შობა მაცხოვრისა


დაუმძიმდა კაცთა ნათესავსა ძველი რჯული, ძველი აღთქმა, შეერყა საძირკველი კაცთა ცხოვრებასა, რომელსაც ქვაკუთხედად ედვა ძველის აღთქმის მოძღვრება: „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“. სხვა მადლის მწყურვალმა სულმა კაცისამ იგრძნო, რომ ამ მოძღვრების საფარქვეშ ვეღარ იდგომილება დიდხანს, – და ძველი ქვეყანა ირყევა, ირღვევა, მიდის და იფუშება. იგრძნო, რომ იგი ღმერთი მსჯავრისა და შურისგებისა, ღმერთი წყრომისა და რისხვისა ამასთანავე კაცთმოყვარე, მადლის მომფენი, ყოვლად მოწყალე და ყოველთა შემწყნარებელი ღმერთიც უნდა იყოს.

ამ ქვეყნის რყევასა და რღვევაში ჯერ კარგად ვერგამორკვეული სასოება ადამიანისა, ჰხედავს-რა ძველს დედა-ბოძს სულის საფარისას წარსაქცევად გამზადებულს, ჰკვნესის და ჰღაღადებს ზეგარდამო შთაგონებულთ კაცთა ბაგითა. რყევისა და რღვევისაგან თავის ბუდიდამ ამომფრთხალი გული ადამიანის უთვისტომოდ, უბინაოდ ჰრჩება. გული შეშინებული, ელდაცემული ეძიებს ახალ სადგურს, ახალს ბინას, რომ ამოვიდეს ახალი ვარსკვლავი, ახალი ალიონი, რომელმაც უნდა გზა აჩვენოს და გააგებინოს ძველის ქვეყნის რყევისაგან ატეხილს მტვერ-ბუქსა და ბინდ-ბუნდში. ერთხელ წაირღვნა ქვეყანა, ეხლა-კი უნდა დახსნილ იქმნას და აი, ამ მხსნელს ელის ხსნის მწყურვალე სული.

„შენ, ბეთლემ, ქვეყანა ეგე იუდასი! – ჰღაღადებს ზეგარდამო შთაგონებული წანასწარმეტყველი: – არა სადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმან დამწყსოს ერთი ჩემი, ისრაელი!“

ადამიანი რაღაც ლოდინშია, გარღვეულ უფსკრულის წინაშე მდგომარე, სასოს არ იკვეთს, რომ მოცა მაცხოვარი და თავის ყოვლად-მხსნელს ხელსა მომაწვდისო, სასოებით აღსავსენი, სულით განდიდებულნი და აღფთოვანებულნი წინასწარმეტყველნი წინათ-ჰგრძნობენ ამა მოსვლასა და ვითა მახარობელნი ნუგეშს სცემენ გულწასულს ადამიანს, მოვაო, ოღონდ შენ „განმზადნე გზანი მისნიო“.

„აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოსი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსაო, – ჰღაღადებს სრულის რწმენის ღაღადითა წინასწარ-გრძნობით აღტაცებული ისაია წინასწარმეტყველი: – განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელჰყვენით ალაგნი მისნი“.

და აჰა ამა „გზათა განმზადებად და წრფელ-ყოფად ალათა მისთა“ მოევლინა ქვეყანას იოანე წინამორბედი „მღაღადებელი უდაბნოსა შინა“. გულშერყეულს და ნუგეშის მწყურვალს ქვეყანას ჰგონია, რომ აი ეს არის იგი, ვინც ასე ძლიერ სწყურიან ჩვენს ობლად შთენილ სულსა და ვისაც ასეთის სასოებით მოველოდებითო. არაო, ეუბნება წინამორბედი იოანე:

„ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განხსნად ხამლთა მისთასა. მე ნათელ-გცეთ თქვენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეთ თქვენ სულითა წმიდითა“.

იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათელ-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, როგორც იოანე მახარობელი ამბობს, – „დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა… რამეთუ რჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქმნა… რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“. იშვა იგი, რომლის გამო სთქვა იოანე წინამორბედმავე:

„აჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი! ესე არს, რომელისათვის იგი ვსთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელიც პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს“.

„ნუ გეშინინ, – ახარებს ქვეყანას ანგელოზი: – ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი… და ესე იყო თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა“.

რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახლის აღთქმისა, რომელმან უნდა „აღიხვნას ცოდვანი სოფლისანი“. ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, – მოვედინ, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენოთ თქვენ“, ღმერთი, რომელმანც უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“… მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად მისად თუ, – რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ „კურთხეულ არს დედათა შორის: „ყრმა-ღმერთი „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“, არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს  სიღარიბე და სიღარიბემ ასე ადიდოს დიდება: ყველაზედ უწინარეს ამ ხატითა უთქვა შობისავე უმალ იგი თავდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცუდმედიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.

იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელის საძირკველი „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“ და ამის მაგიერ შთაუდგა „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ და ამაზედ ხელახლად დაადგინა დასარღვევად გამზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და ვერ შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მან თავისი ღვთაებრივი სისხლი და ზედ მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვართმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთისა მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არა უწყიან რას იქმნან; აი რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე, რა ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.

მას აქეთია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალი ცხოვრებისათვის. მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობისას, მოწყალებისას და შენდობისას. განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: „შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემზედა ხელი შენი… შენ სცან დაჯდომაი ჩემი და აღდგომაი ჩემი. ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკვლიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინასწარ იხილენ… საკვირველ იქმნა ცნობა შენი ჩემგან, განძლიერდა და ვერ შეუძლო მას, შენ ხარ ხსნა ჩემი, შენი მოძღვრება – მაცხოვარ ჩემდა, და ვეღარსად განვერინო სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვეღარსად ვივლტოდე: აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ უნ ხარ. შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ: აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, – და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდეს მე და მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე“.

ფანჯრები


ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში – ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.

სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად – ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.

აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.

მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.

შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში – მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.

ამოუცნობი ნატურა


პირველი კლასის კუპე.

შინდისფერი ხავერდით გადაკრულ დივანზე მიმზიდველი ქალბატონი მოკალათებულა. ძვირფასი, ფოჩიანი მარაო ხელში ნერვიულად ჩაუბღუჯავს. ლამაზი, პატარა ცხვირი პენსნეს ვერ აკავებს, პენსნე დროდადრო ქვემოთ ვარდება. მოხდენილი გულსაბნევი ეშხიან მკერდზე ზემოთ – ქვემოთ ადის -ჩადის… ქალი აღელვებულია.

დივანზე მის წინ საგანგებო დავალებათა საგუბერნატორო ჩინოვნიკი, ახალგაზრდა, დამწყები მწერალი ზის, რომელიც ქალაქის უწყებებში პატარა მოთხრობებს, ან როგორც თვითონ უწოდებს – ნოველებს აქვეყნებს. მოთხრობები მაღალი წრის წარმომადგენელთა ცხოვრებას ეხება. მწერალი ქალს დაჟინებით შესცქერის თვალებში, აკვირდება, სწავლობს, ცდილობს ჩაწვდეს მის ექსცენტრიულ, ამოუცნობ ნატურას.

–          მე მესმის თქვენი!- ამბობს საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი და ხელზე კოცნის ქალს- თქვენი მგრძნობიარე სული გამოსავალს ეძებს ამ ლაბირინთიდან. ეს მძიმე,დაუნდობელი ბრძოლაა, მაგრამ … გულს ნუ გაიტეხთ, თქვენ გაიმარჯვებთ, დიახ!

