გულივერის მოგზაურობა(განხილვა)


   ჩემი ეს განხილვა შეეხება ჯონათან სვიფტს, რომელიც მე-18 საუკუნის ინგლისური ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის ნაწარმოებს შორის კი უთუოდ აღნიშნის ღირსია გულივერის მოგზაურობა, რომელიც 1726 წელს გამოვიდა და ერთგვარად გამოაფხიზლა ინგლისური საზოგადოება. დამეთანხმებით, რომ წიგნის წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს არის ზღაპარი, ფანტასტიკური ჟანრი, რომელიც ჩვენში სასიამოვნო ემოციას იწვევს და ბევრს გვაცინებს, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით ნაწარმოებს და და გავითვალისწინებთ იმ გარემოპირობებს სადაც სვიფტს უხდებოდა მოღვაწეობა ბევრს საყურადღებო პარალელს გავავლებთ ინგლისის ისტორიასთან. იმისათვის რომ ნაწარმოებში ინგლისის საზოგადოება დაეხატა ავტორს მან გამოიყენა სატირა. სანამ უშუალოდ ნაწარმოებზე გადავიდოდეთ მოდი თვალი გადავავლოთ მე-18 საუკუნის ინგლისს და გავიგოთ რამ შთააგონა ავტორი შეექმნა ასეთი ნაწარმოები.

უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ ინგლისის რევოლუცია, რომელიც 1640 წელს ხანგრძლივი პარლამენტის მოწვევით დაიწყო და გაჩაღდა დაპირისპირება მეფის მომხრეებს ანუ კავალერებსა და პარლამენტის მომხრეებს ანუ მრგვალთავიანებს შორის. პარლამენტის არმიას სათავეში ჩაუდგა ოლივერ კრომველი. მათ დაამარცხეს მეფის მომხრეები და 1644 წელს ჩარლზ I სტიუარტი სიკვდილით დასაჯეს. ინგლისში კი სამხედრო დიქტატურა დამყარდა, რომელსაც სათავეში ოლივერ კრომველი ედგა. კრომველის გარდაცვალების შემდეგ 1660 წელს მოხდა სტიუარტების რესტავრაცია. სამეფო ტახტზე ჩარლზ II. მე-18 ს-ის 70-იან წლებში ინგლისში ორი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა: ვიგების და ტორების.ვიგები ანუ ლიბერალები პარლამენტის გაძლიერებას ცდილობდნენ, ტორები ანუ კონსერვატორები კი მეფის ხელისუფლების განმტკიცებას ესწრაფოდნენ. ორივე პარტია რევოლუციამდელი წყობილების აღდგენის მოწინააღმდეგე იყო. 1688 წელს მშვიდობიანი გადატრიალება მოხდა, რომელიც უსისხლო სახელითაა ცნობილი. პოლიტიკურ პროცესებში სვიფტიც აქტიურად იყო ჩაბმული.

კარიერა სვფიტმა ლორდ ტემპლის კარზე დაიწყო, სადაც იგი გაეცნო მაშინდელი ინგლისის მაღალ წრეებს. ტემპლის გარდაცვალების შემდეგ ლუკმაპურის მოსაპოვებლად იძულებული გახდა მღვდლის ანაფორა ჩაეცვა და ირლანდიაში გამგზავრებულიყო. მღვდლის ანაფორას ხელი არ შეუშლია სვიფტისათვის აქტიურად ჩაბმულიყო იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელშიც იმდროინდელ ინგლისში ხელისუფლებისათვის ტორები და ვიგები აწარმოებდა.

სვიფტის სიმპატიები თავდაპირველად ვიგებისაკენ გადაიხარა რაც ორი მიზეზით იყო განპირობებული. პირველი ის, რომ იგი ცემპლთან სამსახურის დროს მათთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მეორე, ვიგები ცდილობდნენ მეფის ხელისუფლების შეზღუდვას, ხოლო სვიფტი როგორც ამჯერად მონარქიის მოწინააღმდეგე მათ მოღვაწეობაში პროგრსულ იდეალებს ხედავდა.

