სამანიშვილის დედინაცვალი


I

ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც. აბა, რა სიმდიდრეს მოასწავებდა ის ოცდაათი ურემი სიმინდი, ორმოცი ჩაფი ღვინო და ათიოდე ბათმანი ლობიო, მის მამულს რომ შემოჰქონდა და რითაც თავს ირჩენდა წლიდან-წლამდის ბეკინას ოჯახი. მაგრამ ბეკინას კი თავისი თავი მდიდრებში მოჰქონდა და ვინ იქნებოდა, რომ თავის სიღარიბეზე ერთი სიტყვა წამოეცდევინებინა ბეკინასთვის? როგორც იმერეთში ამბობენ, ერთობ გადაპრანჭული იყო ჩვენი ბეკინა.

როცა შინაურობაშიაც ლაპარაკს გააბამდა ბეკინა თავის გამოულეველ სარჩოზე, ღონიერ ლუკმაზე, მისი ერთადერთი ცოლშვილიანი ვაჟიშვილი პლატონი, თუმცა ტრაბახობად მიაჩნდა მოხუცებული მამის ასეთი სიტყვა, მაინც არას ეუბნებოდა საწინააღმდეგოს და მხოლოდ პირჯვრის გამოსახვით იტყოდა ხოლმე:

  • ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო!

ამ წამოძახილით პლატონი თავის გულითად მადლობას უცხადებდა ზეციერ მამას, რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში. თავის ცოტაზედაც კმაყოფილი, ამ თავის მცირედითაც ბედნიერი, იგი გულმოდგინებით ურტყამდა თოხს მიწას და ოჯახში სრული კმაყოფილება სუფევდა.

თუ რამ საწყენად ჰქონდა ამ ოჯახს, ეს იყო პლატონის ცოლის მელანოს ხშირი შვილოსნობა. ყოველ საოჯახო საქმეში მარჯვე მელანომ შვილოსნობაშიაც არ დააგდო თავისი სიმარჯვე და სულ მოკლე ხანში ოთხი შვილი შესძინა ოჯახს. ხშირად უხუმრია ამაზე რძლისათვის ბეკინას და უთქვამს ღიმილით:

– შე ქალო, ზოგ საქმეში სიმარჯვე მარგებელი კი არა, მავნებელიცაა… ე შენი ქმარი შეიბრალე, შე კარგო ქალო! – და ამასთან ბეკინა გულიანად გადიხარხარებდა ხოლმე.

– არაფერია… შიშს გულში ნუ შოუშობ… ღმერთი მოწყალეა, თავის გაჩენილს უმოწყალოდ არ დააგდებს, ვენაცვალე მის ძლიერებას, ყორიფელი მისი ნებაა. ალბათ, სურს, რომ სამანიშვილები მოამრავლოს. მასაც ქვეყნად მხოლოდ რჩეულები უნდა რომ ჰყავდეს! ხა, ხა, ხა!..

არც პლატონს ჰქონდა სასიამოვნოდ, რასაკვირველია, ბევრი შვილი, მაგრამ რას იზამდა, მხოლოდ თავს გააქნევდა, როცა მათ თვალს გადაავლებდა ხოლმე.

ამ გარემოების გარდა სხვებრ სწორედ ბედნიერად სთვლიდნენ სამანიშვილები თავიანთ თავს. დროებამ ისე მოიტანა, რომ მათი მცირე ქონებაც კი სიმდიდრედ ითვლებოდა, და მის მქონებელს არა თუ აკმაყოფილებდა, არამედ ბედნიერად აგრძნობინებდა თავისთავს და მადლობას წარმოათქმევინებდა უფლისადმი.

რა შესაშურებელი უნდა ყოფილიყო ასე ცოტაზე დამყარებული კმაყოფილება და ბედნიერება?! რა სახარბიელო უნდა ყოფილიყო კაცის მოუთხოვნელობით მოპოვებული გულის სიმშვიდე?! მაგრამ ბედნიერება, რაგვარიც უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის, რომ სამანიშვილისას ფეხი მოედგა მჭიდროდ? ან კი რა საფიქრებელი იყო, რომ ასე ცოტათი შემოტყუებული ბედნიერება ისევ ცოტა მიზეზითვე ხელიდან არ გამოეცლებოდათ, სუსტ საფუძველზე დამყარებული კმაყოფილება არ მოესპობოდათ!.. უბედურების დასაწყისად ბედმა მოუსპო დღე საწყალ მარიკას, ბეკინას ცოლს.

დედის სიკვდილი თავისთავადაც მწარე იყო შვილისათვის, რომ სხვაფრივაც სამწუხარო არ ყოფილიყო. ბეკინა მეტად ჭარმაგი მოხუცებული იყო და ამის გამო საშიშარი იყო, უცნაური სურვილი მეორე ცოლის შერთვისა გულში არ გავლებოდა. დედინაცვლის დანახვის შიში და დედინაცვალთან ”თან-მომყოლისა” თავზარსა სცემდა აქამდის გულდამშვიდებით მცხოვრებელ აზნაურს. აი, მაშინ იქნებოდა სწორედ ”ძმა ძმისთვისო – შავი დღისთვისო”.

ცოლმაც და ქმარმაც გააორკეცეს მოხუცებული მამის პატივისცემა და მოვლა; ორივენი გაფაციცებით თავს დასტრიალებდნენ დაქვრივებულ ბეკინას და თავგამოდებით ემსახურებოდნენ, თვალში შეჰყურებდნენ, რომ ყოველ მის სურვილსა და საწადელს მისგან გამოთქმამდის მიმხვდარიყვნენ და იმწამსვე აესრულებინათ. ერთი სიტყვით, პლატონიც და მელანოც დღედაღამ იმის მეცადინეობაში იყვნენ, რომ მოხუცებულის გული მოეგოთ და თავიანთი თავი შეეყვარებინათ, რაც შეიძლებოდა, მეტად. ამაში კიდევაც მიაღწიეს თავის წადილს. ბეკინა დიდად აფასებდა რძალ-შვილისაგან ყურადღებას, მეტად მადლიერი იყო მათი და გულაჩვილებული, კიდევაც იტყოდა ხოლმე მათთანაც და სხვებთანაც:

– ეჰ, ერთი ჩემს მარიკასაც დასცლოდა ამისთანა ყოფნა, ამათთანა ღვთისნიერი შვილების მზერა! ჰეი, ჰეი! – თან ამოიოხრებდა ხოლმე ამ სიტყვებთან ერთად ბეკინა.

ამის გამგონ ცოლ-ქმარს იმედი ეძლეოდა, რომ ბეკინა მეტად დაშორებული უნდა ყოფილიყო რაიმე მათ საწყენ საქციელს და ბოლოს კიდეც სრულიად გული დაიმშვიდეს. მაგრამ ბეკინას ამ კმაყოფილებასა და განცხრომაში, შვილების სიყვარულთან ერთად, სხვადასხვანაირი ნატვრაც გულში ეპარებოდა და დროთა განმავლობაში ეჯინებოდა… იმ სასიამოვნო მდგომარეობაში, მას რომ ეღირსა, უფრო სიამოვნებით, უფრო ტკბილად იგრძნობდა თავისთავს, თავისი შესაფერისი ამხანაგიც რომ ჰყოლოდა ვინმე… ასე ფიქრობდა გუნებაში ბეკინა და ეს აზრი, შემდეგ სურვილად გადაქცეული, ბოლოს აუცილებელ წადილად გადაექცა; მის გუნებაში, ასე რომ მოაგვაროს, ბედნიერთა უბედნიერესი კაცი იქნებოდა. მისი აზრით ეგ მისი წადილი მის მოსიყვარულე შვილებს არც კი უნდა სწყენოდათ.

– განა ჩემს კარგად ყოფნაზე არ მეცადინეობენ?!. რასაკვირველია, არ ეწყინებათ! – აჯერებდა თავისთავს ბეკინა. – ან კი რაზე უნდა ეწყინოთ?.. ცუდი მამა ვიყავი მათთვის თუ?.. საცხოვრებელი არა აქვთ ჩემგან ჩაბარებული თუ? სულ მათ ხომ ვერ შევწირავ ჩემს თავს, თუმცა, ღმერთია მოწამე, რარიგად მაგენი მე მიყვარან?.. არც ეწყინებათ, არა… არ შეიძლება, რომ ეწყინოთ!.. მე რომ იმათ ვუყვარვარ!..

ასე ფიქრობდა ბეკინა და იმით გაათავა, რომ ერთ დღეს კაცი მიუგზავნა შვილს და გამოუცხადა თავისი სურვილი ცოლის თხოვისა.

ადვილი წარმოსადგენია, რარიგად მოხვდებოდა პლატონის გულს ამის გაგონება.

– მღუპავ, მამა? – მივიდა იგი ბეკინასთან. – მღუპავ? დანას მიყრი ყელში?.. რატომ მიმეტებ, შენი ჭირიმე?! – ძლივს წარმოსთქვა პლატონმა და, ხმაჩაწყვეტილმა, უნუგეშოდ ხელები გაშალა.

– გღუპავ?!. რათა, შვილო, რათა?.. შენისთანა შვილი უნდა დაღუპოს მამამ?!

– აბა რაა?.. – და ისევ სიტყვა გაუშრა პლატონს.

– კარგი, თუ გიყვარდე, კარგი! – მხიარულად შესძახა ბეკინამ. – შე კარგო კაცო, მე ერთი ბებრუხანა მოვათრიო, შენ რატომ უნდა დაიღუპო, შვილო?! რა დაგღუპავს, თუ გიყვარდე?

– შვილი გეყოლება…

– ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა ბეკინამ და სიტყვა გააწყვეტინა პლატონს. – შვილი გეყოლებაო… ხა, ხა, ხა!.. რაღა დროს ჩემი შვილია, შე კაცო!.. ხა, ხა, ხა!

– მამა… შენ ნუ მომიკვდები, სიკვდილის მსგავს საქმეს მიპირებ!..

– ერთი შენ! დაჯინებულად ლაპარაკობ დღეს, პლატონ!.. დედაბერმა რავა უნდა შეგაშინოს, შე გლახაკო? ასე რატომ უნდა შეწუხდე?!. ეგ შენი შიში, მამაშვილობამ, სრულიად უსაფუძვლოა… რამე გევნებათ კი არა, თუ დამიჯერებ, სასარგებლოც იქნება; საწყალ მელანოს ცოტა შეღავათი მაინც მიეცემა, თვარა აღარაა ქალი!.. უჭირს ერთ ადამიანს, თელი ოჯახი კისერზე აწევს!..

– ბატონო, მელანოს ჯაფას რას დეეძებ, შენ ნუ…

– რატომ რას დევეძებ?! – გააწყვეტინა სიტყვა ბეკინამ. – რატომ არ დევეძებ… ისიც შვილი არაა ჩემი?

– ბატონო, შენ სხვებრ შეგვიბრალე და ჩვენს ჯაფას ნუ კითხულობ, ნუ დარდობ… ღმერთს ჯაფისათვის ვყავართ გაჩენილი!.. – ეუბნებოდა პლატონი. – მამა, შენი ჭირიმე, გადათქვი ცოლის თხოვა და რა გინდა ჩემგან!..

– ნუ ხარ ჯინიანი, შვილო!.. – შეუტია ბეკინამ. – მარტო შენს თავზე კი არ უნდა იფიქრო ადამიანმა!

პლატონს ეწყინა ეს უკანასკნელი სიტყვა მამისაგან და კუშტად უთხრა:

– ბატონო, დროც კი აღარაა შენი ცოლის თხოვის!

ბეკინამ ქორივით გადახედა შვილს და წელში გაიმართა.

– ერიჰა!! – შესძახა მან, – ერიჰა, რა დავარდნილი მე მნახე?! თქვენისთანა ახალგაზრდებს კიდევ ერთ ათს ერთად ვაჯობებ ჯანითაც, სიმრთელითაც, შეხედულებითაც და ვაჟკაცობითაც!.. არა, შვილო, მაგი სულ ტყვილია, სულ ტყვილია!.. რაში შემატყვე დაძაბუნება!.. ჰმ!.. – და ბეკინამ მარჯვენა ხელით შეიბერტყა თავისი გრძელი გაჭაღარავებული წვერი და მერე თავმოწონებით გადიგრიხა ლამაზი ულვაშები. – არა, შვილო! – მიუახლოვდა ბეკინა შვილს და მხარზე ხელი დაადო. – არა, შვილო, მაგისთანა ლაპარაკს თავი დაანებე… ღმერთმა ისე ჩემი სული შეიყვაროს, რავარც მე თქვენ მიყვარდეთ და მან იცოდეს თუ მე თქვენთვის ცუდი რამე გულში მედოს… არც იფიქროთ, რომ ჩემგნით თქვენ, რამე დანაკლისი კი არა, უბრალო წყენაც შეგხვდეთ!.. მაგრამ ნურც თქვენ გაჯინდებით, შვილებო!.. ღმერთმა იცის და ყველაც ხედავს, რომ არა გიჭირთ-რა: მიწაც საკმაოდ გაქვთ, თუ სხვაზე მეტი არა. წყალიც, სახლიც, კარიც… ტყეც და ველიც!.. (ეს კი მეტი წამოსცდა ბეკინას – ტყე სრულიად არა ჰქონებია). სამწუხარო რა გაქვთ?! ღმერთი უფრო მეტ მოწყალებას მოგცემსთ, უფრო გიწინამძღვრებთ, თუ მეც მომხედავთ, შემინახავთ და ჩემი უკანასკნელი დღეების გამწარებას არ ინდომებთ… რა ვქნა, შვილო, მეც კაცი ვარ, მეც ადამიანი ვარ!.. მყოლებოდა დედაშენი ცოცხალი, ჰეი, შვილო, ჩემისთანა ბედნიერი ქვეყანაზე კაცი არ იქნებოდა!.. მაგრამ რას იზამ… უფალმა ასე ინება და დღეს ნუ ამიტყდებით, ნუ ამეშლებით. თქვენ რომ კარგები ხართ, სხვას, გარეშეს ნუ ათქმევინებთ, მოხუცებული მამა შეაწუხესო… ისე მომექეცით, როგორც ქე ხართ, კაი, მშობლის მოსიყვარულე შვილები… ღმერთი დაგიფასებთ და ამისათვის კიდეც დაგაჯილდოვებთ, ყოველ განსაცდელს აგარიდებთ!.. კარგის – ღმერთიც კარგი მწყალობელია, შვილო!.. ნუ მეწინააღმდეგები! გარწმუნებ, პატიოსან სიტყვას გაძლევ, თქვენ არაფერი დაგიშავდეთ, არ წაგიხდეთ, ერთი ხნიერი დედაკაცი მე სახლში შემოვიყვანო… ცოტა ხანს ვიცხოვრებთ ტკბილად, სიამოვნებით ერთად და მერე ღმერთმა კეთილად მოგახმაროთ ეს ოჯახიც, ეს სახლიც, ეს კარიც… ყველაფერი, რაც რამ გაგვაჩნია, შვილო.

– ბატონო, შვილი რომ გეყოლოს, შვილი… მაშინ? – დაატანა პლატონმა.

– შენ დღეს კაცი ვერ გელაპარაკება, შვილო, მხარი ისთე გაქვს მოქცეული! -წყენით უთხრა ბეკინამ… – თუ კაცის სიტყვას არ გაიგონებ, აბა რაღა მოგიხერხო?! მეტი დაჯერება მე არ შემიძლია და ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! ჯინიანი კაცი გარეშეც სასიამოვნო არაა, თვარა შვილი რა?!

II

ვერ გადაათქმევინა პლატონმა ბეკინას მისი სურვილი და ამან მეტად აუმღვრია გული. სხვაც მიუგზავნა მამას ამის თაობაზე, მაგრამ ბეკინა გაჯიუტებაში ართმევდა შვილს მის საქციელს და არ იშლიდა თავის განზრახულებას. თვითონ დარწმუნებული იყო და ყველას არწმუნებდა, რომ მისგან დედაკაცს შვილი არ მიეცემოდა, რომ ღმერთი მის მოსიყვარულე შვილებს არა თუ დააკლებდა რასმე, შემატებდა კიდეც უსათუოდ. პლატონი ამ შემატებაზე ძალიან უარს ამბობდა, ოღონდ კი თავისი, რაც ხელში ეჭირა, მტკიცედ ჰკავებოდა; მაგრამ ბეკინა თავისას იმეორებდა და შეურყევლად იდგა თავის სიტყვაზე.

ერთი სიტყვით, ამ მხრივ საქმე წაგებული იყო გამოუბრუნებლად. საჭირო იყო ისეთი რამ ხერხის ხმარება, რომ ბეკინას გულის წადილის ასრულებასთან, პლატონი იმედიანად ყოფილიყო, რომ თავის მიწის ორიოდე ნაფლეთი უკლებლად შერჩენოდა და დღესაც მის გასაძღომად ძლივს საკმარისი ლუკმა ორად არ გაჰყოფოდა.

– დევიღუპე… წმინდად დევიღუპე! – იძახოდა პლატონი. – წმინდად დევიღუპე, თუ რამე არ ვისაშველე, რამე არ ვიღონე!..

გამწარებული ყმაწვილი კაცის გულში ცეცხლი ტრიალებდა, მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით მოუსვენრად ბრუნავდა, რომ რამე ხერხი მოეგონა, ”ძმურად” არ გაჰყოფოდა მისი “სიმდიდრე”, რომ ახლანდელ მწირ ლუკმაზე შეჩვეულ კუჭს უფრო დამცირებულ ლუკმაზე შეჩვევა არ დასჭირვებოდა.

– იფიქრე, ქალო, იფიქრე, ეგებ შენც მოიგონო რამე… ე ოხერი თავი აღარ მუშაობს!.. ბრუ მესხმის მხოლოდ… – გამწარებით ეტყოდა ხოლმე პლატონი ცოლს.

– მე რა უნდა მოვიგონო, რა უნდა გირჩიო?! – მოწყენით მიუგებდა ქმარს მელანო.

– რა მოვიგონო?!. ჰმ!.. სხვას რას გეიგონებს თქვენგან კაცი! – გულმოსული წაილაპარაკებდა პლატონი და ისევ თავის ფიქრებში გაეხვეოდა გაყუჩებული.

ქართული ანდაზაა: გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას განახვებო. პლატონ სამანიშვილი ქართველი კაცი იყო და ამასთან აზნაური.

– მამა! – მივიდა რამდენიმე დღის შემდეგ იგი ბეკინასთან – მამა, რაკი ინებე ცოლის შერთვა და აღარ იშლი, ნება შენია, აწი რაღა მეთქმის… შენი ნებაა… მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს და ამაზე არ გამაწბილებ, იმედია… უარს არ მეტყვი!

პლატონს ეტყობოდა, რომ წინანდელ ცუდ გუნებაზე აღარ იყო.

– რა იყო, შვილო?.. ერთის მაგიერ ორი მითხარი!

– მომანდე ეგ საქმე მე… მე ამოგირჩევ ქალს!

ბეკინა გაკვირვებით მიაჩერდა შვილს.

– ღმერთმანი… მაშვალს თავი დაანებე და საშენო ქალს მე მოგინახავ! შენ ნუ მომიკვდები!

– შე კაცო, უწინ თავს იკლავდი, ნებას არ მაძლევდი და ახლა მაშვლათაც კი მიდგები! – ღიმილით მიმართა ბეკინამ შვილს და უნდობლად დაუწყო ცქერა. – რას მივაწეროთ ახლა ეგ, პლატონ?.. – გაიცინა ბეკინამ.

– რას უნდა მიაწეროთ?!

– მაინც, მაინც!.. მამაშვილობას, გამაგებიე, თუ გიყვარდე! – ჩაცივებით უთხრა დაინტერესებულმა ბეკინამ.

– ბატონო, თქვენი გულის წადილი ხომ აგისრულდებათ და!

– კი, მარა მაინც!.. მამაშვილობას მითხარი! ჰა! შენს ცოლ-შვილს გაფიცებ!.. რა მოიგონე ახლა შენ?

– არაფერი, შენ არ მომიკვდე, იმისთანა, რომ შენი საწყენი იქნეს…

– ჰო!

– ქალს მოგინახავ იმისთანას, რომ არც შენი დასაწუნებელი იქნება და არც ჩემთვის საშიშარი…

– ჰო, ჰო! – აჩქარებდა გახალისებული ბეკინა. – ჰო!

– ახალგაზრდა ყმაწვილი ქალი, რასაკვირველია, შენი საქმე არაა.

– რასაკვირველია, მარა არც უკბილო დედაბერი ივარგებს, შე კაცო! – გაიცინა ბეკინამ.

– უკბილო დედაბერი ვის რად უნდა! ასე, ხნიერი დედაკაცი რომ იქნეს… მარა ისეთი, არავინ დაგვცინოს…

– ჰო, ჰო! – ეთანხმებოდა ბეკინა.

– ქვრივი…

– მაგასაც არა უჭირს რა!..

– ქვრივი… ორნაქმარები!

ამ უკანასკნელ სიტყვაზე პლატონიც შეჩერდა, მამას შეხედა და ბეკინაც მიაშტერდა გაკვირვებით შვილს.

– ჰო, ორნაქმარები!.. – გაიმეორა სიტყვა გაგრძელებით პლატონმა. – რა უნდა უჭირდეს?.. შენ არ მომიკვდე, არაფერი!

– რას ცუღლუტობ, შე კაი კაცო?! – თვალი თვალში გაუყარა ბეკინამ. – რას ცუღლუტობ, ვაჟბატონო?

– შენ არ მომიკვდე, შენთან მე არ ვცუღლუტობდე და არც გატყუებდე… შენ სრულიად წაგებული არ იქნები, დედის სული არ წამიწყდეს!.. ის კი არა, მოგებული დარჩები… მე მხვდება მეტი შრომა, თვარა შენ ქეც დამიმადლი მერე!.. გიამება, ბატონო, ახლა რომ შენმა ცოლმა ბავშვის ჭყვირილით გამოგიჭექოს ყურები?

– ეჰ… შენ კიდევ შენსას მოჰყვები!..

– ვინ იცის, ბატონო, ვინ იცის! ის არ ჯობია, რომ უფრო დაიმედებულად იქნება ადამიანი?!

– ორნაქმარები დედაკაცი რაღა იმედია?

– რა იმედია და აი, მოგახსენებ… შენ ცოლი გინდა. მე კი მინდა, რომ მამულის გამყოფელი არ დეინახოს ჩემმა თვალებმა… თვითონ ამბობ, ყმაწვილი ქალი არ მინდაო… მოგინახავ სწორედ რიგიან ქალს, რომ ვერავინ დაგვცინოს, შენ ნუ მომიკვდები. ორნაქმარებს იმიტომ გეუბნები, რომ ქვრივებში ამოვარჩევ, გამოვნახავ იმისთანას, რომ ორ ქმარს ჰყოლოდეს და არც ერთთან შვილი არ მიცემოდეს… ორივე ქმრის ხელში რომ უშვილო დარჩენილიყოს… ამისთანა დედაკაცი სწორედ საიმედო იქნება შვილის უყოლობაზე… თუ ორ ქმართან შვილი არ მიცემია, შენთან რაღა ღმერთი გაუწყრება… ამრიგად, შენც მოსვენებული იქნები, მეც იმედიანად ვიქნები და ვიცხოვრებთ ისე, რავარც გვიცხოვრია… ამ ჩვენს წუთისოფელს ჩვენს წესზე ამგვარადვე გავატარებთ და ჩვენს მერმე რაც იქნება, ის ღმერთმა იცის და ჩვენმა მომავალმა!.. ესაა ჩემი თხოვნა… შენ არაფერი გაკლდება და ჩემთვის კი ისეთი საქმე იქნება, თუგინდ ჩემი მამულის ნახევარი ხელახლა შემეძინოს… მაინც ამით თუ შევინარჩუნებ, თვარა სხვა რა ძალა მაქვს, რა ღონე შემწევს? ამიტომ გთხოვ, მომანდო ეგ საქმე, მაშვალს თავი დაანებო… შრომა მე შემხვდება, მართალია, მარა რავა დევერიდები?! უხეირო ქალს არ შემოვიყვან ოჯახში, ამაში პატიოსან სიტყვას გაძლევ!

ბეკინამ აცალა შვილს ეთქვა თავისი სათქმელი და ყურადღებით მოისმინა მისი სიტყვა. მას ახლა კიდევაც ეცინებოდა პლატონის ნალაპარაკევზე და უკვირდა, ეს რა მოიგონა ამ კაცმაო. შვილის თხოვნაზე კიდევაც თანახმა გახდა ბოლოს, თუმცა ესეც კი დაატანა:

– ნება შენი იყოს, პლატონ ჩემო, მაგრამ ახლა შენ მიჩქარი სიკვდილს, შვილო, და ეს არის! – სიცილით უთხრა მან.

– რავა, ბატონო?

– ი წყეულმა მეც რომ გამაყოლოს წინანდელებს, რას მიპირებ მაშინ? ა?.. ხა, ხა, ხა! ავი სანდობია მაგისთანა მთვარეზე დაბადებული დედაკაცი!..

– შენისთანა ღონიერ ადამიანს ის ვერაფერს გიზამს. შენ არ მომიკვდე!..

– კარგი, კარგი, შვილო! – იამა ბეკინას შვილის სიტყვა. – კარგია, შვილო… ასე ქენი, მარა საქმეს შორს ნუ გადადებ, თვარა…

– არა, ბატონო, ამ დღეებშივე შევუდგები… რაღაზე გავაჭიანურო… საქნარი მოლეული ჯობია!..

– ჰო, ჰო. რასაკვირველია, რასაკვირველია!.. მარა გახსოვდეს, შვილო, უხეირო ვინმეს არ შემყარო… თორემ სირცხვილს გაჭმევ, პლატონ, მიგიტოვებ ქალს და სხვას მე თვითონ ამოვირჩევ!.. მამა შვილობას გეფიცები! – ღიმილით უთხრა ბეკინამ.

– ბატონო, მაგ რა საკადრისია! რატომ ვიზამ მაგ საქმეს?.. – მიუგო პლატონმა. – ამაზე მეტად არ გჯერათ ჩემი?!

– ჰო და აბა ჰე!.. აბა ჰე!.. აწი შენ იცი, მე თანახმა ვარ… ოღონდ არ დააგვიანო, ესეც გახსოვდეს!.. მეტ რაღას მომთხოვ კიდევ, შვილო, – ყველაფერი შენს ნებაზედაა და ეგ არის!.. აწი მაინც ვერაფერში მისაყვედურებ, შვილო!

სასაყვედურო კი ჰქონდა პლატონს, მაგრამ რა გამოვიდოდა მასზე სიტყვის განახლებით?! ისიც კარგი იყო მისთვის, რომ მამა ამ უკანასკნელ თხოვნაზე დაიყოლია და ამით იმედი ეძლეოდა, განსაცდელი თავიდან აეცილებინა. ახლა საჭირო იყო მხოლოდ ნაფიქრი საქმის ასრულება; საჭირო იყო მოენახა მისი მხსნელი ორნაქმარევი, უშვილო ქალი, რომ ქმრებთან სამ-სამი წელიწადი მაინც ნამყოფი ყოფილიყო, რომ არც ბებერი ყოფილიყო მაინცდამაინც და არც მახინჯი; განსაკუთრებით უშვილობაზე საიმედო ყოფილიყო.

საქმე არც ისე ადვილი იყო, რომ უცბად თავი მობმოდა და ამიტომაც პლატონი იმდღესვე შეუდგა მას, რა დღესაც მამამისმა ამაზე მზრუნველობის ნება დართო. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასე იყო პლატონის საქმეც.

დატრიალდნენ ორივე ცოლ-ქმარი. დღედაღამ მხოლოდ იმით იყვნენ გართულნი, რომ ეგებ თავიანთ ნაცნობებში მოეგონათ რომელიმე უშვილო ქვრივი დედაკაცი, მათი სასურველი, მათთვის სანატრელი, სადედინაცვლოდ გამოსადეგი არსება.

– არქიპო ქვაშავაძის ნაცოლები… უშვილო არ იყო?! გათხოვდა მერე… ქმარსაც ბარე ხუთი წელიწადი ჰყავდა… ნეტავი თუ ცოცხალი ჰყავს ის მეორე ქმარი?.. ა, არ იცი, მელანო?

– რავა არა… მარა იმას, შე კაცო, პირველი ქმრის ხელშიაც კი ჰყავდა ერთი შვილი!.. – მიუგო მელანომ.

– შვილი სად ჰყავდა? შენ არ მომიკვდე! ნატალიას შვილი სად ჰყოლია?

– ჰყავდა, შვილებს გეფიცები… შენ ნუ მომიკვდები! გავიწყდება, თვარა შვილი რავა არ ჰყავდა… დიდხანს კი იყო უშვილო!

– ოჰ, აბა ეგ მახსოვდა მე!.. – და გაჩუმებული პლატონი ახლა სხვებს იგონებდა და იხსენებდა.

– გოჯასპირ ხასიშვილის ნაცოლები? საწირეთელი ხასიშვილის! კი იცნობ შენ იმას. ჰო, ჰო! ის, მგონია, ასე მაგონდება, ვითომც ხასიშვილმა ქვრივი ითხოვა… უშვილო იყო მაშინაც!..

– აჰ! გოჯასპირ ხასიშვილმა ქვრივი კი არ შეირთო, შე კაცო… დედ-მამის სახლიდან წეიყვანა და ქვრივად მას დარჩა… უშვილოა კი… მარა რაი, ჩვენთვის ის არაფერი გამოსადეგია: ერთ ქმრის ნაყოლია, – წუწუნით გაათავა სიტყვა მელანომ.

ბევრს ეწვალნენ ამრიგად ცოლიც და ქმარიც, მაგრამ შესაფერი ვერ გამონახეს.