–         დაწერეთ ჩემზე, ვოლდემარ!- ეუბნება ქალი და ნაღვლიანად იღიმება – ჩემი ცხოვრება ისე სავსე, მრავალფეროვანი, ისე ჭრელია, მაგრამ… უბედური ვარ! მოუყევით ჩემს შესახებ ქვეყანას, ვოლდემარ, აჩვენეთ ჩემი სული, ჩემი საბრალო სული! თქვენ ფსიქოლოგი ხართ. ერთი საათიც არ გასულა, რაც ერთად ვართ და უკვე ბოლომდე ჩაწვდით ჩემს არსებას!

–         ილაპარაკეთ, გემუდარებით, ილაპარაკეთ!

–         მისმინეთ. მე ღარიბი ჩინოვნიკის ოჯახში დავიბადე. მამა გულკეთილი, ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ …დრო, გარემოებები  vous comprenez? საბრალო მამას არ ვადანაშაულებ. იგი სვამდა, თამაშობდა, ქრთამს იღებდა … დედა კი, აჰ, რა უნდა ვთქვა?! გაჭირვება, ბრძოლა ლუკმა-პურისათვის, საკუთარი არარაობის შეგრძნება. თვითონ უნდა გამეკვლია გზა.  მახინჯი, ცუდი საინსტიტუტო აღზრდა, სულელური რომანების კითხვა, ახალგაზრდული შეცდომები, პირველი შიშნარევი სიყვარული, გარემოებებთან ბრძოლა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უიმედობა… საშინელებაა ! ნუ მაიძულებთ ყველაფერი გავიხსენო! თქვენ მწერალი ხართ და გვიცნობთ ჩვენ, ქალებს, თქვენ გამიგებთ. საუბედუროდ, მე დიდსულოვანი ადამიანი ვარ… ბედნიერებას, ბედს ველოდი, მინდოდა ადამიანი ვყოფილიყავი, ამაში ვხედავდი ჩემს დანიშნულებას!

–         საოცრება!- ჩურჩულებს მწერალი და ხელზე კოცნის- თქვენ კი არა, ადამიანის ტანჯვა- წამებას ვკოცნი! გახსოვთ რასკოლნიკოვი? ისე ასე კოცნიდა.

–         ო, ვოლდემარ! მე მინდოდა სახელი, ხმაური, ბრწყინვალება. რაღაც არაჩვეულებრივი მწყუროდა. და, აი, სრულიად შემთხვევით მდიდარ, მოხუც გენერალს შევხვდი. გამიგეთ, მოლდემარ! ეს იყო თვითშეწირვა, უარის თქმა ყველაფერზე, გესმით! სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი… ჩემმა ოჯახმა ამოისუნთქა, დავიწყე მოგზაურობა, სიკეთის კეთება… როგორ ვეწამე, როგორი აუტანელი იყო გენერლის ყოველი მოკარება! თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ თავის დროზე ის მამაცურად იბრძოდა. იყო წუთები, საშინელი წუთები!.. მაგრამ მამხნევებდა  აზრი, რომ მოხუცი დღეს თუ ხვალ მოკვდებოდა, რომ დავიწყებდი ცხოვრებას ისე, როგორც მინდოდა, საყვარელ ადამიანთან ვიქნებოდი… ჩემს ცხოვრებაში არის ასეთი ადამიანი, ვოლდემარ, ღმერთმანი, არის!

ქალი გამალებით ინიავებს მარაოს, საცაა ატირდება.

–         და აი, მოხუცი გარდაიცვალა, ქონებაც დამიტოვა. ახლა ჩიტივით თავისუფალი ვარ, ახლა ბედნიერებაც შესაძლებელია, ასე არ არის ვოლდემარ? ბედი კარს მომადგა, მაგრამ … არა! მისმინეთ, გაფიცებთ, მისმინეთ, ვოლდემარ! ახლა უკვე შემიძლია ვიყო საყვარელ ადამიანთან, გავხდე მისი მეგობარი, მისი იდეალების მატარებელი, დავისვენო  ბოლოს და ბოლოს!.. მაგრამ ცხოვრება სასტიკი და ულმობელია, სისულელეა ყველაფერი, ვოლდემარ! მე უბედური ვარ, უბედური, უბედური! ჩემს წინაშე ისევ დიდი წინააღმდეგობაა! ვგრძნობ, რომ ბედნიერება ისევ შორსაა, შორს! აჰ, რომ იცოდეთ, როგორ ვიტანჯები,როგორ!