ვიგების ინტერესების დასაცავად 1701 წელს სვიფტმა დაწერა „ მსჯელობა ათენისა და რომის დიდებულთა და მდაბიოთა შორის უთანხმოებაზე.“ ინგლისის უმაღლესი სასულიერო წოდების მხარდაჭერით ვიგების პარტიამ შეძლო პარლამენტში ხმის აბსოლუტური უმრავლესობის მიღება. მაგრამ მათ ხელისუფლების სათავეში მოსვლამ მშრომელთა ცხოვრებაში არავითარი ცვლილება არ გამოუწვევია, მშრომელი მოსახლეობა კვლავ მოტყუებული დარჩა.

ვიგების მოქმედებით უკმაყოფილო სვიფტი  ახლა მათ წინააღმდეგ წერს „რელიგიის განვითარების პროექტი“, რომელშიც ნიღაბს ხდის სასულიერო წოდების ქურუმთა ფარისევლობას. 1710 წელს პარლამენტში ხმების უმრავლესობა ტორების პარტიამ მოიპოვა. სვიფტი მათ მიემხრო.პარტიების მოღვაწეობით განაწყენებული მწერალი ირლანდიის წმინდა პატრიკის ტაძრის დეკანოზი გახდა. მან როგროც თავისი ხალხის ჭეშმარიტმა შვილმა გადაქყვიტა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძოლა ირლანდიელი  ხალხის ეროვნული ინტერესების დასაცავად. სწორედ ამ ბრძოლაში გაიფურჩქნა მისი რპგპრც სატირიკოსის მაღალი ნიჭი და გამოჩნდა მისი ტალანტი. სვიფტის ირონიამ თავისი მისია ყველაზე კარგად „გულივერის მოგზაურობაში“ შეასრულა.

წიგნის სხვადასხვა ნაწილი გამოირჩევა სატირული ტენდეციების სიღრმითა და მათი მხატვრული გამოსახულების საშუალებით.

პირველ ნაწილში, რომელშიაც აღწერილია მოგზაურობა ლილიპუტების ქვეყანაში, მოცემულია მრავალი ისეთი ამბავი, რომელიც ინგლისის სინამდვილეში არსებული მოვლენების ანალოგიურია.აქ ნაჩვენებია სასახლის კარი და კარისკაცები, სახელმწიფო უმაღლესი მოხელეები, რომელთა არჩევა ხდება მათ მიერ შესრულებული აკრობატული ვარჯიშების მიხედვით.

აღწერილია ერთმანეთისგან ქუსლების სიდიდით განსხვავებული ორი პარტია. აქვე აღწერილია ომები, რომელთა მიზეზიც არის დავა იმის შესახებ, თუ რომელი ბოლოდან უნდა გაიტეხოს კვერცხი. ამ მოთხრობებში ლილიპუტების ცხოვრების შესახებ სვიფტი ამხელს თანამედროვე პოლიტიკურ ინტრიგებს, პოლიტიკური პარტიების ბრძოლის უპრინციპობას და პროტესტანტული ინგლისისა (ლილიპუტების) და კათოლიკური საფრანგეთის (ბლეფუსკუ) ომების უმიზნობას.

