ონორე დე ბალზაკი


ონორე დე ბალზაკი (20 მაისი, 1799, ტური – † 18 აგვისტო, 1850, პარიზი), ფრანგი მწერალი. ნამდვილი სახელია ონორე ბალზაკი, ნაწილაკს ” დე”, რომელიც მაღალი დონის წოდებას გამოხატავს, ბალზაკი 1830 წლიდან იყენებს.
მამამისმა, ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო გამოსული. 1803 წლიდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, 1807 წლიდან – ვანდომის სასულიერო კოლეჟში. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, 1816 წელს მამის ნებით სამართლის სკოლაში შევიდა. 1819 წელს დაამთავრა იგი, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდში და წერას შეუდგა.

პირველი ლიტერატურული ცდა – ტრაგედია “კრომველი” (1820) სუსტი აღმოჩნდა. 1822-იდან ბალზაკმა გზა გაიკვლია მკითხველისაკენ: ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რომლებიც შემდგომ თვითონვე უარყო. ხელმოცარულმა კომერციულ საქმეებს მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლისა და მესტამბის როლში, მაგრამ ეს ცდაც იმით დამთავრდა, რომ ვალი დაედო, რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი ჩანთქა. პირველი რომანი, რომელიც ბალზაკმა თავისად აღიარა და საზოგადოებაშიც გახმაურდა, იყო “შუანები” (1829). მას მოჰყვა: “ქორწინების ფიზიოლოგია” (1830), “გობსეკი” (1830), “უცხო შედევრი” (1831), “შაგრენის ტყავი” (1831), “ოცდაათი წლის ქალი” (1831). 1832-იდან ბალზაკმა დაწერა რომანები და მოთხრობები: “სოფლის ექიმი” (1833), “ეჟენი გრანდე” (1833), “სერაფიტა” (1833), “აბსოლუტის ძიება” (1834), “მამა გორიო” (1834-1835), “ცელქი მოთხრობები” (1832-1837)… მან სამწერლო დიდების მწვერვალზე შედგა ფეხი, მცირე ხნით აისრულა კიდეც “ბრწყინვალე ცხოვრების” ნატვრა, ნამდვილი ბალზაკების გერბიც მიითვისა და ნაწილობრივ გოროზი არისტოკრატიული წრეების აღიარებასაც მიაღწია. 1834-იდან ბალზაკმა პერსონაჟთა გამეორება დაიწყო სხვადასხვა ნაწარმოებში: მას მოუმწიფდა გეგმა, თავისი თხზულებებით შეექმნა ერთიანი “ადამიანური კომედია”, რომელშიც 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. 1834 შემდეგ დაიწერა: “გამქრალი ოცნებანი” (1837-1839), “ნუსინგენის სახლი” (1838), “კურტიზანების ბრწყინვალება” (1838), “კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე” (1839-1847), “გლეხები” (1844), “კუზინ ბეტი” (1846), “კუზენ პონსი” (1847) და სხვა. ბალზაკი მწირივით ცხოვრობდა, ალყაშემორტყმული ულმობელი კრედიტორების მიერ, ჩქარობდა შეესრულებინა თავისი გეგმა და ვალებიც გაესტუმრებინა; ამავე დროს, თავს არ ანებებდა სარდინიაში ვერცხლის მადნის მოპოვებისა და პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხე-ტყის აღებ-მიცემობის წამოწყების ფანტასტიკურ პროექტებს. ამ პორობებშე მან გამოიჩინა არაადამიანური შრომისმოყვარეობა, 16-18 საათს მუშაობდა დღე-ღამეში და რკინის ჯანმრთელობა უძილობითა და გადამეტებული ყავის სმით გაინადგურა.
ბალზაკმა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა და დატოვა 50-მდე თხზულების მეტ-ნაკლებად სრული მონახაზი; შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა – მთელი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი გენეალოგია, გეოეგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. შემოქმედებით ბალზაკმა მსოფლიო ლიტერატურაში სათავე დაუდო ახლებურ, მონუმენტურ, კრიტიკულ რეალიზმს. ერთგვარი ავტონომიური ადგილი უკავია ბალზაკის შემოქმედებაში პიკანტური ნოველების კრებულს “ცელქ მოთხრობებს”, ეს არის უბადლო მოვლენა გასული ეპოქების – აღორძინებისა და შუა საუკუნეების – კულტურის შეგრძნების თვალსაზრისით. ბალზაკის შემოქმედებას იცნობენ მთელ მსოფლიოში, იგი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართულად მის თხზულებათა თარგმნას XX საუკუნის 30-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი გ. ქიქოძემ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s