–         კი,მაგრამ, რა?! რა გიშლით ხელს ბედნიერი იყოთ? გევედრებით, მითხარით, რა?!

–         სხვა მდიდარი მოხუცი…

…დამტვრეული მარაო ქალის ლამაზ სახეს ფარავს. მწერალმა  ამოიოხრა და საქმის მცოდნე ფსიქოლოგივით  ჩაფიქრდა.

… ლოკომოტივი ქშინავს და უსტვენს, ჩამავალი მზის სხივები ფანჯრის ფარდებს წითლად ფერავს.

ლოცვა


ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! გულწრფელია, უფალო, მხოლოდ ლოცვა ჩემი; უმანკოა სურვილი ჩემი; ღრმაა ტანჯვა ჩემი; სპეტაკი არს სული ჩემი. ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! მუხლს ვიყრი შენს წინაშე; ცრემლსა ვღვრი, უფალო, და შემოგღაღადებ. არ მსურს, უფალო, ტანჯვანი შემიმსუბუქო; ცოდვა შემინდო. არა, უფალო: უანგაროა ლოცვა ჩემი და ფაქიზი ვედრება ჩემი. მოვედი წინაშე შენსა, უფალო, რათა გადმოგცე: აღტაცება ჩემი, სიყვარული ჩემი შენდამი; რათა იცოდე, უფალო, თუ როგორ დაუვიწყარ და სანატრელ ხარ ჩემთვის. ამაგდე გენიასა; ნუ გამიკითხავ მოწყალებითა, უფალო, ოღონდ სხივმფენს სახესა შენსა შემახედა; ნუ მომაკლებ სიყვარულსა შენსა, როგორც მე არ შემირყევია სიყვარული შენდამი თვით წამთა ბოროტმოქმედებათა ჩემთა. ვშორდებოდი საუფლოსა შენსა ბოროტად სავლელად, მაგრამ სახე შენი, სიყვარული და თაყვანისცემა შენდამი შეულახველად, წმინდად თანა დამქონდა. მრისხანე ხელი შენი მსჯიდეს, ხოლო გულსა შენსა ვუყვარდე.აზრსა შეუქმნია სურათი ბილწი, გულსა კი ჰყავდი შენ მანათობლად, ნუგეშად, წყლულთა მალამოდ. ნუ შემინდობ, ოღონდ გიყვარდე. დამსაჯე, ოღონდ ნუ აიღებ ჩემზე ხელს.

საშობაო მინიატურები


იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი…

აქ კი… დღეს…

1

სარეცელზე

– ნუ გეშინია, შვილო, ექიმმა თქვა ყველაფერი აჭამეო, რაც კი მოისურვოსო. პირში მაინც გამოივლე შაქრის ყინული… ტკბილია… გიამება. ამ ამ ანგელოზის ქანდაკებას მოკიდე ხელი… მთელ ქალაქში ერთი იყო და შენ მოგიტანე. ნუ გეშინია, შვილო, დამშვიდდი. აი ასე, ასე ამოისუნთქე… გაგივლის. ახლა უმწვერვალესი წუთაი ავადმყოფობისა, აი, ახლავ დაგიკლებს სიცხე…

ბავშვის პატარა ხელებს მოხვდა ცივი მარმარილოს ქანდაკება; იამა, გახურებულ მკერდზე მიიკრა და გაყუჩდა ბავშვი. დედა კი ნელა უსვამდა ხელს ოფლიანს შუბლზე, უსწორებდა გაჩეჩილ თმას. მერმე ჩაიკეცა და მიითვლიმა.

აგონდება ქალს პირველი ამბორი – განა ეს გარდაქმნა არ იყო.

აგონდება ქალს, როგორ დაიძრა სხეულში ახალი ადამიანი.