– ჩემ დასთან წავალ… ეგებ დარიკომ მიმასწავლოს სადმე და ქეც ამომარჩევიოს… ა, რას იტყვი, მელანო? – დაეკითხა პლატონი ცოლს, რაკი ხედავდა, რომ მისი მეცადინეობით არაფერი გამოდიოდა.

– ძალიან კარგს იზამ!.. ღმერთმანი!.. – მიუგო მელანომ. – ძალიან კარგს იზამ!.. უნდა მიიკითხ-მოიკითხო, აბა რავა იქნება!

– წავალ… ხვალვე წავალ! – ამოიოხრა პლატონმა. – ეგებ ცხენი გამოვართვა ვისმე და წავალ… თუ დევიგვიანე, მაგ დალოცვილი მე აღარც კი მომიცდის და თავისას იზამს!.. ჰეი, ჰეი! – ნაღვლიანად წამოიძახა მან და მეზობლებში წავიდა ცხენის სათხოვრად.

III

დილა იყო ადრიანი, მეორე დღეს რომ პლატონმა ძალზე გამხდარი, ზურგდაშავებული ცხენი გადმოიყვანა ეზოში, მიაბა სამზარეულო სახლის გვერდით მდგარ კვინცხასთან და კმაზა დაუწყო.

– ამაზე შეჯდომა რავა შეგიძლია? – უთხრა მელანომ.

პლატონმა რომ ცხენს უნაგირი შეადგა, ცხენმა სულ კანკალი დაიწყო.

– აბა, ფეხით ვის მივადგე, შე ქალო?!

– კი, მარა სულ არ მოგჯება ამ საცოდავს ზურგი?

– ფეხ-ფეხა მივყვები, ბატონო, ფეხ-ფეხა მივყვები!.. სირცხვილისათვის მიმყავს, თვარა რა!.. შენ ეგ მოსართავი მომეცი და ამის ჯავრი ნუ გაქვს!..

– აი, ამოგივარდა პატრონი! – მიაძახა პლატონმა, მოსართავს რომ ხელი მოჰკიდა. – მეიტა, მელანო ჩხინკი იქნება რამე… ენა არ ქონებია აბზინდს… მეიტა მალე, თუ ქალი ხარ!

დაამაგრა მოსართავი ჩხინკით პლატონმა, დაიხურა ქუდი, გადიგდო ბეჭებზე ყაბალახი, მოხსნა თავისი თეძოებამობუსკული რაში და თითქმის წაათრია უგულოდ მიმყოლი ცხენი ჭიშკრისკენ.

სწორედ ამავე დროს აივანზე გამოვიდა ახალუხის ამარა ბეკინაც და, რა დაინახა მიმავალი შვილი, გადასძახა:

– მიხვალ, პლატონ?

– მივდივარ, ბატონო, მივდივარ… რავარც მხედავთ! – მიუგო პლატონმა.

– აბა, ჰე, შენ იცი!.. ღმერთმა კეთილად გამგზავროს! – მიატანა სიტყვა ბეკინამ.

პლატონმა გადაიარა ეზო, გავიდა ჭიშკარში და მალე, ორღობეში მიმავალი, გზის აქეთ-იქით მიმყოლ ხეებში მიიმალა.

– ე ბედაური ვის გამოართვა, მელანო ჩემო? – მიმართა ბეკინამ ჭიშკრიდან უკან გამობრუნებულ რძალს.

– პავლია ღომიაშვილს, ბატონო!

– არ დოუვარდეს გზაში, შე ქალო! – გაიცინა მოხუცებულმა.

– სხვის შესახედავად წეიყვანა, ბატონო… სასირცხვილ-სანამუსოდ, თვარა სხვებრ რას არგია!

– არაფერია… არაფერი… პლატონი მარჯვე კაცია… მოხერხებულია, იმას არაფერი გოუჭირდება! – ჩაიცინა ბეკინამ და იქით დაიწყო ცქერა, საითაც ის იყო პლატონი გზას დაადგა.

გულჯავრიანი პლატონი ერთხანად გაუძღვა თავის გახრეკილ ცხენს, მაგრამ ბოლოს მოთმინება დაეკარგა განუწყვეტლად აღვირის ქაჩვითა და შეძახებით.

– შენც ჯინაზე მიდგები, შე ოხერო? – გააჩერა მან ცხენი და გულმოსული მოაჯდა ზურგზე, გადაჰკრა წკეპლა და ფერდებგამობზეკილი ცხენი აძუნძულდა. – შენ მაინც მოგერევი, სხვასთან თუ ვერაფერი გავაწყვე!.. კიდევ დამიდგები ჯინაზე?! – და მან შეუბრალებლად გადუჭირა და გადუჭირა წკნელი, მაგრამ პლატონის გასაჯავრებლად და თითქოს მისი დაქადნების გასამტყუნებლად ამ გახრეკილმა პირუტყვმაც მალე იძულებული გაჰხადა მხედარი ხელახლა ჩამოექვეითებინა. ამგვარის დაჯაბნებით ყველასაგან გულდამწვარმა პლატონმა გაიგდო წინ ეს გახრეკილი პირუტყვი და, უკან ფეხდაფეხ მიმყოლი, გრძელი წკეპლის ცემით მიერეკებოდა ჯახრაკ ცხენს.

ნახევარზე მეტი გზა გაიარა პლატონმა თავისუფლად ისე, რომ მიმავალ-მომავალი კაცი არ შეხვედრია; ასე თავისუფლად მიმავალი იგი თავის ფიქრებში იყო გართული, თავის მგზავრობის აზრის აღსრულებით იყო გაბრუებული. უეცრივ ცხენის ფეხის ხმა მოესმა პლატონს; მიიხედა უკან და უკმაყოფილებით პირი ისევ გამოიბრუნა, – ვიღაც ხანში შესული კაცი მოათოხარიკებდა მაღალ ცხენს.

– ჰეი, თქვენი, თქვენი!.. – თავისათვის წაიდუდუნა პლატონმა. მას ახლა ყოველი მოხუცებული კაცის დანახვა ეჯავრებოდა თავის მამის გამო.

– გამარჯობა, ყმაწვილო! – შესძახა წამოწეულმა ცხენოსანმა.

– ღმერთმა გაგიმარჯოთ, ბატონო! – მიუგო პლატონმა და დარცხვენით შეაჩერა თავისი ცხენი.

პლატონმა ახლა იცნო, ვინც იყო ეს ჩასუქებული, წვერებმოპარსული, კაზიროკ-ქუდიანი, ქოლგით იღლიის ქვეშ, წითური სახის კაცი და იმიტომაც დაატანა თავის პასუხს: ”ბატონო”; იგი იყო იმ კუთხეში ცნობილი, სახელის მქონე აზნაური ივანე გვერდევანიძე, სოფლის ადვოკატი.

– სად მიხვალთ, ყმაწვილო? – შეეკითხა გვერდევანიძე პლატონს.

– აგერ გიახლებით, ბატონო, მაღალშენში! – და პლატონი შეჯდა ცხენზე.

– კაი დაგემართოთ! აბა მგზავრები ვყოფილვართ ამ ერთ ხანაზე!..

ეწყინა ეს პლატონს. ათასწილად ერჩია მარტოდ, თავისუფლად მგზავრობა, მაგრამ ახლა მეტი გზა აღარ ჰქონდა, ხათრს ხომ არ გაუტეხავდა ამ მოსახათრებელ კაცს, უნდა ერბენინა თავისი გაძვალტყავებული ცხენი გვერდევანიძის თოხარიკთან.

– რა ხანია მოვდივარ და ერთი კაცი არ შემხვთომია, რომ ხმა გამეცა ვისთვისმე… მოვდივარ ასე მუნჯად! – თქვა გვერდევანიძემ.

– სად ბძანებულხართ აქეთ, ბატონო? – რომ ხმა ამოეღო, შეეკითხა პლატონი.

– ქვედურეთში ვიყავი… ბრეგაძეები არიან, აზნოუშვილები… შენი მტერი იქნა დამსილი და დაგლახაკავებულნი, ისინი დამსილი არიან… და, რავარც იცით ახლანდელი ჩვენი აზნოუშვილების ამბავი, გაყოფა უნდათ, მაგრამ გასაყოფი რომ აღარაფერია! ერთი მეორეს წაგლეჯაზეა გამაცადინებული, რამე ხერხით უნდა მეტი რამ ირგოს, ერთმანეთს აღარაფერს ანებებენ და ჭიჭყინობენ, დავიდარაბობენ, ჩხუბობენ დილიდან საღამომდინ, ჰკლავენ ერთმანეთს…

– ცუდი დრო მოვიდა, ბატონო, ერთობ ცუდი დრო!.. ხალხიც მომრავლდა… ჩხუბით თუ გაიწმინდება ცოტაზე მაინც ქვეყანა, თვარა… მაგრამ ეგ თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, რასაკვირველია! – შენიშნა თავის მხრივ პლატონმა.

– შეიძლება, შეიძლება! – დაატანა გვერდევანიძემ. – ჰო და იმას ვამბობდი, ამ ბრეგაძეებმა მთხოვეს მათში ჩამოვვარდნილიყავი და რამე რიგად გამერიგებინა ისინი… ხელის მოსაკიდებელი საქმე არაა, არც გავერევოდი, მართალი გითხრა, ნამეტანი შეუსმენელი და დაუჯერებელი ხალხია, მაგრამ უარი ვეღარ ვუთხარი, უფრო იმიტომ, რომ ჩემი ნათესავი ქალია იმ ოჯახში… დედინაცვალია ამ ბრეგაძეების და მათ ჩხუბში და უწესრიგობაში საწყალი ქვრივი დედაკაციც ნამეტანი შევიწროვებაში ჰყავთ… სიცოცხლე გოუმწარეს უბედურს!..

– თუ შვილი ჰყავდა მაინც ამ დედინაცვლობაში?! – წამოსცდა პლატონს სრულიად უნებურად.

– აჰ! შვილი არც უწინდელ ქმრის ხელში ყოლია და არც ამ მეორე ქმრის ხელში! უბედური, უშვილო, ერთი საწყალი დედაკაცია, იმიტომაც უფრო მებრალება… გერები ოუტყდნენ, აი ისე, როგორც იცი ღარიბი ოჯახის ამბავი… დედინაცვლის შენახვა კი არა, თავისი თავი ძლივს გამოაქვთ წლიდან-წლამდინ!.. მამის ხელში ქე იყო ისე ერთგვარი ოჯახი და ახლა სამად გასაყოფი რომ შეიქმნა, ამ დედინაცვალსაც თავისი წილი საქვრივო გამოსაყოფი შეექმნა, – არც ერთს აღარაფერი ურჩება და, რასაკვირველია, ჭიჭყინობენ, ერთმანეთს ედავებიან, ერთიმეორეს ხელიდან გლეჯენ, თუ რამ ხელში ხვდათ…

ასე ლაპარაკობდა გვერდევანიძე, მაგრამ მისი სიტყვები პლატონის ერთ ყურში რომ შედიოდა, მეორე ყურში გადიოდა; მისი ყურადღება სრულიად იმან დაიპყრო, რომ ამ კაცისაგან იმ ქვრივ, გაწვალებულ დედინაცვალზე გაიგონა. ეს სწორედ ძვირფასი რამ გასაგონი გაიგონა პლატონმა.

– ქვედურეთში… ბრეგაძეებისას! – იმეორებდა პლატონი, თითქოს ეშინოდა არ დავიწყებოდა უშვილო დედაკაცი. – არც პირველი ქმრის ხელში ყოლია შვილიო, არც მეორის ხელში! რომელი ბრეგაძეა ნეტავი?

ამ მოულოდნელად გასახარელი ამბის გაგებით აფრენილ პლატონს ერთმა ისეთმა სურვილმა წამოუარა – უფრო დაწვრილებით გამოეკითხა ყოველივე გარემოება ნახსენები უშვილო ქვრივისა, – რომ კინაღამ ის იყო კიდევაც გააბა ლაპარაკი, მაგრამ დროზე გონს მოვიდა, დროზე მიხვდა ამის უადგილობას და ენა ჩაიკვნიტა. ამ კაცთან ისე ვაგლახად ლაპარაკი საფრთხილო იყო, მისი აზრით. გვერდევანიძეს შეეძლო ერთ უხერხულად დაცდენილ სიტყვაზე მიხვდომოდა, რაც გუნებაში ედვა და ამიტომ პლატონი ამხანად დაკმაყოფილდა გაგონილით, ჩაიმარხა გულში მისი სიტყვა და თავმოძულებით მიაჩინდრიკებდა ენაგადმოგდებულ ცხენს, სმენად გადაქცეული, ეგებ ამ დალოცვილ კაცს კიდევ დასცდენოდა მისთვის გამოსადეგი რამ სიტყვა.

– ასე კარგია ჭკვიანი კაცის ორიოდე სიტყვაც! – გუნებაში ხალისიანად ამბობდა ძუნძულით მიმყოლი პლატონი. – ყოველთვის სასარგებლო რამეს გეიგონებ, მიხვდები!..

გვერდევანიძე კი თავის სიტყვას განაგრძობდა:

– ასეთია, ჩემო ბიძია, ეს ჩვენი მდგომარეობა და რას იზამ! გაჭირვების დრო შემოგვესწრო და მეცადინეობა გვჭირია, ძალიან გაფრთხილება გვმართებს ამ გაჭირვებასთან. ი დალოცვილი ღმერთიც თავის მოწყალებას ჩვენზე ძველებური წესით გვიცხადებს: ხალხს ამრავლებს, ყოველ ოჯახს შვილებით ავსებს… მადლიანს თითო-ოროლა შვილი დეეკლო, ამათ მაგიერათ სარჩო მოემატებია, ის არ აჯობებდა, შენი ჭირიმე? ა? – გაიცინა მან.

– მაინც, მაინც, ბატონო… ნამდვილი სიტყვა გახლავსთ, რასაც ბრძანებთ! – ამოიოხრა პლატონმა. – მართალი ბრძანებაა!.. თქვენისთანა კაცს რა უჭირს და ჩვენს ამბავს კაცი ნუღარ კითხულობს, ბატონო, თვარა თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ!.. ნამეტან უსაშუალობაში ვართ ჩავარდნილი და გასაკვირველია, რომ კიდევ ასე ხალისიანათ ვართ, არაფრად ვაგდებთ ყველაფერს, არხეინად ვართ და იმას კი აღარა ვფიქრობთ, თუ რა მოგველის წინ… რას გვიპირობს მამა ზეციერი!.. მარა თავს თუ არ მივეძალეთ, გული თუ არ შევიმაგრეთ, სულ წავხდებით, ბატონო, სულ ერთიანად და ის იქნება! – მჭევრმეტყველობამ გაიტაცა პლატონიც თავის ენაწყლიანი მოსაუბრის შემყურე.

ტკბილად მიმუსაიფობდნენ ჩვენი მგზავრები და ამ ლაპარაკში პლატონისათვის დროც შეუმჩნევლად გადიოდა და გზაც ერთობ მოკლდებოდა. კიდევ დიდი სიამოვნებით ივლიდა ამ კაცთან იგი, რომ უეცრად თავისი გადასახვევი გზა არ დაენახა. პლატონმა შეაჩერა ცხენი და თავდაბლად მიმართა გვერდევანიძეს:

– მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო.

– ოჰ! აქეთ მიდის თქვენი გზა?

– დიახ, ბატონო!.. ნურას უკაცრავად… გეახლებოდით ერთ ხანს კიდევ, რომ საჭირო საქმე არ მქონდეს სწორედ…

– რატომ, რატომ, შე კაცო!.. იცოცხლეთ, აწი მეც მალე მივალ სახლში… მშვიდობით!

– მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ისე ფეხს რავა მოუკრავს ადამიანს ღმერთი, რომ არავინ შეგხვდეთ კიდევ?! – საამებლად გააყოლა გვერდევანიძეს სიტყვა პლატონმა და მერე თავის გზაზე გადაუხვია.

– ასე კარგია კაი კაცის შეხვთომა! – ამბობდა გუნებაში პლატონი. – ჰა, ქვედურეთში, ბრეგაძეებისას… სამი ძმა ყოფილა… გამოვიკითხავ და, თუ რიგიანი ვინმეა… გვერდევანიძის ნათესავია. მარა ეგებ ვინმე ოხერი გვარიშვილის იყვენ… ყველაფერს გევიგებ… ეს ხომ გულში მეყოლება, თუ დარიკომ სხვასთან ვისთანმე არ მიმასწავლა… გევიგებ ამბავს და, თუ ღვთის რისხვა არაა, კიდევაც გავათავებ საქმეს… კი, კი, ასე ვიზამ, ასე ვიზამ! – ხმამაღლა წამოიძახა პლატონმა და ამ წამოძახებასთან – ალბათ, პირუტყვმა სხვა რამ იფიქრა. – ცხენიც გაჩერდა. პლატონმა ერთი-ორი ”აჩუც” მიაძახა, ქუსლიც შემოარტყა ფერდის ძვლებზე, წკეპლაც გადუჭირა, მაგრამ ცხენი ისევ იმავე ადგილას იდგა, ფეხსაც არ იცვლიდა.

პლატონი იძულებული შეიქმნა ჩამომხტარიყო. დაინახა მქელავი, არაქათგამოლეული, ერთიანად გაოფლიანებული ცხენი, რომელსაც აბურძგვნილი ბალანი საცოდავ შეხედულებას აძლევდა და მხედარმა თავში ხელი შემოიკრა:

– ეს მუდრეგი რაღა მოსახმარი იქნება აწი? სულ ერთიანად გადატყაული ექნება ამ უპატრონოს ზურგი… აჩუ! – მიაძახა გულმოსულმა და თან ჯოხიც გადაჰკრა.

შეღავათმიცემული ცხენი მისუსტებული, აძიგძიგებული ნაბიჯით აპოლიკდა ქვებიან ბრეკზე და რაც შეეძლო, რაც ღონე ჰქონდა შერჩენილი, მიჩანჩალებდა და ცდილობდა, უკან ჩამოეტოვებინა თავისი ჩამოქვეითებული მხედარი, რომ მტკივან ზურგზე არ შესკუპებოდა ხელახლად. რამდენსამე მანძილზე კიდევაც აუსრულდა წადილი გასაჭირში ჩავარდნილ პირუტყვს, მაგრამ ბოლოს პლატონი მაინც დაეწია, გააჩერა და მარდად მოახტა ზურგზე. ამ კაცმა თავის თავმოყვარეობის დაცვა ამჯობინა მის შებრალებას და სიძის ჭიშკრამდის ამხედრებული მივიდა.

აქ პლატონი ჩამოხტა ცხენიდან, გააღო ჭიშკარი და ეზოში შევიდა.

IV

ეზოს კარებში ყმაწვილი ქალი გულზე ახუტებული ბავშვით თავზე ადგა გლეხს, რომელიც ბოსტანს რაგვავდა. ქალი მობრუნდა, რაკი გლეხმა ანიშნა სტუმრის ეზოში შემოსვლა, მიაჩერდა მას და, რა იცნო თავისი ძმა პლატონი, უცბად ჩამოსვა მიწაზე ბავშვი, გაისწორა თავსაფარი და ერთის ძახილით, სიხარულით აფრენილი გამოექანა ძმისკენ. ბავშვმა შექნა ღრიალი, აბღავლდა მეორე იქვე მყოფი უფროსი გოგოც, მაგრამ დარიკოს მათი აღარაფერი ეყურებოდა.

– შენი ჭირიმე… შენ დაგენაცვლოს შენი და დარიკო!.. რა დღე გამითენდა ეს?.. უიმე, უიმე! – მოქაქანობდა დარიკო. და-ძმა მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს.

– მობრძანდი, შენი ჭირიმე!.. მობრძანდი! – მიუძღოდა აფუსფუსებული დარიკო ძმას სახლისაკენ. – მალაქია!.. მალაქია!.. ჩემო მალაქია, გადადექი და მანდედან კირილეს მიაძახე… შენი ჭირიმე… თავი დაანებე მაგას!..

გლეხმა მიატოვა სამუშაო, გაიქცა წინ და რაც ხმა ჰქონდა დაიწყო ყვირილი:

– კირილე… ბატონო კირილე!.. კირილე, უ – უ!..

– რაზე აბრუნებ, დარიკო ჩემო! წავიდეს!.. – უთხრა პლატონმა დას.

– ეს-ესაა ცხენზე შეჯდა, რაღაცა საქმე მაქვსო და წავიდა, გამიქრა ხელიდან… ვერ დავამაგრე სახლში… დაყანყალობს ასე ტყუილუბრალოდ!.. რა მოვუხერხო, აღარ ვიცი… გამიჭირდა საქმე!..

ბავშვები კი ისევ ღრიალებდნენ ბოსტანთან; ერთი მიწაზე ფართხალებდა და გოჭივით ჭყვიროდა.

– გოგო, ნინოია!.. წადი, გოგო, ბავშვებს მიხედე… გააჩუმე გასაწყვეტლები! – სახლში შეიძახა დარიკომ და რიკულებთან გაყოლებულ ფიცარზე მჯდარ პლატონთან თვითონაც ჩამოჯდა. მალაქია კი ისევ თავმოძულებით უყვიროდა კირილეს.

– რას შვებით, ძმაო, ხომ კარგად ხართ? – წუწუნით იკითხა დარიკომ.

– ჩემი რძალი ხომ კარგათაა, შენი ჭირიმე?.. – მიუგო პლატონმა.

– ჩემი რძალი ხომ კარგათაა, შენი ჭირიმე?.. ბავშვები?..

– არიან, ღვთის მადლით…

– მამა?.. ვაი მისი გაძაღლებული სიცოცხლე! – ამოიხვნეშა დარიკომ. – რა ვქნა, ძმაო, ვეღარ მივხედე მე უბედურმა ამ გაჭირვების, გამწარების ხანს… რა ვქნა მარტოდ ვწრიალობ ამ ოჯახში, ერთი საათით ვერ მიმიტოვებია… ვისზე დავტოვო, შენი ჭირიმე?.. და ამასობაში, ვეღარც მე გნახეთ და თქვენგანაც დავიწყებული შევიქენი, ძმაო!. წუხს კიდევ უბედური? ან კი რა გაახარებს მის გულს, დედიჩემის დამკარგველს!.. ხომ არ ავადმყოფობს მაინც, შენ დაგენაცვლე?

– ავადმყოფობას რა უნდა მასთან?.. ავად კი არა… ჰმ!.. – გაიფრუტუნა პლატონმა.

– ჩემი მომდურავი კი იქნება და მემართლება კიდევაც, – ისევ ამოიოხრა დარიკომ.

– ტყვილა წუხარ მაგას, ჩემო დარიკო… ჩვენ აღარავის ვახსოვართ, ჩემო დაო!

დარიკომ გაკვირვებული სახის მეტყველებით გადახედა ძმას. მისი სიტყვა მეტად ეუცნაურა და ვერ მიუხვდა, რას ნიშნავდა იგი.

– მამაშენი რომ მწუხარეა, ისე ყოველი ჩვენი კეთილი შეაწუხოს ღმერთმა!.. რას ამბობ, მწუხარე კი არა, საქორწილოდ ემზადება ის კაცი! – გაიცინა პლატონმა.

– რა ხუმრობა იცი, პლატონ! – იწყინა დარიკომ.

– შენ არ მომიკვდე, არ გეხუმრებოდე!..

დარიკო გაშტერდა.

– იმას აღარც დედაშენი ახსოვს, აღარც მკვდარი და აღარც ცოცხალი ვინმე!..

– პლატონ, პლატონ! ძმაო!..

– აგერ ნახავ!.. საქმე გადაწყვეტილია!

– რა არი ახლა, პლატონ?! გადავირევი ეს არის!.. ტყვილია… – ძლივს სიტყვას ამბობდა შეწუხებული ქალი, რომელსაც ხუმრობა ეგონა ძმის ნათქვამი.

– ცოლ-შვილს გეფიცები!.. ქალს თხოულობს… რა მეხუმრება, კაცი გულზე ვსკდები!

– უიმე, უიმე! – იყვირა დარიკომ და გამწარებული ლოყაზე ხელს ირტყამდა. – უიმე! უიმე!.. ეს რა გეიგონა ჩემმა ყურებმა!..

– რა გაეწყობა! – ამოიოხრა პლატონმა.

– ასე მალე დასავიწყებელი ქალი იყო საწყალი დედაჩემი?.. ღმერთო, მომკალი… ღმერთო, მომკალი! რატომ მიაწია მაგ უბედურმა ამ დღემდის, მაგისთანა საქმეს რომ შვება?! ვინ უნდა შემოათრიოს დედიჩემის მაგიერ მაგ ჭკუადაკარგულმა, ვინ? – მოთქმით ამბობდა დარიკო.

უკანასკნელი მისი სიტყვა პლატონს აღარ გაუგონია და პასუხი არ მიუცია მასზე, იმიტომ რომ ეზოში შემოჯირითდა თავისი ლამაზი, წაბლისფერი ცხენით კირილე და ერთი ყიჟინით მიმართა ცოლიძმას:

– პლატონს, პლატონს ვახლავართ!.. პლატონს ვახლავართ! დარიკო, კედელს ნახშირი, ნახშირი კედელს!.. ასე უნდა, შე პატიოსანო კაცო, მოყვრის მივიწყება?.. აი, შენ კი რა გითხრა!.. შემოსაშვები ხარ სახლში?! ძალიანაც შემცდარა ეგ შენი დაია, თვარა მე რომ ვყოფილიყავი, არაფრის გულისათვის არ შემოგიშვებდი, ფეხსაც არ შემოგადგმევინებდი! ხა, ხა, ხა!.. – და მაღალი ტანის კოხტად ჩაცმული შნოიანი ახალგაზრდა კაცი გრძნობით მიეგება თავის ცოლისძმას.

– რავა მშვიდობით, პლატონ ჩემო?

– მადლობელი გახლავართ… ვართ ისე…

– ჩემი სიმავრი როგორ არი… ჩემი ძვირფასი ბეკინა? ხომ ყოჩაღათაა კიდევ?

– სხვაგან რომ დაყიალობ, იქაც მივიდოდი, ვნახავდი და საკითხავი აღარ გექნებოდა! – უთხრა მოწყენით დარიკომ ქმარს.

– მივსულიყავი!.. სადაც მგლოვიარობაა, იქ რა მიმიყვანს! მაინც რომ აღარაფერი გეშველათ, თქვე დალოცვილებო! – მიუბრუნდა კირილე ცოლისძმას. – გაგიგონია ამდენს ხანს მგლოვიარობა?

– შენ არ იცი, თვარა კაი ხანია გათავებული გვაქვს, – მიუგო ღიმილით პლატონმა.

– ქეიფის მეტი რომ არაფერი გაგონდება, ნეტავი, შენ, შე უბედურო! – წაულაპარაკა დარიკომ.

– ჩვენ გახლავართ მიმინაშვილები! – წამოიძახა კირილემ და წამოიჭიმა ფეხზე ამდგარი. – მიმინოს შვილები… მიმინოს!.. ჩვენთან რა უნდა მწუხარებას… ჩვენს თავს არავის არ დავატყვევებინებთ… გვაროვნობით ვართ ასე… სადაც სიამეა და მოლხენა, იქ ჩვენც ვართ, ასე მოგვდგამს გვაროვნობით!.. აბა, შენი ჭირიმე, ორიოდე დღე ვიცოცხლო, გული მწუხარებით ევივსო, მოლხენა დავაკლო და ისე წავაყრევინო ზედ მიწა?! შენც არ მომიკვდე… მაგაზე მეტი სისულელე იქნება?! კაცი მუდამ მხიარული უნდა იყვე და სხვასაც იამება შენი შეხედვა! აბა, ასე უნდა, შენ რომ ხარ? ძმა მოგივიდა და ასე მოწყენილი ხარ, არა გრცხვენია? – და კირილემ გულიანად გადიხარხარა. – მართლა, რანაირი ხარ, დარიკო ჩემო… შე ქალო, ძმის მოსვლა გეწყინა თუ?

– რა ცუდი ამბავი მოვუტანე მერე! – ღიმილით თქვა პლატონმა და დარიკოს გადახედა.

– ჰო!

– ქორწილში პატიჟობს…

– არიქა, მიშველე, პლატონ! ვინ, ვინ, თუ ღმერთი გწამს?

– მამა მაგისი!

– ა?.. მამა მაგისი?

– ჰო, ქალს თხოულობს შენი სიმავრი! და შენ იცი, კირილე, რავა მოულხენ!

– ხუმრობ თუ მართალს ამბობ, პლატონ? – გაკვირვებით შეეკითხა კირილე.

– შენ ნუ მომიკვდები, მართალს ვამბობ.

– ხა, ხა, ხა, ხა, – გადიხარხარა კირილემ. – ხა, ხა, ხა, ხა!.. აი და ბეკინა!.. აი და შენი ჭირიმე!.. შენ გენაცვალე შენს ლამაზ წვერებში! ხა, ხა, ხა! შერცხვენილი ვიყვე, თუ სანაქებოდ არ მოვულხინო… შერცხვენილი ვიყვე!.. იმისთანა მაყრულით მივყვები, რომ იქოურობას გავაყრუებ, ტყე და ველს შევძრავ!.. როდისთვის აპირობთ, ა, როდისთვის?

– ჯერ, შე კაცო, ქალია მოსანახი!

– ქალის მეტი რაა დედამიწაზე!.. რაღას აგვიანებთ?.. მაშვალი ვინა გყავთ?

– მე ვარ! – მიუგო პლატომა.

კირილე ერთი შეჩერდა და მერე გადაიხარხარა თავისი რიხიანი სიცილით.

– შენ ხარ მაშვალი?! თუ ძმა ხარ! ხა, ხა, ხა!

– მე ვარ, მე, ჩემო ძმაო, რას იზამ! კაცი სიკვდილამდის ყველაფერს უნდა მოელოდეს, თუ სიქაჩლესო… ანდაზებიც კი დამავიწყდა ამ უცნაურობაში…

– შენ რავა მაშვლობ მერე? შენს საწინააღმდეგო საქმეში უწყობ ხელს?

