდნის შიშმა, შიშმა, რომ ამდენ მიცვალებულთა სულის მოსამსახურედ აღარავინ დარჩება ოჯახში, გაურბინა თავში მიქელას და მოხუცებულს უცნაურად დაცეცხლა. იგი მოისხლიტა, გული ვეღარაფერს საქმეს ვეღარ დაუდვა; მუშაობაზედაც ხელი აიღო. სარჩოს მოყვანა ქვრივ მაიას დააწვა კისერზე და ჯანიანი დედაკაცი მამაკაცივით ეკიდა თოხსა და ურემს. მიქელა კი ეზოს აღარ სცილდებოდა; მორთხმული იჯდა რომელიმე ხის ძირში და დაღონებით იმზირებოდა გაყუჩებული, დადუმებული, ხშირად ოცნებით მოალერსე თავის საიმედო შვილიშვილის, პატარა ნესტორასი, რომლის გამოხატულება თითქმის მუდამ თვალწინ ედგა მოხუცებულს; და მიქელას ხანდახან უცნაურად შეიპყრობდა სურვილი ამ პაწაწინას ცხადად დანახვის, მისი ხმის გაგონების და მასთან ახლოს ყოფნისა.

საიქიოდან დაბრუნებულ სპიდონას კი მთლად იმ კუთხის დედაკაცები შემოედვნენ. ესენი თვალცრემლიანები ეკითხებოდნენ თავიანთ მიცვალებულთა ამბავს, ეკითხებოდნენ იმათ იქაურ ყოფაზე, კითხულობდნენ, ეგებ რამეს ითვლევინებოდნენ – ან თუ სამსახური მეტი ეჭირვებოდეთ, ან წირვა-ლოცვა, ან აკლდეთ შესაწირი, აკლდეთ აქედან ხელისწყობა და მათი სული წუხდეს და გასაჭირში იმყოფებოდეს უგუნურ და მიუხდომელ ამქვეყნად დარჩენილ მათ პატრონთა გამოისობით.

ბევრი ვერავინ გაახარა სპიდონამ საიქიოდან ჩამოტანილი ამბით. უმეტესობა გულდაწყვეტილი გაბრუნდა, რადგან, სპიდონას თქმით, მოკლე ხანს იქ მყოფობაში ბევრი ვერავინ ენახა და ვინც ნახა, მასთან ლაპარაკი არ დასცალდა.

– წლის ვადით გამომაბრუნეს… ისევ უნდა გავბრუნდე… რასაც დამაბარებთ, რომ მივალ, გადავცემ… – ერთნაირად პირდებოდა იგი ამ მოტირალ, შავებით შემოსილ დედაკაცებს.

ესენი მადლობას სწირავდნენ და დაიმედებულნი მიდიოდნენ, მაგრამ მიქელას კი თითო გამეორება სპიდონასი მის საიქიოს უკან გაბრუნებაზე ლახვარივით გულში ხვდებოდა და მწუხარებას უორკეცებდა. სწორედ ამ დროს სურვილი შორს მყოფ ნესტორას ნახვისა უფრო უცხოველდებოდა, უფრო მეტი სიმძლავრით შემოენთებოდა ხოლმე მიქელას.

ერთ დღეს ამგვარი სურვილი უცნაური სიმძლავრით შემოეჭიდა მოხუცებულს, რომ იგი ერთნაირად შეინძრა. იგი თითქოს გამოცოცხლდაო, გამოფხიზლდაო. უძლეველმა სურვილმა პაწაწინა ნესტორას დანახვისამ მოხუცებული ფეხზე წამოაყენა. აჩქარებით შევიდა იგი სახლში, არც კი გადახედა ყურეში ქვეშაგებთან მიწოლილ, სახეჩაყვითლებულ სპიდონას, გამოიტანა თავისი დაძველებული ჩოხა, შეიკონა თავი ყაბალახით, აიღო თავისი საბიჯგი გრძელი ჯოხი, გადაიარა ჩამოვარდნილ წკნელის ჭიშკრის გადაღმა და დაეშვა შარაგზით.

– მაია!.. მივდივარ მე… ბავშვი უნდა ვნახო! – უთხრა მიქელამ რძალს, როცა ყანაში ჩაუარა.

მცხუნავ მზის სხივების ქვეშ გულგაღეღილმა, თავსაფრის ყურებგახსნილმა, ოფლში გაწურულმა მაიამ თოხი შეაჩერა და მამამთილს თვალი მიაპყრო.

-ბავშვთან მივალ! – გაიმეორა მიქელამ.

– რა ამბავია ეს?.. – წარმოსთქვა შიშით ქალმა.

– არაფერი… არა!… ისე… მინდა ვნახო.

მაია უფრო მიაჩერდა მოხუცებულს.

– ნუ მიმალავთ!.. – მოკლედ წამოიძახა მაიამ.

– მომენატრა, შე ქალო… მომესურვილა ნახვა… ნესტორა ნუ მომიკვდება!.. გადვირბენ ერთ წამში და ამ საღამოსვე გადმოვალ ისევ… ყანაში ნუ დაიგვიანებ… სახლში იმ ბიჭის მეტი არავინაა… ახლავე გადმოვალ ისევ… – თქვა ეს მიქელამ და გაუდგა თავის გზას.

მაიამ უკან თვალი გააყოლა.

– ტანისამოსი დაგებერტყათ, ბატონო!.. არაფერი არ გაგყვეთ! – მიაძახა ქალმა.

-კი, კი, გავიბერტყავ, გავიბერტყავ! – მიუგო მიქელამ, აჩქარებული ფეხით მიმავალმა.