აგონდება ქალს, როგორ ტანჯვათა შორის ქვეყნად იშვა მისი ბიჭი, ახლა კი, ამ შობის ღამეს, როგორ წაართმევს ღმერთი?!

ბავშვს კი გულში მაგრად ჩაუკრავს ანგელოზის ქანდაკება, სუნთქვა უსუსტდება და ნელ-ნელა ახალ ცხოვრებას იწყებს.

2

საქართველო იყიდება

იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

3

ბრმა თერძი

ხელის ფათურით მონახა ლევანა თერძმა კარების გასაღები, შეჩერდა, რაღაც გადაწყვიტა და კარები გააღო. სუფთა, ცივმა ქუჩის ჰაერმა, თითქოს შიშით დაიხია უკან და გზა მისცა შმორის და ოფლის სუნით გამსჭვალულს ოთახის ჰაერს.

– ქალო, გზა გამიკვლიე, ვერას ვხედავ!..

– ჩუუ!.. – იმავე წამს უპასუხა ვიღაცამ, – მოიტა ხელი აბა, ფეხაკრეფით. ბავშვები, როგორც იქნა, დავაძინე, – ფუჩუნით ეუბნებოდა დამხდომი. – ეცადე ლოგინის კიდეზე მოეთავსო, ბავშვები კედლისკენ დავაწვინე,

– სუფრასთან მიმიყვანე. რომ გაიღვიძონ რაღა ვქნათ, არაფერი მომიტანია, ქალო!

– რატომ? – ყრუდ ჩაეკითხა ქალი.

– რატომ? რატომ? რატომ და თვალი აღარ ჭრის; ჩემი გავლებული გვირისტი სულ დასარღვევი გაუხდათ. დუგმები უკუღმა დავაკერე. გამლანძღეს, გამათრიეს და ისე გამომიშვეს… სამართლიანადაც. რათ ჩავდგი შენს ცოდვაში ფეხი. რათ მოვიკიდე მისუსტებულ ზურგზე სამი ადამიანის სვე-ბედი. მთლათ დავბრმავდებოდე მაინც… თავშესაფარში მიმიღებენ.

– არაფერია, კაცო, ნუ გმობ ღმერთს…

– არ ვგმობ, პირიქით, თაყვანსა ვსცემ მის კანონს… ღირსი ვარ, მე ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ თქვენ… თქვენ?! ხვალ ძაღლებიც კი ხორცით გაძღებიან; ზოგს გადუგდებენ, ზოგიც მოიტაცებს… თქვენ კი? ნაცრიანი მჭადი მაინც გქონდესთ.

– დედა, მოვიდა მამა? – კვნესის მისუსტებული ხმით ბავშვი…

ბრმა თერძის ავადმყოფ თვალებს სწვავს ცრემლები.

იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი…

აქ კი… დღეს…


მონა


ჯვარედინ გზაზე ისმის:

– გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!

– მე მონა ვარ!..

– რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…

– მე სუსტი ვარ…

– თავისუფლები სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…

– არ მაქვს იმედი…

– არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.

– მეშინია უარესის…

– მონაბაზე უარესი რაღა იქნება?

– სიკვდილი… შიმშილი…

….

– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი. 

ს ა ა თ ე ბ ი


საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება!
თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე. თვალწინ მიდგებიან:
საათები, საათები, ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები!
ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა!
ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში. 
დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად.
საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე, რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რაც აქამდის გვიგვრძვნია, ყველაფერს რაც გვყვარებია და შეგვძულებია. ჩვენს დიდ სიყვარულსა და ჩვენს დიდ ნუგეშს, ჩვენს დიდ სიხარულსა და პატარა ბედნიერებას. ჩვენს დარდსა და ჩვენს გულის ჭირს. ჩვენს ღიმილსა და ჩვენს ცრემლებს. ყველაფერს, ყველაფერს თან წაიღებენ საათები, საათები ჩვენი ბინის კედლებზე, საათები ქალაქის მოედნებზე, საათები სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრებზე… 
 
ბერლინი, 1920 წელი.