– აბა, რა უნდა ქნა, მეტი გზა რომ არ გექნება, ჩემო საყვარელო ძმაო? ბევრი ვეხვეწე, ბევრი ვეწინააღმდეგე, მარა არაფერი გამეწყო, ვერაფერი შევასმინე! კარგი შვილი ხარო და ღმერთი არ ჩაგაგდებს გასაჭირშიო, ყოველ უბედურებას აგაშორებსო, დოუჯინია და, ვინ იცის, მის სიტყვაზედ იქნება თუ არა, ასე მოწყალებით გადმომხედოს ღმერთმა, – ეგებ დაჯილდოვების მაგიერად, კიდეც მიწყრებოდეს, რაზედ ინახავ მაგისთანა გამსუნაგებულ კაცსაო, – და ამის გაგებამდი ვითომ მე დავაპირე ჩემის მეცადინეობით ავიცილო თავიდან მოახლოებული უბედურება… ისე თვალები უბრმავდებათ მაგ უხეიროებს, არ უნდათ შეხედონ, რომ ერთი ქალის მონაშენს არ ყოფნის ოჯახის ქონება, ორი ქალისას რა უნდა უყოს!

პლატონი მასხრულის კილოთი დაწვრილებით მოუყვა ცოლ-ქმარს თავისი მდგომარეობის ამბავს და იმას, თუ რამ აფიქრებინა თავის დედინაცვლის მოსაყვანად მამას მაშვლად დასდგომოდა.

დარიკო ხმაგაკმენდილი იჯდა, მწუხარებისაგან კრიჭა შეკრული; კირილე კი ერთობ გამხიარულდა, მისმა სიცილმა იქაურობა გააყრუა.

– ეგ ყველაფერი ძალიან მოგისაზრებია… მარა რომ ეყოლოს, კაცო, შვილი… ხა, ხა, ხა!.. შვილი რომ ეყოლოს? სეირი არ იქნება? რას იზამ მაშინ, პლატონ? ხა, ხა, ხა! – ხარხარებდა კირილე.

– რავა ეყოლება… ორ კაცთან ქალი უშვილო ყოფილიყვეს, ე მამაჩემი რაღა განსხვავებულ კაცად უნდა გამოჩნდეს ვითომ?!

– კი, მარა ეს მითხარი, ვთქვათ, ეყოლა ახლა, რას იზამ მაშინ, ა? – არ ეშვებოდა კირილე.

– რა ვიცი, რას ვიზამ… ახლა რავა გითხრა? რა ვიცი, რომ გავმწარდები, რას მეტყვის გუნება…

– მაინც, მაინც?..

– რა არი ახლა ასეთი სულელური ჩაცივება?! – შეუტია კირილეს დარიკომ.

– რაც მერე იქნება, ის ღმერთმა იცის, – დაუბრუნდა გაწყვეტილ სიტყვას პლატონი. – რაც შემდეგ იქნება, ის ღმერთმა იცის და ახლა უნდა გამოგიტყდეთ, იმისთვის მოვედი თქვენთან, რომ შემწეობა მომცეთ ამ ჩემ გაჭირვების დღეს…

– ღმერთი კი რამეს შემაძლებიებდეს და შენ, ძმაო!.. – წუწუნით თქვა დარიკომ.

– კი, ბატონო, თუკი რამეში გამოგადგები! – დაატანა კირილემაც.

– ჩემს კუთხეში არავინაა იმისთანა დაწყევლილი სულიერი, მე რომ მჭირია და ეგება აქ, თქვენსკენ იყვეს ვინმე…

– ვინ უნდა იყვეს… – ჩაფიქრდა დარიკო.

– შენ ათას ადგილას მიდი-მოდიხარ, კირილე… ეგებ იცოდე სადმე?..

– ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა კირილემ. – განა დედაბრების ამბების შესატყობად დავდივარ, კაცო?! ქალებს რას დავეძებ, მე ქეიფისათვის დავდივარ, შე კაცო!.. უშვილო დედაბრები ღმერთსაც მოძულებული ჰყავს, მე მათ რას დავეძებ!..

– ვერავინ გეიხსენე, დარიკო? – მიუბრუნდა დას პლატონი.

– ვერა, ძმაო… ვერა… აქ არც კი უნდა იყვეს მაგისთანა ვინმე…

– აბა სხვაგან საძებრად გამხდომია საქმე! – თქვა პლატონმა.

– მეც შენთან ვარ მძებნელი, როგორც კაცი! – წამოიძახა კირილემ. – ძმობას გეფიცები!.. არაფრის გულისათვის არ დაგშორდები… ვძებნოთ, პლატონ, ვძებნოთ! ხა, ხა, ხა! ჩემს დღეში ამგვარ უცხო საქმეზე არ მივლია და აქედან ვიცი, რომ ბევრი გასართობი ამბები მოგველის! რამდენ დედაბერს სანატრელად გავუხდით უშვილოდ ყოფნას… ხა, ხა, ხა! ერთი ჩხუბი და ცილობა უნდა ავუტეხოთ ერთმანეთში საწყალ დედაბრებს, უსათუოდ! არ შეიძლება უამისობა!..

– რა სისულელეა ახლა მაგ?! ეგებ შენი წაყოლა სულაც არავის უნდოდეს!.. ძალაზე ხარ თუ?.. – მიმართა დარიკომ.

– ძალზე ვარ… თუ მაგისი მამაა ბეკინა, მეც მამად მერგება… სიმავრია ის კაცი… არ უნდა გევისარჯო მისთვის?!

– არავინ არ გთხოვს!

– აბა რაზედაა ეს კაცი მოსული?.. თვითონ არ თქვა, შემეწიეთო? ეგ გადაწყვეტილი საქმეა, რომ მე პლატონთან წამსვლელი ვარ სადედინაცვლოს საძებრათ… ხა, ხა, ხა! ეს გათავებული საქმეა, ჩემო დარეჯან, ამაზე ნუღარ შეწუხდები… ნუ გეწყინება და უმჯობესია ვახშამზე დაგვიტრიალდე, შენ ნუ მომიკვდები… კი, ჩემო დარეჯან… შენებურად, ისე, გულუხვად!

– ეგ არაფერი შენი სასწავლებელი საქმეა… შენ შენს საქციელს აზრი დაატანო, ის გირჩევნია!.. – წყენით მიუგო დარიკომ და ზეზე წამოდგა.

– ე, აკი არ გამიგულისდა?! – მიაძახა კირილემ. – აკი არ გამიგულისდა? კაი, მამაშენი ნუ მოგიკვდება, კაი თუ გიყვარდე… წაყოლას ვერ გადავთქვამ და სხვა რამე თუ უხეირო სიტყვა მითქვამს, ბოდიში მომითხოვია, შე ქალო… მეტი რა ვქნა? ბოდიში მომითხოვია. წაყოლით კი, რომ მომკლა, მაინც უნდა წავყვე, რომ… არ ვიცი, არ ვიცი, რაც არ უნდა მიქნა… შენ რას იტყვი, პლატონ?

– შენი ნებაა… – მიუგო მან, თუმცა გუნებაში ძალიან სწყინდა კირილეს დაჯინება.

მან კარგად იცოდა კირილეს ხასიათი და მასთან მგზავრობა, ისინიც ამნაირ საქმეზე, მეტად საფრთხილო იყო. რასაკვირველია, იგი სასეირნოდ მიდიოდა, როგორც თვითონ თქვა, და ამასთან ყველგან ტყუილუბრალოდ მუდამ ჩხუბის ამტეხი კირილე სწორედ ხელშემშლელად თუ წაჰყვებოდა, თორემ საქმეში შემწედ არა. პლატონს არ ეგონა, თუ ასე აიჟინებდა მასთან მგზავრობას მისი სიძე, თორემ ასე არ დაიწყებდა ლაპარაკს.

– შენი ნებაა! – უთხრა პლატონმა, – მარა ეგებ ბევრი სიარულიც არ დაგჭირდეს… აგერ გზაში, ივანე გვერდევანიძე რომაა, იმას შევხვდი და ისე, ლაპარაკში მოჰყვა თვითონ ქვედურეთშიო, ბრეგაძეებისას, ყოფილა ერთი დედაკაცი, იმისთანა, მე რომ ვეძებ… სამნი ძმანი ყოფილან ის ბრეგაძეები… ხომ არაფერი გაგიგონია, დარიკო, მათ შესახებ?.. ეგებ იცნობდე კიდეც… ა?..

– ბრეგაძეები… ქვედურეთში… არა, ძმაო, არა, არ ვიცი!

– ისე, სიტყვას მოჰყვა… ძალიან აქო გვერდევანიძემ.

– მივიდეთ და ვნახოთ მერე!.. – წამოიძახა კირილემ.

– ასე ხამათ რავა მივიდე… ჯერ ამბავი უნდა გევიგო… ეგებ უშვილო იყოს, მარა ქაჯს გავდეს, რა ოხრად მინდა მაშინ! – თქვა პლატონმა…

– ეკლესიაზე მივიდეთ კვირა დღეს. მივიკითხ-მოვიკითხოთ, შევხედოთ…

– არა, არა, მაგრე არ შეიძლება…

– რადგანაც აგრეა, ჩემო ძმაო, შენ მაგის მამიდასთან მიდი… ჰკითხე სალომეს და სწორ ამბავს ის გეტყვის იმ ქალის შესახებ… ქვედურეთი მათგან შორს არ არის და უსათუოდ ეცოდინება იმის ამბავი, შენ რომ ქალს ამბობ, – ურჩია პლატონს დარიკომ. – თუ არა და, შეიძლება თავად იმას ეგულებოდეს ვინმე მაგვარი.

– ბრავო, ბრავო! – შეჰყვირა კირილემ. – ბრავო, დარიკო! აი და ყოჩაღ, ქალო, ეგ ნამდვილი რჩევაა, შენ ნუ მომიკვდები!

– მაინც ასე ვიზამ, – დასთანხმდა პლატონი.

– აბა, მივდივართ ხვალვე მამიდაჩემთან! – წამოიძახა კირილემ. – ხვალ! არა, პლატონ?

– ხვალვე უნდა წავიდეთ.

– შენ არსად წამსვლელი არა ხარ! – შეუტია ცოლმა კირილეს.

– თუ გიყვარდე, მაგაზე ნუღარაფერს მეტყვი. ჩემი საქმე მე უკეთ ვიცი… შენ შენს საქმეს მოუარე!

დარიკომ რაღაც წაილაპარაკა გულმოსულმა და ვახშმის განკარგულების მისაცემად წავიდა.

– და თუ გინდა, პლატონ, – დაიწყო კირილემ სიცილით, აგერ ახლოს ერთი კაი აზნაურიშვილი მოკვდა და ზეგ ასვენებენ, ხომ იცი, სატირალში რამდენი ქვრივი დედაკაცია მიმსვლელი… მივიდეთ იქ, დავდგები ისეთ ადგილას, რომ ერთი შეხნიერებული დედაკაცი ვერ გამომეპარება შეუმჩნეველი… ყველას ამბავს ვიკითხავ… ეგებ იქაც ვნახოთ შენი ორნაქმარები უშვილო… ეგ უფრო ადვილიც იქნება და საჩქაროც… ა, რას იტყვი შენ?

– შე კაცო, ასე გამოსაქვეყნებლად კი არ მინდა ეგ საქმე! – ღიმილით მიუგო პლატონმა.

– აბა, მამიდაჩემ სალომესთან გავსწიოთ, რავარც დარიკომ გვირჩია… ძალიან კარგი! ეს საქმე ასე გვაქვს დაწყობილი ხომ და ახლა მე წავალ და ბიჭს მოვავლებიებ შენი ცხენისათვის… შენ კი ცოტა მოისვენე, ნამგზავრიც ხარ და მერე ვახშმისათვისაც ცოტა შემაგრება დაგჭირდება, რომ ქეიფიანად შევუდგეთ აქედანვე საქმეს, ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა კირილემ, შეიყვანა ოთახში პლატონი და თვითონ კი დაბლა ეზოში ჩავიდა.

– ჰეი, ჰეი, ნეტავი შენისთანა ხასიათის მქონე კაცს! – უნებურად წამოიძახა ოთახში მარტოდ დარჩენილმა პლატონმა. – ყველაფერი ჩალად უღირს… თავის ქეიფს მისდევს… ან კი რა უჭირს? ჯერ კიდევ ეყოფა მამის დანატოვარი… ჩემისთანამ იკითხოს, ჰეეეი! – ამოიოხრა პლატონმა, შეიხსნა ქამარი, გაიხსნა ჩოხა და მიწვა იქვე კედელთან მდგარ ტახტზე.

შებინდებული იყო, კირილემ პლატონი რომ გამოაღვიძა.

– ადე, ადე, პლატონ შენ ნუ მომიკვდები, იმისთანა ვახშამს გვიმზადებს დარიკო, რომ შენი მოწონებული!.. მართლა, კაცო, რამ შეგაჯინა იმისთანა ბედაურზე, შენ რომ მოგიყვანია?

– ჰო! – მიაჩერდა პლატონი სიძეს.

– შენ არ მომიკვდე, იმან ჭიშკრამდინაც ვეღარ მიგიყვანოს შენ, ისეა!.. – გადიხარხარა კირილემ.

– ზურგი ექნება გაფუჭებული! – დაღონებით წაილაპარაკა პლატონმა.

– აქვს და აგრე?! სულ ერთიანად გადაშვლეპილი აქვს!

– იმ ამოსაგდებ გვერდევანიძის ნაწყალობებია მაგი ამბავი! ამოაგდო მისი ოჯახი ჩემმა გამჩენმა… მაინც ამოსაგდებია, რაც ის ბოროტებას სთესავს!.. რა მეშველება ახლა? – შეწუხებით წარმოსთქვა პლატონმა, – ახალი ჭირი არ ევიტეხე?!

– არაფერია, არაფერი! – ხალისიანად შესძახა კირილემ. – გულმაგრად იყავი! ცხენს ვერ გიშოვი, თუ?

– ამას რა ვუყო?

– მაგ დავტოვოთ… ეგერ მეზობელი ყაზახი მყავს, წამალი იცის იმისთანა, რომ სამ დღეში მოურჩენს ზურგს… ჩვენ წევიდეთ და, რომ დავბრუნდებით, ცხენს გამოკეთებულს დაგვახვედრებს დარიკო. არაფერია!.. აბა, წევიდეთ და ერთი ორიოდე სადღეგრძელო დავლიოთ შებრაწულ გოჭზე… ღმერთსაც შემწეობა ვთხოვოთ და ასე გავატაროთ ეს დრო!.. სამწუხარო ჯოჯოხეთშიაც არ მოგვაკლდება და აქ მაინც მოლხენით ვიყვეთ, შე კაცო!..

ცოტა ხნის შემდეგ სამივე ვახშმის სუფრას მიუსხდნენ. გამხიარულებული კირილე ათასნაირ სადღეგრძელოებს იგონებდა და ჩაციებით აძალებდა ცოლიძმას ღვინოს.

– ნუ აწუხებ, კირილე! – ეუბნებოდა დარიკო, მაგრამ კირილე თავისას მაინც არ იშლიდა.

– აბა, რათ მინდა ოჯახი, თუ ჩემთან მოსული კაცი, მერე კიდევ რა კაცი, ცოლიძმა, ქორწილში რომ მპატიჟობს, არ დავათვრე, არ დავალევიე რჯულზე!.. რომ ასე არ ვუქნა, მასთან რომ მივალ, აღარც მე დამალევინებს და წყალნასვამს გამომისტუმრებს… რაზე ვუმტრო ჩემ თავს? რატომ ვქნა ეგ? ხა, ხა, ხა! სულელი ვარ? თუ გიყვარდე, ერთბაშად გამოცალე ეგ ყანწი… სადედინაცვლოს სადღეგრძელოა!.. ემაგრე!.. მაგრე!.. შენი ჭირიმე, ბეზ კაპლი, ბეზ! – ხარხარებდა კირილე კიდევ დიდხანს.

V

მეორე დღეს მხიარულ გუნებაზე მყოფნი სიძე და ცოლისძმა თავის გზას გაუდგნენ. კირილე მაინც მეტად ხალისიანად იყო, რადგანაც ბევრ რასმე გასართობს გამოელოდა ამ მოგზაურობიდან: მისი წარმოდგენით, ერთი დავიდარაბა უნდა ატეხილიყო უშვილო, ქვრივ დედაბრებს შორის, რაკი ყურს მოჰკრავდნენ მათი მოგზაურობის მიზანს. გაფრთხილებაც საჭიროდ მიაჩნდა, რომ ვინმეს არ შემოეტყუებინა მათთვის შვილებამოწყვეტილი დედაბერი შვილის უყოლის მაგივრად. ყოველივე ამან, კირილეს ცოცხალი ენით გამოთქმულმა, ბევრი აცინა პლატონიც და ბოლოს ესეც ხუმრობის გუნებაზე დააყენა.

ასე სიცილით და ხალისიანად მიემგზავრებოდნენ ორივენი, რომ უეცრად კირილემ ხელი შუბლზე შემოირტყა, შეაჩერა ცხენი და წამოიძახა:

– აუიჰ!..

– რა იყო? – შეეკითხა პლატონი შეშინებით. – რა იყო, კირილე?

– არაფერი, არაფერი! გავწიოთ ჩვენთვის!..

– რაღაც გაგახსენდა, ვაი თუ რაიმე საჭირო საქმე გქონდა?

– არაფერია, კაცო, არაფერია! წამო… დაჰკარი მაგ ცხენს!

– თუ საიდუმლო არაა, მითხარი, თუ ძმა ხარ?.. შენ არ მომიკვდე, შენ არ დაგაბრკოლო.

პლატონს იმედი მიეცა, ეგებ რაიმე მიზეზით განთავისუფლებულიყო თანამგზავრისაგან და ამით ჩუმად და დაუბრკოლებლად ეკეთებია თავისი საქმე.

– შენ არ მომიკვდე, ჩემი გულისათვის მე შენ არ შეგიშალო ხელი! – არ ეშვებოდა იგი კირილეს.

– კაცო, რა უნდა იყოს, მივალ თუ არ მივალ, შაფათაძის ქორწილს ამით არც შეემატება რამე, არც არა დააკლდება… წამო, კაცო, წამო!

– ქორწილში ხარ დაპატიჟებული?

– წამო, კაცო!.. შაფათაძის ქორწილი რა სახსენებელია… ისე წამომცდა, რომ გამახსენდა!..

– როდისაა?

– ამაღამ.

– თუ ძმა ხარ, ჩემი გულისათვის იმ კაცს ნუ მოინდურებ… დაპატიჟებული ჰყავხარ და არ მიხვიდე?! რატომ უნდა აწყენინო?.. მამიდაშენამდი გზას მეც კარგად გევიგნებ… პირველად ხომ არ მივდივარ იქითკენ? თუ ძმა ხარ, კირილე, ნუ დაკარგავ მხიარულობას.

– გითხარი, რომ არაფრის გულისათვის არ დაგშორდები-თქვა და გათავებულია, შენთან უნდა ვიარო… ქორწილებს რაღას დავეძებ!

– აბა, მე უკან ვბრუნდები და ხვალ წავალ სალომესთან, – თქვა პლატონმა და ცხენი მოაბრუნა.

– შენ არ მომიკვდე… დარიკო არ მომიკვდეს… სახლში რავა გაგაბრუნებ?! – გამოეკიდა კირილე და ჩოხის კალთაში წაავლო ხელი.

– რატომ შვრები ამ საქმეს, კირილე? გავბრუნდები და შენ სახლში დავიცდი… ჩემი საქმე ისეთია, გინდა დღეს მივსულვარ სალომესთან, გინდა ხვალ… სულ ერთია! მე შენ გეტყვი, არავინ მოგვასწროს და წეიყვანოს, ჩვენ რომ ქალს ვეძებთ?!

– რა იცი… შეიძლება შენსავით სხვაც ვინმე დაწრიალებდეს და თავქუდმოგლეჯილი ეძებდეს უშვილო დედაბერს!.. – სიცილით თქვა კირილემ. – ხა, ხა, ხა!.. წამოდი, კაცო!

– სწორედ აღარ მოვდივარ! – გადაწყვეტით თქვა პლატონმა.

– ბიჭო! გინდა რომ დარიკომ სახლში აღარ შემიშვას?.. შენ რომ მიბრუნებული დაგინახოს, რა დღეს დამითენებს ის ქალი, ამას აღარ კითხულობ?

– არაფერს არ ვათქმევინებ!

– შენ რავა დაგისწრებს ჩემს აწიოკებაზე!

– აბა, ვიყოთ ასე გაჩერებული ამ შარაში და ის იქნება! – ცოტა არ იყოს უკმაყოფილობით წარმოთქვა პლატონმა და ცხენს აღვირი მიუშვა.

კირილე გაჩუმდა. არ იცოდა, რაღა ექნა და ჩაფიქრებული იყო მცირე ხანს. ამ კაცის უკანგაბრუნება შიშს ჰგვრიდა დარიკოს მხრივ, თან გულით ქორწილშიაც უნდოდა წასვლა. რა ექნა, აღარ იცოდა: ამის გამო გადამეტებულ გასაჭირში გრძნობდა თავისთავს. მაგრამ ასეთი მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა; კირილეს გამჭრიახმა გონებამ უცბად იპოვა მხსნელი გზა.

– პლატონ, რადგანაც ასეა ჩვენი საქმე, რომ შენ მამიდაჩემთან აღარ მიდიხარ და ვერც მე გაგიშვებ უკან სახლში, ერთ რამეს გეტყვი! და თუ ძმა ხარ, უარს ნუ მეტყვი!

– ჰო!

– არც ერთს გული აღარ დაგვწყდება…

– თქვი, კაცო!

– მოდი ორივე ამაღამ შაფათაძისას მივიდეთ!

– შაფათაძისას?! – გაიკვირვა პლატონმა.

– ჰო! და ამაღამ იქ ვიქნებით, ხვალ კი წავალთ სალომესთან.

– რას ამბობ, კირილე!.. გადირია ჩემი მტერი! კაცს არ ვიცნობ, არ მიცნობს… ქორწილში მივიდე უცნობი კაცი?!

– რა გიჭირს?..

– ტყვილი არაა ახლა მაგ?! – და პლატონმა ისევ მიაბრუნა ცხენი და წკეპლა დაჰკრა, მაგრამ კირილემ უცბად უტაცა ხელი აღვირში და გააჩერა ცხენი.

– პლატონ, თუ ჩემი სიყვარული გაქვს… თუ ჩემი ძმობისა რამე გწამს, ახლა გევიგებ ამას… გაფიცებ შენს ცოლ-შვილს, შაფათაძისას უნდა წამოხვიდე!..

– გასაკვირველი საქმეა, შენ ნუ მომიკვდები!.. რას იტყვის ის ადამიანი, ამისთანა დღეს უცხო კაცი კარზე მივადგე? – გაჯავრებით წარმოთქვა პლატონმა. – რას იფიქრებს, ჰმ?!

– იტყვის, რომ კაი კაცი ყოფილაო, – სიცილით დაატანა კირილემ. – სხვას რას იტყვის?! შაფათაძის წვევას მივიღებ, მივალ, თან კარგ, პატიოსან აზნოუშვილს, მასზედ გამოჩენილს, მივუყვან და იმას მიწყენს?! რავა გეკადრება!.. ეწყინება კი არა, თავზე შემოგევლება! შე კაცო, შენთან რომ მოვიდე, უცხო კაცი მომყვეს, ჩემი კეთილი, საწყენად დაგირჩება?.. ა, მითხარი, თუ ძმა ხარ?.. კარში გამომაგდებ? ა?

– იმე!

– ჰოდა ეგ არის!.. მერე მე მასპინძელს ვეტყვი, მიზეზს გავაგებინებ – საქმე გვაქვს, უსათუოდ ხვალ ადრიანად წამავალი ვარ-თქვა, ძალიან საჭირო საქმეზე-თქვა და ასე, ისე… ერთი სიტყვით, ჩემებურად… შენი პატივისცემაც მინდოდა-თქვა და ამასთან დაშორებაც არ შემეძლო-თქვა და ამისთანები… ნახავ აგერ, როგორი მადლობელი დაგირჩეს!.. რა განაღვლებს, კაცო, მასპინძლის მეტს ხომ არავის ეცოდინება, დაპატიჟებული ხარ თუ არა, მასპინძელთან კი, გეუბნები, მე ვიცი!..

საშველი აღარ მისცა კირილემ და პლატონი იძულებული გახდა დათანხმებოდა შაფათაძისას წასვლაზე. სურვილასრულებული კირილე ძალიან ქეიფს და დროსგატარებას ჰპირდებოდა ქორწილში, სადაც, მისი სიტყვით, დიდძალ საზოგადოებას ექნებოდა თავი მოყრილი თავმომწონე მასპინძლისაგან.

– ტანისამოსიც რომ არ მაცვია… ასე რავა ივარგებს? – თავის გაქნევით თქვა პლატონმა, რომელსაც ძალიან უძნელდებოდა უცნობ კაცისას ამნაირ დროს დაუპატიჟებლად მისვლა. – აღარ ვიცი, ღმერთმანი… ვინ რას არ იტყვის!

– ერთი შენც კიდევ! – მიაძახა კირილემ, – მე რა, შენზე უკეთ მაცვია, თუ!.. ნეტავი ნახევარი იქ მყოფი ჩვენსავით იქნებოდეს გამოწყობილი! რას ამბობ?!

ახლა ყოველივე ამნაირი ლაპარაკი სრულიად ამაო იყო, რადგანაც გზა შაფათაძისკენ ეჭირათ. მგზავრებს ნელ-ნელა მიჰყავდათ ცხენები, რომ მაინცდამაინც ადრე არ მისულიყვნენ, სხვა სტუმრისათვის არ მიესწროთ.

საღამოვდებოდა, როცა შაფათაძის ეზოში ჩავიდნენ. აქ უკვე ბლომად მოეყარათ თავი დაპატიჟებულთ. აივანზე ქალები დამსხდარიყვნენ. მოსამსახურენი იქით-აქეთ დარბოდნენ წესრიგის გამგებელთა ძახილზე.

ეზოში სტუმრები მიდი-მოდიოდნენ. ისმოდა მხიარული სიცილი, ხითხითი. ღობეს დაყოლება ცხენები იყვნენ მიბმულნი სარებზე. კირილემაც და პლატონმაც აქვე მიაბეს ცხენები. კირილე იმწამსვე ნაცნობებში გაერია, აქეთ-იქით გავარდ-გამოვარდა, ყველას დაენახვა, ყველა ნახა; მოძებნა ხანში შესული მასპინძელი, მიულოცა ქალიშვილის გაბედნიერება და იქვე მოუყვა პლატონის შესახებაც. მოხუცებული ძალიან კმაყოფილი დარჩა, მადლობაც უთხრა კირილეს, თან რომ აწვია ისეთი ოჯახიშვილი, როგორიც მისი ცოლისძმა იყო; პლატონს კი – კადრებისათვის. თხოვა და იმედი გამოსთქვა, რომ მოლხენით დაამშვენებდნენ მის ოჯახს ამ ბედნიერ დღეს. ამნაირმა მიღებამ დაავიწყებინა პლატონს თავისი უხერხული მდგომარეობა. ცოტა ხნის შემდეგ იგი შეუერთდა საზოგადო აფუცფუცებულებას, თავისუფლად გრძნობდა თავს და მზად იყო მოსალხენად.

შორიდან მოისმა ზურნის ხმა. ხალხი შეინძრა. ზურნის ხმა თანდათან ახლოვდებოდა. გახშირდა სროლა დამბაჩებისა და რევოლვერებისა. აივანი სულ ერთიანად მოიფინა ქალებით; მთლად მიდამო თითქოს გაცოცხლდა. ამოძრავდა; ზურნის ხმა თანდათან უფრო მკაფიოდ მოდიოდა; ისმოდა მომყოლთა ძახილი: ”ჰაი”, ”ჰაი!” და რამდენიმე ხნის შემდეგ ჩიტივით შემოფრინდა იარაღში ჩამჯდარი, თავზე უკან მოქცეული კოხტა ქუდით ყმაწვილი, რომელმაც დაძახებასთან: ”მეფე მოდის!.. მახარობელი ვარ!”-ო, ერთიორჯელ ჩამოუარა თავისი აქაფებული ცხენით აივანს, შემდეგ ქორივით ეძგერა კიბეზე თასით მდგარ ყმაწვილს, სწვდა თასში და წართმეული თასით გავარდა ისევ ეზოდან მოახლოებულ მაყრიონთან შესაერთებლად. ეს იყო მახარობელი.

– ბრავო, ბრავო! – ჰყვიროდა მისი სიმარდით აღტაცებული ხალხი და ამ ხმაურობას შეუერთდა მოსულთა ჟრიამული, თოფების ხათქა-ხუთქი, ცხენების თქარა-თქური და მათრახების ტყლაშუნი მათდა შესახურებლად.

სიძე მოვიდა თავისი მაყრიონით.

პლატონს სრულიად გადაავიწყდა თავისი საძებარი უშვილო და ორნაქმარები სადედინაცვლო, მამა ბეკინაც, ყოველივე დარდები და გაშლილი გულით ამ საზოგადო ხალისიანობას მისცა თავი. ახლა მოწყურებული კაცივით უნდოდა მხოლოდ გული ეჯერა და დღევანდელ გასართობს დასწაფებოდა. სხვებთან ერთად იგი ცხენით წაჰყვა დედოფალს ეკლესიამდის და იქიდან ყურთწამღები მაყრულით გამოჰყვა ახლად ჯვარდაწერილებს. გრძელ ფანჩატურში მთელი ღამე მისი სიმღერა არ შეწყვეტილა. მოხუცებულმა შაფათაძემ განსაკუთრებული მადლობაც უძღვნა პლატონს მოლხენისათვის.