მოხუცებული შვილიშვილის ნახვის სურვილით გატაცებული, თითქმის მირბოდა ამ სიცხე-პაპანაქებაში და არავითარ დაღლილობას არა გრძნობდა. მისი აზრი და გონება მიმართული იყო იმ პატარა არსებისაკენ. იგი მასზე ფიქრობდა და, რაც წინ იწეოდა, ნესტორაც თითქოს უახლოვდებოდა, ეგებებოდა, და ერთ ხანზე მოხუცებული კიდეც თავის გვერდით გრძნობდა მას, ემუსაიფებოდა, ეალერსებოდა, თავისებურად უცინოდა. მიქელას უხაროდა ეს, მოხუცებული ხარობდა ბავშვის ტიტინით, რომელიც მას ესმოდა, და, გამხნევებული, თითქმის მირბოდა წინ მომღიმარი სახით, სანამ რაღაც ხმაურობამ იგი არ გამოაფხიზლა, გონს არ მოიყვანა. მიქელამ მიიხედ-მოიხედა იქით-აქეთ გაოცებით და რა ვერ დაინახა ეს-ეს იყო მასთან მოტიტინე ნესტორა, შეკრთა და შეშინებულმა პირჯვარი გადისახა. ცუდ ნიშნად მიიღო ეს ამბავი მოხუცებულმა, გულჩაწყვეტილი შეჩერდა, გააფურთხა მარჯვნით და მარცხნით, ისევ გადისახა პირჯვარი და განაგრძო გზა.

მძახლის ჭიშკართან მისულ მიქელას გაახსენდა რძლის დანაბარები – ტანისამოსის დაბერტყვა. შეჩერდა, გაიხადა ჩოხა, მოიხსნა ყაბალახი, გაიხადა ქალამნები, გაბერტყა ესენი, ჩაიცვა ხელახლა და მხოლოდ მაშინ შედგა ფეხი მოყვრის ეზოში.

რამდენიმე თითქმის ტიტველა ბავშვი, ტალახში ჩამდგარ გვერდზე გადაწეულ საღორესთან, გარს შემოხვეოდა წელში აბზუკულ, გამხდარ ღორს, რომელიც მათ ხითხითში საცოდავად ჭყვიროდა მოგრეხილი დაშენილი წკეპლების ქვეშ. დაინახეს უცხო კაცი თუ არა ბავშვებმა, იმწამს დააგდეს წკეპლები და შიშველა ფეხების ტკაცუნით დაეშვნენ სახლისაკენ, გადავარდნენ დაბალ ღობეს გადაღმა და სახლს ამოფარებულებმა დაუწყეს მზერა მოსულს.

მიქელამ ამათში შეამჩნია პატარა ნესტორა, რომელმაც, ალბათ, ვერ იცნო თავისი ბაბუა.

ბავშვების ხმაურობაზე ჯერ წყრომის ხმა მოისმა სახლიდან, მერე კი კარებში გამოჩნდა მოხუცებული დედაკაცი, რომელმაც თავდაპირველად ვერ გაარჩია მომსვლელში თვისი მძახალი, სანამ დაკვირვებით არ მიაპყრო მას თვისი სუსტი თვალები.

– ღმერთო მომკალი! – წამოიძახა მან და გამოემართა მიქელასკენ. – ვეღარ ვიხედები მე უბედური!.. მობძანდით, ჩემო ბატონო! მობძანდით, თქვენი ჭირიმე!

დედაკაცი შეუძღვა მოხუცებულს სახლში. მიქელა ჩამოჯდა მოწოდებულ დაბალ სამფეხა სკამზე.

– ბავშვის ნახვა მომენატრა… ტუფია ჩემო!.. – ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ თქვა მიქელამ და მძიმედ ამოიხვნეშა.

– კენჭივითაა, ენაცვალა მას ბებიამისი… კენჭივითაა!.. ერთობ მაგარი ბავშვია!.. ტყვილა ფჩხილი არ წამოსტკივებია, რაი აქ არი… ნესტორა, ბებია! – გასძახა კარებიდან ტუფიამ ეზოში, საიდანაც ბავშვების ხმა მოისმოდა. – ნესტორა, მოდი აქ, შვილო! აქ მოდი, შენ გენაცვალე! შემოდი, ბიჭო, შემოდი!..- და ტუფიამ თითქმის შემოათრია კისერმოქცეული, დაგრეხილი, დარცხვენილობისაგან თავჩაქინდრული ბავშვი. – მიდი, შვილო, ბაბუასთან!.. გასწორდი, შენ გენაცვალე! – და დედაკაცმა ძალით მიუთრია ბავშვი მიქელას.

მიქელამ მოხვია შვილიშვილს ათრთოლებული ხელები, მიიწოდა, ჩაიკრა გულში და ჩააშტერა აცრემლებული თვალები.

– რავა ხარ, ბიჭო? ა?.. შენ იცი! – სიტყვებგანცალკევებით წაულაპარაკა მიქელამ და ისევ ჩაჩუმდა. – ვწყდებით ტუფია ჩემო! ვწყდებით!.. თუ ამანაც… მიმტყუნა… ამოვწყდებით…

მოხუცებულმა სიტყვის დათავება ვერ შესძლო, ხელახლა ჩაჩუმდა.

– უიმე!.. რატომ ნებულობთ… მტერი ამოგიწყდათ!.. – მიაძახა ტუფიამ. – ღმერთს ნუ აწყენინებთ?..

– აბა, რაა ჩემს თავზე?

– ყველა ღვთის განგების ქვეშ ვართ, ჩემო ბატონო!.. ვინ მიუხვდება მის განკარგულებას, მის სიბრძნე-სიმართლეს!.. მოთმენა გვჭირია და მორჩილად ყოფნა, ჩემო ბატონო!

– ვითმინე… რა გამივიდა?.. ეს მყავს კიდევ… თუ ამანაც მიღალატა… მირჩიეთ რამე… ბიჭო, ნესტორა… ოჯახი არ გამიცივო, ბაბუა! ა?

ცრემლებმორეულმა მიქელამ მაგრა ჩაიხუტა გულში ბავშვი; ეს კი ყოველ ღონეს ხმარობდა, თავი გაენთავისუფლებინა რამენაირად და ხელიდან დასძრომოდა მოხუცებულს.

მიქელაც მიუხვდა, რაც სწადდა ბავშვს.