ევროპული ცივილიზაციის საერთიო ხასიათის  ანალიზი მოცემულია ნაწარმოების მეორე ნაწილში – მოგზაურობა ბრობდინგნაგში, გოლიათების ქვეყანაში. სატირის ფორმები აქ იცვლება და თვით გულივერი  ვარდება უმნიშვნელო ლილიპუტის მდგომარეობაში. ავტორის სატირული მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ აჩვენოს არარაობა და სიცრუე ევროპული ცივილიზაციისა, შედარებით იმ ბრძნულ სახელმწიფოებრივ წყობილებასთან, რომელიც აქვთ განათლებულ გოლიათებს. ამ შედარების სატირული ხასიათი ძლიერდება  იმით, რომ გულივერი მსჯელობს ევროპული ცხოვრების შესახებ მთელი სერიოზულობით და ხაზს უსვამს თავის ღრმა პატრიოტიზმს. ავტორი გამოდის განათლებული აბსოლუტიზმის სისტემის მომხრედ და გვისურათებს ბრობდინგნაგის  ჰუმანურ მეფეს, რომელიც მმართველობის ხელოვნებაში ეყრდნობა საღ აზრს, გონიერებასა და სამართლიანობას.ის აღშფოთებით უარყოფს გულივერის წინადადებას სახელმწიფოში ცეცხლმსროლელი  იარაღის დამზადების შესახებ. ისმენს რა მის ანგარიშს საზოგადოებრივი წყობისა და ადამიანთა ცხოვრების წესების შესახებ, მეფე შეძრწუნებულია მათი სისულელეებით. ის დაასკვნის, რომ გულივერის თანამემამულენი წარმოადგენენ „ პატარა შხამიანი გველების მოდგმას, რომლებზედაც უფრო საზიზღარი  არასოდეს არ გაღოღებულა დედამიწის ზედაპირზე.“

წიგნის მესამე და მეოთხე ნაწილებში სვიფტის სატირა ხდება უფრო მკვეთრი და გესლიანი.

მესამე ნაწილი კონსტრუქციის  მიხედვით შედარებით რთულია. ამ ნაწილში აღწერილია გულივერის ყოფნა მფრინავ კუნძულ ლაპუტაზე, შემდეგ კი მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნაში. ავტორი მკვეთრად აკრიტიკებს ყველა არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობას, ამხელს წარჩინებულებსა და არისტოკრატებს. იწვევს რა აჩრდილთა  სამეფოდან წარსული დროის მაღალი თანამდებობის ტიტულიან პირთ, იგი საუბრობს მათთან და აღშფოთებულია მათი უსინდისობით. ვერაგობა, ჩაგვრა, მოსყიდვა, მოტყუება, შუამავლობა და მსგავსი მათნი წარმოადგენენ ყველაზე  უფრო მისატევებელ ცოდვებს, რომლებიც მათ დაასახელეს.

სვიფტი ამჟღავნებს სახელმწიფო მანქანის მამოძრავებელ ზამბარებს დაწყებული სასახლის პრემიერ მინისტრიდან და მიუთითებს, მმართველობის მთელი სისტემა აგებულია პირფერობაზე, გაიძვერობასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაზე. ის დასცინის მისთვის საძულველი კანონების დამცველთ, რომლებიც „ არც ერთი სარჩელის განხილვის დროს არ უკვირდებიან საკითხს ღრმად. სამაგიეროდ, ყვირიან, ცხარობენ და ლაქლაქებენ ისეთ რამეებზე, რომლებსაც საქმის არსებით მხარესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.“

ავტორი აკრიტიკებს ბურჟუაზიულ სამყაროს მეცნიერებას, ვინაიდან, იგი  მოწყვეტილია მოსახლეობის სასიცოცხლო მოთხოვნებს იმ კუნძულის მსგავსად, რომელიც დაფრინავს მაგარი მიწის თავზე. მეცნიერების მიღწევებით სარგებლობენ მმართველი კლასები, რომლებიც მფრინავ კუნძილსაც იყენებენ ხალხის აჯანყების ჩასაქრობად.

