გული


მოკვდა.

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებუ; ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

- მე დავაჭკნე!

- მე დავწვი! – გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

ამაყი


(მონღოლთა ბატონობის დროიდან)

I

- დედილო!

- ა, შვილო?

- არ ღირს, დედილო, ასე ცხოვრება: ან მოკვდეს კაცი და ან ცოცხალი იყოს!..

- რათა, შვილო, რა მოგივიდა?

- მომწყინდა, დედილო, მომწყინდა! მტერს არ ეშინია და მოყვარე არაფრად მაგდებს. ფუი, ასეთ ცხოვრებას!

- რატომ, შვილო? როგორც სხვა ცხოვრობს, ისე ჩვენც ვაჯახირებთ წუთისოფელს!..

- სხვა, სხვა! სხვა რა ჩემი მაგალითია! კაცს მზესავით უნდა გიყურებდეს ყველა: ხან სასურველი უნდა იყო, – აი, იქნებ გამათბოსო; ხან კი საწყევარი, – ვაი, როდის გადავრჩები ამ კაცსო! – თვარა ძლოკვივით დასრიალობ შენთვის. თუ ვინმე ფეხს წაგკრავს, თვარა ისე, შორს მყოფს არც კი შემოგხედავს.

- მერე რა გინდა?

- ციხეს ავიღებ!..

- გადირიე?

- გადვირიე კი არა, – ავიღებ!..

- მოგკლავენ, შვილო! შენს ელიზბარს ვისღა უტოვებ…

- ჯანი გავარდეს მასაც და მეც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

- რაღა ამ ციხეს ჩააჟინდი?

- მაგან გამოგვწოვა სისხლი. რაც მაგ წუწკები აქ ჩამოეთესლენ და ციხის კარები თავისთვის მიიხურეს, ტკბილი აღარ ყოფილა არც ძილი და არც მუშაობა!

- ასე ვიყავით მუდამ…

- რას ამბობ, დედილო? ჩვენი ბატონი მკაცრი იყო. რომ მოგვშივდებოდა, ერთ კოდს პურს მაინც ვისესხებდით. კათალიკოზი რომ მოვიდოდა, ეკლესიაში ყველა გავიგონებდით ტკბილ სიტყვას… ეჰ, მისი სიტყვები ახლაც გულს ჩამრჩენია; ბატონის მომღერლების ხმა რა სევდით ჩამგუგუნებდა გულში! ლექსები განა მეც არ მესმოდა? ხატავდნენ ბატონის დარბაზს, განა მეც არ ვხედავდი და თვალი არ ძღებოდა? ეჰ, რა ჩამოვთვალო! ახლა კი ბურდღულებენ რაღაც გაუგებარს… იქნებ კარგიცაა – ღმერთმა იცის! რაც სახიერო იყო, სადღაც წაიღეს – ელიზბარს რაღაი ვაჩვენო!..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- ეჰ, მივდივარ, დედილო. მარტო არ მინდოდა წასვლა – არავინ წამყვა, ამ ჩემს ბოღმას მაინც ამოვიღებ გულიდან! მერე რაც იქნება, იქნება…

* * *
ციხის კარს ვიღაცამ ძალუმად დააკაკუნა.

- ვინ ხარ?

- გააღე!

- ხვალ მოდი!

- ახლა გააღე!

- ვისთან გაქვს საქმე?

- შენთან!

- ვერ გიცნობ!

- გაუღე! ერთია, რას გვიზამს?! – მოისმა მეორე დარაჯის ხმა.

კარის გაღებაზე ახლად შემოსულმა ხმალი შეაბრიალა. ერთი დარაჯთაგანი წაიქცა.

- ეს ერთი! – წაილაპარაკა შემოსულმა.

- ესეც მეორე! – დააყოლა შემოსულმა.

ციხეში ჩოჩქოლი შეიქნა.

- ვიღაც გახელებულა!

- შეკარით!

- ეს მესამე!

- ეს მეოთხე!

- მოკალით! უსათუოდ ბნედანაცემია!

- გახელებულა!

- ეს მეხუთე!

- ერთად მივარდით ოთხივ მხრით და ასწიეთ შუბებზე.

- ესეც მეექვსე… ვაი, მომკლეს!.. ჯანი გამვარდნია. არაფერი წამიგია. მტვრად, არარაობად ვითვლებოდი ქვეყნის თვალში… არაფერი, მტვერი ვიქნები მიწაში. ანაბრე ჩემს საქმეს!..