– წადი, შვილო… ითამაშე. ბაბუ! – უთხრა მან, გაუშვა იგი და სიამოვნებით გააყოლა თვალი, როცა განთავისუფლებულმა ბავშვმა მარდად დაჰკრა ფეხი მიწას, გადახტა და შეუერთდა მის მოდარაჯე ამხანაგებს, რომელნიც ახლა ჟრიამულით გარ შემოეხვივნენ მას და გაიტაცეს ეზოში.

– ჯვარი სწერია ავი თვალისაგან… და ერთობ მაგარი ბავშვია, საიმედო ბავშვია! – თქვა ტუფიამ და მოჰყვა დაწვრილებით, თუ როგორ თამაშობდა ნესტორა მეზობლის ბავშვებთან, როგორ ერთობოდა, როგორ ატარებდა დღეს დილიდან საღამომდის ხან სირბილში, ხან ჭიდაობაში, ხან მუშაობაშიაც კი.

ამ ამბებმა და თვით ბავშვის ნახვამაც მიქელას გული დაუშოშმინეს, დაუწყნარეს, დაუმშვიდეს. იგი უკან გამომგზავრებას ეპირებოდა, როცა სამუშაოდან დაბრუნებულმა მძახალმაც მოუსწრო. მიქელა საიქიოდან დაბრუნებულ სპიდონას ამბავში იყო.

– გამოცდილი კაცი ხარ თვითონ, მიქელა ჩემო, მარა ერთ რამეს გეტყვი, – უთხრა გაბრიელმა. – ტყვილა მიატოვე შენი წინანდელი ნამოსახლი… კარგად იყავით იქ… ამ ახალ სამოსახლოზე ბევრი უბედურება გეიარე… შეიძლება სახლის გადატანაზედაც რამე მავნებლობა შეგეპარათ და დაბუდებული იყვეს შიგ… სახლის გაწმენდა გაგანთავისუფლებს… შენს ადგილზე სახლს გადავდგამდი, თუ არა გავწმენდდი მაინც… დავარღვევდი და ისე გავწმენდდი… უსათუოდ სახლში შეგყვებოდათ, რო გადადიოდით იმ ახალ სამოსახლოზე, რამე მავნეული… აბა რა, კუდიანი თქვენს გვარშიაც არავინ ყოფილა და ბოროტი სული… საიდანაა ამდენი ცოდვა თქვენს თავზე?!

– კუდიანი ვინ გვყოლია… დაწყევლილი?.. არავინ! – წაილაპარაკა მიქელამ.

– ეგერ ჩემს სახლიკაცსაც თედორეს ასე შენსავით ემართებოდა, მოინაცვლა სამოსახლო, გაწმინდა, გაასუფთავა სახლი – ახლა ქე არის კარგად…

– მესამე წელიწადია არავინ მოკვდომია, – დაატანა ტუფიამ.

მიქელამ ამოიოხრა.

– მეც ასე უნდა ვქნა! – წაილაპარაკა მან – ჭკუაზე აღარ ვარ… ვეღარ მოვისაზრე… ასე უნდა ვქნა უსათუოდ!..

რაღაც იმედმოცემული დაბრუნდა მიქელა შინ.

– მაია, სახლი უნდა გავწმინდო და გადავდგა ძველ ნამოსახლზე – უთხრა მიქელამ რძალს, როცა ნესტორას ამბავი მოუთავა – თქვენებმაც ასე მირჩიეს.

– თქვენი ნებაა, – მიუგო მაიამ. მას თვითონაც უნდოდა ამნაირი რჩევა მიეცა მამამთილისათვის, მაგრამ ვერ უბედავდა, ეშინოდა, მოხუცებულს არ სწყენოდა.

– კი, მარა… სანამ ეს ერთი წელიწადი არ გეივლის, რავა მოხერხდება?

– ახლავე უნდა შევუდგე!.. ერთი წელიწადი რას ვუყურო? – წამოიძახა მიქელამ.

– სპიდონას რას უშვები?

– სპიდონას კარავში გევიყვან, კარავს გოვუკეთებ და გევიყვან შიგ…

– სახლის გამწმენდი დაგვჭირდება, ბატონო!.. მეზობლები ახლოც არ გვეკარებიან… გასაწმენდად ვინ გამოიმეტებს თავს…

– ვიცი მე იმისთანა კაცი… ხვალვე გადავალ. საჩხერეში ყოფილა ჟამგამოვლილი ალექსი ბოჭორიძე, იმას გავაწმენდინებ… ეს გათავებული საქმეა! – წამოიძახა მიქელამ.

– კაი დაგემართოთ! – დაატანა სიტყვა მაიამ.

მიქელამ მეორე დღესვე მოიარა საჩხერე, ინახულა ნანიშნი კაცი და დაუსვენებლივ გასწია მთაში ურმით წნელის ჩამოსატანად კარვისათვის. საღამომდის ორჯელ მოიარა მიქელამ შორი მთა, ზიდა შემდეგი დღის განმავლობაშიაც და, როცა საკმაო წნელი ჩამოზიდა, შეუდგა კარვის კეთებას ღობესთან, ეზოს ყურეში. მოწნა პატარა კარავი, ზევიდან ჭოგრები გაუდვა, ზედ ნეშოიანი შტოები გადახლართა სახურავად, შეიტანა შიგ ორი მოკლე ფიცარი, რომელზედაც უნდა დაეწვინა სპიდონა და, რა მოაწყო მის გუნებაში აქაურობა, შვილიშვილთან მივიდა:

– სპიდონა, შენ კარავში უნდა გახვიდე! – რაღაც განსხვავებული კილოთი, გულცივად მიმართა მან ყმაწვილს. – სახლი უნდა გავწმინდო!

სპიდონმა გაოცებით მიაპყრო თავისი ჩავარდნილი თვალები მოხუცებულს.

– კარავში?! – წაილაპარაკა მან.

– ჰო!.. ეგერ გაგიკეთე!.. ადექი… ადექი!.. – ისევ გულცივად ჩასძახა მიქელამ.