თავისი თანამედროვეების უმრავლესობის საპირისპიროდ სვიფტს არ სჯერა ბურჟუაზიული პროგრესისა. თავის წიგნში იგი ააშკარავებს სიმდიდრის წარმოშობის ნამდვილ წყაროებს. გულივერი გამოთქვამს ავტორის აზრებს, როცა საზოგადოების ერთი ნაწილის სიმდიდრეს უკავშირებს მეორე ნაწილის სიღარიბეს. „ მდიდარი კაცი ითვისებს ღარიბის ნაჭირნახულევს, – ამბობს იგი. – ჩვენი მოსახლეობის აშკარა უმრავლესობა იძულებულია გამუდმებით იშრომოს და გასამრჯელოდ მათხოვრული თანხა მიიღოს, რათა მათი შრომის ნაყოფით თითო-ოროლა არამზადამ იცხოვროს.“

სვიფტი გამოდის ომების წინააღმდეგ,  რომლებიც წარმოებს მმართველთა პატივმოყვარეობის გამო და მძიმე ტვირთად აწევს ხალხს.ბრიტანეთის მიერ კოლონიური  ღონისძიებებისა და ახალი მიწების სწრაფად დაპყრობის პერიოდში სვიფტმა ხმა აღიმაღლა კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ვინაიდან ის მასში ხედავდა ოქროს გამოგლეჯისა და ადგილობრივი მოსახლეობის მკაცრ განადგურებას. „ სრული თავისუფლება ეძლევა ყოველგვარ არაადამიანურ  მოქმედებასა და გარყვნილებას; ქვეყანა თავის მკვიდრთა სისხლით იღებება და ყასბების ეს საზიზღარი ხროვა, რომელიც ასეთ კეთილშობილურ  ექსპედიციას ხელმძღვანელობს, აარსებს თანამედროვე კოლონიას, რათა მიაქციოს და გაანათლოს კერპთაყვანისმცემელი და ველური ხალხი, “ – ირონიულად დასძენს ავტორი.

წიგნის მეოთხე, უკანასკნელ ნაწილში აღწერილია მოგზაურობა ჰუიჰნჰმების ქვეყანაში, სადაც ცხოველები და ადამიანები ერთმანეთს შეენაცვლენ: აქ სახელმწიფოს მართავენ ბრძენი ცხენები, ხოლო ადამიანის მოდგმა წარმოდგენილია როგორც ადამიანის მსგავსი იაჰუს საშინელი შთამომავლობა.

ადამიანის ბუნების ყველა ცუდი ცხოველური თვისება გაერთიანებულია ამ არსებებში. ავტორი მიდის იქამდე, რომ ამ საშინელი შთამომავლობის წარმოშობას მიაწერს ორ ინგლისელს, რომლებიც ოდესღაც მოსულან  იმ მხარეში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადგილი ყველა ინგლისურ გამოცემაში გამოტოვებულია.

მიუხედავად იმისა, რომ სვიფტი ასე გამოხატავს ადამიანის მოდგმას, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს კაცთმოძულედ, რადგანაც მისი აღშფოთება და წყრომა გამოწვეულია მისი სურვილით – შეცვალოს არსებული საზოგადოებრივი  ურთიერთობის უაზრობა. ავტორის შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ბურჟუაზიული  ეპოქისათვის დამახასიათებელი მანკიერება მას გადააქვს მთელ კაცობრიობაზე.

სვიფტის დადებითი იდეალები  საკმაოდ ბუნდოვანია. პირველად მას გამოჰყავს განათლებული მონარქიის დადებითი სახე; შემდეგში ის აქებს რესპუბლიკურ წყობილებას, აღფრთოვანებულია რომის სენატით და წარსულის გმირთა შორის ბრუტუსი მიაჩნია სიკეთის განსახიერებად. სვიფტს არა აქვს გარკვეული პოლიტიკური პროგრამა. ის აღწერს ცხენების ცხოვრების უტოპიას, მაგარმ, ამავე დროს, თვითონვე აქვს შეგნებული მისი განუხორციელებლობა; იგი მიისწრაფვის საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებისკენ.

1 thoughts on “გულივერის მოგზაურობა(განხილვა)

  1. ვაპირებდი წაკითხვას და ამ განხილვის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა სურვილი. ძალიან მაინტერესებს როგორ აქვს აღწერილი ეს ყოველივე. მადლობა

დატოვე კომენტარი