საზოგადოება დიდ მხიარულებაში იყო, ცეკვა-თამაშს ბოლო არ უჩანდა, თუმცა ქალები თითქმის სულ ერთიანად წავიდ-წამოვიდნენ მოსასვენებლად. გათენებას აღარაფერი აკლდა, ღვინის სმაში შეჯიბრებული ყმაწვილკაცობა კი ჯერ ადგომას არც კი აპირებდა. ზურნის მოღლილი, მისუსტებული ხმა ისევ ეფინებოდა აქაურობას ამ ღამეში, სხვადასხვა სიმღერებთან შენაცვლებით.

თუმცა ძალზე მთვრალი იყო პლატონი, მაგრამ თვალი მაინც ეჭირა კირილესაკენ, რომელიც დაჩემებით სცლიდა ყანწს ყანწზე. ცოტა ხნის წინათ იმ კუთხეში, სადაც კირილე იჯდა, რაღაც ლაპარაკი ატყდა, მაგრამ ისევ მალე მოსპეს. კირილე ისეთნაირად გამოიყურებოდა და ცმაცურობდა, თითქოს რაღაც სამიზეზოს ეძებდა, რომ ჩხუბი აეტეხა, ჩვეულებისამებრ. პლატონმა შეატყო ეს, და რამდენადაც მოეხერხებოდა, მისკენ ახლოს მიიწია.

– ძალიან შემცდარი ხართ! – წამოვარდა კირილე და ნამალევად გადადგმული ვეებერთელა ღვინის სტაქანი წინ დაუდგა იმ ყმაწვილს, რომელმაც მოპარვა მოინდომა ღვინისა. – ძალიან შემცდარი ხართ!

– მე დავლიე და გადავედი… შემცდარი თქვენ ბრძანდებით! – მიუგო ყმაწვილმა.

– ეგ გაკლიათ და ახლავე უნდა გამოცალოთ! – გულმოსულობით მიაძახა კირილემ.

– ხელმეორედ რაზე დავლევ!..

– დალიე!.. მე მითქვამს თქვენთვის…

– მოითმინეთ, მოითმინეთ, ყმაწვილებო! – მიაძახეს აქეთ-იქიდან. ატყდა ყაყანი. ვინ კირილეს მხარეს იჭერდა, ვინ – ყმაწვილისას.

– დალიე ახლავე! – ისევ მიაყვირა კირილემ. – მაცალეთ ერთი, თუ შეიძლება… ამას რავა ვაპატიებ მაგ სტაქანს! მერე ტრაბახობით ყურები მაგან უნდა გამომიჭედოს?!

– შენთან რა ტრაბახობა მჭირია… რა კაცი ხარ იმისთანა! – მიაძახა თავის მხრივ ყმაწვილმა.

– რაც კაცი ვარ, ახლავე გაჩვენებ, მაგ გამოცალე თუ არა! – დაუბღვირა კირილემ.

– კირილე, კირილე! – ამშვიდებდნენ აქედან.

– კოსტა, კოსტა! – აწყნარებდნენ მეორე მხრიდან ყმაწვილს.

– რა კაცია… რა კაცია! ერთი შეგვახედვინოს მაინც! – იყვირა კოსტამ.

– უი, შენ ცინდალო, ცინდალო! – მიაძახა კირილემ, დაავლო სტაქანს ხელი და, რაც შიგ ღვინო იყო, სულ ერთიანად ცხვირ-პირში შეასხა ყმაწვილს.

ერთის თვალის დახამხამებაზე ვეფხვივით სუფრაზე ახტა კოსტას ძმა. მის ხელში გაიპრიალა სატევარმა კირილეს დასარტყმელად და უსათუოდ იქვე გაათავებდა კიდეც, რომ ამნაირ ჩხუბ-კინკლაობაში გამოქნილ ყმაწვილებს უცბად ხელიდან არ გამოეგლიჯათ მოელვარე იარაღი.

შეიქნა ერთი ყვირილი, არევ-დარევა. ახლა ხელდახელ ეცნენ ერთმანეთს; გახურდა მუშტების მოქნევა. გამზავებლები დიდ მეცადინეობაში იყვნენ; ჰყვიროდნენ, აცილებდნენ მაჩხუბართ ერთმანეთს, მაგრამ ვერას ხდებოდნენ.

VI

მზე კარგად ამოსული იყო, პლატონს რომ გამოეღვიძა მეორე დღეს. მიიხედ-მოიხედა, ამ ოთახში მასთან მხოლოდ კირილე იწვა ტახტის მეორე ბოლოში – სხვა არავინ იყო.

გამოღვიძებისთანავე გაახსენდა წუხანდელი ამბავი და გული უსიამოვნოდ მოეკუმშა. უცბად წამოდგა საწოლიდან, გადაიცვა ახალუხი, მივიდა ფანჯარასთან და ეზოში გადაიხედა. იქაურობას არავითარი მიმსგავსება არ ჰქონდა წუხანდელი მასპინძლის ეზო-სახლ-კარობისა. ჯერ აზრად ვერ მოვიდა, რას ნიშნავდა ეგ, მერე კი მიხვდა, რომ უსათუოდ მეზობლისას გადაგვიყვანეს გაზავების შემდეგო. ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ის და კირილე ცხენებზე შესხეს და სადღაც გამოაქანეს ახალ გათენებულზე; ახსოვდა, რომ ჩხუბი მოუხდათ, მაგრამ დაწვრილებით არაფერი აგონდებოდა, – იმდენად მთვრალი იყო იმ დროს. ახლა კი გული მოსდიოდა, ბრაზი ერეოდა, რომ ამ გადარეულ კაცს დაუჯერა, მის სიტყვას აჰყვა და ამნაირი სამარცხვინო ამბავი შეემთხვა. რა იყო ამ უცნობ ოჯახში დაუპატიჟებლად ქორწილში მისვლა, ჩხუბი, აყალმაყალი!.. მათი ასე გამოგდება ეზოს გადმოღმა! აბა, ამ სრულიად უცნობ სახლში, ნაჩხუბართ, ნაცემ-ნატყეპთ რა უნდოდათ?!

– მე ოხრიშვილს, რა მრჯიდა ქორწილში სასიარულოდ?.. რა მექორწილებოდა?! საქმე არ მქონდა მე უპატრონოს, თუ?! ჰმ! თავი რაზე შევირცხვინე?.. სალაპარაკოდ რავა მივეცი ჩემი თავი ამ სულელთან იმდენ ხალხს!.. რავა არ უნდა მომკლას ჩემმა პატრონმა? რავა არ უნდა მომკლას? რავა ვარ შესაბრალებელი!.. რაზე ვიმდურები ჩემისთანა ოხერი მამის შეუბრალებლობისათვის?! – და ჯავრშემოწოლილი პლატონი ხან დაჯდებოდა, ხან მოუსვენრად დადიოდა ოთახში; მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩაიცვა წუღები, შეიკრა ახალუხი და ჩოხას დაავლო ხელი. გაშალა – უყურა, უყურა და გულმოსულმა დააბერტყა იატაკზე. ჩოხა სამ-ოთხ ადგილას იყო გახეული.

– შენ კი გაუქრი შენს პატრონს! – წამოიძახა და კირილეს გადახედა.

ამ წამოძახებამ კირილე გამოაღვიძა.

– ადექი, პლატონ? – კირილე ცქვიტად წამოჯდა საწოლში. პლატონმა ხმა არ გასცა.

– ძალიან არ ვსდევით იმ ცინდალას, კოსტაა თუ პროსტა! ხა, ხა, ხა! შენ ნუ მომიკვდები, ეყოფა ერთ ხანზე… კაი ხანია, მისი ჯინი მჭირდა და კიდევაც ევისრულე სურვილი, ვიჯერე გული მისი ტყეპით… ძალიან მარჯვეთ არ ვიყავით?.. შენ, შენ? აი და პლატონ!.. მტერს მოხვდა შენი მუშტი. ერთი მეც მომხვდა შეცდომით… აქამდისინ არ ვიცოდი, თუ მაგისთანა მწარე ხელის პატრონი იყავი… იცოცხლე, იმათ დღეს გვერდები აყვებოდათ… ხა, ხა, ხა! – ისე ხალისიანად ამბობდა ამას და თან იცინოდა კირილე, რომ უამისოდაც გაჯავრებულ პლატონს ამით მხოლოდ ჯავრი ემატებოდა უფრო.

მან ვეღარ მოითმინა სიძის ასეთი უდარდელობა და სიტყვა გააწყვეტინა.

– ახირებულია, ღმერთს ვფიცავარ… შენ რა სიკეთე დაგაყარეს?.. დაიხედე, შენს თავზე, წარბი გაქვს გაჩეხილი!..

– ძალიანაა? – ისე იკითხა კირილემ, ვითომც აქ არაფერიაო.

– გეყოფა.

– არაფერია… ამასაც ვაზღვევინებ, სადაც იქნება… თუ დღესვე არა!..

– შენ, ჩემო ბატონო, როგორც გნებავდეს ისე ქენი, და ერთი ეს ჩოხა გამიკერვინებიე ვისმე და ჩემს გზას დავადგები…

– რავა, ჩოხა შემოგახიეს?.. უყურე იმ ლაწირაკებს!.. სხვა რა შეუძლიათ, დედაკაცებივით იმწამსვე ჩოხაში უნდა გეცენ და ტანისამოსი უნდა შემოგაფხრიწონ… აი მაგათ კი დავასხი თავსლაფი!..

– ბატონო, ერთი შენ ეს სიკეთე მიქენი და რამერიგად გევეტიო…

– ახლავე, ახლავე! გვარიანათაც გვძინებია! ეჰე, რამდენზე წამოსულა მზე!

კირილე წამოდგა და აჩქარებით ჩაცმა დაიწყო.

– ამ ოხრიშვილებს მარტო ჩოხების ხევა შესძლებიათ! – წამოიძახა მან, ჩოხას რომ ხელი მოჰკიდა. – სულ ერთიანად არ მოუთხლეშიათ კალთა!.. აი, თქვენ კი რა გითხრათ! თქვენ კი რა გითხრათ!..

დაავლო ხელი ორსავე ჩოხას, გააღო აივანზე კარი, გაჰყო თავი და დაიძახა:

– ცაციეი, ცაციეი! – და როცა ამ დაძახილზე აივანზე გამოირბინა ფეხშიშველა პატარა გოგომ, კირილემ გაუწვდინა ჩოხები და უთხრა: – ბიძიკო, თუ შეიძლება, ეს ჩოხები, რავარც იქნება, ისე გამილამბე… რავარც იქნება… ღამეში ღობეს გამოვედევით და ასეთი უბედურება მოგვივიდა. აბა ჰე, შენს გაზრდას!..

გოგომ გამოართვა ჩოხები და ფეხების ბრაგუნით გადირბინა აივანი. კირილემ მიხურა კარი. პლატონი წარბებშეკრული აქეთ-იქით დადიოდა. კირილე ატყობდა, რომ ამრეზილი იყო და ხმას აღარ იღებდა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ასე მუნჯად ყოფნა ვეღარ შეიძლო კირილემ და წამოიძახა:

– ახალ ჩოხებს გვიკერავენ, თუ რა დეემართათ ამ ოჯახდაქცეულებს!.. აწი სადილათაც დაჯდებიან და არ დაგვაგვიანდეს…

ეს ნამეტანი იყო პლატონისათვის; იგი მიუბრუნდა და გაკვირვებით გადახედა კირილეს.

– ღმერთმანი, კაი ძალი დღეა გასული. დროით ჯობია მაინც მისვლა…

– სად, ყმაწვილო?

– როგორ თუ სად?.. სადაც წუხელ ვიყავით!

– მართლა ამბობ მაგას, თუ ხუმრობ?

– მართლა ვამბობ… რა ხუმრობა უნდა?! აბა, არ მივიდეთ?.. რა მიზეზია?

– შენ, ჩემო ძმაო, რავარც გნებავდეს, ისე იარე, და მე კი შენი მგზავრი აღარ გახლავარ!..

– რა იქნა, შე კაცო?.. რა მოხდა ამისთანა? გინახავს, რომ ქორწილი იქნება თუ დღეობა, რამე ლაპარაკი არ მოხდეს?.. რა ვუყოთ მერე?.. მარტო ჩვენს თავზე მომხდარა, რაც წუხელ საქმე მოგვიხდა, თუ როგორაა?! ან რა იყო ასეთი რამე?.. სხვას არავის შეხვდომია თუ?

– შენ, ბატონო, რავარც გნებავდეს და მე კი დრო არ მაქვს…

– დრო არ გაქვს, თვარა გეიქცევიან შენი დედაბრები სადმე!

– გეიქცევიან თუ გაჩერდებიან, ეგ სულ ერთია, მე დროზე უნდა დავბრუნდე სახლში. ასე უთავბოლოდ ყანყალი არ შემიძლია!..

– შე კაცო, ერთი დღე რა უნდა იყოს! მე თვეობით ვრჩები ხოლმე სახლის გარეთ, მაგრამ რომ მივბრუნებულვარ სახლში, ყოველთვის ყორიფელი ისე დამხვთომია, როგორც დამიტოვებია!

– კაცია და გუნება!..

ამ ლაპარაკში გოგომ გაკერილი ჩოხებიც შემოუტანა, მერე მოართვა პირსაბანი წყალი ორსავეს, სიძე-ცოლისძმას, და მალე ორივე ჩაცმულ-დახურულნი წასასვლელად მზად იყვნენ. კირილე ბევრს ეხვეწა შაფათაძისას მიბრუნებულიყვნენ ისევ, მაგრამ პლატონი ვერას გზით ვერ დაიყოლია; ის კი არა, პირდაპირ უთხრა სიძეს, რომ მათი ერთად მგზავრობა, როგორც ეტყობაო, შემდეგში აღარ უნდა იქმნეს საქმისათვის სახეირო. ამის გაგონებამ კირილე ძალიან დააფთხო; შიშს მიეცა, პლატონი არ გაჯიუტებულიყო და უკან არ გაბრუნებულიყო მისდა თავიდან მოსაცილებლად. სწორედ ამის შიშით კირილემ გადათქვა შაფათაძისას მიბრუნება, მზად იყო ყურმოჭრილ ყმად გახდომოდა ყველაფერში პლატონს და კიდევაც მოუხშირა ისეთ ლაპარაკს, რომელიც მათი მგზავრობის საგანს შეეხებოდა.

– პლატონ, სატირალში არ მივიდეთ?.. რომ გითხარი – დღესაა ის ტირილი, – მიმართა მან პლატონს.

– ჩემი სატირალიც მეყოფა, სხვისაში არ გავერიო, ჩემო ძმაო! – მიუგო პლატონმა და გავიდა აივანზე. კირილეც თან გაჰყვა. ეზოში ბიჭი დაინახა, მიიხმო, ცხენები მოითხოვა, მადლობა დააბარა მასპინძელთან, რომელიც უკვე შაფათაძისას წასულიყო დილიდან, და ორივენი შესხდნენ ცხენებზე.

ხმაგაკმენდილი კირილე გვერდით მისდევდა პლატონს. კირილეს გაუგებრობა ჰკლავდა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა მისი გაბუტული ცოლისძმა, – აპირობდა ახლა წასვლას მამიდა სალომესთან, თუ სახლში ბრუნდებოდა? საჭირო იყო ამ გულმოსული კაცის გახალისება, თორემ ამნაირ გუნებაზე მყოფი უსათუოდ სახლისკენ გაემართებოდა. დიდხანს ემზადა ამისათვის კირილე და ბოლოს მიმართა ცოლისძმას ღიმილით:

– პლატონ!.. კაია, შე კაცო!.. დეივიწყე თუ გიყვარდე, რაც ჩემით შეგემთხვა… მიჯავრდები კიდევ?

– სულაც არა, – ცივად მიუგო პლატონმა.

– რავა არა!.. ვერ გატყობ თუ?.. შე კაცო, პეტრე მოციქულმა სამჯერ იუარა ქრისტეს მოწაფეობა, მაგრამ ამისათვის სამიდღემჩიოდ არ დასჯილა, ისევ საყვარელ მოწაფედ დარჩა და შენ ჩემით ერთი უსიამოვნება შეგემთხვა – ამას ვეღარ დამივიწყებ?! კაია, თუ გიყვარდე!

პლატონს უნებლიეთ გაეღიმა ამ სიტყვებზე. კირილეს იამა და ისეთნაირად დაუტრიალდა, რომ ცოტა ხნის შემდეგ მართლა ყველაფერი გადაავიწყა პლატონს. აქამდე გულამღვრეული კირილე გაახალისიანა ამ გარემოებამ, წაათამამა და სიტყვა შეაპარა მამიდამისის შესახებ:

– კიდევ კარგ დროს მივალთ! – თქვა მან.

– სად? – იკითხა პლატონმა.

– მამიდაჩემთან.

– ასე შემოფხრეწილი ჩოხით მივიდე სალომესთან?..

– შემოფხრეწილი კი არა!.. სულაც არაფერი არ ეტყობა მაგ შენს ჩოხას… ახალივითაა, თავი ნუ მომიკვდება!..

გადასახვევი ახლოს იყო და ახლა კირილე უფრო თავგამოდებით დაფაცურდა, რომ ცოლისძმა სახლისაკენ არ გაეშვა, რას არ მოჰყვა, რას არ მასხრობდა, რარიგად არ ცდილობდა მის უფრო გამხიარულებას, რას არ იგონებდა, რომ გაეცინებინა და ამასობაში თავის სიტყვაზე დაეყოლებინა.

აგერ გადასახვევთანაც მივიდნენ, საიდანაც მარჯვნივ უნდა გაეხვიათ, თუ კირილეს მამიდასთან იყვნენ წამსვლელნი.

კირილემ მასხრობას უფრო უმატა. პლატონი კარგად ხედავდა, რა ცეცხლშიაც იწვოდა მისი სიძე.

– პლატონ… ბიჭო, გაიხსენე პეტრე მოციქული… რა ეპატივა მას და ვისგან?! მეც მეპატივოს, ბიჭო, შენგან, რა დიდი საქმე იქნება, ერთი მეპატივოს!.. ნუ გადამკიდებ დარიკოს თუ რაიმე სიბრალული გაქვს ჩემი, ნუ გაახელებ შენს დას ჩემზე და რა გინდა ჩემგან! თუ დარიკო გამიგულისდა, უნდა დავჯდე სახლში და ხომ შემეხუთა სული და გული!.. მიხედე, კაცო, ღმერთს!.. ბიჭო, ერთხელ შეგცოდე, მეტი ხომ არა!.. ბიჭო, პეტრე მოციქულის ამბავი გეიხსენე, შე უღვთო, შე უღვთო!.. წამოდი აქეთ… მარჯვნით მიდის ჩვენი გზა, მარჯვნით, ღმერთი გამარჯვებას მოგცემს!.. – და კირილემ გადაუხვია მამიდამისისკენ მიმავალ გზაზე.

პლატონი სიცილს ვეღარ იკავებდა, გაცხარებით მოლაპარაკე კირილეს რომ უყურებდა. ერთ ხანს ცხენი შეაჩერა და მერე, როცა კირილემ აღვირში მოჰკიდა ხელი და მარჯვნივ გადაახვევინა, გულიანად გადიხარხარა და გაჰყვა სიძეს.

– ძალიან არ დოუშინებიხარ დარიკოს, კირილე?! ხა, ხა, ხა!

– ნუ შეგეშინდება შენ!.. ის რომ არ მყავდეს, ჩემო ძმაო, ჩემს ეზოში ძაღლს ვერ ნახავდი გამვლელს!.. ვუფრთხილდები, არ გავაჯავრო მაინც ჩემზე – სხვა რაღა სიკეთე აყრია ჩემგან?! რამდენადაც შემიძლია, ამას ვცდილობ, თუმცა ხშირად ესეც მავიწყდება, ჩემდა საუბედუროდ… ერთობ სულგრძელი ადამიანია, ძმობას გეფიცები!.. ღვთისნიერი ადამიანია, რომ იტყვიან… და შენც შეგატყობს კაცი, რომ მისი ნათესავი უნდა იყვე… შეგატყობს! – სიცილით დაატანა კირილემ. – თუმცა მშვენიერი სადილი კი დამაკარგვიე და შენც დაჰკარგე… იმ ოხერ შაფათაძეს ძალიან მასპინძლობა ექნება დღეს… ძალიან მომზადებული იყო!.. გლახა გუნებაზე იყავი, თვარა არაფერი არ გვიჭირდა, რომ მივბრუნებულიყავით… ერთი იმათაც თვალებს დოვუბრიალებდი… ცნობას მივცემდი!.. ახლა კი ასე მშიერ მუცელზედ კარგა ხანს მოგვიხდება თრევა, სანამ მამიდაჩემამდი მივაწევდეთ!

– ისევ შაფათაძე გაგახსენდა? – გაიცინა პლატონმა. – მე რომ შენ ვიყო, ხმასაც აღარ ამოვიღებდი… შენც საკმაოთ გერგო, ჩემო კირილე, მუშტები, შენ ნუ მომიკვდები!..

– ჩემგანაც არ დაჰკლებიათ, ნუ გეშინია… კიდევ უფრო მივართმევდი, რომ ხელიდან არ გამოეგლიჯათ!.. – კირილემ კიდევ დიდხანს ილაპარაკა თავის ყოჩაღობაზე, ბევრი იტრაბახა თავის სიმარჯვეზე და მთელი გზა იმის ამბებში იყო, თუ სად რა ჩხუბი შეხვდომია, ვისთან რითი გათავებულა და რა ვაჟკაცობა გამოუჩენია. მაგრამ ამ ლაპარაკშიაც ხშირად აგონდებოდა დაკარგული, მიტოვებული ლხინი და ეს გახსენება უფრო უცხოველებდა შიმშილის გრძნობას და, ამით აწრიალებული, თავს მით ინუგეშებდა კიდევ, რომ გზაში დუქანი ეგულებოდა, სადაც შეეძლო წინა ღამეს სმით ამომწვარი ყელი დაელბო და ცარიელი მუცელიც ორიოდე ლუკმა პურით დაეკმაყოფილებინა.

VII

მზე კარგა გადახრილი იყო, ჩვენი მგზავრები რომ იმ ჯიმშერ სალობერიძის სახლს მიუახლოვდნენ, რომელსაც ჰყავდა კირილეს მამიდა სალომე.

სალობერიძე ერთი იმ აზნაურთაგანი იყო, რომელთაც რაღაც მანქანებით დღეს კიდევ შერჩენიათ იმდენი მამული, რომ შეუძლიათ რიგიანად იცხოვრონ და გაუჭირვებლად გაუძღვნენ თავიანთ ოჯახს. მოხუცებული ჯიმშერი სწორედ გონიერი კაცი იყო, შეგნებული; და ეგ იყო მიზეზი, რომ მის ოჯახში ყოველივე თავთავის რიგზე იყო; უსაქმურს აქ ვერ ნახავდით. რაც გაეწყობოდა, შვილებისათვისაც სწავლა არ დაუკლია. ცოცხალი გონების პატრონს ჯიმშერს საინტერესოდ ჰქონდა ყოველივე საზოგადო საქმე და მის ახლოს ყოველთვის გესმოდათ ამნაირ საქმეზე სჯა-ბაასი. თვით კარგი მოლაპარაკე, მასთან სხვასაც ენა ამოედგმებოდა ხოლმე და ლაპარაკის ხალისი ემატებოდა. შეძლებით ღონიერს, პურადს, სტუმართმოყვარე სალობერიძეს თითქმის ყოველდღე სტუმარი ჰყავდა სახლში: ვინ მოსალაპარაკებლად მოდიოდა, ვინ რჩევის საკითხავად, ვინ შემწეობის სათხოვნელად, ვინ ისე ტყუილად, სანახავად, რომ მეგობრული კავშირი არ შეეწყვიტა ამ კაცთან. მეტადრე ყმაწვილკაცობას უყვარდა სალობერიძისას თავის მოყრა; აქ მათ ხვდებოდათ მიმღები მასპინძელი, რომელმაც მათი აყოლა იცოდა, რომელთანაც ისინი თავისუფლად მასხარაობდნენ, ოხუნჯობდნენ, ენამახვილობდნენ და სიამოვნებით ატარებდნენ დროს ამ ენამახვილიან და ხალისიან მოხუცებულთან.

დღესაც თავი მოეყარათ აქ ყმაწვილებს და მოლხენილი სადილის შემდეგ ფართო აივანზე გამოფენილთ, ერთი სიცილი, ხარხარი და ყაყანი ჰქონდათ. ზალაში ისევ აულაგებელი იყო სუფრა, რადგანაც სადილიც ის იყო გათავდა.

ეზოში შემოსულ კირილეს ამათგან დანახვა და მიძახება: “კირილე! კირილე!”-ო, ერთი იყო.

კირილეს ძლიერ ესიამოვნა ამ შეკრებილების დანახვა, ერთი დაჰკივლა უცნაურად, გადაჰკრა ცხენს მათრახი და შურდულივით გაქანებული ცხენი, რომელმაც ერთის თვალის დახამხამებაში გადირბინა ფართო ეზო, კიბეზე შეაგდო.

– ჰაი, ჰაი! – თან დასჭექა კირილემ.

– მაგ შეჩვენებული უსათუოდ გალეშილია! მარცხი არ მოუვიდეს! – წამოიძახა ჯიმშერმა და სხვებთან ერთად კიბისკენ გამოიქცა.

კიბეზე შემოგდებულმა ცხენმა ფეხი ვეღარ მოიმაგრა და წაფორთხილებული დაეცა გვერდზე. დაეცა კირილეც, მაგრამ ისევ მარდად წამოვარდა და ახლა აქელებული იდგა ყმაწვილებით გარშემორტყმული.

– რავა იქნება, ყმაწვილო, ასეთი გაუფრთხილებლობა?! – მიმართა ჯიმშერმა კირილეს.

– ბიძიას ვახლავართ!.. უკაცრავად, შენი ჭირიმე! – და კირილე ბიძამისს მიესალმა.

აივანზე ავიდა პლატონიც და ჯიმშერისადმი მისალმების შემდეგ სხვებსაც მიესალმა.

კირილემ შეიხედა ზალაში და, სუფრას რომ თვალი მოჰკრა, წამოიძახა:

– ამიტომაა სასიამოვნო აქ მოსვლა! იფ!.. შენი ჭირიმე, შენი, ჩემო ბიძია! – და იგი მივიდა მაგიდასთან, დაავლო ჯერ ერთ ბოთლს ხელი, მერე მეორეს, მესამეს და ცარიელები რომ შერჩა, ლანგარით ჩაის ჩამომრიგებელ ჯიმშერის ქალიშვილს მიაძახა:

– მაგ ჩაის რომ დააცუნცულებ, მაგის მაგიერად, შე ქალო, ერთი ბოთლი ღვინო შემოიტანო ის სჯობია, ჩემო ვერიჩკა!

– ჯერ ეს მიირთვი და მერე ღვინოსაც მოგართმევ! – მიუგო ვერიჩკამ.

– თუ ჩემი სიყვარული გაქვს, ჩემო ვერიჩკა, ერთი ბოთლი ახლავე შემომირბენინე!

– კი, ბატონო! – უპასუხა ვერიჩკამ და სხვებს მიაწოდა ჩაი.

კირილე მთვრალი იყო და პლატონი თვალს არ აშორებდა მას. გზაზე, დუქანში, პლატონის საუბედუროდ, მათ შეხვდნენ კირილეს ვიღაც ნაცნობი ყმაწვილები და ძლივსძლივობით დააშორა მათ თავისი სიძე მისგან დატანჯულმა პლატონმა. ახლა ისე ამოიჟინა კირილემ ბოთლების დანახვაზე ღვინო, რომ მისი გადათქმევინება ყოვლად შეუძლებელი იყო. რა ხერხი არ იხმარეს, რომ როგორმე ზალიდან გამოეტყუებინათ აივანზე; ჰპირდებოდნენ, აი, აგერ მოგიტანთ ღვინოსაო, აი აგერო. მაგრამ ბოლოს კირილემაც შეატყო, რომ თხოვნას არავინ უსრულებს და აპილპილდა, გული მოუვიდა, გაწყრა.

– რა იქნა, კირილე… ასეთი ყველას შეწუხება გაგონილა? დაწყნარდი, ყმაწვილო! – მივიდა მასთან პლატონი. – ნუ შეაწუხე ყველა!

კირილემ ერთი თვალით გადაჰხედა და მიაძახა:

– ვის ყველას ვაწუხებ, ბიჭო, ვის ყველას?.. თუ, ყველათ შენი თავი მიგაჩნია?.. რა მოხდა, თუ იცი? დედინაცვალს ერთს კი არა ათს გიშოვი!.. ბიძია, თუ შენ გაწუხებ, ბოდიში მომიხდია და ამას რა აწუხებს, კითხე, თუ გიყვარდე!..

– დაწყნარდი, ყმაწვილო! – შეუტია შეშინებულმა პლატონმა, რომ კირილეს არ წამოსცდენოდა მეტი.

– ძალიან არ წუხს?! ერთ უშვილო დედაბერს დეეძებს სადედინაცვლოდ და მითხარით, ჩემგან რა შეწუხება მიჰყენებია… დავდევ უკან მეძებარივით!.. ეგებ, ბიძია, გეგულებოდეს სადმე უშვილო დედაბერი და ამ ყმაწვილს ეგებ გული დოუშოშმინო!..

პლატონი გაშრა, სირცხვილისაგან ცოცხლებში აღარ ერია. მზად იყო იქვე გაეგორებინა ეს გალეშილი კაცი, რომელსაც აღარც კი ესმოდა არაფერი ამ ქვეყნისა, რომელიც სრულს გონებაზე აღარ იყო და რომლისგანაც ამდენი ვაივაგლახი გადახდა სულ მცირე ხანში. მაგრამ შეიკავა თავი, რაღაც წაიბუტბუტა, აივანზე გავიდა და რიკულს მიეყრდნო გაწიწმატებული. კირილე კი თავისას არ იშლიდა.