ავადმყოფმა წამოიწია, მოაფოთიარა გვერდით დაგდებული ჯოხი, წამოდგა მასზე დანდობილი და გაჩერდა წელში მოხრილი. მიქელამ შეხვია მისი ქვეშაგებელი, ამოიდო იღლიაში და გასწია კარებისაკენ.

– გამომყევი! – უთხრა მან.

სპიდონა იდგა ისევ იმავ ადგილას; მერე უღონოდ მიატრიალ-მოატრიალა თავის გაწვრილებულ კისერზე თავი, სევდიანი თვალი შემოავლო იქაურობას და დასუსტებული ნაბიჯით გაჰყვა ბაბუას; როგორც იქნა, გადაიარა ეზო და მივიდა კარავთან.

მიქელამ შეიტანა კარავში ქვეშაგებელი, გაშალა გდებულ ფიცრებზე იგი და მიმართა კარვის შესავალზე მიყუდებულ სპიდონას:

– აჰა!.. დაწევი ამაზე!.. წყალი აგერ იქნება დოქში!.. თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე და მოვალ… გესმის?..

ბიჭი ხმას არ იღებდა. როცა მიქელამ მიატოვა იგი, შეფორთხდა შიგნით კარავში და მუხლებმოკვეთილივით მოიკეცა თავის ახალ საწოლზე, სახემწუხარემ, დაღონებულმა. თავად იცოდა, რომ აღარ იყო ამა სოფლისა, მაგრამ მაინც გული ეჩაგრებოდა, რომ უკვე ხელს იღებდნენ მასზე, რომ ოჯახიდან რიცხავდნენ. დაწვა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ წამოიწია, – სული უწუხდა. წამოდგა, გამოვიდა გარეთ და კარავის შესავალთან ჩაკეცილი, ზურგით მიენდო კარავს. ასე იყო სპიდონა საღამომდის. როცა მიქელამ ვახშმად ცოტა ლობიო და ჭადის ნატეხი მოუტანა, ორიოდე ლუკმა გადაყლაპა და, რადგან ის იყო კიდეც ჩამოღამდა, შევიდა ისევ კარავში, დაწვა ფიცრებზე და დიდი ხნის ტრიალის შემდეგ, როგორც იქნა, გაეხვია თავიან-ფეხებიანად თავის თხელ საბანში.

მიქელა ახლა ერთ მოუსვენრობაში იყო. იგი გამოცოცხლდა, გამხნევდა, მოღონიერდა, გაჭარმაგდა იმედმოცემული, რომ ამოწყვეტისაგან ოჯახის ხსნა შესაძლებელი ხდებოდა. მან კიდევ ჩამოიტანა რამდენიმე ურემი წნელი და სახლს იქით ამართა მაღალი რაგვი.

რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ჟამგამოვლილი ალექსი, სახე ნაყვავილევი, ცალთვალ წამხდარი კაცი.

– მზათა მაქვს, რაც მითხარი, ალექსი! – უთხრა მიქელამ.

ალექსიმ დაათვალიერა სახლი, გარშემო შემოუარა, გაზომა გაკეთებული რაგვის სიმაღლე და ერთი კარვისკენაც გადაიხედა.

– მომხმარე დამჭირდება, მიქელა!

– მე მოგეხმარები! – წამოიძახა მიქელამ.

– ჰმ!.. შენ რავა შეიძლებ! – ჩაიცინა ალექსიმ. – ამ ძელების გადაზიდვა სად შეგიძლია, შე კაცო!

– კი შევიძლებ!.. რავა ვერ შევიძლებ!.. – გამხნევებულად წამოიძახა მოხუცებულმა; – შენ ოღონდ კარგად გამიწმინდე, არაფერი ჩარჩეს შიგ და ჩემი თავი ნუ გებრალება ამათ გადასაზიდავად! – გულიანად დაატანა მიქელამ.

– შენ იცი!.. სახლს კი ისე გაგიწმენდ, რაღა გითხრა!.. ხიდან ამოვფხეკ, რაც რომ გინდ შიგ იყვეს… არაფერს არ დავერიდები!.. ათას ჭირში ვარ გამოვლილი… არაფრის არ მეშინია! – დაჩემებით წარმოსთქვა ალექსიმ. – აბა, რაკი მზად გაქვს ყველაფერი, ხვალ მოვალ და შევუდგეთ საქმეს… წყალი დაგვჭირდება ბევრი სამდუღრავად… ახლოს თუა?

– ახლოს არაა, მარა მე მოვიტან!.. ყველაფერი იქნება, ხელს არ შეგიშლი. შენ ოღონდ მიშველე!.. ნუღა გამიჩერებ საქმეს!

სპიდონას რომ დილას კარავში გამოეღვიძა, მან იმწამსვე იგრძნო რაღაც ხრაკის სუნი; თვით კარავშიაც რაღაც შავი ბოლივით იდგა. წამოდგა, მივიდა გამოსავალთან და სახლისკენ გამოიხედა. ისლის სახურავგადახდილი სახლი შავ ბურუსში იყო გახვეული, შავად მოჩანდა ზედ მდგარი კაცი, რომელიც ძირს ყრიდა შავ ისლს, რომლისაგან მთელ ეზოში და ეზოს გადაღმა ეფინებოდა დიდრონი შავი, ჭვარტლის ნაფლეთები. მთლად იქაურობა გამურული იყო ამ შერყეული ჭვარტლით, რომელიც უფრო გაძლიერდა, როცა ალექსი შეუდგა გადასაკიდლების აყრას. იგი რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ მიქელას არა ესმოდა რა, ისე იყო გართული მუშაობაში, როცა აწყობდა ერთ ადგილას სახლის ხეებს. დღე ნახევარი მოუნდა ორივე სახლის საძირკვლებამდის სრულიად დარღვევას. როცა აფორიაქებული ჭვარტლი ჩადგა, მომუშავეთ დაიბერტყეს, რაც გაეწყობოდათ, ტანსაცმელი და ალექსი შეუდგა ძელების წმენდას. ღეროიანი შტოებისაგან გაკეთებული ცოცხით იგი სწმენდდა სათითაოდ ძელს, ფხეკდა დანით, შემდეგ გადაჰქონდა რაგვს იქით, სადაც დიდ ქვაბაში აცხელებდნენ წყალს, მდუღრავდა მდუღარით ამ ძელს, რის შემდეგაც მიქელა შეიგდებდა მას ზურგზე და მიაჩიქჩიქებდა თავის ძველ ნამოსახლზე. წელში იზნიქებოდა მიქელა ამ მძიმე ტვირთის ქვეშ, მაგრამ მოხუცებული არაფრად იმჩნევდა ამას. ალექსის უნებურად ეცინებოდა მის შემხედვარეს და ერთხელ კიდევაც უთხრა ღიმილით:

– წელში გაგწყვეტს, მიქელა, რომელიმე ძელი!.. ნამეტანს ეჭიდები!..