- ვინაა? – კითხულობდნენ მეციხოვნენი.

- აქაური სოფლელია!

- გადაირია, თუ რა დაემართა?!

- გახელდა – ეტყობა!..

- არც გახელებულა და არც გადარეულა, ჩვენგან განთავისუფლება უნდოდა.

- მერე, ერთი შეგვებრძოლა?..

- კარგია! ხვალ ჩახვალ სოფელში. ას ლიტრა ოქროს მოსთხოვ მამასახლისს: დახოცილთა ჭირისუფალთ უნდა დაურიგოთ. თუ საღამომდე არ მოგცეს, თვით არ შეკრიბოს, შეესიეთ სოფელს. როგორც გსურთ, ისე მოიქეცით! – უფროსს გაეღიმა.

ციხეში ბრძოლა არ გათავებულიყო. სოფელი კი შეიკრიბა. ტოკავდა. სწუხდა.

- საწყალს მოკლავენ!..

- ბედნიერია, გულს მაინც იჯერებს…

- ვაი ჩვენი ბრალი… ჩვენზე იყრიან ჯავრს?!

- მეტიჩარა იყო – და ის არის!

- ვითომ და ასე, – სხვამ კი არ იცის, რომ მონობას თავისუფლება სჯობია!

- წავიდეთ, მივეხმაროთ! – დაიძახა ერთმა ჯმუხმა, მუდამ გაჩუმებულმა ბიჭმა.

- წავიდეთ!

- კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო… გაჩუმდით, ფეხი არ დასძრათ!

- რაღა ეს გვეჭირვებოდა, მაინც დალესილი იყვნენ. ახლა ხომ მიზეზი იშოვეს.

- ჩვენ რა შუაში ვართ?

- რა შუაში ვართ, არ ვიცი, შუაში კი გამოგვჭყლეტენ კოზაკივით, ეს ვიცი.

- ცუდ დღეში ჩავარდით; თავის მოვლა უნდა საქმეს.

- მართალი ხარ, ბერო, შენ გამოცდილი ხარ, გვირჩიე.

II

ოცი წელიწადი გავიდა.

- მამა რომ მოგიკლეს, ხომ იცი?

- ვიცი.

- მისი სახელი რომ უკვდავია, ხომ იცი?

- ვიცი! ვერაფერი გააწყო განსვენებულმა, ტყუილა წააგო თავი.

- სცდები!.. მისი მაგალითია, რომ ახლა ჩვენში ცხოვრობს. იგი გვასულდგმულებს. სურათი ლანდია კაცის, ადამიანს კი გაგონებს.

- მერე რა? სულ მოგონება, მოგონება!

- ჩვენც უნდა მოვიგონოთ.

- ვინ გვყავს დამხმარე?

- ჩვენი ორი სოფლის ახალგაზრდობა. თითო-ოროლა ყოველ კუთხიდან.

- ცოტაა! გაგვწყვეტენ…

- გაგვწყვეტენ – ანდერძად იქნება; ქვეყანას არ დაავიწყდება სიძულვილი. აღარავის ახსოვს მამა-პაპათა გასრესა, დედათა გაუპატიურება, სიმდიდრის წაგლეჯა; ვაჟკაცობა დაიჯარგა. სულით მონანი შევიქენით. აღარავინ ამჩნევს, რომ ციხიდან გამოვიდნენ და ამ სოფლიდან ნელ-ნელა გვასახლებენ ებრაელებივით. სად? ვინ იცის!

- მე არ მჭირდება ბევრი მტკიცება; მაგრამ ყველა შენის აზრით მიდის? იცის, რომ გამარჯვებას ვერ იხილავს, მხოლოდ აზრის მსხვერპლად თავს სწირავს?

- უმრავლესობა კი; ზოგიერთი, – წამხედურობით.

- მოვდივარ.

- ამაში დარწმუნებული ვიყავი… მაგრამ შენს სახლს ცეცხლი უნდა წაუკიდო…

- რისთვის?

- შენი სახლი უფრო ახლოა ციხეზე, ვიდრე სხვისი. ჯარი აქაურობას მოატანს, ვითომ ცეცხლის საქრობად; ნამდვილად კი დასარბევად. მერე იტყვიან, ქვეყანას უბედურებაში ვეწეოდით, დიდი ამაგი მიგვიძღვის მათ წინაშეო. ამიტომ მოვლენ. ნახევარი ყმაწვილკაცობა აქ დაეცემა ჯარს, ნახევარი იქ ციხეში შევარდება, როცა კარს გააღებენ გამოსასვლელად.