– კოსტა! – მიაძახა მან ზალაში შემოსულ მოსამსახურე ბიჭს. – კოსტა, ბიჭო, ღვინო! არ გესმის შენ?

– ახლავე, ბატონო! – მიუგო ბიჭმა და უცბად გავარდა ზალიდან.

ღვინო მაინც არავის მოჰქონდა.

– ვერიჩკა, ასე წახდით? – მიაძახა მამიდაშვილს კირილემ. – ღვინო გამოგელიათ?!

– ახლავე იქნება! – წამოიძახა ვერიჩკამ და ესეც საჩქაროდ ჩამოეცალა კირილეს.

კირილემ ცოტა ხანს კიდევ უყურა და ბოლოს მოთმინება დაეკარგა; ერთი მიიხედ-მოიხედა ზალაში წარბშეჭმუხვნით, წამოავლო ქუდს ხელი და აჩქარებული ნაბიჯით გაემართა ზალიდან, გაიარა აივანი და ეზოში ჩავიდა.

– სად მიხვალ, ყმაწვილო? – მიაძახა ჯიმშერმა.

კირილემ ხმაც არ გასცა, ჩავიდა ქვევით, შეჯდა თავის ცხენზე, წამოვიდა აივნისკენ და პლატონს შესძახა ბრძანებლობით:

– წამოდი… პლატონ!.. არ გესმის?

– ხომ არ გადარეულხარ, ყმაწვილო?.. – მიუგო პლატონმა აივნიდან.

– სად უნდა წახვიდე, ყმაწვილო?.. – მიმართა ჯიმშერმა. – სად უნდა წახვიდე?

– არ გესმის შენ ჩემი? – ისევ შემოსძახა პლატონს. – ცხენზე შეჯექი ახლავე, თვარა!

– ნუ ირევი, ყმაწვილო! – კიდევ მიმართა ჯიმშერმა. – ჩაფით მეიყუდე ღვინო, თუკი აგრე გულით გინდა!..

– თქვენი ღვინის მწყურვალეს თავსლაფი დავასხი!.. შენ, ეი, პლატონ, ჩემი არ გესმის?!

ჯიმშერი გაჩერდა ამის გაგონებაზე, პლატონი მივიდა რიკულებთან და გაჯავრებით გადასძახა:

– რა ღმერთი გიწყრება, კირილე?.. რა ღმერთი გიწყრება?! ასეთი გადარევა იქნება?!

– არ მოხვალ?

– სად უნდა წამოვიდე, ყმაწვილო?

– არა?! – იყვირა კირილემ, მიატრიალა ცხენი და ხმალამოღებული შურდულივით გაექანა პლატონის ცხენისაკენ.

– მოჰკლა ცხენი, ცხენი მოჰკლა! – იყვირეს აივანზე და უსათუოდ ცხენი საზარლად დაიჭრებოდა, რომ აივნიდან ჩამოქანებულ პლატონს ქვა არ ესროლა ცხენისათვის და მისი დამფრთხალი ცხენი გვერდზე არ გამხტარიყო. მაგიერად ღონივრად მოქნეულმა და ცხენს დაცილებულმა ხმალმა მთვრალი კირილე მარჯვნივ ისე გადაიტანა, რომ თავი ვეღარ შეიმაგრა და მიწაზე მძიმედ დაეცა.

კირილე კინაღამ ხმალს წამოეგო. შეიქნა ერთი წივილ-კივილი. ყველა იმისკენ მირბოდა და მათ წინ კიდევ პლატონი.

– მიშველეთ, მიშველეთ! – გამოვარდა და მისკენ გაექანა ხნიერი ქალი, რომელსაც უკან ვერიჩკა მისდევდა.

კირილე კი წამოდგა ზეზე, აიღო ხმალი და პლატონისაკენ წამოვიდა დასარტყმელად, მაგრამ პლატონს წინ ჩამოუდგა ერთი ყმაწვილთაგანი, სწვდა ხელში კირილეს და ჩააგებინა ქარქაშში ხმალი.

– კირილე… შვილო… რა იყო?.. რა მოგივიდა, გენაცვალოს მამიდაშენი! – ალერსით ეუბნებოდა ხნიერი ქალი, მამიდამისი სალომე, მაგრამ კირილეს ამისი არა ესმოდა-რა, მეტი გაჯავრებისაგან ხმაგაკმედილი მოაჯდა ცხენს, შემოჰკრა მათრახი და თქრშიალით გაექანა ჭიშკრისაკენ.

– გოუღეთ… გოუღეთ მაგ შეჩვენებულს ჭიშკარი… გოუღეთ… მაგ თავლაფდასხმულს, მაგას! – მიაყვირა უკან ჯიმშერმა.

– რა არი, ყმაწვილო… რანეირი საქციელია?.. – შეუტია ჯიმშერს სალომემ. – რა ჭკუაა ახლა მაგ?..

და შეწუხებული ქალი, ერთ ადგილას გაშეშებული, მისჩერებოდა ქვევითკენ მიმქროლავ ძმისწულს, რომლის ქუდიღა მოჩანდა, თითქოს ქარისაგან მოტაცებული, ღობეების სარებს ზევით.

– რა იყო? რა მოუვიდა მაგ უბედურს?.. ვინ აწყენინა, ასე რომ გადირია მაგ შავდღეზე დაბადებული! – წუწუნებდა სალომე.

პლატონი ამქვეყნად აღარ იყო ჯავრით.

– რატომ მკვდარი არა ვარ ახლა… რაზედ ფეხები არ მომტყდა და მაგას წამოვყევი? – გაიძახოდა საცოდავი.

– რა ვუყოთ, ბიძიკო… შენი რა ბრალია… მაგ შეჩვენებულმა ასე იცის ყოველთვის!.. მადლობა ღმერთს, რომ ასე ადვილად მოვრჩით კიდევ! – გაიცინა ჯიმშერმა.

– თქვენ ნუ მომიკვდებით, რაც მე ამ ორ დღეში გადამხდა მაგისაგან, არ ვიცი, თუ როდისმე კაცს ამდენი გასაჭირი ენახოს ერთი კაცის მიზეზით… – ნაღვლიანად ამბობდა პლატონი და მოჰყვა, რაც ამბავი მოუვიდა შაფათაძისას, კირილე რანაირად დათვრა გზაზე დუქანში, საიდანაც ძლივსძლივობით წამოიყვანა აქეთ. ეს კაცი, რომელსაც წინანდელი მწუხარებაც ეყოფოდა, ამ ახლად გადახდილი უსიამოვნების შემდეგ, მეტად გამწარებული იყო. ამიტომ ისეთნაირი კილოთი ლაპარაკობდა, სწორედ შეეცოდებოდა კაცს, რომ თვით ამბავი სასაცილო არ ყოფილიყო.

– საცხა ჩეიჩეხება ახლა ის უბედური და ერთი საცოდაობა უნდა მოხდეს! – წაილაპარაკა მწუხარებით სალომემ.

– ჩეიჩეხება კი არა… ერთი შენ, ჯავრობ კიდევ! – მიმართა ჯიმშერმა.

– აბა, რა… ო, ღმერთო, ღმერთო! – ამოიოხრა სალომემ და აივნიდან სახლში შევიდა.

პლატონის მოთხრობილმა ამბავმა იქ მყოფთ ბევრი სხვა წინანდელი თავგადასავალი გაახსენა კირილესი და ცოტა ხნის შემდეგ აივანზე ისევ სიცილ-ხარხარი და ხმაურობა ისმოდა. ისევ კარგ გუნებაზე დადგნენ ყველანი და წინანდებურად სიამოვნებდნენ.

VIII

პლატონი კიდევ დიდხანს იყო უგუნებოდ, მარტოდ მჯდომი ზალის კუთხეში, პატარა რგვალ მაგიდასთან, ჩაით წინ და ჯერ კიდევ ვერ დაეწყნარებინა თავისი გული. რარიგად არ ლანძღავდა და აგინებდა თავისთავს, რომ გადარეულ კაცთან მგზავრობა არ დაიშალა და ამდენი უსიამოვნება და გაწვალება გამოიარა… გაწვალება გაწვალება იყო, მაგრამ მას უფრო სირცხვილი ჰკლავდა, იმ წყეულმა რომ მთელ საზოგადოებაში წამოიძახა და მისი საიდუმლო გაამჟღავნა. რასაკვირველია, ახლა სამასხროდ იქნებოდა აგდებული ამ ყმაწვილებისაგან, რომელნიც დილიდან საღამომდის მხოლოდ იმით არიან გართულნი, რომ საოხუნჯო, სასაცილო და სამასხრო საგანი რამ ან მოიგონონ, ან შეამჩნიონ ვისმე. ამაზე იკლავდა თავს პლატონი და იმნაირ გუნებაზე დადგა, რომ მზად იყო ხელი აეღო თავის განზრახვაზე, მიეტოვებინა თავისი საქმე, ამწამსვე უკან გაბრუნებულიყო სახლში, თავი მიენებებინა ყოველივესათვის და დაე, რაც უნდა ის მომხდარიყო.

– მშვენიერი ადგილი ამოგირჩევიათ, თუ კაცი ვარ!.. ამ ტკბილ სასმელთან ტკბილი მუსაიფიც უფრო მოსახერხებელია, თავი ნუ მომიკვდება!

და ამის მთქმელი, მომღიმარე სახის, ასე ოცდაშვიდის, ოცდაცხრა წლის ყმაწვილი კაცი მოუჯდა გვერდით.

– აზნაური არისტო ქვაშავიძე გახლავარ… იმედი მაქვს ახლოს რომ გავიცნობთ ერთმანეთს, ცუდ კაცად არ დამსახავთ. ამას თამამად ვიტყვი სწორედ!.. კეთილშობილი კაცი ყოველთვის კეთილშობილი კაცისაგან უნდა იცნობებოდეს… და თუ ჯერ ჩემი ნამდვილი კეთილშობილება მე თქვენთან არაფრით დამიმტკიცებია, იმედი მაქვს, მალე თვალსაჩინოდ დაგიმტკიცოთ… დიახ!

პლატონი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რა ეპასუხნა, რა მიეგო ამ უცნაური კაცისათვის? მერე კიდევ ეს კაცი ისე სხაპასხუპით ისროდა სიტყვებს, რომ ამ მოულოდნელი თავდაცემით გაფაციცებული, იგი მისჩერებოდა ქვაშავიძეს და არ იცოდა, რა პასუხი მიეცა. მის ბედზე ეს ყმაწვილი თითქოს არც კი აცლიდა მაგიერ სიტყვას, იგი თითქოს ჩქარობდა თავისი სათქმელის დათავებას, რომელიც მოკლე არ უნდა ყოფილიყო, როგორც ეტყობოდა.

ყმაწვილმა კაცმა რომ თავისი თავი დაწვრილებით წარუდგინა პლატონს, საკმაოდ რომ გააცნო, უფრო ახლოს მიიწია მისკენ და ხმადადაბლებით ჰკითხა:

– თქვენ მართლა ეძებთ სადედინაცვლო ქალს?.. გკითხავთ ამას, როგორც პატიოსან კაცს… მართლა ეძებთ?

პლატონმა თვალები მიაშტერა ამის მკითხველს. რისთვის ეკითხებოდა ამას ეს კაცი? რა უნდოდა, რა ჰქონდა გუნებაში ამ კითხვის დროს? აი, კირილეს ნაწყალობები ამბავი! – გაიფიქრა პლატონმა.

– ეძებთ ხომ?.. – განუმეორა კითხვა არისტომ, რადგანაც პლატონი პასუხს უგვიანებდა. – ხომ?

– ბატონო, რაღაცას უჭკუო, გონებადაკარგული კაცი წამოაყრანტალებს, რა გასაგონარია, თუ ღმერთი გწამთ!..

– არა, არა! – გააწყვეტინა სიტყვა არისტომ. – არა, პატიოსნებას გაფიცებთ, პატიოსნებას… მითხარით!

– ბატონო!

– არა, თქვენ არ იფიქროთ, რომ მე რაიმე ცუდი აზრით და უხეირო განზრახვით გეკითხებოდეთ… მოგახსენებთ, ვერ მიცნობ ჯერეთ, მართალია, მაგრამ, რომ გამიცნობთ, ცუდ კაცად არ მიმიღებთ-თქვა, მოგახსენებთ თამამად…

– ბატონო, მაგას რაზე…

– თვითონ ბატონი ხარ და კეთილშობილი და, როგორც კეთილშობილს, ისე გკითხავ მეც, კეთილშობილი კაცი… მითხარით, მართლა ეძებთ თქვენ სადედინაცვლოს, თუ არა?

პლატონმა ვეღარ შეძლო დაეფარა თავისი საიდუმლო ამ უცნაურად ჩაცივებულ კაცისთვის.

– ვეძებ! – მიუგო მან ბოლოს.

– თქვენ ძმა გყავთ?

– არა!

– და?

– გათხოვილი!

– კაი დაგემართოსთ! ბედნიერი კაცი შენ ყოფილხარ!.. ახლა დედინაცვალს ეძებ, ორნაქმარებს, უშვილოს, იმიტომ რომ გეშინია, მამულში მოზიარე არ გაგიჩნდეს, – ეგ ადვილი მისახვედრია და, თუ ჩემს პატიოსნებაში ეჭვი არ შეგაქვს, ამის მიზეზი, იმედი მაქვს, არ მომიცია თქვენთვის, სანდო კაცად მიყურებთ…

– მაგას რაზე ნებულობთ! რატომ არა! – დაატანა პლატონმა.

– არა, არა! მე სხვანაირი კაცი ვარ… ოსტატობით გამოგლეჯილი, დაცდენილი სიტყვით მე არასოდეს არ ვისარგებლებ. ამას მე ჩემს თავს არ ვკადრებ, თქვენ არ მომიკვდეთ! თუ მენდობით. თუ დაიჯერებთ ჩემს სიტყვას, მე მიგასწავლით სწორედ იმისთანა ქალს, რომელიც ნამდვილ სათქვენოა, თქვენი ხელმოსაკიდებელია… არ წარმოიდგინოთ, რომ მე თქვენი მოტყუება მწადდეს. მაშინ ღმერთმა აქვე გამათავოს! მე მაჭანკალი არ გახლავარ ზოგიერთივით, არ იფიქროთ… არც ვიკადრებ მაგნაირ ხელობას!..

– რასაკვირველია!

– არა, ამას იმიტომ გეუბნები, რომ ეგებ შენ სხვაფერ იფიქრო რამე. ქალი კი სწორედ ზედ გამოჭრილია იმაზე, თქვენ რომ გწადიათ… ორნაქმარებია, შვილი არ ჰყოლია თავის დღეში, არც მოხუცებულია, კაცმა რომ თქვას… მშვიდობიანი, წყნარი, გულკეთილი, არც ულამაზო, – ის კი არა, ყმაწვილ ქალობაზე ირეოდნენ მისი სილამაზისთვის…

– ნამდვილ იცით ეს ყველაფერი?

– ვიცი?.. შე დალოცვილო, მამიდაჩემის ამბავი თუ აღარ ვიცი, ვიღა ჯანდაბის ამბავი მეცოდინება?! აღარ დაგიმალავ, სწორედ მამიდაჩემია ის ქალი, რომ გეუბნებოდით და თუ მე ჩაცივებით გესაუბრებოდით, ეგ იმიტომ, რომ პირველ შეხედვიდანვე ჩემი გული მოიგე და იმიტომ განვიზრახე შენთან დამოყვრება, დანათესავება, თვარა სხვა რომ ვინმე ყოფილიყო, ხმასაც არ გავცემდი… გამოტეხილი გითხრა, ხლაფორთი ბევრი დამჭირდება, ქალი რომ დევიყოლიო, მარა კარგი კაცის გულისათვის კაცი რას არ იზამს…

– სად ცხოვრობს მამიდათქვენი? – შეეკითხა დაინტერესებული პლატონი.

– ქვედურეთში!

– ქვედურეთში?! – გაკვირვებით განიმეორა პლატონმა.

– ჰო!.. რამ გაგაკვირვათ? ა?

– ისე!.. ქვედურეთში მე კიდევ მითხრეს ერთ ქალზე…

– ვინ გითხრა? – გააწყვეტინა სიტყვა არისტომ. – ვინ?

– არა… ისე, ლაპარაკში სიტყვას მოჰყვა, თვარა…

– ვინ იყო მაინც, თუ კაცი ხარ…

– ადვოკატი რომაა, ივანე გვერდევანიძე… გეცნობებათ…

– უი, უი… და ივანეს სიტყვას უნდა აჰყვეთ?! ცნობით რავა არ ვიცნობ, ბიძაჩემია ის სულწაწყმედილი, ის… იმის სიტყვის დაჯერება გაგონილა? მხოლოდ მოტყუებაზედაა გამაცადინებული ყოველ წამში… ივანე რა ეშმაკად გინდა…

– არა, ყმაწვილო, გინებით არც იმას უგინებია ის ქალი, ის კი არა, ძალიან აქო… ძალიანაც აქო…

– ასე დაგეწყო, შე დალოცვილო, თავიდანვე… ტყვილა გამალანძღვიე ნათესავი… ცეცხლი შემომეკიდა… რა ვიცი დღეს კაცი კაცს ისე ვერ ახსენებს, რომ მისი გინება და ცუდად მოხსენება თანვე არ დაატანოს… მე ვთქვი ახლა, თუ ივანემ თავისი ნათესავი აგინა… ბრეგაძის ქვრივზე გითხრათ რამე?

– სწორედ… სწორედ.

– ჰო და ეგ არის… ჩემო ძმაო, პირობა ხომ არ გვქონებია, ორივეს ერთნაირად გვექო ის ადამიანი?.. ალბათ, ღვთის ნებაც ურევია ამ საქმეში, თვარა ერთნაირად მოლაპარაკე კაცი სადმე შეგხდომია შენ ჩვენში, თუ ძმა ხარ?

– გვერდევანიძემ არც კი იცის, თუ რა საქმეზე ვარ მოსიარულე.

– ჰო და ეგ არის… ეგ არის, ჩემო ძმაო და კეთილო! ღმერთმა ათქმევინა მას და შენ გაგაგებინა თავისი სურვილი ივანეს პირით… სხვაგან ნურსად გადავარდებიო… იქვე განიშნა შენი საძებარი… ღმერთს ყვარებიხარ… თქვენი სახელი, უკაცრავად… ჰო, ღმერთს ყვარებიხარ, პლატონ ჩემო, ამიტომაც მეტი ლაპარაკი საჭიროც აღარ არი და გადავწყვიტოთ საქმე… ძმობაზე ხელი მივცეთ ერთმანეთს. ჰა! – და არისტომ ხელი გაუწვდინა პლატონს.

პლატონი კი ახლა მეტად აირია და გაუბედავობამ შეიპყრო, გადაწყვეტილების მიღების წინ წამდგარი. არისტოს სიტყვა ერთობ ნამდვილ სიტყვად ეჩვენებოდა. ეს ქალი მართლა და ბეკინას ბედი უნდა ყოფილიყო. აბა, რა იყო, რომ იმ წამიდანვე, თავის ჭიშკარს ფეხი გადმოადგა თუ არა, მხოლოდ ამ ქალზე ელაპარაკებიან ყველანი, შემხდურიც და დამხდურიც. უსათუოდ ეს უნდა იყოს მამამისის ბედი. მაგრამ ამასთანავე გადაწყვეტილების მიღებაც უძნელდებოდა. ვაი თუ უფრო სანდო სხვაგან მოინახებოდეს და ამაზე გადაწყვეტით საქმე გამიფუჭდესო?!

– ორნაქმარებია მამიდათქვენი, არა? – ჰკითხა პლატონმა, რომ უფრო დარწმუნებულიყო და ერთხელ კიდევ გაეგონა დამაჯერებელი სიტყვა.

– რასაკვირველია, ორნაქმარები… წინედ უცნობლაძეს ჰყავდა. მერე – ბრეგაძეს!

– შვილი არ ჰყოლია არც ერთთან?

– გეფიცები პატიოსნებას, შვილი არ ჰყოლოდეს თავის დღეში!

– დიდხანს ჰყავდა უცნობლაძეს?

– თუთხმეტი წელიწადი. – და არისტოს გაეცინა.

– თუთხმეტი წელიწადი!.. ბრეგაძეს?

– რვა! – ისევ სიცილით მიუგო არისტომ.

– რვა.

– ჰო, რვა! ეგ ნამეტანია, ყმაწვილო! – ვეღარ იკავებდა სიცილს არისტო.

– რას იზამ კაცი, გაჭირვება ათასნაირ სისულელეს გაფიქრებიებს და თან უხეიროთაც გალაპარაკებს! – ღიმილით მიუგო პლატონმა. – რვა წელიწადი… და შვილი არც ამასთან ჰყოლია?

– არა, ყმაწვილო, არა!.. – მოუთმენლად ამბობდა არისტო. – გეუბნები, აღარაა შენი ლაპარაკი საჭირო… ავდგეთ ხვალ, შევჯდეთ ცხენებზე, მივიდეთ, ვნახოთ ის ქალი, დევითანხმოთ და მორჩა, საქმე გავათავოთ!.. აბა, ხელი… ხვალ ქვედურეთში მივდივართ! საქმე გათავებულია.

პლატონი გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილას და არისტოს შეჰყურებდა. იგი ისევ ყოყმანობდა, საბოლოოდ ვერ სწყვეტდა საქმეს.

– ჰო, ყმაწვილო!

– ცოტა მომითმინეთ!.. ასე უცბათ…

– ე, თქვენ, როგორც გატყობთ, გაუბედავი კაცი ყოფილხართ! გაგიგონიათ ასეთი გაუბედაობა, ამდენი ყანყალი!.. საქმე ცხადია და ნათელი – რაღა მოთმინება და გადადებ-გადმოდებაა საჭირო კიდევ!

– არა… არა!.. ასე სულდაუთქმელად არ შემიძლია, ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებ ჩემს პასუხს… ასე აჯობებს კიდევაც! – თავის სიტყვაზე იდგა პლატონი.

ბევრს ეცადა ქვაშავიძე პლატონისათვის სიტყვა დაეცდევინებინა, მაგრამ მაინც ვერას გახდა.

– მაგარი კაცი ყოფილხარ ძმობას ვფიცავარ!.. ძალიან მაგარი. რა გაეწყობა!.. აბა, ამ ვახშმობამდის გევიგებ შენს სიტყვას და მანამდის მოთმინებას ვიქონიებ…

ამ საგანზე ლაპარაკი დამთავრებულად უნდა ჩათვლილიყო ვახშმობამდის. ორივე ჩაჩუმდა, სანამ ახალ სალაპარაკო საგანს მიაგნებდნენ.

– კი არ გაყინულა ეს ჩვენი ჩაი!.. – წაავლო ხელი სტაქანს არისტომ. – შენ რომ არა, უფრო თბილის დალევა მოგვიხდებოდა ორსავეს. – ღიმილით დაატანა მან.

– ცივი კბილებს შეინახავს. – მიუგო პლატონმა.

– ეგეც მართალია! – თქვა არისტომ, უცბად გამოცალა სტაქანი და ლამბაქით და კოვზით ხელში აივანზე გავიდა, რომ მოსამსახურისათვის გადაეცა.

აქ ისევ სიცილი და მხიარულება სუფევდა.

– სახლში ხომ არ ეპატიჟებოდი პლატონს, ასე ჩაცივებით რო მისდექი მაგ კაცს? – მიმართა სიცილით ერთმა ყმაწვილთაგანმა არისტოს.

– მგონია, ძალიან უარით გამოისტუმრეს ”ზნაკომობაზე”! ”ხადი დალშე, ზნაკომ ბუდეშო!..” არისტო, ხომ? – დაატანა მეორემ.

– არ ეტყობა?! ბარგიც თან ოუკრავს! ხა, ხა, ხა!

– რავა? ასე სახელგატეხილია არისტო, რომ ამდენი ხვეწნა ჭირდება, სახლში რომ ვინმე მიიწვიოს? – სიცილით იკითხა ჯიმშერმა.

– მიიწვიოს კი არა, მიიტყუოს, ბატონო, მიიტყუოს! ყველა ჩემსავით სულელი კი არ არის!.. – წამოიძახა ერთმა კოხტა, მაღალი ტანის, ლამაზი სახის ყმაწვილმა.

– რავა იყო, კოტე… რავა, შენ რომ დაგპატიჟა?! – მიაძახეს ამ ყმაწვილს სხვებმა და ატყდა ერთი ხითხითი.

– კაია, ნუღა გამახსენებთ, თუ ღმერთი გწამთ!

– ააბრუნა ამან თავის წისქვილი! – ღიმილით მიაძახა არისტომ.

– მოჰყევი, მოჰყევი კაცო!.. – მიაძახეს ყმაწვილს. – ჯიმშერს არ გოუგონია მაგ ამბავი!

– გავბრიყვდი, ბატონო, გავბრიყვდი და ვესტუმრე მაგ უხეიროს… არ მომეშვა, თქვენ ნუ მომიკვდებით, თვარა ჩემით რავა წევიდოდი!.. ჯერ დიდხანს უარს ვეუბნებოდი და მერე, რომ აღარაფერი გამეწყო, მე ვთქვი, კაცი დამემდურება-თქვა, რაც იქნება, ვეწვევი-მეთქი… ავდექი და წევედი… წევედი. სწორედ აპრილი იყო… მე ვთქვი, ღვინო ჯერ კიდევ ექნება კაცს, სირცხვილში აღარ ჩავაგდებ-თქვა… ამის გულისათვის ტალახი ბევრი ვსრისე, ღობე ბევრი გავარღვიე, გზები ისეთი, რომ ძლივს გავატანე… რავარც იქნა, მივედი, მივაწიე… დაღლილი, დაქანცული. მოვისვენებ ერთი, ვამბობ ჩემს გუნებაში… მივედი ახლა, გადავიხედე ეზოში – სადღაა სახლი. ფიცრები ყრია აქაც, იქაც… აგერ გამოუწყიათ ახალი სახლი, სვეტია მხოლოდ და მასხარობასავით მარტო ერთი კარი ოუკიდნიათ… ჩევედი ეზოში… ვუყურე, ვუყურე, მომივიდა გული, მივაფურთხე ერთი და გამოვაბრუნე ცხენი და გაცეცხლებული მივდივარ უკან… ვიღაც კაცი შემხვდა, ვკითხე: ბიჭო, არისტო ქვაშავიძის სახლი სად არის-თქვა და… ”ბატონო, არისტოს ფიცრების მეტი არაფერი აქვსო, სახლი სად აქვსო”… თურმე ძმები გაყოფილან, სულ ფიცარ-ფიცრად გაუტანიათ სახლი და ახლა ორსავე, რომ მთელად აღარ აქვთ მასალა, ქე არიან ისრე უბინაოთ… დაყანყალობენ იქით-აქეთ. მაგათ ღმერთმა მშვიდობა მისცეს და მე რაზე მპატიჟობდა, ჰკითხეთ ერთი!

– გაყოფამდი გპატიჟობდი… მაშინ უნდა მწვევოდი… ჩემი რა ბრალია. არა, ბატონო ჯიმშერ?.. კაი, თუ გინდ აგრე იყო, არ დამითვრიხარ იმ ღამეს მერე? – მიმართა სიცილით არისტომ კოტეს.

– ეგ კი… რომ ვბრუნდები ის არის, გევიხედე აგერ არ შემომეყარა გზაში ეს ჩემი მასპინძელი?! აი, შენ ასეთო, აი შენ ისეთო – მივაძახე გაცეცხლებულმა… – არ გრცხვენია, ასე მომატყუე, მომკალი?! გულზე ვსკდები კაცი! ეს-კი იცინის… სადმე თავი მიმადებიე, შე უღმერთო, ვეხვეწები დაღლილი, მკვდარი კაცი. წამიყვანე, სადაც შენ მიეთრევი-თქვა… წამიყვანა, ბატონო, ვიღაცა ნათლიმამა ჰყოლია. ვინ ოხერმა მოანათლია მაგას შვილი! წამიყვანა, მიმაყენა ყაზახისას… მოიფხანა ყაზახმა თავი, მარა რარიგად… რა არ მოგვიტანა, რა არ მოგვართვა, რა მასპინძლობა გაგვიწია… ეს შეჩვენებული კი დათვრა და სულ ერთიანად სტაქნები და საინები დოუფშვნა… ახლაც მრცხვენია, რომ გამახსენდება…

– ხომ დაგათვრე?.. ამაზე იყავი მოსული და რაღას მემდური კიდევ, ჩემო ძმაო… დრო გაგატარებიე, ვალი გადამიხდია! – დაატანა არისტომ. – მეტი რაღა გინდა?

– ეგ იმ კაცმა მცა პატივი, შენ კი არა!..

– ჩემით… აბა, მარტო მიბრძანებულიყავი… მარა შენ რომ მოჰყვები მასხრობას, ხვალამდი ვერ გაათავებ! – ხელი აუქნია არისტომ და ოთახში შევიდა.

ბალდავაძე საზოგადო სიცილში ისევ განაგრძობდა თავის მონაყოლ ამბავს, არისტო კი ამ დროს დაეძებდა სალომეს, რომელიც ვახშმის განკარგულებაში იყო.

IX

– ბიძი, სალომე სადაა? – ჰკითხა მან ჯიმშერის პატარა ქალიშვილს.

– უკან ბალკონზეა, ბატონო! – მიუგო ბავშვმა.

არისტო გავარდა იქით და სალომესთან მისულმა, ხმადაბლა მიმართა:

– თუ შეიძლება, ბატონო, ერთი წამით! – და თვითონ წინ წამოუძღვა სალომეს.