– შენ მაგ გამიწმინდე, მაგ, და ეს მე ვიცი! – მიუგო მიქელამ და თავდაუზოგველად განაგრძობდა, ოფლით გაღვარული, სახლის გაწმენდილი ხეების გადაზიდვას.

ამ მუშაობამ თითქმის სრულიად მიავიწყებინა მიქელას კარავში გაყვანილი შვილიშვილი. თანდათან უკლებდა მიხედვას, თვალყურის დევნას; ხშირად მშიერსაც სტოვებდა. თავდაპირველად სპიდონა ითმენდა ასეთ უპატრონობას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მეტად უჭირდებოდა ხოლმე; იმდენად უსაჭმელობა არ აწუხებდა, რამდენადაც უსმელ-უწყლობა. ერთ დღეს მიქელამ სრულიად უწყლოდ დატოვა იგი. ბევრი უძახა კარვის კართან გაჩერებულმა სპიდონამ ბაბუას, მაგრამ თავისი სუსტი, ძლივს გასაგონი ხმა ვერ მიაწვდინა მოხუცებულის ყურებამდის. წყურვილისაგან მეტად შეწუხებულმა, აიღო თუნგულა ხელში და ჯოხის ბიჯგებით წამოვიდა თავისი სუსტი ნაბიჯით რაგვისკენ, რომლის იქიდან მოისმოდა ალექსისა და მიქელას ხმა.

– ბაბუა! – დაუძახა სპიდონამ, რაგვს რომ მიადგა – ბაბუა! – გაიმეორა მან.

მიქელამ, რომელსაც ის იყო მხარზე გაუწყო ალექსიმ კედლის ძელი, მოიხედა და, რა დაინახა სპიდონა, დააგდო უცბად მიწაზე ხე და გაჯავრებით გამოექანა შვილიშვილისაკენ.

– რა გინდა შენ აქ? – მიაძახა მას, – რა გინდა აქ? წადი!..

– წყალი აღარ მაქვს!.. – და სპიდონამ გამოაწოდა თუნგულა.

– დევიძახებდი და მე მოგიტანდი!

– ვიძახე… მაგრამ ვერ გაგაგონე…

– ვერ გაგაგონე… მოვითმენდი ერთ წამს!.. აქ რა გინდოდა? წადი… წადი!.. წადი შენთვის… მოგიტან ახლავე!.. – მან გამოგლიჯა თუნგულა ხელიდან და ბუტბუტით წავიდა წყლის მოსატანად.

სპიდონა მორჩილად გაბრუნდა და წაფორთხდა თავის კარვისკენ ბანცალით.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ალექსიმ მოათავა სახლის გაწმენდა და მისი აწყობა მიქელას ნამოსახლზე. მოხუცებულმა თავისუფლად ამოისუნთქა მძიმე მუშაობის შემდეგ, მაგრამ სპიდონას ამით არა თუ მომატებია მისგან მზრუნველობა, ბერმა კაცმა უცნაური საქციელი დაიჭირა ფარღალალა კარავში მარტოდ დარჩენილ ყმაწვილთან. რაკი გადადგმულ სახლში შევიდა მიქელა, მან მორიდება დაუწყო სპიდონას, ახლოს აღარ ეკარებოდა შვილიშვილს. საჭმელს რომ მიუტანდა. გადასაცემად მან გაიკეთა გრძელი ჯოხი, წამოაგებდა ზედ ჭადს, პაწია ქოთანს, რომელშიაც გადაუსხამდა სხვა ქოთნით მოტანილ ლობიოს და ისე მიაწოდებდა ხოლმე; წყლის თუნგულასაც წამოაგებინებდა ხელით ამ ჯოხზე, ჩაუსხამდა მოტანილ წყალს შიგ და ისე გაუწვდენდა; ჯოხი ცალკე ინახებოდა ხეზე იმავე ეზოში.

თავდაპირველად ძლიერ ეოცა ყმაწვილს ასეთი საქციელი ბაბუასი, გული ეჩაგრებოდა – თითქოს იგი ჭირიანი ყოფილიყო; მაგრამ მერე ამასაც შეურიგდა; იგი მიხვდა, რომ მიქელას ეშინოდა, მისგან რამე არ გაჰყოლოდა და გაწმენდილ სახლში ცუდი რამე არ შეეტანა, და მან კიდეც გაამართლა თავის გუნებაში მოხუცი, რომელიც ასეთ შეუბრალებლობის გზას დაადგა იმისათვის, რომ ოჯახი ამოწყვეტისაგან ეხსნა. ყველაფერს ითმენდა სპიდონა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ წლის თავზე საიქიოს გაბრუნდებოდა, ითმენდა ყველაფერს და თან დღითი დღე დნებოდა, ქრებოდა. იგი ზეზე მდგარ მკვდარს უფრო მიემსგავსებოდა, ვიდრე ცოცხალს. მიქელაც ამჩნევდა ამას, მაგრამ არ წუხდა, რადგან იცოდა,- ბიჭი წლის გასულს უსათუოდ საიქიოს გასაბრუნებელი იყო და ვერას უშველიდა, მისი ფიქრით.