- კარგი! მაშ როდის?

- ზეგ.

- მესმის.

- გამარჯობა!

- გაგვიმარჯოს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

სახლი იწვის. ირგვლივ ხალხი ხელჩართული იბრძვის. ერთმანეთს ცეცხლისაკენ ერეკებიან. ხეებიდან ქალები მტერს ადუღებულ წყალს თავს ასხამენ. ჯოჯოხეთის სურათია. უხმო ბრძოლაა კბილის ღრჭენით, თვალებგადმოვარდნილი. უმრავლესობას ეტყობა სიკვდილი შეუღლებია… და ბევრი სურს თან წაიყვანოს მაყრად. ციხის დაკეტა მოასწრეს. ირგვლივ შემოერტყა სოფლელთა ჯარი. გარედან სოფლელები ესვრიან თოფს, ტამბაჩას. ციხიდან გუგუნით მოდის ყუმბარების ხმა. წყდება სოფლელობა, მაგრამ უკან არ იხევს. სიკვდილის ცელი მარდად მუშაობს; სიცოცხლის ფრთებს არავინ ეტანება.

ცეცხლთან გაიმარჯვა ციხის ჯარმა. ისინი მოეხმარნენ ალყაშემორტყმულთ. მტერთა შუა მოემწყვდენ თავისუფლების მაძიებელნი. გაწყდენ სრულიად.

III

გავიდა წელიწადები.

- გვეყო ამდენი მსხვერპლი!..

- მკვდარ სიცოცხეს ცოცხალი სიკვდილი სჯობია!

- რათა ვართ მკვდარი? როგორც სხვები ცხოვრობენ, ისე ჩვენც ვცხოვრობთ.

- რა ცხოვრებაა, როცა ნიჭი სარბიელს ვერ პოულობს, ხელოვნება არ ვითარდება, მეცნიერება არ ჩნდება, ენა იკარგება და ხასიათი ჩვენი ქუცმაცდება. ერის თავისუფლება მშობელია ყოველივე განვითარების, კეთილდღეობის. გალიაში არცერთი ცხოველი არ ცხოვრობს ჩვეულებრივს ხანს, რაც უნდა აჭამო, და ჩვენ კი ნებივრობაზე ვერაფერს ვიტყვით, მგონია.

- კარგი, მაგრამ ვისი იმედი გაქვს?

- მთელი ხალხის…

- გიმტყუნებენ…

- არა! ნამეტანი საგრძნობელი ძარღვები შეუხუთეს ხალხს; ახლა ყველა მიხვდა, ყველა წინ იწევს…

- გაგებული მაქვს.

- მზადება არ შეწყვეტილა უკანასკნელი შეთქმულების დღიდან. პირიქით, იმ დღიდან უფრო მოედო ქვეყანას აზრი განთავისუფლებისა, უფრო გავრცელდა მუშაობა…

- ღმერთმა ქნას, მე კი…

- შენისთანებიც არიან, მაგრამ ცოტანი… შენ არ იქნები ღირსი მომავალი ბედნიერებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გათავდა ომი. დაღალული, დაქანცული, დაჭრილი, გავერანებული ქვეყნის ჭირისუფალნი მაინც მხიარულნი არიან. ცრემლების და ოფლის ქვეშ ბედის მადლიერი, ჯანსაღი, მომღიმარი სახეები მოჩანს. თავისუფლების ცოცხალ ფერს დაუფარავს დანაკლისის ფერმკრთალი ბუნება.

- ძმებო, ნუ დაივიწყებთ, ვინც პირველმა ვერ მოითმინა და მარტოდ შეებრძოლა მტერს!

- განუსვენოს უფალმა! – გრიალებს ხალხი.

ჯურღმულში, სადაც ხიშტებით დაფლეთილი ცხედარი ოდესღაც უპატიურად ჩააგდეს, ისმის:

- განისვენებს სული ჩემი ნეტართა შორის წალკოტსა ყვავილოვანსა!

წინათ ამოწყვეტილსა და გადამწვარ ორ სოფელს შორის აღმართულია ამაყი ქანდაკება, ნიშანი ერის ძლიერებისა და მტერთაგან განთავისუფლებისა.

ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944)


ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წ. სოფელ ჩუნეშში (წყალტუბოს რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-40 წლებში – ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-24 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.

ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ.

მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის.

ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რეკა


დაუგდეთ როდესმე ყური ლიტანიის რეკას!

ქრისტე! – დაიგრიალებს ერთი ზარი.

აღსდგა! – მიაძახებს მეორე.

ქრისტე აღსდგა! – გუგუნებს მესამე.

ჭეშმარიტად აღსდგა! – უპასუხებს მეოთხე.

კი-კი-კი-კი.

კი-კი-კი-კი, – წრიპინებენ პატარა ზარები.

მე აღვსდგები! – მოისმის შეუწყვეტელ რეკაში წელში გატეხილის, მაგრამ მოიმედე ადამიანის ხმა.

შენ აღსდგები! – უძახის ვიღაცა დაკარგულს იმედს, ნუგეშს, სიყვარულს.

მე აღვსდგები!

შენ აღსდგები!

კი-კი-კი-კი.

რის და ვის სახელს არ გაიგონებთ ამ რეკაში?!

ოცი წელიწადია ყურს ვუგდებ ამ რეკას. ველი, ვუცდი ერთს სახელს, რომ დავიძახო: ჭეშმარიტად! ხმა კი არ ამოვა მაშინ ყელიდან, არამედ ნიშნად სიხარულისა ფეხ-წითელა თეთრი მტრედი მოფრინდება გაპობილ მკერდიდან.

მოთმინებიდან გამოსული მე თვით ვიძახი: „საქართველო აღსდგება!“ ვცდილობ იერიქონის საყვირს გადავაჭარბო.

დიდი და პატარა ზარები გუგუნებენ, გრიალებენ და წიწინებენ:

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად!

კი-კი-კი-კი.

კი-კი-კი-კი!

ქრისტე!


ლმობიერო, სათნოვ, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველო, ცოდვებისა მიმტევებელო, მასწავლებელო მოთმინებისა, მზიდველო მძიმე ტვირთისა, მტერთა მოყვარულო, დასაბამო ჭეშმარიტებისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, – სულის იდუმალი ძალები შენსკენ ისწრაფვის! მტრის კლანჭებში დაეცა სული, დაჩლუნგდა გონება. გალიაში მოყვასის სიყვარული დაგავიწყდდა. უღიმ-ღამო ცხოვრებაში ფერი დაეკარგა მშვენიერებას. გვედრით უფალო, გაგვწმინდე ბასრი ხმლით. გესლიანმა დამცინავმა ენამ დასწვას ღონემიხდილი ჩვენი სხეული. იობის მოთმინების წილ მოგვეც თავგანწირული მტრის სიძულვილი სამსონისა. მრისხანე იყავ ლაჩარ მონისადმი. სიცოცხლით დაგვათრგუნვინე სიკვდილი. ნუ შეგვაწევ ცოდვას. მოგვმადლე ძალა ზე აღდგომისა… საფლავების შინათა სიცოცხლე მოგვანიჭე!

ლოცვა


ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! გულწრფელია, უფალო, მხოლოდ ლოცვა ჩემი; უმანკოა სურვილი ჩემი; ღრმაა ტანჯვა ჩემი; სპეტაკი არს სული ჩემი. ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! მუხლს ვიყრი შენს წინაშე; ცრემლსა ვღვრი, უფალო, და შემოგღაღადებ. არ მსურს, უფალო, ტანჯვანი შემიმსუბუქო; ცოდვა შემინდო. არა, უფალო: უანგაროა ლოცვა ჩემი და ფაქიზი ვედრება ჩემი. მოვედი წინაშე შენსა, უფალო, რათა გადმოგცე: აღტაცება ჩემი, სიყვარული ჩემი შენდამი; რათა იცოდე, უფალო, თუ როგორ დაუვიწყარ და სანატრელ ხარ ჩემთვის. ამაგდე გენიასა; ნუ გამიკითხავ მოწყალებითა, უფალო, ოღონდ სხივმფენს სახესა შენსა შემახედა; ნუ მომაკლებ სიყვარულსა შენსა, როგორც მე არ შემირყევია სიყვარული შენდამი თვით წამთა ბოროტმოქმედებათა ჩემთა. ვშორდებოდი საუფლოსა შენსა ბოროტად სავლელად, მაგრამ სახე შენი, სიყვარული და თაყვანისცემა შენდამი შეულახველად, წმინდად თანა დამქონდა. მრისხანე ხელი შენი მსჯიდეს, ხოლო გულსა შენსა ვუყვარდე.აზრსა შეუქმნია სურათი ბილწი, გულსა კი ჰყავდი შენ მანათობლად, ნუგეშად, წყლულთა მალამოდ. ნუ შემინდობ, ოღონდ გიყვარდე. დამსაჯე, ოღონდ ნუ აიღებ ჩემზე ხელს.