– უკაცრავად ვარ, საქმეს მოგაცდინეთ! – დაიწყო არისტომ, როცა ორივე ერთ მივარდნილ ოთახში შევიდნენ და არისტომაც კარი მიიხურა. – თქვენს ქმარ-შვილს, კარგ ქმარ-შვილს გაფიცებთ, შემეწიეთ ერთ პაწია საქმეში… მლოცავი ბევრი გყავთ, მაგრამ ერთიც რომ მიიმატოთ, ამით არას წააგებთ… მადლია და ღმერთი კიდევ უფრო მწყალობელი იქნება თქვენი, რავარც ახლა არის…

სალომე განცვიფრებით შეჰყურებდა ამ უცნაურ კილოზე მოლაპარაკე კაცს, რომლის სიტყვები მისთვის სრულიად გაუგებარი იყო.

– რა იყო, არისტო?

– ახლავე მოგახსენებთ… ამ საათშივე… მამიდაჩემს გაბრალებთ… უბედურ მამიდაჩემს… ბრეგაძეს რომ ჰყავდა…

– რავა? ხომ არაფერი დამართია? ა?

– ახლა დეემართა… ჩავარდნილია, თქვენი მტერი ჩავარდა ცეცხლსა და გენიაში… მგლების ხელში!.. თქვენც გაგონილი გაქვთ იმათი უწესობა და თავლაფდასხმა… რა ქალი და რა ოჯახში მოემწყვრა, რა ოჯახში?! რა შეჩვენებულების ხელშია! თან მეცოდება საწყალი, საბრალო მამიდაჩემი, და თანაც მერცხვინება, ვერსად ვერ გამიმხელია მათთან მოყვრობა: ღარიბი, ღატაკი, დამსილიო, რომ გაგიგონია, სწორედ ისინი არიან!.. ებრძვიან ერთმანეთს, ეჭიჭყინებიან… კაცი ვერ მიხვალ, ვერ მიგიღებენ; ვერც თავად სადმე ჩნდებიან, გდიან ისე და აქვთ ნიადაგ ერთი ჩხუბი, ერთი დავიდარაბა ერთმანეთში… მე რომ ახლობელი მოყვარე ვარ, მე ვერ მივდივარ, არ შემიძლია უბედური ნათესავი ვნახო წელიწადში ერთხელ მაინც… რარიგად მივიდე? მე შენ გეტყვი, მიღება შეუძლიათ, ბინა აქვთ, სახლი, კარი, სასმელი, საჭმელი… ჰმ!.. ჩემს სისხლ-ხორცთან ვერ მივიდე წელიწადში ერთხელ, ორხელ?! გოუგონია კაცს?! მარტო მრცხვენია, ამისთანა მოყვარე რომ მყავს… მერცხვინება, შენ ნუ მომიკვდები!.. და აგერ შემთხვევა არის და თქვენს სულს დავენაცვლე… თქვენს შემწეობას ნუ მომაკლებ… სულის საცხონებელი საქმე ქენი… შეეწიე საწყალს, გულშეწუხებულ, დამწვარ-დადაგულ, დახრაკულ დედაკაცს… შეეწიეთ, ღმერთი თქვენც შეგეწევათ!..

– რითი, ჩემო არისტო, რითი? – ეკითხებოდა გაკვირვებული ქალი, არისტოს მჭევრმეტყველებით გულაჩვილებული. – რით, არისტო ჩემო?

– მხოლოდ ერთი თქვენი სიტყვა, სხვა არაფერია საჭირო. ერთადერთი სიტყვა! თქვენს ძმისწულს რომ ეგერ სამანიშვილი მოჰყვა, – დაიწყო უფრო ხმადადაბლებით არისტომ, – ის სამანიშვილი სადედინაცვლოს ეძებს… ორნაქმარებს და უშვილოს…

სალომეს გაეღიმა.

– მამა ახირებია, ცოლი უნდა შევირთოვო და მაგას მამულის გამყოფელიდან უნდა თავი დეიფაროს… და ეძებს დედინაცვლად ორნაქმარევ, უშვილო ქალს. დიახ!.. ჰო და მამიდაჩემი სწორედ ზედ გამოჭრილიო რომ იტყვიან, ისეა მაგათ საძებარზედ…

სალომე რაღაცას ჩაფიქრდა.

– მართლა არ ჰყოლია მგონი ელენეს შვილი, – წაილაპარაკა მან.

– არა, ბატონო, არა!.. შეჩვენებული ვიყვე, თუ ვტყუოდე, თუ როდისმე ჰყოლოდეს! რა ხანია თქვენ მას იცნობთ, თქვენ გაიგონებდით.

– კია ოცი წელიწადი!

– ჰოდა… ოცი წელიწადიც ხომ შვილი არ ჰყოლია… მერე კაი შეგვიანებული იყო, რომ გაუთხოვებიათ… ახლა ეყოლება მაგას შვილი? თავს დავდებ, ბატონო, ხელს მოვიჭრი… რაც გინდათ, ის მიქენით!.. ვის გოუგონია მაგისი შვილი აწი! – ცხარობდა არისტო.

– მერე მე რითი უნდა შეგეწიო, არისტო ჩემო?

– ურჩიეთ მაგ სამანიშვილს დედინაცვლად ელენე… გამოჰკითხეთ აქეთ-იქით, ამბავს ჰკითხავთ და როცა სიტყვა ჩამოაგდოს… თქვენ უსათუოდ გკითხავთ რჩევას და ამას გევედრებით, მიქენით წყალობა, თქვენს სიტყვას ის კაცი გაჰყვება, უქეთ მამიდაჩემი, აცხონეთ სული, შეეწიეთ გაჭირვებულს!.. მაგ ყმაწვილი ერთადერთი შვილი ყოფილა ოჯახში… როგორც ეტყობა, კი, ცოტა მაგარი კაცია, მარა რიგიანი უნდა იყვეს. ჩემთვისაც ძალიან იქნება, ბატონო, მიხვალ კაცი კაცთან, ნახავ, გნახავს, მტერ-მოყვარეობას გაგიწევს… შენი ჭირიმე, ჩემო ბატონო, ჩემო!.. ერთი სიტყვით… რაღა ვთქვა… – და სიტყვა რომ აღარ ეხერხებოდა, ყელმოგრეხილი არისტო ყანყრატოში მარცხენა ხელის წავლებით, წვერებწამოშვერილი, უცნაურად ეღრიჭებოდა სალომეს. – შენი ჭირიმე… შენი… შენი!

– ბატონი ბრძანდები… კი, ბატონო… მაგაზე რათ გინდა მაგდენი ხვეწნა!..

– შენს სულს ღმერთი გაახარებს… ჩემო ბატონო, ჩემო!

– კი, ბატონო, კი!..

– რაღა ვთქვა… რითი გადაგიხადოთ მაგიერი! – წამოიძახა არისტომ და ჩააფრინდა ხელებში სალომეს და კოცნა დაუწყო.

– მაგაზე, შე კაცო, რა… ნეტავი კი რამე იქნებოდეს და…

– კი, იქნება, კი… აწი კი იქნება ყველაფერი… და კაცი არ ვიქნები თუ დღე არ გავუმწარე იმ ოხრიშვილებს!.. მე ვაყურებიებ იმათ თავიანთ სეირს… საქვრივოს რომ გადავაშლეჭიებ!.. მაშინ ექნებათ საბუთი, ცუდი კაცი მიძახონ… აბა, ბატონო სალომე… მეტი რავაღა შეგაწუხო კიდევ!..

– მოგახსენე და სწორედ ვეცდები… მეტი ხვეწნა რაღა საჭიროა!

– თქვენ გაცოცხლათ ღმერთმა უკუნითი უკუნისამდე… თქვენ გაცოცხლათ!.. – წამოიძახა გრძნობით არისტომ და უცბად დაატანა: – ახლა კი ისევ ზალაში შევალ, თვარა ეგებ ქე შემნიშნოს გამოპარვა და ეჭვიც ეიღოს რამე იმ კაცმა… ნურას უკაცრავად, შენი ჭირიმე! უნდა შევიპარო ისე, შეუმჩნევლად…

და კმაყოფილი არისტო ოთახიდან უცბად გამოვარდა და მარტოდ დატოვა გაოცებული სალომე.

ამ დროს პლატონი ერთ წყვეტებაში იყო. თუმცა მის გარშემო ხმაურობა და ჟრიამული იდგა, მას არა ესმოდა-რა, – თავის აზრებში იყო წასული. იგი თითქოს ვერც ამჩნევდა, რა მხიარულება სუფევდა ამ საზოგადოებაში; ვერ ხედავდა, რარიგათ ეჯიბრებოდნენ ეს ყმაწვილები ერთმანეთს, თუ ვინ უფრო მეტ სიცილს გამოიწვევდა, ვინ უფრო აამებდა მათ საყვარელ მასპინძელს, რომელიც გულით ერთობოდა და ხალისობდა. პლატონი ხანდახან თუ ათხოვებდა ყურს, რაც ამბავი ხდებოდა მის მახლობლად, თორემ სულ იმას ფიქრობდა, რა ექნა, რა გადაწყვეტილებას დასდგომოდა? მიეღო ამ ქვაშავიძის წინადადება, თუ არა? გადაეწყვიტა ამ ვიღაც ბრეგაძის ქვრივზე საქმე, თუ სხვაგან ეძებნა სხვა ქალი? ვაი თუ ეყოლოს შვილი?.. მარა თუ მართლა ორნაქმარებია, უშვილო… შვილი რავა ეყოლება… რა ღმერთი გაუწყრება. რა! ჯინი ხომ არ ჭირს მისი? იგი ათასნაირად სწონიდა ამ საქმეს. ხან ასე ფიქრობდა, ხან ისე. ხან გადასწყვეტდა, ხან ისევ მეტ გაფრთხილებას ურჩევდა თავისთავს… ყმაწვილი კაცი ერთ გაწამაწიაში იყო… დრო კი მიდიოდა და საჭირო იყო რაიმე გადაწყვეტილება მიეღო, საჭირო იყო პასუხი მიეცა ქვაშავიძისათვის, დაპირებისამებრ. ეძიოს სხვაგან? უარი უთხრას ქვაშავიძეს?.. თუ სალომესთან მივიდეს და დაეკითხოს? მაგრამ რარიგათ? ვინ მისცემს იმდენ თავისუფლებას ახლა სალომეს, რომ მასთან თავისუფლად მოლაპარაკება შეიძლოს?.. საწყალს, ამ გაწამაწიაში მყოფს, თავბრუ ესხმოდა. მოღალული ტვინი ხეირიანად ვერც კი მოსაზრეობდა და დაღლილი პლატონი იჯდა ხანდახან გაყუჩებული, გაყეყეჩებული. ამ გაწვალებაში მყოფს უეცრივ არისტოს ნათქვამი გაახსენდა. ეგება მართლადაც ეს ქალი მამამისის ბედი იყოს?! მართლა, რა არის, აბა, რომ თავიდანვე ამ ქალს უხსენებენ და ყოველი გარემოება ისე ეწყობა, რომ უსათუოდ ამ ქალის მხსენებელი ხვდება ყველგან, თითქოს განგებ პირი შეეკრათ ამაზე… ხომ არავინ იცოდა? მას ხომ ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის საიდუმლოს შესახებ გვერდევანიძესთან – თვითონ იმან ახსენა და აქო ეს ქალი… ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ მაინც აქეთ წამოვიდა… აქ მოვიდა და, თითქოს განგება იყოს, ეს ქვაშავიძე დახვდა და ამავე ქალს ურჩევს და აძალებს… რა უნდა იყოს ასეთი უცნაურად მოწყობილი ამბავი?.. რას მიეწეროს?.. ასე უმნიშვნელოდ რავა იქნება, რავა ხდება ეს ამბავი?! ეგებ მართლა ღმერთი ანიშნებდეს და გაჭირვებულს დახმარებას აძლევდეს, ეწეოდეს, საქმეს უადვილებდეს, ბედზე უთითებდეს… აბა, რატომაა ასეთი უცნაური, თითქმის შეთანხმებული, ერთპირიანი ლაპარაკი ყოველგან ამ ერთ ქალზე?! და ამაზე, ამ აზრზე შეჩერებული პლატონი, რაც უფრო უკვირდებოდა გარემოებას, უფრო და უფრო რწმუნდებოდა, სჯეროდა, რომ აქ სხვა არა უნდა ყოფილიყო რა, რომ ბრეგაძის ქვრივი მამამისის ბედი უნდა ყოფილიყო და მას უთითებდნენ ზედ, ანიშნებდნენ. ამ აზრმა ისე შეიპყრო პლატონი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ, თითქოს მძიმე ტვირთმოხსნილივით, რაღაც გასაჭირისაგან განთავისუფლებულივით მან მხიარულად, თავისთავად წაილაპარაკა:

”სწორედ… სწორედ… სწორედ ასე უნდა იყვეს! რაც იქნება – იქნება!.. ბედს სად წაუვა, სად დეემალება კაცი?!”

და გულგახსნილი ახლა გუნებაში ღმერთს ეხვეწებოდა ისევ, რომ შეებრალებინა მისი ცოლ-შვილი, მისი თავი და ყოველივე უბედურება თავიდან აეცილებინა.

გულმოშვებული ახლა იგიც შეუერთდა საზოგადო მხიარულებას, ახლა იგიც სიამოვნებით შეჰყურებდა ამათ მასხრობას, იცინოდა ამათთან, ამ უდარდელ ყმაწვილებთან.

”იყოს კაპასი… ავგულიც. რას დამაკლებს?! – გაურბენდა ხანდახან თავში და მერე ისევ ყური ამ ყმაწვილებისაკენ ჰქონდა. – მარა, ვაი თუ დედაკაცი უარზე დადგა, მაშინ?. – ისევ უბრუნდებოდა თავისას პლატონი. – მაშინ?.. ეგ რავა შეიძლება!.. რაკი ბედია… უსათუოდ დათანხმდება, რავა შეიძლება!.. – ანუგეშებდა თავისთავს. – ეს არისტო რა იქნა!”

უნდოდა ახლავე შეეტყობინებინა მისთვის თავისი გადაწყვეტილება, ეთქვა, რომ ხვალ უსათუოდ წასულიყვნენ ქვედურეთში და საქმე გაეთავებინათ. დაუწყო არისტოს ძებნა თვალით და ის იყო აივნიდან ზალის გაღებულ კარებში არისტოც გამოჩნდა.

არისტომაც მოჰკრა თვალი პლატონს და როცა შეამჩნია სახეზე რაღაც კმაყოფილება, წავიდა მისკენ.

– რას შვრები, კაცო? – ხმადაბლა ჰკითხა მან. – როგორ გადაწყვიტე?

– ხვალ წავიდეთ ქვედურეთში! – უთხრა პლატონმა.

– აბა რაღას მაწვალებდი, შე კურთხეულის შვილო… ძმობას გეფიცები, იმდენს საქვრივოს ავაღებიებ, რომ…

– არა, არა… რაში მინდა, გაჭირვებულების წანართმევი!.. საქვრივოს რას დავეძებ!..

– ერთი შენ კიდევ! – შეუტია არისტომ.

– მაგას თავი დავანებოთ… ეს მითხარი, მამიდათქვენი ულამაზო ხომ არაა?.. მტერმა არ გაგვცინოს, მოყვარესაც არ ეწყინოს…

– ულამაზო? მიბრძანდით… მონახეთ მეორე მისი დასადარი ქალი… რითაც გნებავთ – სილამაზით, შეხედულობით, ჯანმრთელობით… რას ამბობთ?! ჰმ!

– კაი დაგემართოსთ, კაი დაგემართოსთ!.. აბა ხვალ… ნუღარ გადავდებთ!

– არა, არა! – მიუგო არისტომ – დარდი ნუ გაქვს… აწი მე ვიცი!

პლატონი ერთობ კარგ გუნებაზე დადგა, აღარც კი დაეძებდა მაინცდამაინც სალომესთან წინანდელ გადაწყვეტილებისამებრ მოლაპარაკებას, რჩევის კითხვას; დარწმუნებული იყო, რომ ბეკინას ბედს მიაგნო და რამდენიმე ხნის შემდეგ მოსალხენად გამზადებული ვახშმის სუფრას მიუჯდა და მხიარულად ელაპარაკა სალომეს, შემდეგ ვერიჩკას სიმღერაშიაც მხარი მისცა; შეუერთდა საზოგადო ყიჟინს და ყანწს ყანწზე გულმოდგინებით სცლიდა.

– არისტო, პლატონ, აბა, ჰე, აბა, ჰე! – უძახოდა მათი მოლხენით ნასიამოვნები ჯიმშერი. – არიქა, პლატონ… ჩემს პლატონს სიცოცხლე და დღეგრძელობა და ყოველივე სიკეთე! – მიაძახა მან, გადაისვა ტუჩებზე ხელსახოცი და წამომდგარმა გაუშვირა ყანწი. – მოდი, ერთი მაგ შენ ლამაზ წვერებში გაკოცო!

პლატონი წამოვარდა, მივარდა ჯიმშერთან, გადაეხვია მოხუცებულს, მხურვალედ აკოცა გულში და იქვე ღვინით ავსილი სასასმო სულდაუთქმელად გამოცალა.

გათენებამდის დიდი ხანი აღარც კი რჩებოდა, სუფრიდან რომ წამოდგნენ არისტო, პლატონი და მათთან კიდევ ორიოდე ყმაწვილი. სხვებმა უფრო ადრე მიატოვეს სუფრა და ზოგი იქვე იწვა ზალაში ტახტზე გაგებულ ქვეშაგებში, ზოგი კი ოთახებში.

– ერთი ჩვენც წავდვათ თავი და მერე გავსწიოთ ჩვენთვის… – თქვა არისტომ და პლატონთან ერთად ეზოში ჩავიდა. ნიგვზის ქვეშ ორივემ გაიხადეს ჩოხები, დაიდვეს თავქვეშ, შეიხსნეს ახალოხის ღილები, გაგორდნენ სახლიდან ჩამოტანილ ნოხზე და ერთი წამის შემდეგ ორივე ღვინისგან გალეშილი, მძიმედ-მძიმედ ქელავდნენ ძილმორეულნი.

აგერ ინათლა და ამომავალი მზის სხივები მოეფინა დედამიწას. არემარე ჩაჩუმებული იყო, ტკბილ ძილში გართული; ყოველივე მიწყნარებული, მიყუჩებული, თითქოს ნაზობდა ამ თბილ, მანებივრებელ სინათლეში.

მოუსვენრად გატარებული ღამის შემდეგ ამ მშვენიერ დილას თითქოს სწადდა დაკარგული ძალ-ღონე დაებრუნებინა ყმაწვილებისათვის, რომელნიც მას მინდობიან და აგერ გარეთ ამწვანებულ ბალახში დაყრილან დასასვენებლად.

პლატონისა და არისტოს გარდა სხვებიც გორავდნენ ნათიბში, ღრმა ძილში წასულნი. აქვე სძოვდნენ მათი ცხენები.

მზემ კარგად წამოიწია. ჰაერიც თანდათან უფრო თბებოდა; სხივებს ძალა ემატებოდა და მათ ქვეშ მძინარის ძილიც უფრო მოუსვენარი ხდებოდა. აქამდის უძრავად მწოლარე, ახლა ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზე, მოუსვენრად შლიდა ხელებს, არიდებდა პირს ზევიდან დაჩერებულ მზეს, ნიგვზის ფოთლებს შუა შემოპარულ მის გამთბარ სხივებს…

– უჰ, თავზე არ წამოგვდგომია მზე! – უცბად წამოვარდა ზეზე არისტო და პლატონს დაუწყო ღვიძება. – ადე, ადე, ყმაწვილო… წავიდეთ, თვარა გაშუადღევდა ეს არის. ნუღარ დევიგვიანებთ!..

პლატონმა ძლივს გაახილა თვალები, ზანტად წამოდგა დაღლილი, მაგრამ აფაცურებული არისტო აჩქარებდა, ძილის ნებას აღარ აძლევდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ორთავემ ჩაიცვეს, დაიხურეს, ცხენები დაიჭირეს, შეკაზმეს, ბიჭის პირით მადლობა შეუთვალეს მასპინძელს, შესხდნენ ცხენებზე და გასწიეს ქვედურეთისაკენ.

X

სალობერიძის სახლიდან ქვედურეთამდე კაი შორი გზა ჰქონდათ ჩვენს მგზავრებს. მზე იწურებოდა, ისინი რომ სოფელში შევიდნენ და არისტომ ცხენი გააჩერა ერთ ჩანგრეულ ღობეში დატანებულ წკნელის ჭიშკართან.

– მივაწიეთ, ღვთის მადლით! – წამოიძახა მან და ცხენიდან ჩამოხტა.

ჩამოხტა პლატონიც.

– აქაა? – იკითხა მან.

– აქ გახლავან, აქ, – რაღაც მტრულად წარმოსთქვა არისტომ, – აქ გახლავან… ე, იმ ქოხში უფროსი ძმა გევიდა დროებით… ამაში კი საშუალო და უმცროსი არიან… ეი, მასპინძელო! – დაიძახა არისტომ, ჭიშკარი რომ შეაღო და ეზოში შევიდნენ.

– მე შენ გეტყვი, ხმას ვერ გააწვდენ თავიდან ბოლომდის, იმხელა გაშლილი ეზო აქვთ ამ შეჩვენებულებს… ჩაბარდნენ პატრონს, თუ რა დეემართათ, რომ არავინ ჩანს! – წაილაპარაკა წინ მიმავალმა არისტომ.

ოდის ყურიდან თავსაფარწაკრული ქალის თავი გამოჩნდა და იმწამსვე მიიმალა; მერე იქიდანვე გამოხტა წვივებგატიტვლებული, პერანგა ბავშვი, შეჩერდა, მიტრიალდა უცბად, ამოეფარა სახლის ყურეს და იქიდან დაუწყო ცქერა მოსულებს.

– ეწყინათ ჩვენი მოსვლა ამ მუდრეგებს?! – წაილაპარაკა არისტომ და მზად იყო ერთი-ორი ასეთი გინება კიდევ მიეძღვნა მასპინძლისათვის, რომ აივანზე გამოჩნდა თმაგაჩეჩილი, ლამაზი სახის, ახალუხზე ღვედშემორტყმული, გაშლილი ჩოხით ყმაწვილი კაცი და სტუმრებისაკენ წამოვიდა.

ეს იყო უმცროსი ბრეგაძე, სერაპიონი.

– პლატონ სამანიშვილი გახლავთ!.. სერაპიონ ბრეგაძე!.. – პირველი მისალმების შემდეგ გააცნო ერთმანეთი არისტომ.

– მობრძანდით, ბატონო! – მიიპატიჟა სერაპიონმა მოსულები. – ეს ცხენები მიბოძე, არისტო!

– სერაპიონ ჩემო, აქიდანვე უნდა გამოგიტყდე, რომ ამაღამ თქვენს იქით გზა აღარა გვაქვს… ვეღარსად წავალთ და, თუ ძმა ხარ, ცხენებისათვის საკვები გვიშოვე, შენი ჭირიმე! – უთხრა ბრეგაძეს არისტომ.

– კი, ბატონო!.. რამდენიც გნებავთ… კი, ბატონო! ჯერ აგერ დავაბამ და მერე მე თვითონ მოვუვლი… სახლში მიბრძანდით!

– დავითი შინაა?.. – იკითხა არისტომ სერაპიონის უფროსი ძმა.

– არ გახლავთ… საღამოს გიახლებათ… სხვაგან საქმე ჰქონდა…

– კაი დაგემართოს – წაილაპარაკა არისტომ და თან გუნებაში დაუმატა: ”აბა, საქმეს დაჩქარება უნდა იმ მხეცის მოსვლამდი, თვარა მერე დროსაც ვეღარ ვიშოვი, მამიდაჩემს სიტყვა ვუთხრა”. – მამიდაჩემი რას შვრება, სერაპიონ ჩემო?

– რას იზამს… კარგადაა… აგერ თავადაც მოდის!

მართლაც, ოთახიდან აივანზე გამოვიდა ხნიერი დედაკაცი, ჩამოირბინა კიბე და კვატასავით მობაჯბაჯებდა არისტოსაკენ, თან თავსაფარს ისწორებდა და თან გაიძახოდა:

– შენი ჭირიმე… შენ დაგენაცვლა მამიდაშენი ელენე, შენ! ჩემო გვრიტო და მალხაზო… ძლივს არ მოვესწარი კიდევ შენს ნახვას! შენი ჭირიმე, შენი, შენი! – და სიხარულით გაცეცებული ქალი ეხვეოდა თავის ძმისწულს და მხურვალედ ჰკოცნიდა. – არ გრცხვენია, ბიჭო, ასე რომ მიმივიწყე?.. ასე უნდა მამიდის დავიწყება?.. ასე?..

– აწი ხშირად გნახავ, მამიდაჩემო… უფრო ხშირად!.. სტუმარი მოგიყვანეთ, მამიდა, სტუმარი აზნაური პლატონ სამანიშვილი, ბეკინა სამანიშვილის შვილი! ძალიან სასიამოვნო სტუმარი! – ეშმაკური ღიმილით დაათავა არისტომ სიტყვა.

ხნიერი დედაკაცი უცბად მიტრიალდა, თავი დაუკრა პლატონს, ხელი ჩამოართვა და თანაც მოიბოდიშა:

– ღმერთო მომკალი! სიხარულმა გამომაჩერჩეტა მე უბედური, თვალები რავა ამება მე უბედურს, მობრძანდით; სახლში მობრძანდით, ნუ მიძრახავთ, ჩემო ბატონო!

– რას ბრძანებთ, ბატონო! – მიუგო პლატონმა, – რათ სწუხართ მაგისათვის…

– დავიწყებული ვყავარ, ჩემო ბატონო, სულ დავიწყებული! ერთხელ წელიწადში რავა არ უნდა გნახოს შენიანმა?

– გამხნევდი, მამიდაჩემო! აწი უფრო ხშირად გნახავ-თქვა, აკი გითხარი.

– უწინაც მპირდებოდი, მარა…

– ახლა აღარ მოგატყუებ, შენ არ მომიკვდე! – სიცილით მიუგო არისტომ.

– ნეტავი მაგას მოვესწრებოდე და!

– კი მოესწრები!..

სერაპიონს კიდევაც გაუკვირდა არისტოსაგან ეს დაჯინებული სიტყვა და უნდობლად მისჩერებოდა ამის მთქმელს, რადგან ვერ მიმხვდარიყო ნათქვამის მნიშვნელობას.

პლატონი კი დაკვირვებაში იყო გართული. ეს დედაკაცი სწორედ ურიგო არ იყო. თავის ხნოვანობის მიხედვით შეხედულებაც სასიამოვნო ჰქონდა. მართალია, ეტყობოდა გამოსვლის წინ უმარილი მოესვა პირზე, თვალების უბეები სულ ამოთეთრებული ჰქონდა ამ საცხებლით, მაგრამ მაინც მისი კაი ფერი წითური ლოყები თვალში ეცა პლატონს. და თქმა არ უნდოდა, რომ ბეკინა ვერ დაიწუნებდა ამ ქალს. რაც მეტს უკვირდებოდა პლატონი, თანდათან რწმუნდებოდა, რომ გულკეთილი, კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ამას იგი ქალის სახეზე კითხულობდა ნათლად; და ამასთან სალომესგან ამისი ქება რომ აგონდებოდა, მისი უშვილოსნობა, რომ ორი ქმრის ნაყოლი იყო, რომ მას შეეძლო მისი ლუკმის დაცვა განუზიარებლად, პლატონის გული სიხარულით ივსებოდა, მეტი სიამოვნებისაგან აჩქარებით ტოკავდა და სიყვარულიც ეღვიძებოდა ამ ადამიანისადმი. ამ უკანასკნელი გრძნობით, თუმცა ჯერ გამოუთქმელით, მას სწადდა ამთავითვე თავისკენ მიემხრო ეს ქალი, მიემხრო და ნამუსზე შეეყენებინა, რომ მასაც სიყვარულისათვის სიყვარულითვე ეპასუხა და არა ბოროტებით.

– ჩანს მართლაც ღმერთი მწყალობს! – გაიფიქრა კმაყოფილმა პლატონმა.

მიპყრობილი თვალით იგი ცდილობდა არისტო მიეხვედრებინა, რომ მას მოსწონდა მამიდამისი, რომ იგი თანახმა იყო და სწადდა, რაც შეიძლება მალე დაეწყნარებიათ მისი აფანცქალებული გული თანხმობის სიტყვის გაგონებით. იგი ისეთნაირმა მოუთმენლობამ შეიპყრო, ისეთნაირ მოუსვენრობამ შეიპყრო, თითქოს ვისიმე შიში ჰქონდა, მოცილე არ გამოჩენოდა, ვინმეს არ წაერთმია ეს მოხუცებული ქალი, ხელიდან არ გამოეგლიჯა მისთვის ასეთი ძვირფასი არსება.

არისტო ადვილად მიუხვდა, რასაც პლატონის თვალები ეუბნებოდნენ. მაინცდამაინც მისთვის არაფერი საჭირო იყო პლატონის ნიშნები. კი, მართალია, ამით საქმე ადვილდებოდა, მარტივდებოდა, თორემ მის გუნებაში საქმე გადაწყვეტილად იმ წამიდან მიაჩნდა, რაკი პლატონს ამ ეზოში ფეხი შემოადგმევინა; იმ წამიდან, რაც უნდა უარზე დამდგარიყო პლატონი, არისტოს გადაწყვეტილებით, იგი იძულებული შეიქმნებოდა, – ამას მოახერხებდა არისტო, – უსათუოდ დედინაცვლად მიეღო მამიდამისი. მაგრამ რაკი პლატონმა ქალი მოიწონა და თანახმა ხდებოდა, მას საქმე უადვილდებოდა. ამით შეხალისებული არისტო მიზეზს ეძებდა, რომ მამიდამისი ოთახში შეეხმო და გამოეცხადებინა მისთვის მათი მოსვლის მიზეზი.

ეს მით უფრო საჭირო იყო ახლავე ექნა, რომ დავითი სახლში არ იყო და მეთვალყურე უფრო ნაკლები ეგულებოდა.