შემოდგომა განახევრებული იყო, წვიმებმაც მოუხშირა და სიცივეც თანდათან მატულობდა. წნელის კარავში ყოფნა მეტად ავი გასაძლისი ხდებოდა. წვიმიანში წყალი ზევიდან თავისუფლად ჩამოდიოდა და სპიდონა ეგდო ფიცრებზე თავფეხებიანად გახვეული სველ საბანში. ღამღამობით სიცივე უმოწყალოდ უვლიდა მარტოდ კანგადაკრულ ძვლებამდის; საწყალი იკრუნჩხებოდა, იგრიხებოდა, იშმუშნებოდა სახურავის ქვეშ, მაგრამ გათბობას მაინც ვერ ეღირსებოდა. ერთხელ მიქელამ ფიჩხი შემოუყარა, ნიგუზალიც შეუგდო, რომ ცეცხლი დაენთო, მაგრამ სპიდონმა, რამდენი არ ეწვალა, ვერ მოახერხა ცეცხლის გაღვივება, მოხუცებული კი ახლოს არ ეკარებოდა.

ავადმყოფი ძიგძიგებდა კარავში და ხანდახან ცდილობდა გამოეანგარიშებინა, თუ რამდენი დრო რჩებოდა კიდევ საიქიოს გაბრუნების ვადის მოსვლამდის.

უამინდობა მატულობდა. წვიმიანმა დღეებმა მოუხშირეს. წვიმაც უფრო და უფრო ღონიერი მოდიოდა. მთიან ადგილებში ამ დროს ჩვეული ნიაღვრები თანდათან მეტი ძლიერებით ჩამოდიოდა ქვევითკენ და შემატებული ღონით ხვეტავდა წინ მდებარე ქვებს, ღობეებს, მიწას და მიაგორებდა დაბლისკენ ერთი შხუილითა და ხმაურობით.

ერთ საღამოს ნამეტანი ჩამოღრუბლა და ერთბაშად მძლავრმა წვიმამაც დაუშვა. მაია ვახშმისათვის ჭადებს აცხობდა.

– ძალიან წვიმა მოვა ამაღამ, ეტყობა! – თქვა მან შეწუხებული ხმით. – სპიდონას კარავში რა გააძლებინებს!..

– რა ვუყო ახლა მე!.. – წაილაპარაკა ცეცხლის პირას მჯდომმა მიქელამ. – ეგებ გადიკაროს! – ცოტა ხნის შემდეგ დაატანა მან. – სულ რავა გოუწყრება ღმერთი… სულ წვიმა რავა იქნება!

წვიმა კი მატულობდა, თორემ არ კლებულობდა. გარედან საშინელი ხმა ისმოდა წყლისა.

-მიქელა!.. მიქელა! – დაიძახა ვიღაცამ გარედან.

– ვინ ხარ? ეი! – მიაძახა მიქელამ წამოუდგომლად.

– მიქელა ანთიმოზა ვარ, ანთიმოზა!.. იმ თქვენ კარავთან ჩამოვიარე ეს არის და წყალი მოდის ზევიდან… ნამეტანი დიდი წყალი აწვება გზის ნაპირს, კარვისკენ არ გახეთქოს… მიეშველე რაცხა რიგათ!..

ხმა შეწყდა. მიქელა გაუნძრევლად იდგა კარებთან…

– რა ვუყო ახლა მე! – წაილაპარაკა მან.

– გოუკეთეთ წყალს სავალი… მართლა არ გადვიდეს კარვისკენ! – უთხრა მორიდებით რძალმა.

– გოუკეთე!.. ქე გოვუკეთე ამას წინათ! – წაიბუტბუტა მიქელამ, მერე ამოიკაპიწა შარვლის ბოლოები, წამოიხურა თავზე ცალი ყურით ტომარა, ზედ ძველი ჩოხა, მონახა თოხი და გავიდა სახლიდან.

წვიმა საოცრად ასხამდა. ატეხილი ნიაღვრები ერთი შხუილით მიექანებოდნენ ყოველი მხრიდან. გზებში მთელი მდინარეები მოქუხავდნენ. მიქელა ძლივს იმაგრებდა ფეხს, ისე ღონივრად სცემდა მას წყალი. კარავთან, ღობის დაყოლება, თავშეყრილ ნიაღვრებს წყალსავალი გაეთხარა და ხმაურობით მომდინარეს მოეყარა ქვა, ფიჩხი, მიწის ნაგლეჯები, წაქცეულ ღობის სარები და გიჟურად ეხეთქებოდა და ძალას ატანდა, რომ რამე რიგად წინ გაეგორებინა ისინი და თავისუფალი გზა ეშოვნა ქვევითკენ დასაშვებად. მიქელა მივიდა, როგორც იქნა, ბნელაში მიაგნო ამოყორებულ ადგილს და თოხით დაუწყო ქვებს იქით-აქეთ მიყრა-მოყრა; დაგუბებული წყალი გიჟურად გაექანა ქვევით და აახრიალა თან წაღებული წვრილი ქვები.

მიქელა მივიდა ღობესთან და, რაც ხმა ჰქონდა, აქედან გასძახა:

– ბიჭო!.. სპიდონა!.. არ შეგეშინდეს, ბიჭო… არ შეგეშინდეს!.. მალე გადიკარებს… არ შეგეშინდეს, ბიჭო!..

კარვიდან არაფერი ისმოდა. სპიდონა, საბანში გახვეული, მორგვივით იდვა ფიცრებზე და ზევიდან უმოწყალოდ ესხმოდა სახურავიდან ჩამომავალი წვიმა. მას არც კი შეეძლო გაეგონა მიქელას ძახილი.

დასველებული მოხუცებული, სიცივისაგან მოკაკული, სახლისკენ გაემართა. შინ მისული ცეცხლს მიეცხუნა, რომ გამთბარიყო და თან სველი, გაწუწული ტანისამოსიც შეემშრალებინა.

წვიმა უფრო ღონიერდებოდა; თითქოს წარღვნას ეპირებოდა, ისეთი სხმა იწყო. შემკრთალი მაია ვახშამსაც არ მიჰკარებია, პირჯვარს იწერდა და თან ამბობდა:

– ღმერთო, შეგვიწყალე!.. ღმერთო, შეგვიწყალე!.. ღმერთო, ნუ შეგვრისხავ!..

