50 წლის შემდეგ


    დიპლომი დაკარგავს თავის მნიშვნელობას. დარჩება სამედიცინო, იურიდიული და საინჟინრო ფაკულტეტები. დანარჩენები გაქრება, რადგან მომავალი თაობები მიხვდებიან, რაოდენ ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, განათლება მიიღო უნივერსიტეტში, შემდეგ კი იმუშაო იმ სფეროში, რომელსაც კავშირი არ ექნება იმასთან, რაც მათ ასწავლეს. დაბრუნდებიან ტომები. გამოჩენილმა მოღვაწემ კომუნიკაციის სფეროში მარშალმა მაკლუენმა აღნიშნა, რომ მსოფლიო გადაიქცევა ერთ დიდ სოფლად, სადაც ცოტად თუ ბევრად ყველა ერთნაირი წესებით იცხოვრებს. მან ვერ შეძლო ეწინასწარმეტყველა ინტერნეტის გაჩენა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ჩამოყალიბდნენ მათი გემოვნებისა და მიდრეკილებების შესაბამისად. სახელმწიფო, შესაძლოა, შენარჩუნდეს, მაგრამ ადამიანები შექმნიან ვირტუალურ ერებს. დაიწყება ქალაქებიდან გასვლა. მეგაპოლისი, მემკვიდრეობა იმ ეპოქისა, როცა კომუნიკაციის საშუალებები და სამსახურის არჩევანი საკმაოდ შეზღუდული იყო, დაკარგავს თავის უწინდელ მნიშვნელობას. ხუროები და ხელოსნები გამოიმუშავებენ ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებზე მეტს. ბანკების, მაღაზიებისა და სხვათა მომსახურება მთლიანად გადავა ვირტუალურ სფეროში. შეიცვლება `წარმატების~ ცნება: წარმატებულად ჩათვლიან მას, ვინც უკეთ ატარებს დროს და არა მას, ვინც უფრო მდიდარია. ცხოვრება გახდება ბევრად მარტივი. დავუბრუნდებით იმას, რაც მოგვანიჭებს სიამოვნებას მცირე თანხით, თუ საერთოდ უფასოდ არა, _ მაგალითად, ლამაზი პეიზაჟი ან გავლა პატარა ქალაქის ბაზარში. ინტუიციას არანაკლებ მნიშვნელოვნად ჩათვლიან, ვიდრე ლოგიკას: ადამიანი დაიწყებს თავისი აქამდე უცნობი პოტენციალის განვითარებას. ქალღმერთი დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს. 50 წელი არ ეყოფა, რათა ზეციური დედის იდეა გვერდით დაუდგეს მამის დოქტრინას, ჩვენს დროში ასე გაბატონებულს თითქმის ყველა რელიგიურ მოძღვრებაში, მაგრამ ცრურწმენები შემცირდება და სავსებით შესაძლებელია, კათოლიკურმა ეკლესიამ დაიწყოს მზადება იმისათვის, რათა მღვდელმსახურები გახდნენ ქალები. აპოგეას მიაღწევს ფუნდამენტალიზმი. სწორედ ამიტომ, ზემოთ ნახსენები ორი მოვლენის გამო, რეაქცია გამძაფრდება. იმაზე საუბრისას, რომ მსოფლიო გაიყოფა ტომებად, ვფიქრობ, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანნი ძირითადი რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან. სახელმწიფო ქსენოფობია დაიწყებს პოზიციების დათმობას. `მტრობა ყოველივე უცხოსა და უცხოების მიმართ~, რომელიც ჩვენს დროში `პირველი სამყაროს~ ქვეყნებში ემიგრანტებისადმი შიშით გამოიხატება, მომავალში გამოხატულებას პოვებს ემიგრაციის შესახებ კანონების გამკაცრებაში, მაგრამ ტომები უკვე შეიძენენ ძალას და, მიუხედავად ყველა კანონისა, ბოლოს და ბოლოს, შეძლებენ, გაიმარჯვონ სახელმწიფო ქსენოფობიაზე. სამი მონოთეისტური რელიგიიდან ისლამი ყველაზე მეტად გაძლიერდება. დღეს, სამწუხაროდ, მუსლიმი ფუნდამენტალისტების მეოხებით მოწამებრიობა პირველ პლანზე გადმოდის და ბატონდება. გაჩნდება ახალი ენები და საერთაშორისო ურთიერთობის ენა. მას, ვინც 50 წლის შემდეგ ესტუმრება ესპანეთს, შეეძლება დარწმუნდეს, რომ კატალონიაში ილაპარაკებენ მხოლოდ და მხოლოდ კატალონიურად, ბასკების ქვეყანაში კი ყველა ფირნიში და წარწერა მხოლოდ ბასკურ ენაზე იქნება. მსგავსი რამ მოხდება მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც. დიალექტები და `რეგიონული ენები~ დაიშლება და გაძლიერდება, რადგან იქცევა ტომის კულტურული თვითიდენტიფიკაციის საშუალებად. ერთდროულად კი წარმოიქმნება ენა, რომელიც ხალხებს ურთიერთობის საშუალებას მისცემს. როგორც ჩანს, ეს იქნება ინგლისური, _ ასე მჭიდროდ დაკავშირებული ინტერნეტის შექმნასთან. თუმცა 2055 წელს ხალხის უდიდესი რაოდენობა ილაპარაკებს ჩინურად.

***მე 58 წლის ვარ და საეჭვოა, 108 წლამდე ვიცოცხლო, მაგრამ თუ ვინმე ჭაბუკს დააინტერესებს ჩემი შეხედულებები, დაე, ამოჭრას ეს სვეტი და როდისმე შეამოწმოს, დადასტურდება თუ არა ჩემი პროგნოზები.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s