ის იყო არისტომ ამის ასრულება დააპირა, რომ აივანზე გამოვიდა დავითის ცოლი, ნუჩია, ყმაწვილი, სახეგამხდარი ქალი, თითქმის ტიტველა, ძუძუთაბავშვით ხელში. მან სტუმრებს ხელი ჩამოართვა და ხმაამოუღებლად მიჯდა კუთხეში, პატარა, დაბალ სამფეხა სკამზე.

– ბატონი ძალიან გემდუროდათ, რომ არ ნახულობდით, – მიმართა არისტოს ნუჩიამ, ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ.

– ახლა საქმე ისე მაქვს, რომ აწი აღარ ვათქმევინებ მაგნაირ სამდურავს ჩემზე! – მიუგო არისტომ.

– კაი დაგემართოსთ!

– მაგასაც ვნახავთ! – თქვა ელენემ.

– აგერ ნახავ! – თქვა არისტომ და მერე უცებ დაატანა: – უკაცრავად ვარ, სერაპიონ ჩემო, ცხენებისათვის რომ გთხოვე… აწი ქე დაღამდება და…

– ახლავე, ჰა, ახლავე! – წამოდგა სერაპიონი და ქვევით ჩავიდა.

– მამიდაჩემო, ეს ლეკურ-ხანჯალი შემინახე შენ – წამოდგა არისტო და შევიდა სახლში: მას თან შეჰყვა მამიდამისიც.

არისტომ ჩამოიხსნა ლეკური და გადასცა ელენეს; ახლა ხანჯალს რომ იხსნიდა, კარებისაკენ თვალებდაჭერილმა, დაბალი ხმით ელენეს მიახალა შემდეგი სიტყვები:

– მამიდა, იმ ყმაწვილს დედინაცვლად უნდიხარ, იცოდე, და აქედანვე მითქვამს შენთვის, არაფრის გზით უარი არ მოხერხდება!

– ასე მასხრობაში უნდა გაატარო, შე დოუწყნარებელო, შენი წუთისოფელი?.. – მიუგო ხნიერმა ქალმა.

– შენ არ მომიკვდე, მე შენ არ გეხუმრებოდე!.. შენ არ მომიკვდე!.. კაი ოჯახი, კაი მამული… სახლი, კარი, პატიოსანი აზნოუშვილები… ჭარმაგი მოხუცებული… არც ისე მოხუცებული მაინცდამაინც!

– სუ, შე უხეირო, სუ! გეყოფა… სხვა რამეზე იმასხრე… შენ გენაცვალე, სხვა რამეზე… ღმერთო მომკალი!..

– კი არ გემასხრები, საქმეს გეუბნები და გეიგონე ჩემი! ღმერთი გამიწყრეს, თუ გეხუმრებოდე, შერცხვენილი ვიყო, თუ პირდაპირ ამაზე არ ვიყოთ მოსული. არ დაიჯერებ კიდევ? ამ მხეცების ხელში რომ ხარ, მებრალები და ღმერთმა ხსნა გაღირსა და ეს არის… – და არისტო მოუყვა სამანიშვილების ამბავს ელენეს, აწონებდა მათ, თუმცა თვალითაც არ უნახავს მათი ცხოვრება; პირდებოდა, რომ სულ აღარ მოგშორდები, რაკი სამანიშვილისას მიგიყვანო, ათასნაირ ფერადებით უწერდა ახალ ოჯახში ცხოვრებას.

– გზა არ გაქვს, გზა, უარი თქვა! რას ამბობ?! კაი ოჯახი, კაი სასმელი, კაი საჭმელი, ყველაფერი ბევრი… მე სულ შენთან ვიქნები, მეტი რა გინდა კიდევ? არა, უარის თქმა ყოვლად შეუძლებელია… ყოვლად შეუძლებელი! ლაპარაკი საჭიროც აღარაა. შენ არ მომიკვდე! – გადაწყვეტით ამბობდა არისტო.

ამნაირი უცნაური, მოულოდნელი ამბის გაგონებისას ხნიერი ქალი ხან “უიმეს” იძახდა, ხან შეჰკივლებდა გაოცებული, ხან აჩუმებდა თავის ძმისწულს, ხან რას ამბობდა, და ყოველივე ეს სიზმარივით ეჩვენებოდა საწყალს. მას სრულიად არ სჯეროდა ძმისწულის სიტყვა, ასე რომ არისტოს გულიც მოუვიდა ბოლოს, რომ ამ დედაკაცს ვერაფერი შეასმინა. ძლივს, როგორც იქნა დააჯერა, რომ მართალს ეუბნებოდა, რომ მთხოვნელი სახლში ჰყავდა მოსული და დარწმუნებულმა, რომ ხუმრობა აღარ იყო, ელენემ უნებლიეთ ამოიხვნეშა და უნებურად წამოსცდა:

– ვინ გამიშვებს აქედან, შვილო?

– რატომ?

– ხარჯი დაჭირდებათ… თავს ვერ ირჩენენ და ამნაირ საქმისათვის რა მოეძებნებათ?

– ჩემს კბილებს!.. მაგათ ხელში, რომ მოვკვდე, მაინც არ დაგტოვებ, რაკი ამნაირი საშუალება მეძლევა… რას დავეძებ მაგათ? კისერიც უტეხიათ!..

– რას იზამ, შვილო?.. რას მოუხერხებ?..

– რას ვიზამ? რას ვიზამ და მოგიტაცებ – ამას ვიზამ!

– უიმე… უიმე!.. – და პირზე ხელი მიიფარა ელენემ. – უიმე!.. ჩემი გამოჭენება გინდა ამ მოხუცებულობის ხანს?.. უიმე! უიმე! აჰ! არ თქვა, მაგ!.. არა, არა! შენი ჭირიმე!.. ასე გავატარებ გაძაღლებულად ჩემს წუთისოფელს… არაფერს არ დავეძებ, შენ დაგენაცვლე! – აწრიალდა იგი.

მაგრამ არისტო თავისას არ იშლიდა. გადაწყვეტით გამოუცხადა, რომ უსათუოდ უნდა წაჰყოლოდა სამანიშვილს, გამოუცხადა მოტაცებაც რაგვარად უნდა მოეხერხებინათ: ელენე ესტუმრებოდა ერთ თავის ნათესავს, საიდანაც წაიყვანდნენ და ჯვარს დასწერდნენ ბეკინაზე. არისტო ხმის ამოღების ნებასაც არ აძლევდა მოხუცებულ მამიდას, რომლის გონებას რაღაც ბურანი შემოხვეოდა ყოველი ამ გაგონილისაგან.

ამასობაში კი აივანზე დარჩენილი ნუჩია და პლატონი, თუმცა თითო-ოროლა სიტყვით შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრამ მუსაიფი მაინც ვერ გამოაწყვეს და მოელოდათ მეტად სამძიმო, უხერხული მდგომარეობა, ხმაგაკმენდით სხდომა, როცა მათდა ბედად ბავშვმა ტირილი დაიწყო და ერთი წამის შემდეგ ისეთი ყურთასმენის წამღები ჭყვირილი მორთო, რომ ნუჩია იძულებული შეიქნა ამდგარიყო და სტუმარი გაეთავისუფლებინა ბავშვის შემზარავი წივილისაგან.

მარტოდ დარჩენილმა პლატონმა პირი ეზოსაკენ მიიბრუნა და იქაურობას დაუწყო თვალიერება.

ჩამოწოლილ ბინდში ახლა კიდევ უფრო გულდამწყვეტი შეხედულება მიიღო აქაურობამ, ვიდრე პირველ დანახვაზე ჰქონდა. პატარა ხრიოკი, დაფერდებული ადგილი, აქა-იქ ჩამტვრეული ღობით შემოვლებული; ფერდობზე მიკრული, წინიდან ბარჯგებზე შეყენებული პაწაწინა ოდა, რომლის აივანზე იჯდა ახლა პლატონი; ცოტა მოშორებით გლეხური სახლი, ალბათ, უწინ სამზარეულოდ ხმარებული, რომელიც უფროს ძმას გადაეტანა და რომელშიაც ახლა ცხოვრობდა თავის ცოლ-შვილით, – ეს იყო ის შენობები, რაც ამ ეზოში ჩანდა. ღობის გადაღმა მოჩანდა ისლით დახურული, ერთიმეორეზე მიკრული გლეხის სახლები; ქვევით, დავაკებულში მოჩანდა დანარჩენი სოფელი, როგორც ეტყობოდა, ღარიბი, შეუძლებელი.

წინათ მიყუჩებული, მიჩუმებული სოფელი თითქოს ახლა შეხალისდა, გამოიღვიძაო; ორღობეებში თავდაღმართიდან ერთი ჯლიგინით მოერეკებოდნენ საქონელს, მოისმოდა უკან მომდევარ მწყემსების ყვირილი, შეწყრომა. სახლების ერდოებიდანაც აქა-იქ კვამლმა იწყო ამოფშუება.

თითქოს ამ პატარა ქოხშიაც სიცოცხლემ გაიღვიძაო. პატარა გოგომ ჩაფით წყალი მოარბენინა; მერე, ეტყობოდა ცეცხლიც დაანთეს და, რამდენიმე ხნის შემდეგ, გაღებული კარიდან მკაფიოდ მოისმა მჭადის მცხობელის ხელების პარტყა-პურტყი. პატარა თავშიშველა და ფეხშიშველა შვიდი-რვა წლის ბიჭმა, პარკით გვერდზე, სახრით ხელში, შემორეკა ეზოში რამდენიმე სული საქონელი; ამას უკან შემოჰყვა გრძელწვერა, შეხსნილი ახალუხით, ძელით მხარზე, ღვედში ნაჯახგარჭობილი კაცი, რომელმაც ერთი გაჯავრებით შეჰყვირა ბავშვს, როცა საქონელი ქოხისკენ გაეშურა; ბავშვი გაიქცა და ისევ აქეთ გამორეკა პირუტყვი. მოჰკრა თვალი თუ არა აივანზე უცხო კაცს, იმწამსვე ოდის უკან მიიმალა. ეს კაცი იყო დათია ბრეგაძე. ცოტა ხნის შემდეგ, ქოხის მახლობლად, გადასაბიჯზე გადმოაბიჯა მხარზე შეშა გადებულმა მეორე კაცმა, – ეს უფროსი ბრეგაძე იყო. მან კარებთან დააგდო ტვირთი, მოიხედა ოდისკენ, მიაჩერდა პლატონს და სახლში შევიდა.

– ის ვინაა, აივანზე რომ წამოჭიმულა? – უსიამოვნოდ, წარბების შეხრით შეეკითხა დათია ცოლს, რომელიც ცეცხლს ანთებდა ოდის უკან გადმოხურულში, რაიც სამზარეულოს მაგიერობას უსრულებდა ამ ოჯახს მის შემდეგ, რაც ანტონმა სამზარეულო სახლი გაიტანა შიგ დასადგომად, სრულს გაყოფილობამდის.

– რა ვიცი, ვიღაც სამანიშვილიაო… არისტომ მოათრია! – მიუგო სერაპიონმა.

– არისტომ?! მაგ ოხერი კიდევ მეეთრა?! რა მინდაო?..

– რა ვიცი, რა უნდა!.. დაწანწალობს, სხვა რა ენდომება!.. რაი მევიდა, სულ იმას იძახის, რომ აწი უფრო ხშირად ვივლიო… მამიდამისს არწმუნებს…

– მისმა სიცოცხლემ!.. მე იმას აქ ბინა დავადებიო?! ორივეს კარში გავყრი!.. რა გვარია ის კაცი?..

– სამანიშვილი, ბატონო, სამანიშვილი… რა იქნა ამდენი კითხვა? – გაჯავრებით შეუტია ნუჩიამ. – ვახშამი გვჭირია აგერ…

– რა ვახშამი უნდათ?.. – დაიწყო დათიამ.

– ახლა მაგას მომიყევი კიდევ! – გააწყვეტინა სიტყვა ცოლმა.

– აბა, რა!.. რაც მაქვს, ის ჭამონ, იმასაც კარგად გიახლებიან!.. არა, მაგათ სიცოცხლემ, ძროხას დოვუკლავ ახლავე!

– ჰო, ხმელა ჭადი და ლობიო მიუტანეთ!.. იმ უცხო კაცის მაინც უნდა მოირიდოთ, თქვე დალოცვილებო!.. ასეთი თავისმოჭრა, გამოჭიანურება არ გამიგონია მე!.. წადი, ბატონო, – მიუბრუნდა სერაპიონს ნუჩია: – წადი, ყმაწვილო, და ერთი ქათამი, რავარცხა იქნას, მონახე და დამიჭირე… არ შეიძლება ასე!..

– სად მოვნახო ახლა ამ ჩამობნელებულში!.. საცხა ორიოდე წიწილია, არც კი ვიცი კარგად, რომელ ხეზედ ჯდებიან!

– ეგერაა კვინცხაზე, ეგერ, ეჰ! – ანიშნა ნუჩიამ. – წადი, ღვთის გულისათვის!.. მერე უფრო გაგიჭირდება.

სერაპიონი მიბრუნდა და ზანტად, ბურტყუნით წავიდა კვინცხისაკენ.

– დედა, ჭადი მინდა მე! მშია! – მივიდა დედასთან ახლად დაბრუნებული სამწყემსურიდან დათიას შვილი.

– მეიცა, შვილო! ვერ ხედავ აგერ რამდენი საქმე მაქვს?! დათია, შეუმატე ამ ცეცხლს, შე კაცო!..

– მშია მე, რა მევიცადო!..

– დაგამშიათ გამჩენმა! – შეუტია ნუჩიამ, რომელმაც ის იყო ჭადებისათვის ფქვილს წყალი დაასხა გობზე. – დაგამშიათ გამჩენმა! ჰა! შენ თვითონ არ შეგიძლია, რომ მონახო და ჭამო?! აი, შეგარცხვინა ღმერთმა! – და ნუჩიამ შვილს გადმოუგდო ცივი ჭადის ნატეხი; მერე უცბად მიბრუნდა, წამოავლო პატარა დოქს ხელი, გაუშვირა იგი პატარა ბიჭს, რომელიც მადიანად ილუკმებოდა ცივ ჭადს და უთხრა:

– მალაქიასთან გადაირბინე, ვარლამია, და უთხარი, დედა შემოგეხვეწა-თქვა, ჩემო მალაქია, ეს ერთი დოქი ღვინო გამომიგზავნე-თქვა და მე ვიცი შენი პატივისცემა-თქვა… ჩემო მალაქია-თქვა, ძალიან შემოგეხვეწა დედა-თქვა… უთხარი, რომ უცხო სტუმარი მოუვიდა-თქვა. ჰა, დროზე ქენი, დროზე, ჩემო ვარლამია!

ბავშვმა გამოართვა დოქი და დედის დამტკბარ სიტყვაზე შველივით მოჰკურცხლა.

– ნელა, ბიჭო, დოქი არ გატეხო! – მიაძახა ნუჩიამ.

არისტომ რომ მამიდამისთან გაათავა ლაპარაკი, აივანზე გამოვიდა, ხმადაბლა და ხალისიანად უთხრა პლატონს:

– ერთ წამში მოვაკვარახჭინე საქმე, ერთ წამში… კინაღამ არ გადამერია საწყალი დედაბერი! ხა, ხა, ხა! მარა იმედია, ამათსავით შენ არ შემიკრავ ნათესავთან სასიარულოდ გზას! რასაკვირველია! – და არისტო მოუყვა, თუ როგორ უნდა დაებოლოებინათ მათ თავისი საქმე.

– საქვრივოს მერე ბიძაჩემს ივანეს ამოვაღებინებთ… ნახევარი იმან წეიღოს საქმის საწარმოებელი, ნახევარი შენ!.. რა გენაღვლება… მაგათ კი არ შევარჩენ და!

– ჰქონდეთ, ჰქონდეთ!.. ცოდვაა, არაფერი გააჩნიათ!

– რას დევეძებ! მე რა კარგი მახსოვს მაგათგან!

ეზოდან მოისმა რაღაც ხმაური… აგერ გაირბინა ქათამმაც, მას უკან მისდევდა ძაღლი დასაჭერად. აგერ კაცის ფეხის ხმაც მოისმა, რომ მირბოდა.

– ეს ოხრიშვილები, თავი ნუ მომიკვდება, ახლა დასდევენ ვახშმისათვის ქათამს!.. სად იყვნენ აქამდის?! ვაი თქვენს პატრონს, თქვენს პატრონს! პლატონ, სანამ ესენი ქათამს იჭერენ, ერთი ცხენებს დავხედავ ჩუმად, თვარა მე დარწმუნებული ვარ, ერთ კვნიტ ჩალას არ აღირსებენ და ხვალ, შენი მტერი იქნა ისე, ისენი რომ იქნებიან! – თქვა არისტომ, ფეხაკრეფით ჩავიდა კიბეზე და მიბნელებულში გასწია იქით, სადაც ცხენები ეგულებოდა.

ქათამს ისევ დასდევდნენ დასაჭერად და ამიტომ არისტო მორიდებით მიდიოდა წინ, რომ არავინ შეხვედროდა.

უეცრივ რაღამაც გაისისინა ჰაერში და არისტოს მძიმედ მოხვდა ჭოლოკი მარჯვენა კუნთში.

– არ მომკლა ამ ვირმა! – გამწარებით წამოიძახა მან და იქვე დაეცა მიწაზე გულშეწუხებული. – აი, თქვენი რჯული, აი, თქვენი!.. ოოოჰ! ოოოჰ! ქე არ მომკლეს ამ ურჯულოებმა ერთი წრიპა ქათმის გულისათვის!.. ამოგივარდათ ოჯახი! ოჰ, ჰო, ჰო! – ტკივილისაგან მიწაზე წრიალობდა არისტო და ორივე ხელით იზელავდა კუნთს. – თქვენ დაგწყევლოთ ღმერთმა, თქვენ შეგაჩვენოთ დამბადებელმა! ვის გოუგონია ღამეში ჭოლოკებით ქათმის დევნა! ყველაფერში უხეიროები, ყველაფერში!..

ახლა ეს ქათმის დევნა ეზოს მეორე ყურედან მოისმოდა. არისტო წამოდგა და კოჭლობით მაინც ცხენისკენ წავიდა.

– თითქოს განგებ ჩემთვის ესროლოს ამ შეჩვენებულს! – გაეცინა თვით არისტოს. – ძალიან არ გოუხარდება, რომ გეიგოს!..

და მან გადაწყვიტა, რაც შეეძლო, ძალა დაეტანებინა თავისთავისათვის, დაეძლია ტკივილი და მასპინძლისათვის მათდა სასიხარულოდ, არ გაეგებინებინა ეს ამბავი.

ცხენებს მართლა არაფერი საჭმელი არ ჰქონდათ, იდგნენ საცოდავად, ხეზე მიბმულნი ბაწრით. არისტომ თავი გააქნია, გულში ჩაირტყა მუშტი დაქადნებით და უკან გამობრუნდა გინებითა და ლანძღვით მასპინძლის მიმართ.

აივანზე რომ ამოვიდა არისტო, პლატონი იქ აღარ დაუხვდა; იგი დათასთან მუსაიფობდა ოთახში. მათ შეუერთდა არისტოც. ეს უკანასკნელი, მეტად ცუდ გუნებაზე დამდგარი, ისეთ კილოზე ელაპარაკებოდა დავითს, რომ პლატონი შიშმა აიტანა, – ვაი თუ რამ კინკლაობა მოხდეს ამათ შორისო. მაგრამ რაღაც მანქანებით დავითი მოთმინებით იტანდა არისტოს გადაკრულ სიტყვებს, უყურადღებოდ სტოვებდა მათ და ამის წყალობით ვახშამმაც მშვიდობიანად ჩაიარა და მშვიდობიანობაში მოსვენების დროც წამოეწიათ.

სტუმრები ცალკე დააწვინეს ოთახში; დავითი თავის ცოლითა და მათთან ელენეც მეორე ოთახში დაწვნენ; სერაპიონმა გარეთ, აივანზე, დაიგო ქვეშაგები.

ორსავე ჩვენს მგზავრს მალე მიეძინა, მაგრამ ისევ გამოეღვიძათ ბავშვის ყვირილ-წივილზე, რაიც მეორე ოთახიდან მოისმოდა. ეტყობოდა, რომ იგი მალე არ დაწყნარდებოდა და უფრო უმატებდა ჭყივილს დედისა და მამის გაჯავრებით “სუ”-სა და ”ჩუ”-ს მიძახებაზე.

– გაფხრეწა!.. გაგლეჯა!.. – ეუბნებოდა აქედან მოთმინება დაკარგული არისტო. – არ გადარჩენა… ყველასი!

– კაი, კაცო! გეიგონებენ! – აჩუმებდა პლატონი.

– გეიგონონ!.. ვაი და ვუი ყველას!.. რა დამაძინებს, თუ გიყვარდე, ამ ჯოჯოხეთში?!

მაგრამ დაღლილობამ მაინც დასძლია და ცოტა ხნის შემდეგ არისტოსაც და პლატონსაც ტკბილად ეძინათ, თუმცა ბავშვი კიდევ დიდხანს ჭირვეულობდა.

XI

შვილის მაშვლობა მეტად სასიამოვნოდ დაურჩა მოხუცებულ ბეკინას. ძალიან იამა გუნებაში ისიც, რომ ქალის მოტაცება სჭირდებოდა. ბეკინას გაახსენდა ყმაწვილკაცობა, ამისთანებს ჩვეული გიჟმაჟობა. ეს გარემოება რომ გაახსენდებოდა, რაღაც შემატებულ სიცოცხლეს ჰგრძნობდა, სასიამოვნო ღიმილი ეფინებოდა სახეზე, თუმცა შვილს კი უთხრა საყვედურივით: – ”ეგ მოტაცება კი, შვილო, საჩემო საქმე აღარაა!.. უნდა აგერიდებია ეს!”

ყველაფერი მოთავებული იყო, საჭირო იყო მხოლოდ შუათანა ლხინისათვის მომზადება, რომ ოჯახის დედა პირველად გაყრუებულ სახლში არ შემოეყვანათ.

პლატონმა მიიპატიჟა დანიშნულ დღისათვის ახლო მეზობლები. მივიდა სიძესთან და, როგორც იყო, შეირიგა შემომწყრალი კირილე, რომელსაც სთხოვა ქალის მოსაყვანად წაყოლოდა, რაზედაც კირილემ სიხარულით თანხმობა გამოუცხადა.

– ახლა ისევ გულდამშვიდებით შეგვიძლია ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ამ ჩემ დედინაცვალს არაფრის გზით შვილი არ მიეცემა… ეს გათავებულია… კაი ქალიცაა, შენ ნუ მომიკვდები, თვარა აგერ ნახავ!.. შენთვისაც კაი იქნება; ცოტა რაცხა-რაცხაზედ ყურს მაინც გიგდებს… წაგეხმარება ხანდახან რამეში… – ეუბნებოდა გულდაწყნარებული პლატონი მელანოს.

– დახმარება მისი ის იქნება, თუ შეგვარჩენს, რაზედაც ახლა ვართ… მეტი არაფერი არ მინდა მისგან!

– რასაკვირველია!.. მაგია, აბა! დარდი ნუ გაქვს!

დადგა სანატრელი დღეც ბეკინასათვის. პლატონმა, არისტომ და კირილემ რამდენიმე სხვა ყმაწვილის თანხლებით მოიყვანეს ელენე სამანიშვილისას და მოხუცებულებს ჯვარი გადასწერეს. პატიოსანმა აზნაურმა საკადრისი ლხინი გადაიხადა. ამ სიხარულის დღეს კირილემ სწორედ დაპირებისამებრ განსხვავებით მოულხინა თავის სიმამრს და სხვებიც მოალხინა, უჩხუბრად, უცემატყეპოდ.

პლატონის სიტყვა გამართლდა: მელანოს ძალიან მოეწონა ახალი დედამთილი, რომელმაც მალე გაათავა პატარძლობა და რძლის ხელისშემწყობი შეიქნა ყოველ საქმეში. ბეკინაც ძალიან კმაყოფილი იყო და ეს კმაყოფილება მით უფრო ახარებდა, რომ ელენემ მალე, სულ მოკლე ხანში, ოჯახის წევრთა სიყვარული დაიმსახურა და სიამტკბილობა შემატა სახლს.

პლატონი იმდენად გულდაჯერებული იყო დედინაცვალით, რომ მზად იყო ხელი აეღო მის საქვრივოს გამორთმევაზე ბრეგაძეებისაგან და არისტოს ეხვეწებოდა საქმის მოსპობას ამის თაობაზე და ძალიან სწყინდა, რომ არისტო არ თანხმდებოდა და მის თხოვნას არ იჯერებდა.

– ბევრი გაქვს ყველაფერი?.. გაწყენს, რომ შეგემატოს ცოტა რამე თუ? – ეუბნებოდა პასუხად არისტო.

– არა. მარა… იმათგან…

– ერთი გულჩვილი შენ შემხვდი კიდევ!.. შენც კარგად გამოგადგება, ჩემო ძმაო!.. რაზე უნდა დაკარგოთ?.. არ ვიცი! რაც მეტი გვექნება, უფრო მეტს მოვილხენთ, პლატონ ჩემო! არა, ბატონო ბეკინა?

– რასაკვირველია, რასაკვირველია! – უპასუხა ბეკინამ, რომლის სული და გული შეიქმნა ეს კაცი და რომლის მოშორება მას ახლა სამძიმოდ დაურჩებოდა, თუმცა ღვთით, არისტოს მხრივ ამაზე შიში არ ეჭირვებოდა. იგი ჯერჯერობით, როგორც ეტყობოდა, კიდევ კაი ხანს არ აპირებდა ფეხის მოცვლას ამ ახალი ბინიდან.

ასეთ საერთო სიამოვნებაში, კმაყოფილებაში, ერთმანეთის სიყვარულში მიდიოდა დრო და ჟამი სამანიშვილის ოჯახში და ერთ დრომდე კიდევაც გაგრძელდებოდა ეს ბედნიერების ჟამი, რომ ერთ დღეს მელანოს თავზარდამცემი, გულის ამრევი, ჭკუაზე შემშლელი ამბავი არ გადაეცა თავის ქმრისათვის, რითაც გული მოაყვანინა პლატონს ისე, რომ მან კიდევაც შეუბღვირა და მიაძახა წყრომით:

– ნუ სულელობ ერთი შენ!.. რა სახუმარო საგანი ნახე ახლა?

– კი არ გეხუმრები, საქმეს გეუბნები!.. გეუბნები, ისეთ ნიშნებს ვატყობ ამ ქალს, რომ მეშინია ორსულად არ იყვეს!.. შვილები ნუ მომიკვდება!.. არ გითხრა, აბა?! მე თვითონ აგერაა გადვირევი… რა ამბავია ეს ჩვენს თავზე?! ღმერთო, შენ დაგვიფარე! – იწერდა პირჯვარს მელანო.

პლატონი სრულიად დაიბნა და ხმაგაკმენდილი მისჩერებოდა ცოლს; სრულიად არ სჯეროდა მისი ნათქვამის სინამდვილე, თუმცა გულმა მოუსვენრად ტოკვა დაუწყო.

– მოგებლანდა… აბა რავა შეიძლება?! – წაილაპარაკა მან და ცოლს მოშორდა, თითქოს ეშინოდა, რომ უფრო დაბეჯითებული, თავზარდამცემი რამ არ გაეგონა მელანოსაგან.

– რასაკვირველია, მოგებლანდა!.. აბა, კარგად დოუკვირდი, თუ არ ცდები, გეიგებ მაშინ!

– ნეტავი, ნეტავი, შენი კარგა ყოფნით!

– მოვკლავ მაგ უბედურს!.. ღმერთმანი, მოვკლავ! – ამბობდა თავისთვის პლატონი, ცოლის სიტყვები რომ გაახსენდებოდა ელენეს შესახებ. – ღმერთმანი, მოვკლავ! ეჰ, სისულელეა, რასაკვირველია, სისულელე… მელანოს მოეჩვენა მხოლოდ!

საღამო ჟამი იყო, მელანომ რომ უთხრა თავისი ეჭვი ქმარს და ვახშამზე პლატონი იმდენად თავის საინს არ დასჩერებოდა, რამდენად თვალი დედინაცვლისკენ ჰქონდა, მაგრამ ვერაფერ ცვლილებას ვერ ამჩნევდა.

– ძალიან არ მოტყუვდი, მელანო? – ღიმილით უთხრა მან დაწოლის ხანს ცოლს.

– არა, პლატონ, არა, არ უნდა ვცდებოდე, შენ არ მომიკვდე!..

– კაი, ნუ გადამრიე კაცი!

– რა ვქნა, შენ დაგენაცვლე, მეც შიშში არ ვარ?

პლატონი გაჩუმდა. ამ საგანზე ლაპარაკიც კი არ უნდოდა. გული რაღაც სევდით ევსებოდა ამის გაგონებაზე, თუმცა დაჯერებამდის მეტად შორს იყო. მელანომ ისევ დაიწყო ამ საგანზე ლაპარაკი, მაგრამ პლატონმა სთხოვა გაჩუმებულიყო, სხვა რამეზე ელაპარაკნა. მან სცადა ძილისათვის მიეცა თავი, მაგრამ ცოლის სიტყვებს ყურში ზარივით წკრიალი გაჰქონდათ.

– ვაი თუ მართლა უბედურება მეწია?! – ფიქრობდა პლატონი. – ისეთ ნიშნებს ვატყობო… აჰ, რავა შეიძლება?! ვინა თქვა, ვის გოუგონია, ამგვარი ამბავი მომხდარიყვეს?! ორნაქმარევს, უშვილოს, ამ სიკვდილის წინ შვილი მიეცეს?! ჰმ!