– ბატონო, იმ ბოვშვს დახედვა უნდა კიდევ… არაფერი ცოდვა დაგვედვას! – ვეღარ მოუთმინა მაიას გულმა და უთხრა მამამთილს.

– რა ცოდვა უნდა დაგვედვას?! ამ ღამის წერა ყოფილა თუ რამ მოუვიდა და ისაა! – უკმაყოფილოდ წაიბუტბუტა მოხუცებულმა.

– წავალ მე… მე დავხედავ! – გადაწყვეტით თქვა მაიამ.

– შენ სად წახვალ?! – წამოიძახა მიქელამ. – მაცალე ერთი, თუ ღმერთი გწამს! – და ცოტა ხნის შემდეგ მიქელამ ჩამოიცო თავზე სველი ტომარა და ჩოხა და გასწია კარვისკენ.

აქ, ამ თავდაღმართში, თითქმის კარვის სწორა, უშველებელი კედელი ამართულიყო ჩამოგორებული ქვებისა და ჩამოტანილი მიწისაგან. ბევრს ეწვალა მიქელა თოხით იმის გარღვევას და იქით-აქეთ გადაყრა-გადმოყრას, მაგრამ ბერმა კაცმა ვერა გააწყო რა, ზევიდან ქვები თანდათან ემატებოდა და უფრო ამაგრებდა ამართულ წყლის საკავს, რომელსაც გამძვინვარებით ეხეთქებოდა წყალი და გაგიჟებით სცემდა, რომ როგორმე გაერღვია იგი და თავისუფლად სავალი გზა ეშოვნა. დაგუბებული წყალი ირეოდა, ბობოქრობდა. გარშემო ისმოდა მხოლოდ წვიმის თხლეშა, ზევიდან წყალთან მომგორავი ქვების ხმა და ჩამოხეთქილი წყლის ბრძოლა მისგანვე ამართულ ყორესთან.

მოღალულმა, მოქანცულმა მიქელამ რომ ვერა გააწყო რა თავის მეცადინეობით და წყალს სავალი ვერ მისცა, მიანება თავი ყორეს, მივიდა ისევ ღობესთან და გადაიძახა კიდევ:

– სპიდონა!.. ეი, ბიჭო!.. სპიდონა! არ შეგეშინდეს, ბიჭო!.. ახლავე მოვალ კიდევ… ახლავე, ბიჭო-ო!.. – გადაიძახა და თოხით მხარზე წათხლაშუნდა სახლისკენ.

წყალი კი ისევ მოჰქროდა ზევიდან, მოთხლიშინებდა და გაგიჟებით სცემდა ყორეს, გადარევით ასკდებოდა, ზედ ეხეთქებოდა. გულმოსულმა რომ ვერა დააკლო რა მას, ვერ გაარღვია, ვერ მოერია თავისგანვე ამართულ მოწინააღმდეგეს – ერთი იღრიალა უეცრად და ამოდენა წყალი ვაებითა და შხუილით გადაეშვა ღობისკენ, ეძგერა მას საოცარი ძალით, ჩაამტვრია იგი და მიებდღვნა კარავს; მოისმა მხოლოდ ლაწა-ლუწი და წყლის ჩხრიალი ქვევითისკენ.

კარგა გათენებული არ იყო კიდევ, მიქელა რომ მივიდა კარვის დასახედავად. კარავი აღარსად იყო; აქა-იქ ეყარა კარვის ბორჯგები, არეული ღობის ნამტვრევებთან. ქვის კედელი ამაყად იდგა; შემწყდარი წვიმის წყალი უღონოდ ეცემოდა მას და გატეხილ ღობისკენ მოიწრიტებოდა. მოხუცებულმა შვილიშვილს დაუწყო ძებნა. სადაც კარავი იყო, იმის ქვევით რაღაც შავად დარგვალებულს მოჰკრა თვალი მიქელამ. მივიდა. ეს საბანი იყო სპიდონასი, რომელსაც მხოლოდ თავი შერჩენოდა შიგ.

– ბიჭო!.. სპიდონა!.. სპიდონა!.. ბაბუა! – ჩასძახა მიქელამ.

ხმას არავინ იღებდა.

– სპიდონა… ბაბუა!.. გესმის?.. აკანკალებული ხმით ჩასძახა უფრო ხმამაღლა მოხუცებულმა. მაგრამ სპიდონა ეგდო გაუნძრევლად.

იგი მკვდარი იყო.

პირჯვარი გადაისახა მოხუცებულმა და კარგა ხანს ადგა თავს მიცვალებულს ხმაგაკმენდილი. მერე გადააფარა სველი საბანი მკვდარს და აჩქარებით გადაიარა ნაეზოვარი.

– ი ბიჭი… სპიდონა… მომკვდარა… – უთხრა მან მაიას და ორი კურცხალი თვალთაგან გადმოუვარდა.

– მომკვდარა?! – გაოცებით შესძახა მაიამ. – წელიწადი რომ არ შესრულებულა?

– ალბათ შემცდარი იყო… კარგად ვერ გაუგონია, რა ვადა დაუნიშნეს…

– ღმერთო, ნუ შეგვრისხავ!.. ნუ გვიწყენ! პირჯვრის წერით გაიძახოდა შიშს მიცემული მაია.

იმავე დღეს მეზობლებმა კუბო შეუკრეს დამსკდარი ფიცრებისაგან და მღვდელსაც შეატყობინეს ბიჭის გარდაცვალების ამბავი. მღვდელი ძლიერ შეუწყრა მიქელას შვილიშვილის დატანჯვისათვის და ემუქრებოდა პასუხისგებაში მიცემას.

