უილიამ შექსპირი


უილიამ შექსპირი (დ. 23 აპრილი, 1564 – გ. 23 აპრილი, 1616), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.

ულიამ შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში 1564 წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა. უილიამ შექსპირი დაიბადა წარმატებული მეხელთათმანის ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის რ. არდენის ქალიშვილის მერის ოჯახში. ჯონ შექსპირი უილიამის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ქალაქის მერი გახდა. 1576 წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ვხვდებით, რომ მას ჰქონდა მიღებული საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდოდ, სტრეტფორდში. 1582 წელს 18 წლის ასაკში, შექსპირმა ცოლად შეირთო რვა წლით უფროსი ქალი ენ ჰეთუეი, რომელიც ამ დროს უკვე ორსულად იყო. უილიამსა და მის ცოლს ჰყავდა სამი შვილი: სუზანა და ტყუპები ჯუდითი და ჰამნეტი, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბეთ I-ისა (1558-1603), ხოლო შემდეგ – ჯეიმზ I-ის (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტა და 37 პიესა.

1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში. 1593-94 წლებში ეპიდემიის გამო ლონდონის თეატრები დაიხურა, შექსპირმა ყურადღების კონცენტრირება გააკეთა მის პოეზიაზე. ამ დროს მას პატრონაჟს უწევდა მისი მეგობარი, საუთჰემტონის გრაფი. როდესაც ეპიდემიამ ჩაიარა, შექსპირი შეუერთდა “ლორდ კამერჰერის მსახურების” თეატრალურ დასს, სადაც იგი მსახიობიც იყო და დრამატურგიც. მომდევნო წლებში უილიამი ქმნის, უმეტეს წილად, კომედიებსა და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებს. 1595 წელს შექსპირმა შექმნა ყველასათვის ცნობილი ტრაგედია “რომეო და ჯულიეტა”. ეს ადრინდელი შედევრები, განსაკუთრებით კი, “ამაო გარჯა სიყვარულისას” და “ზაფხულის ღამის სიზმარი” გალექსილია ნათელ, ახალგაზრდულ სტილში და წარმოადგენს რითმული პოეზიის უდავო ნიმუშს. რაც შეეხება “ვენეციელ ვაჭარს”, იგი უფრო გვიან პერიოდშია შექმნილი . ამ პერიოდშივე შექსპირი ქმნის”ჰენრი IV”-ის ორ პიესას, რომელიც ფოლსტაფის სევდანარევი, მაგრამ მაინც გულღია, სისხლსავსე რენესანსული იუმორითა და თვითირონიით არის სავსე. ამ პიესებმა ისე გააოცეს დედოფალი ელიზაბეთ I, რომ მან შექსპირს შეუკვეთა კიდევ ერთი ფოლსტაფური პიესა, შემდგომში ცნობილი, როგორც “უინძორელი მხიარული ქალები”.

უილიამ შექსპირის ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: “ჰამლეტი”, “ოტელო”, “მეფე ლირი”, “მაკბეტი” და “ანტონიუსი და კლეოპატრა”. ამ ტრაგედიებში ყველაზე ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლაღქმა, ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა.
შემდგომი პერიოდის შედევრებს – “ზამთრის სიზმარი” და “ქარიშხალი” – აშკარად აჩნიათ გვიანი რენესანსის კრიზისის ნიშნები. მწვავე კონფლიქტების მოგვარების კომპრომისული გზები ჩნდება. ამგვარ შემრიგებლურ ნოტაზე დაასრულა უილიამ შექსპირმა თავისი ბრწყინვალე კარიერა.

დაახლოებით 1610 წლიდან შექსპირი მშობლიურ სტრატფორდს უბრუნდება, თუმცა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში კონტაქტობს ლონდონის თეატრთან. 1616 წლის 23 აპრილს, სავარაუდოდ, 52 წლისა, უილიამი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისმა მეგობრებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა შეადგინეს შექსპირის ნაწარმოებების პირველი სრული კრებული, ე.წ. პირველი ფოლიო. გამოცემას დართული აქვს ბენ ჯონსონის ლექსი, რომელშიც უილიამი მოხსენიებულია, როგორც “ეივონის მშვენიერი გედი”.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s