და პლატონი ამშვიდებდა, აწყნარებდა თავის გულს, ცდილობდა, რომ სისხლი თავში არ ავარდნოდა, ტვინი მოესვენებინა; გვერდიდან გვერდზე ბრუნდებოდა, ცდილობდა დასძინებოდა, მაგრამ ძილი მაინც არ ეკარებოდა… ყურებში ისევ ცოლის სიტყვები ესმოდა, რომელთაც მისი ტვინი მოუსვენრად ედავებოდა, ეწინააღმდეგებოდა. დიდხანს იბორგა, დიდხანს იტრიალა ასე გაწვალებით საწყალმა პლატონმა, რომ ისევ მელანოს ხმა მოესმა:

– ე, შეხედე, შე კაცო, თუ ვცდები, თუ სისულელეს გეუბნები! ე, შეხედე! ე, თუ ვცდები… ე, რავა ეტყობა! ახლაც ვერ ხედავ?

და ფანჯრიდან ანიშნებდა პლატონს ეზოში მოსიარულე ელენეზე. პლატონი მისჩერებოდა ხმაამოუღებლად, გულაფანცქალებული. დედინაცვალმა თითქოს დაინახა ფანჯარასთან მდგარი გერები და ამათკენ გამოსწია.

– ე, ე, უიმე… უიმე! – იყვირა მელანომ, – უიმე!.. ახლაც ვცდები?.. კიდევ ვცდები?.. ვაი დედაშენს, ვაი დედაშენს! – და მუშტით ემუქრებოდა იგი დედინაცვალს. – ვეღარც ახლა ატყობ?..

ატყობს და არც ატყობს. რასაკვირველია, ატყობს, რასაკვირველია ხედავს თავის თვალით, ცხადად ხედავს თავის უბედურების მომასწავებელ ნიშანს და მოულოდნელ უბედურების წინ წამდგარს, ენაც ერთმევა, გონებაც ეკარგება, სისხლიც უშრება და გაქვავებული, გრძნობა მიჩლუნგებული, გაცივებული თვალებით მისჩერებია ამ უღვთო, შეჩვენებულ, დაწყევლილ დედაკაცს, რომელთანაც არც პატივისცემა გაუვიდა, არც სიყვარული, არც სამსახური, რომელიც ასე უღვთოდ იმეტებდა მასაც, მის ცოლ-შვილსაც.

– ღმერთო, რა შეგცოდე?! რა შეგცოდე? – სასოწარკვეთილებით, ნაღვლით გულავსებული კვნესის იგი. – რა შეგცოდე?

– იქით! იქით! იქით, შე წყეულო! – უყვირის დედინაცვალს პლატონი. – იქით, თვალით მაინც ნუ დამენახვები! – მაგრამ მას თითქოს არ ესმის პლატონის ხმაო, ისევ მობაჯბაჯებს ფანჯრისკენ, მობაჯბაჯებს მძიმედ, ძლივსძლივობით.

– იქით, შე შეჩვენებულო! იქით, თორემ მოგკალი ეს არი! ღმერთო, რომ არ ესმის?

არ ესმის თავისი ხმა არც პლატონს, თუმცა ყვირის, რაც ღონე აქვს. ხმა პირიდან არ ამოსდის, იქვე გულში რჩება უღონო, სუსტი, გაუგონარი, და ეს უმატებს გამწარებას, უფრო უკლავს გულს, უხუთავს სულს. უმწვერვალესად აღელვებული კაცის თვალწინ ყოველივე აირია, აიშალა, ამოძრავდა; აცახცახებული, ათრთოლებული ძლივს დგას ფეხზე. ეს რაღა ამბავია?! რა არის ეს?! რა ამბავი ხდება დღეს ამ სახლში? ვინ შვრება ამას? ღმერთო, მომკალი! ვინ გადმოაგდო ეს ქათმები წრიალ-წრიალით ეზოს რომ მოეფინენ? ამათ აჰყვნენ ბატებიც, კვატებიც, ორიოდე ინდოურიც; მიდიან იქით-აქეთ, ცალცალკევდებიან, ზოგი ელენეს მისდევს, ზოგი ფანჯრისკენ მორბის პლატონთან. აქვე მორბის ფენთხებ-გამობზეკილი, უჭმელობით ძალზე გამხდარი სანაშენო ღორი, აუშვერია დინგი, რაღაცას ღრუტუნებს, თითქოს კითხულობდეს რაღაცას. ცხვარი ვინ გამოაგდო ბეღლიდან, სასუქი ცხვარი? ვინ ქნა? რა ამბავია! ვინ ოხერი ჩადის ამას? რა უნდათ ამ ხარებს, ასე რომ დაზმუიან? რა ამბავი ხდება ამ ეზოში? რამ გადარია ყველა? ვინ გამოალაგა გარეთ კოდი, საცერი, სამტკიცი, ქოთნები, გობი, კოვზი, როდინი, კეცები? ვინ იშლება და ირევა ასე უცნაურად? სული ეხუთება პლატონს და აზრდაბნეული მხოლოდ უგუნურად მისჩერებია და მეტი განცვიფრებისაგან აღარ იცის, რა ქნას, რა თქვას…

– შუაზე, შუაზე! – დაიძახა ვიღაცამ.

მოისმა ერთი წკრიალი და მთლად სამზარეულო შეინძრა, შეფამფალდა და დარღვევას აპირებს.

– მალე, მალე! – დაიძახა ელენემ. – მალე, ყველაფერი გაჰყავით სულ ყველაფერი, სულ!

აქ კი მოიკრიბა პლატონმა უკანასკნელი ძალ-ღონე, რაც ხმა შესწევდა გამწარებულ კაცს, შეეცადა და მორთო ყვირილი:

– მეიცადეთ, მეიცადეთ! გაჩერდით! ნუ ჩქარობთ!.. ეგებ მკვდარი დაიბადოს! შედექით! ეგებ ღმერთმა სიცოცხლე არ აღირსოს! გაჩერდით, თქვე ოხრებო! ნუ შვებით მაგას! გაჩერდით, გაჩერდით, გა-ჩერ-დით! გა, გა! – ცდილობდა პლატონი დაეყვირა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა, ის ისევ იქვე წყდებოდა, ჰქრებოდა. სახლის კედლებს კი ლაწა-ლუწი გაჰქონდა, ყოველივე ინგრეოდა, ყოველივე იშლებოდა, ნაწილდებოდა. პლატონის ძახილი არავის ეყურებოდა, მხოლოდ ელენეს ხმასა და ბრძანებას მისდევდნენ: ”მალე, მალე! ყველაფერი გაჰყავით!” – არ წყნარდებოდა იგი. და უღონო, გულჩათუთქული, გაწიწმატებული პლატონი, როგორც იქნა, მოსხლტა თავის ადგილს, მიიჭრა ფანჯარასთან, მოინდომა იქით გადახტომა და ამ დაწყევლილი დედინაცვლის იქვე ჩახჩობა, მაგრამ იქვე დაეცა უძლურივით ატირებული, ბავშვივით აღრიალებული, მწარე ცრემლებით თვალებჩამობნელებული.

– პლატონ, პლატონ! რა დაგემართა, რა დაგემართა, კაცო? – შიშისაგან გადარეული ეკითხებოდა მელანო ქმარს, რომელიც ისევ შემზარავად ტიროდა. – გამოიღვიძე, პლატონ! ნუ გადარიე, კაცო, ბოვშები!

პლატონის უცნაურ ღრიალზე გამოღვიძებულ ბავშვებს ერთი ვაი-ვაგლახი შეექნათ და თვითონაც შეშინებული მელანო ხან იმათ აწყნარებდა, ხან პლატონს უძახდა და მის გამოფხიზლებას ცდილობდა, როგორც იქნა, პლატონმაც გამოიფხიზლა, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ბნელაში რას დაინახავდა.

– კინაღამ არ შეგვშალე, შე კაცო, ყველა! – უსაყვედურა მელანომ ქმარს. – ბოვშები აღარ არიან შიშით, რა სიზმარი ნახე მაინც ასეთი უცნაური?! კაი, თუ ღმერთი გწამს!

– მაშ ეს სიზმარი იყო! – და პლატონმა შუბლზე ხელი გადაისვა და მერე პირჯვარიც გადაისახა.

– რა ამბავია, მელანო? რა დეემართა პლატონს? – მოისმა ბეკინას შეშფოთებული ხმა მეორე ოთახიდან.

– არაფერი, ბატონო… სიზმარში გახლდათ! – მიუგო მელანომ.

– სიზმარში?

– დიახ!

– ჩვენ კი აღარა ვართ და!.. ახლა დაიწყო მაგისთანა სიზმრები მაგ კაცმა?! წინათ არ იცოდა… გული დაუშოშმინე, რძალო, გული! – და ამ სიტყვებთან ბეკინას სიცილიც მოისმა.

მელანომ კარგად ახსნა პლატონის სიზმარი: მისი სიტყვით, ყოველივე მოსალოდნელი განსაცდელი თავიდან უნდა ასცდენოდათ: სულ მოკლე ხანში უსათუოდ უნდა მოშლოდა მუცელი ელენეს, თუ ნამდვილად ორსულად იყო.

ამ უკანასკნელი გარემოების საბოლოოდ გადაწყვეტას, მის უეჭველობის შეტყობას ბევრი ხანი აღარც კი დასჭირვებია, თუმცა პლატონისათვის მთელმა საუკუნემ გაიარა გაწვალების, წამების საუკუნემ. უეჭველი შეიქნა, რომ ელენე მიზეზობდა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. მელანოც და პლატონიც აზრდაბნეულნი შეჰყურებდნენ ერთმანეთს ხმაამოუღებლად, გაშტერებულნი, გაქვავებულნი.

ბეკინამაც შეატყო ცოლს მისი მდგომარეობა და მოხუცებულს თავზარი დასცა ამ გარემოებამ. ბეკინას შერცხვა უცნაურად და ეწყინა უზომოდ. ახლა მიხვდა თუ რამ შეუცვალა გუნება პლატონს ამ უკანასკნელ ხანებში, ახლა გაიგო რძლის დასევდიანების მიზეზი. და მოხუცებულ ბეკინას ეტკინა გული, შეენანა თავისი ახირება… ხომ ჩააგდო საყვარელი შვილი ცეცხლსა და მდუღარებაში?! ხომ მოუსპო ხალისი და გულის მშვიდობა?! დამნაშავედ წარმოუდგა თავისი თავი შვილის წინაშე და მით უფრო წუხდა, რომ საშველ გზას ვერსად ხედავდა.

– მაინც ამ ოხრიშვილმა რაღა ჩემს ხელში გამოიჩინა თავისი ქალობა! ჰმ! – სევდიანად ამბობდა ელენეზე გულმოსული ბეკინა.

ბეკინა მხოლოდ იმით ინუგეშებდა ამ შეწუხებაში თავს, რომ ნება დართო შვილს ქალი თვითონ ამოერჩია, რომ ელენე მისი სურვილით, მისი ამორჩევით ჰყავდა ნათხოვი.

გულდაწყვეტილი პლატონი კი მოსასვენებელ ალაგს ვეღარ პოულობდა; ჭკუა შერყეულივით ხან სად დადიოდა, ხან სად, მუშაობაზე გულაცრუებული, თავის მწუხარებას გადაყოლილი.

– ბიჭო, რა მიქენი? რა მიქენი, შენი ოჯახი დაიქცა… მაინც ქეა დაქცეული!.. რა დაგიშავე, შე უსინდისო! – ეუბნებოდა გამწარებით არისტოს. – ბიჭო, რაზე დაგჭირდა ჩემი დაღუპვა, შე უღმერთო, რაზე შემომაჩეჩე ეს სასიკვდილე მამიდაშენი? რა დაგიშავე, ბიჭო?!

– მეიცა, მეიცა, პლატონ, საყვარელო ძმაო! მე რა უსინდისობა ვქენი, შე კაცო? მაცალე, მაცალე! შენ სადედინაცვლოდ ეძებდი იმისთანა ქალს, ორნაქმარები ყოფილიყო… ასე არაა, ა?

– კი!

– უშვილოს, შვილი რომ არ ჰყოლოდა იმისთანას, არა?

– რასაკვირველია!

– ხელში მოგეცი, ჩემო ძმაო, შენი სასურველი, ძმურად დაგეხმარე; თუმცა არ გიცნობდი, მარა პირველ შეხვედრიდანვე შენი სიყვარული გულმა იგრძნო… იმიტომ წაგყევი, საქმე გაგაკეთებიე… ცუდი რა მიქნია, ძმაო, ჩემო საყვარელო?!

– რომ დაორსულდა?

– ეგ რა ვიცი, ჩემო პლატონ!

– ეგებ წინეთაც ჰყავდა შვილი და შენ…

– რჯული, ხატი, ჯვარი! შეჩვენებული ვიყო! ასე დამემხოს თავი – და არისტომ მიწას დააბერტყა თავისი ლამაზი ახალი პატარა ბოხოხი.

– აბა, რა არის? რატომ? – სიტყვას ვეღარ ამბობდა სევდამორეული ყმაწვილი კაცი. – რატომ სხვასთან არ ჰყოლია, და…

– ეგ, ჩემო ძმაო, მამაშენს დააბრალე! – ღიმილით უთხრა არისტომ. – მამაშენს დააბრალე! უცნაური კაცი ყოფილა…

– ვიღუპები, არისტო, წმინდად ვიღუპები! – წამოიძახა პლატონმა. – რითი ვარჩინო ცოლ-შვილი, რითი ვარჩინო? რავა უდანოდ გამომჭრა ყელი მამაჩემმა… რა ვქნა, რა მეშველება? რა მეშველება?

– გული გეიმაგრე.. გული გეიმაგრე, პლატონ, – უდარდელად მიაძახა არისტომ. – გული გეიმაგრე, ღმერთი მოწყალეა! ყველაფერი ღვთითაა!

ღვთითაა თუ უღვთოთაა, რა დააშავა, რა აწყენია ამისთანა, რომ ასეთი სასჯელი მიესაჯა? რა ქნა ისეთი, რომ ამგვარი წყრომა დაიმსახურა? რის გულისათვის ისჯება ასე მწარედ?.. და პლატონი ყოველ თავის ნამოქმედარს, ყოველ თავის წარსულს იხსენიებდა და არჩევდა თუ რით შეეძლო განერისხა ღვთაება და გამოეწვია მისგან ისეთი მისი შეუბრალებლობა. არაფერი, სრულიად არაფერი საამისო არ უქნია. კაცი არ მოუკლავს, არ დაუჩეხია, არ უეშმაკნია ჯერეთ. ჯერეთ არც უქურდნია, არაფერი მოუპარავს, არავისთვის არაფერი არ წაურთმევია… ამ სიტყვაზე კი შედგა, შეჩერდა პლატონი. არ წაურთმევია, მაგრამ ხომ ართმევს ბრეგაძეებს… კანონიერად კი, მარა ხომ მაინც ართმევს მასზე უფრო საწყალთ, მასზე უფრო გაჭირვებულთ, თითქმის მშივრებს; შეცოდების მაგიერად უკანასკნელ ლუკმას სტაცებს და ამის გამო ვის ჩაუყარა ხელში საცოდავები, ვის? კაციჭამია გვერდევანიძეს, ამ შეუბრალებელ კაცს? და ღმერთი შეიბრალებდა-ღა?! რასაკვირველია, არა! – გუნებაში გაიძახოდა პლატონი და გულგახეთქილი გვერდევანიძისას გაიქცა, რომ საქმე მოესპობინა, ეთქვა, რომ გროში-კაპეიკი არ უნდოდა ბრეგაძეების გამონართმევი. ამით აპირებდა პლატონი განრისხებულ, შემომწყრალ ზენას გულისმოგებას. თავის დანაშაულის გამოსყიდვას და იმედობდა, რომ დაუბრუნდებოდა რასაც ხელიდან აცლიდნენ, რომ შენანიებასთან ერთად მის დედინაცვალსაც მუცელი მოეშლებოდა.

გვერდევანიძემ არ შეიწყნარა პლატონის თხოვნა. ბევრიც იცინა პლატონის სიტყვაზე. ბევრი შრომა ჰქონდა გაწეული და რომ საქმე მოესპო, მოსალოდნელი გასამრჯელო ხომ დაეკარგებოდა. პლატონმა თვითონ იკისრა იმის გადახდა, ოღონდ კი საქმე მოსპობილიყო და ბრეგაძეებს არაფერი გადახდომოდათ. მან მისცა გვერდევანიძეს ვექსილი და გამობრუნდა სახლში, ცოტათი იმედგაღვიძებული, მომლოდინე, რომ მისი მსხვერპლი მიღებული იქნებოდა და მის დედინაცვალს გაუწყალდებოდა მისთვის თავზარდამცემი მოზიარის ჩასახულობა.

XII

მაგრამ იმედი არ სრულდებოდა. ხანი გადიოდა და საზარელი არსება ზრდაში შედიოდა. კიდევ ცოტა ხანი და პლატონს თვალითაც დაენახვებოდა თვითონ და თავის ხმასაც გააგონებდა.

ეს გარემოება შეშლილივით ხდიდა პლატონს. ამ კაცმა სრულიად გონება დაჰკარგა, გაჭირვეულდა, დაეკარგა ყოველივე მოთმინება. ისეთი ხასიათი დაიჭირა, რომ კაცი ვეღარ ცნობდა. ხსნას, სხვა საშველს რომ ვერას ხედავდა თავის მაწუხებლის მოსაშორებლად, იგი უცნაური წინადადებით მივიდა თავის მამასთან. ბეკინამ იყვირა, როცა შვილის ნათქვამი გაიგონა. მოხუცებული კაცი კინაღამ გადაირია:

– ღმერთი დეივიწყე, შე უბედურო?.. ღმერთი აღარ გაგახსენდა, მაგისთანა აზრები რომ თავში მოგივიდა?! მოხუცებულ კაცს მაძალებ სულის წასაწყმედი საქმე ჩევიდინო?.. ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?.. გაგიჟდი, შე ღმერთგამწყრალო? რავა მეუბნები, დედაკაცს მუცელი მოვაშლევინო?! რამ გაფიქრებია ამნაირი უღვთო საქმე, რამ? – ყვიროდა ბეკინა შვილის ნათქვამით გაცეცხლებული. პლატონი კი წარბებშეხრილი, სახედაღვრემილი იდგა ერთ ადგილას გაყუჩებული ჯიუტად და დაბლა იმზირებოდა.

– რა იქნა, ღმერთმანი, რა გაქვთ ამდენი სადავიდარაბო, რომ კაცმა თქვენგან ერთი ტკბილი სიტყვა ვეღარ გეიგონა ამ ბოლო დროს?! სულ მობღუშვა, სულ უსიამოვნება! – თქვა ამათ შემომსწრებმა ელენემ, რომელიც იქვე მიჯდა ტახტზე, დამძიმებული. – მტრისას იქნას ასე, მტრისას.

– კაი, კაი!.. შენ არავინ გკითხავს არაფერს! – შეუტია ბეკინამ.

პლატონმა მწყრალის თვალით გადახედა დედინაცვალს და ისევ იბრუნა პირი.

– შენ არ მომიკვდე, არც მამას და არც შვილს არავინ არ მოგიწონოსთ ეგ ამბავი!

ამისი თქმა იყო და პლატონი ეცა ელენეს; მოხუცებული ქალი გაგორდა ტახტზე; ის იყო პლატონი მუცელში უპირებდა წიხლის ჩარტყმას, რომ ბეკინამ ხელი ჰკრა; წიხლი ასცდა ელენეს, მხოლოდ მჩატედ მოხვდა ხელზე. პლატონი უცბად მოტრიალდა და ისევ უნდა ჩაერტყა მეორედ წიხლი, მაგრამ ბეკინამ ხელი წაავლო გამხეცებულ შვილს, რომელიც გიჟივით ჰყვიროდა:

– არ მოკვდები? არ მოკვდები? ახლაც არ მოკვდები! – და ელენე მარჯვედ გამოისროლა კარებისაკენ.

ფეხმძიმე ქალის ყვირილმა იქაურობა შესძრა. პლატონი ახლა სწორედ მხეცი იყო, შეუბრალებელი, სისხლისმსმელი. მას უნდოდა მოესპო ის არსება, რომელიც ახლა გაჰკიოდა, მისი სისხლი სწყუროდა, გააფთრებული იწევდა მისკენ და უსათუოდ ცოდვას დაატრიალებდა, რომ ბეკინას ძახილზე მელანო არ შემოვარდნილიყო და გამგელებული პლატონი გარეთ არ გამოეგდოთ.

– გამიღეთ, კარი გამიღეთ! – უცნაურად ღრიალებდა იგი. – კარი გამიღეთ ახლავე! მელანო, კარი, თვარა შენც მოგკალი ეს არი! მოშორდი ახლავე მაგ სასიკვდილეს!.. გეუბნები, მოშორდი-თქვა!

მაგრამ მელანო ბეკინასთან ერთად გულწასულ ელენეს მოსულიერებას ცდილობდა, თავს დასტრიალებდა საბრალო მოხუცებულ დედინაცვალს, რომლის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.

ამ დღიდან პლატონი ნამდვილ ნადირივით შეიქმნა. დღისით სადღაც დაეხეტებოდა, შინ მხოლოდ საღამოობით მოდიოდა, ისიც დაწოლის ხანს. თვით მელანოსაც აღარ სცემდა ხმას, ისეთ ხასიათზე დადგა.

ბეკინა ამსოფლად აღარ იყო ჯავრისაგან.

– მოვმკვდარიყავი… მარიკასთან ერთად მიწას შევეჭამე და ამ დღეს არ მოვსწრებოდი ნეტავი! – ნაღვლიანად ამბობდა მოხუცი.

იმედად ამ უბედურების გამოსაკეთებლად ისღა დარჩენოდა, რომ ეგებ ელენეს ვაჟი არ მისცემოდა და ქალიშვილი დაბადებოდა; ამას შეეძლო პლატონის დამშვიდება და დაწყნარება; და ბეკინა მოუთმენლად მოელოდა ამ დღეს და ყოველ წამში ღმერთს ამას ევედრებოდა: ,,ღმერთო, ელენეს გოგო აყოლეო!..”

მაგრამ მალე ეს იმედიც მოესპო საწყალ ბერიკაცს: ელენეს ვაჟი შეეძინა და ამასთან ყოველივე იმედი გაქრა წინანდელი სიამტკბილობის ხელახლად დამყარებისა მის ოჯახში.

მეტად დაჯავრიანდა ამის გამო ბეკინა. მისი მოწყენით ყოფნა, უხალისობა შვილის შეძენის შემდეგ, მუნჯად ყოფნა ცოლთან, გულს უთუთქავდა მელოგინე ელენეს, რომლის მიმხედავი, მისი შემცოდებელი მხოლოდ ერთადერთი მელანო იყო.

– ღმერთი გადაგიხდის, შვილო, ღმერთი, შენი გულკეთილობისათვის! ღმერთი გადაგიხდის! ვენაცვალე მის ძლიერებას, წვალებისა და უსიამოვნებისათვის ვყოლივარ გაჩენილი იმ დალოცვილს… მადლობას ვწირავ!.. რა ვქნა, რას ვიზამ?! ყოველ სულიერს თავისი ბედი აქვს. რაში ეჭირვება ღმერთს ჩემი ტანჯვა-წვალება, ჩემი გაჯახირება? ვის რა დავუშავე… ჩემით რა მიქნია ვისმესთვის ცუდი?! – გულდაწყვეტილი, გაუხარებელი თავის სიცოცხლეში, ელენე ცდილობდა დღევანდელი მწუხარებაც მოთმინებით აეტანა.

რაკი პლატონს ძმა გაუჩნდა ქვეყანაზე, მან იმწამსვე ცალკე გასვლა აიჟინა.

– ბიჭო, მე რას მიპირობ, მე, მოხუცებულ კაცს?! ნუ მისპობ წუთისოფელს, ორიოდე დღე დამრჩენია მხოლოდ სასიცოცხლოდ!.. ბიჭო, მამა ვარ შენი, რაც უნდა იყოს! სად უნდა წახვიდე?

– მე ჩემიც ბევრი მყავს მოსავლელი! ჩემი ტვირთიც მეყოფა… სხვას არ შევაკლა ჩემი თავი! მე ჩემსას მოვუვლი, ჩემსას დავეპატრონები! – გაჯიუტებით და გულცივად ამბობდა პლატონი.

– ბიჭო, მოხუცებულმა მამაშენმა რაღა ქნას? ხომ იცი, რომ მე მუშაობა აღარ შემიძლია? ბიჭო, შებრალება აღარ იციან თქვენში?

– მე შემიბრალა ვინმემ? – წაილაპარაკა პლატონმა და პირი იქით მიიბრუნა.

– შევცდი, შვილო, შევცდი. აღარ მეპატივება? ნუ მომიძულებ, შე კაცო, საბოლოოდ!.. მინდოდა, ასე რომ მომხდარიყო? მეგონა? შემაცდინა ეშმაკმა… შენც იმედი გქონდა, რომ ასე არ იქნებოდა… რა ვქნათ ახლა, ღმერთმა ასე ინება… ჩვენ რა გაგვეწყობა! ნუ გამიმწარებ, შვილო, ამ უკანასკნელ დღეებს, ნუ ჩამაშხამებ! ისევ, როგორც წინათ, ვიცხოვროთ სიამტკბილობით… ღმერთი ამისათვის მაგიერს გიზღავს, ხელს მოგიმართავს, შეგეწევა, გაჭირებას შეგიმსუბუქებს… კი, შვილო, კი, ჩემო საყვარელო! ვინ გეიგონა ჩვენი გაყრა! კი, ჩემო პლატონ, კი! შენი კეთილი გულის ამბავი არ ვიცი განა?.. რაც შენ ჩემი სიყვარული გქონდა, ასე უცებ რავა დამეკარგება, როგორ დევიჯერო?! კი, კი, ჩემო პლატონ! – ემუდარებოდა ბეკინა გულამღვრეულ შვილს, მაგრამ უკანასკნელს წინანდელი გულიც დაჰკარგოდა და გრძნობაც. იგი მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე.

პლატონს იმდენად სძულდა ახლადდაბადებული ბავშვი, რომ არც თავად უნახავს და ცოლსაც ნებას არ აძლევდა მასზე ხმა ამოეღო მასთან.

ბევრს შეეცადნენ მეზობლებიც, მამა და შვილი არ გათვისებულიყვნენ, მაგრამ პლატონი ვერას გზით ვერ დაიყოლიეს. ათასნაირ პირობებს უდებდა ბეკინა შვილს, რომ მამულის ნახევარში მოზიარეთ არავინ შეეცილებოდა, თუ გინდ ათი შვილიც მისცემოდა კიდევ, მაგრამ პლატონი მაინც თავისაზე იდგა. მას ახლა ამნაირი პირობებისა აღარა სწამდა-რა.

რამდენიმე თვის შემდეგ მამა და შვილი გაიყარნენ. პლატონმა ძველ სამოსახლოზე დაშორებით ამოირჩია ადგილი, ჩაიტანა სამზარეულო სახლი, შეიყვანა შიგ თავისი ცოლ-შვილი და დაიწყო ისეთივე ცხოვრება, როგორც ანტონა ბრეგაძემ, რომელსაც ამ ერთი წლის წინათ ისეთი შეცოდებით მისჩერებოდა დავითის აივნიდან.

ბეკინას მეტი შვილი აღარ მისცემია. საყვარელი შვილის მიერ მოძულებამ მეტად დაანაღვლიანა მოხუცებული, მეტად დაამწუხარა და ამ მწუხარებამ კიდევაც ხუთი წლის შემდეგ ამ წუთისოფელს მოაშორა. სიკვდილის წინ მან მოიხმო ”თავისი პლატონი”, აცრემლებული თვალებით უკანასკნელად მიტევება სთხოვა ”მისი სისულელისათვის, უჭკუობისათვის” და “შავ-დღეზე გაჩენილი” ძმის, უდანაშაულო ჩვილის შებრალებას ევედრებოდა. მართალია, პლატონმა აღუთქვა მომაკვდავს მისი ნების ასრულება, მაგრამ ბეკინა ადვილად ატყობდა, გრძნობდა, რომ გულწრფელად არ ჰპირდებოდა; ძმებს კეთილი განწყობილება არასოდეს არ ექნებოდათ; ატყობდა ბეკინა და საწყალ მომაკვდავს შხამად ჩაჰყვა ეს გარემოება მიწაში.

და ბეკინა არ შემცდარა, რომ ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა.

№-ის მომრიგებელი მოსამართლის სახლის აივანზე ძალიან ხშირად შეგხვდებათ შავებით მორთული ხნიერი დედაკაცი, რომელსაც ხან მზად დაკეცილი მისართმევი თხოვნა უჭირავს ხელში, ხან ისეა – ხელცარიელი; გვერდით უყენია ხუთი წლის პატარა შავთვალა მალხაზი ბავშვი, ჩითის ბლუზით, წითელი წუღებით, კიზიროკიანი ქუდით თავზე, უქამროდ, და მოსამართლესთან მისვლის დროის მოწევამდის ეს დედაკაცი გულდამწვარი უამბობს ხოლმე ნაცნობთ და გარს შემოსეულ მაყურებელთ თავის გაჭირვებას, უსაშველობას და მწუხარებას, რაც მათ ორსავე დედა-შვილს ადგიათ მისი გერის, პლატონ სამანიშვილისაგან, რომელმაც აღარც ღობე შეარჩინა, აღარც საზღვარი, აღარც ადგილი და იძულებულს ხდის საწყალ მოხუცებულ ქვრივ დედაკაცს იწანწალოს ყოველკვირა სასამართლოში.

ეს დედაკაცი გახლდათ, როგორც თვითონაც მიხვდებოდით, ბეკინა სამანიშვილის ქვრივი ელენე და პატარა ბავში – შვილი მისი, რომელმაც ჯერ არც კი იცოდა, რასაკვირველია, რამდენი უსიამოვნება მოიტანა მისმა გაჩენამ და ამიტომაც ასე ხალისიანად იცქირებოდა აქეთ-იქით და სიამოვნებით შეჰყურებდა მოფუსფუსე ხალხს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s