– თავათ ამბობდა, რომ ვადით იყო გამობრუნებული, შენი ჭირიმე… მაინც ეს დღე მოელოდა ამ მოკლე ხანში… ხელიდან წასული იყო… ამოწყვეტის კარზე ვარ მიყენებული – ერთი ბაღანა დამრჩა, ის უნდა იყვეს ჩემი პატრონიც და სულის მაცხონებელიც… გოუწმენდელ სახლში რავა შემომეყვანა… რა ვიცი, იმასაც რომ შემთხვევოდა რამე!.. ცხრამთას იქით მყავს გადამალული შიშით, არაფერი გადადებოდა და ისიც არ დამკარგვიყო!.. რა ხანია, თვალით არ დამინახავს! შედით ჩემს მდგომარეობაში!.. – მიუგო პასუხად მიქელამ.

წესის აგების შემდეგ მოხუცებულმა კუბო ურემზე დაუდო და დიდი წვალებით, მარტოდმარტომ, მიაბარა მიწას სპიდონაც. სასაფლაოდან ჩამობრუნებულმა ნაეზოვარში გადააგდო კუბოს ნადგამი ურმის ზესადგარი, გამოიცვალა ახალუხი და შარვალი. დაბანა ხარები და მხოლოდ მაშინ შევიდა სახლში.

ახლა იგი უფრო მოსვენებულსა ჰგავდა. გულდამშვიდებულს. იჯდა ცეცხლის პირას და სულ თავის პაწია ნესტორაზე ჰქონდა მიმართული აზრი და ფიქრი.

– მაია! – მიმართა მან ერთხელ რძალს. – მაია! გადმოვიყვანოთ ი ბავში… აწი აღარაფერი უჭირს… თვალწინ გვეყოლება.

– მოითმინეთ, ბატონო! – მიუგო მაიამ. – იყოს იქ… ამ ზამთარში ყველაფერი გეიწმინდება, გასუფთავდება… გაზაფხულზე საშიშარი აღარაფერი იქნება, ღვთის მადლით, მაშინ გადმოვიყვანოთ… კი, ბატონო, ასე აჯობებს!

მიქელამ ჯერ არაფერი თქვა ამაზე, მერე ღრმად ამოიოხრა და დაატანა დამძიმებული ხმით:

– იყვეს!.. იყვეს!.. ის კარგად მეყოლოს და მე მისი ჭირი წამიღია!.. მისი ჭირი წამიღია!.. ჩემი სულის მაცხონებლის… იყვეს – და მოხუცებულმა ისევ ღრმად ამოიოხრა. – მისი ჭირის სანაცვლო ვიყვე, ჩვენი სულის მაცხონებლის!..

1904 წ.

 

 

 

 

 

მრევლში

ნაწირვები იყო. ფართოდ გაშლილ ცაცხვის ქვეშ თავშეყრილ გლეხკაცებში ჩამჯდარი მაღალი ტანის ახალგაზრდა მღვდელი გაცხარებით ლაპარაკობდა:

– განა მე თვითონ არ მაწუხებს ასეთი ჩემი მდგომარეობა, თქვე დალოცვილებო?! კი გეთქმისთ საყვედური, კი!.. ხშირად გაკლივართ… თქვენს დროზე არა გყავთ მღვდელი, მოკლებული ხართ მღვდელმსახურებას, მაგრამ რა გიყოთ, ჩემო კეთილებო, რა ვქნა, რომ ასე არ იქნეს!.. მღვდელი ახლოს გინდათ გყავდეთ, ამისათვის ბევრს ვეცადე, მაგრამ რა გზით შემოვუარო ამას, როცა მთელ სოფელში ვერსად ვერ ვიშოვე საქირავოდ სადგომი!.. თუმცა ჩემთვის მეტისმეტი გასაჭირი იქნებოდა ქირის გადახდა, მაგრამ ვინ ოხერი თავს არ შეიწუხებდა, ოღონდ კი თქვენგნით საყვედური ამეცილებინა… იცის ღმერთმა, რომ ვწუხვარ, მეტად ვწუხვარ ამ ჩემი მდგომარეობისათვის, მაგრამ საღსარი ვერავითარი მიპოვნია… ვარ გაბმული ამ გზაში, დავწანწალობ ჩემი სახლიდან ამ თქვენს სოფლამდინ, მარტო გზას ვუნდები; ეკლესიაზედაც დაშორებული ვარ და მრევლზედაც… მოძღვარი მქვია – და ეს მიკლავს გულს, რომ ამნაირი სახელი მქვია და ნამდვილად კი რა მოძღვარი ვარ?! ა, წირვა გამოვიყვანე და სახლისკენ უნდა გავსწიო ახლავე, თორემ გზაში შემომაღამდება… რა ვქნა, აღარ ვიცი, ღმერთმანი! სულ ამაზე ვფიქრობ და იცის ღმერთმა, რომ მეტად ვწუხვარ ამგვარ ჩემს მდგომარეობისათვის…

– შეეწიეთ, შეეწიეთ… ყველა შევეწიოთ, ავუშენოთ ერთი პატარა სადგომი ამ ჩვენს ეკლესიასთან და მღვდელიც ახლოს გვეყოლება და ყოველივე უკმაყოფილება და სამდურავი მოისპობა მოძღვარსა და ჩვენს შორის!.. – თქვა მოხუცებულმა აზნაურმა, რომელიც იქვე იჯდა საფლავის ქვაზე და ამ სიტყვებზე წამოდგა.

– თქვე დალოცვილო, ჩვენთვის ვერ დაგვიდგამს სახლი, ქოხებში ვყრივართ, მღვდელს სად ვუშოვნოთ სადგომი? – წამოიძახა მოხუცებულმა გლეხმა და სხვებმაც ბუტბუტით ბანი მისცეს.

– აბა რა ქნას ამ ადამიანმა? – განაგრძო მოხუცებულმა აზნაურმა. – რა ქნას ამ ადამიანმა?..

– ბატონო, მღვდელი წინათაც გვყოლია, მაგრამ მათთვის სადგომი არ გვიშენებია, მაგ რაღა შეიქნა?!

– რომ გყოლია, ჩემო კიმოთე, ის შენი მეზობელი იყო, ამ სოფლის მცხოვრები… დღეს კი ამ შენს მეზობლებში აღარავინ გყავს იმისთანა, რომ მოძღვრად გამოსადეგი იყვეს და აგერ გამოგი