საშობაო მინიატურები


იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი…

აქ კი… დღეს…

1

სარეცელზე

- ნუ გეშინია, შვილო, ექიმმა თქვა ყველაფერი აჭამეო, რაც კი მოისურვოსო. პირში მაინც გამოივლე შაქრის ყინული… ტკბილია… გიამება. ამ ამ ანგელოზის ქანდაკებას მოკიდე ხელი… მთელ ქალაქში ერთი იყო და შენ მოგიტანე. ნუ გეშინია, შვილო, დამშვიდდი. აი ასე, ასე ამოისუნთქე… გაგივლის. ახლა უმწვერვალესი წუთაი ავადმყოფობისა, აი, ახლავ დაგიკლებს სიცხე…

ბავშვის პატარა ხელებს მოხვდა ცივი მარმარილოს ქანდაკება; იამა, გახურებულ მკერდზე მიიკრა და გაყუჩდა ბავშვი. დედა კი ნელა უსვამდა ხელს ოფლიანს შუბლზე, უსწორებდა გაჩეჩილ თმას. მერმე ჩაიკეცა და მიითვლიმა.

აგონდება ქალს პირველი ამბორი – განა ეს გარდაქმნა არ იყო.

აგონდება ქალს, როგორ დაიძრა სხეულში ახალი ადამიანი.

აგონდება ქალს, როგორ ტანჯვათა შორის ქვეყნად იშვა მისი ბიჭი, ახლა კი, ამ შობის ღამეს, როგორ წაართმევს ღმერთი?!

ბავშვს კი გულში მაგრად ჩაუკრავს ანგელოზის ქანდაკება, სუნთქვა უსუსტდება და ნელ-ნელა ახალ ცხოვრებას იწყებს.

2

საქართველო იყიდება

იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

3

ბრმა თერძი

ხელის ფათურით მონახა ლევანა თერძმა კარების გასაღები, შეჩერდა, რაღაც გადაწყვიტა და კარები გააღო. სუფთა, ცივმა ქუჩის ჰაერმა, თითქოს შიშით დაიხია უკან და გზა მისცა შმორის და ოფლის სუნით გამსჭვალულს ოთახის ჰაერს.

- ქალო, გზა გამიკვლიე, ვერას ვხედავ!..

- ჩუუ!.. – იმავე წამს უპასუხა ვიღაცამ, – მოიტა ხელი აბა, ფეხაკრეფით. ბავშვები, როგორც იქნა, დავაძინე, – ფუჩუნით ეუბნებოდა დამხდომი. – ეცადე ლოგინის კიდეზე მოეთავსო, ბავშვები კედლისკენ დავაწვინე,

- სუფრასთან მიმიყვანე. რომ გაიღვიძონ რაღა ვქნათ, არაფერი მომიტანია, ქალო!

- რატომ? – ყრუდ ჩაეკითხა ქალი.

- რატომ? რატომ? რატომ და თვალი აღარ ჭრის; ჩემი გავლებული გვირისტი სულ დასარღვევი გაუხდათ. დუგმები უკუღმა დავაკერე. გამლანძღეს, გამათრიეს და ისე გამომიშვეს… სამართლიანადაც. რათ ჩავდგი შენს ცოდვაში ფეხი. რათ მოვიკიდე მისუსტებულ ზურგზე სამი ადამიანის სვე-ბედი. მთლათ დავბრმავდებოდე მაინც… თავშესაფარში მიმიღებენ.

- არაფერია, კაცო, ნუ გმობ ღმერთს…

- არ ვგმობ, პირიქით, თაყვანსა ვსცემ მის კანონს… ღირსი ვარ, მე ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ თქვენ… თქვენ?! ხვალ ძაღლებიც კი ხორცით გაძღებიან; ზოგს გადუგდებენ, ზოგიც მოიტაცებს… თქვენ კი? ნაცრიანი მჭადი მაინც გქონდესთ.

- დედა, მოვიდა მამა? – კვნესის მისუსტებული ხმით ბავშვი…

ბრმა თერძის ავადმყოფ თვალებს სწვავს ცრემლები.

იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი…

აქ კი… დღეს…